საქმე №ას-733-2022 23 მაისი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გიორგი მიქაუტაძე,
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – მ.ჯ–ძე, რ.ჯ–ძე, გ.ბ–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ფ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.05.2022 წლის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება, ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.02.2022 წლის გადაწყვეტილებით მ.ფ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი მ.ჯ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“), რ.ჯ–ძისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“) და გ.ბ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მესამე მოპასუხე“, პირველ და მეორე მოპასუხეებთან ერთად - „მოპასუხეები“ ან „კასატორები“) მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 400 000 აშშ დოლარის გადახდა; მოსარჩელის მოთხოვნა, 24.08.2020 წელს პირველ მოპასუხესა და მესამე მოპასუხეს და 02.10.2020 წელს მესამე მოპასუხესა და მეორე მოპასუხეს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის ნაწილში, არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის მოთხოვნა პირველი მოპასუხისათვის 73 669.41 ლარის ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის მოთხოვნა, პირველი მოპასუხისათვის სარჩელის აღძვრიდან (16.04.2021 წლიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 10 232 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
1.1. პირველ მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის სადავო ხელწერილის შედგენის დროისათვის (შედგენის სავარაუდო პერიოდია 2020 წლის ივნისი), უძრავი ქონება (მდებარე: ქ. ბათუმი, .......... (ს/კ: ........)) საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო პირველი მოპასუხის სახელზე.
1.2. უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ბათუმი, …….. (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს/კ: ………, ფართობი - 1202.00 კვ.მ და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები №1 და №2 საერთო ფართობით 230.30 კვ.მ), საბაზრო ღირებულება 22.04.2021 წლის მდგომარეობით შეფასებულია 1 469 000 ლარად.
1.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე პირველი მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ განხორციელებული თაღლითობის ფაქტზე.
1.4. საქმეში წარმოდგენილი 2020 წლით დათარიღებული ხელწერილის შინაარსის მიხედვით, პირველი მოპასუხე მოსარჩელის მიმართ აღიარებს ვალის - 400 000 აშშ დოლარის არსებობას, რომელიც მოვალეს უნდა დაებრუნებინა 2020 წლის სექტემბრამდე, თუმცა ვალდებულება თანხის დაბრუნების შესახებ, შესრულებული არ არის. მართალია, ხელწერილში მითითებულია, რომ თანხის დადგენილ ვადაში დაუბრუნებლობის შემთხვევაში, პირველი მოპასუხე მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. ბათუმი, ............., (ს/კ: ........), გადასცემდა მოსარჩელეს, თუმცა, ვინაიდან არ არის დაცული უძრავ ქონებასთან დაკავშირებით კანონით დადგენილი მოთხოვნები და არ არის რეგისტრირებული, მითითებული დათქმა ვერ განიხილება ფულადი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებად და ამაზე არც მოსარჩელე მიუთითებს.
1.5. მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის 2020 წლით დათარიღებულ ხელწერილზე პირველი მოპასუხის ხელმოწერის ნამდვილობას, თუმცა მიუთითებს ნდობის შედეგად ვალის აღიარების ხელწერილში შეცდომით გამოვლენილ ნებაზე. მოპასუხე მხარის განმარტებით, მოსარჩელესთან არსებული საქმიანი ურთიერთობის ფარგლებში, ვალის აღიარების ხელწერილი შედგა არა უკვე გადაცემულ სასესხო თანხაზე, არამედ სამომავლოდ სესხის სახით მისაღებ თანხაზე.
1.6. 2020 წლით დათარიღებული სადავო ხელწერილის შინაარსის სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლომ არ გაიზიარა პირველი მოპასუხის პოზიცია აღნიშნული ხელწერილის სესხის შეპირებად მიჩნევის თაობაზე. სასამართლოს მითითებით, ტექსტის შინაარსობრივი მხარე არ იძლევა აღნიშნულის სესხის სამომავლოდ გადაცემის შეპირებად მიჩნევის საშუალებას. პირველი მოპასუხე მიუთითებს, რომ მას აქვს მოსარჩელის ვალი, რომელიც შეადგენს 400 000 აშშ დოლარს და რომლის დაბრუნების ვადად ამავე ხელწერილით განსაზღვრულია 2020 წლის სექტემბრის თვე. ვალის არსებობის აღიარების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 341-ე მუხლი), სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ხელწერილით, რომელზე არსებული პირველი მოპასუხის ხელმოწერის ნამდვილობა მოცემული საქმის ფარგლებში სადავო არ გამხდარა, პირველმა მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ აღიარა ვალის - 400 000 აშშ დოლარის არსებობა, რომელიც დღემდე გადახდილი არ არის. აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო სათანადო და რელევანტური მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.
1.7. მოპასუხე მხარე მიუთითებს პირველ მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის არსებულ საქმიან ურთიერთობაზე, რომლის ფარგლებშიც მათ მიერ შედგენილია არაერთი ხელწერილი, რომელიც გულისხმობდა არა თანხის რეალურად გადაცემას, არამედ მომავალში საქმიანი ურთიერთობის მიზნებისათვის საჭირო თანხების მიღებას მოსარჩელისგან. მოპასუხე მხარე აპელირებს 2020 წლით დათარიღებულ მოსარჩელის სახელით შედგენილ ხელწერილზე, სადაც აღნიშნულია, რომ ამ უკანასკნელს პრეტენზია არ გააჩნია ბენზინგასამართ სადგურზე, რომელიც მდებარეობს ქ. ბათუმში, .......... (ს/კ: .........). აღნიშნული ხელწერილის ნამდვილობა სადავო გახადა მოსარჩელემ. ამასთან, შესაბამის საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება პირველი მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ განხორციელებული თაღლითობის ფაქტზე, თუმცა საბოლოო შედეგი, დღეის მდგომარეობით, არ დამდგარა.
1.8. საქმეში წარმოდგენილი, 2020 წლით დათარიღებული ხელწერილის, მოსარჩელის ხელმოწერით, ნამდვილობასთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 29.01.2021 წლის გრაფიკული და დოკუმენტების ტექნიკურ ექსპერტიზის დასკვნაზე, სადაც დადგენილია მოდავე მხარეებს შორის შედგენილ არაერთ ხელწერილზე არსებული ხელმოწერების ნამდვილობა. მათ შორის მითითებულია, რომ 2020 წლით დათარიღებულ ხელწერილსა და 20.04.2017 წლით დათარიღებულ ვალის დაბრუნების ხელწერილზე მოსარჩელის სახელით არსებული ხელმოწერები (ასოითი ჩანაწერი და ასევე, მოკლე ტრანსკრიფაციის სახით) სავარაუდოდ შესრულებულია არა მოსარჩელის, არამედ სხვა პირის (პირების) მიერ. კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილი დასკვნის შესაბამისად, სასამართლო მტკიცებულების ძალას ვერ მიანიჭებს მოპასუხე მხარის მიერ მითითებულ ხელწერილს. ამ ხელწერილის ნამდვილობის დადასტურების პირობებშიც, არ დგინდება კავშირი მოსარჩელის სახელით შედგენილ ხელწერილსა და 2020 წლით დათარიღებულ, პირველი მოპასუხის მიერ ხელმოწერილ ხელწერილში აღნიშნულ ვალის აღიარებასთან. მხოლოდ იმ გარემოების აღნიშვნა, რომ მოსარჩელეს არ გააჩნია პრეტენზია ბენზინგასამართ სადგურზე, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ. ბათუმი, ..........., არ უკარგავს იურიდიულ ძალას პირველი მოპასუხის ხელმოწერით წარმოდგენილ ხელწერილს, სადაც ნათლადაა მითითებული ამ უკანასკნელის მიერ ვალის არსებობის აღიარება მოსარჩელის მიმართ. სასამართლომ აქვე აღნიშნა, რომ გაუგებარია მოპასუხე მხარის პოზიცია შპს „ფ-ფ–ის“ საბანკო ვალდებულებებსა და მოსარჩელის წინაშე პირველი მოპასუხის მიერ შესასრულებელ ფულად ვალდებულებასთან დაკავშირებით. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, შპს „ფ-ფ–ის“ (დირექტორი ლ.ჯ–ძე, პირველი მოპასუხის შვილი) საბანკო ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით იყო დატვირთული თ.კ–ძის (მოსარჩელის მეუღლე) კუთვნილი ქონება, რომელიც შესაბამისი ვალდებულების (160 000 ევროს გადახდის) შესრულების შედეგად გათავისუფლდა იპოთეკისგან. აღნიშნული სამართლებრივი ურთიერთობა წარმოადგენს ცალკე, სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს შორის წარმოშობილ ურთიერთობას და წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ იკვეთება შპს „ფ-ფ–ის“ საბანკო ვალდებულებებს, ამ ვალდებულების უზრუნველსაყოფად ქონების იპოთეკით დატვირთვასა თუ შემდგომ იპოთეკის გაუქმების სამართლებრივი კავშირი პირველი მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ შესასრულებელ ფულად ვალდებულებასთან. მხოლოდ ის გარემოება, რომ საქმეში წარმოდგენილ პირველი მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე 01.08.2020 წლიდან 04.06.2021 წლამდე არ ფიქსირდება დიდი ოდენობით თანხების ბრუნვა, ეჭვქვეშ ვერ დააყენებს ამ უკანასკნელის ვალის არსებობას მოსარჩელის წინაშე.
1.9. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია საქმეში წარმოდგენილი 2020 წლით დათარიღებული ხელწერილის საფუძველზე პირველი მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის გადასახდელი ვალის - 400 000 აშშ დოლარის არსებობის აღიარების თაობაზე. საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი სარწმუნო, უტყუარი და პირდაპირი სახის მტკიცებულებები მოპასუხე მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი არ არის. ვალის არსებობის აღიარების ხელწერილიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების ფაქტი პირველმა მოპასუხემ ვერ დაადასტურა.
1.10. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ დასტურდებოდა 24.08.2020 წელს პირველ მოპასუხესა და მესამე მოპასუხეს შორის და, ასევე, 02.10.2020 წელს მესამე მოპასუხესა და მეორე მოპასუხეს შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებებით გარიგების მონაწილე პირთა მიერ ხელშეკრულებების მოსაჩვენებლად გაფორმება. სადავო ხელშეკრულებები არ არის დადებული ნათესავებს ან ოჯახის წევრებს შორის. მესამე მოპასუხე, რომელზეც პირველმა მოპასუხემ გაასხვისა ქონება, შესაძლებელია წარმოადგენდა გამსხვისებლის ახლობელს, ნაცნობს, თუმცა აღნიშნული ფაქტი თავისთავად არ აყენებს ეჭვქვეშ სადავო გარიგების მხარეთა ნების ნამდვილობას. ამასთან, მხოლოდ მხარეთა ნათესაური კავშირი არ წარმოადგენს მისი ბათილად ცნობის საფუძველს, აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებასთან ერთად უნდა არსებობდეს მთელი რიგი დადასტურებული გარემოებებისა, რომელთა ერთობლიობითაც დადგინდება სადავო ხელშეკრულებების მოჩვენებითობა, რასაც, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ აქვს. მოსარჩელის მიერ არ არის მითითებული და წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, რაც ზემოთხსენებულ გარიგებათა ბათილად ცნობის საფუძვლებს დაადასტურებდა. სასამართლოს მითითებით, პირველი მოპასუხისათვის გადაცემული სესხი საპროცენტო სარგებელს არ ითვალისწინებდა, შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების დროულად და ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში არ იკვეთება ზიანის მიყენების გონივრული მოლოდინი, კრედიტორისათვის ზიანის სავარაუდოობა. წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების შესწავლისა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, არ დასტურდება მოსარჩელისათვის იმ ზიანის (დანაკარგის) არსებობა, რომელიც ვერ მიიღო ვალდებულების დარღვევის გამო.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და პირველმა მოპასუხემ. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო პირველმა მოპასუხემ - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.05.2022 წლის გადაწყვეტილებით პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი 24.08.2020 წელს პირველ მოპასუხესა და მესამე მოპასუხეს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება და 02.10.2020 წელს მესამე მოპასუხესა და მეორე მოპასუხეს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
3.1. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით პირველი მოპასუხე სადავოდ ხდის მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტს და მიუთითებს, რომ სესხის თანხა 400 000 აშშ დოლარი მას რეალურად არ გადასცემია. სსკ-ის 341-ე მუხლი განამტკიცებს ე.წ. კონსტიტუციურ (აბსტრაქტულ) ვალის აღიარებას, სადაც მხარეთა ნება მიმართულია ახალი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისკენ. ახალი ხელშეკრულება დამოუკიდებელია მისი სამართლებრივი საფუძვლისგან და მისი მიზანი არ არის ე.წ. ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნა. ახალი ხელშეკრულების ძალით ვალდებულება შესრულებას ექვემდებარება მაშინაც, როცა ძველი ურთიერთობის არსებობა სადავოა მხარეთათვის. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილია 2020 წლით დათარიღებული ხელწერილი ვალის არსებობის აღიარების შესახებ, რომლის შინაარსობრივი მხარე ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ პირველ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ შესასრულებელი აქვს ფულადი ვალდებულება, კერძოდ, გადასახდელი აქვს ვალი 400 000 აშშ დოლარის ოდენობით.
3.2. პირველი მოპასუხე მიუთითებს, რომ რეალურად მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულება არ დადებულა და მოსარჩელეს მისთვის თანხა არ გადაუცია. პალატამ განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი ვალის აღიარების ხელშეკრულება დამოუკიდებელი გარიგებაა. ვალის აღიარების ხელშეკრულებაში მხარემ იკისრა თანხის გადახდის ვალდებულება, ხოლო ასეთი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი პირველ მოპასუხეს არ წარმოუდგენია. პირველ მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დოკუმენტი (კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომლის საფუძველზეც, სსკ-ის 427-ე მუხლის შესაბამისად, შეწყდებოდა ვალდებულება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი მოპასუხისთვის 400 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებულია და არ არსებობს პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
3.3. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოსარჩელე ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას და სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას. სადავოა ნასყიდობის ხელშეკრულებების ნამდვილობა, რასთან დაკავშირებითაც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია აღიარებითი მოთხოვნა. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული ინტერესი მდგომარეობს პირველი მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებები ბათილია, ვინაიდან მოსაჩვენებლად არის დადებული.
3.4. სსკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). სასამართლომ განმარტა, რომ გარიგების მოჩვენებითად ცნობა შეფასებითი კატეგორიაა, გარიგების მოჩვენებითად ცნობის დროს, სასამართლოს კვლევის საგანში შემავალ გარემოებას მხარეთა ნამდვილი ნების დადგენა წარმოადგენს, რა დროსაც მხედველობაში მიიღება ყველა ის მნიშვნელოვანი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მოდავე მხარეები მიუთითებენ ამ საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე.
3.5. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია 2020 წლით დათარიღებული ხელწერილი, სადაც პირველი მოპასუხე აცხადებს, რომ უძრავი ქონება, რომელიც მდებარეობს ...... №114-ში, საკადასტრო კოდით: ......, ეკუთვნის მოსარჩელეს და დროებით არის მის სახელზე. თუ 2020 წლის სექტემბრამდე პირველი მოპასუხე ვალს, რომელიც შეადგენს 400 000 აშშ დოლარს, ვერ დაუბრუნებს მოსარჩელეს, უნდა გადასცეს აღნიშნული უძრავი ქონება. დადგენილია, რომ 24.08.2020 წელს პირველ მოპასუხესა და მესამე მოპასუხეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც პირველმა მოპასუხემ მესამე მოპასუხეს საკუთრებაში გადასცა უძრავი ქონება, მდებარე: ბათუმი, ........ №114, საკადასტრო კოდი: ......., ნასყიდობის საგნის ღირებულებაა 300 000 ლარი. 02.10.2020 წელს მესამე მოპასუხესა და მეორე მოპასუხეს შორის, რომელიც არის პირველი მოპასუხის ძმა, გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება იმავე უძრავ ქონებაზე. ნასყიდობის ხელშეკრულების ფასია 295 000 აშშ დოლარი. სსკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გარიგების ბათილად ცნობისთვის აუცილებელია დადგინდეს მხარეთა ნამდვილი ნება გარიგების დადების დროს. ასეთი ნების არსებობა/არარსებობა დგინდება მხარეთა პოზიციებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით. პალატა არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მესამე მოპასუხე, რომელზეც პირველმა მოპასუხემ გაასხვისა ქონება, შესაძლებელია წარმოადგენდა გამსხვისებლის ახლობელს, ნაცნობს, თუმცა აღნიშნული ფაქტი თავისთავად არ აყენებს ეჭვქვეშ სადავო გარიგების მხარეთა ნების ნამდვილობას. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელემ თავი ვერ გაართვა მისი მტკიცების სფეროში შემავალი ფაქტების მტკიცების ტვირთს.
3.6. პალატამ ყურადღება გაამახვილა 2020 წლით დათარიღებულ ხელწერილზე, სადაც პირველმა მოპასუხემ იტვირთა ვალდებულება - ვალი 400 000 აშშ დოლარი მოსარჩელისთვის დაებრუნებინა 2020 წლის სექტემბერამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, უძრავი ქონება საკუთრებაში უნდა გადაეცა მისთვის. სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება პირველ და მესამე მოპასუხეებს შორის დადებულია 24.08.2020 წელს, ვალდებულების შესრულების ვადის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე. ამასთან, 02.10.2020 წელს მესამე და მეორე მოპასუხეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით უძრავი ქონების მესაკუთრე საბოლოოდ აღმოჩნდა მეორე მოპასუხე, პირველი მოპასუხის ძმა. ნასყიდობის ხელშეკრულებების საგნის მიმართ პირველ მოპასუხეს ნაკისრი ჰქონდა ვალდებულება, ვალის დაუბრუნებლობის შემთხვევაში, ის საკუთრებაში უნდა გადაეცა მოსარჩელისთვის. სადავო ხელშეკრულებების დადება სწორედ ამგვარი ვალდებულების დადგომამდე რამდენი დღით ადრე, ამასთან, საბოლოოდ, უძრავი ქონების ისევ პირველი მოპასუხის ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებობით, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ დაძლია იმ გარემოებების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ნების გამოვლენისა და გარიგების მოჩვენებითობას ადასტურებს. შესაბამისად, მტკიცების ტვირთი გადავიდა მოპასუხე მხარეზე, რომელსაც გარიგების ნამდვილობის ფაქტი უნდა დაედასტურებინა. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია სარწმუნო პოზიცია გარიგების ნამდვილობასთან დაკავშირებით; არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა გარიგების დადების შესახებ მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობას. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
3.7. რაც შეეხება ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნას, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა. კანონმდებელი დაზარალებულს (კრედიტორს) უფლებას აძლევს ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ იმ ანაცდენი სარგებლისათვის, რომელსაც დაზარალებული მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად. მთავარი წინაპირობა არის სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, რასაც შედეგად მოჰყვა ზიანის დადგომა. ზოგადი პრინციპით, განსახილველი კატეგორიის დავაში, მოსარჩელეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი. სააპელაციო პალატის მითითებით, ერთი მხრივ, არ დასტურდება, რომ პირველ მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის არსებული სამართალურთიერთობა ითვალისწინებდა საპროცენტო სარგებელს. მეორე მხრივ, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ მის უმთავრეს ინტერესს წარმოადგენდა დავალიანების თანხის ბანკში ანაბარზე განთავსება და, ამ გზით, სარგებლის მიღება. შესაბამისად, ასევე არ დასტურდება მოვალისათვის წინასწარ, სავარაუდო ზიანის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების არსებობა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. მოპასუხეთა საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია, 2020 წლით დათარიღებული ხელწერილის საფუძველზე პირველი მოპასუხისათვის 400 000 აშშ დოლარის დაკისრების კანონიერება, ასევე – 24.08.2020 წლისა და 02.10.2020 წლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის მართლზომიერება.
9. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნების გამოვლენა სსკ-ის 341-ე მუხლით (იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას; თუ ვალის არსებობა აღიარებულია ანგარიშსწორების (გადახდის) საფუძველზე ან მორიგების გზით, მაშინ ფორმის დაცვა არ არის აუცილებელი) განმტკიცებულ ვალის არსებობის აღიარებად რომ დაკვალიფიცირდეს და შესაბამისი სამართლებრივი შედეგები წარმოშვას, ის ვალდებულების შესრულების დამოუკიდებელ საფუძველს უნდა ქმნიდეს, რამდენადაც ვალის აღიარება დამოუკიდებელ გარიგებად განიხილება და მისი დანიშნულება სწორედ ახალი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობაა. არაერთ საქმეზე უზენაესი სასამართლოს განმარტების თანახმად, ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხოვნის აღიარებისაგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა. ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეული მოქმედებების შესრულებას. თუ მხარეები უკვე არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან ადასტურებენ მას, ან მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ, ვალის აღიარებად არ მიიჩნევა. ვალის არსებობის აღიარება მხოლოდ მაშინ ვლინდება, თუ იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან და ახალ, დამოუკიდებელ მოთხოვნას წარმოშობს (შდრ. სუსგ-ები №ას-839-890-2011, 8.11.2011წ; №ას-392-371-2013, 8.11.2013წ; №ას-1083-1040-2016, 26.04.2018წ; №ას-758-2019, 22.10.2019წ.).
10. ვალის არსებობის აღიარება უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობის პირობებს. ხელშეკრულებაში გაწერილი უნდა იყოს მისთვის მახასიათებელი ყველა არსებითი პირობა: კრედიტორისა და მოვალის მონაცემები, მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე შესასრულებელი კონკრეტული ვალდებულება და მომავალში მისი შესრულების განზრახვა (იხ. ე. ბაღიშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, თბილისი 2019, მუხლი 341, ველი 12; შდრ. სუსგ №ას-1485-1401-2012, 11.11.2013წ.). პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას. ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულების თავისებურება სწორედ ისაა, რომ მასში ვალდებულების შესრულების მზაობა იკვეთება (სუსგ №ას-1133-1079-2014, 30.09.2015წ; №ას-226-213-2015, 18.05.2015წ; №ას-87-2020, 18.11.2021წ.).
11. საქმის მასალებში წარმოდგენილია 2020 წლით დათარიღებული ხელწერილი, რომლის შინაარსის მიხედვით, პირველი მოპასუხე მოსარჩელის მიმართ აღიარებს ვალის - 400 000 აშშ დოლარის არსებობას, რომელიც მოვალეს უნდა დაებრუნებინა 2020 წლის სექტემბრამდე (ტ.1, ს.ფ. 22). საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მითითებული დოკუმენტი ვალდებულების შესრულების დამოუკიდებელ საფუძველს ქმნის და მასში გამოვლენილი ნება წარმოადგენს სსკ-ის 341-ე მუხლით გათვალისწინებულ ვალის აბსტრაქტულ (კონსტიტუციურ) აღიარებას. აღნიშნული დასკვნის საწინააღმდეგოდ დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია წარმოდგენილი არ არის. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯელობას აღნიშნული ხელწერილის სესხის შეპირებად მიჩნევის შესახებ, ვინაიდან ხელწერილის შინაარსი არ იძლევა ამგვარი დასკვნის საფუძველს.
12. ამრიგად, ვინაიდან საქმის მასალებში წარმოდგენილია დოკუმენტი, რომლითაც პირველმა მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ ვალდებულების შესრულება იკისრა და პირველ მოპასუხეს, სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად (კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი), სასამართლოსთვის არ წარუდგენია ნაკისრი ვალდებულების შესრულების დამადასტურებული დოკუმენტი, ამ ნაწილში სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა.
13. რაც შეეხება სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის საკითხს, მოსარჩელემ სარჩელში ამ გარიგებების ბათილობის საფუძვლად მიუთითა მათ მოჩვენებითობაზე. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოჩვენებით დადებული გარიგების ბათილად ცნობის საკითხს არეგულირებს სსკ-ის 56-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). მოჩვენებითია გარიგება, თუკი ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა, ე.ი. გარეგნულად კი გამოხატავენ ნებას, იქცევიან ისე, თითქოს ნამდვილად სურდეთ ამ გარეგნულად გამოხატულის მიღწევა, სინამდვილეში კი არც ფიქრობენ ამ შედეგის დადგომაზე (ლ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2011, გვ. 361).
14. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ მოჩვენებით გარიგებას ორი ძირითადი ნიშანი ახასიათებს: პირველი, ის დადებულია მოსაჩვენებლად და, მეორე, მხარეებს არა აქვთ ამ გარიგებით გათვალისწინებული შედეგის დადგომის განზრახვა. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს (სუსგ №ას-976-908-2017, 22.01.2018წ; №ას-366-2019, 17.05.2019წ; №ას-603-562-2017, 10.07.2019წ; №ას-1483-2020, 19.03.2021წ.).
15. მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი. სასამართლო პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება, წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ.). ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია, ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას (სუსგ №ას-571-879-2009, 30.04.2010წ; №ას-1439-1357-2012, 01.07.2013წ; №ას-171-159-2015, 29.04.2015წ; №ას-921-861-2017, 28.11.2017წ; №ას-1305-2018, 21.12.2018წ; №ას-366-2019, 17.05.2019წ; №ას-928-2019, 22.10.2019წ.). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთი მოჩვენებითი გარიგებების შემთხვევაში აწევს იმ პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას. თუნდაც, მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლებაც, მოსარჩელეს ევალება (შდრ. სუსგ №ას-1439-1357-2012, 01.07.2013წ; №ას-1305-2018, 21.12.2018წ; №ას-1043-2019, 17.10.2019წ.).
16. პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 56-ე მუხლის საფუძველზე გარიგების მოჩვენებითად მიჩნევისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმგვარ ფაქტებს, რომელთა ერთობლივი ანალიზი ეჭვქვეშ აყენებს გარიგების ნამდვილობას. აღნიშნული განპირობებულია, ჯერ ერთი, იმით, რომ გარიგების მოჩვენებითობისას კონტრაჰენტთა გარეგნულად გამოვლენილი ნება ყოველთვის არსებობს (თუმცა ის კანონის მოთხოვნებს მხოლოდ ფორმალურად შეესაბამება, ნების ნამდვილობა კი, ვლინდება არა მხოლოდ მისი გარეგანი, არამედ შინაგანი გამოხატვისასაც), მეორეც, იმით, რომ მსგავს შინაგან პროცესებთან (განზრახვასთან, მოტივთან) დაკავშირებით ვერ იქნება წარმოდგენილი პირდაპირი მტკიცებულებები მესამე პირის (კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის) მხრიდან. სასამართლოს შეუძლია, გარეგანი პირობებისა და განსაზღვრული ქცევების საფუძველზე დაასკვნას, განზრახვისა თუ გარკვეული ქმედების მოტივის შესახებ. შესაბამისად, შინაგან ფაქტორებთან დაკავშირებით, საკმარისია ის არაპირდაპირი ფაქტები, საიდანაც უნდა გამომდინარეობდეს სხვა პირის შინაგანი სურვილი ან ნების ფორმირება (სუსგ №ას-1021-982-2016, 17.05.2018წ., პუნ.20).
17. საკასაციო პალატა მიუთითებს 2020 წლით დათარიღებულ ხელწერილზე, რომლითაც პირველმა მოპასუხემ იტვირთა ვალდებულება - ვალი 400 000 აშშ დოლარი მოსარჩელისთვის დაებრუნებინა 2020 წლის სექტემბრამდე. ამდენად, მოსარჩელეს ჰქონდა პირველი მიპასუხის გადახდისუნარიანობის მიმართ ინტერესი. დადგენილია, რომ 24.08.2020 წელს, ზემოაღნიშნული ხელწერილით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, პირველ მოპასუხესა და მესამე მოპასუხეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც პირველმა მოპასუხემ მესამე მოპასუხეს საკუთრებაში გადასცა უძრავი ქონება, მდებარე: ბათუმი, .......... №114, ს/კ: ........, ხოლო 02.10.2020 წელს მესამე მოპასუხესა და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება იმავე უძრავ ქონებაზე. ამრიგად, უძრავი ქონების მესაკუთრე საბოლოოდ აღმოჩნდა მეორე მოპასუხე, რომელიც არის პირველი მოპასუხის ძმა.
18. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიმართ პირველი მოპასუხის ვალდებულების არსებობა, სადავო ხელშეკრულების დადება სწორედ პირველი მოპასუხის ვალდებულების დადგომამდე რამდენი დღით ადრე, ამასთან, მოკლე დროში უძრავი ქონების ისევ პირველი მოპასუხის ოჯახის წევრის საკუთრებაში გადაცემა, სადავო გარიგებების ნამდვილობასთან მიმართებით ლეგიტიმურ ეჭვს ბადებს. აღსანიშნავია, ასევე, რომ მოპასუხეები შესაგებლით არ შესდავებიან სარჩელში მითითებულ გარემოებას მასზე, რომ მესამე მოპასუხეც პირველი მოპასუხის ახლობელია (ტ.1, ს.ფ. 51, 124-137). ამ მოცემულობაში, მტკიცების ტვირთი გადავიდა მოპასუხე მხარეზე და უკვე სწორედ მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოება იყო ისეთი ფაქტების სასამართლოსთვის წარდგენა და დამტკიცება, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება ნამდვილ გარიგებას წარმოადგენდა (შდრ. სუსგ №ას-1376-2020, 11.03.2021წ., პუნ. 91; №ას-1021-982-2016, 17.05.2018წ., პუნ.21-22; №ას-116-2021, 28.03.2022წ., პუნ. 29).
19. სსსკ-ის მე-4, 102-ე მუხლების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს (სუსგ №ას-1465-2020, 18.03.2021წ., პუნ.48). სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (სუსგ №ას-584-543-2017, 06.06.2017წ; №ას-484-2019, 30.10.2020წ.). მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც სადავო გარიგებების ნამდვილობას დაადასტურებდა. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას, რომ სადავო გარიგებების მიზანი იყო, არა იმ სამართლებრივი შედეგის მიღწევა, რასაც გარიგებები ითვალისწინებდა, არამედ პირველი მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ ქონებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდება.
20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, მართალია, სსკ ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობის კანონიერებას ზოგადად შემძენის კეთილსინდისიერებას უკავშირებს, თუმცა იმ პირობებში, როდესაც გამორკვეულია, რომ უძრავი ნივთი მხოლოდ ფორმალურად, მოსაჩვენებლად გასხვისდა, შემძენის კეთილსინდისიერება ქონების გასხვისების მიმართ იმთავითვე გამორიცხულია (შდრ. სუსგ №ას-397-397-2018, 19.04.2019წ., პუნ. 21.6.1; №ას-366-2020, 25.10.2022წ., პუნ. 10).
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).
22. კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები მიუთითებენ. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
23. რაც შეეხება საქმეზე მტკიცებულებების დართვის თაობაზე კასატორების შუამდგომლობებს, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას და საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას, კანონმდებლობით მხარე ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია. საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს (სუსგ №ას-48-2020, 17.09.2020წ; №ას-27-2019, 15.11.2019წ.). შესაბამისად, არ არსებობს შუამდგომლობების საკასაციო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილების საფუძველი და მტკიცებულებები უნდა დაუბრუნდეთ შუამდგომლობის ავტორებს.
24. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორებს გადახდილი აქვთ საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, მათ უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ჯ–ძის, რ.ჯ–ძისა და გ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. მ.ჯ–ძეს (პ/ნ: .......), რ.ჯ–ძესა (პ/ნ: ........) და გ.ბ–ძეს (პ/ნ: .........) უკან დაუბრუნდეთ რ.ჯ–ძის (პ/ნ: ........) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 6000 ლარის (საგადახდო დავალება №13782532185, გადახდის თარიღი 06.07.2022წ.) 70% – 4200 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. მ.ჯ–ძის, რ.ჯ–ძისა და გ.ბ–ძის შუამდგომლობები საქმეზე მტკიცებულებების დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს და მტკიცებულებები დაუბრუნდეთ შუამდგომლობის ავტორებს (ტ.2, ს.ფ. 170; 200-249).
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
რევაზ ნადარაია