31 ოქტომბერი 2023 წელი
№ას-330-2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე _ შ.პ.ს. ,თ.თ.ე.ბ–ს"
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა
დავის საგანი _ პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „შეგებებული სარჩელით მოპასუხე“, „I აპელანტი“ „კასატორი“, „შემსყიდველი“) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შ.პ.ს. „თ.თ.ე.ბ“-ის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „შეგებებული სარჩელის ავტორი“, „II აპელანტი“, „კასატორის მოწინააღმდეგე მხარე“, „მიმწოდებელი“) მიმართ, პირგასამტეხლოს _ 5 591.14 ლარის გადახდის მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები:
2.1. 03.06.2021 წელს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, შ.პ.ს. „თ.თ.ე.ბ“-ს მოთხოვნიდან 90 დღის ვადაში შემსყიდველისთვის უნდა მიეწოდებინა კონკრეტული მახასიათებლების საბურავები. ხელშეკრულებს ჯამური ღირებულება განისაზღვრა 235 310 ლარით. სამინისტროს 2021 წლის 08 ივნისის წერილით მოპასუხეს ეთხოვა, მიეწოდებინა: 215/75 R 17.5 საბურავი - 60 ცალი; 275/70 R 22.5 საბურავი - 58 ცალი; 295/80 R 22.5 საბურავი - 44 ცალი; 315/80 R 22.5 საბურავი - 158 ცალი; 315/80 R 22.5 საბურავი - 102 ცალი. წერილი მოპასუხეს ჩაბარდა 2021 წლის 10 ივნისს, შესაბამისად, მიწოდება 2021 წლის 08 სექტემბრის ჩათვლით უნდა განხორციელებულიყო.
2.2. შ.პ.ს. „თ.თ.ე.ბ“-მა ვერ უზრუნველყო მოთხოვნიდან 90 დღის ვადაში საქონლის მიწოდება, რის გამოც წარმოეშვა ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ანაზღაურების ვალდებულება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მისაწოდებელი საქონლის ღირებულების 0.5%-ის ოდენობით. ვადაგადაცილებული დღეებისა და მიწოდებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, მოპასუხეს ჯამში დაეკისრა 17 458.64 ლარის ოდენობის პირგასამტეხლო, საიდანაც, 11 867.5 ლარი ანაზღაურებულია საბანკო გარანტიის ფარგლებში, ს.ს. „თ.ბ“-ს მხრიდან. დარჩენილი 5 591.14 ლარი მოპასუხეს დღემდე არ აუნაზღაურებია.
მოპასუხის პოზიცია:
3. სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, გამორიცხა საქონლის მიწოდების ვადაგადაცილებაში მისი ბრალეულობა და განმარტა, რომ ვადების რღვევა გამოწვეული იყო მსოფლიოში შექმნილი კოვიდ პანდემიის საფუძველზე დაწესებული შეზღუდვებით, რის შესახებაც დროულად ეცნობა შემსყიდველს. ამდენად, ფორს-მაჟორული სიტუაცია გამორიცხავდა პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობების არსებობას. მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%), იყო არაგონივრული და მისი ოდენობა უნდა შემცირებულიყო 0.02%-მდე.
შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა:
4.1. შ.პ.ს. „თ.თ.ე.ბ“ გათავისუფლდეს დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდისგან და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისროს საბანკო გარანტიის ფარგლებში მიღებული თანხა 11 867.5 ლარი;
4.2. პირგასამტეხლოს გადახდისაგან გათავისუფლებაზე უარის თქმის შემთხვევაში, შემცირდეს პირგასამტეხლოს ოდენობა 474.7 ლარამდე, შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისროს დარჩენილი სხვაობის - 11 392.8 ლარის ანაზღაურება.
შეგებებული სარჩელის საფუძვლები:
5.1. ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილის საფუძველზე, შ.პ.ს. „თ.თ.ე.ბ“-ს საბურავები შემსყიდველისთვის უნდა მიეწოდებინა 2021 წლის 8 სექტემბრის ჩათვლით. დადგენილ ვადაში მიწოდება ვერ განხორციელდა, რაც არ იყო განპირობებული მიმწოდებლის ბრალით, რის გამოც მას არ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა, კერძოდ: მსოფლიოში გავრცელებულმა კოვიდ პანდემიამ გლობალურ ვაჭრობაზე დიდი გავლენა იქონია, დაწესდა არაერთი შეზღუდვა. მიწოდების ჯაჭვის შეფერხებამ საერთაშორისო გადაზიდვების კრიზისი გამოიწვია, გაჩნდა კონტეინერების დეფიციტი, ასევე სამუშაო ძალის დეფიციტი. გადატვირთული პორტებისა და კარანტინში მყოფი ტვირთების გამო შეფერხდა და გახანგრძლივდა ტვირთის ტრანსპორტირების ვადები. იმპორტიორები იძულებულნი გახდნენ მოეძიებინათ საქონლის ტრანსპორტირების ალტერნატიული საშუალებები. სწორედ ამან განაპირობა ჩინეთში წარმოებული საბურავების მიწოდების ვადების გადაცილება. ჩინეთის ტვირთების ტრანსპორტირების შეფერხების შესახებ არაერთი საჯარო წყაროდან არის ინფორმაციის მიღება შესაძლებელი. საერთაშორისო გადაზიდვების პროცესის კრიზისის პერიოდი კი, ზუსტად დაემთხვა შემსყიდველისთვის საქონლის მიწოდებისა და დაფიქსირებული ვადის დარღვევის პერიოდს.
5.2. დაბრკოლების შესახებ ეცნობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. მიუხედავად ამისა, შემსყიდველმა მოითხოვა პირგასამტეხლოს ანაზღაურება. გარდა ამისა, მოთხოვნილი პირგასამტეხლო არაგონივრულად მაღალია და არ შეესაბამება სახელწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციას, რომელსაც დადგენილი ჰქონდა ჯარიმა საქონლის მიწოდების ვადის დარღვევისთვის, მისაწოდებელი საქონლის ღირებულების 0,02%-ით, ყველა ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნული გაანგარიშებით პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს ჯამში 474.7 ლარით.
შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია:
6.1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შ.პ.ს. „თ.თ.ე.ბ“-ი ითხოვდა იმ თანხის დაკისრებას, რაც ანაზღაურებული იქნა საბანკო გარანტიის ფარგლებში. სამოქალაქო კოდექსი საბანკო გარანტიას განიხილავს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რაც ხასიათდება დამოუკიდებლობით. აღნიშნული კი, ნიშნავს, რომ ძირითადი ვალდებულება - ხელშეკრულება, რომლის უზრუნველყოფის საშუალებადაც საბანკო გარანტია გაიცა, გავლენას ვერ ახდენს მასზე. სასამართლო პრაქტიკაც მიუთითებს, რომ საბანკო გარანტიის ინსტიტუტის მარეგულირებელი არცერთი ნორმა არ შეიცავს ბენეფიციარისთვის გარანტიის საფუძველზე გადაცემული შესრულების გამოთხოვის შესაძლებლობას, მით უფრო იმ პირობებში, რომ ვალდებულება დაირღვა, რომელიც უზრუნველყოფილი იყო დამოუკიდებელი საშუალებით (პირგასამტეხლო და საბანკო გარანტია) და არცერთი მათგანის ნამდვილობა სადავო არაა. ამდენად, იურიდიულად გაუმართლებელია პრინციპალის მოთხოვნა ბენეფიციარის მიმართ, დააბრუნოს საბანკო გარანტიის საფუძველზე მიღებული შესრულება.
6.2. ფორსმაჟორული გარემოება დადასტურებული უნდა ყოფილიყო უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ, რასაც, ამ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია. გარდა ამისა, ხელშეკრულება დაიდო 2021 წლის ივნისში, პანდემიასთან სამუშაო პროცედურების ადაპტაციის შემდგომ. შესაბამისად, თუნდაც მხოლოდ მოსარჩელის მიერ მითითებული პერიოდის გათვალისწინებით, უსაფუძვლოა პანდემიის მოტივით პირგასამტეხლოს დაკისრებასა თუ შემცირებაზე მოთხოვნის წაყენება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 02 მაისის გადაწყვეტილებით როგორც სარჩელს, ისე შეგებებულ სარჩელს, დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.
8. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. სააპელაციო საჩივარი წარადგინა შეგებებული სარჩელის ავტორმაც, მის სააპელაციო მოთხოვნას წარმოადგენდა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შ.პ.ს. „თ.თ.ე.ბ“-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 02 მაისის გადაწყვეტილება შ.პ.ს. „თ.თ.ე.ბ”-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შ.პ.ს. „თ.თ.ე.ბ“-ის სასარგებლოდ დაეკისრა 10 121.64 ლარის გადახდა.
10. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
10.1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შ.პ.ს. „თ.თ.ე.ბ“-ს შორის, 03.06.2021 წელს, დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №388 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს დიდი ტვირთამწეობის ავტომანქანის საბურავები, რომლებიც აკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციითა და მისი დანართით განსაზღვრულ ტექნიკურ პარამეტრებს. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 235 310 ლარით.
მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება, შემსყიდველის მოთხოვნიდან 90 კალენდარული დღის ვადაში ეტაპობრივად მიაწოდოს შესყიდვის ობიექტი (ხელშეკრულების 4.1. პუნქტი);
მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაზე, კერძოდ: თუ სახელშეკრულებო ღირებულება აღემატება 200 000 ლარს, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, რომლის ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით (ხელშეკრულების 9.1. პუნქტი);
ხელშეკრულების ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის საქონლის მიწოდების, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს დააკისროს პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მისაწოდებელი საქონლის ღირებულების 0,5%-ის ოდენობით (ხელშეკრულების 8.1. პუნქტი);
ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებდა მხარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას, თუკი ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული იქნებოდა დაუძლეველი ძალით და აღნიშნული უშუალო ზემოქმედებას მოახდენდა ხელშეკრულების შესრულებაზე (ხელშეკრულების მე-12 პუნქტი).
10.2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2021 წლის 08 ივნისის წერილით შ.პ.ს. „თ.თ.ე.ბ“-ს დაევალა, წერილის მიღებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში, შემსყიდველისთვის შემდეგი სახეობების საბურავების მიწოდება:
· საბურავი 215/75 R17.5 - 60 ცალი;
· საბურავი 275/70 R22.5 - 58 ცალი;
· საბურავი 295/80 R22.5 - 44 ცალი;
· საბურავი 315/80 R22.5 - 158 ცალი;
· საბურავი 315/80 R22.5 - 102 ცალი.
წერილი შ.პ.ს. „თ.თ.ე.ბ“-ს ჩაბარდა 2021 წლის 10 ივნისს, შესაბამისად, მიწოდების ვადა განისაზღვრა 2021 წლის 8 სექტემბრის ჩათვლით.
10.3. 08.06.2021 წლის წერილის ფარგლებში მოთხოვნილი საქონელი შ.პ.ს. „თ.თ.ე.ბ“-მა შემსყიდველს მიაწოდა შემდეგი პერიოდულობით:
· 2021 წლის 24 სექტემბერს - 25810 ლარის ღირებულების, 58 ცალი საბურავი (ვადაგადაცილების ხანგრძლივობა- 16 დღე);
· 2021 წლის 27 ოქტომბერს - 62832 ლარის ღირებულების 102 ცალი საბურავი (ვადაგადაცილების ხანგრძლივობა - 49 დღე).
10.4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე გაცემული საბანკო გარანტიის ფარგლებში, სს. „თ.ბ–მა“ ბენეფიციარს (შემსყიდველს) აუნაზღაურა 11 867.5 ლარი, რომლითაც გაიქვითა შ.პ.ს. „თ.თ.ე.ბ“-ისთვის პირგასამტეხლოს სახით დაკისრებული თანხის, 17 458.64 ლარის ნაწილი.
10.5. შ.პ.ს. „თ.თ.ე.ბ“-ს ს.ს. „თ.ბ“-სთვის ანაზღაურებული აქვს საბანკო გარანტიის ფარგლებში ბანკის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გადახდილი 11 867.5 ლარი.
11. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო პალატამ მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:
11.1. ხელშეკრულების ვადაში შეუსრულებლობა არ იყო განპირობებული ფორს-მაჟორული ვითარებით, შესაბამისად, პირგასამტეხლოს გადახდისგან მოვალე სრულად ვერ გათავისუფლდება. პალატამ გაიზიარა შემსყიდველის პოზიცია, რომ ვინაიდან სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება მიმწოდებელთან გაფორმდა 2021 წლის ივნისში, რა დროსაც მსოფლიოში არსებულ პანდემიასთან დაწესებულ შეზღუდვებთან სამუშაო გარემო უკვე ადაპტირებული იყო, შესაძლო დაბრკოლება მიმწოდებლისთვის მოულოდნელი ვერ იქნებოდა.
11.2. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება დადგენილია. ასევე დადგენილია, რომ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების თანახმად, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0.5%-ის ოდენობით, რაც, ვადაგადაცილების კვალობაზე, შეადგენს ჯამში 17458.64 ლარს. დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ პირგასამტეხლოს ნაწილი თანხა აინაზღაურა მისთვის წარდგენილი საბანკო გარანტიიდან, 11 867.50 ლარის ოდენობით.
11.3. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს დასკვნა, რომ უკვე ანაზღაურებული თანხის (11 867.50 ლარის) გათვალისწინებით, საკმარისია პირგასამტეხლოს სახით 11867.5 ლარის განსაზღვრა, რაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უკვე მიღებული აქვს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც, ისარგებლა სსკ-ის 420-ე მუხლით დადგენილი დისკრეციით და ხელშეკრულებებით დადგენილი პირგასამტეხლოს განაკვეთი 0.5%-დან შეამცირა 0.05%-მდე (10-ჯერ). ამდენად, სასამართლოს განსჯით, №388 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საერთო ჯამში, პირგასამტეხლოს ოდენობად განისაზღვრა 1745.86 ლარი.
11.4. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ პირგასამტეხლოს ნაწილი თანხა აინაზღაურა მისთვის წარდგენილი საბანკო გარანტიის ფარგლებში, 11 867,50 ლარის ოდენობით, ხოლო პირგასამტეხლოს ოდენობად სააპელაციო სასამართლომ განსაზღვრა 1745.86 ლარი, დასახელებულ თანხებს შორის სხვაობის - 10 121. 64 ლარის გადახდა შ.პ.ს. „თ.თ.ე.ბ“-ის სასარგებლოდ დაეკისრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.
12. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, მოითხოვა მისი გაუქმება და უზენაესი სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა. საკასაციო საჩივრის თანახმად, მხარეთა მიერ სადავოდ არ არის გამხდარი დადებული ხელშეკრულების პირობები და უფლება-მოვალეობები, უდავოა ვალდებულების შესრულების ვადის რღვევაც და ვადაგადაცილების ხანგრძლივობაც. დაუსაბუთებელია, რატომ ჩაითვალა შეთანხმებული ოდენობის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ სანქციად, როცა კონტრაჰენტი მიმწოდებელი სამეწარმეო ურთიერთობებში გამოცდილი სუბიექტია, ხელშეკრულების დადებამდე მას გააჩნდა კვალიფიციური იურიდიული კონსულტაციის მიღების შესაძლებლობა, შესაბამისად, მან გააზრებულად იკისრა პასუხისმგებლობა, რომელიც დაეკისრებოდა ხელშეკრულების პირობების დარღვევისას.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2023 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილი იქნა დასაშვებად, მიღებული იქნა არსებითად განსახილველად და დადგინდა მისი განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
15. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორი სადავოდ არ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, არამედ სადავოა დადგენილ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საკითხი, კერძოდ, კასატორის პრეტენზია მიემართება ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს „შეუსაბამოდ მაღალ“ სანქციად მიჩნევის საკითხს. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს მიერ წინამდებარე საქმეზე დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები, რაც აისახა წინამდებარე გადაწყვეტილების 10.1.-10.5. პუნქტებში, სრული მოცულობით სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
16. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა დავისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა სამართლებრივად არასწორად შეაფასა ისინი, რამაც არასწორი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა.
17. კასატორის საკასაციო პრეტენზია უკავშირდება სააპელაციო პალატის მხრიდან პირგასამტეხლოს შემცირების მართებულობას, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, ვლინდებოდა თუ არა სასამართლოს მხრიდან პირგასამტეხლოს შემცირების წინაპირობები.
18. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში ასახული აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველ სამართლებრივ შედეგს.
19. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება სასამართლოს ვალდებულებაა, მიუხედავად იმისა, ედავებიან თუ არა ამ შეფასებას მხარეები. ეს იმას ნიშნავს, რომ სარჩელში, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებში მოცემული სამართლებრივი შეფასებები მბოჭავი არ არის სასამართლოსთვის და მას ყოველთვის შეუძლია, განსხვავებულად შეაფასოს სადავო სამართალურთიერთობა.
20.1. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე მუხლებიდან გამომდინარეობს (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას).
20.2. რაც შეეხება შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, პალატას ასეთად სამოქალაქო კოდექსის 385-ე, 976.1. „ა“, 991–ე მუხლები მიაჩნია. სწორედ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტი წარმოადგენს ერთადერთ საშუალებას ქონებრივი წონასწორობის აღსადგენად, როდესაც მოვალის ნების გარეშე პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის მოთხოვნა კრედიტორს დაკმაყოფილებული აქვს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებათა განკარგვის გზით; პირგასამტეხლოს ანგარიშში მიღებული სამართლებრივი სიკეთისათვის სამართლებრივი საფუძვლის გამოცლის მექანიზმს კი სსსკ 420-ე მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობა წარმოადგენს.
21. მხარეთა შორის სადავო არ არის ვალდებულების დარღვევისა და რღვევის ხანგრძლივობის ფაქტობრივი გარემოებები; სადავო არ არის ისიც, რომ მიუწოდებელი საქონლის ღირებულების, ვადაგადაცილების ხანგრძლივობისა და ხელშეკრულებით დათქმული საურავის განაკვეთის გათვალისწინებით, აკუმულირებულმა პირგასამტეხლომ შეადგინა 17458.64 ლარი, საიდანაც საბანკო გარანტიის ძალით ანაზღაურებულია 11 867.5 ლარი, ხოლო მათ შორის სხვაობის - 5 591.14 ლარის გადახდა მოთხოვნილია შემსყიდველის სარჩელით. თავის მხრივ, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მიმწოდებლისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო 17458.64 ლარის ოდენობით შეუსაბამოდ მაღალია დარღვევის სიმძიმესა და მოვალის ბრალეულობის ხარისხთან, რის გამოც, მისი ოდენობა უნდა შემცირდეს და, შედეგად, ერთი მხრივ, დაკისრებულ და საბანკო გარანტიის გზით მიღებულ პირგასამტეხლოს შორის სხვაობის ანაზღაურებაზე სარჩელს უარი ეთქვას, ხოლო, მეორე მხრივ, შემსყიდველს წარმოეშვას საბანკო გარანტიის განაღდებით მიღებულის (როგორც სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიღებულის) უკან დაბრუნების მოვალეობა.
22. საკასაციო სასამართლოს მრავალჯერ განუმარტავს პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები. „ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის მოვალეობის წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...“ (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-1373-2018, 17.01.2019წ.; №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.; №ას-816-767-2015, 19.11.2015წ.; №ას-953-918-2016, 22.11.2016წ.).
23.1. მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლო სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში შეთანხმებული დათქმაა, კანონმდებელი მასში სასამართლო ინტერვენციას, სახელშეკრულებო წონასწორობისა და უფლება-მოვალეობათა სამართლიანად განაწილების უზრუნველყოფის მიზნით, შესაძლებლად მიიჩნევს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე უფლება აქვს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის აშკარად შეუსაბამო პირგასამტეხლო საქმის გარემოებათა გათვალისწინებით დაიყვანოს თანაზომიერების ფარგლებამდე. პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. ეს უფლებამოსილება არის ის იშვიათი გამონაკლისი, როდესაც სასამართლოს უფლება აქვს, შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, ჩაერიოს მხარეთა ხელშეკრულების თავისუფლებაში და, მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, პირგასამტეხლო შეამციროს. პირველ რიგში, ასეთი წინაპირობა თავად მხარის მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მოთხოვნაა კვალიფიციური შედავების ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვლინდება მხოლოდ კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმებით, სახელშეკრულებო თავისუფლებით გამყარებული ნება - მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სახით და კრედიტორის მიერ დასაბუთებული დარღვევა, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა. პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებაზე მსჯელობისას, სხვა ფაქტორებთან ერთად, ფასდება ვალდებულების დარღვევის ხარისხი, მათ შორის, მხარეთა სახელშეკრულებო ინტერესის განმარტების კონტექსტით. კვალიფიციური შედავების გარეშე კი, შეუძლებელია, დადგინდეს, რამდენად არაგონივრული, შეუსაბამოა პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. ამდენად, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსის, ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამოობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი) არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა, რაც ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის მაქსიმალურობას უწყობს ხელს (შდრ. იხ. ნათია ჩიტაშვილი „პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია“, შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალი, 2/2020).
23.2. ამდენად, მართალია, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, დაიცვას სამართლიანი ბალანსი მხარეთა შორის, თუმცა სასამართლომ მხარეთა თანასწორობა მისთვის კანონით დაწესებული ჩარჩოს ფარგლებში უნდა უზრუნველყოს. როგორც საკასაციო სასამართლო თავის არაერთ განჩინებაში განმარტავს, სამოქალაქო საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. ს.უ.ს.გ-ები: №ას-1033-2018, 30.10.2018წ. პ.23; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ., პ.17). სარჩელის აღძვრა და ამ სარჩელისაგან თავდაცვა მიმდინარეობს კანონით განსაზღვრული წესითა და საშუალებების გამოყენებით. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ საშუალებას, როგორიცაა - შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება, მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში. სწორედ მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი დისპოზიციურობის პრინციპის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი) ერთგვარი გამოხატულებაცაა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია, ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც, გარკვეულწილად, დავაში ჩართვასა და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე. ამასთან, სწორედ შესაგებლის შინაარსიდან განისაზღვრება, რომელია უდავო და რომელია სადავო მტკიცების საგანში შემავალი ფაქტები. შესაგებლის ინსტიტუტი, სარჩელის ინსტიტუტთან ერთად, ერთგვარი გზამკვლევია მტკიცების სტადიისა, რომელიც ვერ გამოიყენება, ვიდრე არ ამოიწურება მხარეთა პოზიციების (სარჩელი, შესაგებელი, მოპასუხის მხრიდან არსებითი შედავების შემთხვევაში, მოსარჩელის პასუხი და ა.შ.) ურთიერთგაცვლა და უდავო გარემოებების იდენტიფიცირება (შდრ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, რჩეული მუხლები, თბილისი 2020, იხ. 201-ე და 2321 -ე მუხლების კომენტარები).
23.3. 2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი №5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან...საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 02.03.2017წ.).
23.4. როგორც საკასაციო პალატამ ერთ-ერთ გაჩინებაში განმარტა, შესაგებლის შინაარსობრივი მხარე, განსაკუთრებით ფაქტობრივი ნაწილი, გავლენას ახდენს მტკიცების ტვირთზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლის ზოგადი დათქმიდან გამომდინარე, უფლების შემწყვეტი, შემაფერხებელი და გამომრიცხველი შესაგებლის მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრება. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის მიერ მითითებულ (არსებით) გარემოებებზე შედავებას საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთების გარეშე, მაშინ ამ გარემოებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მტკიცების სტადიაზე მიიღება იმისდა მიხედვით (მტკიცების ტვირთის განაწილების გათვალისწინებით), დამტკიცდება თუ არა ეს სადავო გარემოებები; თუ მოპასუხე ვერ ახერხებს საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთებას და ვერც მოსარჩელის მიერ მითითებული და მოთხოვნის დამფუძნებელი გარემოებების სათანადო შედავებას, სასამართლოს შეუძლია, მოსარჩელის სასარგებლოდ დააკმაყოფილოს სარჩელი; განსხვავებით მტკიცების ტვირთისაგან, რომელსაც მოსამართლე აქტიურად ხელმძღვანელობს და კარნახობს მხარეებს, თუ ვინ უნდა ამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი, იგი პასიურია ფაქტების მითითებისას, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსამართლე ვერ დაეხმარება მხარეს სარჩელის/შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთების შედგენაში. მოსამართლეს დავის გადასაწყვეტად სჭირდება შესაბამისი (რელევანტური) ფაქტები, რომელთა წარდგენაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მხარეებს (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-354-2021, 25.06.2021წ., პ.101-102).
23.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოპასუხის მიერ დაყენებული მოთხოვნის საფუძველზე მსჯელობს. ასეთი მოთხოვნა შეიძლება მითითებული იქნეს, როგორც შესაგებელში, ასევე - პირველ ინსტანციაში საქმის მომზადების დამთავრებამდე მოპასუხის მიერ აღძრულ შუამდგომლობაში. (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-328-2023, 20.06.2023წ.; №ას-576-2022, 07.07.2022წ.) ცალკეულ შემთხვევებში ასეთი მოთხოვნის დაყენება სარჩელითაცაა შესაძლებელი, მაგალითად, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა (პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება). პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოთხოვნის დაყენებასთან ერთად, მხარემ უნდა დაასაბუთოს, რას ეფუძნება ასეთი მოთხოვნა, ანუ მტკიცების ტვირთი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების თაობაზე, ეკისრება მოვალეს (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-888-2020, 10.12.2020წ.).
23.6. სასამართლოს პრაქტიკა, რომ პირგასამტეხლოს შემცირების უფლება წარმოიშობა მოვალის მიერ ამგვარი მოთხოვნის სასამართლოს წინაშე გაცხადებისას, აღიარებულია იურიდიულ ლიტერატურაშიც _ „იმ შემთხვევაში, თუ მხარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებას არ მოითხოვს ან მოითხოვს სამართალწარმოების იმ ეტაპზე, როდესაც ახალი მოთხოვნის წარდგენა დაუშვებელია, სასამართლო თავისი ინიციატივით, შესაბამისი პროცესუალურად ნამდვილი შეცილების უფლების გარეშე, პირგასამტეხლოს ვერ შეამცირებს, თუნდაც იგი შეუსაბამოდ მაღალი იყოს. უფრო მეტიც, მხარემ უნდა ამტკიცოს, თუ რატომ არის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი... შეთანხმებული პირგასამტეხლოს „შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ“ მიჩნევას, როგორც ზემოთ აღინიშნა, შეცილება და მტკიცება სჭირდება (იხ. მესხიშვილი ქ. „პირგასამტეხლო, თეორიული ასპექტები, სასამართლო პრაქტიკა“, ჟურნალი „ქართული ბიზნეს სამართლის მიმოხილვა“, III გამოცემა, 2014, გვ. 23).
24.1. პალატის განსჯით, მიმწოდებელმა ნაწილობრივ დაასაბუთა პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნის საფუძვლიანობა, სახელდობრ, მიუთითა, რომ ვალდებულების დაღქმულ ვადაში შეუსრულებლობა განპირობებულია საერთაშორისო გადაზიდვების სფეროში პანდემიის ფონზე არსებული სირთულეებით. ხსენებული გარემოება, საკასაციო პალატას არც ფორსმაჟორად მიაჩნია და არც ხელშეკრულების შესრულების გართულების გამო შეცვლილ გარემოებებთან მისადაგების საფუძვლად, თუმცაღა, საგულისხმოა ვალდებულების შეუსრულებლობაში მოვალის ბრალეულობის ხარისხის განსაზღვრის მიზნებისათვის, კერძოდ, იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ ვალდებულება დარღვეულია არა განზრახი ბრალით, არამედ გაუფრთხილებლობით - ტრანსპორტირების სირთულეების არასათანადო შეფასებითა და თვითიმედოვნების შედეგად მიწოდების იმგვარ ვადებზე დათანხმებით, რომელშიც, ვალდებულება ობიექტურად შესრულებადი ვერ იქნებოდა. პალატა ვერც იმ გარემოებას დატოვებს მხედველობის მიღმა, რომ ვალდებულება, მართალია, ვადაგადაცილებით, მაგრამ მაინც შესრულებულია; ამასთან, კრედიტორს არ დაუსაბუთებია, თუ რა განსაკუთრებული ინტერესი გააჩნდა შესრულების კონკრეტულ თარიღში შესრულების მიმართ და გამოიწვია თუ არა რაიმე ზიანი ვადაგადაცილების ფაქტმა. დასახელებული გარემოებები, პალატის განსჯით, აკუმულირებული პირგასამტეხლოს - 17 458.64 ლარის შემცირების საფუძვლებს წარმოშობს, თუმცა შემცირების მასშტაბის განსაზღვრის მიზნებისათვის, პალატისთვის საგულისხმოა ის გარემოება, რომ სახელშეკრულებო ვადები დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველი მოთხოვნის წარდგენისთანავე, ესე იგი, იმ მოცემულობაში, როცა მოვალეს №388 ხელშეკრულების ფარგლებში არცერთი წარმატებით განხორციელებული მიწოდება შესრულებული არ ჰქონია, ამავდროულად, პალატა მხედველობაში იღებს ვადაგადაცილების ხანგრძლივობას (I ეტაპი - 16 დღე, II ეტაპი - 49 დღე) და ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი არ არის, რადგანაც ვერ უზრუნველყოფს ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამდენად, საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ საფუძვლიანია, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კი ნაწილობრივ დაუსაბუთებელი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
24.2. საკასაციო პალატის განსჯით, აკუმილირებული პირგასამტეხლოდან საბანკო გარანტიის გამოთხოვის გზით ანაზღაურებული ოდენობა - 11 867.5 ლარი სრულად უზრუნველყოფს კრედიტორის ხელყოფილ ინტერესს, თანაზომიერია დარღვევის სიმძიმესა და ხანგრძლივობასთან და საკუთარ თავში მოიცავს ყველა იმ შესაძლო ზიანს, რაც კრედიტორს ვადაგადაცილებით შეეძლო განეცადა.
24.3. ამავდროულად, პირგასამტეხლოს უფრო მეტად შემცირება მაშინ, როცა ვაგადაცილება ხანგრძლივია, ხოლო შესასრულებელი ვალდებულების ღირებულება - ესოდენ მაღალი, პირგასამტეხლოს წაართმევს იმ კანონისმიერ ფუნქციებს, როგორიც არის ვალდებულების ბრალეულად დარღვევისთვის მოვალის პასუხისგება, შემდგომი დარღვევების პრევენცია და პრეზუმირებული ზიანის კომპენსირება.
24.4. ამასთან, საკასაციო პალატა იმასაც შენიშნავს, რომ მოვალე მეწარმე სუბიექტია და მისი პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას შესაძლოა ვერ აცნობიერებდეს პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგს. ამდენად, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. „განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დათანხმდა პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას და როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება.“ (შდრ: ს.უ.ს.გ.-ები: №ას-189-2022, 16 სექტემბერი, 2022წ.; №ას-310-2022, 16 დეკემბერი, 2022წ; №ას-889-2022, 23 მარტი, 2023წ.).
24.5. ამრიგად, საკასაციო პალატა, გონივრულობის, თანაზომიერებისა და სამართლიანობის მოთხოვნების შესაბამისად, აკუმულირებული პირგასამტეხლოს სრულ მოცულობას - 17458.64 ლარს - სსკ 420-ე მუხლზე დაყრდნობით, ამცირებს 32.02%-ით (5591.14 ლარით), შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობად განსაზღვრავს 11 867.5 ლარს, რაც კრედიტორისთვის უკვე ანაზღაურებულია ს.ს. „თ.ბ“-ს მიერ გაცემული საბანკო გარანტიის განაღდების შედეგად. აღნიშნული კი, განაპირობებს სამართლებრივ დასკვნას როგორც ძირითადი სარჩელის, ისე შეგებებული სარჩელის უსაფუძვლობაზე.
25.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები.
25.2. ვინაიდან საქმე არ საჭიროებს ფაქტების ხელახლა დადგენას ან მტკიცებულებათა ხელმეორედ გამოკვლევას, საკასაციო პალატა, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტებისთვის სამართლებრივი შეფასების შეცვლით, საქმის ქვემდგომ სასამართლოში დაბრუნების გარეშე, შესაძლებლად მიიჩნევს საქმის არსებითად გადაწყვეტას. ამ გადაწყვეტილების 24.1.-24.5. პუნქტებში ასახული მოტივაციით საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს აკმაყოფილებს ნაწილობრივ, აუქმებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებას შ.პ.ს. „თ.თ.ე.ბ"-ის შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და საპროცესო ხარჯების განაწილების ნაწილში და ამ ნაწილში ადგენს ახალ გადაწყვეტილებას შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. დანარჩენ ნაწილში კი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება რჩება უცვლელი.
26.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
26.2. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებული სუბიექტია, შესაბამისად, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ 10121.64 ლარის ფარგლებში საფუძვლიანად მიჩნეული შეგებებული სარჩელი სამინისტროს საკასაციო საჩივრის საფუძველზე სრულად უსაფუძვლოდ ჩაითვალა საკასაციო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილებით, კასატორის მოწინააღმდეგე მხარეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა, სსსკ 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, უნდა დაეკისროს სწორედ 10121.64 თანხის 5%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 506.08 ლარს.
26.3. რაც შეეხება შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ შეგებებულ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილ სახელმწიფო ბაჟს, იგი, სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობის გამო, ექვემდებარება გადახდილად დატოვებას სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება შ.პ.ს. ,თ.თ.ე.ბ–ს"-ის შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და საპროცესო ხარჯების განაწილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. შ.პ.ს. "თ.თ.ე.ბ"-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
5. შ.პ.ს. "თ.თ.ე.ბ"-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 506.08 ლარის გადახდა.
6. შ.პ.ს. "თ.თ.ე.ბ"-ის მიერ შეგებებულ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არ ანაზღაურდება.
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი