Facebook Twitter

საქმე №ას-815-2024 31 ოქტომბერი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ.ა–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.ი–ძე, ე.ქ–ი (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.05.2024 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – მორალური ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 15.12.2023 წლის გადაწყვეტილებით ა.ი–ძისა და ე.ქ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული როგორც „პირველი მოსარჩელე”, „მეორე მოსარჩელე”, ერთად - „მოსარჩელეები“) სარჩელი დაკმაყოფილდა, ლ.ა–ს (შემდეგში „მოპასუხე“) მოსარჩელეების სასარგებლოდ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად დაეკისრა თითოეულისათვის 7000 ლარის გადახდა.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები :

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.05.2024 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

განჩინება ეფუძნება შემდეგს:

3.1. 20.06.2022 წელს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ. თბილისში, ......... ყოფნისას მოპასუხემ არასრულწლოვანი შვილების: თ.ა–ის, მ.ა–ისა და მეორე მოსარჩელის (გერი) თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - პირველ მოსარჩელეს, კერძოდ, დაარტყა მუშტები სახის არეში, რა დროსაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

3.2. 18.09.2022 წელს, დაახლოებით 08:45 საათზე, ქ. თბილისში, ........ ყოფნისას მოპასუხე არასრულწლოვანი შვილების: თ.ა–ის, მ.ა–ისა და მეორე მოსარჩელის (გერი) თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - პირველ მოსარჩელეს, კერძოდ, დაარტყა ხელი მარცხენა სახის არეში, რა დროსაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ამავე დროს მოპასუხე პირველ მოსარჩელეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რომ მოკლავდა და გაუხვრეტდა შუბლს, რაც მის მიერ აღქმულ იქნა რეალურად და განიცადა მორალური სახის ზიანი.

3.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 19.12.2022 წლის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით (საქმის განხილვის დროს ბრალდებულს სადავოდ არ გაუხდია არსებული მტკიცებულებები და ჩადენილი ქმედება ბრალდებულის მიერ აღიარებულ იქნა) მოპასუხე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სასამართლოს კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 111-ე, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახური ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარისათვის.

3.4. სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოპასუხემ ჩაიდინა: ოჯახში ძალადობა, დამცირება რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული ამავე კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ ქვეპუნქტით (20.06.2022 წლისა და 18.09.2022 წლის ეპიზოდები); ასევე სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც მას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე, 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით. განაჩენიდან ცალსახად დგინდება, რომ მოპასუხემ დანაშაულის აღიარებით დაადასტურა მისი მხრიდან იმ ქმედებების განხორციელება (ის ფაქტობრივი გარემოებები), რაც აღწერილი იყო ბრალის წარდგენისას, გამოკითხვის ოქმებში და სისხლის სამართლის საქმის სხვა მასალებში, რომელი ქმედებების დადგენილად ცნობის შედეგადაც, ის სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

3.5. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოსარჩელეები ცნობილი იქნენ დაზარალებულად.

3.6. 15.03.2023 წელს შედგენილი სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის ფსიქოლოგიური დასკვნის თანახმად პირველ მოსარჩელეს საწყის ეტაპზე აღენიშნებოდა წარსულში არსებულ ძალადობასთან ან საფრთხესთან დაკავშირებული ემოციური გახევება (ალექსითიმია). ქრონიკული სტრესის ფონზე საკუთარი გრძნობებისა და შფოთვის გაცნობიერების უნარის დაკარგვა. გამოხატული ჰქონდა ტრავმაზე ინდუცირებული დეპრესიის ნიშნები (რეკურენტული) დაწეული გუნება-განწყობილება, ინტერესების დაკარგვა. ემოციური გასადავება, აპათია ჩანაცვლდა შვილების საუკეთესო ინტერესებისათვის ბრძოლის სურვილით.

3.7. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 992-ე, 408-ე მუხლებზე და განმარტა, რომ დელიქტური ვალდებულება მოწოდებულია, უზრუნველყოს დარღვეული ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების აღდგენა სამართალდამრღვევის ხარჯზე. სწორედ ამ ვალდებულების ძალით, პირი, რომელმაც მიაყენა ზიანი სხვა პირის პირად ან ქონებრივ ინტერესებს, ვალდებულია სრული მოცულობით აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, ხოლო დაზარალებული პირი უფლებამოსილია მოითხოვოს განცდილი ზიანის ანაზღაურება. იმისათვის, რომ მხარეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, უტყუარად უნდა დასტურდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის მართლსაწინააღმდეგო ქმედება - ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა), შედეგი - ზიანი და მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

3.8. სასამართლოს განმარტებით, სსკ-ის 413-ე მუხლით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი თავისთავად ანიჭებს უფლებას დაზარალებულს, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი (მორალური) ზიანისათვის, რაც განპირობებულია იმით, რომ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება ადამიანის უმნიშვნელოვანეს ღირებულ უფლებებს და სამართლებრივი დაცვის განსაკუთრებულ საგანს წარმოადგენს. ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი უკვე თავისთავად გულისხმობს იმას, რომ დაზარალებულმა განიცადა ტკივილი და სულიერი ტანჯვა, როგორც თვით დაზიანების მიღებისას, ასევე – მკურნალობის პროცესში. მორალური ზიანი სახეზეა, როდესაც სახეზეა ადამიანის ფსიქიკის სფეროში ნეგატიური ცვლილების არსებობა, რაც გამოიხატება ფიზიკურ და ზნეობრივ ტანჯვაში.

3.9. სასამართლოს მითითებით, მოპასუხის წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოში გამართული ზეპირი მოსმენის დროს განმარტა, რომ პირველი მოსარჩელის ნაწილში მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობის არსებობას არ უარყოფს, თუმცა შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიიჩნევს დაკისრებულ თანხას. რაც შეეხება მეორე მოსარჩელეს, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მეორე მოსარჩელის მიმართ არ დადასტურებულა არასათანადო მოპყრობა ან რაიმე სახის ფიზიკური ზიანის მიყენების ფაქტი, რაც მის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების მართებულობას გამორიცხავს. სასამართლოს განმარტებით, მოპასუხის ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მართალია, განაჩენში სრულად ასახული არ არის, მაგრამ საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულის გამოკითხვის ოქმები და დადგენილებები დაზარალებულად ცნობის შესახებ, მოსარჩელეთა განმარტებები თანმიმდევრული და თანმხვედრია, არ იწვევს იმის განცდას, რომ აღწერილი სინამდვილეს არ შეესაბამება, აღწერა მეტად რეალისტური და სანდოა.

3.10. სააპელაციო პალატამ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, სადაც განიმარტა, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოების შედეგი არ თამაშობდა გადამწყვეტ როლს კომპენსაციის დაკისრებასთან დაკავშირებული სამართალწარმოებისათვის. მსხვერპლს უფლება ჰქონდა მოეთხოვა კომპენსაცია, იმის მიუხედავად, ბრალდებულს გაამტყუნებდნენ თუ გაამართლებდნენ. საკითხის გადაწყვეტა კომპენსაციის მინიჭების თაობაზე, დამოუკიდებელ სამართლებრივ შეფასებას მოითხოვდა იმ კრიტერიუმებისა და მტკიცებით სტანდარტის საფუძველზე, რაც განსხვავდებოდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისას გამოსაყენებელი კრიტერიუმებისა და სტანდარტებისაგან (Ringvold v Norway, no. 34964/97, 11/02.2003, § 38.).

3.11. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტს არ ეწინააღმდეგება არც ის გარემოება, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ბედი შეიძლება გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან მოპოვებული მტკიცებულებებით. ევროპული სასამართლოს შეფასებით, საწინააღმდეგო განმარტების პირობებში, ერთი მხრივ, არაპროპორციულად შეიზღუდება თავად მსხვერპლის უფლება სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე (კონვენციის 6.1-ე მუხლი), ვინაიდან, მას აღარ ექნება საშუალება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება სისხლის სამართლის საქმეზე უდანაშაულოდ ცნობილი პირისაგან, მეორე მხრივ კი, თვითონ ბრალდებული აღმოჩნდებოდა პრივილეგირებულ მდგომარეობაში, იმის მიუხედავად, რომ იარსებებდა სამოქალაქო წესით პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის საკმარისი მტკიცებულებები (Diacenco v. Romania, no. 124/04, 07/02/2012, § 58).

3.12. სასამართლოს მითითებით, დანაშაულის შედეგად დაზარალებულ პირს, საქართველოს კანონმდებლობით გააჩნია შესაძლებლობა, დარღვეული უფლების დასაცავად (ზიანის ანაზღაურება) მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს საქმის განხილვა ჩვეულებრივი სასარჩელო წესით ან გამარტივებული წარმოების წესით. ამასთან, გამარტივებული წესით საქმის განსახილველად აუცილებელია მოსარჩელის შუამდგომლობა და სარჩელზე მოპასუხის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის დართვა. რაც შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც მოპასუხის მიმართ გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი ან მოპასუხის მიმართ სახეზე არაა სისხლის სამართლის საქმეზე არსებითი განხილვის შედეგად გამოტანილი შემაჯამებელი აქტი, აღნიშნული არ წარმოადგენს საერთო სასარჩელო წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დამაბრკოლებელ გარემოებას, თუკი მოსარჩელის (დაზარალებული) მიერ წარდგენილი მტკიცებულებები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 105-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საკმარისია სამოქალაქო დავის ფარგლებში ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებისათვის.

3.13. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა სასარჩელო წარმოებისათვის დამახასიათებელი წესების სრული დაცვით, საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება არ დაყრდნობია მხოლოდ განაჩენით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დელიქტი, როგორც სამოქალაქო პასუხისმგებლობის წარმოშობის საფუძველი, სასამართლომ თავად გამოიკვლია. სასამართლოს განმარტებით, მეორე მოსარჩელის მოთხოვნის უფლებას განამტკიცებს საქმის მასალების კვლევით დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა: 19.09.2022 წლის გამოკითხვის ოქმიდან ჩანს, რომ 18.09.2022წელს მომხდარ შემთხვევას პირადად შეესწრო მეორე მოსარჩელე თავის ორ არასრულწოვან დასთან ერთად. ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობა იმდენ ხანს გაგრძელდა, რომ ორმა არასრულწოვანმა თავად ითხოვეს მეზობლებთან გადაყვანა, რათა შემთხვევის ადგილისაგან თავი დაეღწიათ. იმავე აგრესიის გამოვლენის ეპიზოდის სხვა ნაწილი იყო მოპასუხისგან სიცოცხლის მოსპობის მუქარა მეუღლის მიმართ. არასრულწლოვანმა მეორე მოსარჩელემ ნათლად გაიგონა როგორ ემუქრეობოდა მოპასუხე - პირველ მოსარჩელეს, „შენ და შენს მეგობარს ორივეს შუბლს გაგიხვრეტთო“. ფაქტია, ზემოაღწერილი შემთხვევა არასრულწოვანში გამოიწვევდა დაბნეულობას, შიშს და მოპასუხის მუქარის შესაძლო აღსრულების აუტანელ ტკივილს. ბავშვის ფსიქოლოგიზე დიდ გავლენას მოახდენდა არამხოლოდ დედის მიმართ შესაძლო მოკვლის მუქარა, არამედ მის მიმართ წაყენებული ბრალდებაც. დედის ამგვარ ქმედებაში ბრალდება არასრულწლოვანში დედის, როგორც მშობლის, მიმართ ეჭვს, მიტოვებისა და მშობლური დამოკიდებულების შეცვლისადმი განცდებს გააღვივებდა, რაც მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტანჯვის გამომწვევი აღმოჩნდებოდა. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეს აქტიური ფიზიკური მოქმედებით ზიანი არ მიუყენებია მეორე მოსარჩელისთვის, არასრულწლოვანი შეესწრო საკუთარ დედაზე ფიზიკურ ძალადობას, რომელსაც განსაცდელში ვერ შველოდა, რამაც საბოლოო ჯამში მის ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და სულიერ განწყობას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

3.14. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ოჯახური ძალადობა ქალის მიმართ ჩადენილი ძალის გამოყენებით, ფიზიკური ხელშეუხებლობის დარღვევა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა წარმოადგენს არამხოლოდ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას, არამედ უნდა შეფასდეს უაღრესად ამორალურადაც და სასამართლოს მიერ განსაზღვრული მორალური ზიანის ოდენობა თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 7000 ლარი, მიიჩნია გონივრულ და სამართლიან ოდენობად.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მოპასუხისთვის მოსარჩელეთა, როგორც ძალადობის მსხვერპლთა სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების მართლზომიერება.

9. სსკ-ის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. აღნიშნული საკანონმდებლო მოწესრიგება მიზნად ისახავს, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება.

10. 2017 წლის პირველი სექტემბრიდან საქართველოსთან მიმართებით ძალაში შევიდა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია (შემდეგში „სტამბოლის კონვენცია“ ან „კონვენცია“). აღნიშნული კონვენცია უმნიშვნელოვანეს ცვლილებებზე ორიენტირებული ინსტრუმენტია. ეს არის პირველი საერთაშორისო, სამართლებრივად სავალდებულოდ შესასრულებელი დოკუმენტი, რომელიც გვთავაზობს ღონისძიებათა თანმიმდევრულ კომპლექსს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისათვის. კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს როგორც ადამიანის უფლების დარღვევად, აგრეთვე დისკრიმინაციის ფორმად (სახელმძღვანელო პარლამენტარებისათვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, 2015 (რედაქტირებული ვერსია), გვ. 25).

11. სტამბოლის კონვენცია განსაზღვრავს კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების ვალდებულებებს, მიიღონ აუცილებელი ზომები ძალადობის ყველა ფორმისგან ქალების დასაცავად, ასევე ძალადობის პრევენციის, დასჯისა და ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 15.06.2021 წლის გადაწყვეტილება, საქმეზე KURT v. AUSTRIA, განაცხადი N 62903/15; §76). სტამბოლის კონვენცია ეხება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმას, მათ შორის, ოჯახში ძალადობას, რაც არათანაზომიერად უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ქალებზე. მხარეებს მოუწოდებენ, რომ კონვენცია გამოიყენონ ოჯახში ძალადობის ყველა მსხვერპლთან მიმართებაში. მოცემული კონვენციის დებულებების განხორციელებისას მხარეები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის მსხვერპლ ქალებს (მე-2 მუხლის პირველი და მეორე პუნქტი).

12. სტამბოლის კონვენციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას, რათა მსხვერპლი უზრუნველყოფილი იყოს შესაფერისი სამოქალაქოსამართლებრივი დაცვის საშუალებებით ძალადობრივი ქმედებების ჩამდენ პირებთან მიმართებაში. 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ მსხვერპლს ჰქონდეს უფლება, მოითხოვოს კომპენსაცია ძალადობის აქტების ჩამდენი პირებისგან ამ კონვენციის შესაბამისად დადგენილი ნებისმიერი დანაშაულის გამო. კონვენციის 33-ე და 35-ე მუხლებით, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვალოს ისეთი წინასწარგანზრახული ქცევა, რომელიც ადამიანზე სერიოზულ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს იძულების ან მუქარის გამოყენებით (ფსიქოლოგიური ძალადობა), ასევე მეორე პირის მიმართ ფიზიკური ძალადობის აქტების ჩადენით გამოხატული წინასწარგანზრახული ქცევა (ფიზიკური ძალადობა).

13. კონვენციის 30-ე მუხლით განსაზღვრულია მსხვერპლის უფლება, მოითხოვოს კომპენსაცია ძალადობის აქტების ჩამდენი პირებისგან ამ კონვენციის შესაბამისად დადგენილი ნებისმიერი დანაშაულის გამო.

14. ამდენად, სტამბულის კონვენცია განამტკიცებს ძალადობის მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის, დახმარების გარანტიებს, რაც უზრუნველყოფილია ეროვნული კანონმდებლობითაც.

15. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი (შემდეგში „კანონი”) განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს. ეს კანონი, ამ კანონით დადგენილ თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ასევე იმ ურთიერთობებზე, რომლებითაც ირღვევა არასრულწლოვნის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით (კანონის პირველი და მეორე მუხლები).

16. კანონის მე-5 მუხლით, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა ემყარება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, ამ კანონსა და საქართველოს სხვა ნორმატიულ აქტებს. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი კი ადგენს, რომ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქოსამართლებრივი და ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით, სამოქალაქოსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად მიყენებული ზიანის საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით ასანაზღაურებლად.

17. აღნიშნული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით, მსხვერპლი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს შესაბამის სასამართლო ორგანოს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად მისთვის მიყენებული ზიანის მოძალადის მიერ ანაზღაურების მოთხოვნით.

18. ყოველივე ზემოაღინიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ოჯახში ძალადობისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევათა რიგს განეკუთვნება და მოსარჩელეებს მორალური ზიანის მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება არ გამორიცხავს მსგავსი კატეგორიის საქმეზე ძალადობის ჩამდენი პირის სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობას (შდრ. იხ.: სუსგ Nას-182-2023, 05.10.2023წ.).

19. აქვე პალატა მიუთითებს, რომ კანონის მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით, მსხვერპლი განიმარტება, როგორც ქალი ან ოჯახის წევრი, რომლის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური ძალადობით, ფსიქოლოგიური ძალადობით, ეკონომიკური ძალადობით, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომლის კანონიერი ინტერესები უგულებელყოფილია. მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმეა. ამდენად, კანონის მიზნებისთვის პირველ მოსარჩელესთან ერთად, რომლის მიმართ ძალადობისა და მუქარის ბრალდებით კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მსჯავრი დაედო მოპასუხეს, მსხვერპლად მიიჩნევა მეორე მოსარჩელეც - ბავშვი, რომელიც როგორც სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი განაჩენით დგინდება, უშუალოდ შეესწრო ძალადობას და დაზარალებულად არის ცნობილი აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე.

20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი ზიანისათვის დადგება ზიანის, მართლწინააღმდეგობის, მიზეზობრივი კავშირისა და როგორც წესი, ზიანის მიმყენებლის ბრალის ერთდროულად არსებობის შემთხვევაში (სსკ-ის 394-ე და 992-ე მუხლები აღნიშნული წინაპირობების მომცველია) (სუსგ №ას-660-660-2018, 20.07.2018წ., პუნ.58). წინამდებარე საქმეში წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დგინდება, რომ 2022 წლის 20 ივნისსა და 18 სექტემბერს მოპასუხემ არასრულწლოვნის თანდასწრებით (მეორე მოსარჩელე) ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს (პირველ მოსარჩელეს), რა დროსაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ამასთან, 18 სექტემბერს მოპასუხე კვლავ არასრულწლოვნის თანდასწრებით დაემუქრა პირველ მოსარჩელეს სიცოცხლის მოსპობით, რაც მის მიერ აღქმულ იქნა რეალურად და განიცადა მორალური სახის ზიანი. 19.12.2022 წლის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მოპასუხე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) (ოჯახის წევრის მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), ამავე კოდექსის 111-ე (პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის ) და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.

21. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეში მოპასუხისთვის დელიქტიდან გამომდინარე მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების ყველა ფაქტობრივი წინაპირობა დადგენილია.

22. სსკ-ის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც. პალატა მიუთითებს, რომ სამართლის მიერ დაცულ ერთ-ერთ სიკეთეს, რომლის ხელყოფის შედეგად დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანისათვის ანაზღაურება, წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობა. სხეულის დაზიანება ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენება ადამიანის სიცოცხლის იმგვარი ხელყოფაა, რომელიც დაზარალებულს არასრულფასოვნად და ზოგ შემთხვევაში, არაშრომისუნარიანად აქცევს, სხეულის და/ან ჯანმრთელობის ხელყოფით გამოწვეული მორალური ზიანი უშუალოდ სამართალდარღვევიდან შეიძლება არც გამომდინარეობდეს, არამედ მისი თანმდევი შედეგი იყოს (როგორიცაა უშედეგო მკურნალობა, ხანგრძლივი უმწეო მდგომარეობა, აქტიური ცხოვრების შეუძლებლობა, ცხოვრების წესისა და რითმის შეცვლა, მკურნალობის უშედეგობის გამო ცხოვრების ხალისის დაქვეითება, ნერვული დაძაბულობა, რაც პირს არასრულფასოვნების კომპლექსსა თუ სხვა ნეგატიურ განცდებს უყალიბებს), თუმცა, ასეთ დროს, სავალდებულოა, დასტურდებოდეს, რომ დაზარალებულის მორალური განცდები და სულიერი ტანჯვა სხეულისა თუ ჯანმრთელობის ხელყოფის შედეგია (სუსგ Nას-645-2019, 26.07.2019წ.).

23. მორალური ზიანის მახასიათებელია ადამიანის ფსიქიკურ და სულიერ სფეროზე ნეგატიური ზემოქმედება, რაც გამოიხატება მის ზნეობრივ ტანჯვაში. ზიანის ანაზღაურებისას გადამწყვეტ როლს ასრულებს ზიანის სიმძიმე. მსუბუქი სულიერი განცდები მხედველობაში არ მიიღება, ხოლო, როდესაც მოსალოდნელია მძიმე ფსიქიკური განცდები, სულიერი ტანჯვა და ა. შ., ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ დაზარალებულმა მძიმე სულიერი ტკივილი განიცადა (სუსგ Nას-1129-2020წ, 16.03.2021წ.). განსაკუთრებულ მტკიცებას არ საჭიროებს ის ფაქტი, რომ მოსარჩელეებმა, რომელთაგან ერთი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის უშუალო მსხვერპლია, ხოლო მეორე - ოჯახში ძალადობას შემსწრე ბავშვი, რომელიც კანონის მიზნიდან გამომდინარე ასევე ძალადობის მსხვერპლად მიიჩნევა, განიცადეს მძიმე სულიერი ტკივილი, ფსიქოლოგიური და ემოციური სტრესი, რის შესაბამისადაც არსებობს მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობები. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ იკვეთება მოპასუხისათვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.

24. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას საქმეში მოსარჩელეთა მძიმე ფსიქიკური განცდების ამსახველი სათანადო მტკიცებულების არარსებობისა და ამდენად, მორალური ზიანის ანაზღაურების უსაფუძვლობის შესახებ. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ოჯახური ძალადობის, რომელიც მოცემულ შემთხვევაში გამოიხატა როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური ძალადობით, თანმდევი შედეგი ყოველგვარი დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, სულიერი ტკივილია, ფსიქიკური ტანჯვაა და დაუშვებელია ძალადობის მსხვერპლს მოეთხოვოს დამატებითი მტკიცებულების წარდგენა იმასთან დაკავშირებით, რომ ამგვარ ძალადობას სულიერი და ფსიქიკური ტანჯვა ახლდა თან. შესაბამისად, მტკიცების ტვირთის გადანაწილების თვალსაზრისით, თუ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი დაადასტურებს ძალადობის ფაქტს, პრეზუმირებულია მორალური ზიანის მიყენება, რაც, მოცემულ შემთხვევაში, კასატორის შესაგებლით გაქარწყლებული არ არის.

25. რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით გადასახდელი თანხის ოდენობას, სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულობისა და სამართლიანობის კრიტერიუმებით. პალატა მიუთითებს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით გადასახდელი თანხის ოდენობა დამოკიდებულია პირის ფსიქიკურ სფეროზე ნეგატიური ზემოქმედების ხარისხსა და ხასიათზე, რასაც, თავის მხრივ, კონკრეტული პირის სუბიექტური თავისებურებები განაპირობებს. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ისეთი გარემოებები, როგორიცაა: დამდგარი ზიანის სიმძიმე, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, შელახული უფლების მნიშვნელობა, ბრალის ხარისხი, დაზარალებულის ცხოვრებისეული პირობები (სუსგ №ას-660-660-2018, 20.07.2018წ.; სუსგ Nას-1129-2020, 16.03.2020წ.). მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული მორალური ზიანის ოდენობა, თითოეული მოსარჩელისთვის 7000 ლარი, გონივრული და სამართლიანია.

26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).

27. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.07.2024 წლის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და იგი გათავისუფლდა საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ.ა–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია