საქმე №ას-1127-2025 25 სექტემბერი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გიზო უბილავა, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შპს „თ.ე.კ–ია“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)
მოწინააღმდეგე მხარე - ა(ა)იპ „დ.გ–ია“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, დაუსწრებელი გადაწყვეტილების განმარტება
დავის საგანი - თანხის დარიცხვის გაუქმება, ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2022 წლის 16 თებერვალს, ა(ა)იპ „დ.გ–იამ“ (შემდგომ - მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი, მოწინააღმდეგე მხარე), სარჩელი აღძრა შპს „თ.ე.კ–იის“ (შემდგომ - მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის ავტორი, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ და მოითხოვა: მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის დარიცხული 31 582.28 ლარის ელექტროენერგიის გადასახადის გაუქმება. შეგებებული სარჩელი აღძრა მოპასუხემაც, შეგებებული სარჩელის მოპასუხისათვის 20 614.69 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა; შეგებებული სარჩელის მოპასუხეს შეგებებული სარჩელის ავტორის სასარგებლოდ დაეკისრა 20 614.69 ლარის გადახდა.
3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მოპასუხის მიმართ გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის გამო; მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის დარიცხული 31582.28 ლარის ელექტროენერგიის გადასახადი.
5. ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხემ (შეგებებული სარჩელის ავტორმა) გაასაჩივრა, თუმცა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით, მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება, რაც გასაჩივრდა საკასაციო წესით.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 12 მარტის განჩინებით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2024 წლის 3 ოქტომბრის განჩინება დარჩა უცვლელად.
7. მოპასუხემ (შეგებებული სარჩელის ავტორმა) 2025 წლის 8 მაისის შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე და მიუთითა, რომ საქმის მასალებით დასტურდება, მოსარჩელის ვალი მოპასუხის მიმართ არა 31 582.28 ლარი, არამედ - 20614.69 ლარი იყო. ამ თანხებს შორის სხვაობა საერთოდ არ წარმოადგენდა დავის საგანს, ვინაიდან აბონენტს ამდენი ელექტროენერგია არ მოუხმარია, შესაბამისად, ფორმალურსამართლებრივი თვალსაზრისით, აბონენტს არც უფლების დარღვევაზე არ შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია, შესაბამისად, ამ ნაწილში არ არსებობდა სარჩელის აღძვრის წინაპირობა, ვინაიდან არ არსებობდა დავის საგანი.
8. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხე კომპანიამ მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების განმარტება, კერძოდ, სასამართლომ განმარტოს, მოპასუხემ მოსარჩელის სააბონენტო ბარათზე ჩამოწეროს სარჩელით სადავო პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანება - 20 614.69 ლარი თუ მოსარჩელე გაათავისუფლა იმ მოცულობით ელექტროენერგიის გადასახადისგან, რომელიც ჯერ არ მოუხმარია.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 9 ივნისის განჩინებით, სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების განმარტების შესახებ მოპასუხე კომპანიის განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა.
10. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტში მითითებულ გარემოებებზე და განმარტავს, რომ მოპასუხემ ნებაყოფლობით აღასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება და მოსარჩელეს ჩამოაწერა 20614.69 ლარის დავალიანება. 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის ნოემბრამდე წარმოშობილი მოსარჩელის ვალი მოპასუხის მიმართ წარმოადგენდა არა 31582.28 ლარს, არამედ - 20614.69 ლარს. მოთხოვნას, რაც სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, არ გააჩნდა ფორმალური საფუძველი. მოწინააღმდეგე მხარე ბოროტად სარგებლობს ამ მდგომარეობით და ამჟამად ახალი სარჩელით მოითხოვს ფაქტობრივ ვალს და დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში მითითებული თანხებს შორის სხვაობის ანაზღაურებას. აქედან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილება ბუნდოვანია და საჭიროებს განმარტებას.
11. კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს, განიმარტოს, სასამართლომ მოსარჩელე გაათავისუფლა იმ მოცულობით ელექტროენერგიის გადახდისგან, რომელიც ჯერ არ მოუხმარია და სცდება მოსარჩელის სარჩელით შედავებულ პერიოდს თუ მოპასუხემ მოსარჩელეს სააბონენტო ბარათზე უნდა ჩამოაწეროს სარჩელით სადავო დავალიანება 20614.69 ლარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
13. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, დაუსწრებელი გადაწყვეტილების განმარტებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერება.
14. სასამართლოს მხრიდან მიღებული გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობას ადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 262-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.
15. დასახელებული საკანონმდებლო დათქმიდან გამომდინარე, ამ საპროცესო ინსტიტუტის გამოყენება ემსახურება სასამართლოს გადაწყვეტილებით/განჩინებით დადასტურებული პირის უფლების ზუსტ რეალიზაციას. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი ამკვიდრებს რა სამართლიანი სასამართლოს პრინციპს, იგი არა მხოლოდ საქმის სამართლიანი განხილვის, არამედ ამ განხილვის შედეგად მოპოვებული უფლების რეალიზაციასაც მოიცავს. ამასთანავე, უმთავრესი პირობა ისაა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ერთმნიშვნელოვან დასკვნას არ უნდა იძლეოდეს აღსასრულებლად მიქცეული უფლების თაობაზე (იხ. სუსგ №ას-684-638-2017, 7 ივლისი, 2017 წელი), შესაბამისად, გადაწყვეტილების განმარტების საჭიროება არსებობს მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი სარეზოლუციო ნაწილის ესა თუ ის დებულება ორაზროვანი, გაუგებარია და არსებული სახით გადაწყვეტილების აღსრულებას დაბრკოლება ექმნება, ანუ სასამართლო უფლებამოსილება, მხარეებსა და აღმასრულებელს, მათი მოთხოვნისამებრ, განუმარტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანი დებულებები, მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების გამარტივებისაკენ, უნდა ემსახურებოდეს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გათვალისწინებული დავის სამართლებრივი შედეგის ზუსტად და ზედმიწევნით შესრულებას, თუმცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება არ უნდა ცვლიდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარს.
16. სასამართლო გადაწყვეტილებისა თუ განჩინების განმარტება არ წარმოადგენს გადაწყვეტილების მთლიანად ან რომელიმე კონკრეტული დებულების სადავოდ გახდის საპროცესო მექანიზმს. დაუშვებელია, მხარემ გადაწყვეტილების განმარტების შესახებ მოთხოვნას საფუძვლად დაუდოს ამა თუ იმ საკითხის არასწორად გადაწყვეტა, კანონის არასწორად გამოყენება, განმარტება ან ისეთი გარემოება, რომელმაც შეიძლება რაიმე სახით არსებითად შეცვალოს განსამარტი გადაწყვეტილებით დადგენილი მხარეთა სამართლებრივი მდგომარეობა. ამგვარი განცხადება უნდა დაემყაროს მხოლოდ კონკრეტული დებულების ბუნდოვანებას და ორაზროვნებას (იხ.: სუსგ №ას-1543-2023, 05.03.2024წ.).
17. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების განმარტებას, რომლითაც: გაუქმდა მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის 31582.28 ლარის ოდენობით დარიცხული ელექტროენერგიის გადასახადი. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ განსამარტი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მკაფიოდ მიუთითებს საქმის შედეგზე. მისი მეშვეობით სასამართლოს იმგვარი განკარგულება არ დაუდგენია, რაც აღსრულების პროცესში რაიმე ბუნდოვანებას წარმოშობდა.
18. პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს ბუნდოვან და/ან ორაზროვან დებულებებს, რის გამოც ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მისი განმარტების სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს.
19. კერძო საჩივრის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ საჩივრის ავტორის მოსაზრება და მისგან გამომდინარე გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნა ფაქტობრივად სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გადასინჯვის (შეცვლის) მოთხოვნას წარმოადგენს, რაც, ცხადია, სცილდება სსსკ-ის 262-ე მუხლით დადგენილი გადაწყვეტილების განმარტების ფარგლებს.
20. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არ არებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
21. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომლის თანახმად, მოსარჩელის ვალი მოპასუხის მიმართ წარმოადგენდა არა 31582.28 ლარს, არამედ - 20614.69 ლარს და მოთხოვნას, რაც სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, არ გააჩნდა ფორმალური საფუძველი, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს შემდეგს:
22. დასრულებული საქმის გათვალისწინებით, მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილი სარჩელის თანახმად, მოსარჩელეს (ელექტროენერგიის მომხმარებელ აბონენტს) 2021 წლის 10 აგვისტოს ზედმეტად დაერიცხა 2252.18 ლარი, იმავე წლის 9 სექტემბერს – 2024.95 ლარი, 2021 წლის ოქტომბერში - 2788.68 ლარი, 2021 წლის ნოემბერში - 1659 ლარი, 9 დეკემბერს - 2183.68 ლარი, 2022 წლის 25 თებერვალს – 2149.11 ლარი, 2022 წლის 29 მარტს 2760.31 ლარი, ხოლო 30 მარტს კილოვატის ხარჯვის დაუფიქსირებლად, ზედმეტად 1282 ლარი დაერიცხა. ამის გათვალისწინებით მოსარჩელემ მოითხოვა, გაუქმდეს მოპასუხე კომპანიის მიერ მოსარჩელისათვის 19 742 ლარის დარიცხული ელექტროენერგიის გადასახადი. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნით კი, მოსარჩელემ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა მისთვის დარიცხული ელექტროენერგიის - 31582.28 ლარის გადასახადის გაუქმების მოთხოვნით და მიუთითა, რომ 2022 წლის აპრილში ზედმეტად დაერიცხა 1706.84 ლარი, მაისში - 1627.47 ლარი, ივნისში – 2019.36 ლარი. 2022 წლის 28 ივლისს მოსარჩელეს დაერიცხა ზედმეტად 2223.67 ლარი, აგვისტოში - 2425.76 ლარი, ხოლო სექტემბერს - 1837.18 ლარი. ამასთან, 2022 წლის 29 ივნისს მოპასუხემ მოსარჩელის დაუკითხავად მოხსნა ძველი და დაამონტაჟა ახალი მრიცხველი, რისთვისაც მოსარჩელეს დაარიცხა 99.45 ლარი (ნიშანდობლივია, რომ ამ თანხების ჯამი არ ემთხვევა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას).
23. ზემოაღნიშნულ სარჩელზე წარდგენილი მოპასუხის დაზუსტებული შესაგებლის და შეგებებული სარჩელის თანახმად კი, მოსარჩელისათვის 31582.28 ლარის ელექტროენერგია დარიცხული არ არის. მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის შეუსრულებელი ფულადი ვალდებულება მოპასუხის მიმართ შეადგენს 20614.69 ლარს (აბონენტის ბრუნვის ისტორიიდან დგინდება, რომ 10.08.2021 წელს მოსარჩელეს დაეკისრა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური - 2252.18 ლარი, 09.09.2021 წელს - 2024.95 ლარი, 08.10.2021წ - 1391.68 ლარი, 09.11.2021წ - 284.86 ლარი, 09.12.2021წ. – 2183.68 ლარი, 25.02.2022 წელს - 2149.11 ლარი, 28.03.22 – 2760.31 ლარი, 27.04.22 – 1706.84 ლარი, 28.05.22წ. – 1627.47 ლარი, 27.06.22 – 2019.36 ლარი, 29.06.22წ. - 99.45 ლარი, 28.07.22 – 2223.67 ლარი, 28.08.22წ - 2425.76 ლარი, 27.09.22 – 1837.18 ლარი. აბონენტის ბრუნვის ისტორიის 30.03.22 მონაცემების მიხედვით, მოსარჩელემ გადაიხადა 30.03.22 წლის მონაცემების თანახმად, 1282 ლარი. მოსარჩელე ითხოვს დარიცხული 31582.28 ლარის გაუქმებას, არადა ამ ოდენობით ელექტროენერგია არ დარიცხვია. ამჟამად სააბონენტო ბარათზე დარიცხული აქვს 22769.80 ლარი, საიდანაც 2149.11 ლარი არის დეპოზიტის დავალიანება, რომელსაც სასამართლო წესით მოპასუხე არ ითხოვს, 6 ლარი არის მოპასუხის დავალიანება, რომლის მოთხოვნის ვალდებულება არ გააჩნიათ, შესაბამისად, მოპასუხის მიმართ არსებული დავალიანება არის 20614.69 ლარი. სააბონენტო ბარათზე 10.11.22 წლის მონაცემებით ასახული 5863.09 ლარი, რომელიც ერიცხებოდა აბონენტს, ჩამოწერილია, როგორც წინა აბონენტის მიერ დაგროვებული ვალი და ამ ნაწილში აღარ არსებობს დავის საგანი. მოსარჩელის სააბონენტო ბარათზე მოხმარებული დავალიანების დაგროვება დაიწყო 2021 წლის 8 ოქტომბრიდან. მოსარჩელეს 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის ოქტომბრამდე ერიცხება მოხმარებული ელენერგიის გადასახადი, რომელსაც არ იხდის).
24. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა აღნიშნავს, რომ მხარეები მოსარჩელისათვის დარიცხული ელექტროენერგიის დავალიანების სხვადასხვა ოდენობას უთითებენ, კერძოდ, მოპასუხე, როგორც შესაგებლით, ისე შეგებებული სარჩელით სადავო პერიოდზე უთითებდა მოსარჩელისგან განსხვავებულ ელექტრონერეგიის დავალიანების ოდენობას - 20614.69 ლარს, ხოლო, უდავოა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 მაისის კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, გაუქმებულია მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის 31582.28 ლარის ოდენობით დარიცხული ელექტროენერგიის გადასახადი, რასთან დაკავშირებითაც, პალატა მიუთითებს, რომ მართალია, გადაწყვეტილების მიხედვით, მოსარჩელე გათავისუფლებულია 31582.28 ლარის ელექტროენერგიის გადასახადისგან, თუმცა, სარჩელის საგნისა და საფუძვლის გათვალისწინებით (სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე მუხლები, 178.1 მუხლის „ზ“ და „ე“ ქვეპუნქტები), დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნებიდან გამომდინარე, მოიაზრება აბონენტი მოსარჩელის გათავისუფლება სადავო პერიოდის განმავლობაში უკანონოდ დარიცხული თანხისგან (ბუნებრივია, მხოლოდ არსებული დავალიანება ჩამოიწერება და რეალური დავალიანების ზევით მითითებული ელექტროენერგიის დავალიანების გადახდისგან მხარე ვერ გათავისუფლდება, სხვაგვარი მსჯელობა ეწინააღმდეგება უსაფუძვლო გამდიდრების დაუშვებლობის პრინციპს).
25. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „თ.ე.კ–იის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა
ვლადიმერ კაკაბაძე