Facebook Twitter

საქმე №ას-662-2025 14 ნოემბერი, 2025 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს ,,ს.კ.უ–ი'' (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – კ.კ–ნი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. კ.კ–ნმა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს ,,ს.კ.უ–ის“ წინააღმდეგ და მოპასუხისათვის 18 506 ლარის დაკისრება მოითხოვა.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. მხარეთა შორის არსებობდა დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობა. დაზღვეული იყო ავტომანქანა Hyndai Tucson, სახ.ნომრით: ....... მოსარჩელე სრულად იხდიდა სადაზღვევო პრემიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დაცვით. 2024 წლის 12 მარტის სადაზღვევო შემთხვევის გამო ანაზღაურებაზე სადაზღვევო კომპანიამ უარი დაუსაბუთებლად განუცხადა.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, შესაგებელში აღნიშნულია, რომ დაზღვევის ხელშეკრულება უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეულ სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებას არ ითვალისწინებს. სადავო შემთხვევაში ავტოსაგზაო შემთხვევა მძღოლის ბრალეული ქმედების შედეგია, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, სს „ს.კ.უ–ს“ კ.კ–ნის სასარგებლოდ დაეკისრა 18 506 ლარის გადახდა; საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა: უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება.

5.2. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა შემდეგ გარემოებებზე:

5.2.1. 2024 წლის 29 იანვრიდან 2025 წლის 29 იანვრამდე კ.კ–ნსა და სს „ს.კ.უ–ს“ შორის დადებული იყო დაზღვევის ხელშეკრულება. დაზღვეული იყო ავტომანქანა Hyndai Tucson, სახ.ნომრით: ........ უფლებამოსილი მძღოლები არიან: კ.კ–ნი, ლ.ა–ნი, მ.კ–ნი, რ.ა–ა.

5.2.2. სახმელეთო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის ჯამური სადაზღვევო თანხის ლიმიტია - 25 000 აშშ დოლარი, მძღოლისა და მგზავრის უბედური შემთხვევისგან დაზღვევა - 5000 აშშ დოლარი, მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა - 10 000 აშშ დოლარი;

5.2.3. 2024 წლის 12 მარტს, მოსარჩელის კუთვნილ, Hyndai Tucson-ის ფირმის ავტომანქანას (სახ. N .....) მართავდა უფლებამოსილი მძღოლი, მ.კ–ნი, რომელიც მოძრაობდა დაბა წყნეთში, რუსთაველისა და შერვაშიძის ქუჩების კვეთასთან, თბილისის მიმართულებით. რა დროსაც ვერ უზრუნველყო უსაფრთხო მართვა და შეეჯახა „ბორდიურს.“ რის გამოც ავტომანქანას დაუზიანდა წინა ბამპერი, წინა და უკანა მარჯვენა კარი, წინა მარჯვენა საბურავი და ბოლდინგი. უფლებამოსილი მძღოლი დაჯარიმდა 250 ლარით;

5.2.4. 2024 წლის 26 მარტის წერილით, მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა, რომ სახეზეა ხელშეკრულების საგამონაკლისო პირობა - უხეში გაუფრთხილებლობა, რის გამოც, სს „ს.კ.უ–ი“ უარს აცხადებს ზარალის ანაზღაურებაზე;

5.2.5. სს „ჰ.ა.ს–ოს“ 2024 წლის 23 მარტის ინვოისით, Hyndai Tucson-ის ფირმის ავტომანქანის (სახ. N .......) აღდგენის ღირებულებაა 18 506 ლარი.

5.3. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2024 წლის 12 მარტს, მოსარჩელის კუთვნილ, Hyndai Tucson-ის ფირმის ავტომანქანას (სახ. N ....) მართავდა უფლებამოსილი მძღოლი, მ.კ–ნი. რომელიც მოძრაობდა დაბა წყნეთში, რუსთაველისა და შერვაშიძის ქუჩების კვეთასთან, თბილისის მიმართულებით. რა დროსაც ვერ უზრუნველყო უსაფრთხო მართვა და შეეჯახა „ბორდიურს“, რის გამოც ავტომანქანას დაუზიანდა წინა ბამპერი, წინა და უკანა მარჯვენა კარი, წინა მარჯვენა საბურავი და ბოლდინგი მოსარჩელის განმარტებით, ხედავდა რომ უახლოვდებოდა ქვეითთა გადასასვლელს, რომელიც დახაზულია გზაზე. ასევე, გზაზე გავლებული იყო უწყვეტი ღერძულა ხაზი. სარკეში ხედავდა, რომ მის უკან დიდი სისწრაფით მოდიოდა ავტომანქანა და აპირებდა მის გასწრებას. თუ იგი არ გადაიწეოდა მოხდებოდა შეჯახება. რის გამოც მ.კ–ნმა სცადა უკიდურესი მარჯვენა მხარე დაეჭირა, რომ როგორმე გაეტარებინა სწრაფად მომავალი ავტომანქანა, მაგრამ შეეჯახა ჩასახვევში გზის შუა ზოლზე დადებულ, ამაღლებულ ბეტონის კონსტრუქციას. წარმოდგენილი ფოტოსურათებით და ვიდეოჩანაწერით დასტურდება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილას ნამდვილად არის ამაღლებული ბეტონის კონსტრუქცია.

5.4. სასამართლომ განმარტებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, მძღოლის ბრალეულობა გამოიხატა გაუფრთხილებლობაში. ბრალეულობის საკითხის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო შემდეგი ფაქტები: (I) დაზღვეულ ავტომობილს მართავდა უფლებამოსილი მძღოლი; (II) ავტოსაგზაო შემთხვევისას მძღოლი იმყოფებოდა ფხიზელ მდგომარეობაში; (III) მძღოლი ავტომანქანას მართავდა დაბალი სიჩქარით. (IV) ავტოსაგზაო შემთხვევისას მძღოლს არ აღენიშნებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. ამ ფაქტების ერთობლიობა, საქმის მასალების გათვალისწინებით, იძლევა დამზღვევის მოქმედების მარტივ და არა უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასების საშუალებას. შესაბამისად, სამოქალაქო საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ დამზღვევის პოზიცია მძღოლის უხეშ გაუფრთხილებლობაზე მითითებისა და ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის თაობაზე მოკლებულია საფუძველს.

5.6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

6.1. კასატორის მტკიცებით, ორივე ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ გამოიყენა შესაბამისი სამართლებრივი სტანდარტი ,,უხეში გაუფრთხილებლობის" განსაზღვრისას.

6.2. კასატორი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე (საქმე Nას-1031-2024) და განმარტავს, რომ ფაქტობრივი პირობები ხელსაყრელი იყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დღისით, მზიან ამინდში, დაბალი სიჩქარით მოძრაობისას შეეჯახა, რაც მიუთითებს მძღოლის მხრიდან უყურადღებობასა და გაუფრთხილებლობაზე. არ არსებობს ობიექტური მტკიცებულება მძღოლის ახსნა-განმარტების დასადასტურებლად: არ არის წარმოდგენილი არც ვიდეო, არც მოწმე, არც ექსპერტიზის დასკვნა იმაზე, რომ უკან მოძრავი მანქანა ნამდვილად ქმნიდა რეალურ საფრთხეს.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:

7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ივნისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შემოწმების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:

8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

10. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, სავალდებულოა საკასაციო პალატისთვის, რადგან კასატორს დასაშვები და დასაბუთებული შედავება არ განუხორციელებია.

11. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები.

12. მოსარჩელის მოთხოვნაა სადაზღვევო შემთხვევით დამდგარი ზიანის ანაზღაურება. ამ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 799-ე (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება) მუხლი.

13. საგულისხმოა, რომ სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლიდან გამომდინარე, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. ამასთანავე, შესაძლებელია, რომ თავად ხელშეკრულება შეიცავდეს საგამონაკლისო დათქმებს, ასეთ დროს, „ხელშეკრულებაში საგამონაკლისო ნორმების იმპლემენტაციის დანიშნულებაა ამომწურავად განისაზღვროს იმ გარემოებათა/ქმედებათა წრე, რაც მზღვეველის პასუხისმგებლობას გამორიცხავს, ყველა სხვა შემთხვევა კი დამზღვევის ინტერესების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საგამონაკლისო შემთხვევების გაფართოების დაშვება ეწინააღმდეგება ხელშეკრულებაში ამგვარი დათქმების ჩართვის მიზანს. მხარეები თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში დებენ რა ხელშეკრულებას, თავადვე განსაზღვრავენ სახელშეკრულებო ურთიერთობების იმპერატიულ და დისპოზიციურ წესებს, რომელსაც ორივე მხარე განუხრელად უნდა დაემორჩილოს და იცავდეს. საგამონაკლისო დათქმები სადაზღვევო ხელშეკრულების სწორედ იმპერატიულ დანაწესთა იმ წყებას მიეკუთვნება, რომელიც სადაზღვევო თანხის ანაზღაურებისათვის დაუშვებლად მიჩნეულ ქმედებათა სრულ სპექტრს განსაზღვრავს“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 დეკემბრის №ას-1147-1067-2017 განჩინება).

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დამზღვევისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი გამოწვეულია მხარეთა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო შემთხვევით. კასატორი სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარს ამბობს ერთადერთი არგუმენტით - მოსარჩელის უხეშ გაუფრთხილებლობაზე დაზღვეული ავტომანქანის მძღოლმა, მოქმედებდა რა უხეში გაუფრთხილებლობით, დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, რამაც გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა. მისივე განმარტებით, დღისით, მზიან ამინდში, დაბალი სიჩქარით მოძრაობის დროს შეეჯახა, რაც მიუთითებს მძღოლის მხრიდან უყურადღებობასა და გაუფრთხილებლობაზე. არ არის წარმოდგენილი არც ვიდეო, არც მოწმე, არც ექსპერტიზის დასკვნა იმაზე, რომ უკან მოძრავი მანქანა ნამდვილად ქმნიდა რეალურ საფრთხეს.

15. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დამზღვევის მარტივი გაუფრთხილებლობით მოქმედების დადასტურებაზეა დამოკიდებული. „მარტივ გაუფრთხილებლობად კი შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, დაუდევრად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არდათმობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 იანვრის №ას-1479-2019 განჩინება).

16. საკასაციო სასამართლო ერთ ერთ განხილულ საქმეზე (ას-1306-1226-2015) განმარტავს, რომ პასუხისმგებლობის ფარგლები, (უფრო მკაცრი ან მსუბუქი პასუხისმგებლობა), შეიძლება გარიგებით ან კანონით დაწესდეს. ამ შემთხვევაში, მხარეებს ხელშეკრულებით არ დაუკონკრეტებიათ ეს ფარგლები, ანუ არ გაუმიჯნავთ ერთმანეთისაგან უხეში და მარტივი გაუფრთხილებლობის შემთხვევები. შესაბამისად, სსკ-ს 829-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მზღვეველის პასუხისმგებლობა მხოლოდ მარტივი გაუფრთხილებლობით დამდგარი ზიანისათვის დგება. გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არ დათმობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე, ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ. სადავო შემთხვევაში კი, სააპელაციო პალატამ, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების დეტალურად და ერთობლივად შეფასების შედეგად, დაადგინა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას სატრანსპორტო საშუალებას მოსარჩელე მართავდა ფხიზელ მდგომარეობაში. მართალია, მან დაარღვია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესი, რაც სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად ვერ იქნება განხილული. ამდენად, არსებობდა მოპასუხისთვის თანხის დაკისრების წინაპირობა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 დეკემბრის №ას-1107-2021 განჩინება). სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის საქმე Nას-745-713-2014, განჩინება), რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

17. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2024 წლის 12 მარტს, მოსარჩელის კუთვნილ, ავტომანქანა ,,Hyndai Tucson-ს” (სახ. N II230CI) მართავდა უფლებამოსილი მძღოლი, მ.კ–ნი (იხ. ამავე განჩინების პ. 5.2.1.), რომელიც მოძრაობდა დაბა წყნეთში, რუსთაველისა და შერვაშიძის ქუჩების კვეთასთან, თბილისის მიმართულებით. ამ დროს მან ვერ უზრუნველყო უსაფრთხო მართვა და შეეჯახა ბორდიურს, ავტომანქანას დაუზიანდა წინა ბამპერი, წინა და უკანა მარჯვენა კარი, წინა მარჯვენა საბურავი და ,,ბოლდინგი”. უფლებამოსილი მძღოლი დაჯარიმდა 250 ლარით.

18. მოსარჩელის განმარტებით, ხედავდა, რომ უახლოვდებოდა ქვეითთა გადასასვლელს, გზაზე გავლებული იყო უწყვეტი ღერძულა ხაზი. უკან შენიშნა ძალიან სწრაფად მოძრავი ავტომანქანა, რომელიც აპირებდა გასწრებას. რომ არ გადაწეულიყო, ერთმანეთს შეეჯახებოდნენ. მ.კ–ნმა სცადა, გადასულიყო უკიდურეს მარჯვნივ, რომ როგორმე გაევლო სწრაფად მომავალ ავტომანქანას, მაგრამ შეეჯახა ჩასახვევში, გზის შუა ზოლზე დადებულ, ამაღლებულ ბეტონის კონსტრუქციას. წარმოდგენილი ფოტოსურათებითა და ვიდეოჩანაწერით დასტურდება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილას ნამდვილად არის ამაღლებული ბეტონის კონსტრუქცია.

19. პალატა მიუთითებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეული ზიანი გასწრების მანევრის შესრულებისას გზიდან გადასვლას არ მოჰყოლია. მართალია, მოსარჩელე გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან, თუმცა მძღოლის მხრიდან საგზაო მოძრაობის წესების ამგვარი გადახვევა/უგულებელყოფა, პალატის განსჯით, დაზღვევის ხელშეკრულებით დაცულ სამართლებრივ სიკეთეს წარმოადგენს. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა შემთხვევის დროს მოპასუხის მხრიდან გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა ან/და მისი ალკოჰოლით თრობა. შესაბამისად, სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსაზრებით, მძღოლის უხეშ გაუფრთხილებლობაზე მითითების თაობაზე კასატორის პრეტენზია დაუსაბუთებელია.

20. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ გამოიყენეს შესაბამისი სამართლებრივი სტანდარტი ,,უხეში გაუფრთხილებლობის" განსაზღვრისას. კასატორის მიერ მითითებულ საქმე Nას-1031-2024 საქმეზე დადგინდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომამდე მოსარჩელეს გადაადგილების შემაფერხებელი გარემოებანი არ გააჩნდა. აღნიშნულის მიუხედავად, იგი გადავიდა ორმხრივი გზის საწინააღმდეგო ზოლში და შეეჯახა სატვირთო ავტომანქანას. სასამართლომ დაასკვნა, რომ ამ ფაქტების ერთობლიობა იძლეოდა დამზღვევის მოქმედების უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასების საშუალებას. მითითებულ საქმეში ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზეა საუბარი, რომლებიც არსებითად განსხვავდება მოცემული საქმის გარემოებებისაგან.

21. ერთ-ერთ საქმეზე იმავე მიზეზით ავტოსაგზაო შემთხვევის დასახასიათებლად მხარემ მიუთითა, რომ მოსალოდნელი საფრთხის თავიდან არიდების (გასწრებაზე გასული შემხვედრ ავტომანქანასთან შეჯახების თავიდან არიდების) მიზნით, იძულებული გახდა, გზიდან გადასულიყო, რის შემდეგაც საჭე ვერ დაიმორჩილა და შეეჯახა ბეტონის ჯებირს. სასამართლომ დაადგინა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევით წარმოშობილი ზიანი გასწრების მანევრის შესრულებისას გზიდან გადასვლას არ მოჰყოლია შედეგად. მოსარჩელე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მოძრაობდა საკუთარ ზოლში, დასაშვები სიჩქარით ფხიზელი, მას არ მიუმართავს გასწრების მანევრირებისთვის (იხ. სუსგ საქმე №ას-1147-1067-2017, 29 დეკემბერი 2017 წელი). მართალია, ამ დეტალების მითითება დამზღვევის პოზიციის უპირობო გაზიარების წინაპირობას არ ქმნის, თუმცა სსსკ-ის 105-ე მუხლის საფუძველზე, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად სასამართლოს შეფასების საგანი ხდება.

22. შესაბამისად, კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენის გზით ვერ გააქარწყლა სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ მოსარჩელე სადაზღვევო შემთხვევის დროს მოქმედებდა მარტივი გაუფრთხილებლობით.

23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამგვარ პირობებში მოპასუხეს არ გააჩნდა სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.

24. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

25. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

26. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან

27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი, მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს.

28. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია არცერთი არგუმენტი, დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს ცნობილი დასაშვებად საკასაციო საჩივარი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული და კანონიერია, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

29. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს ,,ს.კ.უ–ის’’ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს ,,ს.კ.უ–ს’’ (ს/კ .........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 6/19/2025წ. №6977343 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 925.3 ლარის, 70% – 647.71 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი