საქმე №ას-1313-2022 24 სექტემბერი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.კ.უ–ი“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „თ.ს.კ–ია“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.07.2022 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა :
სს „ს.კ.უ–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „შეგებებული სარჩელით მოპასუხე“, „მზღვეველი“, „კასატორი“) სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა შპს „თ.ს.კ–იას“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე, „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“ ან „დამზღვევი“) დაჰკისრებოდა მზღვეველის მიერ დამზღვევის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გაწეული ხარჯის - 256 141 ლარის, მიუღებელი შემოსავლის - 1 554 560 ლარისა და პირგასამტეხლოს - 59 785.97 ლარის გადახდა.
2. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა:
მოპასუხემ აღძრა შეგებებული სარჩელი და მოითხოვა შეგებებული სარჩელით მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაჰკისრებოდა 22.12.2017 წლის N0300/30/294 ხელშეკრულების ფარგლებში სადაზღვევო შემთხვევებიდან გამომდინარე დამდგარი ზიანის ანაზღაურება 364 510.75 ლარის ოდენობით (23.01.2018 წლიდან 24.05.2018 წლამდე პერიოდისთვის), ასევე ამავე პერიოდზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - 24 293.44 ლარი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.03.2019 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 256 141 ლარის გადახდა.
გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
3.1. 22.12.2017 წელს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N0300/30/294 ხელშეკრულება (შემდეგში „ხელშეკრულება“), რის შესაბამისადაც მზღვეველის მიერ გაიცა ავტოსატრანპორტო საშუალებათა („მანის“ მარკის ავტობუსების) დაზღვევის პოლისი NMHL-334857, 144 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევაზე. სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრა 23.01.2018 წლის 00:00 საათიდან - 23.01.2019 წლის 00:00 საათის ჩათვლით. ხელშეკრულება ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს ვალდებულების დარღვევისათვის.
3.2. დაზღვევის NMHL-334857 პოლისის თანახმად, ჯამური სადაზღვევო პრემია განისაზღვრა 1 554 560.64 ლარით. ანგარიშსწორება უნდა მომხდარიყო უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ლარში, ეტაპობრივად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენის საფუძველზე, ყოველი საანგარიშო თვის მომდევნო თვის არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა.
3.3. დადგენილია, რომ დამზღვევს ხელშეკრულებით გათვალისწინებული არცერთი თვის პრემია არ გადაუხდია. მზღვეველმა 05.04.2018 წელს მოპასუხეს განუსაზღვრა ორი კვირის ვადა სადაზღვევო პრემიის გადახდის მიზნით და აცნობა, რომ თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ დადგებოდა სადაზღვევო შემთხვევა და მათ მიერ გადაცილებული იქნებოდა შესატანის ან პროცენტების გადახდის ვადა, მაშინ მზღვეველი თავისუფლდებოდა თავისი მოვალეობებისგან. განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, მზღვეველმა 25.04.2018 წლის წერილით 24.05.2018 წლიდან შეწყვიტა სახელმწიფო შესყიდვის N0300/30/294 ხელშეკრულება.
3.4. დადგენილია, რომ მზღვეველის მიერ დამზღვევის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთების მიზნით გადახდილია 256 141 ლარი.
3.5. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 799-ე (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია)) და 816-ე (პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო შესატანის დროულად გადახდამდე მზღვეველი თავისუფალია თავისი მოვალეობისაგან) მუხლებზე და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში დამზღვევს ხელშეკრულებით გათვალისწინებული არცერთი თვის პრემია არ გადაუხდია და შესაბამისად, მართლზომიერად უნდა იქნეს მიჩნეული მზღვეველის მოთხოვნა დამზღვევისთვის სატრანსპორტო საშუალებების შეკეთების მიზნით გადახდილი 256 141 ლარის დაკისრების თაობაზე. ამდენად, სასამართლომ ამ ნაწილში სარჩელი დააკმაყოფილა.
3.6. სარჩელი არ დაკმაყოფილდა მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაწილში. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 408-ე მუხლის პირველ ნაწილზე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება), ამავე კოდექსის 411-ე მუხლზე (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო), ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-4, 102-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მოსარჩელეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა მიეთითებინა და დაემტკიცებინა, რომ მოპასუხის ქმედება იყო არამართლზომიერი, ამ ქმედებამ გამოიწვია ზიანი, მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, ასევე ის თუ რას შეადგენს ზიანის ოდენობა. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლის სახით, მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა იმგვარი მტკიცებულებები, რაც შექმნიდა ობიექტურ სურათს ასეთი შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით. სასამართლოს მითითებით, მიუღებელი შემოსავალი არის ანაცდენი სარგებელი (მოგება), რომელიც არ გულისხმობს ერთობლივ შემოსავალს, ყოველგვარი ხარჯების გამოქვითვების გარეშე და რომელსაც დაზარალებული ობიექტურად მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად. შესაბამისად, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მზღვეველის მოთხოვნა დამზღვევისთვის 1 554 560 ლარის დაკისრების თაობაზე.
3.7. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სასამართლოს განმარტებით, დადგენილად მიჩნეული გარემოებების გათვალისწინებით უსაფუძვლოა მზღვეველის მოთხოვნა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ.
3.8. სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია დამზღვევის მიერ აღძრული შეგებებული სარჩელი ზიანის ანაზღაურების და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ და არ დააკმაყოფილა იგი.
4. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა როგორც მოსარჩელე, ისე მოპასუხე მხარემ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.07.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს, დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მზღვეველის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში დამატებით განმარტა შემდეგი:
5.1. დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს სსკ-ს 408-ე, 411-ე მუხლების მიზნებიდან სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით იმ ზიანის ანაზღაურების თაობაზე, რომელსაც მზღვეველი მიიღებდა ხელშეკრულების მოქმედების პირობებში, დამზღვევის მხრიდან სადაზღვევო პრემიის ჯეროვნად გადახდის შემთხვევაში. სააპელაციო პალატის განმარტებით, მიუღებელი შემოსავალი არ შეიძლება იყოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სადაზღვევო პრემია, რადგან აღნიშნული არ არის ანაცდური მოგება, რაც სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად შეიძლება მიეღო მზღვეველს. სასამართლოს მითითებით, დაზღვევის ხელშეკრულების მოქმედების პირობებში მზღვეველი მიიღებდა არა მხოლოდ სადაზღვევო პრემიას (შემოსავალს), არამედ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად მას მოუწევდა სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების ვალდებულება, ასეთის არსებობის პირობებში. ამდენად, აპელირება მიუღებელი შემოსავლის არსებობასთან მიმართებით დაუსაბუთებელია, რამეთუ დაზღვევის ხელშეკრულება წარმოშობს ორმხრივ ვალდებულებებს და სადაზღვევო შემთხვევის დადგომამ შესაძლოა გადააჭარბოს მიღებული პრემიის ოდენობას, რაც უსაფუძვლოს ხდის ზიანის ანაზღაურებასთან მიმართებით წარმოდგენილ მოთხოვნას წმინდა მოგების არარსებობის გამო.
5.2. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 417-ე მუხლზე და დაუსაბუთებლად მიიჩნია მზღვეველის სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ/მზღვეველმა შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს დაზღვევის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება. სსკ-ის 799-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია). დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივად მავალდებულებელი, კონსენსუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა (ირემაშვილი ქ., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხლი 799, ველი 13, იხ. gccc.tsu.ge [ბოლო დამუშავება 14.03.2016წ.]).
11. დაზღვევის ხელშეკრულების სინალაგმატური ბუნება მხარეებისთვის ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების დაკისრებით გამოიხატება. მზღვეველი უფლებამოსილია, მოითხოვოს სადაზღვევო პრემიის გადახდა და ვალდებულია, აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანი. თავის მხრივ, დამზღვევი უფლებამოსილია, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება და ვალდებულია, შეთანხმებული ჯერადობითა და ოდენობით იხადოს სადაზღვევო პრემია (ირემაშვილი ქ., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხლი 799, ველი 14, იხ. gccc.tsu.ge [ბოლო დამუშავება 14.03.2016წ.]).
12. რაც შეეხება დაზღვევის ხელშეკრულების კონსენსუალურ ბუნებას და მის გამიჯვნას რეალური ხელშეკრულებისგან, აღნიშნულ საკითხს არსებითი ხასიათის მნიშვნელობა აქვს, რათა კონტრაჰენტებმა ზუსტად იცოდნენ, როდიდან არის ნამდვილი ის ხელშეკრულება, რომელიც მათ შორის უფლებებსა და მოვალეობებს წარმოშობს. დაზღვევის ხელშეკრულების შემთხვევაში ზემოაღნიშნული საკითხის გასარკვევად უნდა დაზუსტდეს, რა მიიჩნევა ნამდვილი ხელშეკრულების საწყისად, კონსენსუსი, ე.ი მხარეთა მიერ ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე შეთანხმება და ხელშეკრულების ხელმოწერა, თუ დამზღვევის მიერ დაზღვევის ხელშეკრულებით განსაზღვრული სადაზღვევო პრემიის, როგორც ხელშეკრულების საგნის მზღვეველისათვის გადაცემა. ზემოაღნიშნული საკითხის შეფასებისთვის უნდა გაეცეს პასუხი შეკითხვას: პრემიის გადახდა (პრემია, როგორც ხელშეკრულების ობიექტი) ნამდვილი დაზღვევის ხელშეკრულების წარმოშობის აუცილებელი წინაპირობაა, თუ პრემიის გადახდა დაზღვეულის მთავარი ვალდებულებაა, რომელიც უკვე არსებული ნამდვილი დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს (შდრ. მოწონელიძე ნ., შესავალი დაზღვევის სამართალში, თბილისი, 2024, გვ. 99). უნდა აღინიშნოს, რომ ევროპულ სახელმწიფოებში მსჯელობა დაზღვევის ხელშეკრულების ბუნებასთან დაკავშირებით დიდი ხნის წინ დასრულდა. ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობაში პირდაპირ არის ჩანაწერი, რომ დაზღვევის ხელშეკრულება კონსენსუალური ხელშეკრულებაა (Insurance code France Art. L112-3, Estonia insurance Act §434 (1), BGB § 145, VVG §3, §33, §37). მაგალითად საფრანგეთში, ესტონეთსა და გერმანიაში ნამდვილი დაზღვევის ხელშეკრულებისათვის მხარეთა შეთანხმება საკმარისად მიიჩნევა და იგი კონსენსუალურ ხელშეკრულებათა კატეგორიას მიეკუთვნება. თუმცა ეს ისე არ უნდა იქნეს აღქმული, რომ ხელშეკრულების დადების მომენტიდან მზღვეველს დამზღვევის წინაშე ვალდებულების შესრულება, ანუ ზიანის ანაზღაურება ეკისრება. პრემიის მნიშვნელობა და მისი გადახდის აუცილებლობა მზღვეველის ვალდებულების წარმოშობისთვის კვლავ შეუცვლელ წინაპირობად რჩება (მოწონელიძე ნ., შესავალი დაზღვევის სამართალში, თბილისი, 2024, გვ. 101).
13. რაც შეეხება სსკ-ის 816-ე მუხლს (პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო შესატანის დროულად გადახდამდე მზღვეველი თავისუფალია თავისი მოვალეობისაგან), რომელიც მზღვეველის ვალდებულების წარმოშობის დამატებით წინაპირობას ითვალისწინებს და რომლის გამოც დაზღვევის ხელშეკრულებას ხშირად მიაკუთვნებენ რეალურ ხელშეკრულებათა რიცხვს, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 816-ში გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება წარმოადგენს არა ხელშეკრულების ძალაში შესვლის, არამედ მზღვეველის ვალდებულების წარმოშობის წინაპირობას (ირემაშვილი ქ., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხლი 816, ველი 2, იხ. gccc.tsu.ge [ბოლო დამუშავება 14.03.2016წ.]). სსკ-ის 816-ე მუხლის განმარტებისას მნიშვნელოვანია სსკ-ის 806.1 მუხლის ( დაზღვევა იწყება ხელშეკრულების დადების დღის ოცდაოთხ საათზე და მთავრდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ბოლო დღის ოცდაოთხ საათზე) მხედველობაში მიღება. ნორმათა კონკურენციის პირობებში, საბოლოოდ, უპირატესობა სსკ-ის 806.1 მუხლს უნდა მიენიჭოს, რის გამოც დაზღვევა კონსენსუალურ ხელშეკრულებად უნდა ჩაითვალოს (ირემაშვილი ქ., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხლი 799, ველი 16, იხ. gccc.tsu.ge [ბოლო დამუშავება 14.03.2016წ.]).
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება კონსენსუალურია. დაზღვევის ხელშეკრულება მხარეთა შეთანხმების მომენტიდან ნამდვილია, ანუ არსებობს ფორმალური საწყისი, რომელიც წარმოადგენს მხარეთა შორის უფლებებისა და მოვალეობების, უფრო კონკრეტულად კი სადაზღვევო პრემიის გადახდის თაობაზე მზღვევევლის კანონიერი მოთხოვნის იურიდიულ საფუძველს. მისგან იმიჯნება დაზღვევის ხელშეკრულების მატერიალური საწყისი, რომელიც დაკავშირებულია დამზღვევის მიერ პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო პრემიის გადახდასთან. სწორედ ეს უკანასკნელი აქტი უდევს საფუძვლად დაზღვევის ხელშეკრულების მატერიალურ საწყისს, რაც მზღვეველის მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულების საფუძველია (შდრ. მოწონელიძე ნ., შესავალი დაზღვევის სამართალში, თბილისი, 2024, გვ. 102).
15. განსახილველ შემთხვევაში პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.03.2019 წლის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული იმ ნაწილში, რომლითაც დამზღვევის მიერ სადაზღვევო პრემიის გადაუხდელობის მოტივით დამზღვევს დაეკისრა მზღვეველის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთების მიზნით გადახდილი 256 141 ლარის, როგორც უსაფუძვლოდ გადახდილი თანხის ანაზღაურება (იხ.: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.07.2022 წლის განჩინება დამზღვევის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 14.11.2022 წლის განჩინება დამზღვევის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ). მზღვეველის საკასაციო საჩივრის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანია დამზღვევისთვის მიუღებელი შემოსავლისა და პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმის მართლზომიერება.
16. ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა „უნდა ყოფილიყო“ და „არის მდგომარეობას“ შორის (სხვაობის ჰიპოთეზა) (სუსგ №ას-459-438-2015, 07.10.2015წ; №ას-816-816-2018, 05.10.2018წ; №ას-884-2022, 27.04.2023წ.). სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამ ნორმის მიხედვით, რესტიტუციის ვალდებულება ორ მიზანს ისახავს: პირველ რიგში, ეს არის არსებული ქონების შემცირებით მიყენებული (პოზიტიური) ზიანის (damnum emergens) ანაზღაურება, თუმცა რესტიტუციის ვალდებულება ვრცელდება ასევე ზიანზე, რომელიც გამოწვეულია იმით, რომ დაზარალებულის ქონება არ გაიზარდა დამზიანებლის ქმედების გამო, რაც მიუღებელ შემოსავლად (lucrum cessans) მოიხსენიება (რუსიაშვილი გ./ბათლიძე გ., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, თბილისი 2019, მუხლი 411, ველი 1).
17. სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (შდრ. სუსგ №ას-459-438-2015, 07.10.2015წ; №ას-54-54-2018, 13.02.2018წ; №ას-754-2021, 02.12.2021წ; №ას-884-2022, 27.04.2023წ.). სსკ-ის 411-ე მუხლი, როგორც სამოქალაქო კოდექსის ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილის ნორმა, თანაბრად გამოიყენება როგორც სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევით, აგრეთვე კანონისმიერი ვალდებულების დარღვევით გამოწვეული და მომეტებული საფრთხის წყაროდან გამომდინარე ზიანის ოდენობის განსაზღვრისას (რუსიაშვილი გ./ბათლიძე გ., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, თბილისი 2019, მუხლი 411, ველი 2).
18. აქვე უნდა განიმარტოს დაზღვევის ხელშეკრულების ალეატორული ბუნება. მზღვეველს ეკისრება არაგანჭვრეტადი უარყოფითი მოვლენის დადგომის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური შედეგების აღმოფხვრის რისკი. შესაბამისად, სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულებამდე ვერ განისაზღვრება მისი ეკონომიკური შედეგი. ამასთან, ორმხრივად მავალდებულებელი, კონსენსუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულების ფარგლებში სპეციალური სუბიექტისთვის - მზღვეველისთვის ცნობილი იყო, რომ დაზღვევის ამოქმედების მატერიალური საწყისი უკავშირდებოდა დამზღვევის მიერ პრემიის გადახდას. იქამდე კი მზღვეველის ეკონომიკური ინტერესები დაცული იყო სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არარსებობით.
19. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ არ დასტურდება სსკ-ის 411-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობა (შდრ. სუსგ №ას-459-438-2015, 07.10.2015წ; №ას-54-54-2018, 13.02.2018წ; №ას-884-2022, 27.04.2023წ.).
20. მართებულად არ დაკმაყოფილდა არც პირგასამტეხლოს მოთხოვნა. მისი დაკისრებისათვის საჭიროა ნამდვილი, ძალაში მყოფი, მოქმედი ხელშეკრულება, რომელიც წარმოშობს იურიდიულ შედეგებს, მათ შორის, პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველს. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება არ არსებობს, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული (შდრ. სუსგ №ას-842-2022, 15.02.2023წ., №ას-222-211-2017, 05.05.2017წ.; №ას-1334-1372-2014, 13.03.2015წ.; №ას-1025-967-2015, 23.12.2015წ.). მოცემულ შემთხვევაში დადგენილია როგორც მზღვევლის ნების გამოვლენის ფარგლებში დაზღვევის კონსენსუალური ხელშეკრულების შეწყვეტის ნება, ისე დამზღვევის მიერ სადაზღვევო პრემიის გადაუხდელობის გამო დაზღვევის ხელშეკრულების მატერიალური საწყისის არარსებობა. საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).
22. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.
23. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
24. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8000 ლარის 70% – 5600 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს.კ.უ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. სს „ს.კ.უ–ს“ (ს/ნ: .......) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8000 ლარის (საკრედიტო საგადახდო დავალება №4885895, გადახდის თარიღი 06.09.2022წ.) 70% – 5600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია