20 დეკემბერი 2023 წელი
№ას-1039-2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ რ.შ–ია
მოწინააღმდეგე მხარე _ ს.ს. „ქ.კ–ი“
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ს.ს. „ქ.კ–მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე რ.შ–იას მიმართ, დანაშაულით მიყენებული ზიანის _ 390 055.85 აშშ დოლარისა და 35 457.8 ევროს ანაზღაურების მოთხოვნებით (გამარტივებული წესით საქმის განხილვის შუამდგომლობა იხ. ტ.2, ს.ფ. 116).
სარჩელის საფუძვლები:
2.1. რ.შ–ია წლების განმავლობაში დასაქმებული იყო ს.ს. „ქ.კ–ში“, აიტი მენეჯერის პოზიციაზე და მის მოვალეობას აგრეთვე წარმოადგენდა სერვერების, პროგრამებისა და ვებგვერდების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა. ს.ს. „ქ.კ–ს“ სხვადასხვა კომპანიებიდან ნაყიდი ჰქონდა კომპიუტერული პროგრამები და მომსახურებები, რომლის ხარჯების გადახდას ახდენდა ელექტრული საფულე paypal-ის ვებგვერდზე - www.paypal.com-ზე რეგისტრირებული ს.ს. „ქ.კ–ის“ საგადამხდელო გვერდის საშუალებით, სადაც მიბმული იყო კომპანიის ბიზნეს პლასტიკური ბარათები. კომპანიის ანგარიში ელექტრონულ საფულეზე რეგისტრირებული იყო ელ. ფოსტით a@q.ge, რაც, ამავდროულად, იყო რ.შ–იას სამსახურებრივი ფოსტა. შესაბამისად, მას ჰქონდა წვდომა მოსარჩელის paypal-ის ანგარიშზე იმ მიზნით, რომ მასზე განთავსებული თანხებით გადაეხადა კომპანიისთვის გაწეული მომსახურების საფასური. Paypal-ის ანგარიშზე თანხებს რიცხავდა ბუღალტერია რ.შ–იას მიერ წარდგენილი ინვოისების საფუძველზე, ხოლო ჩარიცხვის შემდგომ მოპასუხეს paypal-ის ანგარიშიდან თანხები უნდა გადაერიცხა კომპანიისთვის საჭირო აიტი სერვისების შესაძენად.
2.2. რ.შ–ია, სამსახურებრივი ელ. ფოსტის გამოყენებით, 2016-2018 წლებში ბუღალტერიას აწვდიდა ყალბ ინვოისებს, რომლის საფუძველზეც ხდებოდა კომპანიის საბანკო ანგარიშიდან თანხების გადარიცხვა კომპანიის paypal-ის ანგარიშზე და ვინაიდან მოპასუხეს ამ ანგარიშზე ჰქონდა წვდომა, თანხებსაც თავად განკარგავდა.
2.3. რ.შ–იამ თანამზრახველ კ.თ–თან ერთად, ვითომდა აიტი მომსახურების საფასურის გადახდის მიზნით, მათ მიერვე შექმნილ paypal-ის ყალბ ანგარიშებზე გადარიცხა ჯამში 390 055.85 აშშ დოლარი და 35 457.8 ევრო, რითაც ს.ს. „ქ.კ–ს“ მიადგა ზიანი. აღნიშნულ ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში ს.ს. „ქ.კ–ი“ ცნობილია დაზარალებულად.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ არ დასტურდებოდა ზიანის უშუალოდ მის მიერ მიყენების ფაქტი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ დაეკისრა 390 055.85 აშშ დოლარისა და 35 457.8 ევროს ოდენობით ზიანის ანაზღაურება.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა რ.შ–იამ და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.1. რ.შ–ია 2016 წლის 25 თებერვლიდან მუშაობდა ს.ს. „ქ.კ–ში“ აიტი მენეჯერის პოზიციაზე და მის ფუნქციებში შედიოდა ასევე კომპანიის სერვერების, პროგრამებისა და ვებგვერდების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.
7.2. ს.ს. „ქ.კ–ს“ ელექტრონული საფულე paypal-ის ვებ გვერდზე www.paypal.com-ზე რეგისტრირებული ჰქონდა საგადამხდელო გვერდი, სადაც მიბმული იყო კომპანიის ბიზნეს პლასტიკური ბარათები (ს.ს. „ს. ბ“-სა და ს.ს. „პ. ბ“-ს) და აღნიშნული გვერდის საშუალებით მოსარჩელე იხდიდა სხვა კომპანიებისგან ნაყიდი კომპიუტერული პროგრამებისა და მომსახურების ღირებულებას.
7.3. ს.ს. „ქ.კ–ი“ paypal-ის ანგარიშზე რეგისტრირებული იყო ელ. ფოსტით a@q.ge, რაც ამავდროულად წარმოადგენდა რ.შ–იას სამსახურებრივ ელ. ფოსტას.
7.4. რ.შ–იას მიმართ 2019 წელს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც 2019 წლის 22 ივლისის დადგენილებით ს.ს. „ქ.კ–ი“ ცნობილ იქნა დაზარალებულად.
7.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 08 თებერვლის განაჩენით რ.შ–ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და დიდი ოდენობით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.
7.6. 2022 წლის 08 თებერვალს რ.შ–იას მიმართ დადგენილი გამატყუნებელი განაჩენის თანახმად:
7.6.1. რ.შ–იას, როგორც ს.ს. „ქ.კ–ი“-ს აიტი მენეჯერს, სამსახურებრივად წვდომა ჰქონდა paypal-ის ვებ გვერდზე გახსნილ, კომპანიის კუთვნილ ანგარიშებთან.
7.6.2. ს.ს. „ქ.კ–ს“ ჰქონდა მომსახურება ნაყიდი კომპანია „Inveb Ltd“-სგან, რომლის დირექტორია ფ.ბ–ვი და სარგებლობს ელექტრონული ფოსტის მისამართით f@i.ru. რ.შ–იამ მის ნაცნობ კ.თ–თან ერთად 2016 წელს „www.paypal.com“-ზე დაარეგისტრირა ზემოთ მითითებული კომპანიის კუთვნილი გვერდის მსგავსი მომხმარებლის ანგარიში დასახელებით „F.B.“, ელექტრონული ფოსტის მისამართი f-b@inbox.ru, სადაც მიუთითეს ელ. ფოსტა Info@ipc.ge, კ.თ– კუთვნილი კომპანიის შ.პ.ს. „აი პი სი“-ს კუთვნილი ვებ გვერდი „http://i.ge“ და მისსავე სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერი +9........., ასევე დაარეგისტრირეს სხვა მიმსგავსებული ანგარიშები.
7.6.3. რ.შ–იამ კ.თ–თან შეთანხმებით, მოტყუებით, 2016 წლიდან 2018 წლის ჩათვლით კომპანია „I. Ltd“-ს ანგარიშზე თითქოსდა გადარიცხა თანხა აიტი მომსახურეობისათვის, ჯამში 327 721.81 აშშ დოლარი. რეალურად კი, კომპანია „I. Ltd“-მა მოცემულ პერიოდში მოითხოვა 2095.18 აშშ დოლარი გაწეული მომსახურეობისათვის, რაც მიიღეს კიდეც. დანარჩენი 325 625.63 აშშ დოლარი რ.შ–იამ გადარიცხა ჯერ ს.ს. „ქ.კ–ი“-ს „www.paypal.com“-ზე რეგისტრირებულ საგადამხდელო ანგარიშზე, ელ. ფოტის მისამართი „a@q.ge“, საიდანაც თანხა გადარიცხა ბრალდებულების მიერ „Pay Pal“-ზე რეგისტრირებულ ანგარიშებზე - „F.B,“ „F B.,“ „F,“ „F. F.,“ „F.,“ „F. F.“ და „F. F.“
7.6.4. ამავე სქემით რ.შ–იამ კ.თ–თან ერთად, მოტყუებით, „Pay Pal“-ზე 2016-2018 წლებში, მათ მიერვე რეგისტრირებულ ყალბ ანგარიშებზე: „p@w.com“ კომპანია „W LLC“-ში გადაირიცხა 7.720 აშშ დოლარი; „P Pal“-ის ანგარიშზე „P@o.co“ კომპანია „O. Corp. S.A.P.I. de C.V“-ში გადაირიცხა 3.152.91 აშშ დოლარი; „P.Pal“-ის ანგარიშზე „C. T.“ გადაირიცხა 474.24 აშშ დოლარი; „P.Pal“-ის ანგარიშზე „p.@163.com“ კომპანია „H. H“-ში გადაირიცხა 519.00 აშშ დოლარი; „P.Pal“-ის ანგარიშზე „s@n.com“ კომპანია „N.T.P.L“-ში გადაირიცხა 4306.00 აშშ დოლარი; „P. Pal“-ის ანგარიშზე „p@i.com“ კომპანია „I“-ში გადაირიცხა 48 496.29 აშშ დოლარი და 1070,00 ევრო; „P.Pal“-ის ანგარიშზე „A.“ გადაირიცხა 367.00 აშშ დოლარი; „P.Pal“-ის ანგარიშზე „P.com“ კომპანია „M. L“-ში გადარიცხა 107.94 აშშ დოლარი; „P.Pal“-ის ანგარიშებზე „h.@h.com,“ „h@e.de“ და „H“ ჯამში გადაირიცხა 34 387.80 აშშ დოლარი.
7.6.5. კომპანიაში მიმდინარე შიდა აუდიტის მიერ გამოვლინდა კომპანიის საგადახდო სისტემა paypal-ის მეშვეობით, რ.შ–იას ერთპიროვნული გადაწყვეტილებით განხორციელებული გადარიცხვები, რომელთა სანაცვლოდ ს.ს. „ქ.კ–ს“ არც მომსახურება და არც პროდუქტი არ მიუღია.
8. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო პალატამ მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:
8.1. განსახილველი დავა დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარეობს, მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლია, რომელიც მოთხოვნის წინაპირობად განსაზღვრავს ოთხ კუმულატიურ ელემენტს: (1) მართლსაწინააღმდეგო ქმედება, (2) ბრალეულობა, (3) ზიანი, (4) მიზეზ-შედეგობრიობა.
8.2. პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
8.3. სააპელაციო სასამართლომ შენიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს 08.02.2022 წლის განაჩენი, რომლითაც მოპასუხე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას ან ქონებრივი უფლების მიღებას მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და დიდი ოდენობით.
8.4. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის შედავება ზიანის მიყენების ფაქტთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ გამამტყუნებელი განჩენის საპირწონე რაიმე მტკიცებულება, რომელიც განაჩენით დადგენილ ფაქტებს გააქარწყლებდა, აპელანტის მიერ არ წარმოდგენილა. შესაბამისად, საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში, რ.შ–იას მიერ კომპანიისთვის ზიანის მიყენების თაობაზე განაჩენით დადასტურებული ფაქტი, დელიქტური ვალდებულების წინაპირობების (ბრალის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ელემენტების) არსებობის საფუძველად იქნა მიჩნეული.
8.5. ამავდროულად, პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილ განაჩენში მითითებული გარემოებები პრეიუდიციის რანგში რომც არ იქნეს განხილული, აპელანტს არ წარუდგენია არამარტო განაჩენით დადასტურებული ფაქტების, არამედ საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებათა გამაქარწყლებელი სამართლებრივად ვარგისი რაიმე მტკიცებულება.
8.6. ზიანის ოდენობასთან მიმართებით პალატამ მიუთითა შემდეგი: განაჩენით დადგენილია, რომ ყალბი ინვოისებისა და გადარიცხვების საფუძველზე ჯამში ს.ს. „ქ.კ–ს“ მიადგა 390 055.85 აშშ დოლარისა და 35 457.8 ევროს ზიანი. თავის მხრივ, განაჩენი, ზიანის ოდენობის დადგენისას, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ეყრდნობა სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ შედგენილ დასკვნას. შესაბამისად, დასახელებული ზიანის ოდენობა პალატამ დადგენილად მიიჩნია. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა ჩაითვალა საფუძვლიანად, ხოლო სააპელაციო საჩივარი - დაუსაბუთებლად, რაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას დაედო საფუძვლად.
9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგ გარემოებათა გამო:
9.1. უსაფუძვლოა სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელის ფულადი სახსრების განკარგვაზე ხელი მიუწვდებოდა მოპასუხეს. სასამართლომ სამართლებრივი შეფასების გარეშე დატოვა ის გარემოება, რომ რ.შ–ია წარმოადგენდა კომპანიის აიტი მენეჯერს და მის ვალდებულებას წარმოადგენდა სერვერების, პროგრამებისა და ვებგვერდების მუშაობის უზრუნველყოფა, ესე იგი, კასატორის ფუნქციები ტექნიკური სამუშაოების ჩატარებით შემოიფარგლებოდა. არც ხელშეკრულებაში და არც რაიმე სახის დანართში რ.შ–იას უფლებამოსილებად განსაზღვრული არ ყოფილა სხვადასხვა პარტნიორი კომპანიებისაგან მომსახურების შეძენა ან რაიმე სახის საბუღალტრო მოქმედებების შესრულება. Paypal პლატფორმა წარმოადგენს ელექტრონულ საფულეს, რომელზედაც განთავსებულია კომპანიის სახსრები, შესაბამისად, დაუსაბუთებელია, რატომ უნდა ჰქონოდა აიტი თანამშრომელს კომპანიის საფულეზე წვდომა.
9.2. სასამართლოს არ გამოუკვლევია, რა სერვისი შეიძინა ს.ს. „ქ.კ–მა" და ჰქონდა თუ არა მოსარჩელეს რ.შ–იას მიერ შეძენილი მომსახურებები მიღებული. აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს კომპანიის ინსაიდერულ ინფორმაციას, შესაბამისად შეუძლებელია, მოწინააღმდეგე მხარეს ჰქონდეს რაიმე სახის წვდომა კომპანიაში არსეულ სერვისებზე. სასამართლოს უნდა გამოეკვლია, გადახდილი თანხების სანაცვლოდ მიიღო თუ არა კომპანიამ რაიმე სახის მომსახურება. მართალია, მოსარჩელე უთითებდა, რომ მის მიერ გადახდილი თანხები არამიზნობრივად განიკარგა, მაგრამ მოსარჩელეს, რეალურად, შესაძლებელია მართლაც აქვს მიღებული შესაბამისი მომსახურება, რადგან კომპანიის კუთვნილი სერვისები გამართულად მუშაობს (სარჩელში არაა აღნიშნული, რომ კომპანიის სერვერებს ან ვებ გვერდს პრობლემა შეექმნა რ.შ–იას მომსახურების გამო).
9.3. გადაწყვეტილებასა და სარჩელში აღნიშნულია, რომ რ.შ–იას კუთვნილი ელ. ფოსტის მისამართს წარმოადგენდა a@q.ge და, შესაბამისად, მას გააჩნდა წვდომა paypal-ის ანგარიშზე, თუმცა საქმეში დაცული არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება, ნამდვილად რ.შ–იას ეკუთვნოდა თუ არა ზემოაღნიშნული ელექტრონული ფოსტის მისამართი. ამასთან ბუნდოვანია იმ პირთა ჩამონათვალი, ვისაც შესაძლოა, წვდომა ჰქონოდა ზემოაღნიშნულ ელ. ფოსტაზე.
9.4. სარჩელის თანახმად, რ.შ–იამ დაარეგიტრირა ანგარიში f-b@inbox.ru, თუმცა დაუდგენელია, ნამდვილად რ.შ–იამ დაარეგისტრირა თუ არა იგი და მართავდა თუ არა ხსენებულ ანგარიშს სწორედ მოპასუხე.
9.5. თანხის განკარგვა კომპანიაში ხორციელდებოდა ბუღალტერიის მიერ, კომერციული (ფინანსური) დირექტორის მითითებითა და დადასტურებით, რომელსაც უნდა შეესწავლა, თუ რა მომსახურებაში იხდიდა თანხას, შემდგომ კი, გაეკონტროლებინა, მიიღო თუ არა კომპანიამ შეძენილი სერვისი. არადამაჯერებელია პოზიცია, რომ თანხების კომპანიიდან გადინება ბრმად ხდებოდა, ისე, რომ კოპანიის ბუღალტერს ან/და ფინანსურ დირექტორს არასდროს უჩნდებოდათ შეკითხვა, თუ რატომ ირიცხებოდა უცნობი კომპანიის ანგარიშზე თანხები მაშინ, როცა მოსარჩელეს მომსახურება/ლიცენზია ნაყიდი ჰქონდა კომპანია i. ltd-სგან.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), შესაბამისად, საკასაციო პალატისთვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი, საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე, ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ასახულია წინამდებარე განჩინების 7.1.-7.6.5. პუნქტებში.
14.1. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლები.
14.2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 2010 წლის 15 დეკემბერს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, V კარს დაემატა ახალი XXXIV3 თავი – ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესი. განხორციელებული ცვლილების პროცესუალურ სამართლებრივი ანალიზის მიზნებისათვის, ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესი დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარდგენილი სარჩელის ჩვეულებრივი წარმოებისაგან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავით გათვალისწინებული წესები გამოიყენება მაშინ, როდესაც სახეზეა კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, ანუ როდესაც დანაშაულის ჩადენის შედეგად პირისათვის ზიანის მიყენების ფაქტი დასტურდება კანონიერ ძალაში შესული განაჩენით. ასეთ შემთხვევაში, სამოქალაქო საქმის განმხილველი მოსამართლე აღარ იკვლევს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტსა და მიზეზობრივ კავშირს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, არამედ, დადასტურებულად ითვლება როგორც მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის, ისე დამდგარი შედეგისა და მიზეზობრივი კავშირის ელემენტები. აღნიშნული დასკვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
14.3. 2010 წლის 24 სექტემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით გაუქმებული იქნა სსსკ-ის 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, კერძოდ, სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილ ფაქტებს აღარ გააჩნიათ პრეიუდიციული ძალა, თუმცა სსსკ-ის 30920 მუხლის ფორმულირებით, დანაშაულის ჩადენის ფაქტი პრეიუდიციის რანგშია აყვანილი, ანუ მიჩნეულია ფაქტად, რომელიც მტკიცებას არ საჭიროებს. საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „სსსკ-ის 106-ე მუხლზე მითითება ამავე კოდექსის 30920 მუხლის მეორე ნაწილის გაუთვალისწინებლად არ შეიძლება. მართალია, სსსკ-ის 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი („ფაქტები იმის შესახებ, განხორციელდა თუ არა მოქმედება და ჩაიდინა თუ არა ეს მოქმედება ამ პირმა, რაც დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილებით, როცა საქმეს იხილავს სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქოსამართლებრივი შედეგების შესახებ, რომლის მიმართაც გამოტანილია საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილება“) 2010 წლის 24 სექტემბერს განხორციელებული ცვლილების შედეგად ამოღებულ იქნა, მაგრამ იმავე წლის 15 დეკემბრის კანონით განხორციელებული ცვლილებით დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნების განხილვისას ამოქმედდა განსხვავებული წესი, რაც იმას გულისხმობს, რომ კანონიერ ძალაში შესულ განაჩენში მითითებული სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები ხელახლა არ დგინდება, ანუ ისინი დადგენილად მიიჩნევა (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-638-605-2014, 22.04.2016წ).
14.4. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ არჩევანი - სარჩელი ზიანის ანაზღაურების შესახებ აღძრას საერთო წესით თუ გამოიყენოს გამარტივებული წარმოების მექანიზმი, სრულად მოსარჩელის მხარეს არის. განაჩენის არარსებობისას და, შესაბამისად, საერთო სასარჩელო წესით სარჩელის აღძვრისას, მოსარჩელეს ევალება მართლსაწინააღმდეგო ქმედების, დამდგარი ზიანის, ქმედებასა და შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის მტკიცება. მტკიცებულებათა სიმწირის პირობებში, მაღალია რისკი იმისა, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს. ზიანის გამომწვევი იმგვარი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისას, რომელიც ამავდროულად, სისხლის სამართლის დანაშაულის ან/და ადმინისტრაციული სამართლადარღვევის შემადგენლობას ქმნის, სამართალდამცავი ორგანოები გამოძიებისა თუ ადმინისტრაციული მოკვლევის პირობებში მოიპოვებენ მტკიცებულებებს, რომელთა მოპოვებაც დაზარალებულისთვის არსებითად რთული, რიგ შემთხვევებში კი, შეუძლებელიც შეიძლება იყოს. სწორედ ამიტომ, კანონმდებელი გარკვეული არჩევანის თავისუფლებას უტოვებს დაზარალებულ პირს _ მას შეუძლია სისხლის სამართლის/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისგან დამოუკიდებლად აღძრას სარჩელი და მტკიცების ტვირთის საკუთარ თავზე აღების გზით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, ან დაელოდოს დელიქტის შესახებ სასამართლო განაჩენის გამოტანას/სამართალდარღვევის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. განსახილველ შემთხვევაში კი, მოსარჩელისგან მოთხოვნილია ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების გამარტივებული წესით მისი სარჩელის განხილვა, რის საფუძველსაც ქმნის მოპასუხის მიმართ დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენი სისხლის სამართლის საქმეზე, რომლითაც დაზარალებულად ცნობილია სწორედ ს.ს. „ქ.კ–ი“, ხოლო დანაშაულებრივ ქმედებად განხილულია წინამდებარე სარჩელში ზიანის გამომწვევ ქმედებებად დასახელებული გარემოებები.
14.5. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში, კასატორი პრაქტიკულად, მოსარჩელისგან ითხოვს იმავე სტანდარტის მტკიცების მოვალეობის შესრულებას, რომელიც დაეკისრებოდა განაჩენის არარსებობის პირობებში. განაჩენის არსებობით დაზარალებულისთვის მინიჭებული საკანონმდებლო შეთავათი კი, სწორედ იმაში ვლინდება, რომ განაჩენის/ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის არსებობამ მნიშვნელოვანწილად შეუმსუბუქოს მტკიცების ტვირთი დაზარალებულს და ზიანის ანაზღაურების მარტივი მექანიზმით უზრუნველყოს იგი.
14.6. ამრიგად, პალატა მიუთითებს, მასზედ, რომ წინამდებარე განჩინების 9.1-9.5. პუნქტებში წარმოდგენილ პრეტენზიებზე პასუხი არსებითად გაცემულია სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენით, სახელდობრ, დადგენილია, რომ რ.შ–იას, როგორც ს.ს. „ქ.კ–ი“-ს აიტი მენეჯერს, სამსახურებრივად წვდომა ნამდვილად გააჩნდა paypal-ის ვებ გვერდზე გახსნილ, კომპანიის კუთვნილ ანგარიშებთან. მან, მის ნაცნობ კ.თ–თან ერთად 2016 წელს „www.paypal.com“-ზე დაარეგისტრირა მოსარჩელე კომპანიის კონტრაქტორი საწარმოს დირექტორის კუთვნილი გვერდის სახელს მიმსგავსებული მომხმარებლის ანგარიშები, რომელთა უკანაც, რეალურად, მოპასუხისა და და მისი ნაცნობის კუთვნილი კომპანია იდგა, რითაც შეცდომაში შეიყვანა დამსაქმებელი, თითქოს ანგარიშსწორებას ახორციელებდა კონტრაქტორ „I Ltd“-ის მიმართ, გაწეული მომსახურებისათვის, რეალურად კი, თანხები აღმოჩნდა ბრალდებულების მიერ „Pay Pal“-ზე რეგისტრირებულ ყალბ ანგარიშებზე. აღნიშნული ქმედებით ს.ს. „ქ.კ–მა“ განიცადა ზიანი, რაც არარსებული მომსახურების სანაცვლოდ თანხის გადახდაში გამოიხატა და შეადგინა ჯამურად 390 055.85 აშშ დოლარი და 35 457.8 ევრო.
15.1. სისხლის სამართლის განაჩენით დადგენილია როგორც დასახელებული ქმედების ჩადენის ფაქტები, ისე ამ ქმედებათა სამართლებრივი ბუნება - მართლწინააღმდეგობა, ბრალეულობა და დამდგარ ზიანთან უშუალო მიზეზობრიობა.
15.2. როგორც უკვე აღინიშნა, გამარტივებული სამართალწარმოების მიზნებისათვის გამამტყუნებელი განაჩენის ძალით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები პრეიუდიციულ მნიშვნელობას იძენს სამოქალაქო პროცესში დელიქტური სარჩელის განხილვისას, შესაბამისად, განაჩენის არსებობისას, დელიქტური მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის ქვეშ სუბსუმირებადი ფაქტების ხელახალ კვლევას სასამართლო თავისი ინციატივით აღარ შეუდგება, არამედ ეყრდნობა კანონიერ ძალაში შესული მართლმსაჯულების აქტის უცვლელობისა და მუდმივობის პრინციპს და სისხლის სამართლის პროცესში დადგენილ ფაქტებს ანიჭებს სამოქალაქო დავაში დამტკიცებულის ტოლფას იურიდიულ ძალას. პრეიუდიციულად მიჩნეული ფაქტის გაქარწყლების ერთადერთი საშუალება კი, მტკიცებაა, რომელიც უნდა გასწიოს სწორედ იმ მხარემ, რომლის ინტერესშიც შედის იურიდიული ფაქტების განაჩენისაგან განსხვავებულად/საწინააღმდეგოდ დადგენა. მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოს წარედგინება პრეიუდიციის დასაძლევად, სარწმუნო და დამაჯერებელი უნდა იყოს.
15.3. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს, სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე, სასამართლოსთვის რაოდენობრივად ერთი მტკიცებულებაც კი არ წარუდგენია, არამედ განაჩენით დადგენილ ფაქტებს ედავებოდა მხოლოდ ახსნა-განმარტების ფორმით, რაც, ლოგიკურია, არასაკმარისია იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის ახსნა-განმარტებას ზურგს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გამამყუნებელი განაჩენი უმყარებს.
15.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
15.5. ზიანის მიყენების ფაქტის მიმართ მოქმედი პრეიუდიციით მოცული იქნება თუ არა ზიანის ოდენობაც, დამოკიდებულია იმაზე, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი შეიცავს თუ არა მიყენებული ზიანის გაანგარიშებას (სსსკ 30917 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად).
15.6. განსახილველ შემთხვევაში, ზიანის ოდენობას სისხლისსამართლებრივი მნიშვნელობა ჰქონდა ქმედების კვალიფიკაციის მიზნებისთვისაც (სისხლის სამართლის კოდექსის 180.3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისათვის, რომელშიც რ.შ–ია დამნაშავედ არის ცნობილი), შესაბამისად, განაჩენი შეიცავს ზიანის ოდენობის გაანგარიშებასაც, სახელდობრ, ამ განაჩენით დადგენილია, რომ 325 625.63 აშშ დოლარი რ.შ–იამ გადარიცხა ჯერ ს.ს. „ქ.კ–ი“-ს „www.p.com“-ზე რეგისტრირებულ საგადამხდელო ანგარიშზე, ელ. ფოტის მისამართი „a@q.ge“, საიდანაც თანხა გადარიცხა ბრალდებულების მიერ „P Pal“-ზე რეგისტრირებულ ანგარიშებზე - „F,“ „F B,“ „FEDOR,“ „F F,“ „F,“ „F F“ და „F F.“ ამავე სქემით რ.შ–იამ კ.თ–თან ერთად, მოტყუებით, „P.Pal“-ზე 2016-2018 წლებში, მათ მიერვე რეგისტრირებულ ყალბ ანგარიშებზე: „p.@w.com“ კომპანია „W. LLC“-ში გადაირიცხა 7.720 აშშ დოლარი; „P.Pal“-ის ანგარიშზე „P@o.co“ კომპანია „O C. S.A.P.I. de C.V“-ში გადაირიცხა 3.152.91 აშშ დოლარი; „P.Pal“-ის ანგარიშზე „C. T.“ გადაირიცხა 474.24 აშშ დოლარი; „P.Pal“-ის ანგარიშზე „p@163.com“ კომპანია „H.H“-ში გადაირიცხა 519.00 აშშ დოლარი; „P.Pal“-ის ანგარიშზე „s@n.com“ კომპანია „N. T. P. L“-ში გადაირიცხა 4306.00 აშშ დოლარი; „P. Pal“-ის ანგარიშზე „p@i.com“ კომპანია „I“-ში გადაირიცხა 48 496.29 აშშ დოლარი და 1070,00 ევრო; „P. Pal“-ის ანგარიშზე „A“ გადაირიცხა 367.00 აშშ დოლარი; „P.Pal“-ის ანგარიშზე „P.com“ კომპანია „M. L“-ში გადარიცხა 107.94 აშშ დოლარი; „Pay Pal“-ის ანგარიშებზე „h@h.com,“ „h@e.de“ და „H“ ჯამში გადაირიცხა 34 387.80 აშშ დოლარი.
15.7. სწორედ ყალბ ანგარიშებზე გადარიცხული, მოსარჩელის კუთვნილი, თანხების ჯამი წარმოადგენს ზიანს, რომელიც მოსარჩელემ მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული, დანაშაულებრივი, ქმედების შედეგად განიცადა და მისი ჯამური ოდენობა, ამავე განაჩენის თანახმად, 390 055.85 აშშ დოლარი და 35 457.8 ევროა. ამდენად, წინამდებარე სამოქალაქო დავაში ზიანის ოდენობაც პრეიუდიციული ფაქტია.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
17. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 07 სექტემბრის განჩინებით კასატორს სახელმწიფო ბაჟის - 6000 ლარის გადახდა გადაუვადდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 30%, რაც შეადგენს 1800 ლარს, კასატორს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ.შ–იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. რ.შ–იას (პ/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 07 სექტემბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის _ 6000 ლარის 30%-ის _ 1800 (ათასრვაასი) ლარის გადახდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი