Facebook Twitter

საქმე №ას-818-2023 30 მაისი, 2025 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - სს „კ.ბ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ე.გ–ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - კომპენსაციის დაკისრება, შვებულების თანხის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „კ.ბ–ი“ (შემდეგ - მოპასუხე, დამსაქმებელი, აპელანტი, კასატორი) ასაჩივრებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განჩინებას, რომლითაც მოპასუხის მიმართ კომპენსაციისა და შვებულების თანხის ანაზღაურების თაობაზე ე.გ–ას (შემდგომ - მოსარჩელე, დასაქმებული, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს დაეკისრა 3 000 ლარის გადახდა, საიდანაც 2250 ლარი ორი თვის შრომის ანაზღაურების კომპენსაცია, ხოლო 750 ლარი - 2020/2021 წლის გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებაა.

2. კასატორი სადავოდ ხდის გასაჩივრებულ განჩინებას იმ გარემოებაზე მითითებით, რომ შრომითი ხელშეკრულება შეწყდა არა დამსაქმებლის, არამედ დასაქმებულის ინიციატივით. კასატორი საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომ - სშკ) 48-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე სარჩელის ხანდაზმულობაზეც მიუთითებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

3. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

6. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

7. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სავსებით მართებულად არის განსაზღვრული სააპელაციო კვლევისა და სამართლებრივი შეფასების საგანი, რაც არა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერებას ეხება, არამედ იმას, თუ ვისი ინიციატივით შეწყდა შრომითი ხელშეკრულება, რა გარემოებები უძღოდა და როდის შეწყდა ეს ურთიერთობა, წარმოეშვა თუ არა დამსაქმებელს დასაქმებულისათვის კომპენსაციის გაცემის ვალდებულება.

8. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი გარემოებები:

8.1 მოსარჩელე 2019 წლის 3 ოქტომბრიდან დასაქმებული იყო სს „ფ.ბ.ს–ოს“ ბათუმის ფილიალში (ამჟამად მოპასუხე ბანკი) ავტოლომბარდის ექსპერტ/შემფასებლის თანამდებობაზე. მისი ყოველთვიური ანაზღაურება 1125 ლარს შეადგენდა.

8.2 2021 წლის 18 ოქტომბერს, სს „ფ.ბ.ს–ო“ რეორგანიზაციის შემდეგ შეერწყა მოპასუხე ბანკს და გახდა მისი უფლებამონაცვლე.

8.3 სს „ფ.ბ.ს–ოს“ რეორგანიზაციის პროცესში მოდავე მხარეთა შორის იმართებოდა მოპასუხე ბანკში მოსარჩელის მუშაობის გაგრძელების შესახებ მოლაპარაკებები.

8.4 2021 წლის 18 ივლისს, მოპასუხემ მოსარჩელეს შესთავაზა უფროსი სესხის ოფიცრის თანამდებობა ბანკში და აცნობა, რომ დაელოდებოდა მის დასტურს შემოთავაზებაზე. მოსარჩელეს ელექტრონული ფოსტით გაეგზავნა თანდართული ფაილი/შრომითი ხელშეკრულების ფორმა.

8.5 მოსარჩელემ 2021 წლის 26 სექტემბერს ელექტრონული წერილით აცნობა დამსაქმებელს, რომ უარს აცხადებდა მოპასუხის შემოთავაზებაზე.

8.6 2021 წლის 30 სექტემბერს, მოპასუხის მიერ ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის №1 დამატებითი შეთანხმების თანახმად, სშკ-ის 31-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 48-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მოსარჩელეს უნდა მიეღო ორი თვის შრომისა და დარჩენილი საშვებულებო ანაზღაურება.

8.7 2021 წლის 7 ოქტომბერს, მოპასუხემ ელექტრონული ფოსტით აცნობა მოსარჩელეს, რომ წინა შეთანხმება გამოიგზავნა შეცდომით და გაუგზავნა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ახალი, გასწორებული ორმხრივი შეთანხმება.

8.8 2021 წლის 12 ოქტომბერს, მოსარჩელემ ელექტრონული წერილით აცნობა დამსაქმებელს, რომ უარს აცხადებდა მოპასუხის შემოთავაზებაზე, რადგანაც ამით სამუშაო პირობები იცვლებოდა მისთვის საზიანოდ. ეკავა ავტოსესხების საკრედიტო ოფიცრის თანამდებობა და მისთვის არ იყო მისაღები სამუშაო პროფილი, სესხის ოფიცრის როლი, – მოპასუხის სამუშაო გარემო და სპეციფიკა, რომელიც პირდაპირ ნეგატიურ გავლენას ახდენდა შედეგებზე. მიუღებელი იყო „კრედოს” საკომპენსაციო და საბონუსე სქემები, ბანკის დამოკიდებულება შიდა და გარე მომხმარებელთან.

8.9 2021 წლის 26 ოქტომბერს ბანკმა ელექტრონული ფოსტით მოსარჩელეს აცნობა, რომ, ვინაიდან სამსახურიდან წასვლის თაობაზე ოფიციალურად არ შეუტყობინებია და სამართლებრივად ავტომატურად გადავიდა მოპასუხე ბანკში და იმ ეტაპზე ოფიციალურად კვლავ მათი ბანკის თანამშრომლად მიიჩნეოდა, მოსარჩელის იმეილს/ელექტრონულ ფოსტას მიიღებნენ სამსახურიდან წასვლის თაობაზე ცნობად. ამასთან, სადავო შეთანხმება შეცდომით გადაიგზავნა, ბანკი არ ყოფილა მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ინიციატორი და, ვინაიდან ხელშეკრულება თავად მოსარჩელემ შეწყვიტა, შეთანხმების ნაცვლად, მას უნდა დაეწერა სამსახურიდან წასვლის თაობაზე ოფიციალური განცხადება და, რადგან ასეთი განცხადება მოსარჩელეს არ დაუწერია, ელექტრონულ წერილს მიიღებდნენ ამგვარ ცნობად და გამოსცემდნენ შესაბამის ბრძანებას.

8.102021 წლის 29 ოქტომბერს ბანკმა გამოსცა 2021 წლის 18 ოქტომბრიდან მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება, გათავისუფლების საფუძვლად კი მიუთითა, სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტი - დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება.

8.11მოსარჩელე მოპასუხე ბანკში სამსახურებრივ მოვალეობას აღარ ასრულებს 2021 წლის 1-ელი ოქტომბრიდან.

9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით შეწყვეტის გამო, კომპენსაციის დაკისრებისა და გამოუყენებელი შვებულების თანხის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა სშკ-ის 31.5-ე (შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით შეწყვეტისას იგი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად) და 48.2-ე (დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების ამ კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ ან „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტისას დამსაქმებელი უფლებამოსილია, დასაქმებული არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით) მუხლებიდან გამომდინარეობს.

10. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმებისათვის, საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს იმ გარემოების დადგენა, დასაქმებულმა გამოავლინა თუ არა, სამუშაოს დატოვების შესახებ ნება, ვინაიდან, დამსაქმებლის მითითებით, მოსარჩელემ საკუთარი ნებითა და ინიციატივით შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა, რაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ გაიზიარეს.

11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დასაქმებულის მიერ სამუშაოს საკუთარი ნებით დატოვების საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტი (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება) ითვალისწინებს. მითითებული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ დასაქმებულის თანამდებობიდან ამ საფუძვლით გათავისუფლების შემთხვევაში, ცალსახად უნდა დგინდებოდეს დასაქმებულის მიერ, სამსახურის საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება.

12. სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ცხადია, რომ „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენა განიმარტება ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს. ამ ნორმის მიზანია, დავის შემთხვევაში, გაირკვეს, თუ რას ფიქრობდა ნების გამომვლენი ან ნების მიმღები. სწორედ ამიტომაც, კანონით გადამწყვეტია „ნების გონივრული განსჯა“, რაც ნიშნავს სადავო გამონათქვამის იმ მნიშვნელობის დადგენას, რომელსაც გონიერი ადამიანი ანალოგიურ პირობებში მიანიჭებდა. გონივრულობა მოცემული ურთიერთობის სრულად აღქმა და განსჯაა და არა გამოყენებული გამონათქვამის ვიწრო გაგება (სუსგ N ას-1220-1480-09, 25.05.2010წ.). ნების გამოვლენის განმარტება ემსგავსება კანონის განმარტებას: ორივე შემთხვევაში ხდება ბუნდოვანი, საეჭვო აზრის დაზუსტება, მაგრამ, თუ კანონის განმარტებას ზოგადი ხასიათი აქვს, ე.ი. სავალდებულოა და გამოიყენება ყველას მიმართ და მიზნად ისახავს კანონის ბუნდოვანი ადგილების ერთიანი გაგების უზრუნველყოფას, გარიგების (ხელშეკრულების) განმარტების მიზანი უფრო ვიწროა – გარიგების (ხელშეკრულების) მონაწილე მხარეებს შორის ურთიერთობის გარკვევა, ამიტომ ასეთ განმარტებას ძალა აქვს მხოლოდ გარიგების მონაწილეებისათვის (სუსგ №ას-27-2019, 15.11.2019წ.).

13. გამოვლენილი ნების განმარტების საკითხი დგება მაშინ, როდესაც მხარეები საკუთარ ან/და ერთმანეთის სიტყვებს ან/და ქმედებებს განსხვავებულ მნიშვნელობას ანიჭებენ, შესაბამისად, მოვლენათა განვითარებას აღწერენ განსხვავებულად. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს ვალია, გამოარკვიოს, რეალურად რას გულისხმობდა მხარე სადავო სიტყვასა თუ ქცევაში. განმარტების მიზანი არ არის არსებული სამართალურთიერთობისათვის ახალი, მხარეთა მიერ მოუაზრებელი შინაარსის მინიჭება, არამედ განმარტებით მიღწეულ უნდა იქნეს მხარეთა ქმედებებისა და გამოთქმების ერთიან, ლოგიკურ ჯაჭვში მოქცევა, რომლითაც რომელიმე სახელშეკრულებო პირობას ძალა კი არ დაეკარგება, არამედ იმოქმედებს სხვა პირობებთან კოორდინირებულად (მრავალთა შორის იხ. სუსგ-ები: №ას-425-425-2018, 18.02.2021.წ; №ას-1144-1090-2014, 23.02.2015წ.). ნების გამოვლენის განმარტებისას იურიდიული ლიტერატურა და სასამართლო პრაქტიკა თანხმდება, რომ ნება უნდა განიმარტოს ნების მიმღების და არ მისი გამომვლენის თვალსაწიერიდან, ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს (იხ. კერესელიძე დ. კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, თბილისი, 2009, გვ. 251- 256; სუსგ №ას-1190-2021, 22.02.2022წ; №ას-950-2022, 30.09.2022წ). ნების გამოვლენის განმარტებისას ფრაზისა თუ ქმედების შინაარსის შესაფასებლად სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო ბრუნვის ჰიპოთეტური, გონიერი მონაწილის სტანდარტით, ნების მიმღების პოზიციიდან.

14. პალატის მითითებით, მოსარჩელე სს „ფ.ბ.ს–ოს“ ბათუმის ფილიალში დასაქმებული იყო 2019 წლის 3 ოქტომბრიდან ავტოლომბარდის ექსპერტ/შემფასებლად. უდავოა, რომ 2021 წლის 18 ოქტომბერს სს „ფ.ბ.ს–ო“ შეერწყა მოპასუხე ბანკს და ეს უკანასკნელი გახდა მისი უფლებამონაცვლე. რეორგანიზაციის პროცესში იმართებოდა მოლაპარაკებები მოსარჩელის მოპასუხე ბანკში მუშაობასთან დაკავშირებით, ხოლო მოსარჩელისათვის შეთავაზებულ თანამდებობაზე დასაქმებულმა საბოლოოდ უარი განაცხადა, ვინაიდან სამუშაოს პირობები იცვლებოდა მისდა საზიანოდ (იყო ავტოსესხების საკრედიტო ოფიცერი, მისი სამუშაო პროფილი სესხის ოფიცრის როლი მისთვის არ იყო მისაღები, ისევე, როგორც მოპასუხე ბანკის სამუშაო გარემო და სპეციფიკა, რომელსაც ნეგატიური გავლენა ექნებოდა მის სამუშაოსა და შედეგებზე). ნიშანდობლივია, რომ დამსაქმებელს სადავოდ არ გაუხდია, რომ შეთავაზებული თანამდებობა მოიცავდა განსხვავებულ შრომით აღწერილობას (მოპასუხე ბანკი არ შესდავებია მოსარჩელის არგუმენტს ახლად შეთავაზებული სამუშაო პირობების გაუარესებასთან დაკავშირებით). ეს გარემოებები კი მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ დასაქმებული იძულებული გახდა, უარი ეთქვა შეთავაზებულ სამუშაოზე და, შესაბამისად, დამსაქმებელ ბანკში მუშაობის გაგრძელებაზე. პალატის მითითებით, საქმის გარემოებები ცხადყოფს ფაქტს, რომ დამსაქმებელმა ამ მოქმედებით, ცალმხრივად თავად გამოხატა დასაქმებულებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე ნება. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ დასაქმებულს სამსახურიდან წასვლის თაობაზე ოფიციალური განცხადება არ დაუწერია. ამასთან, დასაქმებულმა შემდგომში ფაქტობრივად უარყო მის მიერ გამოვლენილი ცალმხრივი ნება და 2021 წლის 7 დეკემბრის ელექტრონულ წერილში დააფიქსირა, რომ შრომითი ხელშეკრულება შეწყდა დამსაქმებლის ინიციატივით, რის გამოც დამსაქმებელს სთხოვდა 2 თვის კომპენსაციისა და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დამსაქმებლის მტკიცების საგანში შემავალი გარემოების (მოსარჩელის ინიციატივით, სამუშაოს საკუთარი ნებით დატოვების თაობაზე) დაუდასტურებლობის შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად დაასკვნეს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლებით მისი შრომითი უფლებების ხელყოფა.

15. პალატის მითითებით, კასატორის პრეტენზია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებითაც, დაუსაბუთებელია. სადავო არ არის, რომ სასარჩელო მოთხოვნა დამსაქმებლის ინიციატივით შეწყვეტილი შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე კომპენსაციის გადახდის ვალდებულებას ეხება, რის გამოც არ გამოიყენება სშკ-ის 48.6-ე მუხლით განსაზღვრული სპეციალური მოწესრიგება, რომელიც 30-დღიან ვადას აწესებს.

16. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

17. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

18. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „კ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. სს „კ.ბ–ს“ (ს/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის (საგადახდო დავალება №9912339 / გადახდის თარიღი 2023.06.13) 70% - 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

გიზო უბილავა