26 სექტემბერი 2025 წელი
№ას-829-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - კ.გ–ია, მ.ბ–ვა, კ.გ–ია
მოწინააღმდეგე მხარე - გ.ჯ–ვა, ი.ჯ–ვა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2024 წლის 17 ივნისს გ.ჯ–ვამ და ი.ჯ–ვამ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - კ.გ–იას, მ.ბ–ვასა და კ.გ–იას მიმართ, ქ. თბილისში, .......... მდებარე N45 ბინის (ს/კ N..........) მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელეებისათვის გადაცემის მოთხოვნით. მოსარჩელეებმა ასევე მოითხოვეს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ.ჯ–ვას და ი.ჯ–ვას სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეების: კ.გ–იას, კ.გ–იასა და მ.ბ–ვას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, .........., ს/კ N .......... და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცათ გ.ჯ–ვას და ი.ჯ–ვას. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:
5.1. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისი, .........., ს/კ N ......... - რეგისტრირებულია გ.ჯ–ვას და მისი არასრულწლოვანი შვილის - ი.ჯ–ვას საკუთრებად.
5.2. მოპასუხეები მოსარჩელეთა ნების საწინააღმდეგოდ ფლობენ მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთს და არ ათავისუფლებენ მას.
5.3. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე და 312-ე მუხლებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ მოსარჩელეები წარმოადგენდნენ სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეებს, რაც დასტურდებოდა საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. დადგენილი იყო ისიც, რომ აპელანტები არიან სადავო უძრავი ქონების მფლობელები, მათ ვერ შეძლეს თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლებითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება.
5.4. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მფლობელობის მართლზომიერების საფუძვლად აპელანტების მიერ მითითებული გარემოება, რომ მოსარჩელეები არიან მათი ახლობლები, კერძოდ, გ.ჯ–ვა არის გარდაცვლილი დის ქმარი, რომელიც წლებია შვილთან ერთად ცხოვრობს რუსეთში. ვინაიდან, აპელანტები არიან აფხაზეთიდან დევნილები, რომელთაც არ ჰქონდათ თბილისში საცხოვრებელი, გ.ჯ–ვასთან შედგა ზეპირი შეთანხმება, რომლის თანახმად, აპელანტებს სადავო ბინაში შეეძლოთ ეცხოვრათ 2027 წლის 15 აპრილის ჩათვლით. ნათესაური კავშირიდან გამომდინარე მხარეებს შორის წერილობითი შეთანხმება არ შემდგარა. ზემოაღნიშნული კი, აპელანტების მოსაზრებით, დაუშვებელს ხდიდა სარჩელის დაკმაყოფილებას.
5.5. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ იმ პირობებში როდესაც საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა რაიმე მტკიცებულება, სადავო უძრავი ქონების მესაკუთრესთან შეთანხმებით მფლობელობასთან დაკავშირებით, შეთანხმების არსებობის ფაქტს კი მოწინააღმდეგე მხარე არ ადასტურებდა, მხოლოდ აპელანტების (მოპასუხეები) განმარტება, ნივთის მფლობელობის მართლზომიერების დასადასტურებლად და ვინდიკაციური სარჩელის საპირწონე და გამომრიცხავ მტკიცებულებად ვერ იქნებოდა შეფასებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატის მოსაზრებით, აპელანტების მიერ მითითებული გარემოებები, რაც მათ მიერ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის მფლობელობის მართლზომიერ საფუძველს შექმნიდა, საქმის მასალებით დადასტურებული არ იყო. შესაბამისად, აღნიშნული გამორიცხავდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობებს.
5.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლების თანახმად, სარჩელი, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ საფუძვლიანი იყო, პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებით არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ყოველივე ეს კი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:
6.1. კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული და უნდა გაუქმდეს ვინაიდან, ერთ-ერთი კასატორის განმარტებით, გ.ჯ–ვა არის გარდაცვლილი დის ქმარი, რომელიც წლებია შვილთან ერთად ცხოვრობს რუსეთში. ვინაიდან, აპელანტები არიან აფხაზეთიდან დევნილები, რომელთაც არ ჰქონდათ თბილისში საცხოვრებელი, გ.ჯ–ვასთან შედგა ზეპირი შეთანხმება, რომლის თანახმად, აპელანტებს სადავო ბინაში შეეძლოთ ეცხოვრათ 2027 წლის 15 აპრილის ჩათვლით. ნათესაური კავშირიდან გამომდინარე მხარეებს შორის წერილობითი შეთანხმება არ შემდგარა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორები მიიჩნევენ, რომ მათი მფლობელობა კანონიერია, რაც გადაწყვეტილების გაუქმებისა და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც მითითებული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია. სავინდიკაციო სარჩელი ეფუძნება იმ მოცემულობას, რომ მესაკუთრეს, რომელსაც ჩამოერთვა მფლობელობა, შეუძლია ნივთი მოითხოვოს მფლობელისაგან, რომელიც არაკეთილსინდისიერად აკავებს ნივთს. საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი მოხდება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევა, მას შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება (იხ.: თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ. 245; სუსგ №ას-457-2021, 05.10.2021წ.)
11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
შესაბამისად, მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (სუსგ. Nას-914-2019, 25.07.2019წ.; სუსგ. Nას-246-246-2018; 20.03.2018წ.).
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
13. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ მოსარჩელეები არიან სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეები, მოპასუხეები ფლობენ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ქონებას და მოპასუხეებმა ვერ დაადასტურეს სადავო ქონების ფლობის სამართლებრივი საფუძველი.
14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (სუსგ. Nას-1579-2019, 17.12.2019წ.).
15. განსახილველ შემთხვევაში, კასატორებმა სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს იმ გარემოების დამტკიცება, რომ ისინი მართლზომიერად ფლობენ სადავო უძრავ ქონებას.
16. საკასაციო სასამართლო დასაბუთებულ საკასაციო შედავებად ვერ მიიჩნევს მოპასუხეების მითითებას იმის შესახებ, რომ ვინაიდან სადავო ქონების მესაკუთრესთან, ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, მოპასუხეები შესახლებული იყვნენ სადავო ბინაში, ისინი წარმოადგენდნენ ამ ბინის მართლზომიერ მფლობელებს. აღსანიშნავია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით ეს გარემოება ვერ იქნა სათანადოდ დადასტურებული. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება არ წარმოადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებას.
17. საკასაციო სასამართლო მხარეს განუმარტავს, რომ მართლზომიერ მფლობელად მიიჩნევა პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებაც კასატორებს სასამართლოში საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ წარუდგენიათ.
18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. რადგან განხორციელებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს (სუსგ Nას-887-2019, 27.12.2019წ.).
19. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები ვერ მიუთითებენ.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ.გ–იას, მ.ბ–ვასა და კ.გ–იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. კ.გ–იას (პ/ნ ..........), მ.ბ–ვასა (პ/ნ ..........) და კ.გ–იას (პ/ნ .........4) დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის (საგადასახადო დავალება № 9644, გადახდის თარიღი: 17.04.2025წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“) 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი