ბს-1137-1099(კ-08) 11 დეკემბერი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ვ. გ.-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 28 აპრილს ვ. გ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა მოპასუხე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს _ 270 ლარის, 2003 წლის ნოემბრის გაუცემელი ხელფასის _ 90 ლარისა და შრომის წიგნაკის დაყოვნების გამო იძულებით გაცდენილი დროისათვის საშუალო ხელფასის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით ვ. გ.-ს სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ვ. გ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა 39.90 ლარის ანაზღაურება.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. გ.-მ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით ვ. გ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ვ. გ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა 2003 წლის ნოემბრის თვის სახელფასო დავალიანების _ 43.56 ლარისა და იძულებით გაცდენილი მთელი პერიოდის საშუალო ხელფასის _ 402.77 ლარის ანაზღაურება, ხოლო სასარჩელო განცხადება დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ვ. გ.-მ და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ.
კასატორი ვ. გ.-ე სკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმებას, რომლითაც საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით გაცდენილი მთელი პერიოდის საშუალო ხელფასის _ 402.77 ლარის ანაზღაურება და ამ ნაწილში საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოპასუხისათვის 1250 ლარის დაკისრებას.
მეორე კასატორი - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო საკასაციო საჩივრით ითხოვდა შრომის წიგნაკის დაყოვნების გამო გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით ვ. გ.-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება შრომის წიგნაკის დაყოვნების გამო ვ. გ.-სთვის იძულებით გაცდენილი მთელი პერიოდის საშუალო ხელფასის _ 402.77 ლარის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მაისის განჩინებით ვ. გ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. გ.-მ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 მაისის განჩინების გაუქმებას თანხის იძულებით მოცდენის მთელი დროის ნაწილში ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის 5 თვისა და 9 დღის იძულებით მოცდენის საფასურის – 1431 ლარის ანაზღაურების დაკისრებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ. გ.-ს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 24 ოქტომბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად ვ. გ.-ს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
2008 წლის 17 ნოემბერს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ვ. გ.-ს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, ვ. გ.-ს საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ვ. გ.-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ვ. გ.-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უარი ეთქვას ვ. გ.-ს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.