19 მარტი 2025 წელი
№ას-124-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ლ.ყ–ი
მოწინააღმდეგე მხარე - თ.გ–ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თ.გ–მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე ლ.ყ–ის მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების მიზნით, მოსარჩელეს დაევალა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გაგზავნა მოპასუხისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლში მითითებული მოთხოვნის შესაბამისად. მოპასუხეს დაევალა გზავნილში მითითებული ვადის დაცვით პასუხის (შესაგებლის) წარმოდგენა, ამავე დროს განემარტა სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადით პასუხის (შესაგებლის) არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში, ზეპირი მოსმენის გარეშე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
3. 2023 წლის 24 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ მოპასუხეს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე, ქ. თბილისი, ............. საფოსტო უკუგზავნილის თანახმად, სარჩელი თანდართული მასალებით 2023 წლის 13 თებერვალს ჩაბარდა მოპასუხე ლ.ყ–ის მამას, ი.ყ–ს (ს.ფ. 33). წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს დანიშნული ჰქონდა 10-დღიანი ვადა. შესაბამისად, მოპასუხეს შესაგებელი უნდა წარედგინა სასამართლოში 2023 წლის 23 თებერვლის ჩათვლით. მოპასუხემ შესაგებელი სასამართლოში წარადგინა 2023 წლის 27 თებერვალს. აღნიშნული შესაგებლით მოპასუხემ წარადგინა განცხადება საბუთის (2020 წლის 08 ნოემბრის ვალის აღების შეთანხმების) სიყალბის შესახებ (ს.ფ. 35-45).
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხე ლ.ყ–ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე თ.გ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ლ.ყ–ს მოსარჩელე თ.გ–ის სასარგებლოდ, 2020 წლის 08 ნოემბრის ვალის აღების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე, დაეკისრა 30000 ა.შ.შ. დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.
5. დაუსწრებელი გადაწყვეტილება 2024 წლის 27 თებერვალს საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ დედამისს 2023 წლის 09 თებერვალს დაუდასტურდა კოვიდინფექცია (ს.ფ. 219-220) და, რადგან სასამართლო გზავნილი ჩაიბარა მამამისმა, რომელიც დედამისის კონტაქტს წარმოადგენდა, ვერ გადასცა სარჩელი მოპასუხეს (შვილს).
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 ივლისის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 01 მარტის განჩინებით ლ.ყ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და საქმის განხილვის განახლება მოითხოვა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2024 წლის 01 მარტის განჩინება. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასაბუთება და დამატებით განმარტა შემდეგი:
8.1. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლზე, რომლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. ამავე კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. პალატამ ასევე განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილი შეიცავს იმ შემთხვევების ჩამონათვალს რა დროსაც დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა.
8.2. განსახილველ შემთხვევაში, პალატის განსჯით საქმეში არსებული საფოსტო შეტყობინებით დასტურდებოდა, რომ სარჩელი თანდართული მასალებით 2023 წლის 13 თებერვალს ჩაბარდა მოპასუხე ლ.ყ–ის მამას, ი.ყ–ს (ს.ფ. 33). წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს განსაზღვრული ჰქონდა 10 დღის ვადა, მაგრამ მოპასუხემ დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარმოადგინა და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ არ უცნობებია სასამართლოსათვის.
8.3. აპელანტის აზრით, სასამართლომ მოპასუხისათვის სარჩელის ჩაბარების თარიღი არასწორად განსაზღვრა 2023 წლის 13 თებერვლით, მისი აზრით, შესაგებლის შეტანის ვადა უნდა ათვლილიყო 2023 წლის 24 თებერვლიდან, როდესაც მას გადაეცა სარჩელი, რასაც იმით ხსნიდა, რომ მისი მშობლები კოვიდინფიცირების გამო იზოლირებული იყვნენ და საქმის მასალები შვილს სრულად გამოჯანმრთელებამდე ვერ გადასცეს. აპელანტის აზრით, სასამართლომ ასევე არასწორად მიიჩნია, რომ მოპასუხის მამის მიერ საქმის მასალების ჩაბარების მომენტში გასული იყო კანონით განსაზღვრული იზოლაციის სავალდებულო 5-დღიანი ვადა. კოვიდ ტესტზე უარყოფითი პასუხის მიღებამდე მისი მშობლები უნდა ყოფილიყვნენ იზოლირებული. სასამართლომ არასწორადვე დაადგინა, რომ მოპასუხე მხარე ცხოვრობდა მშობლებთან ერთად. მოპასუხის განმარტებით, მისამართზე რეგისტრაცია არ ნიშნავს და არ წარმოქმნის იქ ცხოვრების პრეზუმფციას. ამის გარდა, აპელანტის განმარტებით, მას არ გაუფორმებია თ.გ–თან სესხის ხელშეკრულება და არ მიუღია მისგან სესხის თანხა. შესაბამისად, თანხის დაბრუნების ვალდებულებაც არ არსებობდა.
8.4. პალატამ აპელანტის პრეტენზიები არ გაიზიარა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლზე მითითებით უწყება მოპასუხისათვის ჩაბარებულად მიიჩნია.
8.5. საკასაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლზე, როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მომწესრიგებელ ნორმაზე. ამასთან, იმსჯელა ამავე კოდექსის 233-ე მუხლის მესამე ნაწილზე, რომელიც ჩამოთვლის შემთხვევებს, როდესაც მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და 215-ე მუხლის მესამე ნაწილზე მითითებით, ჩამოთვალა, რა განიხილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისთვის საპატიო მიზეზად.
8.6. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის პრეტენზია შესაგებლის დაგვიანებით წარდგენის საპატიო მიზეზებთან დაკავშირებით და განმარტა, რომ 2023 წლის 13 თებერვალს, მოქმედი „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების თანახმად, კორონავირუსის შემთხვევასთან კონტაქტირებული ფიზიკური პირის იზოლაციის ვადა გასული იყო, რადგან ადრესატის დედას კორონავირუსის შემთხვევა დაუდასტურდა - 2023 წლის 09 თებერვალს, ხოლო გზავნილი მამამ ჩაიბარა - 2023 წლის 13 თებერვალს. ამასთან, პალატამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ გზავნილის მიმღები ი.ყ–ი და მოპასუხე/აპელანტი ცხოვრობენ ერთ მისამართზე, რაც მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შესაგებლითაც დასტურდებოდა. ამის საწინააღმდეგო მტკიცებულება კი აპელანტს სასამართლოში არ წარმოუდგენია. შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებდა აპელანტის განმარტებას, რომ კოვიდ-ტესტზე უარყოფითი პასუხის მიღებამდე მოპასუხე მხარის მშობლები იზოლირებული უნდა ყოფილიყვნენ და მისამართზე რეგისტრაციით ვერ დადასტურდებოდა მოპასუხის მშობლებთან ცხოვრება.
8.7. პალატამ იმსჯელა სამოქალაქო სამართალში მოქმედ შეჯიბრებითობის პრინციპზე, ამასთან მიუთითა მტკიცების ტვირთის სტანდარტებზე და დაადგინა, რომ მოპასუხის/აპელანტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებით არ დასტურდებოდა საჩივარში/სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებები იმგვარად, რომ მას ჰქონდა შესაგებლის დაგვიანებით წარდგენის იმგვარი საპატიო მიზეზი, რაც შეუძლებელს ხდიდა მისი მხრიდან შესაგებლის დადგენილი ვადის მიხედვით წარდგენას.
8.8. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის არც ის პრეტენზია, რომ მოპასუხე მხარეს არ გაუფორმებია თ.გ–თან სესხის ხელშეკრულება და არ მიუღია მისგან სესხის თანხა, რის გამოც თანხის დაბრუნების ვალდებულებაც არ არსებობდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატამ მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: სასამართლომ მოპასუხის მიერ შესაგებლის წარდგენის შემდგომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები სრულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, რადგან მოპასუხე წარმოდგენილი შესაგებლით აცხადებდა საბუთის (2020 წლის 08 ნოემბრის შეთანხმება ვალის აღების შესახებ (ს.ფ. 19)) სიყალბის შესახებ. საბუთის ნამდვილობის დადგენამდე სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია დაუსწრებელ გადაწყვეტილების მიღება, რადგან არაგონივრულად ჩათვალა იმ დოკუმენტის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება, რომლის ნამდვილობის (კანონიერების) საკითხი საეჭვო იყო და, შესაძლოა, შემდგომში გამხდარიყო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. შესაბამისად, საქმის განხილვის მიზნით დაინიშნა სასამართლო სხდომა 2023 წლის 28 აპრილს, 17:00 საათზე, №63 სხდომის დარბაზში. მითითებულ სხდომაზე მხარეებს მიეცათ გარკვეული დავალებები მოგვიანებით, სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული მართებულების შესაფასებლად, მოპასუხის მითითების (ხელმოწერის გაყალბების) არსებითი ხასიათიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის განხილვის გაგრძელებამდე უნდა გამართულიყო კალიგრაფიული ექსპერტიზა მოპასუხის მითითების შესამოწმებლად და სასამართლოს 2023 წლის 04 ივლისის განჩინებით, სამოქალაქო საქმეზე №2/2599-23 დაინიშნა კალიგრაფიული ექსპერტიზა. 2023 წლის 20 ოქტომბერს ს.ს.ი.პ. „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ“ სასამართლოში წარადინა 2023 წლის 27 სექტემბრის ექსპერტიზის დასკვნა №006740123, რომელშიც აღნიშნული იყო შემდეგი: „1. ხელმოწერა, ლ.ყ–ის სახელით განლაგებული: შეთანხმებაზე ვალის აღების შესახებ 08.11.2020 წლის თარიღით (ს.ფ.61), გრაფაში: „მოვალე“, შესრულებულია ლ.ყ–ის მიერ. 2. ხელმოწერა, ლ.ყ–ის სახელით ტექსტის სახით, განლაგებული: შეთანხმებაზე ვალის აღების შესახებ 08.11.2020 წლის თარიღით (ს.ფ.61), გრაფაში: „მოვალე“, შესრულებულია ლ.ყ–ის მიერ“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით განახლდა საქმის წარმოება და საქმის განხილვის მიზნით, სასამართლოს სხდომა დაინიშნა 2023 წლის 15 ნოემბერს, 10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, №65 სხდომის დარბაზში.
სასამართლომ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის, მოწმეთა ჩვენებების შეფასების და მხარეთა პოზიციების გაცნობის შედეგად, მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები სრულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, არ არსებობდა საბუთის სიყალბის გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება და შესაგებლის წარუდგენლობის გამო, მიიღო სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
8.9. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, პალატამ დამატებით განმარტა სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის მნიშვნელობა და არსი. მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
8.10. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე პალატამ განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის საკმარისია იმ პროცესუალური შემადგენლობის ნიშნების არსებობა, როგორიცაა, სარჩელისა და თანდართული დოკუმენტაციის მოპასუხისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარება და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, არასაპატიო მიზეზით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების კუმულაციურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები (სარჩელში მითითებული ფაქტები) ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას.
8.11. სააპელაციო სასამართლომ ასევე იმსჯელა, რას მოიაზრებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოს მხრიდან სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა და მიიჩნია, რომ სასამართლოს მიერ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ყოველგვარი საპროცესო მოქმედებების გარეშე, ვინაიდან სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოაქვს იმ შემთხვევაში, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას და ასეთ დროს სასამართლო არ იკვლევს მტკიცებულებებს. ამასთან, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების, შესაგებლის წარუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების რეჟიმში დადასტურებულად მიიჩნევა.
8.12. სასამართლოს საპროცესო მოქმედებებთან მიმართებით პალატამ მიუთითა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო არ იხედება საქმეში, არ ამოწმებს და აფასებს მტკიცებულებებს, რადგან გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები დამტკიცებულად მიიჩნევა და ეს საჭირო აღარ არის. ანალოგიურად, მოპასუხე მხარის მიერ არასაპატიო მიზეზით შესაგებლის წარუდგენლობისას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის კონტექსტით დადგენილად მიიჩნევა დავის ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლო დამტკიცებულად მიჩნეულ ფაქტებს აფასებს იურიდიულად და, სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოაქვს იმ შემთხვევაში, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
8.13. განსახილველ შემთხვევაში, პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლოს მოქმედებები სცდებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების რეჟიმში მიღებული გადაწყვეტილების შემოწმების ფარგლებს და წარმოადგენდა მტკიცებულებათა გამოკვლევას. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში, თუ იარსებებდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის საფუძველი და მოსამართლე ჩანიშნავდა სხდომას, სხდომის შემთხვევაშიც მოპასუხისაგან მტკიცებულებები არ მიიღებოდა და სასამართლო მოისმენდა მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ თვალსაზრისითაც მტკიცებულებათა კვლევის შესახებ სასამართლოს მოქმედება არ შეესაბამებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის დანაწესს. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებები არ მიიღება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
8.14. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები ქმნიდა მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის შემადგენლობას და, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო, დადასტურებულად უნდა მიჩნეულიყო. (1. თ.გ–სა ლ.ყ–ს შორის 2020 წლის 08 ნოემბერს წერილობით (შეთანხმება ვალის აღების შესახებ) გაფორმდა ხელშეკრულება და სესხის თანხად განისაზღვრა 30 000 (ოცდაათი ათასი) დოლარი უპროცენტოდ. 2. სესხის თანხა ლ.ყ–ს უნდა დაებრუნებინა 2021 წლის 08 აპრილს. 3. 2021 წლის 08 აპრილის შემდეგ, ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით ლ.ყ–თან კომუნიკაციის შემდეგ დაიგეგმა შეხვედრა, თუმცა ლ.ყ–მა მოსარჩელე მხარის სატელეფონო ზარებს და მოკლეტექსტურ შეტყობინებებს არ უპასუხა. 4. მოპასუხეს მოსარჩელისათვის არ დაუბრუნებია სესხის თანხა 30 000 - ა.შ.შ. დოლარი). სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. ამავე კოდექსის 361- ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სასარჩელო მოთხოვნას იურიდიულად ამართლებდა და ვლინდებოდა ყველა ის წინაპირობა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო.
8.15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ დაასკვნა, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას და დამატებით მტკიცებულებათა კვლევის საჭიროებაც აღარ არსებობდა, რის გამოც, სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
9.1. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილ გარემოებად, რომ 2023 წლის 13 თებერვალს მოპასუხეს ჩაჰბარდა სარჩელი, რადგან ამ დროს სარჩელი მოპასუხის მამამ ჩაიბარა. კასატორის აზრით, სარჩელი ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს და შესაგებლის შეტანის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს იმ თარიღიდან, როდესაც მოპასუხეს რეალურად გადაეცა.
9.2. სასამართლომ არასწორადვე მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო, დაედასტურებინა სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის მიხედვით შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზი. კასატორის აზრით, მოპასუხისათვის სარჩელის ჩაბარების თარიღად 2023 წლის 13 თებერვალიც რომ მივიჩნიოთ, მაინც ვერ დაიწყებოდა მითითებული თარიღიდან შესაგებლის წარდგენის ვადის ათვლა, რადგან არსებობდა ობიექტური გარემოება, კერძოდ, მოპასუხის მამა მოპასუხის კოვიდინფიცირებულ დედასთან ერთად იზოლირებული იყო. სწორედ, ზემოაღნიშნული მიზეზების გამო ვერ მოახეხა მოპასუხემ საქმის მასალების გაცნობა და შესაგებლის წარდგენა. საქმის მასალების გაცნობიდან, 2023 წლის 24 თებერვლიდან კი, მან კანონით დადგენილი ვადის დაცვით შეიტანა შესაგებელი.
9.3. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოპასუხის მამის მიერ საქმის მასალების ჩაბარების მომენტში, 2023 წლის 13 თებერვალს, გასული იყო მოპასუხის დედის მიერ კანონით განსაზღვრული იზოლაციის სავალდებულო 5-დღიანი ვადა. ტესტის უარყოფითი პასუხის მიღებამდე მოპასუხის მშობლები იზოლირებული უნდა ყოფილიყვნენ.
9.4. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ თ.გ–სა და ლ.ყ–ს, შორის 2020 წლის 08 ნოემბერს წერილობით გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად ლ.ყ–მა სესხის სახით მიიღო ხოლო თ.გ–მა ასესხა 30 000 აშშ დოლარი, რომელიც მოპასუხე მხარეს უნდა დაებრუნებინა 2021 წლის 08 აპრილს. მოპასუხეს თ.გ–თან არ გაუფორმებია სესხის ხელშეკრულება, და არ მიუღია მისგან სესხის თანხა, შესააბამისად თანხის დაბრუნების ვალდებულება არ არსებობს.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
14.1. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერება, რომლითაც უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობას კი, მოცემულ შემთხვევაში, წარმოადგენდა სასამართლოს დასკვნა მასზედ, რომ მოპასუხემ, საამისოდ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 10-დღიან ვადაში, არ წარადგინა შესაგებელი თ.გ–ის მიერ აღძრულ სარჩელზე.
14.2. საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შეფასების მიზნებისათვის, უწინარესად, პალატა მიმოიხილავს საპროცესო-სამართლებრივ საკითხებს, რომლებიც წინამდებარე საქმისათვის არის რელევანტური, ხოლო შემდგომ შეუდგება აღძრული სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით კვლევას.
14.3. თანხის დაკისრების შესახებ ლ.ყ–ის მიმართ თ.გ–ის მიერ აღძრულ სარჩელში მოპასუხის მისამართად განისაზღვრა: თბილისი, ........... საგულისხმოა, რომ საქმეში წარდგენილ ყველა საპროცესო დოკუმენტში - ვადის დარღვევით წარდგენილ შესაგებელში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების წინააღმდეგ წარდგენილ საჩივარში, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებში - მოპასუხე საკუთარ ძირითად მისამართად (ფაქტობრივ ადგილსამყოფელად) აფიქსირებს სწორედ სარჩელში მითითებულ მისამართს. ამდენად, საკასაციო პალატას უდავო გარემოებად მიაჩნია ლ.ყ–ის თბილისში, .......... ცხოვრების ფაქტი.
14.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს.
14.5. დასახელებული კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
14.6. დადგენილია, რომ თ.გ–ის მიერ გაგზავნილი სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლი, სარჩელში მოპასუხის საცხოვრებელ ადგილად მითითებულ მისამართზე, ჩაიბარა მოპასუხის მამამ, ი.ყ–მა, 13.02.2023 წელს.
14.7. სსსკ 59.1 მუხლის შესაბამისად, 1. საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. 2. თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა.
14.8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს.
14.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, 1. საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში; 2. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
14.10. დადგენილია, რომ შესაგებლის წარსადგენად მოპასუხეს დაენიშნა 10 დღის ვადა. ამრიგად, შესაგებლის წარსადგენად განსაზღვრული ვადის დენა დაიწყო 2023 წლის 14 თებერვალს, ხოლო ამავე ვადის უკანასკნელ დღეს წარმოადგენდა 2023 წლის 23 თებერვალი.
14.11. დადგენილია, რომ დასახელებულ ვადაში სასამართლოში მოპასუხის შესაგებელი არ წარდგენილა, არამედ იგი სასამართლოში დარეგისტრირდა 2023 წლის 27 თებერვალს, ესე იგი, შესაგებლის წარდგენის ვადის ამოწურვიდან მე-4 დღეს. შესაგებელსვე დაერთო ლ.ყ–ის განცხადება, რომლის თანახმადაც, მისამართზე თ.გ–ის სარჩელი და თანდართული დოკუმენტები ასლები ჩაიბარა მოპასუხის რეგისტრაციის მისამართზე მცხოვრებმა მოპასუხის დედამ - მ.ყურმაშვილმა, რომელიც, ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა იზოლაციაში COVID19 ვირუსის ქონის გამო. გზავნილის მიმღებმა აღნიშნული გზავნილის არსებობის თაობაზე მოპასუხის ინფორმირება მოახერხა მხოლოდ 2023 წლის 24 თებერვალს. განცხადებაში მოთხოვნილია, საქმის განხილვისას, მათ შორის, პროცესუალური ვადების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, სასამართლოს მხედველობაში მიეღო ამავე განცხადების შინაარსი. განცხადებას დაერთვის მ.ყ–ის მიერ 25.02.2023 წელს ჩატარებული სეროლოგიური კვლევის შედეგი, რომლის თანახმადაც, SARS-COV-2 ანტიგენის სწრაფი ტესტის პასუხი ნეგატიურია.
14.12. სსსკ 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
14.13. ციტირებული ნორმებიდან გამომდინარე, საპროცესო ვადის უგულებელყოფით დოკუმენტის წარდგენა უთანაბრდება დოკუმენტის წარუდგენლობას და სასამართლოს ევალება მისი განუხილველად დატოვება, ხოლო თუ მისი ვადაში წარუდგენლობის მიზეზი საპატიოდ მიაჩნია, სსსკ 65-ე მუხლი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა აღადგინოს.
14.14. საგულისხმოა, რომ სასამართლოს, წინამდებარე საქმეში არც შესაგებელი დაუტოვებია განუხილველად და არც მისი წარდგენის ვადა აღუდგენია, არამედ, დანიშნა სასამართლო სხდომა სსსკ 2321 მუხლის შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით მოპასუხის სამართლებრივი მოსაზრებების მოსასმენად, ვინაიდან მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული ფაქტები სრულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, ვინაიდან ვადის დარღვევით წარდგენილი შესაგებლით მოპასუხე უარყოფდა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიჩნეულ ხელშეკრულებაზე არსებული ხელმოწერის მისდამი კუთვნილებას.
15. უწინარესად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელია, სასამართლო ზედმიწევნით მისდევდეს საპროცესო კანონმდებლობით შემოთავაზებულ პროცედურულ წესთა ერთობლიობას. პროცესუალური ნორმებით დადგენილი წესრიგის მოდიფიცირება სასამართლოს მიხედულებით დაუშვებელია, რადგან საპროცესო ნორმები საჯარო სამართლის სფეროს მიეკუთვნება, რომელიც, თავის მხრივ, ეფუძნება პრინციპს, რომ აკრძალულია ყველაფერი, რაც კანონით დაშვებული არ არის.
16.1. პალატის განსჯით, პირველი ინსტანციის სასამართლოს ვადის დარღვევით წარდგენილი შესაგებლისა და მასზე თანდართული განცხადებით, უწინარესად, უნდა გაეკვლია, ხომ არ არსებობდა შესაგებლის ვადაში წარუდგენლობის საპატიო გარემოება და, მაშასადამე, გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენის საფუძველი. მართალია, აღნიშნული კვლევა პირველი ინსტანციის სასამართლომ, საბოლოო ჯამში, აწარმოა კიდეც, თუმცა, პალატის განსჯით, საამისოდ არასწორ საპროცესო ეტაპზე, დაგვიანებულად, ისე, რომ უკვე გაწეული ჰქონდა არაერთი არასაჭირო და მეტიც, მოსარჩელის საუარესოდ მხარეთა შეჯიბრებითობის მრღვეველი საპროცესო მოქმედება - სასამართლო სხომების დანიშვნის, მოწმეთა დაკითხვისა და ექსპერტიზის ჩატარების ჩათვლით.
16.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, ამავე კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
16.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, ამ კანონის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
16.4. კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – შესაგებლის წარუდგენლობას. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს სსსკ-ის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
16.5. ამდენად, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ყველა გარემოება, რაზეც მხარე აპელირებს (იხ. სუსგ. №ას-920-2019, 27.11.2019წ.).
16.6. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა. იმისათვის, რათა სასამართლომ მხარის მიერ მითითებული გარემოება გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, სამართალშემფარდებელს უნდა შეექმნას მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა (იხ. სუსგ. №ას-806-806-2018, 20.07.2018წ.).
16.7. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას შესაგებლის წარდგენის ვადის არასაპატიოობასთან მიმართებით და შენიშნავს შემდეგს: 27.02.2023 წლის განცხადებაში მოპასუხე მითითებს, რომ სარჩელი თანდართული მასალებით ჩაიბარა მისმა კოვიდინფიცირებულმა დედამ, სინამდვილეში კი, სარჩელის ასლის ჩაბარების დამადასტურებელ საფოსტო უკუგზავნილს ხელს აწერს მოსარჩელის მამა - ი.ყ–ი. ამავდროულად, საქმეში წარდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოპასუხის მისამართზე მცხოვრები პირი (მოპასუხის განმარტებით, დედა) შესაგებლის წარდგენის ვადის მიმდინარეობისას ნამდვილად კოვიდინფიცირებული იყო. საქმეში წარდგენილი 25.02.2023 წლით დათარიღებული SARS-COV-2 ანტიგენის ტესტის პასუხი, მით უფრო, უარყოფითი, არ ადასტურებს გარემოებას, რომ წინარე პერიოდში, სახელდობრ, 2023 წლის 14 თებერვლიდან 23 თებერვლამდე დროის შუალედში, მ.ყ–ი ინფიცირებული იყო COVID 19-ით, რის გამოც, მოპასუხის მამას სავალდებულო იზოლაციაში ყოფნა მოუწია, აღნიშნულმა კი, სარჩელისა და თანდართული მასალების საბოლოო ადრესატისათვის უშუალო გადაცემა დააბრკოლა. ამ გარემოებათა სარწმუნოდ დადასტურების გარეშე, შეუძლებელია, სასამართლო მივიდეს დასკვნამდე, რომ შესაგებლის წარდგენის საპროცესო ვადის რღვევა ჯანმრთელობის მდგომარეობით განპირობებულმა საპატიო გარემოებამ გამოიწვია.
17. ამდენად, დაგვიანებით წარდგენილი შესაგებლის შემთხვევაშიც, სასამართლოს უნდა ემოქმედა ისე, როგორც იმოქმედებდა, შესაგებელი საქმეში საერთოდ რომ არ წარდგენილიყო. შესაგებლის წარუდგენლობისას კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით შემოთავაზებულია შემდეგი წესრიგი:
17.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.
17.2. ამავე კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
17.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტებით, 2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი №5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება №ას-664-635-2016, 02.03.2017წ.)
17.4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 2321 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ წარმოადგენს საქმის განმხილველი სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, რომლის დროსაც სასამართლო თვითონ წყვეტს საკითხს ამგვარი გადაწყვეტილების გამოტანის მიზანშეწონილობას, არამედ, კანონით განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა სასამართლოს ვალდებულებად გვევლინება. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ერთ-ერთ წინაპირობად მოსარჩელის შუამდგომლობის არსებობას, როგორც ეს გათვალისწინებულია სსსკ-ის 230-ე მუხლში, კანონმდებელი არ ითვალისწინებს შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევისათვის. სსსკ-ის 2321 მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის საკმარისია იმ პროცესუალური შემადგენლობის ნიშნების არსებობა, როგორიცაა: 1. სარჩელისა და თანდართული დოკუმენტაციის მოპასუხისათვის სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარება და 2. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, არასაპატიო მიზეზით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების კუმულატიურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, ხოლო, სარჩელის დაკმაყოფილების მიზნებისათვის კი, სახეზე უნდა იყოს ერთი დამატებითი პირობაც, როგორიცაა სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული მართებულობა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება №ას-121-117-2016, 17.03.2016წ.).
17.5. როგორც უკვე აღინიშნა, სარჩელისა და მასზე დართული დოკუმენტების ასლები, სსსკ 74.1 მუხლის მე-3 და მე-4 წინადადებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას უშუალოდ მოპასუხისათვის გადაცემულად მიაჩნია; ამასთან, კასატორი არ აპელირებს შესაგებლის ვადაში წარუდგენლობის თანმდევი შედეგების არცოდნაზე. ამასთან, საქმეში დაცული, სასამართლოს მოხელის მიერ შედგენილი, გზავნილის ასლით დასტურდება, რომ მოპასუხეს წერილობით განემარტა შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის თანმდევ შედეგად დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა (ს.ფ. 30).
17.6. ამრიგად, პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის საკვლევ ერთადერთ გარემოებას წარმოადგენდა ის, თუ რამდენად ამართლებდა სარჩელში მითითებული გარემოებები სასარჩელო მოთხოვნას.
18.1. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოთხოვნის დამფუძნებელი მატერიალურსამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა დამფუძნებელი ნორმის შემადგენლობას. მითითებულ წინაპირობათაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა იწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმასა და მხარეთა დაბარებას სასამართლო სხდომაზე. ასეთ შემთხვევაში, განსხვავებულია მოპასუხის უფლებრივი მდგომარეობა, კერძოდ, მოპასუხისაგან მტკიცებულებები არ მიიღება, სამართლებრივი ბალანსი იმგვარია, რომ მოპასუხეს მხოლოდ სამართლებრივი შესაგებლის წარდგენის უფლება აქვს, ანუ თავდაცვის საპროცესო საშუალება მხოლოდ მოთხოვნასთან მიმართებით მისი სამართლებრივი მოსაზრებით შემოიფარგლება (იხ. სუსგ.№ას-975-2019, 05.06.2020.).
18.2. წარმოდგენილი სარჩელი მიუთითებდა შემდეგ ფაქტობრივ ელემენტებზე: 1. მოსარჩელემ, მოპასუხეს, 2020 წლის 08 ნოემბერს, წერილობითი ვალის აღიარების შეთანხმების საფუძველზე ასესხა 30 000 დოლარი; 2. თანხის მიღების ფაქტს მოვალე ადასტურებს აღიარების ხელწერილზე ხელმოწერით; 3. ვალის დაბრუნების თარიღად განისაზღვრა 2021 წლის 08 აპრილი; 4. მოვალეს ვალდებულება არ შეუსრულებია.
18.3. სარჩელში, სახელდობრ, დავის ფაქტობრივი გარემოებების 1-ელ-მე-4 გრაფაში მითითებული ფაქტები, პალატის განსჯით, პირველი ინსტანციის სასამართლოს აძლევდა საფუძელს, მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის, სსკ 341.1 მუხლის ყველა წანამძღვრები დაკმაყოფილებულად მიეჩნია, კერძოდ, დაედგინა, რომ: 1. წერილობითი ფორმით შედგენილი ვალის არსებობის აღიარების დოკუმენტიდან დგინდებოდა ყველა არსებითი პირობა: კრედიტორისა და მოვალის მონაცემები, მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე შესასრულებელი კონკრეტული ვალდებულება და მომავალში მისი შესრულების განზრახვა (იხ. დამატებით: ეკატერინე ბაღიშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, თბილისი 2019, მუხლი 341, ველი 12; შდრ. სუსგ №ას-1485-1401-2012, 11.11.2013წ.). 2. მოპასუხის მხრიდან აღიარებული იყო ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა და ნაკისრი იყო მისი შესრულების ვალდებულება (სუსგ №ას-1133-1079-2014, 30.09.2015წ.; №ას-226-213-2015, 18.05.2015წ.); 3. ვალდებულება სარჩელის აღძვრის ეტაპზე იყო შეუსრულებელი.
18.4. ამ გარემოებათა არსებობის პირობებში კი, ერთადერთი სწორი საპროცესო გადაწყვეტა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება იყო.
18.5. საკასაციო სასამართლო ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო არ იხილავს მტკიცებულებებს და არ შედის მათ არსებით კვლევაში, მსჯელობს მხოლოდ სარჩელში მითითებულ ფაქტებზე და, სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოაქვს იმ შემთხვევაში, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
18.6. საკასაციო პალატის განსჯით, დაგვიანებით წარდგენილი შესაგებლის სასამართლოში რეგისტრაციიდან დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე დროის შუალედში შესრულებული საპროცესო მოქმედებებით პირველი ინსტანციის სასამართლომ უგულებელყო სსსკ 63-ე, 65-ე, 201.1-201.7 მუხლებისა და რაც მთავარია, 2321 მუხლის შინაარსი, კერძოდ, მხედველობაში მიიღოს ვადის დარღვევით წარდგენილ შესაგებელში განხორციელებული მოთხოვნის ნამდვილობის გამომრიცხავი არსებითი შედავება და ამ გარემოების გამოსარკვევად მტკიცებულებათა კვლევას შეუდგა, მათ შორის, დანიშნა სასამართლო ექსპერტიზა და მხოლოდ მას შემდგომ მივიდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე, როდესაც ექსპერტმა, კატეგორიული დასკვნით გააქარწყლა შესაგებლის პოზიცია ვალის აღიარების დოკუმენტზე მოპასუხის ხელმოწერის სიყალბის შესახებ.
18.7. პალატის განსჯით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137.1 მუხლით გათვალისწინებული მხარის შესაძლებლობა, სასამართლო განხილვისათვის მომზადების სტადიაზე განაცხადოს, რომ წარდგენილი საბუთი ყალბია, მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობით სწორედ მოთხოვნის ნამდვილობის გამომრიცხავი შესაგებელია, შესაბამისად, იმ საპროცესო ვითარებაში, როდესაც სასამართლო დგას მოპასუხის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაშე (შესაგებლის წარუდგენლობის/არასაპატიო მიზეზით დაგვიანებით წარდგენის/მოპასუხის სხდომაზე გამოუცხადებლობისა თუ სხდომის მიმდინარეობის თვითნებურად დატოვებისას), შესაგებლის მოტივები, თუნდაც იგი დოკუმენტის სიყალბეზე აპელირებას მიემართებოდეს, მხედველობაში არ მიიღება და არც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას აბრკოლებს, ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე დოკუმენტის ნამდვილობის ექსპერტიზის წესით გადამოწმება ხელყოფს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის ფუძემდებლურ პრინციპებს და რაც მთავარია, კონფლიქტშია დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის არსთან - გარკვეული საპროცესოსამართლებრივი სანქცია დააკისროს მხარეს, რომელიც არასაპატიო მიზეზით სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადის დაცვით შესაგებელს არ წარადგენს ან სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება. თუკი დაუსწრებელი გადაწყვეტილების წინაშე მდგომი სასამართლო შესაგებლის მითითებების შესაბამისად მტკიცებულებათა გამოკვლევას შეუდგება, ამით, პრაქტიკულად, იშლება ზღვარი საქმის არსებითი განხილვის გზით გამოტანილ გადაწყვეტილებასა და დაუსწრებელ გადაწყვეტილებას შორის, რამეთუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მახასიათებელი სწორედ ის არის, რომ მტკიცებულებებისა და საქმის მასალების არსებითი კვლევის სტადიაში სასამართლო არ შედის, იგი მხოლოდ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივი გარემოებების მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმასთან შესაბამისობასა და, მაშასადამე, სარჩელის იურიდიულ გამართულობას ამოწმებს და ამ გზით წყვეტს დავის ბედს (იხ. სუსგ-ები: №ას-1102-2018.18.02.2021წ.; №ას-1003-2023 4.12.2023წ.; №ას-1430-2023 22.03.2024წ.; №ას-1528-2023 27.03.2024წ.; №ას-1553-2023 22.05.2024წ.; Nას-11-2024. 31.07.2024წ.).
19. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის არგუმენტი, რომ მას მოსარჩელესთან სესხის ხელშეკრულება არ გაუფორმებია, არ მიუღია მისგან სესხის თანხა და, შესაბამისად, თანხის დაბრუნების ვალდებულებაც არ არსებობდა, უსაფუძვლოა, რადგან სარჩელზე წერილობითი შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის გამო, დამტკიცებულად ჩაითვალა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წერილობით დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ვალად გადაეცა 30 000 დოლარი, კონკრეტული ვადით, რომლის დადგომისასაც მოვალეს კრედიტორისთვის თანხა არ დაუბრუნებია, ხოლო მოსარჩელემ მოითხოვა თანხის დაბრუნება. სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის შესაბამისად, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც, მართალია, დაგვიანებულად, თუმცა, საბოლოო ჯამში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალით, სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა.
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს. ასეთ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLVI თავში მოცემული წესით საქმის განხილვის დროს მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა, თეორიულად, სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა, საქმის განმხილველ მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება №ას-121-117-2016, 17.03.2016წ.).
21. საქმეზე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერებას შეეხებოდა, ევროსასამართლომ განმარტა, რომ კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით პირველ რიგში უნდა დადგენილიყო, სახელმწიფომ გამოიჩინა თუ არა საკმარისი გულისხმიერება ყველა შესაბამისი ნაბიჯის გადასადგმელად, რათა ეცნობებინა მომჩივნისათვის სამართალწარმოების დაწყების შესახებ და ამ კუთხით, უარი თქვა თუ არა განმცხადებელმა მის უფლებაზე – წარდგენილიყო პროცესზე და დაეცვა საკუთარი თავი; ამას გარდა, საჭიროდ იქნა მიჩნეული იმ გარემოების გამოკვლევა, ეროვნული კანონმდებლობა უზრუნველყოფდა თუ არა განმცხადებელს სათანადო საშუალებებით შეჯიბრებითი სამართალწარმოების განსახორციელებლად, მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა დაუსწრებელი გადაწყვეტილებების შესახებ (საქმე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“ (Gakharia v. Georgia), განაცხადი №30459/13, 17.01.2017წ). 22. მოცემულ შემთხვევაში, როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე, ისე მისი გამოტანის შემდგომ, მოპასუხისათვის უზრუნველყოფილი იყო შეჯიბრებითი სამართალწარმოების განსახორციელებლად ყველა საშუალება. კერძოდ, მას ჰქონდა ჯერ შესაგებლის წარდგენის, შემდგომ კი, გასაჩივრებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისათვის საჭირო მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა, თუმცა მოპასუხეს არც რაიმე მტკიცებულება და არც კვალიფიციური შედავება დაუსწრებელი გადაწყვეტილების წინააღმდეგ არ წარუდგენია.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარემ ვერ წარადგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების წინაპირობა გახდებოდა.
24. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია. 26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის გამო, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 4241.10 ლარის 70%, რაც შეადგენს 2968.77 ლარს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ.ყ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ლ.ყ–ს (პ/ნ .........) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 4241.10 ლარის (საგადახდო დავალება № 24931011498, გადახდის თარიღი: 06.12.2024წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „საქართველოს ბანკი“) 70% – 2968 ლარი 77 თეთრი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი