Facebook Twitter

საქმე №ას-10-2021 2 ნოემბერი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

I საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „თ–ი“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ო.ო–ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

II საკასაციო საჩივრის ავტორი – ო.ო–ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „თ–ი“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.11.2020 წლის გადაწყვეტილება

I საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

II საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება (სარჩელით), მიუღებელი ხელფასის, შვებულების თანხისა და კომპენსაციის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება (შეგებებული სარჩელით)

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 10.01.2018 წლის გადაწყვეტილებით:

1.1. შპს „თ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „სამეწარმეო საზოგადოება“ ან „პირველი კასატორი“) სარჩელი ო.ო–ისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“ ან „მეორე კასატორი“) და მ.ს–იას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“, პირველ მოპასუხესთან ერთად - „მოპასუხეები“) მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

1.1.1. პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ საქვეანგარიშოდ აღებული და საზოგადოებისათვის დაუბრუნებელი თანხის - 13 589,19 ლარის გადახდა;

1.1.2. მეორე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ საქვეანგარიშოდ აღებული და საზოგადოებისათვის დაუბრუნებელი თანხის - 13 152,85 ლარის გადახდა;

1.1.3. არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად 51 177,53 ლარის დაკისრების შესახებ;

1.1.4. არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად, მიუღებელი შემოსავლის სახით, 28.01.2016 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 519,45 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ;

1.1.5. ბათილად იქნა ცნობილი სამეწარმეო საზოგადოებასა და მეორე მოპასუხეს შორის 12.07.2015 წლის თარიღით დადებული შეთანხმება იმავე მხარეებს შორის 09.07.2015 წლის ხელშეკრულებაში (სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მთლიანი გადაცემის შესახებ) დამატებების შესახებ;

1.1.6. არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებისთვის მის სასარგებლოდ, სოლიდარულად, საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის 28 856,50 ლარის ანაზღაურების შესახებ;

1.1.7. არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად, მიუღებელი შემოსავლის სახით, 01.01.2016 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 192 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ;

1.2. მეორე მოპასუხის შეგებებული სარჩელი სამეწარმეო საზოგადოების მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

1.2.1. სამეწარმეო საზოგადოებას მეორე მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა 16 000 ლარი, მათ შორის 8 000 ლარი სამსახურიდან გათავისუფლების ორი თვის კომპენსაცია, 4 000 ლარი 2016 წლის თვის ხელფასი და 4 000 ლარი გამოუყენებელი შვებულების კომპენსაცია;

1.2.2. არ დაკმაყოფილდა მეორე მოპასუხის მოთხოვნა სამეწარმეო საზოგადოების მიმართ მის სასარგებლოდ ანაზღაურების დაყოვნებისთვის 20 000 ლარის 0,07%-ის, ყოველი დაყოვნების დღისათვის 01.03.2016 წლიდან ვალდებულების შესრულებამდე, დაკისრების შესახებ;

1.3. პირველი მოპასუხის შეგებებული სარჩელი სამეწარმეო საზოგადოების მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

1.3.1. სამეწარმეო საზოგადოებას პირველი მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა 32 500 ლარის გადახდა, მათ შორის 13 000 ლარი სამსახურიდან გათავისუფლების 2 თვის კომპენსაცია, 13 000 ლარი 2015 წლის დეკემბრისა და 2016 წლის იანვრის ხელფასი და 6 500 ლარი გამოუყენებელი შვებულების კომპენსაცია;

1.3.2. არ დაკმაყოფილდა პირველი მოპასუხის სარჩელი სამეწარმეო საზოგადოებისთვის მის სასარგებლოდ ანაზღაურების დაყოვნებისთვის 39 000 ლარის 0,07%-ის, ყოველი დაყოვნების დღისათვის 01.03.2016 წლიდან ვალდებულების შესრულებამდე, დაკისრების შესახებ;

1.3.3. არ დაკმაყოფილდა პირველი მოპასუხის სარჩელი სამეწარმეო საზოგადოებისთვის მის სასარგებლოდ 37 444,57 ლარის დაკისრების შესახებ.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

2.1. სამეწარმეო საზოგადოების დირექტორი და ხელმძღვანელი ერთპიროვნულად იყო პირველი მოპასუხე. 19.03.2014 წელს სამეწარმეო საზოგადოებაში დირექტორად დაინიშნა მეორე მოპასუხე, რომელიც პირველ მოპასუხესთან ერთად განახორციელებდა წარმომადგენლობით უფლებამოსილებას წესდების მე-6 მუხლის შესაბამისად.

2.2. 28.01.2016 წლის გადაწყვეტილებით მოპასუხეები გათავისუფლდნენ სამეწარმეო საზოგადოების დირექტორის თანამდებობიდან და დირექტორებად დაინიშნენ კ.ა–ია და გ.მ–ი. აღნიშნული გადაწყვეტილება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

2.3. საქმეზე წარმოდგენილია ანგარიშის ბარათები მოპასუხეების მიმართ 01.05.2014 წლიდან, სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერები, საგადახდო დავალებები, რომელთა მიხედვით დადგენილია, რომ დირექტორებმა, მოპასუხეებმა საქვეანგარიშოდ მიიღეს თანხები და ასევე დააბრუნეს თანხის გარკვეული ნაწილი.

2.4. მხარეთა შორის დავის საგანია 12.07.2015 წლის შეთანხმება 09.07.2015 წლის ხელშეკრულებაში (წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მთლიანი გადაცემის შესახებ) დამატებების შესახებ. სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი, რადგან დარღვეული იყო ხელშეკრულების დადების წესები. საზოგადოების წესდების მე-6 მუხლის 1.1 პუნქტის მიხედვით, საზოგადოების ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა ეკისრება დირექტორებს. დირექტორი ინიშნება და თავისუფლდება პარტნიორის გადაწყვეტილებით. დირექტორებს არა აქვთ უფლება ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მიიღონ რაიმე გადაწყვეტილება და საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას საჭიროა ორივე დირექტორის თანხმობა და ხელმოწერა, რაც შეთანხმების დროს არ ყოფილა გამოყენებული.

2.5. სამეწარმეო საზოგადოების მიერ გაცემული ცნობებით, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით დადგენილია, რომ დირექტორის თანამდებობაზე პირველი მოპასუხის ხელფასი შეადგენს 8125,00 ლარს, ხოლო მეორე მოპასუხის – 5000 ლარს.

2.6. მოპასუხეები უარყოფენ იმ ფაქტს, რომ ისინი ვერ ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას. ამ გარემოების დასადასტურებლად წარმოდგენილია ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის შეტყობინება მეორე მოპასუხეზე, სადაც აღნიშნულია, რომ საწარმო ერთ-ერთი საუკეთესოა და ითხოვენ წარდგენილ იქნეს ის და საუკეთესო თანამშრომლები დასაჯილდოებლად. წარმოდგენილია 21.11.2014 წლის პარტნიორთა კრების ოქმი, რომლის თანახმად, პარტნიორები შეთანხმდნენ, რომ 2015 წლის იანვარში საზოგადოებაში ჩატარდებოდა აუდიტორული შემოწმება, აღნიშნული გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ საზოგადოების საქმიანობა დადგენილი წესით მიმდინარეობდა.

2.7. საქმეზე წარმოდგენილია გასავლის ორდერები, საგადახდო დავალებები, სასაქონლო ზედნადებები, რომელთა მიხედვით, გარკვეული თანხები ირიცხებოდა ბანკში პირველი მოპასუხის სახელზე, სხვადასხვა დანიშნულებით, ხელფასის, ავიაბილეთების შესაძენად და სხვა, მაგრამ თანხები არის სხვადასხვა, ზუსტად არ არის განსაზღვრული თვეში რამდენს იღებდა ხელფასის სახით და საერთოდ არსად არ ჩანს მასალებში შვებულებით სარგებლობისათვის თანხა ჩაირიცხა თუ არა.

2.8. სასამართლომ მიუთითა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველ, მე-2, მე-3, მე-6, მე-7, 71 პუნქტებზე. სასამართლომ განმარტა, რომ დირექტორთან იდება სასამსახურო ხელშეკრულება. სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგინდა, რომ დირექტორების მხრიდან ადგილი ჰქონდა საქვეანგარიშოდ თანხების გაცემას და გამოყენებას, რის გამოც უნდა დაეკისროთ საქვეანგარიშოდ გაწეული თანხების ანაზღაურება.

2.9. სამეწარმეო საზოგადოების სარჩელით მოთხოვნილია მოპასუხეებისთვის მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალისწინებული. სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელე ვალდებული იყო, დაემტკიცებინა ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა დასაბუთებული მოსაზრება. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დირექტორის საქმიანობის პერიოდში პარტნიორების მიერ არ ყოფილა გამოყენებული რაიმე შენიშვნა თანხების არამიზნობრივ გახარჯვასთან დაკავშირებით, პირიქით, სამეწარმეო საზოგადოებამ მიიღო გადაწყვეტილება აუდიტორული შემოწმების შესახებ, აღნიშნულ დასკვნაზე პრეტენზია არავის გამოუთქვამს. სასამართლომ მიიჩნია, რომ ვერ დადასტურდა მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა მოპასუხეებისთვის მიუღებელი შემოსავლისა და მიყენებული ზიანის დაკისრების თაობაზე. სასამართლომ აგრეთვე დაუსაბუთებლად მიიჩნია პირველი მოპასუხის მოთხოვნა სამეწარმეო საზოგადოებისთვის თანხის დაკისრების შესახებ.

2.10. სასამართლომ მიიჩნია, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელეების მოთხოვნა ორი წლის გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებაზე უნდა დაკმაყოფილებულიყო მხოლოდ ერთი წლის შვებულების თანხის ნაწილში. ამასთან, შეგებებული სარჩელით მოსარჩელეებს უნდა მისცემოდათ ორი თვის კომპენსაცია, ვინაიდან არ დასტურდებოდა სამეწარმეო საზოგადოების მიერ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 72 პუნქტით განსაზღვრული შეტყობინების განხორციელება. მითითებული ნორმა მხარეებს ავალდებულებს მარეგისტრირებელი ორგანოსათვის რეგისტრირებული პირის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადების წარდგენამდე გააგზავნონ შეტყობინება საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ) 38-ე მუხლით დადგენილი წესით და ამ წესის დაცვის გარეშე რეგისტრაციის შეწყვეტის შემთხვევაში მიყენებული ზიანისათვის ადგენს მისი ანაზღაურების შესაძლებლობას. რაც შეეხება შეგებებული სარჩელით მოსარჩელეების მოთხოვნას ყოველი დაყოვნების დღისათვის 0.07%-ის დაკისრების შესახებ, ამ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ. სამეწარმეო საზოგადოებამ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მოპასუხეებმა/შეგებებული სარჩელების ავტორებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელების სრულად დაკმაყოფილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.06.2020 წლის საოქმო განჩინებით მეორე მოპასუხის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნენ ნ.მ–ნი და ი.ს–ია.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.06.2020 წლის საოქმო განჩინებით სამეწარმეო საზოგადოების წარმომადგენლის შუამდგომლობა მეორე მოპასუხის უფლებამონაცვლეების მიმართ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში სარჩელზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდა; მეორე მოპასუხის უფლებამონაცვლეების წარმომადგენლის შუამდგომლობა სამეწარმეო საზოგადოების მიმართ შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 10.01.2018 წლის გადაწყვეტილება სამეწარმეო საზოგადოების სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მეორე მოპასუხის მიმართ და შეწყდა საქმისწარმოება; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 10.01.2018 წლის გადაწყვეტილება მეორე მოპასუხის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სამეწარმეო საზოგადოების მიმართ და შეწყდა საქმისწარმოება; მეორე მოპასუხის უფლებამონაცვლეების მიმართ სამეწარმეო საზოგადოების სააპელაციო საჩივარზე და მეორე მოპასუხის უფლებამონაცვლეების სააპელაციო საჩივარზე სამეწარმეო საზოგადოების მიმართ შეწყდა საქმისწარმოება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.11.2020 წლის გადაწყვეტილებით პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; სამეწარმეო საზოგადოების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა პირველი მოპასუხის შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით პირველი მოპასუხის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სამეწარმეო საზოგადოებას პირველი მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა ორი თვის კომპენსაციის - 13 000 ლარის, 2015 წლის დეკემბრის ხელფასის ნაწილის - 1500 ლარის, 2016 წლის იანვრის ხელფასის ნაწილის - 4 500 ლარისა და გამოუყენებელი შვებულების 6 500 ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

პირველი საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა სამეწარმეო საზოგადოებამ, მოითხოვა:

7.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში;

7.2. ახალი გადაწყვეტილებით - პირველი მოპასუხის მიმართ სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და პირველი მოპასუხის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

მეორე საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა პირველმა მოპასუხემ, მოითხოვა:

8.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა სამეწარმეო საზოგადოების სააპელაციო საჩივარი (შემცირდა ასანაზღაურებელი სახელფასო დავალიანება) და არ დაკმაყოფილდა პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ჯამში ორი წლის შვებულების კომპენსაციის დაკისრებისა და ანაზღაურების დაყოვნებისათვის გადასახდელი თანხის 0,07%-ის დაკისრებაზე უარის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე;

8.2. ახალი გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდეს მისი შეგებებული სარჩელის მოთხოვნები ხელფასისა და გამოუყენებელი შვებულების თანხის დაკისრების ნაწილში, ასევე დაკმაყოფილდეს ანაზღაურების დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს (გადასახდელი თანხის 0,07%) დაკისრების მოთხოვნა (იხ. დაზუსტებული საკასაციო საჩივრის მოთხოვნა, ტ.5, ს.ფ.258).

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი დაუშვებელია:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. მოცემულ შემთხვევაში, ურთიერთდაპირისპირებული მხარეები არიან სამეწარმეო საზოგადოება და მისი ყოფილი დირექტორი – პირველი მოპასუხე (მეორე მოპასუხესთან მიმართებით საქმისწარმოება შეწყვეტილია (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი)). დავა შეეხება მხარეთა შორის არსებული სასამსახურო ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობებს, მათ შორის ყოფილი დირექტორის მიერ სამეწარმეო საზოგადოებისთვის ზიანის/მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხს.

13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკორპორაციო სამართლის მიზნებისათვის საწარმოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა, რომლის ერთი მხარე - მომსახურების გამწევი ვალდებულია, გაწიოს შეპირებული მომსახურება, ხოლო მეორე მხარე - გადაიხადოს საზღაური. ამ ტიპის შეთანხმება დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე და უფლებით აღჭურვილ პირს, ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში, აძლევს სრულ დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რაც წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს. კერძო სამართლის იურიდიული პირის დირექტორსა და ამ იურიდიულ პირს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა დავალების ხელშეკრულებაა, რომლის საფუძველზეც დირექტორი საწარმოს სახელითა და ხარჯზე ახორციელებს მისთვის წესდებით/კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებებს (სუსგ №ას-1203-2018, 25.04.2019წ.). საწარმოს დირექტორთან იდება სასამსახურო ხელშეკრულება და მეწარმეთა შესახებ კანონის ნორმებთან ერთად გამოყენებული უნდა იქნეს არა შრომითი ურთიერთობების, არამედ დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები (სუსგ №ას-895-845-2015, 29.01.2016წ.). მსგავსი კატეგორიის დავების სამართლებრივი მოწესრიგებისათვის შრომის კოდექსის ნორმების გამოყენება დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს კანონიდან (სუსგ №ას-240-228-2016, 28.09.2016წ; №ას-23-23-2016, 09.03.2016წ.) .

14. შესაბამისად, სამართლებრივად არ აქვს მნიშვნელობა საწარმოსა და დირექტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულების სათაურს. მათ შორის ურთიერთობა შინაარსობრივად არ წარმოადგენს ჩვეულებრივ შრომით-სამართლებრივ ურთიერთობას. შპს-სა და დირექტორს შორის ურთიერთობა ეფუძნება ორ სამართლებრივ დოკუმენტს: დანიშვნის აქტსა და სასამსახურო ხელშეკრულებას. დანიშვნა დირექტორს აქცევს შპს-ს ორგანოდ და მის კანონიერ წარმომადგენლად. ამ დროს ისეთივე წარმომადგენლობით ურთიერთობას აქვს ადგილი, როგორც ეს რწმუნებულის შემთხვევაში გვხვდება (როინ მიგრიაული, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და დირექტორს შორის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა და დასრულება (შედარებითი ანალიზი გერმანულ სამართალთან). Georgian Electronic Scientific Journal: Jurisprudence#2-2004. http://gesj.internet-academy.org.ge/ge/list_artic_ge.php?b_sec=jur&issue=2004-12).

15. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი კანონი (შემდეგში „კანონი“)) მე-9 მუხლით რეგულირებულია სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის საკითხები. მითითებული ნორმის მე-7 პუნქტი ადგენს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და საწარმოს შორის ურთიერთობის მოწესრიგების სამართლებრივ საფუძვლებს, კერძოდ, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით.

16. სამეწარმეო საზოგადოებას პირველი მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა ორი თვის კომპენსაციის - 13 000 ლარის, 2015 წლის დეკემბრის ხელფასის ნაწილის - 1500 ლარის, 2016 წლის იანვრის ხელფასის ნაწილის - 4 500 ლარისა და გამოუყენებელი ერთი წლის შვებულების 6 500 ლარის გადახდა. კანონის მე-9 მუხლის ფარგლებში მოქმედ დირექტორს ასევე აქვს გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება (სუსგ №ას-131-127-2016, 23.09.2016წ., პ. 1.5.4., 1.6). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ არც სამეწარმეო საზოგადოებას (პირველი კასატორი) და არც პირველ მოპასუხეს (მეორე კასატორი) დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენიათ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე პირველი მოპასუხის შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით.

17. დადგენილია, რომ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი, სამეწარმეო საზოგადოების დირექტორი - პირველი მოპასუხე 28.01.2016 წლიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, ცვლილება იმავე დღესვე დარეგისტრირდა მარეგისტრირებელ ორგანოში. კანონის მე-9 მუხლის 71 პუნქტი აზუსტებს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის უფლებამოსილების შეწყვეტის პირობებს (ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის რეგისტრაცია წყდება, თუ: ა) მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა უფლებამოსილი პირის განცხადება რეგისტრირებული პირის გათავისუფლების თაობაზე; ბ) მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა რეგისტრირებული პირის განცხადება რეგისტრაციის შეწყვეტის მოთხოვნის თაობაზე; გ) რეგისტრირებული პირი გარდაცვლილია, სასამართლოს მიერ აღიარებულია შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოცხადებულია გარდაცვლილად, მას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1293-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე მხარდაჭერა აქვს დანიშნული). პირველ ორ შემთხვევასთან მიმართებით (მარეგისტრირებელი ორგანოს მიმართ ცალმხრივი ნების გამოვლენა) კანონი მოითხოვს სადავო პერიოდში მოქმედი სშკ-ის 38-ე მუხლით (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესი) დადგენილი წესით შეტყობინების გაგზავნას, კერძოდ, კანონის მე-9 მუხლის 72 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის 7​1 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარეები ვალდებული არიან მარეგისტრირებელი ორგანოსათვის რეგისტრირებული პირის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადების წარდგენამდე გააგზავნონ შეტყობინება სშკ-ის 38-ე მუხლით დადგენილი წესით. ამ წესის დაცვის გარეშე რეგისტრაციის შეწყვეტის შემთხვევაში მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით (შდრ. სუსგ №ას-1559-2019, 02.03.2020წ., პ.17; №ას-477-2020, 20.10.2022წ., პ.12). სშკ-ის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამსაქმებლის მიერ ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი უფლებამოსილია არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. ამდენად, კანონი ითვალისწინებს გამონაკლის შემთხვევას, როცა დირექტორის მიმართ მოქმედებს შრომის კოდექსით დადგენილი კომპენსაციის გაცემის რეჟიმი.

18. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სამეწარმეო საზოგადოებას დირექტორის თანამდებობიდან პირველი მოპასუხის გათავისუფლებამდე მისი წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება არ შეუსრულებია. შესაბამისად, გათავისუფლების შესახებ წინასწარი შეტყობინების ვალდებულების დარღვევის გამო მართებულად დაკმაყოფილდა პირველი მოპასუხის შეგებებული სარჩელის მოთხოვნა და სამეწარმეო საზოგადოებას დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება ორი თვის ხელფასის ოდენობით.

19. რაც შეეხება პირველი მოპასუხის შეგებებული სარჩელის მოთხოვნას ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის სამეწარმეო საზოგადოებისთვის დაკისრების შესახებ, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ამ საკითხს აწესრიგებს სშკ, რომელიც, როგორც აღინიშნა, წინამდებარე ურთიერთობაზე არ ვრცელდება. პირგასამტეხლოს თაობაზე მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმების არსებობა კი დადგენილი არ არის (შდრ. სუსგ №ას-650-606-2017, 03.11.2017წ., პ.1.3.7; №ას-270-2022, 21.07.2022წ.). არ არსებობს არც აუნაზღაურებელი სახელფასო დავალიანებისა და შვებულების კომპენსაციის მოთხოვნების ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის წინაპირობა.

20. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ასევე არ არსებობს ზიანის ანაზღაურების თაობაზე სამეწარმეო საზოგადოების სასარჩელო მოთხოვნების ნაწილში სამეწარეო საზოგადოების საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი. სამეწარმეო საზოგადოების წინაშე დირექტორის პირადი პასუხისმგებლობის სამართლებრივი საფუძველია კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის თანახმად, დირექტორები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ.

21. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული მოვალეობები არის დირექტორის ფიდუციური მოვალეობები (სუსგ №ას-687-658-2016, 06.11.2018წ; №ას-370-344-2017, 18.04.2019წ.), რომელთა დარღვევის გამოც დირექტორი პასუხს აგებს კომპანიის წინაშე. ფიდუციური მოვალეობები, კერძოდ, ზრუნვისა და ერთგულების მოვალეობა, დირექტორს ეკისრება საზოგადოების წინაშე, შესაბამისად, ამ მოვალეობების დარღვევისათვის მისი პასუხისმგებლობა დგება საზოგადოების, მიმართ (შდრ. სუსგ №ას-457-436-2015, 06.06.2016წ; №ას-1811-2018, 29.09.2023წ.).

22. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას, რომ სამეწარმეო საზოგადოებამ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი ვერ დაძლია და პირველი მოპასუხის მიერ მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი ვერ დაადასტურა, რის გამოც მართებულად ეთქვა უარი ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

23. რაც შეეხება სამეწარმეო საზოგადოების მიერ საკასაციო საჩივარში დასახელებულ გარემოებებს, რომლებიც სარჩელში მითითებული არ ყოფილა, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო თითოეულ საქმეს იხილავს წარდგენილი სარჩელის ფარგლებში. მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი), (სუსგ №ას-759-2021, 08.10.2021წ., პ.61). შესაბამისად, ზემოაღნიშნული გარემოებები საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება. როგორც საკასაციო სასამართლო თავის არაერთ განჩინებაში განმარტავს, სამოქალაქო საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ-ები: №ას-1033-2018, 30.10.2018წ. პ.23; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ. პ.17).

24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).

25. კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები მიუთითებენ. საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მათი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

26. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, პირველ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%, ხოლო მეორე კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „თ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ო.ო–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

3. შპს „თ–ს“ (ს/ნ: ......) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 6559.11 ლარის (საგადახდო დავალება №8927, გადახდის თარიღი 15.04.2021წ.) 70% – 4591.38 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია