¹ბს-1137-1088(კ-07) 14 თებერვალი, 2008წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ შემადგენლობით:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეამოწმა საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ¹.... სამმართველოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ნოემბრის განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 7 მარტს ე. რ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 1013,29 ლარის ოდენობით და აღნიშნული თანხის გადახდის დაყოვნების გამო ყოველი დაყოვნებული დღისათვის 0.07%-ის გადახდა.
სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
მოსარჩელე 1999 წლის 1 სექტემბრიდან 2002 წლის 19 აგვისტომდე კონტრაქტის საფუძველზე მუშაობდა საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ¹.... რეგიონალურ სამმართველოში, სასაზღვრო რაზმ ,,ბ-ის” უზრუნველყოფის ქვედანაყოფის ....... მეთაურად. მას 2000 წლის კონტრაქტით გათვალისწინებული ხელფასი არ მიუღია, რამაც სულ _ 1013,29 ლარი შეადგინა. მან არაერთხელ მიმართა აღნიშნულ ორგანოს თანხის ანაზღაურების მოთხოვნით, მაგრამ უშედეგოდ. 2006 წელს მან კიდევ ერთხელ მიმართა საქართველოს შსს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტს, საიდანაც აცნობეს, რომ სახელფასო დავალიანების გაცემას ვერ შეძლებდნენ მანამ, სანამ არ მოხდებოდა საქართველოს პარლამენტის მიერ ,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანა და დეპარტამენტისათვის დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებაში მიზნობრივად, წინა წლების სახელფასო დავალიანებისათვის (მათ შორის, 2000 წლის) ხარჯების გამოყოფა (ტ.1, ს.ფ. 1-2).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 27 მარტის განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (ტ.1, ს.ფ. 24).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ¹.... რეგიონალურ სამმართველოს ე. რ-ას სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 927 ლარის ოდენობით; ე. რ-ას უარი ეთქვა ხელფასის დაყოვნებისათვის ყოველდღიური 0,07%-ის ანაზღაურებაზე უსაფუძვლობის გამო.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ე. რ-ა 1999 წლის 1 სექტემბრიდან 2002 წლის 19 აგვისტომდე ნამდვილად მუშაობდა საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ¹..... რეგიონალური სასაზღვრო რაზმ ,,ბ-ის” უზრუნველყოფის ქვედანაყოფის ....... მეთაურად. 2000 წლის თებერვლიდან დეკემბრის ჩათვლით მასზე დარიცხული ხელფასი სულ შეადგენდა 927 ლარს.
სასამართლომ განმარტა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის პირველი ნაწილით მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით მოსარჩელეს მისაღები ჰქონდა 927 ლარი.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა ვადაგადაცილებული დღისათვის თვეში 3%-ის დამატებით ანაზღაურების შესახებ და აღნიშნა, რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა და იგი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონიდან არ გამომდინარეობს (ტ.1, ს.ფ. 34).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ¹.... სამმართველომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის დავალიანების ანაზღაურების სოლიდარულად დაკისრება. აპელანტმა განმარტა, რომ საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ¹..... რეგიონალური სამმართველო საბიუჯეტო ორგანიზაციაა და ხელფასის გაცემა თანამშრომლებზე შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან შესაბამისი თანხების გადმორიცხვის შემდეგ (ტ.1, ს.ფ. 38).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე 1999 წლის 1 სექტემბრიდან 2002 წლის 19 აგვისტომდე ნამდვილად მუშაობდა მოპასუხე დაწესებულებაში. ე. რ-ას მუშაობის პერიოდში 2000 წლის ხელფასი 927 ლარის ოდენობით არ მიუღია. მოსარჩელის მიმართ გასაცემი სახელფასო დავალიანება მოპასუხის მიერ აღიარებულია, როგორც კრედიტორული დავალიანება.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ აღნიშნული დავალიანება მასთან ერთად სოლიდარულად გადასახდელად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უნდა დაკისრებოდა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ე. რ-ას სარჩელი მიმართული იყო მოპასუხე საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ¹... სამმართველოს მიმართ და სწორედ მასთან იმყოფებოდა მოსარჩელე შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში, ხოლო ის გარემოება, რომ მოპასუხე ფინანსდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, არ შეიძლება გამხდარიყო სახელფასო დავალიანების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად სოლიდარულად გადახდის დაკისრების საფუძველი (ტ.2, ს.ფ. 23-26).
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ¹.... სამმართველომ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სახელფასო დავალიანების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად სოლიდარულად გადახდის დაკისრება. კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ¹..... რეგიონალური სამმართველო საბიუჯეტო ორგანიზაციაა და ხელფასის გაცემა თანამშრომლებზე შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან შესაბამისი თანხების გადმორიცხვის შემდეგ (ტ.2, ს.ფ. 32).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ¹...... სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ¹..... სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ¹.... სამმართველოს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ნოემბრის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.