საქმე №ას-1121-2023 27 ივნისი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ტ.კ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, შპს „ფ.ბ–ი“ (მოპასუხეები)
თავდაპირველი მოსარჩელე – ნ.გ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.05.2023 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრისთვის ქმედების განხორციელების დავალება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შპს „ტ.კ–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოსარჩელე“ ან „კასატორი“) და ნ.გ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოსარჩელე“, პირველ მოსარჩელესთან ერთად - „მოსარჩელეები“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“) და შპს „ფ.ბ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“ ან „სამეწარმეო საზოგადოება“) მიმართ და მოითხოვეს: ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ პირველი მოპასუხის გადაწყვეტილებების, რომლებითაც მოსარჩელე მხარეს უარი ეთქვა დირექტორის ცვლილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციაზე, ბათილად ცნობა და პირველი მოპასუხისთვის სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის დავალება მეორე მოსარჩელის სამეწარმეო საზოგადოების დირექტორად დანიშვნის შესახებ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.09.2021 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა პირველმა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.05.2023 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
4.1. ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დადგენილია, რომ სამეწარმეო საზოგადოება დაფუძნებულია 05.06.2013 წელს და მისი პარტნიორები არიან: 50% წილის მესაკუთრე მ.გ–ძე, 45% წილის მესაკუთრე პირველი მოსარჩელე და 5% წილის მესაკუთრე მეორე მოსარჩელე. სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია დირექტორი ნ.რ–ი.
4.2. სამეწარმეო საზოგადოების წესდების 6.5. პუნქტით დადგენილია, რომ გადაწყვეტილება საზოგადოების დირექტორის დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ პარტნიორთა საერთო კრების კომპეტენციაა და ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭიროა პარტნიორთა საერთო კრების არანაკლებ 56% ხმათა უმრავლესობა.
4.3. მოსარჩელე მხარე უთითებს, რომ სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორებმა დირექტორის ცვლილების მიზნით 4 კრება ჩაატარეს:
1) სამეწარმეო საზოგადოების 24.04.2020 წლის პარტნიორთა კრების ოქმის თანახმად, სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორებმა, მეორე მოსარჩელემ და მ.ს–ძემ ამავე სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორის, მ.გ–ძისა და დირექტორის, ნ.რ–ის, გამოუცხადებლობის გამო მიიღეს გადაწყვეტილება იმავე დღის წესრიგით ხელახალი განმეორებითი კრების 05.05.2020 წელს დანიშვნის შესახებ;
2) სამეწარმეო საზოგადოების 05.05.2020 წლის პარტნიორთა განმეორებითი კრების ოქმის თანახმად, პარტნიორთა განმეორებით კრებაზე არ გამოცხადდნენ სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორი მ.გ–ძე და დირექტორი ნ.რ–ი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ადგილი ჰქონდა მეორე გამოუცხადებლობას, პარტნიორთა კრება მიჩნეულ იქნა გადაწყვეტილებაუნარიანად და მოსარჩელეებმა, როგორც სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორებმა, მიიღეს გადაწყვეტილება დირექტორის თანამდებობიდან ნ.რ–ის გათავისუფლებისა და მის ნაცვლად სამეწარმეო საზოგადოების დირექტორად მეორე მოსარჩელის დანიშვნის თაობაზე;
3) სამეწარმეო საზოგადოების 22.05.2020 წლის პარტნიორთა №3 კრების ოქმის თანახმად, პარტნიორთა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება პარტნიორთა კრების დამატებით კიდევ ერთხელ მოწვევის თაობაზე, რადგან კრებას ესწრებოდნენ მოსარჩელეები, მაგრამ არ ესწრებოდა სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორი მ.გ–ძე;
4) სამეწარმეო საზოგადოების 03.06.2020 წლის პარტნიორთა განმეორებითი კრების ოქმის თანახმად, კრებაზე გამოცხადებულმა მოსარჩელეებმა განიხილეს დირექტორის გულგრილი დამოკიდებულება სამეწარმეო საზოგადოების საქმიანობის მიმართ და, მიუხედავად იმისა, რომ კრებას ესწრებოდნენ მხოლოდ მოსარჩელეები, კრების განმეორებით ჩატარების გათვალისწინებით, მოსარჩელეებმა მიიღეს გადაწყვეტილება სამეწარმეო საზოგადოების დირექტორის თანამდებობიდან ნ.რ–ის გათავისუფლებისა და მის ნაცვლად მეორე მოსარჩელის დანიშვნის შესახებ.
4.4. სამეწარმეო საზოგადოების დირექტორის ცვლილების რეგისტრაციის მიზნით, პირველი (24.04.2020წ.) და მეორე (05.05.2020წ.) კრების ოქმების საფუძველზე მოსარჩელე მხარემ განცხადებით მიმართა პირველი მოპასუხის ბიზნესის რეგისტრაციის სამსახურს. ბიზნესის რეგისტრაციის სამსახურის 10.05.2020 წლის გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და სამეწარმეო საზოგადოების დირექტორის ცვლილების შესახებ პარტნიორთა გადაწყვეტილების სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მიზნით, მოსარჩელე მხარეს დაევალა 30 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მოწვეული და ჩატარებული კრების გადაწყვეტილების/ოქმის წარდგენა.
4.5. ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, მოსარჩელე მხარემ ბიზნესის რეგისტრაციის სამსახურში წარადგინა მესამე (22.05.2020წ.) და მეოთხე (03.06.2020წ.) პარტნიორთა კრების ოქმები/გადაწყვეტილებები, თუმცა სარეგისტრაციო სამსახურმა არც აღნიშნული დოკუმენტები არ მიიჩნია ხარვეზის აღმოფხვრის დამადასტურებელ მტკიცებულებად. ბიზნესის რეგისტრაციის სამსახურის 23.06.2020 წლის გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის გამო, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.
4.6. 11.07.2020 წელს მ.ს–ძემ საჩივრით მიმართა პირველ მოპასუხეს და ბიზნესის რეგისტრაციის სამსახურის 23.06.2020 წლის გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა. პირველი მოპასუხის 31.07.2020 წლის გადაწყვეტილებით, მ.ს–ძის საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ხოლო 12.08.2020 წლის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რადგან პირველმა მოპასუხემ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ სამეწარმეო საზოგადოების დირექტორის ცვლილებისთვის წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ წინაპირობებს.
4.7. პალატამ მიუთითა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9¹ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე და განმარტა: პარტნიორთა სადავო კრების ოქმების კანონიერად მიჩნევისთვის სავალდებულოა, რომ კრების მოწვევის შესახებ პარტნიორი წერილობით ინფორმირებული იყოს ისეთი შეტყობინების საშუალებით, რომელიც იძლევა ადრესატის მიერ ინფორმაციის მიღების დადასტურების შესაძლებლობას. ამასთან, ამავე წერილით პარტნიორს უნდა ეცნობოს კრების დღის წესრიგის პროექტი და ეს წერილი პარტნიორს უნდა ჩაბარდეს სხდომის გამართვამდე სამი დღით ადრე. რომელიმე აღნიშნული პირობის დაუცველობის შემთხვევაში, პარტნიორის მოწვევა და კრების ჩატარება კანონიერად ვერ მიიჩნევა.
4.8. პალატამ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ შეაჯერა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, მხარეთა განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა სამეწარმეო საზოგადოების 24.04.2020 წლის პარტნიორთა კრებისა და 05.05.2020 წლის პარტნიორთა განმეორებითი კრების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9¹ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესების დაცვით მოწვევა - ჩატარების ფაქტი.
4.9. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ დააზუსტა სარჩელში დაფიქსირებული პოზიცია პარტნიორთა კრების ოქმებთან/გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ 24.04.2020 წლისა და 05.05.2020 წლის პარტნიორთა კრებები არ ჩატარებულა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით და რომ ოქმები/გადაწყვეტილებები არ პასუხობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9¹ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული პოზიცია მოსარჩელე მხარემ ფაქტობრივად დაადასტურა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში, სადაც პრეტენზიები და არგუმენტაცია 24.04.2020 წლისა და 05.05.2020 წლის პარტნიორთა კრებების მოწვევა-ჩატარების კანონიერებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი არ ყოფილა. სააპელაციო საჩივარში აპელანტი მხოლოდ მესამე და მეოთხე (22.05.2020წ. და 03.06.2020წ.) პარტნიორთა კრების ოქმების/გადაწყვეტილების კანონიერებასთან დაკავშირებით ავითარებს მსჯელობას და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას სწორედ ამ კრების ოქმების/გადაწყვეტილების საფუძველზე მოითხოვს. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ბიზნესის რეგისტრაციის სამსახურში სარეგისტრაციოდ წარდგენილ პირველ (24.04.2020 წლის) და მეორე (05.05.2020 წლის) პარტნიორთა კრების ოქმებზე წარმოების შეჩერების შემდეგ, ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, მოსარჩელე მხარემ მოიწვია და ჩაატარა მესამე (22.05.2020 წლის) და მეოთხე (03.06.2020 წლის) პარტნიორთა კრება, რაც წარმოების შეჩერების აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტების სახით წარედგინა სარეგისტრაციო სამსახურს, თუმცა სარეგისტრაციო სამსახურის მიერ არც აღნიშნული კრებების მოწვევა-ჩატარება არ შეფასდა კანონიერად.
4.10. შესაბამისად, სააპელაციო პალატის შეფასების საგანია მესამე (22.05.2020 წლის) და მეოთხე (03.06.2020 წლის) პარტნიორთა კრების მოწვევა-ჩატარების კანონიერების საკითხი და ექვემდებარება თუ არა 03.06.2020 წლის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება რეგისტრაციას.
4.11. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა მოსაზრებების ერთობლივი ანალიზის შედეგად არ დასტურდება სამეწარმეო საზოგადოების დირექტორის ცვლილების რეგისტრაციის საფუძველი, რადგან არ იკვეთება არც 22.05.2020 წლის №3 კრების და არც 03.06.2020 წლის №4 (განმეორებითი) კრების მოწვევა-ჩატარება კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, კერძოდ, მ.გ–ძის წარმომადგენლის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი №150624/17 (25.05.2020წ.) და №156029/17 (01.05.2020წ.) განცხადებებით და მასზე დართული მტკიცებულებებით დგინდება, რომ პარტნიორთა კრების მოწვევასთან დაკავშირებით მათ გაეგზავნათ სხვა შინაარსის წერილები და არა ის, რაც მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგინა კრების მოწვევის ინიციატორმა/მოსარჩელემ. საუბარია, 14.05.2020 წლის №8-20 წერილზე, რომელიც არ შეიცავს ინფორმაციას კრების ჩატარების კონკრეტული თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ, მაშინ როდესაც მოსარჩელე მხარის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი იგივე წერილის ასლი (14.05.2020წ., №8-20) შეიცავს ხსენებულ ინფორმაციას. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც პირველი კრება არ ჩატარებულა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, მომდევნო პარტნიორთა კრება არ მიიჩნევა იმავე დღის წესრიგთან დაკავშირებით განმეორებით ჩატარებულ კრებად. ამასთან, მეორე კრება მოწვეული და ჩატარებული რომც იყოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, იგი განმეორებით ჩატარებულად ვერ მიიჩნევა, მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით.
4.12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ არ არსებობს პირველი მოპასუხის სადავო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის განხორციელების დავალების საფუძველი; შესაბამისად, სარჩელი მართებულად არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა პირველმა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
8. საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია, სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების - მეორე მოსარჩელის სამეწარმეო საზოგადოების დირექტორად რეგისტრაციაზე უარის თქმის მართლზომიერება.
9. სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში - „სპეციალური კანონი“) 91 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში კრება იღებს გადაწყვეტილებას დირექტორების დანიშვნასა და გამოწვევასთან, მათთან ხელშეკრულებების დადებასა და შეწყვეტასთან, აგრეთვე მათი ანგარიშების დამტკიცებასთან დაკავშირებით.
10. პარტნიორთა საერთო კრების მოწვევისა და ჩატარების წესი განისაზღვრება სპეციალური კანონის 91 მუხლით დადგენილი წესების მიხედვით. სპეციალური კანონის 91 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პარტნიორთა საერთო კრება ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც. საწარმოს ყოველ პარტნიორს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში – დირექტორსაც, შეუძლია ერთი კვირის ვადაში მოიწვიოს პარტნიორთა საერთო კრება ყველა პარტნიორისათვის დაზღვეული წერილის გაგზავნით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რომელიც იძლევა ადრესატის მიერ ინფორმაციის მიღების დადასტურების საშუალებას. წერილი უნდა შეიცავდეს დღის წესრიგის პროექტს. მოწვევის მიღებიდან 3 დღის ვადაში პარტნიორებს შეუძლიათ დღის წესრიგში დამატებათა შეტანა. კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება (ესწრებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). კრება გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. თუ კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ კრების მომწვევს შეუძლია იმავე წესითა და იმავე დღის წესრიგით ხელახლა მოიწვიოს კრება. მეორე კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მაშინაც კი, თუ მასზე არ გამოცხადდება (გამოცხადდებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები).
11. რაც შეეხება სამეწარმეო საზოგადოების წესდებით განსაზღვრულ რეგულირებას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამეწარმეო საზოგადოების წესდების 6.5. პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება საზოგადოების დირექტორის დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ პარტნიორთა საერთო კრების კომპეტენციაა და ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭიროა პარტნიორთა საერთო კრების არანაკლებ 56% ხმათა უმრავლესობა (ტ.1, ს.ფ. 143).
12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
13. დადგენილია, რომ სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორები არიან 50% წილის მესაკუთრე მ.გ–ძე, 45% წილის მესაკუთრე პირველი მოსარჩელე და 5% წილის მესაკუთრე მეორე მოსარჩელე (ტ.1, ს.ფ. 137-139).
14. სამეწარმეო საზოგადოების დირექტორის ცვლილების მიზნით ჩატარდა 4 პარტნიორთა კრება (იხ. წინამდებარე განჩინების 4.3 პუნქტი), რომელთაგან ორის - 24.04.2020 წლის პარტნიორთა კრებისა და 05.05.2020 წლის განმეორებითი კრების კანონით დადგენილი წესის/პროცედურის დარღვევით მოწვევის ფაქტი დაადასტურეს მოსარჩელეებმაც (იხ. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ. 349), რაც არც წარმოდგენილ საკასაციო საჩივარშია უარყოფილი.
15. რაც შეეხება 22.05.2020 წლის პარტნიორთა კრებასა და 03.06.2020 წლის განმეორებით კრებას, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ კრება მოწვეული არ ყოფილა სპეციალური კანონის 91 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესების დაცვით, კერძოდ, სამეწარმეო საზოგადოების 50% წილის მფლობელი პარტნიორი მ.გ–ძე კანონით დადგენილი წესით არ იქნა ინფორმირებული 22.05.2020 წლის კრების თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ. შესაბამისად, 03.06.2020 წელს დანიშნული პარტნიორთა კრება ვერ შეფასდება იმავე დღის წესრიგით ხელახლა მოწვეულ განმეორებით კრებად (პარტნიორთა კრების მოწვევის პროცედურული წესების დაუცველობის საკითხთან დაკავშირებით შდრ. სუსგ №ას-819-770-2015, 04.11.2015წ.). საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივარში მოცემულ მსჯელობას პარტნიორთა კრების დღის წესრიგის შეტყობინების არარელევანტურობის თაობაზე (ტ.2, ს.ფ.156). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პარტნიორთა კრების მოწვევისა და ჩატარების წესის დაცვა განაპირობებს კრების გადაწყვეტილებაუნარიანობის დადგენას, კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილების ნამდვილობას. საზოგადოების მართვის უმაღლესი ორგანოს - პარტნიორთა კრების ფორმატში პარტნიორთა უფლებების რეალიზაციის შესაძლებლობა პირდაპირაა დამოკიდებული კრების ჩატარების დროისა და დღის წესრიგის შესახებ მათ ინფორმირებულობაზე.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).
17. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
18. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ტ.კ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. შპს „ტ.კ–ს“ (ს/ნ: .......) უკან დაუბრუნდეს ლ.გ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება №18994577141, გადახდის თარიღი 17.10.2023წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია