საქმე №ას-577-2024 18 მარტი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ა.ლ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.02.2024 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 18.05.2023 წლის გადაწყვეტილებით, ა.ლ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი“) სარჩელი სს „ს.ბ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ, თანხის (1700 ევროს ეკვივალენტი ლარისა და ამ თანხის 0.05%-ის ეკვივალენტი ლარის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სარჩელის შეტანიდან აღსრულებამდე) დაკისრების მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.02.2024 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 18.05.2023 წლის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:
3.1. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა მისი ანგარიშიდან უკანონოდ ჩამოწერილი 1700 ევროსა და ამ თანხის 0.05%-ის (ყოველდღიურად, სადავო თანხის დაბრუნებამდე) მოპასუხისათვის დაკისრება. ამ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი კი, სსკ-ის 861-ე, 408.1, 409-ე და 411-ე მუხლებიდან გამომდინარეობდა.
3.2. სადავო არ იყო, რომ მხარეთა შორის არსებობდა ანგარიშსწორების ხელშეკრულება, რომელიც წარმოშობდა მხარეთა უფლება მოვალეობებს (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 859-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ანგარიშსწორების ხელშეკრულებით საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია თავისი კლიენტის საანგარიშსწორებო ანგარიშიდან აწარმოოს გადახდები ანგარიშზე არსებული თანხების ფარგლებში და შემოსული თანხები ჩარიცხოს ანგარიშზე). კერძოდ, ამ სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, მოპასუხის ვალდებულება იყო, მომხმარებლის მიერ, გადამხდელუნარიანი კუპიურებით სწრაფი გადახდის აპარატის ტერმინალში შეტანილი თანხა მომხმარებლის ანგარიშზე აესახა. დადგენილი იყო, რომ მოსარჩელის მიერ, თავის ანგარიშზე სადავო 1700 ევროს შეტანის შემდეგ, მოპასუხემ ჯერ დაბლოკა მოსარჩელის ანგარიში, ხოლო შემდეგ, ეს თანხა ჩამოწერა იმ საფუძვლით, რომ იგი შეტანილი იყო არაგადახდითი (დასვრილი) კუპიურებით. სადავო არ იყო, რომ მოპასუხის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი კუპიურები დასვრილი იყო მწვანე საღებავით, თუმცა, მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ მას ასეთი კუპიურები არ შეუტანია სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით.
3.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დაუსაბუთებელი იყო მოსარჩელის მტკიცება ქ. ქუთაისში, ........ მდებარე სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით, სადავო თანხის (1700 ევროს) გადამხდელუნარიანი (დაუზიანებელი) კუპიურებით შეტანის თაობაზე, რადგან ასეთი ფაქტის არსებობა, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა. კერძოდ, მოპასუხის განმარტებით, 10.10.2021 წელს, მოსარჩელის ანგარიშზე სადავო თანხის შეტანა მოხდა არა ქუთაისში, ............ არსებული ტერმინალიდან, არამედ ქუთაისში, ............. მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული N10749 ტერმინალიდან (მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ N10749 ტერმინალი მდებარეობს ქ. ქუთაისში, ..........). ამ გარემოების დასადასტურებლად, მოპასუხემ სასამართლოს წარუდგინა შემდეგი მტკიცებულებები: ტერმინალში თანხის შეტანის აღმრიცხველი სპეციალური პროგრამის ამონაწერი, საიდანაც ირკვეოდა, რომ მოსარჩელის ანგარიშზე, N10749 ტერმინალის მეშვეობით, 10.10.2021 წელს, შეტანილ იქნა 2100 ევრო 135 მცდელობის შემდეგ, 94 წარუმატებელი მცდელობით. ასევე, საქმეში წარმოდგენილი იყო მოსარჩელის ანგარიშზე შეტანილი კუპიურები ე.წ. სკანირებული სახით, სულ 40 ცალი 50 ევროიანი კუპიურა და კომპიუტერული სისტემიდან ამოღებული ამონაწერი, საიდანაც ირკვეოდა, რომ 10.10.2021 წელს, 21:01 წუთზე, N10749 ტერმინალიდან განხორციელდა ინკასაცია, დათვლილი თანხა შეადგენდა 2100 ევროს. პალატის მოსაზრებით, ზემოხსენებული მტკიცებულებები ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ სადავო კუპიურები მოსარჩელემ შეიტანა ქ. ქუთაისში, .......... მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული N10749 ტერმინალის მეშვეობით. ამ ფაქტს ვერ აქარწყლებდა მოსარჩელის მიერ მოწმედ წარმოდგენილი პირის - ს.ე–ის ჩვენება (იხ. 08.12.2022 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 13:22:08 წუთიდან), რადგან ეს ჩვენება ვერ იქნებოდა ტექნიკური საშუალებით შესრულებული არარედაქტირებადი პროგრამული ამონაწერის საპირწონე მტკიცებულება, რომელიც მოპასუხემ სადავო გარემოების დასადასტურებლად წარმოადგინა. აქედან გამომდინარე, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ ასეთი ტექნიკური საშუალებით შესრულებულ პროგრამულ ამონაწერს ვერ დაუპირისპირდებოდა მოწმის ჩვენება. შესაბამისად, პალატა დაეყრდნო სწორედ ზემოხსენებულ პროგრამულ ამონაწერში დაფიქსირებულ მონაცემებს. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილ ამონაწერში კონკრეტულად არ იყო მითითებული სადავო კუპიურების მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, შპს „დ“-ის ცნობიდან ირკვეოდა, რომ ტერმინალზე ინკასაციის განხორციელების დროს, პროგრამა - „ტერმინალების მართვის სისტემა“ (TMS) - ავტომატურად აგენერირებდა საინკასაციო ქვითარს, რომელიც არ იყო რედაქტირებადი. ამასთან, დადგენილი იყო, რომ 10.10.2021 წელს, მოსარჩელის ანგარიშზე სადავო თანხის შეტანა განხორციელდა ამ უკანასკნელის პირადი ნომრის მეშვეობით. ამ დღეს განხორციელებული ინკასაციით კი ირკვეოდა, რომ დათვლილი თანხა შეადგენდა ევროს ვალუტაში 2100 ერთეულს. შესაბამისად, პალატამ დაასკვნა, რომ 10.10.2021 წელს, მოსარჩელის ანგარიშზე სადავო თანხა შეტანილ იქნა ქ. ქუთაისში, ......... არსებული N10749 ტერმინალიდან, იმ კუპიურების მეშვეობით, რომლის სკანირებული ვერსიაც იყო წარმოდგენილი საქმეში. სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, მოსარჩელე არ შედავებია სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, რომ მოსარჩელის ანგარიშზე შეტანილი 40 კუპიურიდან 34 ცალი 50 ევროიანი კუპიურა იყო არაგადახდითი (მწვანე საღებავით დასვრილი) კუპიურა.
3.4. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის შედავება მასზე, რომ 10.10.2021 წელს, ინკასაცია საერთოდ არ ჩატარებულა, რადგან ეს დღე იყო არასამუშაო დღე (კვირა). ამ მოსაზრებას მოსარჩელე აფუძნებდა ბანკის ქოლცენტრში განხორციელებულ სატელეფონო საუბარს. აღნიშნულის საპირისპიროდ, პალატამ მიუთითა საქმეში არსებულ 27.12.2022 წლის ვიდეო ფაილზე, საიდანაც ირკვეოდა, რომ ბანკის ოპერატორი მოსარჩელეს აწვდიდა ინფორმაციას არა თანხის ჩარიცხვის აპარატების - ტერმინალების ინკასაციაზე, არამედ ბანკომატების ინკასაციაზე.
3.5. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მსჯელობა, რომ სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო და არ შეაფასა მოსარჩელის სატელეფონო ჩანაწერები ბანკის ოპერატორთან, რომელიც განხორციელდა 2021 წლის 26 და 28 ოქტომბერს. ამ სატელეფონო ჩანაწერებით მოსარჩელეს სურდა დაედასტურებინა ის გარემოება, რომ მოპასუხემ დაუსაბუთებლად დაუბლოკა ანგარიშები. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატამ განმარტა, რომ ოპერატორთან განხორციელებული სატელეფონო ჩანაწერებიდან მოსარჩელეს თავდაპირველად ზოგადი ხასიათის ინფორმაცია მიეწოდა, თუმცა ყოველჯერზე ხდებოდა ინფორმაციის დაზუსტება მოსარჩელის საბანკო ანგარიშებზე გავრცელებული შეზღუდვის საფუძვლის თაობაზე. ამასთან, პალატის მითითებით, გასაზიარებელი იყო მოპასუხის განმარტება, რომ ბანკის ოპერატორს საწყის ეტაპზე შეიძლებოდა არც ჰქონოდა დეტალური ინფორმაცია ყველა საბანკო ოპერაციისა და მოსარჩელის ანგარიშზე გავრცელებული შეზღუდვის თაობაზე, მით უფრო, როდესაც ბანკის მხრიდან მიმდინარეობდა მოკვლევა საეჭვო ფულის ნიშნების არსებობის თაობაზე.
3.6. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, ბანკიდან გამოთხოვილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია: 1. შპს „დ“-ს 10.10.2021 წლის N10749 ტერმინალის საინკასო ქვითრის პროგრამული ამონაბეჭდის ასლი ორივე მხარის ხელმოწერითა და ჩაბარების თარიღის მითითებით; 2. 10.10.2021 წლის სალაროს შემოსავლის ორდერის ქსეროასლი N10749 ტერმინალიდან სალაროში შემოსული თანხისა და ხელმოწერის შესაბამისი თარიღის მითითებით. პალატის მოსაზრებით, ბანკიდან წარმოდგენილი ინფორმაცია დამატებით ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ტერმინალების საინკასაციო ქვითრების პროგრამულ ამონაბეჭდში მითითებული მონაცემები სანდო იყო, რადგან ტერმინალზე ინკასაციის განხორციელების დროს პროგრამა - „ტერმინალების მართვის სისტემა“ (TMS) - ავტომატურად აგენერირებდა საინკასაციო ქვითარს, რომელიც არ იყო რედაქტირებადი და მასში, სხვა ინფორმაციასთან ერთად, მოცემული იყო ტერმინალის ID, მისამართი, ამოტვირთვის დრო, მოვლენის უნიკალური იდენტიფიკატორი, საინკასაციო ბარათის ნომერი, ამოტვირთული თანხის მოცულობა, კუპიურების/მონეტების რაოდენობა ვალუტებისა და ნომინალების ჭრილში. ამასთან, კომპანიის ამკრეფი (ინკასატორი) ტერმინალებიდან თანხის ამოტვირთვას ახორციელებდა მის სახელზე გაწერილი საინკასაციო ბარათის მეშვეობით და აღნიშნული ბარათის ნომერი მითითებული იყო საინკასაციო ქვითარში. პალატამ მიიჩნია, რომ ტერმინალების საინკასაციო ქვითრების პროგრამულ ამონაბეჭდზე მხარეების (ბანკისა და ინკასატორის) ხელმოწერის არარსებობა, ამ დოკუმენტს არ უკარგავდა სანდოობას, რადგან, როგორც ითქვა, ეს პროგრამა ავტომატურად აგენერირებდა საინკასაციო ქვითარს, რომელიც არ იყო რედაქტირებადი ბანკის თანამშრომლების ან ინკასატორის მხრიდან. შესაბამისად, შეუძლებელი იყო ასეთ პროგრამულ ამონაბეჭდში მითითებული მონაცემების სისწორის გაქარწყლება მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტებით ან მოწმის ჩვენებით. მოსარჩელეს არ ჰქონდა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც საეჭვოდ აქცევდა ზემოხსენებულ პროგრამულ ამონაბეჭდში მითითებულ მონაცემებს.
3.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ, 10.10.2021 წელს, ქ. ქუთაისში, ......... მდებარე N10749 ტერმინალის მეშვეობით, მოსარჩელემ თავის ანგარიშზე შეიტანა 1700 ევრო, 34 ცალი 50 ევროიანი არაგადახდითი (მწვანე საღებავით დასვრილი) კუპიურებით. ამ ფაქტობრივი მოცემულობიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ბანკი მოქმედებდა მხარეთა შორის დადებული ანგარიშსწორებისა და საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. შესაბამისად, მართლზომიერად შეფასდა ბანკის ქმედება მოსარჩელის ანგარიშის დაბლოკვისა და არაგადახდითი კუპიურების მიღებაზე უარის თქმის შესახებ, რაც გამორიცხავდა სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას სწორედ საკასაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების შესაბამისად შეამოწმებს.
8. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია, მოსარჩელის საბანკო ანგარიშიდან ჩამოწერილი 1700 ევროსა და ამ თანხის 0.05%-ის ეკვივალენტი ლარის მოპასუხისათვის დაკისრებაზე უარის თქმის კანონიერება. სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ კომპონენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი). საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-497-2024, 30.09.2024 წ.).
9. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა და მართებულად განსაზღვრა სასარჩელო მოთხოვნების მატერიალურსამართლებრივი საფუძველი. კერძოდ, წინამდებარე საქმეზე უდავოდ დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილია საბანკო ანგარიშსწორების ხელშეკრულების საფუძველზე (სსკ-ის 859.1 მუხლი), რომლის ფარგლებშიც, ბანკი ვალდებული იყო, თავისი კლიენტის საანგარიშსწორებო ანგარიშიდან ეწარმოებინა გადახდები ანგარიშზე არსებული თანხების ფარგლებში და შემოსული თანხები ჩაერიცხა ანგარიშზე. ანგარიშსწორების ხელშეკრულების ფორმალური სამართლებრივი ბუნების დახასიათებისას აუცილებელია აღინიშნოს, რომ ის ფორმდება, ერთი მხრივ, სპეციალურ სუბიექტსა და მეორე მხრივ, ნებისმიერ რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში, იურიდიული პირის სტატუსის არმქონე სუბიექტებს შორის (გოთუა ლ., საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხლი 859, ველი 5 /https://gccc.tsu.ge). ხელშეკრულება საბანკო ანგარიშსწორების შესახებ კონსენსუალური ხასიათისაა, რადგან ანგარიში იხსნება მიუხედავად იმისა, კლიენტი ანგარიშის გახსნის მომენტში შეიტანს ფულად სახსრებს თუ მისი გახსნის შემდეგ. საბანკო ანგარიშის გახსნასა და წარმოებასთან დაკავშირებული გარიგება ორმხრივ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება (გოთუა ლ., საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხლი 859, ველი 6 /https://gccc.tsu.ge). ის სამართლებრივი შედეგი კი, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, სსკ-ის 861-ე (საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამოწერა აწარმოოს მისი მფლობელის ნებართვის ან მითითების საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ვალდებულია, მიყენებული ზიანი და არასწორად გადარიცხული თანხა კვლავ შეიტანოს ანგარიშის მფლობელის აქტივში (ნორმის მიზანია, რომ საბანკო ანგარიშიდან ფულადი სახსრების ნებისმიერი მოძრაობა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მხოლოდ კლიენტის თანხმობით ხორციელდებოდეს (გოთუა ლ., საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხლი 861, ველი 1 /https://gccc.tsu.ge)), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება), 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) და 411-ე (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო) მუხლებიდან გამომდინარეობს.
10. გასაჩივრებული განჩინების მიმართ კასატორის პრეტენზია წარმოდგენილია იმ თვალსაზრისით, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სადავო ფაქტობრივი გარემოების არასწორად დადგენის შედეგად უმართებულოდ დაასკვნა, რომ მოსარჩელის მიერ თავის ანგარიშზე დაზიანებული, კერძოდ, მწვანე საღებავით დასვრილი და საანგარიშსწორებო ურთიერთობებში გამოუსადეგარი 1700 ევროს შეტანის შემდეგ, ბანკის ქმედებები მოსარჩელის კუთვნილი საბანკო ანგარიშის დაბლოკვისა და სადავო თანხის ანგარიშიდან ჩამოწერის თვალსაზრისით, მართლზომიერი იყო.
11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. 10.10.2021 წელს, ქ. ქუთაისში, ....... მდებარე N10749 ტერმინალის მეშვეობით, მოსარჩელის მიერ კუთვნილ ანგარიშზე 1700 ევროს დაზიანებული კუპიურებით შეტანის ფაქტზე კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს დასკვნები ეფუძნება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების (ტერმინალში თანხის შეტანის აღმრიცხველი სპეციალური პროგრამის ამონაწერი - იხ. ტომი I, ს.ფ. 110-117; მოსარჩელის ანგარიშზე შეტანილი კუპიურები, ე.წ. სკანირებული სახით, სულ 40 ცალი 50 ევროიანი კუპიურა - იხ. ტომი I, ს.ფ. 118-124; კომპიუტერული სისტემიდან ამოღებული ამონაწერი - იხ. ტომი I, ს.ფ. 196,197; შპს „დ“-ს 10.10.2021 წლის N10749 ტერმინალის საინკასაციო ქვითრის პროგრამული ამონაბეჭდი და ტერმინალების მართვის სისტემიდან ამონაბეჭდი, - ტომი I, ს.ფ.245-251; ტომი II, ს.ფ.167) სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით შეფასებას. გასაზიარებელია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ გააქარწყლა პროგრამულ ამონაბეჭდში მითითებული ავტომატურად გენერირებადი და არარედაქტირებადი მონაცემის მცდარობა.
13. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (სუსგ №ას-584-543-2017, 06.06.2017წ; სუსგ №ას-484-2019, 30.10.2020წ.).
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).
15. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
16. სსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, რამდენადაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს 397.91 ლარის 70% – 278.53 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.ლ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ა.ლ–ძეს (პ/ნ: .......) უკან დაუბრუნდეს დ. ბ–ძის (პ/ნ: .........) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 397.91 ლარის (საგადახდო დავალება 21532459141, გადახდის თარიღი 23.04.2024წ.) 70% – 278.53 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია