საქმე №ას-371-2022 22 მაისი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ტ.ჯ.კ.კ–ა (ტ.მ.კ.) (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ს–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.01.2022 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – კონტრაფაქციული საქონლის განადგურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ტ.ჯ.კ.კ–ამ (ტ.მ.კ) (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი“) სარჩელით მიმართა სასამართლოს ნ.ს–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „კასატორის მოწინააღმდეგე მხარე”) მიმართ და მოითხოვა:
1.1. აეკრძალოს მოპასუხეს მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლო ნიშნის (რეგ. ნომერი 7214, „ტოიოტას ლოგო“), სასაქონლო ნიშნის TOYOTA (რეგ. ნომრ. ..) და კომბინირებული სასაქონლო ნიშნის (რეგ. ნომ. 7215, „სიტყვიერი აღნიშვნა LEXUS და ლექსუსის ლოგო“) ან მათი აღრევამდე მსგავსი ნიშნების გამოყენება საქართველოს ტერიტორიაზე (მათ შორის, ასეთი ნიშნებით მარკირებული საქონლის იმპორტი, ექსპორტი, დასაწყობება და რეალიზაცია) იმ საქონლის მიმართ, რომელიც იდენტურია ან მსგავსია იმ საქონლისა, რომლისთვისაც მოსარჩელეს დარეგისტრირებული აქვს ზემოაღნიშნული სასაქონლო ნიშნები და რომელიც არ არის დამზადებული მოსარჩელის მიერ, ან მისი ნებართვით.
1.2. მოპასუხის ხარჯით განადგურდეს მოპასუხის კუთვნილი და შემოსავლების სამსახურის მიერ 15.05.2020 წელს შეჩერებული შემდეგი საქონელი:
- სასაქონლო ნიშნით TOYOTA ნიშანდებული 144 ერთეული ავტომობილის აირბაგის კაფსულა;
- სასაქონლო ნიშნით (რეგ. ნომრ. 7214, „ტოიოტას ლოგო“) ნიშანდებული 76 ცალი საჭის ხუფი;
- სასქონლო ნიშნით (რეგ. ნომრ. 7215, „ლექსუსი ლოგო“) ნიშანდებული 52 ცალი საჭის ხუფი, რომლებიც განთავსებულია გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან „აეროპორტი“ მდებარე შპს „კ.ს–ის“ საბაჟო საწყობში (მდებარე: ქ. თბილისში, ...... მიმდებარე ტერიტორია).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.11.2020 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს აეკრძალა მოსარჩელის კუთვნილი გამოსახულებითი სასაქონლო ნიშნის (რეგ. ნომერი 7214, ,,ტოიოტას ლოგო’’), სასაქონლო ნიშნის TOYOTA (რეგ. ნომერი 2674) და კომბინირებული სასაქონლო ნიშნის (რეგ. ნომერი 7215, ,,სიტყვიერი აღნიშვნა LEXUS და ლექსუსის ლოგო) ან მათი აღრევამდე მსგავსი ნიშნების გამოყენება საქართველოს ტერიტორიაზე (მათ შორის, ასეთი ნიშნებით მარკირებული საქონლის იმპორტი, ექსპორტი, რეალიზაცია და დასაწყობება) იმ საქონლის მიმართ, რომელიც იდენტურია ან მსგავსია იმ საქონლისა, რომლისთვისაც მოსარჩელეს დარეგისტრირებული აქვს სასაქონლო ნიშნები (რეგ. ნომერი 7214, რეგ. ნომერი 2674 და რეგ. ნომერი 7215) და რომელიც არ არის დამზადებული მოსარჩელის მიერ ან მისი ნებართვით. საქონლის განადგურების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
2.1. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ - საქპატენტის მიერ გაიცა მოწმობა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თაობაზე, რეგისტრაციის ნომრით 7214, განაცხადის შეტანის თარიღი - 1993-07-08, რეგისტრაციის თარიღი - 1997-10-16, რეგისტრაციის ვადის გასვლის თარიღი - 2027-10-16, მფლობელი - მოსარჩელე; სასაქონლო ნიშანი, ნიშნის გამოსახულება; გამოსახულებითი ელემენტების კოდები (ვენის კლასიფიკაცია): 26.01.09; 26.01.06; 24.17.25; 24.11.25, საქონლის და/ან მომსახურების კლასები (ნიცის კლასიფიკაცია) – 12, საქონლის ჩამონათვალი: ავტომობილები და მათი ნაწილები.
2.2. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ - საქპატენტის მიერ გაიცა მოწმობა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თაობაზე, რეგისტრაციის ნომრით 2674, განაცხადის შეტანის თარიღი - 1993-07-30, რეგისტრაციის თარიღი - 1996-07-18, რეგისტრაციის ვადის გასვლის თარიღი - 2026-07-18, მფლობელი - მოსარჩელე; სასაქონლო ნიშანი, ნიშნის სიტყვიერი ნაწილი - TOYOTA, ნიშნის სიტყვიერი ნაწილის ტრანსლიტერაცია - ტოიოტა; საქონლის და/ან მომსახურების კლასები (ნიცის კლასიფიკაცია) – 07, 12, საქონლის ჩამონათვალი: 07- მანქანები და ჩარხები, ძრავები (მიწისზედა სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილის გარდა), ქუროები და შეერთებები მიწისზედა სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილის გარდა; სასოფლო-სამეურნეო იარაღები, ინკუბატორები; 12 - გადაადგილების საშუალებანი, ჰაერში, მიწაზე და წყალზე გადაადგილების საშუალებანი, აგრეთვე ამ კლასის ყველა საქონელი.
2.3. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ - საქპატენტის მიერ გაიცა მოწმობა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თაობაზე, რეგისტრაციის ნომრით 7215, განაცხადის შეტანის თარიღი - 1993-07-08, რეგისტრაციის თარიღი - 1997-10-16, რეგისტრაციის ვადის გასვლის თარიღი - 2027-10-16, მფლობელი - მოსარჩელე; სასაქონლო ნიშანი, ნიშნის გამოსახულება; გამოსახულებითი ელემენტების კოდები (ვენის კლასიფიკაცია): 25.05.05.; 26.01.10; 24.11.25; ნიშნის სიტყვიერი ნაწილი - LEXUS; ნიშნის სიტყვიერი ნაწილის ტრანსლიტერაცია - ლექსუს; საქონლის და/ან მომსახურების კლასები (ნიცის კლასიფიკაცია) – 12, საქონლის ჩამონათვალი: მოტოკარები მათი ნაწილები და საკუთნო.
2.4. საქართველოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 30.06.2014 წლის N32056 ბრძანების თანახმად შემოსავლების სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრში დარეგისტრირდა მოსარჩელის კუთვნილი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტები - სასაქონლო ნიშანი „TOYOTA RAV4“, „LANDCRUISER PRADO“, „COROLLA“, „TOYOTA“, „LEXUS“, „HILUX‘’, ,,LANDCRUISER“ და „CAMRY“. რეგისტრაციის ვადა 2 (ორი) წელი, ბრძანების ძალაში შესვლის თარიღიდან. სასაქონლო ნიშნების - „TOYOTA RAV4“, „LANDCRUISER PRADO“, „COROLLA“ და „TOYOTA“ შემოსავლების სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრში რეგისტრაციის ვადა გაგრძელდა 01.07.2018 წლიდან ორი წლით, ხოლო სასაქონლო ნიშნების „„LEXUS“, „HILUX LANDCRUISER“, და „CAMRY“, რეგისტრაციის ვადა -16.10.2019 წლიდან ორი წლის ვადით.
2.5. საქართველოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 15.05.2020 წლის ბრძანების თანახმად სსიპ - შემოსავლების სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრში საბაჟო დეპარტამენტის 03.07.2018 წლის N16848 ბრძანებით რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანზე უფლების დარღვევის საფუძვლით მოპასუხის მიერ შემოტანილი საქონელი შეჩერდა 10 (ათი) სამუშაო დღით. საქონლის მახასიათებლებია: სასაქონლო ნიშნით „TOYOTA“ ნიშანდებული 144 ერთეული აირბაგის კაფსულა, 76 ცალი საჭის ხუფი; სასაქონლო ნიშნით „LEXUS“ ნიშანდებული საჭის ხუფი 52 ცალი.
2.6. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 24.06.2020 წლის ბრძანების საფუძველზე შექმნილი ჯგუფის მიერ განადგურდა საქონლის (128 ცალი LEXUS; „TOYOTA“) საჭის ხუფი. ხოლო სასაქონლო ნიშნით „TOYOTA“ ნიშანდებული 144 ერთეული აირბაგის კაფსულიდან მოხდა სასაქონლო ნიშანი „TOYOTA“-ს აღმნიშვნელი სტიკერის აძრობა და დაჭრა.
2.7. სარჩელის განხილვის დროისთვის 144 ერთეული აირბაგის კაფსულა განთავსებული იყო გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან „აეროპორტი“ მდებარე შპს „თ. კ.ს–ის“ საბაჟო საწყობში.
2.8. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 3.2 და 208.3 მუხლებზე და განმარტა, რომ მოპასუხემ დაადასტურა სარჩელი მითითებული გარემოებები კონტრაფაქციული საქონლის შემოტანასთან დაკავშირებით. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ მოხდა კონტრაფაქციული საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტი, საიდანაც სასაქონლო ნიშნით „TOYOTA“ ნიშანდებული 144 ერთეული აირბაგის კაფსულა, 76 ცალი საჭის ხუფი და სასაქონლო ნიშნით „LEXUS“ ნიშანდებული 52 ცალი ხუფი წარმოებულია ინტელექტუალური ობიექტების რეესტრში სასაქონლო ნიშანზე მოსარჩელის სასარგებლოდ რეგისტრირებული უფლების დარღვევით.
2.9. სასამართლომ მიუთითა სასაქონლო ნიშნების შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ" ქვეპუნქტზე, ასევე 24-ე მუხლის პირველი პუნქტზე, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, ამავე მუხლის მე-2 პუნქტზე, ამავე კანონის 6.3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე და საფუძვლიანად მიიჩნია სარჩელი მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნების გამოყენების აკრძალვის ნაწილში.
2.10. სასაქონლო ნიშნების შესახებ კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევისას სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი უფლებამოსილია მოითხოვოს სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით ნიშანდებული საქონლის განადგურება, თუ საქონლის სასაქონლო ნიშნისაგან განცალკევება შეუძლებელია ან თუ სასაქონლო ნიშანი საქონელზეა დატანილი.
2.11. სასამართლოს განმარტებით, უდავოა, რომ მოპასუხის მიერ შემოტანილი კონტრაფაქციული საქონლიდან თავად მოპასუხის განცხადების საფუძველზე განადგურდა ჯამში 128 ცალი (LEXUS;TOYOTA) საჭის ხუფი, ხოლო სასაქონლო ნიშნით „TOYOTA“ ნიშანდებული 144 ერთეული აირბაგის კაფსულიდან მოხდა სასაქონლო ნიშანი „TOYOTA”-ს აღმნიშვნელი სტიკერის აძრობა და დაჭრა. ამდენად, პროდუქცია განცალკევებულია სასაქონლო ნიშნისგან და თავად სასაქონლო ნიშნით სტიკერი - განადგურებული.
2.12. სასამართლოს განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა ისეთი მოცემულობა, როცა მოპასუხის მიერ შემოტანილ, სასაქონლო ნიშნით „TOYOTA“ ნიშანდებულ 144 ერთეულ აირბაგის კაფსულას აღარ აქვს სასაქონლო ნიშანი „TOYOTA”-ს აღმნიშვნელი სტიკერი - მოხდა მისი აძრობა და დაჭრა. ამდენად, აღარ არსებობს კონტრაფაქციული საქონელი და შესაბამისად, არც მისი განადგურების სამართლებრივი საფუძველი.
3. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა ამ ნაწილში მისი გაუქმება, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.01.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს, დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
8. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, სასაქონლო ნიშანი, ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მისი რეგისტრაციის მომენტიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დაცულ „ქონებას“ წარმოადგენს. შესაბამისად, რეგისტრაციის პროცედურების დასრულების შემდგომ სასაქონლო ნიშანი ხდება საკუთრების ობიექტი და მასზე ვრცელდება საკუთრების დაცვის ყველა სამართლებრივი რეგულაცია. ზოგიერთ შემთხვევაში არა მხოლოდ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, არამედ თავად რეგისტრაციის განაცხადი და სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მაძიებლის სამართლებრივი სტატუსიც კი უკვე შესაძლებელია წარმოშობდეს ისეთ ქონებრივ უფლებებს, რომლებიც ექცევა პირველი ოქმის პირველი მუხლით გათვალისწინებული „ქონების“ ცნებაში (იხ. Anheuser-Busch Inc. v. Portugal [GC], no. 73049/01, §§ 66-72, §§ 73-78, ECHR 2007-I) (სუსგ Nას-1285-1223-2014, 01.12.2015წ.).
9. სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციასთან, დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებს სასაქონლო ნიშნების შესახებ საქართველოს კანონი ((შემდეგში „სპეციალური კანონი“) განჩინებაში მითითებულია სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია)). მისი მე-3 მუხლის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან (შემდგომში – საქონელი). სიმბოლო შეიძლება იყოს: სიტყვა ან სიტყვები, აგრეთვე ადამიანის სახელი; ასოები; ციფრები; ბგერები; გამოსახულება; სამგანზომილებიანი ფიგურა, მათ შორის, საქონლის ფორმა ან შეფუთვა ისევე, როგორც საქონლის სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით. სასაქონლო ნიშანი დაცულია „საქპატენტში“ მისი რეგისტრაციის ან საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე.
10. სპეციალური კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის: ა) იდენტურია და საქონელიც იდენტური; ბ) იდენტურია, ხოლო საქონელი იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა; გ) მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა; დ) იდენტური ან მსგავსია და დაცულია სასაქონლო ნიშნის საქართველოში კარგი რეპუტაციის გამო, ამ ნიშნის გამოყენება მესამე პირს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს, ან ზიანს აყენებს სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას ან მის განმასხვავებელუნარიანობას.
11. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია სადავო სასაქონლო ნიშანზე მოსარჩელის განსაკუთრებული უფლების არსებობა, მოპასუხის მიერ მისი გამოყენების ფაქტი და კანონიერ ძალაშია შესული სასამართლოს გადაწყვეტილება მათი გამოყენების აკრძალვის ნაწილში. მოსარჩელის საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია საქონლის განადგურებაზე უარის თქმის მართლზომიერება.
12. ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, კონტრაფაქციული პროდუქცია არის სასაქონლო ნიშანზე, მომსახურების ნიშანზე, კოლექტიურ ნიშანზე ან/და სასერტიფიკაციო ნიშანზე (შემდგომ – სასაქონლო ნიშანი) უფლების დარღვევით წარმოებული საქონელი, მათ შორის, შესაფუთი საქონელი, რომელზედაც უნებართვოდაა მოთავსებული იმ სასაქონლო ნიშნის იდენტური სასაქონლო ნიშანი, რომელიც ამ საქონელთან დაკავშირებით კანონიერად არის რეგისტრირებული ან არსებითად არ განსხვავდება აღნიშნული სასაქონლო ნიშნისგან და, ამდენად, არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სასაქონლო ნიშნის მფლობელის განსაკუთრებულ უფლებას. ამავე მუხლის “დ” ქვეპუნქტით, განადგურება არის საქონლის ფიზიკური განადგურება, გადამუშავება ან განკარგვა იმგვარად, რომ არ მოხდეს საქონლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება. ამასთანავე, აუცილებელია, თავიდან იქნეს აცილებული უფლების მფლობელისათვის ზიანის მიყენება.
13. სპეციალური კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევისას სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი უფლებამოსილია მოითხოვოს სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით ნიშანდებული საქონლის განადგურება, თუ საქონლის სასაქონლო ნიშნისაგან განცალკევება შეუძლებელია ან თუ სასაქონლო ნიშანი საქონელზეა დატანილი.
14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსაკუთრებული უფლების მფლობელის მიერ საქონლის განადგურების მოთხოვნით აღძრული სარჩელის საფუძვლიანობის კვლევისას უნდა დადგინდეს, რამდენად არსებობს ასეთი მოთხოვნის დაკმაყოფილების ყველა სამართლებრივი წინაპირობა. ამ უკიდურესი ზომის გამოყენებისთვის აუცილებელია არსებობდეს ისეთი შემთხვევა, რომელიც მიუთითებს სასაქონლო ნიშნის საქონლისაგან განცალკევების შეუძლებლობაზე (შდრ. სუსგ. Nას-1285-1223-2014, 01.12.2015წ.). პალატა მიუთითებს, რომ სასაქონლო ნიშნის განცალკევება არა მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ სასაქონლო ნიშნის საქონლისგან მოცილება უნდა მოხდეს იმგვარად, რომ საქონელი და სასაქონლო ნიშანი ორივე ცალ-ცალკე დარჩეს, არამედ, საქონლისა და მასზე დატანილი (აღბეჭდილი) სასაქონლო ნიშნის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალური შეფასებისა და მსჯელობის საგანი უნდა იყოს, მართლზომიერი მფლობელის კუთვნილი სასაქონლო ნიშანი იმგვარად უნდა მოცილდეს (დაიფაროს, ამოიშალოს, წაიშალოს, გადამუშავდეს ან განიკარგოს), რომ არ მოხდეს უკანონოდ გამოყენებული ნიშნით საქონლის ბრუნვაში გაშვება, რაც, ერთი მხრივ, იცავს სასაქონლო ნიშნის მართლზომიერ მფლობელს არაკეთილსინდისიერი კონკურენტებისაგან და მართლზომიერი მფლობელის ავთენტიკურ საქონელს, მეორე მხრივ კი - მომხმარებლის ღირს ინტერესს, იცოდეს შესაძენი საქონლის შესახებ ლეგალური ინფორმაცია და ის მახასიათებლები, რაც საქონელს ახლავს და მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის (სუსგ №ას-1513-2022, 04.04.2023წ.).
15. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
16. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და კასატორს დასაშვები, დასაბუთებული პრეტენზია წარმოდგენილი არ აქვს, რომ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 24.06.2020 წლის ბრძანების საფუძველზე შექმნილი ჯგუფის მიერ განადგურდა კონტრაფაქციული საქონელი - 128 ცალი „LEXUS“ და „TOYOTA“ საჭის ხუფი, ხოლო სასაქონლო ნიშნით „TOYOTA“ ნიშანდებული 144 ერთეული აირბაგის კაფსულიდან მოხდა სასაქონლო ნიშნის „TOYOTA“-ს აღმნიშვნელი სტიკერის აძრობა და დაჭრა. ამდენად, პროდუქცია განცალკევებულია სასაქონლო ნიშნისგან და თავად სასაქონლო ნიშნით სტიკერი განადგურებულია. მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ აღარ არსებობს კონტრაფაქციული საქონელი და შესაბამისად, არც მისი განადგურების წინაპირობა. მართებულად არ დაკმაყოფილდა სარჩელი ამ ნაწილში.
17. რაც შეეხება კასატორის მიერ წარმოდგენილ, საკასაციო საჩივარზე თანდართულ მტკიცებულებებს, პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი მიიღოს ახალი მტკიცებულებები. იგი საკასაციო პრეტენზიის საფუძვლიანობას ამოწმებს საქმეში უკვე წარმოდგენილი, საპროცესო წესების დაცვით ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების ჭრილში (შდრ. სუსგ №ას-1419-2018, 10.07.2020წ; №ას-1368-2019, 05.10.2020წ; №ას-207-2019, 24.12.2020წ; №ას-1095-2021, 15.06.2022წ; №ას-103-2021, 15.09.2022წ; №ას-1023-2023, 16.11.2023წ.). როგორც საკასაციო სასამართლო თავის არაერთ განჩინებაში განმარტავს, სამოქალაქო საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ №ას-1033-2018, 30.10.2018წ. პ.23; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ. პ.17). შესაბამისად, საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები უნდა დაუბრუნდეს კასატორს (ტ.3, ს.ფ. 106-115).
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).
19. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
20. კასატორის მოწინააღმდეგე მხარე შუამდგომლობს კასატორს დაეკისროს მის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადებით, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. მითითებული ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება (სუსგ №ას-1054-2019, 30.09.2019წ; №ას-316-316-2018, 07.05.2018წ.). საკასაციო პალატა ითვალისწინებს წარმომადგენელმა (იხ. მინდობილობები, ტ. 3, ს.ფ.26,27,122,123) კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები შეასრულა, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა და ასკვნის, რომ, კასატორის შუამდგომლობა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის პირობებში, კასატორს მოპასუხის/კასატორის მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საკასაციო ინსტანციაში წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი 300 ლარის ოდენობით (შდრ. იხ. სუსგ Nას-1058-2023, 30.04.2024წ.; სუსგ №ას-330-315-2015, 29.06.2015წ.).
21. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ტ.ჯ.კ.კ–ას (ტ.მ.კ–ის) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ტ.ჯ.კ.კ–ას (ტ.მ.კ–ს) (კომპანიის ნომერი: 1803-.....) უკან დაუბრუნდეს რ.ფ–ძის (პ/ნ: ........) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება №12773305796, გადახდის თარიღი 07.03.2022წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. ტ.ჯ.კ.კ–ას (ტ.მ.კ–ს) დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ტ.3, ს.ფ. 106-115).
4. ნ.ს–ძის შუამდგომლობა სასამართლოს გარეშე ხარჯების დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს, ტ.ჯ.კ.კ–ას (ტ.მ.კ–ს) (კომპანიის ნომერი: 1803-......) ნ.ს–ძის (პ/ნ: ......) სასარგებლოდ დაეკისროს 300 ლარის გადახდა.
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია