საქმე №ას-359-2024 14 ნოემბერი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
I კასატორი – ლ.ბ–ი, ვ.ხ–ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ტ.კ–ი“ (სს „თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლე) (მოსარჩელე)
II კასატორი - ნ.ზ–ი (ი.ბ–ის უფლებამონაცვლე, მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ტ.კ–ი“ (სს „თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლე) (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1.სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. შპს „ტ.კ–მა“ (სს „თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლე) სარჩელი აღძრა გორის რაიონულ სასამართლოში ლ.ბ–ის, ვ.ხ–ის და ი.ბ–ის (ი.ბ–ის უფლებამონაცვლე - ნ.ზ–ი) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. სს „თ.ბ–სა“ და ი.ბ–ს შორის 2016 წლის 26 ივლისს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №3571933-8421377, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 3030 ლარის ოდენობით, წლიური 36%-ით, 36 თვის ვადით. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 26 რიცხვში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო 10 ლარი და დავალიანების 1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ.
2.2. 2016 წლის 26 ივლისს, საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, სს „თ.ბ–სა“ და ლ.ბ–ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 3939 ლარით ან მისი ეკვივალენტით ნებისმიერ ვალუტაში.
2.3. 2016 წლის 26 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს „თ.ბ–სა“ და ვ.ხ–ს შორის ამავე დღეს, გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 3939 ლარით ან მისი ეკვივალენტით ნებისმიერ ვალუტაში.
2.4. მოპასუხეებმა 2016 წლის 27 სექტემბრიდან დაარღვიეს ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებელი წარადგინეს.
3.2. მოპასუხეთა მტკიცებით, ბანკმა 2016 წლის 17 სექტემბრიდან იცოდა ვალდებულების დარღვევის თაობაზე, რის გამოც მოთხოვნა ხანდაზმულია.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით, შპს „ტ.კ–ის“ (სს „თ.ბ–ის უფლებამონაცვლის) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეებს - ი.ბ–ს, ლ.ბ–სა და ვ.ხ–ს შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2016 წლის 26 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1 384.14 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1274.74 ლარი, ჯარიმა - 100 ლარი, დაზღვევა - 9.40 ლარი. ამავე გადაწყვეტილებით:ი.ბ–ს, ლ.ბ–სა და ვ.ხ–ს შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2016 წლის 26 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირ თანხაზე 1274.74 ლარზე წლიური 35% სარგებლის გადახდა, 2018 წლის 26 სექტემბრიდან - ვალდებულების სრულად შესრულებამდე, რაც ყოველთვიურად შეადგენს 37.17 ლარს. თავდები პირების - ლ.ბ–ისა და ვ.ხ–ის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა 2016 წლის 26 ივლისის თავდებობის ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრა 3939 ლარით.
4.2. გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივრით, გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
5.2. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლა, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული გრაფიკის შესაბამისად, თანხის ყოველი გადახდის მიმართ უნდა ათვლილიყო დამოუკიდებლად, თითოეული გადახდის ვადის დარღვევიდან სამი წლის ვადაში, რადგან სადავო მოთხოვნა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებათა რიგს მიეკუთვნებოდა. შესაბამისად, პალატა დაეთანხმა გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულ მსჯელობას, რომ სარჩელის შეტანიდან უკუსვლით 3 წელზე დაანგარიშებით უნდა მომხდარიყო თანხის დაკისრება.
5.3. შესაბამისად, პალატამ დაადგინა, რომ ბანკის მიერ სარჩელი სასამართლოში წარდგენილი იყო 2021 წლის 21 სექტემბერს რის გამოც მოთხოვნა 2018 წლის 21 სექტემბრის შემდგომ პერიოდზე ხანდაზმული არ იყო.
5.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს ლ.ბ–მა, ვ.ხ–მა და ი.ბ–ის უფლებამონაცვლე - ნ.ზ–მა.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1. I კასატორებისა და II კასატორის საკასაციო საჩივრების სამართლებრივი საფუძვლები იდენტურია. მათი მტკიცებით, სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და არასწორად დაასკვნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ არის ხანდაზმული. მათი აზრით, ბანკისთვის ხელშეკრულების დარღვევისთანავე - 2016 წელს, გახდა ცნობილი, რომ მოპასუხეები ვერ შეძლებდნენ მის შესრულებას, ხოლო სარჩელი აღძრულია 2021 წელს.
6.2. კასატორები უთითებენ ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ დადგენილ პრაქტიკაზე, (საქმეზე №ბს-100(კ-20) და აცხადებენ, რომ ვინაიდან მათ სესხი ერთჯერადად აიღეს, მისი პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებად აღიარება ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის ნორმების სისტემური განმარტების ვალდებულებას.
6.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 11 აპრილის განჩინებით, ლ.ბ–ისა და ვ.ხ–ის საკასაციო საჩივარი, ხოლო ამავე სასამართლოს 2025 წლის 8 მაისის განჩინებით, ნ.ზ–ის (ი.ბ–ის უფლებამონაცვლე, მოპასუხე) საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც საქმეზე დადგენილად მიიჩნევა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად ცნობილი შემდეგი გარემოებები:
- სს „თ.ბ–სა“ და ი.ბ–ს შორის 2016 წლის 26 ივლისს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №3571933-8421377, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 3030 ლარის ოდენობით, წლიური 36%-ით, 36 თვის ვადით;
- კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 26 რიცხვში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო 10 ლარი და დავალიანების 1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ;
- სს „თ.ბ–სა“ და ლ.ბ–ს შორის 26.07.2016წ. გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 3939 ლარით ან მისი ეკვივალენტით ნებისმიერ ვალუტაში;
- სს „თ.ბ–სა“ და ვ.ხ–ს შორის 26.07.2016წ. გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 3939 ლარით ან მისი ეკვივალენტით ნებისმიერ ვალუტაში;
- მოპასუხეებმა 2016 წლის 27 სექტემბრიდან დაარღვიეს ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები;
- მოპასუხეების დავალიანება მოსარჩელის მიმართ საბანკო კრედიტის №3571933-8421377 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 1536.90 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა 1274.74 ლარი, ჯარიმა - 252.76 ლარი და დაზღვევა 9.40 ლარი;
- მოპასუხემ არ ისარგებლა ხელშეკრულების ვადაზე ადრე ცალმხრივად შეწყვეტის უფლებით. სარჩელი აღიძრა 21.09.2021 წელს;
- თავდაპირველი მოსარჩელის უფლებამონაცვლეს ცესიის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენს შპს „ტ.კ–ი“.
12. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრებით სადავოდ არის გამხდარი მხოლოდ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი, შესაბამისად, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი) და ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილი (ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია). საკასაციო პალატა აქვე უთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მას უფლება არ აქვს გასცდეს საკასაციო საჩივრის ფარგლებს, რის გამოც, სასამართლო შეზღუდულია, მხოლოდ მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებლის დასაბუთებულობის შემოწმებით.
13. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას კასატორების მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებლის დაუსაბუთებლობის თაობაზე და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა სამ წელს შეადგენს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა ექვს წელს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კი ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლი პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
15. კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად (სუსგ 19.03.2015წ. №ას-868-830-2014). თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება (სუსგ 1.12.2010წ. №ას-599-562-2010). სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
16. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე.
17. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეებს სესხის გადახდის ვალდებულება ერთდროულად, არამედ ნაწილ-ნაწილ, გარკვეული პერიოდულობით, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით ევალებოდათ. ამგვარი გარიგება კი, წარმოშობს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებს (ზემოაღნიშნული მსჯელობა შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას - სუსგ 20.05.2013წ.№ას-1432-1351-2012, 14.02.2017წ. ას-934-899-2016, 22.06.2018წ. საქმე №ას-462-462-2018, 12.06.2018წ. საქმე №ას-440-440-2018).
18. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან, კასატორებს სადავო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება პერიოდულად, გრაფიკით წინასწარ გაწერილ ვადებში უნდა შეესრულებინათ, ის განხილული უნდა იქნეს, როგორც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებას და მასზე უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა.
19. დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სს „თ.ბ–სა“ და ი.ბ–ს შორის 2016 წლის 26 ივლისს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №3571933-8421377, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 3030 ლარის ოდენობით, წლიური 36%-ით, 36 თვის ვადით. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 26 რიცხვში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო 10 ლარი და დავალიანების 1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ. 2016 წლის 26 ივლისს, საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, სს „თ.ბ–სა“ და ლ.ბ–ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 3939 ლარით ან მისი ეკვივალენტით ნებისმიერ ვალუტაში. ხოლო, 2016 წლის 26 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს „თ.ბ–სა“ და ვ.ხ–ს შორის ამავე დღეს, გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 3939 ლარით ან მისი ეკვივალენტით ნებისმიერ ვალუტაში.
20. ასევე დადგენილია, რომ 2023 წლის 4 მაისის განცხადებით, შპს „ტ.კ–ის“ წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა: მოპასუხეებს ი.ბ–ს, ლ.ბ–ს და ვ.ხ–ს შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ 26.07.2016წ. №3571933-8421377 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ ძირი თანხა 1274.74 ლარი, ჯარიმა - 252.76 ლარი და დაზღვევა 9.40 ლარი; მოპასუხეებს ი.ბ–ს, ლ.ბ–ს და ვ.ხ–ს შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ 2018 წლის 26 სექტემბრიდან, 26.07.2016წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1274.74 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე სოლიდარულად დაეკისროთ წლიური 35%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 37.17 ლარს; თავდებების - ლ.ბ–ისა და ვ.ხ–ის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს 3939 ლარით. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას მასზედ, რომ ვინაიდან ბანკის მიერ სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 2021 წლის 21 სექტემბერს, მოთხოვნა 2018 წლის 21 სექტემბრის შემდგომ პერიოდზე ხანდაზმული არ არის.
21. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს, კასატორების მითითებას ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებაზეც (საქმეზე №ბს-100(კ-20), რომლის მოტივიც თითქოსდა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების სამართლებრივი ბუნების სხვაგვარად შეფასებაში მდგომარეობს. ამ მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული განჩინება მიღებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებებისგან აბსოლუტურად განსხვავებული მოცემულობის პირობებში. კერძოდ, დავის საგანს წარმოადგენდა სასამართლოს მიერ დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის სპეციალურ ვადა (სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლი) და არა პერიოდულად განმეორებადი მოქმედებები, რომლებიც მომავალში უნდა შესრულდეს, რომელთა მიმართ ამავე განჩინებითაა დადგენილი, რომ გამოიყენება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობა.
22. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან. კასატორს აგრეთვე არ წარმოუდგენია დასაბუთებული პოზიცია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით.
24. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
26. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე და 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ.ბ–ისა და ვ.ხ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ნ.ზ–ის (ი.ბ–ის უფლებამონაცვლე,) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
3. ვ.ხ–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ე.მ–ის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% - 105 ლარი (საგადასახადო დავალება №21347866809, გადახდის თარიღი 10.04.2024);
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი