Facebook Twitter

¹ბს-1136-1087(კ-07) 28 თებერვალი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე

მარიამ ცისკაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ამხანაგობა “ს-ის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2003 წლის 29 აპრილს შპს “ფ-მა” სარჩელით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოპასუხეების _ იმერეთის სააღსრულებო ბიუროსა და აუდიტ ვ. ბ-ის მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 24 სექტემბრის გადახდის ბრძანებით, კრედიტორის, სს “ი-ის” სასარგებლოდ მოსარჩელეს დაეკისრა 540345 აშშ დოლარის გადახდა, რაზედაც გაიცა სააღსრულებო განკარგულება და დაიწყო სააღსრულებო წარმოება.

მოსარჩელის განმარტებით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ 2003 წლის 28 მარტს აღმასრულებელს დანიშნული ჰქონდა აუქციონი, რის გამოც დასაბუთებული სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აუქციონის შეჩერების მოთხოვნით. იგი სააღსრულებო სამსახურს ედავებოდა უძრავ ქონებაზე აუქციონის კანონის მოთხოვნათა დარღვევით ჩატარების თაობაზე, რადგან ქონების ღირებულება დაახლოებით შვიდჯერ იყო შემცირებული და 2003 წლის 17 აპრილს, პირველივე აუქციონზე, იმერეთის სააღსრულებო ბიურომ ქონება მიჰყიდა კრედიტორს 599954 ლარად, რაც არ აკმაყოფილებდა კრედიტორის მიერ გაცემულ სესხს 540345 აშშ დოლარს და შესაბამისად, ვალის უდიდესი ნაწილი გადაუხდელი დარჩა.

მოსარჩელის განმარტებით, მისი მოთხოვნის მიუხედავად, ქონება შეეფასებინა სასამართლოს მიერ დანიშნულ აუდიტს, ქონება ჯერ შეაფასა აღმასრულებელმა, ხოლო სარჩელის აღძვრის შემდეგ, იგივე ფასი განსაზღვრა აუდიტმა ვ. ბ-ემ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა იმერეთის სააღსრულებო ბიუროს 2003 წლის 17 აპრილის აუქციონის აქტის ბათილად ცნობა და ქონების შეფასებამდე აუქციონის ჩატარების შეჩერება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით შპს “ფ-ის” სარჩელი განსჯადობით გადაეცა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სს “ი-ი”.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 17 თებერვლის სხდომაზე შპს “ფ-ის” წარმომადგენლებმა, იმ მოტივით, რომ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსრულება უკვე განხორციელებული იყო, აუქციონის შეჩერების ნაწილში შეამცირეს მოთხოვნა. რაც შეეხებოდა შპს “ფ-ის” ქონების აუქციონზე გაყიდვის შესახებ 2003 წლის 17 აპრილის აქტის ბათილობას, მოსარჩელის წარმომადგენლებმა აღნიშნულ მოთხოვნას მხარი დაუჭირეს იმ მოტივით, რომ სააღსრულებო ბიუროს მიერ შპს-ს ქონების რეალიზაცია მოხდა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა იგნორირებით, კერძოდ, აღმასრულებელმა მხარეს არ გააცნო სააღსრულებო საქმის მასალები და არ გადასცა მისი ასლები; არ განუმარტა უფლება-მოვალეობები; აღმასრულებელმა მისი უფლებამოსილების განხორციელებისას არ გააფორმა ოქმი ორი ქმედუნარიანი პირის თანდასწრებით; აღსრულებისას შპს “ფ-ს” უწყება არ ჩაჰბარებია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით; ქონებაზე ყადაღის დადების ოქმი შედგენილი არ იყო ქონების მდებარეობის ადგილზე; ქონების რეალიზაცია უნდა მომხდარიყო სულ ცოტა ნივთის ღირებულების ნახევრის ფასად (განსახილველ შემთხვევაში კი, ნივთის რეალური ფასი საერთოდ არ იყო დადგენილი); აღმასრულებელმა პირველსავე აუქციონზე შეუმცირა კრედიტორს ისედაც შემცირებული ქონების ფასი 30%-ის ოდენობით; აღმასრულებელს არ შეეძლო ჩაეტარებინა აუქციონი, რადგან იცოდა, რომ მოვალეს სარჩელი ჰქონდა შეტანილი სასამართლოში აუქციონის შეჩერების მოთხოვნით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს “ფ-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 10 ოქტომბრის სააღსრულებო განკარგულებით შპს “ფ-ს” სს “ი-ის” სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი მოთხოვნის _ 400000 აშშ დოლარის, დამატებითი მოთხოვნის _ 140345 აშშ დოლარის, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის _ 3000 აშშ დოლარისა და სახელმწიფო ბაჟის _ 5000 ლარის ანაზღაურება. “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების აღსრულების დაწყებისას სასამართლო აღმასრულებელი მოვალეს უგზავნიდა წინადადებას ხუთი დღის ვადაში გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. აღნიშნული წინადადება მოვალეს ბარდებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, ხოლო ფულის ან ქონების გადახდევინებისას წინადადების ჩაბარებასთან ერთად სასამართლო აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებდა მოვალის ქონების აღწერას ან დაყადაღებას ამ კანონით დადგენილი წესით. იმავე კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სასამართლო აღმასრულებელს ყოველი სააღსრულებო მოქმედების შესახებ უნდა შეედგინა ოქმი.

საქალაქო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ შპს “ფ-ს” წინადადება გადაწყვეტილების 5 დღის ვადაში ნებაყოფლობით შესრულების შესახებ ჩაჰბარდა 2001 წლის 1 ნოემბერს. იმავე წინადადებით, მოვალე გაფრთხილებული იქნა სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში აღსრულების იძულებითი წესით განხორციელების შესახებ. მოვალის ქონება აღწერილი და დაყადაღებულ იქნა 2001 წლის 2 ნოემბერს, რაზედაც აღმასრულებლის მიერ, ორი მოწმის თანდასწრებით, შედგენილ იქნა შესაბამისი ოქმი.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოვალეს, 5 დღიან ვადაში გადაწყვეტილება ნებაყოფლობით დავალიანების თანხის გადახდევინების შესახებ არ შეუსრულებია. “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 69-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აღმასრულებელს შეეძლო გაეცა განკარგულება იძულებითი აუქციონის შესახებ, თუ მოვალე რეგისტრირებული იყო, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრე. საქმეზე თანდართულ სააღსრულებო წარმოების მასალებში წარმოდგენილი იყო იმერეთის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის, ესტატე თოფურიძის 2002 წლის 11 ნოემბრის სააღსრულებო განკარგულება, რომლითაც დასტურდებოდა, რომ შპს “ფ-ის” მიერ ნებაყოფლობით არ იქნა გადახდილი სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა, რის გამოც კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე დაინიშნა იძულებითი აუქციონი. იმავე მასალებში წარმოდგენილი იყო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დგინდებოდა, რომ ქ. ქუთაისში, ...... ქ. ¹9-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობანი 1996 წლის 22 აგვისტოდან საკუთრების უფლებით ირიცხებოდა შპს “ფ-ის” სახელზე.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყადაღადადებულ ნივთებს აფასებდა სასამართლო აღმასრულებელი ჩვეულებრივი საბაზრო ფასებით. სასამართლო აღმასრულებელს შეეძლო შეფასება დაევალებინა ექსპერტის ან აუდიტისათვის. განსახილველ საქმეზე, სასამართლო აღმასრულებელმა შპს “ფ-ის” იმ ქონების შეფასება, რომელიც მითითებული იყო 2001 წლის 2 ნოემბრის აქტში, დაავალა აუდიტ ვ. ბ-ეს, რომლის აუდიტორული დასკვნის შესაბამისად, მოვალის ქონების ღირებულებამ შეადგინა 801000 ლარი. სააღსრულებო წარმოების მასალებში წარმოდგენილი იყო აღმასრულებლის 2003 წლის 17 მარტის წერილი შპს “ფ-ის” დირექტორის მიმართ, რომლითაც იგი მოვალეს ატყობინებდა იძულებითი აუქციონის დანიშვნის შესახებ, განუმარტავდა აუქციონში მონაწილეობის მიღებისა და ნებისმიერ სააღსრულებო მოქმედებაზე დასწრების უფლებას და უთითებდა, რომ შპს-ს უძრავ-მოძრავი ქონება, საბაზრო ფასების გათვალისწინებით, შეფასებული იქნა აუდიტის მიერ 801000 ლარად.

საქალაქო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ აუქციონის დანიშვნის შესახებ შეტყობინება შპს-ს წარმომადგენლებს რამდენჯერმე ეცნობათ როგორც წერილობით, ასევე მობილური ტელეფონის საშუალებით, რაზედაც შედგენილი იყო შესაბამისი ოქმები. შპს “ფ-ის” უძრავ-მოძრავი ქონების აუქციონზე გაყიდვის შესახებ განცხადება, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, გამოქვეყნდა პრესის საშუალებით.

საქალაქო სასამართლომ საქმეში არსებული შპს “ფ-ის” ქონების აუქციონზე გაყიდვის შესახებ 2003 წლის 17 აპრილის აქტის მიხედვით დადგენილად მიიჩნია, რომ იმერეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ იძულებით აუქციონზე გასაყიდად გატანილ იქნა შპს-ს 801000 ლარის ღირებულების ქონება. “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აღმასრულებელმა აუქციონის მონაწილეებს გასაყიდი ქონების საწყის ფასად შესთავაზა 801000 ლარი. აღნიშნულ ფასად ქონების შესყიდვაზე აუქციონზე გამოცხადებულმა კრედიტორებმა უარი განაცხადეს. ასეთ შემთხვევაში, ამავე კანონის 74-ე მუხლის თანახმად, აუქციონი მანამ უნდა გაგრძელებულიყო, სანამ სხვა შემოთავაზება არ მოხდებოდა. ამასთან, სასამართლო აღმასრულებელს უნდა გამოეცხადებინა ფასის საბოლოო შეთავაზება და აუქციონის დასასრული. პირველ აუქციონზე ბოლო შემოთავაზებული ფასი არ უნდა ყოფილიყო ნივთის ღირებულების 70%-ზე ნაკლები და უნდა დაეფარა გარდამავალ უფლებათა ღირებულება და აუქციონის ხარჯები.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ აუქციონზე გამოცხადებულმა სს “ი-ის” წარმომადგენელმა თანხმობა განაცხადა გასაყიდ ქონებაში გადაეხადა 560750 ლარი და სააღსრულებო მოსაკრებელი 7% _ 39249,35 ლარი, სულ _ 599954,55 ლარი. აღნიშნული თანხის გადახდაზე აუქციონზე დამსწრე სხვა კრედიტორებმა უარი განაცხადეს, რის გამოც აუქციონი შემდგარად გამოცხადდა და შპს “ფ-ის” უძრავ-მოძრავი ქონება 599954,55 ლარად გადავიდა სს “ი-ის” საკუთრებაში.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პრეტენზიები იმის შესახებ, რომ სასამართლო აღმასრულებელს თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას არ გაუფორმებია ოქმი ორი პირის თანდასწრებით, აღსრულებისას არ ჩაჰბარებია უწყება და აუქციონის შესახებ არ უცნობებიათ კანონით დადგენილი წესით, ქონების ფასი იყო არარეალური და მათ ამ შეფასების შესახებ არაფერი იცოდნენ, ქონების რეალიზაცია არ მომხდარა იმ ფასად, რაც მისი ღირებულების ნახევარს შეადგენდა. აღმასრულებელს პირველსავე აუქციონზე არ შეეძლო შეემცირებინა ქონების ფასი 30%-ით. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული არ შეიძლებოდა ყოფილიყო 2003 წლის 17 აპრილის აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

საქალაქო სასამართლოს აღნიშვნით, სადავო აქტის ბათილობის საფუძვლად ვერ გამოდგებოდა მოსარჩელის პრეტენზია იმის შესახებ, რომ, რადგან შპს “ფ-ს” სარჩელი ჰქონდა წარდგენილი სასამართლოში, აუქციონი არ უნდა ჩატარებულიყო. სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული მსჯელობა მცდარი იყო, რადგან “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, აღმასრულებელს აღსრულების შეჩერება შეეძლო მხოლოდ სასამართლო განჩინების საფუძველზე, რაც მოვალეს აღმასრულებლისათვის არ წარუდგენია. რაც შეეხებოდა მოსარჩელის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ აღმასრულებელმა არ გააცნო მასალები და არ გადასცა მათი ასლები, იგი არ შეიძლებოდა ყოფილიყო 2003 წლის 17 აპრილის აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, რადგან რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მოვალემ მიმართა განცხადებით აღმასრულებელს აღსრულების მასალების გაცნობის ან მისი ასლების მიღების მიზნით, მან სასამართლოს ვერ წარუდგინა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, თითოეულ მხარეს უნდა დაემტკიცებინა გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებდა თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ფ-მა”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 16 მაისის განჩინებით შპს “ფ-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 16 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ფ-მა”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით შპს “ფ-ის” საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

2007 წლის 16 აპრილს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა ამხანაგობა “ს-ის” შრომითი კოლექტივის წარმომადგენელმა, რომელმაც სარჩელის აღძვრამდე, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვა ყადაღის დადება სს “ს-ის” სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ქუთაისში, ..... ქ. ¹9-ში.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 16 აპრილის განჩინებით ამხანაგობა “ს-ის” შრომითი კოლექტივის განცხადება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა; ყადაღა დაედო ქ. ქუთაისში, ..... ქ. ¹9-ში მდებარე უძრავ ქონებას, რომელიც ირიცხებოდა სს “ს-ის” საკუთრებად.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 16 აპრილის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა სს “ს-მა”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 28 მაისის განჩინებით სს “ს-ის” საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 16 აპრილის განჩინება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

2007 წლის 16 აპრილს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა ამხანაგობა “ს-ის” შრომითი კოლექტივის წარმომადგენელმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

განმცხადებელმა აღნიშნა, რომ 1996 წლის 29 აგვისტოს ქ. ქუთაისის ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში ამხანაგობა ,,ს-ის” შრომითმა კოლექტივმა რეგისტრაციაში გაატარა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ 1996 წლის 22 აგვისტოს გაცემული ¹...... საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. აღნიშნული რეგისტრაციის საფუძველი გახდა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოსა და ამხანაგობა ,,ს-ის” შრომითი კოლექტივის წარმომადგენელ თ. ბ-ს შორის, 1996 წლის 13 აგვისტოს დადებული ყიდვა-გაყიდვის ¹306 ხელშეკრულება და 1996 წლის 13 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტი. მიღება-ჩაბარების აქტში რეგისტრირებული ქონება, მათ შორის, უძრავი ქონება _ ქ. ქუთაისში, ..... ქ. ¹9-ში, ადმინისტრაციული შენობის კორპუსი, ფართით 350,1 კვ.მ, საწარმოო კორპუსი (საწყობი) ფართით 1288,92 კვ.მ ,,კანკის” ტიპის მოდური ფართით 952 კვ.მ, სულ 16 ერთეული შენობა-ნაგებობა, საერთო ფართით 3848,03 კვ.მ, აღირიცხა “ს-ის” შრომითი კოლექტივის ამხანაგობის საკუთრებად. ამხანაგობის ერთ-ერთმა წევრმა, თ. ბ-მა, 1996 წლის 26 ოქტომბერს შექმნა შპს ,,ფ-ი”, რომელიც სასამართლოში რეგისტრირებული იყო 1996 წლის 1 ნოემბერს და რომლის საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 1000 აშშ დოლარის ეკვივალენტით ეროვნულ ვალუტაში. შპს ,,ფ-ი” ამხანაგობის თანხმობით განთავსდა “ს-ის” კუთვნილ შენობებში. შესაბამისად, მისი იურიდიული მისამართი იყო ქ. ქუთაისი, ..... ქ. ¹9. 2007 წლის 14 აპრილს, მას შემდეგ, რაც გაეცნო საჯარო რეესტრიდან ამოღებულ მასალებს, ამხანაგობისათვის ცნობილი გახდა რომ, იმ პერიოდისათვის ტექაღრიცხვის ბიუროს მიერ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ქუთაისში, ...... ქ. ¹9-ში გაცემულ არაერთ ცნობა-დახასიათებაში საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების არასწორი მითითებით დაგირავებულ იქნა “ს-ის” ამხანაგობის კუთვნილი უძრავი ქონება, როგორც ,,ფ-ის” საკუთრება. იმერეთის სააღსრულებო ბიურომ აუქციონზე გაყიდა: 1. ადმინისტრაციული შენობის კორპუსი ფართით 350,1 კვ.მ; 2. საწარმოო კორპუსი საწყობი) ფართით 1288,92 კვ.მ; 3. ,,კანკის” ტიპის მოდური ფართი 952 კვ.მ, 10304 კვ.მ მიწასთან ერთად სს ,,ი-ის” სასარგებლოდ, რომლის სამართალმემკვიდრე და უფლებამონაცვლე იყო სს ,,ს-ი”, სულ 16 ერთეული შენობა-ნაგებობა, საერთო ფართით 3848,03 კვ.მ. გაიყიდა 3 შენობა, 13 არ გაყიდულა, მაგრამ რადგან “ს-ი” 2003 წლის 7 აპრილის აუქციონის საფუძველზე მესაკუთრე იყო იმ მიწის ნაკვეთისა, რომელზეც დარჩენილი 13 შენობა იყო განთავსებული, აღნიშნული მის საკუთრებად გამოაცხადა, დაისაკუთრა შენობა-ნაგებობები და მთლიანი ტერიტორია, რის შემდეგაც ამხანაგობა ,,ს-მა” დაიწყო მოძიება დოკუმენტებისა, რათა გაერკვია, რის საფუძველზე მოხდა ყოველივე აღნიშნული. გაირკვა ისიც, რომ ბანკმა თავად მმართველ გუბელაძის განცხადებით დაურეგისტრირა მიწა შპს ,,ფ-ს”, რადგან მოვალის სახელზე თუ არ იქნებოდა მიწა, ვერ გაყიდდა შენობა-ნაგებობებს და ვერ აინაზღაურებდა შპს ,,ფ-თვის” კრედიტის სახით მიცემულ თანხას _ 400000 აშშ დოლარს, მაშინ, როდესაც სადავო მიწა ამხანაგობა ,,ს-ის” სახელზე უნდა დარეგისტრირებულიყო, ანუ შპს ,,ფ-თვის” არასწორად მოხდა მიწის რეგისტრაცია, ფართით 10304 კვ.მ. 2007 წლის 14 აპრილამდე ამხანაგობისათვის ცნობილი იყო, რომ შპს ,,ფ-მა” ბანკის წინაშე პასუხი აგო მისი კუთვნილი მოძრავი ქონებით და არა შენობა-ნაგებობებით, რომლებიც ,,ს-ის” საკუთრება იყო.

განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება 2003 წლის 17 აპრილის იმერეთის სააღსრულებელო ბიუროს მიერ ჩატარებული აუქციონის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით ამხანაგობა “ს-თვის” ცნობილი გახდა 2007 წლის 14 აპრილს.

განმცხადებელმა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, იმ მოტივით, რომ აღმასრულებელმა გაყიდა აუქციონზე ამხანაგობა ,,ს-ის” კუთვნილი უძრავი ქონება შპს ,,ფ-ის” ვალში, რაც არანაირ კავშირში არ იყო ამხანაგობის ქონებასთან. შპს ,,ფ-ის” სარჩელის განხილვის დროს სასამართლოს, ამხანაგობა ,,ს-ი” საქმეში უნდა ჩაება მხარედ. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო მიიღებდა სხვაგვარ გადაწყვეტილებას.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 27 ივნისის განჩინებით ამხანაგობა “ს-ის” შრომითი კოლექტივის წარმომადგენლის განცხადება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,ფ-მა” სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების _ იმერეთის სააღსრულებო ბიუროს და აუდიტ ვ. ბ-ის მიმართ 2003 წლის 17 აპრილის აუქციონის ბათილად ცნობის შესახებ, იმაზე მითითებით, რომ შპს ,,ფ-ს” სს ,,ი-ის” სასარგებლოდ გადახდის ბრძანებით დაკისრებული ჰქონდა 540345 აშშ დოლარის გადახდა, სააღსრულებო წარმოებისას იძულებითი აუქციონი შპს ,,ფ-ის” ქონებაზე ჩატარებულ იქნა კანონდარღვევით, რადგან ქონების ღირებულება შვიდჯერ იქნა შემცირებული და პირველივე აუქციონზე ქონება მიეყიდა კრედიტორს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს ,,ფ-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

საქალაქო სასამართლომ საქმეში არსებული საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობით ( 1996 წლის 22 აგვისტოს ¹..... მოწმობა) დადგენილად მიიჩნია, რომ სახელმწიფო საწარმო ,,ს-ს” საკუთრებაში გადაეცა ქ. ქუთაისში, ..... ქ. ¹9-ში მდებარე უძრავი ქონება, ხოლო ქალაქ ქუთაისის სასამართლოს 1997 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით დადგენილი იყო, რომ ამხანაგობა ,,ს-ის” დამფუძნებელთა კრების 1996 წლის 25 ოქტომბრის ¹3 გადაწყვეტილებით დამფუძნებელთა წილი საკუთრების დამადასტურებელი ¹...... მოწმობით გადაეცა თ. ბ-ს. აღნიშნული გადაწყვეტილებით ასევე დადგენილი იყო, რომ თ. ბ-ი საკუთრების უფლებით ფლობდა ქ. ქუთაისში, ..... ქუჩის ¹9-ში მდებარე უძრავ ქონებას. ქალაქ ქუთაისის სასამართლოს 1996 წლის 1 ნოემბრის დადგენილებით რეგისტრირებულ იქნა შპს ,,ფ-ი”, რომლის დამფუძნებელი იყო თ. ბ-ი.

საქალაქო სასამართლომ საქმეში არსებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 16 აპრილის მიმართვით დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ქუთაისში, ..... ქუჩის ¹9-ში მდებარე უძრავ ქონებაზე ტექნიკური ინვენტარიზაციის მონაცემებით, როგორც დამფუძნებელი, 1996 წლის 17 დეკემბრიდან ირიცხებოდა თ. ბ-ი.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლებოდა ბათილად ყოფილიყო ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან წარმომადგენელი (ასეთის საჭიროების შემთხვევაში), არ იყო მიწვეული საქმის განხილვაზე, ხოლო იმავე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ შეიძლებოდა აღძრულიყო ასევე იმ პირის მიერ, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხებოდა მიღებული გადაწყვეტილება და იგი არ იყო მიწვეული სასამართლო სხდომაზე. აღნიშნული ნორმით საქმის წარმოების განახლებაზე უფლებამოსილ პირებად შეიძლებოდა მიჩნეულიყვნენ როგორც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მიღებამდე საქმის სასამართლოს განხილვაში მონაწილე მხარეები, აგრეთვე, ის პირებიც, ვის ინტერესებსაც შეეხო გადაწყვეტილება.

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა განმცხადებლის განმარტება იმის შესახებ, რომ სადავო გადაწყვეტილება შეეხო ამხანაგობა ,,ს-ის” ინტერესებს, რადგან ხსენებულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა, სადავო გადაწყვეტილება ეხებოდა იძულებით აუქციონს, რომლითაც შპს ,,ფ-ის” ქონება განიკარგა. აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეიძლებოდა უშუალოდ შეხებოდა ამხანაგობა ,,ს-ის” უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს და შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლით გათვალისწინებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ბათილობის საფუძველიც არ არსებობდა. მითითებული ნორმა ამომწურავად ადგენდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველს, ხოლო განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებანი ამ მუხლის მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ დავის განხილვის დროს საქმეში მოპასუხეებად კანონის მოთხოვნის სრული დაცვით იყვნენ მიწვეული _ იმერეთის სააღსრულებო ბიურო და აუდიტი, სასამართლო გადაწყვეტილება ეხებოდა აუქციონის შედეგებს და გამომდინარე აღნიშნულიდან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის თანახმად, არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან მოცემული საქმის განხილვაში განმცხადებელი მონაწილეობას ვერ მიიღებდა მოპასუხის სახით და ვერც სასამართლო ჩააბამდა მას მხარედ ამავე საქმეში.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 27 ივნისის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ამხანაგობა ,,ს-მა”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით ამხანაგობა “ს-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 27 ივნისის განჩინება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ გაცემული საკუთრების დამადასტურებელი 1996 წლის 28 აგვისტოს ¹..... მოწმობით სახელმწიფო საწარმო “ს-ს” საკუთრებაში გადაეცა ქ. ქუთაისში, ...... ქ. ¹9-ში მდებარე უძრავი ქონება. სააპელაციო სასამართლომ ქალაქ ქუთაისის სასამართლოს 1997 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით დადგენილად მიიჩნია, რომ ამხანაგობა “ს-ის” დამფუძნებელთა კრების 1996 წლის 25 ოქტომბრის ¹3 გადაწყვეტილებით დამფუძნებელთა წილი საკუთრების დამადასტურებელი ¹..... მოწმობით გადაეცა თ. ბ-ს. ამავე გადაწყვეტილებით, თ. ბ-ი საკუთრების უფლებით ფლობდა ქ. ქუთაისში, .... ქ. ¹9-ში მდებარე უძრავ ქონებას. ქალაქ ქუთაისის სასამართლოს 1996 წლის 1 ნოემბრის დადგენილებით რეგისტრირებულ იქნა შპს “ფ-ი”, რომლის დამფუძნებელი იყო თ. ბ-ი.

სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 16 აპრილის წერილის მიხედვით ქუთაისში, ..... ქ. ¹9-ში მდებარე უძრავი ქონება, ტექინვენტარიზაციის მონაცემებით, 1996 წლის 17 დეკემბრიდან ირიცხებოდა თ. ბ-ის, როგორც დამფუძნებლის სახელზე.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეეხებოდა იძულებით აუქციონს, რომლითაც შპს “ფ-ის” ქონება განიკარგა და იგი არ შეიძლებოდა უშუალოდ ამხანაგობა “ს-ს” შეხებოდა, რადგან ტექინვენტარიზაციის ჩანაწერების მიხედვით, ქ. ქუთაისში, ..... ქ. ¹9-ში მდებარე უძრავი ქონება ეკუთნოდა შპს “ფ-ს”, რომლის დამფუძნებლიც იყო თ. ბ-ი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ამხანაგობა “ს-მა”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების დაკმაყოფილება.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლი, რადგან ჩათვალა, რომ გადაწყვეტილება, რომლის ბათილობასაც ითხოვდა განმცხადებელი, არ ეხებოდა ამხანაგობა “ს-ის” ინტერესებს. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ის ფაქტი, რომ ამხანაგობა “ს-ს” არანაირი ქონება არ ეკუთვნოდა და დამფუძნებელთა წილი საკუთრების უფლებით გადაცემული ჰქონდა თ. ბ-ს, რადგან კასატორმა წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2007 წლის 9 აპრილისა და 16 აპრილის ცნობები, რითაც დასტურდებოდა, რომ თ. ბ-ის სახელზე ამხანაგობა “ს-ის” ქონება საკუთრების უფლებით არ აღრიცხულა. შპს “ფ-ი” ერთპიროვნულად დააფუძნა თ. ბ-მა და მისი საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 1000 (ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტით ეროვნულ ვალუტაში, რაც შეადგენდა 1250 ლარს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელი იყო სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. მოცემულ შემთხვევაში, რადგან არ იყო შექმნილი საჯარო რეესტრი, მის ფუნქციას ასრულებდა ტექბიურო, ამიტომ გადაცემული ქონების რეგისტრაცია უნდა მომხდარიყო ტექბიუროში, რაც თ. ბ-ის მიერ არ განხორციელებულა, ამხანაგობა “ს-ს” მისი კუთვნილი ქონება დადგენილი წესით არ გადაუცია მისთვის, რადგან არ ჰქონდა ამის ვალდებულება. აღნიშნული დადასტურებულია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2007 წელს გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც თ. ბ-ის წარმომადგენელმა თავისი შესაგებლით ცნო სარჩელი.

კასატორი არასწორად მიიჩნევს სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ ქ. ქუთაისში ..... ქ. ¹ 9-ში მდებარე უძრავ ქონებაზე, ტექნიკური ინვენტარიზაციის მონაცემებით, 1996 წლის 17 დეკემბრიდან დამფუძნებლად ირიცხება თ. ბ-ი. თუ სასამართლოს მხედველობაში აქვს შპს “ფ-ის” დაფუძნება, ქ. ქუთაისი, ..... ქ. ¹9 მითითებულია, როგორც მისი იურიდიული მისამართი, რაც არ წარმოშობს ამ მისამართზე მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებას. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება უშუალოდ ეხება ამხანაგობა “ს-ის" საკუთრების უფლებას და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს, რადგან ხსენებულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენდა 2003 წლის 17 აპრილის აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა. სასამართლომ ჩათვალა, რომ აუქციონზე გატანილი ქონების მესაკუთრე იყო შპს “ფ-ი”, რაც არც Aშპს “ფ-ის” წესდებით და არც სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით არ დასტურდება. აღნიშნული არის ის ორი იურიდიული დოკუმენტი, რომელშიც უნდა აისახოს შპს-ს საკუთრებაში არსებული ქონება.

კასატორი აღნიშნავს, რომ მისი მოთხოვნა გამომდინარეობდა იმ საფუძვლიდან, რომ აუქციონზე გატანილი უძრავი ქონება, რომელიც მდებარეობს ქ. ქუთაისში, ..... ქ. ¹9-ში, წარმოადგენდა ამხანაგობა “ს-ის” საკუთრებას. გასაჩივრებულ აუქციონზე გაიყიდა ამხანაგობა “ს-ის” და არა შპს “ფ-ის” კუთვნილი ქონება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ამხანაგობა “ს-ის” საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 4 იანვრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 28 თებერვლამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ამხანაგობა “ს-ის” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რაც განაპირობებდა არასწორი განჩინების მიღებას. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “თ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს – 100 ლარს, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე – შესაბამისად 150 და 300 ლარს, ხოლო იმავე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, საკასაციო საჩივრისათვის, მათ შორის, საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) _ დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, თუ კასატორს წინასწარ არა აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივარზე და იგი მოქმედი კანონმდებლობით გათავისუფლებული არ არის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მისი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის შემთხვევაში, მას დაეკისრება გადასახდელად სახელმწიფო ბაჟის 30 პროცენტი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან კასატორს მოცემულ დავასთან დაკავშირებულ საკასაციო საჩივარზე წინასწარ არა აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხის 30 პროცენტის _ 90 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ამხანაგობა “ს-ის” საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. ამხანაგობა “ს-ს” დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 90 ლარის გადახდა;

3. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ოქტომბრის განჩინება;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.