საქმე №ას-1174-2024 25 თებერვალი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.ბ–ძე (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხეები – შპს „ნ.ბ–ი“, მ.ს–ძე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.07.2024 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ქონების ყადაღის, აკრძალვისა და საჯარო სამართლებრივი შეზღუდვისგან გათავისუფლება, ქონების მესაკუთრედ ცნობა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 31.05.2023 წლის გადაწყვეტილებით, გ.ბ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“ ან „კასატორი“), შპს „ნ.ბ–ისა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“) და მ.ს–ძის მიმართ დაკმაყოფილდა:
1.1. უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, ............, ს/კ: ........... (შემდგომში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „სადავო უძრავი ნივთი“), გათავისუფლდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული ყადაღისაგან და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკისგან, კერძოდ:
- ყადაღა: 102020093921, წელი: 10/03/2020, მეორე მოპასუხე ს/ნ: .......; საგანი: სადავო უძრავი ნივთი. საფუძველი: აქტი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ (შედგენილი: 25.02.2020 081-124 ბრძანების საფუძველზე), N081-124/09-03-2020, 09.03.2020, შემოსავლების სამსახური;
- ყადაღა: 102021562848, წელი: 20/12/2021, მეორე მოპასუხე ს/ნ: ........; საგანი: სადავო უძრავი ნივთი. საფუძველი: მომართვა, NA21213415, 20.12.2021, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურო;
- ყადაღა: 102019438561, წელი: 22/11/2019, მეორე მოპასუხე ს/ნ: ........, საგანი: უძრავი ნივთი: ქალაქი ბათუმი, ქუჩა ........., 05.32......; საფუძველი: განჩინება, №2/3999-19 უზრ, 19.11.2019, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია;
- ყადაღა: 102020092630, წელი:10/03/2020, მეორე მოპასუხე ს/ნ: ........, საგანი: უძრავი ნივთი: ქალაქი ბათუმი, ქუჩა ........, 05.32......; საფუძველი: აქტი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ (შედგენილი 25.02.2020წ. 081-124 ბრძანების საფუძველზე), N081-124/09-03-20, 09.03.2020, შემოსავლების სამსახური;
- საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა: 102020117454, წელი: 26/03/2020; მეორე მოპასუხე ს/ნ: .......; საგანი: მთელი ქონება, საფუძველი: შეტყობინება, №0815722, 26.03.2020, შემოსავლების სამსახური;
- საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა: 102020072184 წელი: 20/02/2020, მეორე მოპასუხე ს/ნ: .........; საგანი: სადავო უძრავი ნივთი. საფუძველი: შეტყობინება, N08117864, 11.09.2019, შემოსავლების სამსახური.
1.2. მეორე მოპასუხეს დაევალა, სადავო უძრავი ნივთის - რეესტრში რეგისტრირებული ფართობის მონაცემის 54.48 კვ.მ-ის აივნისა და სხვა დამხმარე ფართების ჩათვლით, ფაქტობრივად არსებული ფართობის მონაცემით, ჯამში-67.00 კვ.მ-ით ცვლილებისათვის საჭირო სრულყოფილი დოკუმენტაციის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სარეგისტრაციოდ წარდგენა;
1.3. მოსარჩელე ცნობილ იქნა მის მიერ შეძენილი უძრავი ქონების (სადავო უძრავი ნივთი) მესაკუთრედ, რეესტრში რეგისტრირებული 54.48 კვ.მ-ის ფართობზე და ფაქტობრივად ნამეტ (აივნისა და სხვა დამხმარე) 12.52 კვ.მ ფართობზე, სულ ჯამში 67.00 კვ.მ ფართობზე.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.07.2024 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 31.05.2023 წლის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:
3.1. 28.08.2017 წელს მეორე მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის სადავო უძრავ ნივთზე დაიდო „უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება“. მოგვიანებით ცვლილება შევიდა 28.08.2017 წლის ხელშეკრულებით განსაზღვრულ საგნის ფართობსა და ფასში. ბინა №40-ის ფართობად განისაზღვრა 67 კვ.მ..
3.2. ნასყიდობის საგნის ღირებულება - 39500 ლარი, მოსარჩელემ 06.12.2019 წლისთვის სრულად გადაიხადა.
3.3. ს/კ: ....... უძრავი ქონების - მშენებარე ფართის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მეორე მოპასუხე.
3.4. მოსარჩელე ფლობს და სარგებლობს სადავო უძრავი ნივთით.
3.5. ქალაქი ბათუმი, ........ მდებარე, ს/კ: ......... უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია: ყადაღა: 102020093921, წელი: 10/03/2020, მეორე მოპასუხე, ს/ნ: .......; საგანი: სადავო უძრავი ნივთი. საფუძველი: აქტი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ (შედგენილი: 25.02.2020 081-124 ბრძანების საფუძველზე), №081-124/09-03-2020, 09.03.2020, შემოსავლების სამსახური; ყადაღა: 102021562848, წელი: 20/12/2021, მეორე მოპასუხე, ს/ნ: .......; საგანი: სადავო უძრავი ნივთი. საფუძველი: მომართვა, №A21213415, 20.12.2021, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურო; ყადაღა: 102019438561, წელი: 22/11/2019, მეორე მოპასუხე, ს/ნ: 445447936, საგანი: უძრავი ნივთი: ქალაქი ბათუმი, ქუჩა ........., 05.32........; საფუძველი: განჩინება, №2/3999-19 უზრ, 19.11.2019, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია; ყადაღა: 102020092630, წელი: 10/03/2020, მეორე მოპასუხე, ს/ნ: ........, საგანი: უძრავი ნივთი: ქალაქი ბათუმი, ქუჩა ......., 05.32.........; საფუძველი: აქტი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ (შედგენილი 25.02.2020წ. 081-124 ბრძანების საფუძველზე), №081-124/09-03-20, 09.03.2020, შემოსავლების სამსახური; საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა: 102020117454, წელი: 26/03/2020; მეორე მოპასუხე, ს/ნ: .........; საგანი: მთელი ქონება, საფუძველი: შეტყობინება, №0815722, 26.03.2020, შემოსავლების სამსახური; საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა: 102020072184 წელი: 20/02/2020, მეორე მოპასუხე, ს/ნ: ........; საგანი: სადავო უძრავი ნივთი. საფუძველი: შეტყობინება, №08117864, 11.09.2019, შემოსავლების სამსახური.
3.6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 09.12.2021 წელს კრედიტორზე - პირველ მოპასუხეზე - გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, მეორე მოპასუხის წინააღმდეგ მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება - ღია აუქციონის წესით რეალიზებულ იქნეს გადამხდელის ყადაღადადებული ქონება აღიარებული საგადასახადო დავალიანების მოცულობის ფარგლებში.
3.7. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენდა უფლებრივი ტვირთისა და სამართლებრივი შეზღუდვებისაგან უძრავი ქონების გათავისუფლება. შესაბამისად, მოცემული სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა გამომდინარეობდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლიდან, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ).
3.8. მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის დადებული ხელშეკრულებების თანახმად, ხელშეკრულების საგანი იყო მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ინდივიდუალურად განსაზღვრული ბინის აშენება და მოსარჩელისათვის საკუთრებაში გადაცემა. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის დადებული ე.წ. „ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება“, თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, წარმოადგენდა ნარდობის ხელშეკრულებას, რამეთუ ნარდობის ხელშეკრულების საგანია შრომითი საქმიანობის შედეგი, მაშინ, როდესაც ნასყიდობის ხელშეკრულების მიზანია ქონების საკუთრებაში გადაცემა. პალატამ მიუთითა, რომ ნარდობის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 629-ე მუხლი).
3.9. ვინაიდან ხელშეკრულება მოიცავდა როგორც ვალდებულებითი შინაარსის, ასევე სანივთო (განკარგვით) პირობას, პალატამ მიიჩნია, რომ იგი კანონმდებლობით დადგენილი წესით (წერილობითი ფორმით) მისი დადებისთანავე, საჯარო რეესტრში რეგისტრაციამდე შევიდა ძალაში. ამდენად, მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის დადებული გარიგება სამართლებრივად ნამდვილი იყო მისი გაფორმების მომენტიდან, მაგრამ საკუთრების უფლების ცვლილება დამოკიდებული იყო საჯაროსამართლებრივ აქტზე - საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციაზე.
3.10. პალატამ მიუთითა სსკ-ის 312.1 მუხლზე, რომლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. პალატამ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაცია პირველ რიგში, მესამე პირთა უფლებების დაცვასა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას ემსახურება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ წერილობითი ფორმის დაცვით დადებული სანივთო სამართლებრივი გარიგება, რეგისტრაციის გარეშე (რეგისტრაციამდე) არ წარმოშობს უფლება-მოვალეობებს უშუალოდ გარიგების მონაწილეებისათვის. პალატის განმარტებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის დანაწესი სწორედ იმ პირთა უფლებებს იცავს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში, აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით აღძრას სარჩელი სასამართლოში მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.
3.11. ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ უძრავ ქონებას და ზიანის ანაზღაურებაც უნდა განხორციელდეს მხოლოდ მოვალის იმ ქონებიდან, რომელზეც შეიძლება მიექცეს აღსრულება. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება სრულად და ჯეროვნად აქვს შესრულებული, თუმცა მეორე მოპასუხის მხრიდან ამ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა არ მომხდარა მასზე რეგისტრირებული შეზღუდვის გამო. შესაბამისად, მოსარჩელის მსჯელობა, რომ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული შეზღუდვის გამო ხელი ეშლება თავისუფლად განახორციელოს სამოქალაქო უფლება და საკუთრებაში დაირეგისტრიროს მისივე დაკვეთით, საკუთარი ხარჯებით, წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე აშენებული, უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი საცხოვრებელი ბინა - დასაბუთებულია.
3.12. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე 28.08.2017 წელს მეორე მოპასუხესთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ჯერ კიდევ 2019 წლიდან ფლობდა და სარგებლობდა სადავო უძრავი ნივთით და 06.12.2019 წლისთვის ნასყიდობის საფასური სრულად დაფარული ჰქონდა, მომდევნო დღიდან მოსარჩელეს წარმოეშვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონების მოთხოვნის უფლება.
3.13. რაც შეეხება პირველი მოპასუხის სასარგებლოდ სადავო უძრავ ნივთზე დადებულ ყადაღას, ასევე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკას, აღნიშნული საჯარო რეესტრში 20.02.2020 წლიდან დარეგისტრირდა, რაც ადასტურებს, რომ შეზღუდვა განხორციელდა ნაკლიან ნივთზე. ასეთ ვითარებაში, პალატის მოსაზრებით, უპირატესობა უნდა მინიჭებოდა უფრო ადრე წარმოშობილ მოსარჩელის უფლებას, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია. აღნიშნული სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია უფლებრივი დატვირთვისა და სამართლებრივი შეზღუდვებისაგან სადავო უძრავი ნივთის გათავისუფლება, შესაბამისად, მოცემული სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა გამომდინარეობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლიდან (სუსგ №ას-707-2023, 24.07.2023წ., პუნ.54). საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩელებზე უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკაზე, კერძოდ, ამ კატეგორიის დავებზე სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დანაწესი (თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს) იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება (იხ: სუსგ №ას-1210-2021, 30.06.2022წ., პუნ.27; №ას-707-2023, 24.07.2023წ., პუნ.55; №ას-384-2024, 14.06.2024წ., პუნ.16).
8. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, ხოლო, კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია მასზე, რომ: 28.08.2017 წელს მეორე მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის სადავო უძრავ ნივთზე დაიდო „უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება“, მოგვიანებით შეტანილი ცვლილებით კი დაზუსტდა ბინის ფართობი (67 კვ.მ) და ფასი; ნასყიდობის საგნის ღირებულება მოსარჩელემ 28.08.2017 წლიდან 06.12.2019 წლამდე სრულად გადაიხადა (ტ.1, ს.ფ.27-37); მოსარჩელე 2019 წლიდან ფლობს და სარგებლობს სადავო უძრავი ნივთით.
9. ამდენად, დგინდება, მოსარჩელის მიერ მეორე მოპასუხესთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, რის საფუძველზეც მეორე მოპასუხეს შემხვედრი ვალდებულების შესრულების - ქონების მოსარჩელისათვის გადაცემის ვალდებულება წარმოეშვა (სუსგ №ას-384-2024, 14.06.2024წ., პუნ.18). შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზე, რომ პირველი მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე მეორე მოპასუხის სახელზე რეგისტრირებულ სადავო უძრავ ნივთზე ყადაღის/შეზღუდვის რეგისტრირება ხელყოფს მოსარჩელის კანონიერ უფლებებს.
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).
11. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
12. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია