Facebook Twitter

საქმე № ას-1164-2025 14 ნოემბერი, 2025 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.გ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.კ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ.გ–ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.კ–ის მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის (რომლის მისამართია: ქალაქ თბილისი,............, საკადასტრო კოდი №..........) გამოთხოვა.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. მოსარჩელის განმარტებით, მისი საკუთრებაა სადავო უძრავი ნივთი, რომელსაც უკანონოდ ფლობს მოპასუხე და, არაერთი თხოვნის მიუხედავად, არ ათავისუფლებს მას.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო, შესაგებელში აღნიშნულია, რომ მისი საკუთრებაა ბინა №110 (ს/კ №..........), რომელიც ახლანდელი გადანომვრით არის ბინა №56. ქონება მოპასუხემ 2019 წლის 12 აგვისტოს შეიძინა თ.ზ–გან იპოთეკური სესხის საშუალებით. ამჟამადაც ბინა სს „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ იპოთეკით არის დატვირთული და მოპასუხე იხდის სესხს 2019 წლიდან. მხარემ მიუთითა, რომ უძრავი ნივთის შეძენის დღიდან ბინის გასაღებს ის ფლობს. მოპასუხემ დაადასტურა, რომ ბინაში მიმდინარეობდა რემონტი, თუმცა ამ დროისთვის დასრულებულია და რეგისტრირებულია კომუნალური გადასახადების გადამხდელ აბონენტად. მოპასუხემ განმარტა, რომ სადავოდ გამხდარი ბინის ფართი 65.10 კვ.მ-ია, მაშინ, როცა, მოპასუხის საკუთრებაა 61.80 კვ.მ ბინა. მოპასუხემ ისიც აღნიშნა, რომ №.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქონება აუქციონზე ნ.მ–მა მას შემდგომ იყიდა, რაც მ.კ–ი უკვე რეგისტრირებული იყო №........ ბინის მესაკუთრედ. ამასთან, აუქციონზე მითითებული იყო, რომ ბინას ვერ ათვალიერებდნენ, რადგან კორპუსი მშენებარე იყო. შესაბამისად, აუქციონზე გასხვისდა არაიდენტიფიცირებადი ბინა.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივლისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

7. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

7.1. კასატორის მტკიცებით, იმისათვის, რომ დადგინდეს ზუსტი მდებარეობა, დასკვნა უნდა მომზადდეს ისეთი უფლებამოსილი პირის მიერ, ვისთვის კონკრეტულად ცნობილია კორპუსის, როგორც მთლიანი, აგრეთვე, შემდგომი ცვლილებების შესახებ. თ.კ–ძის მიერ მომზადებული დასკვნით ზუსტად დადგინდა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარეობა. რაც შეეხება სასამართლოს მსჯელობას მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ბინის ნომერსა და კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით, კასატორის მტკიცებით, კორპუსის ე.წ. განშლა დღემდე არ არის გაკეთებული, შესაბამისად, სს თელასი და სხვა კომპანიები არ ადგენენ უძრავი ქონების მდებარეობას. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მოპასუხეს ჰქონდა ბინის გასაღები, ხოლო ნ.მ–მა შეიძინა არაიდენტიფიცირებული ფართი, მიუხედავად აღნიშნულისა, კასატორმა მიმართა ყველა ხერხს და დაადგინა ბინის ზუსტი ადგილმდებარეობა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შემოწმების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

11. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი]. შესაბამისად, ამ განჩინების პპ:13.1-13.3-ში მითითებულ გარემოებებს საკასაციო პალატისათვის სავალდებულო ძალა აქვთ, რადგან მათ მიმართ კასატორს დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მის მიერ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი სააპელაციო საჩივრის იდენტურია, რასაც ამომწურავად გაეცა პასუხი სააპელაციო სასამართლოს განჩინებით.

12. უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172.1 მუხლი.

13. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

13.1. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ............, ბინა №122, ფართი 65.10 კვ.მ, ს/კ №.......... რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად. საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტია 24/01/2020 წლის დამოწმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ ქონება ნ.მ–ისგან შეიძინა. ნ.მ–ის საკუთრებაში ქონება აღრიცხული იყო 21/08/2019 წელს დამოწმებული №A19033245-018/005 განკარგულების (აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ) საფუძველზე;

13.2. მოპასუხის საკუთრებაა თბილისში, ......... მდებარე 61.80 კვ.მ ბინა №110, ს/კ №.......... მოპასუხის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტია 12/08/2019 წელს დამოწმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება.

13.3. სადავო უძრავ ქონებას მოპასუხე ფლობს და იგი სადავო ქონების მართლზომიერი მფლობელია.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია.

15. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

16. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

17. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, რადგანაც განხორციელებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 27 დეკემბრის საქმე Nას-887-2019, განჩინება).

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოა მოპასუხის მიერ მოსარჩელის კუთვნილი ფართის ფლობის ფაქტი, რაც ვინდიკაციური სარჩელის წარმატების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. მოსარჩელემ მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების, მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ნივთის ფლობის ფაქტის, დასადასტურებლად სასამართლოს წარუდგინა ა(ა)იპ „ქართველ არქიტექტორთა ინსტიტუტის“ დასკვნა.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოა მოპასუხის მიერ მოსარჩელის კუთვნილი ფართის ფლობის ფაქტი, რაც ვინდიკაციური სარჩელის წარმატების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. მოსარჩელემ მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების, მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ნივთის ფლობის ფაქტის დასადასტურებლად სასამართლოს წარუდგინა ა(ა)იპ „ქართველ არქიტექტორთა ინსტიტუტის“ დასკვნა.

20. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის, არათუ მართლზომიერი მფლობელობა, არამედ საკუთრების უფლება დადასტურებულია და ის ვერ გაბათილდება სპეციალისტის იმ განმარტებებითა და დასკვნებით, რაზეც ეფუძნება კასატორის პრეტენზია, მით უფრო, ა(ა)იპ „ქართველ არქიტექტორთა ინსტიტუტის“ დასკვნის შემდგენი პირის, თ.კ–ძის განმარტებით, ის არ წარმოადგენს ექსპერტს, სპეციალობით არის არქიტექტორი, მშენებელი, იურისტი. მის მიერ შედგენილი დოკუმენტი კი არ შეიძლება შეფასდეს, როგორც ექსპერტიზის დასკვნა. მისი მოსაზრებით, ორივე ბინის საკადასტრო კოდი (ს/კ ........ და ს/კ ........) ერთ სართულზე მდებარეობს, თუმცა, ეჭვი ეპარება, რომ ერთ სადარბაზოში იყოს; მისი განმარტებით, ბინა №110 და №122 ბინა, სქემის მიხედვით, ერთ სართულზეა. კორპუსში (ქ. თბილისი, ............) ოთხი ტიპის ბინაა (ტიპს განსაზღვრავს საერთო ფართი, კვადრატულობა, საზაფხულო ფართი და ა.შ.); რაც შეეხება №122 ბინის მდებარეობის დადგენას, ასეთი ტიპის ბინა სართულზე ორია, ხოლო სადარბაზოში - ერთი, ამიტომ ადვილი დასადგენი იყო მისი მდებარეობა. სპეციალისტის მოსაზრებით, ბინა №110 ვერ იქნება ბინა №122. ამასთან, მისი მოსაზრებით, მოპასუხის საკუთრებაში არსებული ბინა ტიპობრივად სართულზე არის რვა, 8-დან 4 ცალი მაშინვე გამოირიცხება აღნიშნული პარამეტრებით, დარჩენილი ოთხი ბინიდან კი, შეიძლება დაადგინოს მისი მდებარეობა, ან - არა. ორივე ბინა განსხვავდება ერთმანეთისგან. სპეციალისტმა განმარტა, რომ მან დასკვნის მომზადებისას იხელმძღვანელა www.tas.ge-ზე ატვირთული სქემის მიხედვით, თუმცა, ფაქტობრივი მდგომარეობა ადგილზე შესაძლებელია განსხვავებული იყოს (იხ. 05.12.2024 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 14:14:03 წუთიდან).

21. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სპეციალისტის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ასახულია მისი შეფასებები და მოსაზრებები. ამასთან, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების წინა მესაკუთრემ ნ.მ–მა აუქციონზე შეიძინა არაიდენტიფიცირებადი ფართი. აუქციონის განაცხადში მითითებული იყო, რომ ვერ ხერხდებოდა ბინის დათვალიერება, ვინაიდან კორპუსი მშენებარე იყო (იხ. ს.ფ. 153-154).

22. დადგენილია, რომ მოსარჩელის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 2020 წლის 30 იანვარს, ხოლო მოპასუხის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 2019 წლის 12 აგვისტოს. ამასთან, თითოეული მათგანის უფლების დამდგენი საბუთები გამოკვლეულია სააპელაციო სასამართლოს მიერ, ამიტომ თ.კ–ძის ახსნა-განმარტება ვერ შეარყევს თითოეული მესაკუთრის რეგისტრირებულ უფლებას და ამ უფლების დამდგენი დოკუმენტების ნამდვილობას. სადავო არაა, რომ ბინა №110-ის გასაღები მოპასუხეს გადაეცა შეძენისთანავე, ხოლო არც მოსარჩელეს და არც მის წინამორბედ მესაკუთრეს - ნ.მ–ს კონკრეტული ფართის გასაღები არ გადასცემია. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობებს დაადასტურებდა, სახელდობრ, მოსარჩელის კუთვნილი ბინა №122-ის ზუსტ მდებარეობას განსაზღვრავდა.

23. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (ვინდიკაციური სარჩელი) მესაკუთრის უფლების დაცვის აღიარებული საშუალებაა. ეს არის სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როდესაც შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ვინდიკაციური სარჩელის არსი საკუთრების აბსოლუტური ბუნებიდან მომდინარეობს, რაც გულისხმობს მესაკუთრის თავისუფლებას, ნებისმიერ დროს დაეუფლოს კუთვნილ ნივთს ან ისარგებლოს ამ ნივთით, მათ შორის, მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ამდენად, მესაკუთრეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართლოს მის საკუთრებაში არსებული ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით (იხ. სუსგ N ას - 205-198-2012, 06.04.2012წ.).

24. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს არაერთ ქონებრივ/ფულად უფლებას, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – ,,მარქსი ბელგიის წინაღმდეგ“ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“ (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი). სხვა საქმეზე ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ „საკუთრების ცნებას დამატებითი №1 ოქმის პირველი მუხლის მიხედვით, დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემოიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია, განაცხადოს, რომ მას აქვს საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. ,,იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ“, დიდი პალატა, №48939/99, §124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII; ,,პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ“; დიდი პალატა, N42527/98, § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).

25. მოსარჩელის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, მინიჭებული აქვს უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი (სსკ-ის 311-312 მუხლები), ამდენად, ვინდიკაციური სარჩელის დასაკმაყოფილებლად სავალდებულო სამი წინაპირობა არ არის გამოვლენილი, რაც საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების გზით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია (შდრ. სუსგ-ებს: №ას-707-677-2016, 23.09.2016წ; №ას-1648-1545-2012 06.09.2013წ.; №ბს-367-363 (კ-12), 28 02.2013 წ.,); №ბს-192-184(3კ-13) 16.07.2013 წ.; Nბს-359-349(4კ-13) 24.04.2014წ.; Nბს-367-363 (კ-12), 28.02.2013წ.; №ას-314-299-2013, 17.04. 2015 წ.; #ას-144-137-2013, 04.05. 2015 წ.). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის წინაპირობების არარსებობას, რაც მართებულად გახდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. ამდენად, განსახილველი დავა სწორად არის გადაწყვეტილი.

26. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საკასაციო სასამართლოს 2025 წლის 16 სექტემბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 30%-ის - 45 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.გ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. მ.გ–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო სასამართლოს 2025 წლის 16 სექტემბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 30%-ის - 45 ლარის გადახდა;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი