საქმე №ას-1127-2024 14 ნოემბერი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ხ.მ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ტ.კ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. შპს „ტ.კ–მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ხ.მ–ის მიმართ, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.2. მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის 17 აპრილს, სს „თ.ბ–სა“ და ხ.მ–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეს გადაეცა 12000 ლარის ოდენობით კრედიტი. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 25%-ით. კრედიტის ვადა – 1 454 დღით, 2023 წლის 10 აპრილამდე, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 10 რიცხვში, ხელშეკრულების გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იყო ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, დამატებული დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხის მიერ საბანკო ხელშეკრულება დაირღვა 2020 წლის 1-ლი ოქტომბრიდან აღარ მომხდარა გადახდა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული სესხის დასაფარად საერთო ჯამში გადახდილი თანხიდან 1 656.04 ლარით დაიფარა ძირი თანხა, 2 345.25 ლარით – პროცენტი, 270.54 ლარით ჯარიმა, 250 ლარით - საკომისიო, ხოლო 73.33 ლარით - სიცოცხლის დაზღვევის პრემია.
2.2. ამ ხელშეკრულების ფარგლებში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი, სს „თ.ბ–სა“ და მოპასუხეს შორის 2018 წლის 15 დეკემბერს ასევე დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება და მოპასუხეს გადაეცა ბარათი „ერთგული“ 500 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. 18%-იანი (კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების) ან 36%-იანი (სს „თ.ბ–ის“ ბანკომატით ათვისების და 1 წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში) წლიური სარგებლით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იყო ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 1 ლარი, ამას დამატებული 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 15 რიცხვი.
2.3. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2020 წლის 16 ნოემბრის შემდეგ გადახდა აღარ განუხორციელებია. 2022 წლის 21 იანვრის მდგომარეობით მოპასუხეს 2018 წლის 15 დეკემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერიცხებოდა დავალიანება 745.03 ლარის ოდენობით (ძირი თანხა 412.55 ლარი, პროცენტი 205.27 ლარი და ჯარიმა 127.21 ლარი).
2.4. 2022 წლის 21 იანვარს სს „თ.ბ–სა“ და შპს „ტ.კ–ს“ შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის (ცესიის) ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ბანკს და ხ.მ–ს შორის დადებული 2019 წლის 17 აპრილის საბანკო კრედიტის N246339-10449556 და 2018 წლის 15 დეკემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება შეიძინა შპს „ტ.კ–მა“.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, ძირი თანხის ნაწილში, ასევე წარადგინა მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებელი.
3.2. შესაგებლის თანახმად, მსესხებელს სარგებლის გადახდა აღარ განუხორციელებია ვინაიდან იყო მძიმე მდგომარეობა პანდემიის გამო, დარჩა უმუშევარი და არ გააჩნდა თანხის გადახდის შესაძლებლობა. ასევე აღნიშნა, რომ პროცენტი არის შეუსაბამოდ მაღალი, რაც მძიმე მდგომარეობაში აყენებს გადამხდელს. ასევე დაადასტურა 2018 წლის 15 დეკემბერს საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულების დადების ფაქტი და მასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ სარგებელი იყო შეუსაბამოდ მაღალი და მხოლოდ კრედიტორზე მორგებული.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „ტ.კ–ის“ სარჩელი ხ.მ–ის მიმართ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 15 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 617.82 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 412.55 ლარი, პროცენტი – 205.27 ლარი; 2019 წლის 17 აპრილის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 15 481.56 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 10 343.96 ლარი, პროცენტი – 5 137.6 ლარი.
4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით, გაასაჩივრა ხ.მ–მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ივლისის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი დარჩა უცვლელი.
5.2. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად შეაფასა სესხის პროცენტის ოდენობა და დამატებით განმარტა, რომ სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს. პალატის აზრით, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება შესაბამისი მტკიცებულებებით, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას გამორიცხავდა.
5.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ივლისის განჩინება, საკასაციო წესით, გაასაჩივრა ხ.მ–მა.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნებს და გასაჩივრებულ განჩინებას სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის კანონშესაბამისად ცნობის ნაწილში, დაუსაბუთებლად მიიჩნევს.
6.2. კასატორი ამტკიცებს, რომ სესხზე დარიცხული პროცენტი იმდენად მაღალია, რომ სასამართლომ იგი უნდა მიიჩნიოს ამორალურად. იგი დასძენს, რომ ისეთი მაღალი საპროცენტო სარგებლის ზღვარი, როგორც ეს საქართველოშია, არცერთ ევროპის ქვეყანაში არ არის, რაც გაუმართლებელ ტვირთად აწვება მომხმარებელს.
6.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
9. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- სს „თ.ბ–სა“ და მოპასუხეს შორის 2018 წლის 15 დეკემბერს გაფორმდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება. საკრედიტო ლიმიტის მოცულობა განისაზღვრა 500 ლარით. ხელშეკრულების მიხედვით, სარგებელი შეადგენდა წლიურ 18%-ს კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების შემთხვევაში ან 36%-ს სს „თ.ბ–ის“ ბანკომატით ათვისების და 1 წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 49.70 %. ასევე გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო - გადახდის ვადის დარღვევისას, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის 1 ლარი და დავალიანების 1% (არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27%-სა). დაანგარიშების პერიოდი განისაზღვრა ყოველი თვის 15 რიცხვში;
- მოპასუხემ ისარგებლა 500 ლარიანი ლიმიტით და თანხა აითვისა სს „თ.ბ–ის“ ბანკომატით;
- 2019 წლის 17 აპრილს სს „თ.ბ–სა“ და მოპასუხე ხ.მ–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. მოპასუხეს კრედიტის სახით გადაეცა 12 000 ლარი, 1454 დღით, წლიური 25% სარგებლის დარიცხვის პირობით, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 31.44 %. ხელშეკრულებით შეთანხმებული იყო პირგასამტეხლო ერთჯერადად 20 ლარი ვადაგადაცილების სრულ აღმოფხვრამდე და ასევე დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის (არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27%-სა);
- 2022 წლის 21 იანვარს სს „თ.ბ–სა“ და შპს „ტ.კ–ს“ შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის (ცესიის) ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ბანკს და ხ.მ–ს შორის დადებული 2019 წლის 17 აპრილის საბანკო კრედიტის N246339-10449556 და 2018 წლის 15 დეკემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება შეიძინა შპს „ტ.კ–მა“;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით შპს „ტ.კ–ი“ წარმოადგენს სს „თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლეს. შესაბამისად, მას აქვს ყველა ის მატერიალური თუ მისგან გამომდინარე საპროცესო უფლება, რაც გააჩნდა სს „თ.ბ–ს“ ხ.მ–თან 2018 წლის 15 დეკემბერს და 2019 წლის 17 აპრილს გაფორმებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში.
11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მსესხებლისთვის საბანკო დაწესებულების მიერ დაკისრებული სარგებლის კანონშესაბამისობის დადგენა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა, გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
12. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.
13. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან, ზიანის მიყენებიდან (დელიქტი), უსაფუძვლო გამდიდრებიდან თუ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
14. საკასაციო სასამართლო, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისას, უპირველესად, მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე მიუთითებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლიდან გამომდინარე, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა.
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. დასახელებული ნორმა გამოყოფს „სამი სახის ფასეულობას“, რომელთა დარღვევა იწვევს გარიგების ბათილობას: კანონით დადგენილი წესი და აკრძალვა; საჯარო წესრიგი; ზნეობის ნორმები. აღნიშნული ნორმის მიზანი არის ზოგადად მართლწესრიგსა და სამოქალაქო სამართალს შორის კავშირის უზრუნველყოფა და იმის დაფიქსირება, რომ გარიგების ნამდვილობა არ არის მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის ნორმებზე დამოკიდებული. ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვები გამოიყენება ყველა, როგორც ცალმხრივი, ისე ორმხრივი და მრავალმხრივი გარიგების მიმართ. დამკვიდრებული შეხედულების თანახმად, გარიგება ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს, როდესაც იგი არსებითად არღვევს ერთ-ერთი მხარის ინტერესებს და არათანაბარ პირობებში აყენებს მას. ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს სარგებლის ამორალური ხასიათი და კრედიტორის სურვილი, მიიღოს მაქსიმალური სარგებელი დადებული ხელშეკრულებიდან. ზნეობის შესაბამისი გარიგება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს არ უნდა აყენებდეს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში. ამ საკითხის კვლევისას შემოწმების საგანი არის არა გარიგების მონაწილეთა ქცევა ზნეობასთან მიმართებით, არამედ გარიგების შინაარსის მიმართება ზნეობასთან (იხ. სუსგ-ები: №ას-625-584-2017, 7.07.2017წ:; №ას-1097-2021, 25.05.2022წ.; №ას-1024-2023, 16.11.2023წ.).
16. გარიგების ამორალურად და მართლსაწინააღმდეგოდ კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია გარიგების ნეგატიური, კანონსაწინააღმდეგო ან ამორალური შედეგის დადგომა, ანუ განსახილველ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია დადგინდეს, იყო თუ არა მხარეთა შორის შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთი იმდენად მაღალი, რომ შეფასებულიყო ზნეობის ნორმების საწინააღმდეგო გარიგებად. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებაში სარგებლის გათვალისწინება მხარეთა სპეციალურ შეთანხმებაზეა დამოკიდებული. სხვა შემთხვევაში სესხი სარგებლის გარეშეა.
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, მხარეები თავად განსაზღვრავენ ხელშეკრულების პირობებს. დასახელებული ნორმა დისპოზიციურია და მხარეებს აძლევს შესაძლებლობას, თავად განსაზღვრონ სესხის პირობები, მათ შორის, თავად დაადგინონ სესხის ხელშეკრულების პირობა სარგებლის თაობაზე.
18. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულების დებულება, რომლითაც სესხისთვის სარგებელი განისაზღვრა, არ არის შეუსაბამოდ მაღალი, არ ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, არ არის ბათილი (სუსგ №ას-1362-2023, 26.01.2024 წ).
19. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ 2016 წლის 29 დეკემბერს, სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლში ცვლილება შევიდა და დაემატა მე-2 ნაწილი, რომლითაც სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალურ ზღვრად 100% დაწესდა, ხოლო მოგვიანებით, 2018 წლის 21 ივლისს, იგივე მუხლი კვლავ შეიცვალა და საპროცენტო სარგებლის მაქსიმალურ წლიურ ოდენობად 50% განისაზღვრა, რაც კონკრეტულ მიზნად სასესხო/საკრედიტო ურთიერთობებში მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და მოსახლეობის ჭარბვალიანობის რისკის შემცირებას ისახავდა. ამდენად, ხელშეკრულების მონაწილე სუსტი მხარის ინტერესების დაცვის, სასესხო/საკრედიტო ურთიერთობებში მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და მოსახლეობის ჭარბვალიანობის რისკის შემცირების მიზნით, კანონმდებელმა საკანონმდებლო ცვლილებებით სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზღვარი ჯერ 100%-ით, ხოლო მოგვიანებით 50%-ით განსაზღვრა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ოდენობის დაბლა მხარეთა მიერ შეთანხმებული ნებისმიერი საპროცენტო განაკვეთი კანონშესაბამისია (სუსგ. №ას-4-2023, 30.03.2023წ.).
20. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია სააპელაციო სასამართლოს იმ მსჯელობის საწინააღმდეგოდ, რომ სადავო ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო სარგებლი - ერთ შემთხვევაში, წლიური 18% - კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების შემთხვევაში ან 36% - სს „თ.ბ–ის“ ბანკომატით ათვისებისა და 1 წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში (ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 49.70 %), ხოლო, მეორე შემთხვევაში, 25% - შეუსაბამოდ მაღალ პროცენტად ვერ მიიჩნევა. საკასაციო პალატის განმარტებით, უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, ზემოაღნიშნული საპროცენტო განაკვეთები, სესხის ხელშეკრულების დადებისას, ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთის საშუალო მაჩვენებელთან შეუსაბამო და მართლსაწინააღმდეგო პირობას არ წარმოადგენს (იხ.: სუსგ-ები №ას-894-834-2017, 3.11.2017წ.; №ას-1325-2018, 22.02.2019წ.; №ას-663-629-2015, 28.07.2015წ.; №ას-894-834-2017, 3.11.2017წ.; №ას-377-2021, 12.10.2021წ.; №ას-386-2019, 2.04.2021წ.; №ას-444-2020, 17.03.2021წ, საქმე №ას-658-2024, 22.07.2024 წ.).
21. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
22. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
23. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
24. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხ.მ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ხ.მ–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2024 წლის 21 ოქტომბერს №24259952537 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი