Facebook Twitter

საქმე № ას-701-2025 14 ნოემბერი, 2025 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნიკოლოზ მარსაგიშვილი (თავმჯდომარე)

ამირან ძაბუნიძე (მომხსენებელი), ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს ,,გ.ლ–ი'' (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – რ.კ–ი (მოსარჩელე)

შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი – რ.კ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,გ.ლ–ი'' (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება –თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

შეგებებული კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3 პუნქტების გაუქმება და შპს ,,გ.ლ–ისთვის'' რ.კ–ის სასარგებლოდ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 300 000 ლარის დაკისრება

დავის საგანი – ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. რ.კ–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,გ.ლ–ის" მიმართ და თანხის დაკისრება მოითხოვა.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. მოსარჩელე მუშაობდა შპს „ზ–ში’’ აღმასრულებელ დირექტორად და მისი შრომის ანაზღაურება შეადგენდა 3000 ლარს (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით). მას ევალებოდა შპს „ზ–ის’’ წარმომადგენლობა უცხოელ პარტნიორებთან, კომპანიის პროდუქციის ექსპორტზე ზედამხედველობა, პროდუქციის რეკლამირებაზე ზედამხედველობა და ინვესტორების მოზიდვა. 2021 წლის 9 ივნისს, რადგან შპს „ზ–ის’’ საწყობის გამგე არ იმყოფებოდა ადგილზე, რ.კ–მა გადაწყვიტა, თვითონ მისულიყო საწყობში და კლიენტისათვის გადაეცა პროდუქცია, რაც სცილდებოდა მოსარჩელის სამსახურებრივ მოვალეობას.

2.2. სასაწყობე ფართი შპს „ზ–ს’’ იჯარით ჰქონდა აღებული შპს „გ.ლ–ისაგან’’. მოსარჩელე მივიდა შპს „გ.ლ–ის’’ კუთვნილ ტერიტორიაზე, მისამართზე თბილისი, ............ N30, ავიდა შენობის მესამე სართულზე, აიღო გარკვეული პროდუქცია და შესაბამისი ღილაკით გამოიძახა ლიფტი; ლიფტის მონიტორს დაეწერა „3’’, რაც იმის ნიშანი იყო, რომ ლიფტი მოვიდა და გაიღო მისი კარები. მოსარჩელემ გადადგა ნაბიჯი ლიფტში შესასვლელად, თუმცა სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ლიფტი არ იყო მოსული. რ.კ–ი 10-12 მეტრის სიმაღლიდან ჩავარდა ლიფტის შახტში და ზემოდან დაეცა ლიფტის კაბინას. როგორც გაირკვა, მოპასუხის მფლობელობაში არსებული ლიფტი არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს და მოპასუხეს დარღვეული ჰქონდა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მოთხოვნები. სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ინსპექტირებისას, დადგინდა, რომ მოპასუხის კუთვნილ ფართში ლიფტის მონტაჟისას დარღვეული იყო ზემოაღნიშნული კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ’’ ქვეპუნქტის მოთხოვნები და კანონმდებლობით დადგენილი პერიოდული ინსპექტირება, რის გამოც მოპასუხეს დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა. გარდა ამისა, მოპასუხის ლიფტს გამოუვლინდა ექვსი დარღვევა, რაც განეკუთვნებოდა პირველი ხარისხის კრიტიკულ შეუსაბამობას. აღნიშნულის გამოც მოპასუხეს დაეკისრა ჯარიმა. სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს’’ 2022 წლის 14 ივლისის Nდად-145/09 დადგენილებით დადასტურდა, რომ მოპასუხემ დაარღვია „ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N446 დადგენილება, კერძოდ, დარღვეულია დადგენილების მე-4 მუხლის მე-18 პუნქტი, რომლის მიხედვითაც გამორიცხული უნდა იყოს ლიფტის კაბინის ამოძრავება, როდესაც ყველა ჩასასხდომი კარი არ არის დახურული და ჩაკეტილი, მიუხედავად იმისა, ლიფტი წინასწარგანზრახულად აუმუშავებიათ თუ არა.

2.3. სისხლის სამართლის საქმის ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ მოსარჩელემ, სიმაღლიდან ვარდნისა და დაცემის შედეგად, მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანება. კერძოდ, „ხერხემლის გავა-წელის და მენჯ-ბარძაყის მრავლობითი მოტეხილობა (რეტროპერიტონიალური ჰემატომებით და ნერვული სტრუქტურების დიფუზიური დაჟეჟილობით, მარჯვენა წვივისა და ტერფის კუნთების შემდგომი ჰიპოტროფიით და ტერფის აქტიური მოძრაობის შეუძლებლობით), გავის მოტეხილობა, ტაბუხის მოტეხილობა (მარცხენა ტაბუხის ფოსოს თეძოს ნაწილის მოტეხილობა ცდომით ბარძაყის ვენის მედიალური კედლის ტრავმული დაზიანებით - გაიკერა), დაუზუსტებელი ვარდნა, მკერდის ძვლის მოტეხილობა (რეტროსტერნალური ჰემატომით), ბოქვენის მოტეხილობა, მრავლობითი ტრავმული შოკი (ნევროლოგის მიერ დაისვა თ/ტვინის ცხიმოვანი ემბოლიის დიაგნოზი), კანქვეშა ჰემატომები მთელი ზურგის და მენჯის ზედაპირზე, (ნაკვეთი/ნახეთქი/ნაკვეთ-ნაჩხვლეტი/ნაფლეთი) სისხლმდენი ჭრილობა მარჯვენა დუნდულოს არეში პარარექტალურად’’... „დაზიანებები ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს’’.

2.4. რ.კ–ს გაუკეთდა არაერთი ძვირადღირებული ოპერაცია და სარეაბილიტაციო კურსი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, მათ შორის, საზღვარგარეთ. ხარჯმა სულ შეადგინა 200 000 ლარი. ჯანმრთელობის აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია. მოსარჩელეს დაუდგინდა ინვალიდობის მე-2 ჯგუფი. უშედეგო მკურნალობამ, ხანგრძლივმა უმწეო მდგომარეობამ, აქტიური ცხოვრების შეუძლებლობამ, ცხოვრების წესისა და რითმის შეცვლამ, მკურნალობის უშედეგობის გამო ცხოვრების ხალისის დაქვეითებამ, ნერვულმა დაძაბულობამ, არასრულფასოვნების კომპლექსის გაჩენამ და სხვა ნეგატიური განცდების ჩამოყალიბებამ უმძიმესი მორალური ზიანის მიაყენა და ყოველდღიურად აყენებს მოსარჩელეს. მორალური ზიანის სახით მოთხოვნილი 300000 ლარი არის მინიმალური კომპენსაცია ჯანმრთელი ადამიანის ფიზიკურად და მორალურად განადგურების გამო. ჯანმრთელობის მოშლის გამო, რ.კ–ი ვეღარ ახერხებს მუშაობას და, შესაბამისად. მოსარჩელე 2021 წლის 1-ელ აგვისტოდან ვეღარ იღებს ხელფასს 3000 ლარს (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით). ასევე, მოსარჩელეს ყოველდღიურად სჭირდება 2 აბი პრეპარატი „ლირიკა’’, რომლის ერთი აბის ღირებულება 20 ლარია. მხოლოდ ამ წამლის მიღებისათვის, მოსარჩელეს თვეში სჭირდება 1200 ლარი, ამას ემატება სარეაბილიტაციო პროცედურები და სხვა წამლები. შესაბამისად, 2500 ლარი არის ის მინიმუმი, რაც ყოველთვიური ხარჯის სახით მოსარჩელეს ესაჭიროება. გერმანიაში გაკეთებული გამოკვლევებით დადგინდა, რომ მოსარჩელეს უახლოეს ერთ წელიწადში უნდა ესაჭიროება ოპერაცია, რომლის ღირებულებაა 10000 ევრო და ყოველ ექვს თვეში ერთხელ 4370-ევროიანი სარეაბილიტაციო პროცედურები. გერმანიაში ჩასვლა დაკავშირებულია როგორც მგზავრობის, ასევე საცხოვრებლის ხარჯებთან. შესაბამისად, 20000 ევრო არის ის მინიმალური თანხა, რაც აუცილებელია უახლოესი 1 წლის განმავლობაში მკურნალობის პროცედურებისათვის.

2.5. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ფუნქციებში არ შედიოდა მომხმარებლისათვის პროდუქციის გადასაცემად საწყობში წასვლა და მომხმარებელისათვის პროდუქციის გადაცემა. შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ შპს „ზ–ისაგან’’ მოთხოვნილ იქნეს სამუშაოს შესრულებისას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო, შესაგებელში აღნიშნულია, რომ უბედურ შემთხვევასთან მოპასუხეს კავშირი არ აქვს და არც ბრალი არ მიუძღვის. მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობდა გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-4 სამმართველოში, ხოლო დღეისათვის სისხლის სამართლის საქმე განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში. მოცემულ საქმეზე ბრალდებულები არიან შპს „ჯ.ლ.ს–ის’’ თანამშრომლები, რომელთა ბრალეული ქმედების შედეგად, ზიანი მიადგა მოსარჩელეს, რომელიც ამ სისხლის სამართლის საქმეზე ცნობილია დაზარალებულად.

3.2. სსიპ ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გამოცემული დადგენილებები გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. მოსარჩელის მიერ უკანონოდ და შერჩევითადაა არჩეული მოპასუხე. შპს „ზ–ის’’ კუთვნილ ტერიტორიაზე მოსარჩელის ყოფნის მიზეზის ახსნა კი, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული. მოსარჩელე ადგილზე იმყოფებოდა სწორედ შპს „ზ–ის’’ საქმიანობის განსახორციელებლად. შპს „ზ–ისათვის’’ იჯარით გადაცემულ ფართს მოპასუხესთან არ ჰქონდა რაიმე კავშირი. 2017 წლის 1-ელ იანვარს, მოპასუხესა და შპს „ჯ.ლ.ს–ს’’ შორის დაიდო სატვირთო ლიფტის მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულება მოქმედებდა 2021 წლის 21 ივნისამდე. ლიფტის ფუნქციონირების ყოველთვიური შემოწმება და ლიფტის ექსპლუატაციისათვის ხელისშემშლელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში შემკვეთის ინფორმირება სწორედ შპს „ჯ.ლ.ს–ის’’ მოვალეობა იყო.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს „გ.ლ–ს’’ მოსარჩელე რ.კ–ის სასარგებლოდ დაეკისრა ჯანმრთელობისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის 176 890.48 ლარის ანაზღაურება. მოპასუხე შპს „გ.ლ–ს’’ მოსარჩელე რ.კ–ის სასარგებლოდ დაეკისრა მკურნალობის ხარჯის სახით 2023 წლის 3 მაისიდან ყოველთვიურად, მის გამოჯანმრთელებამდე 2500 ლარის გადახდა. მოპასუხე შპს „გ.ლ–ს’’ მოსარჩელე რ.კ–ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის 300 000 ლარის ანაზღაურება. მოპასუხე შპს „გ.ლ–ს’’ მოსარჩელე რ.კ–ის სასარგებლოდ დაეკისრა სარეაბილიტაციო ხარჯების სახით ყოველწლიურად, მის გამოჯანმრთელებამდე 20 000 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა, გადახდის დღეს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსით. მოპასუხე შპს „გ.ლ–ს’’ მოსარჩელე რ.კ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2023 წლის 1 აგვისტოდან ყოველთვიურად, მის გამოჯანმრთელებამდე 3000 ლარის გადახდა (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით), მაგრამ არაუმეტეს საპენსიო ასაკის მიღწევამდე. სხვა ნაწილში რ.კ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 4 აპრილის განჩინებით, გასწორდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტი და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „6. მოპასუხე შპს „გ.ლ–ს’’ მოსარჩელე რ.კ–ის სასარგებლოდ დაეკისროს 2021 წლის 1 აგვისტოდან ყოველთვიურად, მის გამოჯანმრთელებამდე 3000 ლარის გადახდა (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით), მაგრამ არაუმეტეს საპენსიო ასაკის მიღწევამდე’’.

5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მხარეებმა წარადგინეს სააპელაციო საჩივრები, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით, გაუქმდა გასაჩივრებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მხოლოდ მე-4 პუნქტი მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. რ.კ–ის სასარჩელო მოთხოვნა შპს ,,გ.ლ–ის’’ მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს ,,გ.ლ–ს’’ რ.კ–ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა გასაჩივრებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება;

6.2. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები;

6.2.1. დადგენილია, რომ მოსარჩელე რ.კ–ი, 2014 წლის 1 დეკემბრიდან 2021 წლის 1 აგვისტომდე, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული იყო შპს „ზ–ში’’ აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე და მისი შრომის ანაზღაურება შეადგენდა 3000 ლარს (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).

6.2.2. მოსარჩელის ფუნქციებში შედიოდა: 1. წარმომადგენლობა შპს „ზ–ის’’ უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაში; 2. ზედამხედველობის განხორციელება კომპანიის პროდუქციის საზღვარგარეთ გატანასა და გაყიდვაზე (ექსპორტზე); 3. ზედამხედველობის გაწევა ქვეყნის გარეთ პროდუქციის რეკლამირებაზე; 4. კომპანიისათვის პარტნიორებისა და ინვესტორების მოზიდვა.

6.2.3. თ.კ–ი მოსარჩელის მამაა, რომელიც შპს „ზ–ში’’ დასაქმებულია საწყობის გამგის პოზიციაზე.

6.2.4. მოპასუხე შპს „გ.ლ–ის’’ საკუთრებაშია უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, .........., ს.კ .......... (დაზუსტებული ფართობი 3509.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: შენობა N1 ფართით 5035 კვ.მ., შენობა N2 ფართით 8.06 კვ.მ).

6.2.5. 2017 წლის 1 დეკემბერს შპს „ჯ.ლ.ს–ს’’ (შემსრულებელი) და შპს „გ.ლ–ს’’ (შემკვეთს) შორის დაიდო სატვირთო ლიფტის ტექნიკური მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც შემსრულებელი დამკვეთისაგან მომსახურებაზე იღებდა სამგზავრო ლიფტს, მდებარე ქ. თბილისი, ............ მომსახურება გულისხმობდა - ყოველთვიურ გეგმურ შემოწმებას, გამოძახებას

დაზიანების შემთხვევაში. შემსრულებელი იღებდა ვალდებულებას ყოველთვიურად ჩაეტარებინა ლიფტის შესაბამისი შემოწმება და უზრუნველეყო მისი ჯეროვანი ექსპლუატაციისათვის საჭირო მომსახურების გაწევა.

4.6. დამკვეთი ვალდებული იყო: დროულად აღმოეფხვრა ლიფტის გამართულად ექსპლუატაციისათვის ხელისშემშლელი პირობები, უზრუნველეყო ლიფტის სწორი ექსპლუატაცია, უზრუნველეყო ლიფტის შახტაში და სამანქანოში უცხო პირების შეღწევისაგან დაცვა, უზრუნველეყო ლიფტის შახტისა და სამანქანოს ხანძარსაწინააღმდეგო დაცვა, უზრუნველეყო ლიფტის დაზიანებული ნაწილების შეძენა (გარდა დანართ N1 მითითებული ნაწილებისა).

6.2.7. ხელშეკრულება დაიდო ორი წლის ვადით. იგი ავტომატურად გაგრძელდებოდა, თუკი რომელიმე მხარე ვადის გასვლამდე 30 დღით ადრე წერილობით არ განაცხადებდა გაუქმების სურვილის შესახებ.

6.2.8. 2017 წლის 1 დეკემბერს შპს „გ.ლ–სა’’ (მეიჯარე) და შპს „ზ–ს’’ (მოიჯარე) შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც მეიჯარემ მოიჯარეს დროებით სარგებლობაში გადასცა სასაწყობე ფართი, მდებარე: ქ. თბილისი, ..........., საკადასტრო კოდი .........., შენობა N-1-ში 800 კვ.მ. მე-3 სართულზე და 693 კვ.მ. მე-5 სართულზე.

6.2.9. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მეიჯარე ვალდებული იყო გადაეცა მოიჯარისათვის დროებით სარგებლობაში საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგანი საიჯარო მიზნებისათვის ვარგის მდგომარეობაში, გადაეცა უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთი და არ შეეშალა ხელი მოიჯარისათვის ხელშეკრულების საგნის დანიშნულებისამებრ გამოყენებაში.

6.2.10. მოიჯარე ვალდებული იყო წინასწარ, დროულად გადაეხადა საიჯარო ქირა, საჭიროებისამებრ საკუთარი ხარჯებით ჩაეტარებინა მიმდინარე რემონტი, რომელიც არ შევიდოდა საიჯარო ქირის ოდენობაში, გაფრთხილებოდა ხელშეკრულებით გადაცემულ ნივთს, არ გამოეყენებინა იჯარით გადაცემული ქონება საიჯარო მიზნების გარდა სხვა დანიშნულებით, არ დაეშვა იჯარით გადაცემული ქონების ქვეიჯარით გადაცემა მეიჯარის თანხმობის გარეშე, კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეესრულებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება.

6.2.11. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულება ძალაში შედიოდა 2017 წლის 1 დეკემბრიდან და მოქმედებდა 2018 წლის 31 დეკემბრამდე.

ხელშეკრულების 4.3. პუნქტის მიხედვით, თუ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე 1 თვით ადრე მხარეები წერილობითი ფორმით არ გამოხატავდნენ ნებას მისი შეწყვეტის შესახებ, ხელშეკრულება გაგრძელებულად ჩაითვლებოდა ყოველი მომდევნო წლით იგივე პირობებით.

6.2.12. 2021 წლის 9 ივნისის მდგომარეობით, შპს ,,ჯ. ლ–სა“ და შპს ,,ზ–ს“ შორის დადებული ზემოაღნიშნული იჯარის ხელშეკრულება იყო ძალაში.

6.2.13. 2021 წლის 9 ივნისს შპს „ზ–ის’’ საწყობის გამგე თ.კ–ი არ იმყოფებოდა სამსახურში და ვინაიდან საჭირო იყო მომხმარებლისათვის სპეციალური

შეფუთვით ალკოჰოლური სასმელის გადაცემა, მოსარჩელე რ.კ–ი მივიდა საწყობში, ავიდა შენობის მესამე სართულზე, აიღო მომხმარებლისათვის გადასაცემი ნივთი და გამოიძახა ლიფტი, რომლის კარების გაღების შემდეგაც, გადადგა რა ნაბიჯი, ჩავარდა ლიფტის შახტაში და ზემოდან დაეცა ლიფტის კაბინას, რის შედეგადაც, მოსარჩელემ მიიღო ჯანმრთელობის შემდეგი დაზიანებები: ხერხემლის გავა-წელის და მენჯ-ბარძაყის მრავლობითი მოტეხილობა (რეტროპერიტონიალური ჰემატომებით და ნერვული სტრუქტურების დიფუზიური დაჟეჟილობით, მარჯვენა წვივის და ტერფის კუნთების შემდგომი ჰიპოტროფიით და ტერფის აქტიური მოძრაობის შეუძლებლობით), გავის მოტეხილობა, ტაბუხის მოტეხილობა (მარცხენა ტაბუხის ფოსოს თეძოს ნაწილის მოტეხილობა ცდომით ბარძაყის ვენის მედიალური კედლის ტრავმული დაზიანებით - გაიკერა), დაუზუსტებელი ვარდნა, მკერდის ძვლის მოტეხილობა (რეტროსტერნალური ჰემატომით), ბოქვენის მოტეხილობა, მრავლობითი ტრავმები დაუზუსტებელი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე პოსტჰემორაგიული ანემია, ტრავმული შოკი (ნევროლოგის მიერ დაისვა თ/ტვინის ცხიმოვანი ემბოლიის დიაგნოზი), კანქვეშა ჰემატომები მთელი ზურგის და მენჯის ზედაპირზე, (ნაკვეთი/ნახეთქი/ნაკვეთ-ნაჩხვლეტი/ნაფლეთი) სისხლმდენი ჭრილობა მარჯვენა დუნდულოს არეში პარარექტალურად.

6.2.14. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 2022 წლის 22 მარტის ექსპერტიზის N001737822 დასკვნით „რ.კ–ისათვის მიყენებული დაზიანებები ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს’’.

6.2.15. 2021 წლის 9 ივნისს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებების გამო, მოსარჩელე მოთავსდა შპს „აკ. ო. ღ. ს.ე.ს.ც–ში’’, სადაც სტაციონარულ მკურნალობას გადიოდა 2021 წლის 9 ივნისის 13:23 საათიდან 2021 წლის 29 ივლისის 16:00 საათამდე. სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნისას, მოსარჩელის მიერ დაფარულია 24 389.40 ლარი.

6.2.16. 2021 წლის 12 ივნისს, 13:10 საათიდან ამავე დღის 20:15 საათამდე მოსარჩელეს ჩაუტარდა ოპერაცია - ხერხემლის უკანა სხეულშიდა რედრესაცია/სტაბილიზაცია L3- L4-L5 ტრანსპედიკულური + თეძოს ფრთების-ვერტებროპელვიო ფიქსაცია. S1-S2-S3 ლამინექტომია, ნერვული სტრუქტურების სრული დეკომპრესია, მენჯის სარტყელის მთლიანობის აღდგენა, ფიქსაცია NASG99. შემდგომი მკურნალობისათვის პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში.

6.2.17. კლინიკიდან გაწერისას, მოსარჩელეს მიეცა შემდეგი სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები: 1. რეაბილიტაციური თერაპია, სამკურნალო მასაჟი, ფისკულტურა მეთოდიკის კონსულტაცია, ანტიბიოტიკოთერაპია ol.meronemi 2g x3; sol.vancomicini 1g. x2. აგრძელებს მკურნალობას finlepsinis 200 mgx3; amitriptilini 25 mg x2; gabagama 400 mg x2; lirica 150 mg x2; sol.fraxiparini 0.4 x1 20 დღე. ესაჭიროებოდა ლევოკამი 50 მგ 2x 1კვირა, ნევროლოგის კონსულტაცია და მისივე მეთვალყურეობით sol.Morphini 1% 1amp. დღე-ღამეში კლებადი დოზებით აბსტინენციური სიმპტომების მოხსნამდე.

6.2.18. სტაციონარული მკურნალობის შემდეგ, მოსარჩელეს ჩაუტარდა დიაგნოსტიკური გამოკვლევები და დაესვა დიაგნოზები: 1. 2021 წლის 24 აგვისტო - დიაგნოზი - ხერხემლის გავა-წელის ნაწილის და მენჯის მრავლობითი მოტეხილობა, მრავლობითი ტრავმები, დაუზუსტებელი - ქრონიკული, წელის და სხვა მალთაშუა დისკების დაზიანებები რადიკულოპათიასთან ერთად, დუნე პარაპლეგია - ქრონიკული. ჩაუტარდა ნევროლოგის მეორადი კონსულტაცია, დაენიშნა - მედიკამენტები, უროლოგის კონსულტაცია, ერთ თვეში დინამიკაში კონტროლი. მკურნალი ექიმის რეკომენდაციით პაციენტი საჭიროებდა ნეირორეაბილიტაციას (სამკურნალო ვარჯიშებს, მასაჟს); 2. 2021 წლის 21 სექტემბერი - დიაგნოზი - ხერხემლის გავა-წელის ნაწილის და მენჯის მრავლობითი მოტეხილობა, მრავლობითი ტრავმები, დაუზუსტებელი - ქრონიკული, წელის და სხვა მალთაშუა დისკების დაზიანებები რადიკულოპათიასთან ერთად, დუნე პარაპლეგია - ქრონიკული. ჩაუტარდა ნევროლოგის მეორადი კონსულტაცია, მუცლის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი გამოკვლევა. დაავადების მიმდინარეობა - ქრონიკული. დაენიშნა - მედიკამენტები, უროლოგის კონსულტაცია, ერთ თვეში დინამიკაში კონტროლი. მკურნალი ექიმის რეკომენდაციით პაციენტი საჭიროებდა ნეირორეაბილიტაციას (სამკურნალო ვარჯიშებს, მასაჟს); 3. 2021 წლის 4 ნოემბერი - დიაგნოზი - საშარდე სისტემის სხვა დაავადებები. ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები -უროფლუომეტრიული მონაცემები, ნარჩენი შარდში არ აღენიშნება, ექიმი - სპეციალისტის კონსულტაცია, უროფლოუმეტრია; 4. 2022 წლის 10 აპრილი - დიაგნოზი - წელის და სხვა მალთაშუა დისკების დაზიანებები რადიკულოპათიასთან ერთად, ქვედა კიდურის მონონეიროპათია, დაუზუსტებელი. ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები - ორივე ქვედა კიდურის მასაჟი (წელის ჩათვლით), ნევროლოგია (ინდივიდუალური), ნევროლოგის კონსულტაცია. დაავადების მიმდინარეობა - ქრონიკული, სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები - რეკომენდირებულია ელექტრონეიროგრაფია, სისხლის, შარდის საერთო ანალიზი, AST, ALT, GGT, ელექტროლიტები, კერატინინი; 5. 2022 წლის 16 დეკემბერი - ძირითადი დიაგნოზი - ხერხემლის მოტეხილობის შედეგები - ქრონიკული, სხვა დაზუსტებული პოლინეიროპათიები - ქრონიკული. თანმხლები დიაგნოზი: ჩაძინებისას და ძილის უწყვეტობის დარღვევები (უძილობა) - ქრონიკული, ხერხემლის მოტეხილობის შედეგები - ქრონიკული, სხვა დაზუსტებული პოლინეიროპათიები - ქრონიკული, ნევრალგია და ნევრიტი, დაუზუსტებელი - ქრონიკული, ტრავმული კატარაქტა - ქრონიკული, მიოპია - ქრონიკული, ასტიგმატიზმი - ქრონიკული. გამოეწერა - პრეპარატი კლონაზეპამი 2მგ. (60 აბი) 1 აბი ორჯერ დღეში, პრეპარატი ლირიკა (პრეგაბალინი) 300 მგ (60 კაფსულა) 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში; 6. 2023 წლის 25 აპრილი - ძირითადი დიაგნოზი - ხერხემლის მოტეხილობის შედეგები - ქრონიკული, სხვა დაზუსტებული პოლინეიროპათიები - ქრონიკული. თანმხლები დიაგნოზი: ჩაძინებისას და ძილის უწყვეტობის დარღვევები (უძილობა) - ქრონიკული, ხერხემლის მოტეხილობის შედეგები - ქრონიკული, სხვა დაზუსტებული პოლინეიროპათიები - ქრონიკული, ნევრალგია და ნევრიტი, დაუზუსტებელი - ქრონიკული, ტრავმული კატარაქტა - ქრონიკული, მიოპია - ქრონიკული, ასტიგმატიზმი - ქრონიკული. გამოეწერა - პრეპარატი კლონაზეპამი 2მგ. (60 აბი) 1 აბი ორჯერ დღეში.

6.2.19. რ.კ–მა მკურნალობის კურსი გაიარა თურქეთის იედიტეპის უნივერსიტეტის საავადმყოფოში. მას ჩაუტარდა შემდეგი გამოკვლევები: 1. 2022 წლის

26 სექტემბერი - ფიზიკური გამოკვლევა: კიდურებში-ხერხემალში, მარჯვენა ფეხში laseque შეადგენს 30 გრადუსს და დადებითია, მარჯვენა ფეხში აღენიშნება მოტორული შევიწროება და მოხრილობის +/5 დაკარგვა, შეგრძნების დაკარგვა, მარცხენა ფეხში laseque შეადგენს 80 გრადუსს და დადებითია, წელის L1-S1 მალებს შორის 10 ცალი ფასცეტურ წერტილებში აღენიშნება ტკივილები. მოთხოვნილი გამოკვლევები: აქტიური პარციალური თრომბოპლასტინი R52.2 ქრონიკული ტკივილები, სხვა. დრო (APTT), C რეაქტიული პროტეინი (CRP), სისხლის მთლიანი ავტომატური ანალიზი (სულ მცირე 18 პარამეტრი), პროთრომბინის დრო (PT), სისხლის ჯგუფი: (ABO) + RH (JEL ცეტრიფუგაცია), COVID19 (SARS-COV-2)-ის სწრაფი ანტიგენის ტესტი. სამედიცინო ჩარევის პროცედურები - L1-S1 მალებს შორის ჩატარებულ იქნა ფასცეტურ-მედიანური ნერვის RFT და L4-5 მარცხება TRESE. საბოლოო დიაგნოზი R52.2 ქრონიკული ტკივილები, სხვა; 2. 2022 წლის 28 სექტემბერი - ფიზიკური გამოკვლევა: კიდურები და ხერხემალი: მარჯვენა კვადრიცეფსის ატროფია, დაბალი მარჯვენა ფეხი, კომპენსატორული HIP HIKING, ერთი ცალი კანედიანური მობილიზება, აზიური შეგრძნების დონე, T4 მოტორული დონე, L1 მოტორული არასრულყოფილება, C მარჯვენა ჰამსტრინგის და მარჯვენა გასტროში მინიმალური სპასტიურობა, კლონუსი არ აღენიშნება, მოშარდვის და კუჭში გასვლის შეგრძნება არ აღენიშნება, მოდუნებული შარდის ბუშტი და ნაწლავი. საბოლოო დიაგნოზი R52.2 ქრონიკული ტკივილები, T91.3 ზურგის ტვინის დაზიანების შედეგი; 3. 2022 წლის 28 სექტემბერი - ფიზიკური გამოკვლევა: კიდურებში-ხერხემალში, მარჯვენა ფეხში laseque შეადგენს 30 გრადუსს და დადებითია. მარჯვენა ფეხში აღენიშნება მოტორული შევიწროება და მოხრილობის +/5 დაკარგვა, შეგრძნების დაკარგვა, მარცხენა ფეხში laseque შეადგენს 80 გრადუსს და დადებითია, წელის L1-S1 მალებს შორის 10 ცალი ფასცეტურ წერტილებში აღენიშნება ტკივილები. მოთხოვნილი გამოკვლევები: კერატინინი, BUN, საშარდე სისტემის ულტრასონოგრაფია, შარდის ბუშტში ნარჩენი შარდის გაზომვა (ბლედდერსკანირებით), შარდის ანალიზი (სტრიპი და მიკროსკოპია), ბილირუბინი, გლუკოზა, ჰემოგლობინი, კეტონები, ლეიკოციტები, ნიტრიტი, PH, პროტეინი, სიმკვრივე, ურობილინოგენი და ნებისმიერი ამ კომპონენტის ნებისმიერი ოდენობის შემცველი დიპ სტიკი ან აბები, კულტურა, წინასწარი დიაგნოზი: N31.8. შარდის ბუშტის და სხვა ნეირომუსკულარული დისფუნქციები, N31.9. შარდის ბუშტის ნეირომუსკულარული დისფუნქციები დაუდგენელი. 4. 2022 წლის 10 ოქტომბერი - ფიზიკური გამოკვლევა: ვიტალური ჩვენებები და სხეულის ზომები ნორმალურია, პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ნორმალურია, კანი ნორმალურია, თავ-კისერი ნორმალურია, სასუნთქი სისტემა ნორმალურია, გულსისხლძარღვთა სისტემა ნორმალურია, კუჭნაწლავის სიტემა: აღენიშნება აპიგასტრიული ტკივილები, შარდ-სასქესო სისტემა ნორმალურია, კიდურები და ხერხემალი ნორმალურია, სხვა ორგანოები ნორმალურია. წინასწარი დიაგნოზი: K63.5 მსხვილი ნაწლავის პოლიპი; 5. 2022 წლის 14 ოქტომბერი - მოთხოვნილი გამოკვლევები: C რეაქტიული პროტეინი (CRP), რაოდენობრივი, ერითროციტების სედიმენტაციის სიჩქარე (ESR), ასპარტატ ამინოტრანსფერაზი (AST), SGOT, ალანინ ამინოტრანსფერაზი (ALT) (SGPT) - ვაქცინა,

კერატინინი, კისრის LAT L, დორსალური LAT L. წინასწარი დიაგნოზი - M 35.2. ბეჩეთის დაავადება. 6. 2022 წლის 17 ოქტომბერი - წინასწარი დიაგნოზი: H26.8 კატარაქტები, სხვა, დაუზუსტებელი; H35.3 მაკულას და უკანა პოლუსის დეგენერაცია;

H52.1 მიოპია; H52.2. ასტიგმატიზმი; H52.4. პრესბიოპია. ამავე კლინიკაში რ.კ–ს 2022 წლის 27 სექტემბერს ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა - ხერხემლის წელის სეგმენტის ფასეტური მედიანური ნერვი RFT (10 ცალი) და TFESE.

6.2.20. მოსარჩელე რ.კ–მა მკურნალობის კურსი ასევე გაიარა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის კლინიკა „Rechts der Isar’’-ში.

6.2.21. 2023 წლის 9 მარტის ამბულატორულ ბარათში მითითებულია შემდეგი: პაციენტმა 2021 წლის ივნისში მიიღო აქსიალური დეფორმაციული ტრავმა, ჩაუტარდა

ინტენსიური სტაციონარული მკურნალობა, ასევე თეძოს მოტეხილობის ლუმბოვეპლვინური ფიქსაცია. ოპერაციის შემდეგ აღენიშნება შარდის ბუშტის/რექტალური დარღვევები. გავის ძვალი არასწორადაა შეხორცებული. ასევე, ვლინდება ფეხის ამწევი/დამწევი კუნთების პარეზი, მარცხნივ. ასევე აღენიშნებოდა მარცხენა საჯდომი კუნთების ტრავმა. კლინიკა მიმართა შარდის ბუშტის/რექტალური

დარღვევების გაუმჯობესებისა და ქრონიკული ლუმბაგოს მკურნალობის მიზნით. რეგულარულად იღებს ლირიკას და კლონაზეპამს, ღრმად ჩამჯდარი ლუმბაგოს გამო.

აღნიშნულთან დაკავშირებით თურქეთში ჩაუტარდა ფასეტის სახსრის ინფილტრაცია,

რამაც მისი ჩივილები მოკლე დროში ნაწილობრივ შეამსუბუქა. შარდის ბუშტის/რექტალური დარღვევების თვალსაზრისით, აღენიშნება შარდის შეუკავებლობა და განავლის შეკავება. ერთჯერად კათეტერიზაციაზე პაციენტი უარს აცხადებს.

6.2.22. კლინიკური კვლევის დასკვნა: მარცხენა ფეხის ამწევი კუნთის პარეზი, მარცხენა ფეხის კუნთის სისუსტე 1/5, ბარძაყის ქვედა ნაწილის ლატერალური ჰიპერსთეზია, მარცხნივ, განავლის შეკავება, შარდის შეკავება. პაციენტი გადაადგილდება ყავარჯნით. ხერხემლის წელის მალების წარმოდგენილ მრტ-ზე (2022 წლის 2 ივნისი) ვლინდება გავის ძვლის არასწორი შეხორცება (SW2/3 დონეზე).

6.2.23. შეჯამება/პროცედურები: 2021 წლის ივნისში საწყისი ტრავმის შედეგად მიღებული დაზიანების შემდგომ არასწორად შეხორცებული გავის ძვლის ფონზე, და მას შემდეგ არსებული შარდის ბუშტის/რექტალური დარღვევების ფონზე შარდის ბუშტის/რექტალური დარღვევების აღმოფხვრა ოპერაციით შეუძლებელია.

6.2.24. 2023 წლის 6 მარტის რადიოლოგიური კვლევით დაადგინა შემდეგი: „წინა გამოკვლევასთან შედარებით მნიშვნელოვანი ცვლილება არ ვლინდება ხერხემლის გავის ძვლის მე-3 მალის დონეზე დისლოცირებული მოტეხილობითა და გავის ძვლის

დისტალური მონაკვეთების კრანიალური და დორსალური დისლოკაციით, კტ-კვლევებით, ოპერაციული სტაბილიზაციის გარეშე ძვლოვანი დეფორმაცია განიკურნა. მარცხენა S2 ფესვის თანმიმდევრული ძვლოვანი შეკუმშვა მის ნერვულ ხვრელში, ასევე სავარაუდოა უფრო დისტალური საკრალური ნერვების დაზიანება, თუმცა, მათი შემდგომი იდენტიფიცირება წინამდებარე კვლევაში შეუძლებელია. ფიქსატორის მეშვეობით ხერხემლის წელის 3-5 მალის შიდა უზრუნველყოფის სეგმენტები ფესვის დაზიანების გარეშე, სხვა კრანიალური სეგმენტებიც ფესვის დაზიანების ან სპინალური არხის სტენოზის გარეშე. სხვა კრანიალური სეგმენტებიც ფესვის ზომიერი ართროზი, ფესვის დაზიანების ნიშნების გარეშე. რამდენადაც ლითონის არტეფაქტების ფარგლებში შესაძლებელია შეფასდეს, ოსტეოსინთეზის მასალა გაღიზიანების გარეშე, შეკავება კანქვეშა რბილ ქსოვილში ღეროების დისტალურად, შეფასდეს, როგორც სერომა’’.

6.2.25. ექიმი ნევროლოგის, პროფესორ დოქ. კრისტიან ფრანკეს 2023 წლის 15 მარტის დასკვნით: „პაციენტს აღენიშნებოდა საკრალური ფესვების შეუქცევადი დაზიანება გავის ძვლის მოტეხილობის გამო. შარდის შეკავება, შეუძლია ნებაყოფლობით მთლიანად დაცალოს შარდის ბუშტი, თუმცა მოშარდვის სურვილი არ აქვს. გარდა ამისა, დეფეკაციის შეუკავებლობა. ამასთან, აღენიშნება ლუმბოსაკრალური წნულის დაზიანება, მარჯვნივ, ასევე საჯდომი ნერვის დაზიანება. პერონეალური ნერვი და წვივის ნერვი ელექტროფიზიოლოგიურად არ არის გამტარი. საჯდომის ნერვის პარეზის შედეგად აღენიშნება მარჯვენა ქვედა ფეხის მკაფიო ატროფია. პაციენტი საჭიროებს ახალ პროთეზს მარჯვენა ბარძაყისთვის. გარდა ამისა, კვლავ უნდა ჩაუტარდეს ელექტროთერაპია. თუ, წვივის უკანა კუნთის სტიმულაციით შეუძლებელი გახდა ფეხის აწევა, სიარულის დროს არის კუნთის ავტომატური სტიმულაციის შესაძლებლობა. პაციენტს არ შეუძლია თავად გადაწყვიტოს კათეტერიზაციის საკითხი. ოპერაციული ჩარევა არ არის რეკომენდებული, ვინაიდან ავარია 18 თვის წინ მოხდა და უკვე ჩამოყალიბებულია კუნთების ატროფია, რომელიც აღარ არის შექცევადი’’.

6.2.26. მოსარჩელე რ.კ–მა, გერმანიაში, ZAR Munchen-ის კლინიკაში ამბულატორული რეაბილიტაცია გაიარა 2023 წლის 23 მარტიდან 2023 წლის 14 აპრილის ჩათვლით. პაციენტს დაესვა დიაგნოზი - ქრონიკული ლუმბაგო მარჯვენა ფეხის ექსტენსიური და პლანტარული კუნთების დამბლით, 06/2021 დაცემის შედეგად გამოწვეული გავის ძვლის მოტეხილობის შემდგომი მდგომარეობა წელისა და მენჯის L3 – ilioalar სტაბილიზაციით, S2/3 დონეზე გავის შვლის არასწორი მდებარეობა, შარდის ბუშტის/რექტალური ფუნქციის სრული დარღვევით 2021 წლის ივნისიდან. ფსორიაზი, ვენების ღრმა თრომბოზის შემდგომი მდგომარეობა, მარჯვნივ 11/2022.

6.2.27. პაციენტს ჩაუტარდა ერთეული ფიზიო და ერგოთერაპიული სამკურნალო ღონისძიებები ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით, ასევე სამედიცინო ტრენინგ-თერაპია კუნთების სტაბილიზაციის მიზნით. დამატებით გამოიყენებოდა ელექტროთერაპია, აგრეთვე სითბოს აპლიკაციები კუნთების დეტონიზაციისათვის. პაციენტმა თერაპიები კარგად გადაიტანა. სარეაბილიტაციო მკურნალობის დროს შემთხვევით დაავადებებს ან უბედურ შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია.

6.2.28. „ელექტროთერაპიით ფეხის მოძრაობები მეტ-ნაკლებად გაუმჯობესდა, მან შეძლო მარჯვენა ფეხის ოდნავ აწევა. სამკურნალო ტანვარჯიშის ჩატარებამდე ცერა თითს ვერ წევდა, რაც ახლა გამოსდის. ასევე, გაუმჯობესდა წონასწორობის დაცვის შესაძლებლობა. ტკივილის სიმპტომები იგივე რჩება, ამ თვალსაზრისით თერაპიით მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდა. მან ფეხის ოპერაციასთან დაკავშირებით მიმართა პოტენციურ ქირურგს, დაიგეგმა წვივის უკანა მყესის გადანერგვა ფეხის უკანა ნაწილზე, მარჯვენა ფეხის აწევის მიზნით. კვლევისას ვლინდება უსაფრთხო სიარული მარჯვენა ფეხის ყავარჯნის დახმარებით და მარჯვენა მხარეს ჩადგმული პრონეურალური სტენტით. გამოსაკვლევ ოთახში შემოვიდა დამოუკიდებლად, საკმაოდ თავდაჯერებულად. ასევე აღენიშნება მარჯვენა ფეხის არსებული ატროფია, მეტად გამოხატული ბარძაყის ქვედა მიდამოსი. ტერფის სახსრის ზედა ნაწილის მოძრაობა - დორსალური ექსტენზია/პლანტარული მოხრა 0/0/300, ტერფის სახსრის ქვედა მიდამოში 2/3 ნორმალური მოძრაობა. კვლავ რჩება მარჯვენა ფეხის ამწევი კუნთის პარეზი, ფეხის დამწევი კუნთის მსუბუქი დატვირთვით, ცერის მომხრელი 1-2/5’’.

6.2.29. პაციენტს კლინიკიდან გაწერისას დაენიშნა შემდეგი მედიკამენტები: ლირიკა 150 მგ(1/0/0/0), ტადალაფილი 5მგ (1/0/0/0), ქუეტიაპინი 25მგ (0/0/0/1), ნოვამინსულფონი 500მგ საჭიროების შემთხვევაში, ომეპრაზოლი 40მგ (1/0/0/0).

6.2.30. 2021 წლის 9 ივნისს მომხდარი უბედური შემთხვევის გამო მოსარჩელისათვის ჩატარებული ოპერაციის, სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში, მათ შორის საზღვარგარეთ (გერმანიასა და თურქეთში) ჩატარებული სარეაბილიტაციო მკურნალობის და ცხოვრებისათვის გაღებულმა ხარჯმა შეადგინა 200 000 ლარი.

6.2.31. მოსარჩელე რ.კ–ი 2021 წლის 9 ივნისიდან მიმდინარე პერიოდისათვის სარგებლობს სს „ს.კ.ი.ე–ის’’ დაზღვევით. 2021 წლის 9 ივნისიდან 2024 წლის 10 იანვრის ჩათვლით სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის სახით ანაზღაურებულია ჯამში - 23 109.52 ლარი.

6.2.32. მოსარჩელეს მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში დაგეგმილი აქვს ოპერაცია - წვივის უკანა მყესის გადანერგვა ფეხის უკანა ნაწილზე, მარჯვენა ფეხის აწევის მიზნით, რომლის ღირებულებას შეადგენს 10 000 ევროს.

6.2.33. რ.კ–ს 2022 წლის 20 აპრილის შემოწმების საფუძველზე დაუდგინდა შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი - მნიშვნელოვანი, აღენიშნება თვითმომსახურების, გადაადგილების და შრომითი საქმიანობის მეორე ხარისხის შეზღუდვა. შრომითი საქმიანობა დასაშვებია სპეციალურად შექმნილ პირობებში. მორიგი გადამოწმების თარიღი 2024 წლის 27 აპრილი.

6.2.34. მოსარჩელე რ.კ–ს ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი - ი.კ–ი, დაბადებული 2007 წლის 31 ივლისს და ა.კ–ი, დაბადებული 2011 წლის 31 აგვისტოს.

6.2.35. სსიპ შემოსავლების სამსახური გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, 2023 წლის 29 დეკემბრის მდგომარეობით მოსარჩელე რ.კ–ს 2020 წლის 1 იანვრიდან - 2021 წლის 1 აგვისტომდე შპს „ზ–იდან’’ ხელფასის სახით ჩაერიცხა: 2020 წლის სექტემბერში - 1275.51 ლარი და 2020 წლის ოქტომბერში - 1461.38 ლარი. შპს „ზ–ს’’ რ.კ–ის მიმართ ერიცხება სახელფასო დავალიანება 2020 წლის 1 სექტემბრიდან 2021 წლის 1 აგვისტომდე - 30799.54 ლარი.

6.2.37. 2017 წლის 1 დეკემბერს შპს „ჯ.ლ.ს–ს’’ და შპს „გ.ლ–ს’’ შორის დადებული სატვირთო ლიფტის ტექნიკური მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, ქ. თბილისში, ........... მდებარე შენობაში განთავსებული ლიფტის ბოლო შემოწმება განხორციელდა 2021 წლის 19 მაისს შპს „ჯ.ლ.ს–ის’’ თანამშრომლების: გ.გ–ძისა და ა.გ–ძის მიერ. ლიფტის შემოწმების აქტით დადგინდა, რომ ლიფტი ტექნიკურად გამართული იყო და არანაირ შეკეთებას არ საჭიროებდა.

6.2.38. შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-4 სამმართველოში 2021 წლის 9 ივნისს დაიწყო გამოძიება ამავე დღეს ქ. თბილისში ......... მდებარე კომერციულ ფართში არსებულ ლიფტის შახტაში რ.კ–ის ჩავარდნის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით - სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევა. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულად იქნენ ცნობილნი შპს „ჯ.ლ.ს–ის’’ თანამშრომლები: ა.გ–ძე და გ.გ–ძე.

6.2.39. 2022 წლის 12 ივნისის დადგენილებით, რ.კ–ი ცნობილი იქნა დაზარალებულად.

6.2.40. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2021 წლის 14 ივლისის Nდად-144/09 დადგენილებით, შპს „გ.ლ–ი’’ დაჯარიმდა 500 ლარით, რადგან 2021 წლის 18 ივნისის ტექნიკური ინსპექტირებისას გამოვლინდა, რომ შპს „გ.ლ–ის’’ მფლობელობაში მყოფი ქ. თბილისი, ....... მდებარე შენობის უკანა მარჯვენა მხარეს არსებულ შახტაში დამონტაჟებულ ლიფტზე დარღვეული იყო პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა, კერძოდ ობიექტის მფლობელს არ ჰქონდა ჩატარებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ობიექტის ტექნიკური ინსპექტირება.

6.2.41. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2021 წლის 14 ივლისის Nდად-145/09 დადგენილებით, შპს „გ.ლ–ი’’ დაჯარიმდა 550 ლარით, რადგან 2021 წლის 18 ივნისს განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებისას გამოვლინდა, რომ შპს „გ.ლ–ის’’ მფლობელობაში მყოფი ქ. თბილისი, ........ მდებარე შენობის უკანა მარჯვენა მხარეს არსებულ შახტაში დამონტაჟებულ ლიფტზე დაფიქსირდა 6 შეუსაბამობა. კერძოდ, დარღვეულია „ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N446 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-18 პუნქტის მოთხოვნა, კერძოდ არ არის გამორიცხული ლიფტის კაბინის ამოძრავება, როდესაც ყველა ჩასასხდომი კარი არ არის დახურული და ჩაკეტილი, მიუხედავად იმისა, ლიფტი წინასწარგანზრახულადაა მოქმედებაში მოყვანილი თუ არა. აღნიშნული დარღვევა წარმოადგენს უსაფრთხოების წესების დარღვევას და განეკუთვნება პირველი ხარისხის კრიტიკულ შეუსაბამობას.

6.2.42. ტექნიკური ინსპექტირებისას გამოვლინდა, რომ დარღვეულია 2013 წლის 31 დეკემბრის N446 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-13 პუნქტის მოთხოვნა, კერძოდ, ლიფტის მფლობელის მიერ არ არის უზრუნველყოფილი, რომ ლიფტის დანადგარები და მასთან დაკავშირებული მოწყობილობები ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ მომსახურების, რემონტის და საგანგებო სიტუაციების დროს (მესამე სართულის შახტის კარების საკეტთან შესაძლებელია გარეშე პირთა წვდომა). აღნიშნული დარღვევა წარმოადგენს უსაფრთხოების წესების დარღვევას და განეკუთვნება პირველი ხარისხის კრიტიკულ შეუსაბამობას; დარღვეულია 2013 წლის 31 დეკემბრის N446 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის 36-ე პუნქტის მოთხოვნა, კერძოდ, ლიფტის უსაფრთხო მომსახურებისა და ექსპლუატაციისათვის არ არის უზრუნველყოფილი შახტის განათება, რაც განეკუთვნება არაარსებით შეუსაბამობას; ასევე, ტექნიკური ინსპექტირებისას გამოვლინდა, რომ დარღვეულია 2013 წლის 31 დეკემბრის N446 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნა, კერძოდ, ლიფტს არ ახლავს დამამზადებლის მიერ შედგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია, რაც განეკუთვნება არაარსებით შეუსაბამობას;

დარღვეულია 2013 წლის 31 დეკემბრის N446 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ’’ ქვეპუნქტის მოთხოვნა, კერძოდ, არ არის უზრუნველყოფილი ავარიულ შემთხვევებში ლიფტში მყოფი მგზავრების დროული განთავისუფლებისათვის საჭირო ღონისძიებების ორგანიზება, რაც განეკუთვნება არაარსებით შეუსაბამობას.

6.2.43. ტექნიკური ინსპექტირებისას გამოვლინდა, რომ დარღვეულია 2013 წლის 31 დეკემბრის N446 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის დარღვევა, კერძოდ, ლიფტის ექსპლუატაციის დროს არ არის დაცული დამამზადებლის მიერ შედგენილი ლიფტის ტექნიკური დოკუმენტაციით და რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნები. კერძოდ, ლიფტის კაბინას არ გააჩნია ფართუკი, რაც განეკუთვნება არაარსებით შეუსაბამობას.

6.2.44. ზემოაღნიშნული დადგენილებები შპს ,,გ.ლ–ის“ მიერ გასაჩივრებული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.

6.2.45. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 16 ივნისის საინჟინრო დასკვნაში მითითებულია, რომ „2021 წლის 9 ივნისს, ქ. თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონი, ............ მდებარე სამედიცინო დანიშნულების საქონლის სადისტრიბუციო კომპანია შპს „გ.ლ–ის’’ შენობის უკანა მარჯვენა მხარეს არსებულ ლიფტის შახტაში, როდესაც მესამე სართულიდან ჩავარდა სპირტიანი სასმელების სადისტრიბუციო კომპანია შპს „ზ–ის’’ თანამშრომელი რ.კ–ი, რომელიც ზემოდან დაეცა პირველ სართულზე გაჩერებულ ლიფტის კაბინას, დარღვეულ იქნა ლიფტის უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N446 დადგენილების მესამე მუხლის (მოთხოვნები ლიფტების ექსპლუატაციისადმი) მე-2 პუნქტის მოთხოვნები და „правила устройства и безопаснастй експлуатации лифтов’’-ის 4.2.13. და 4.2.14. პუნქტების მოთხოვნები.

6.2.46. დასკვნის მიხედვით, აღნიშნული უბედური შემთხვევის დროს, ლიფტის გამართულობაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ შპს „ჯ..’’-ის იმ თანამშრომლებს, რომლებსაც უნდა გაეწიათ კონტროლი აღნიშნული ლიფტის უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის.

6.2.47. შპს „ს.ე.ა.ჯ–ს’’ 2021 წლის 8 ივლისის დასკვნაში მითითებულია შემდეგი: „1. ლიფტის ტექნიკური შემოწმების შედეგად გამოვლინდა საქართველოს მთავრობის დადგენილება „ლიფტის უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ’’ N446-თან და ევროპულ სტანდარტ EN 81-1-თან შეუსაბამობები. 2. .......... ქ. N30-ში მდებარე, შპს „გ.ლ–ის’’ საკუთრებაში არსებული ლიფტი განეკუთვნება სატვირთო-სამგზავრო ლიფტების კლასს, კარების გაღების ნახევრად ავტომატური სისტემით (კაბინის კარი იღება ავტომატურად, ხოლო შახტის კარი ხელით გამოსაღებია). როგორც კაბინის, ასევე, შახტის კარების დახურვა და ჩაკეტვა კონტროლდება კარების ბლოკირების ელექტრული წრედით, რაც გამორიცხავს კაბინის დაძვრას ერთ-ერთი კარის ღია ან ჩასაკეტ მდგომარეობაში ყოფნისას, ხოლო მოძრაობის დროს საკეტის გახსნა იწვევს კაბინის დაუყოვნებლივ გაჩერებას. დათვალიერებისას დაადგინა, რომ ლიფტის ექსპლუატაციის პერიოდში ადგილი ჰქონდა კარების ბლოკირების ელექტრულ წრედში დაუშვებელ ჩარევას. შედეგად ამ წრედის გარკვეული ნაწილი, კერძოდ კარების საკეტების მდგომარეობის მაკონტროლებელი წრედი აღმოჩნდა გამორთული, რის გამოც გაჩნდა შახტის კარის დახურული, მაგრამ ჩაუკეტავი მდგომარეობის დროს კაბინის დაძვრის შესაძლებლობა. ამ დროს დასარეგულირებელი იყო შახტის კარის ბოლომდე მიმხურავი მექანიზმი, სამწუხაროდ ლიფტის მომსახურე ტექნიკურმა პერსონალმა დროულად ვერ აღმოაჩინა აღნიშნული ხარვეზი და გაგრძელდა ლიფტის ექსპლუატაცია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მესამე სართულის შახტის კარის თავზე არის ღიობი, საიდანაც სპეციალური გასაღების გამოყენების გარეშე შესაძლებელია ზემოქმედება შახტის კარის საკეტის გამღებ მექანიზმზე და კარის არასანქცირებული გაღება. 3. ლიფტის მართვის ნორმალური რეჟიმის დროს და უსაფრთხოების წრედების გამართულად მუშაობის პირობებში გამორიცხულია კაბინის ამოძრავება, თუკი რომელიმე კარი არ არის დახურული და ჩაკეტილი, რაც კონტროლდება კარების ბლოკირების ელექტრული წრედით. 4. ლიფტის მესამე გაჩერებაზე, შახტის კარის თავზე არსებული ღიობი იძლევა კარის საკეტის გამღებ მექანიზმზე ზემოქმედების და კარის გაღების საშუალებას სპეციალური გასაღების გამოყენების გარეშე. 5. კაბინას გააჩნია კარის ავტომატურად გამღები სისტემა, რომლის ამოქმედება ხდება კაბინის გაჩერების შემდეგ ზუსტი გაჩერების ზონაში. ეს სისტემა ჯერ აღებს კაბინის კარს, ხოლო კაბინის კარი სპეციალური სატარით ზემოქმედება შახტის კარის საკეტის გამღებ მექანიზმზე და ათავისუფლებს შახტის კარს. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იყოს შესაძლებელი შახტის კარის ხელით გამოღება. 6. მზიდი ბაგირები დასამოკლებელია, სხვა დეფექტები არ აღინიშნება. კარის საკეტების ბლოკირების ელექტრული წრედის გარდა სხვა წრედები გამართულად მუშაობენ. სადენების იზოლაციისა და დამიწების კონტურის წინაღობის შემოწმებას ახორციელებს სპეციალური ლაბორატორია. 7. ლიფტის მართვის ფარში მოსაწესრიგებელია ელექტრო სადენები, მართვის ფონზე დასატანია დანიშნულების მიმთითებელი, მაფრთხილებელი და ამკრძალავი ნიშნები. (დასკვნის კვლევითი ნაწილის შესაბამისად, მომხდარ შემთხვევაზე გავლენა იქონია შემდეგმა შეუსაბამობებმა: შახტის კარის ბოლომდე მიმხური მექანიზმი დასარეგულირებელია, ლიფტის მესამე გაჩერებაზე შახტის კარის თავზე ღიობი არ არის დაფარული, შახტის კარების ბლოკირების ელექტრული წრედის ნაწილი გაუქმებულია და შახტის კარების საკეტების მდგომარეობა არ კონტროლდება).

6.2.48. რ.კ–ის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღესაც მძიმეა, იგი დღეის მდგომარეობითაც აგრძელებს მკურნალობასა და სარეაბილიტაციო პროცედურებს და სამომავლოდაც საჭიროებს შესაბამისი მკურნალობის წარმოებასა და მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო პროცედურების განხორციელებას.

6.2.49. სააპელაციო განხილვის ეტაპზე, მოსარჩელე მხარემ სააპელაციო შესაგებელს თან დაურთო პირველ ინსტანციაში საქმის განხილვის დასრულების შემდგომ, 2024 წლის 26 აპრილიდან - 4 ივლისამდე პერიოდში საზღვარგარეთ (თურქეთი, გერმანია), ასევე საქართველოში მკურნალობის წარმოებისათვის გაწეული ხარჯები და მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც დამატებით დგინდება, რომ დაზარალებული დღეის მდგომარეობითაც საჭიროებს მკურნალობასა და რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ ხარჯებს, კერძოდ: - 26.04.2024წ. იედიტეპეს უნივერსიტეტის საავადმყოფოს მიერ პაციენტის გამოკვლევის დასკვნის შესაბამისად, რეკომენებული იქნა 6 ცალი ფასცეტური მედიანური ნერვების RFT აბლაციის და L4-5 მარცხენა ტრანსფორამინალური მეპიდურალური სტეროიდული ინექციის, შემდეგ კი ფეხის კუნთების გასაძლიერებლად ელექტროაკუპუნქტურით რეაბილიტაციის ჩატარება. ამავე კლინიკის 26.04.2024წ. საარქივო ინვოისით მომსახურების ღირებულება განისაზღვრა - 6494.94 თურქული ლირის ოდენობით. ამავე კლინიკის მიერ გაცემული რეცეპტით, სხვა მედიკამენტებთან ერთად პაციენტს დაენიშნა ასევე ლირიკა, დღეში 2 აბი. სააპელაციო შესაგებელს ასევე, თან ერთვის იმავე თარიღში წამლების შეძენის ქვითარი, რომლის შესაბამისადაც გაწეულია ხარჯი - 1285.38 თურქული ლირის ოდენობით. - 02.05.2024წ. იედიტეპეს უნივერსიტეტის საავადმყოფოს წინასწარი ინვოისის შესაბამისად, მომსახურების სავარაუდო ფასი განსაზღვრულია - 7900 აშშ დოლარის ოდენობით (მკურნალობის პაკეტი მოიცავს შემდეგს: გასინჯვა; პროცედურებთან დაკავშირებული ლაბორატორიული კვლევები და რადიოლოგია (წინასაოპერაციო კვლევები); წინასაოპერაციო Covid ტესტები (მხოლოდ პაციენტისთვის); ექიმის საფასური (ქირურგი, ქირურგის ასისტენტი - საჭიროების შემთხვევაში); ანესთეზია და საოპერაციო; საექთნო ჰოსპიტალიზაციის მომსახურება; მედიცინა - სამედიცინო მასალები; პროცედურებთან დაკავშირებული მედიკამენტები; პაციენტისათვის სტანდარტული ოთახის ჰოსპიტალიზაციის 1 დღე, 1 თანმხლები პირი პაციენტის ოთახში). - 02.05.2024წ. წინასწარი ივოსის შესაბამისად, ამავე კლინიკის მიერ განისაზღვრა სავარაუდო ფასი 1000 აშშ დოლარის ოდენობით, შემდეგ პროცედურებთან მიმართებით: გასინჯვა, ელექტრო აკუნპუქტურა - 10 სესია, სისხლის ანალიზები.

- 07.05.2024წ. მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის კლინიკის მიერ გაცემული სტაციონარული მკურნალობის სავარაუდო ხარჯების თანახმად, მომსახურების ჯამური ღირებულება განისაზღვრა - 13 5000 ევროს ოდენობით.

- პრეპარატი ლირიკა დღეში ორჯერ, პაციენტს გამოეწერა ასევე საქართველოში ევექსის კლინიკის მიერ გაცემული ფორმა 100-ით.

- სააპელაციო შესაგებელზე თანდართული მტკიცებულებებით, ასევე, დგინდება საზღვარგარეთ გამგზავრებასა და სასტუმრო ხარჯებთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯების გაწევის აუცილებლობა.

6.2.50. მოსარჩელის მიერ ასევე სააპელაციო ეტაპზე დამატებით წარმოდგენილია 2024

წლის 12 ნოემბრიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე გაწეული ხარჯების დამადასტურებელი მტკიცებულებები, კერძოდ 30.12.2024წ. 61 აბი პრეპარატი ლირიკას შეძენის ხარჯი - 1409 ლარი (1 აბის ღირებულება - 23 ლარი), ასევე ,,ავერსი-ფარმაში’’ გადახდილი - 138.92 ლარი, 27.12.2024წ. სპეციალისტთან კონსულტაციის თანხა - 90 ლარი, ასევე ამავე პერიოდში მედიკამენტების შეძენისათვის გაღებული ხარჯის დამადასტურებელი ქვითრები, ჯამში: 1075.14 ლარის ოდენობით. ასევე 27.12.2024წ. ფორმა 100-ის შესაბამისად, პაციენტი კვლავ აგრძელებს დღეში 2 აბი პრეპარატი ლირიკას მიღებას.

6.3. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ უბედური შემთხვევის დროს რ.კ–ი შპს ,,ზ–ის’’ შენობაში იმყოფებოდა არა საკუთარი შრომითი მოვალეობების შესრულების მიზნით, არამედ როგორც საწყობის გამგის შვილი, რომელსაც უნდა უზრუნველეყო გარკვეული ალკოჰოლური სასმლის გადაცემა, რაც რ.კ–ის შრომით მოვალეობებში, მის მიერ დაკავებული პოზიციისა და შესასრულებელი სამუშაოს გათვალისწინებით, არ წარმოადგენდა. ამდენად, მოსარჩელეს ჯანმრთელობა დაუზიანდა არა უშუალოდ შრომითი მოვალეობების შესრულებისას, არამედ იგი ადგილზე იმყოფებოდა სხვა პირის დავალების საფუძველზე, რაც ამ მხრივ გამორიცხავს შპს ,,ზ–ის’’ პასუხისმგებლობას რ.კ–ის მიმართ.

6.4. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ შპს ,,ზ–თან“ დადებული იჯარის ხელშეკრულებით ლიფტის გამართულობაზე პასუხისმგებლობა ნაკისრი ჰქონდა მოპასუხეს, როგორც ამ ქონების მესაკუთრესა და მფლობელს (შენობის 5 სართულიდან 3 სართული მოპასუხის მფლობელობაშია) ხოლო, დამსაქმებელი - შპს ,,ზ–ი“ იჯარის უფლებით ფლობდა შენობის მხოლოდ ორ სართულს, ლიფტი კი მთლიანი შენობის ყველა სართულს აკავშირებდა ერთმანეთთან და არა მხოლოდ შპს ,,ზ–ის’’ მიერ იჯარით აღებულ სართულებს, რაც ამართლებს მოსარჩელის მოთხოვნას შპს ,,გ.ლ–ის’’ მიმართ, როგორც შენობისა და შესაბამისად ლიფტის მესაკუთრისა და არა დამსაქმებლის - შპს ,,ზ–ის“ წინააღმდეგ.

6.5. სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს შპს „გ.ლ–აა’’ (მეიჯარე) და შპს „ზ–ს’’ (მოიჯარე) შორის დადებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, ამ უკანასკნელს სასაწყობე ფართის დანიშნულებით სარგებლობაში გადაეცა ზემოაღნიშნული უძრავი ქონებიდან შენობა N-1-ში 800 კვ.მ. მე-3 სართულზე და 693 კვ.მ. - მე-5 სართულზე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მეიჯარე ვალდებული იყო გადაეცა მოიჯარისათვის დროებით სარგებლობაში საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგანი საიჯარო მიზნებისათვის ვარგის მდგომარეობაში, უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო მდგომარეობაში და არ შეეშალა ხელი მოიჯარისათვის ხელშეკრულების საგნის დანიშნულებისამებრ გამოყენებაში. ამდენად, მოიჯარეს იჯარით სარგებლობაში გადაეცა არა მთლიანი უძრავი ქონება, არამედ მხოლოდ შენობის მე-3 და მე-5 სართულები. შენობის დანარჩენი ნაწილი კი კვლავ მესაკუთრის შპს „გ.ლ–ის’’ მფლობელობასა და სარგებლობაში დარჩა.

6.6. სასამართლომ მიუთითა, რომ სკ-ს 150-ე მუხლის თანახმად, ლიფტი წარმოადგენს შენობა-ნაგებობის არსებით შემადგენელ ნაწილს. ზემოაღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე, იგი ცალკე უფლების ობიექტი ვერ იქნება და მისი განკარგვა ხდება მთავარ ნივთთან (შენობა-ნაგებობასთან) ერთად. ამდენად, არსებითი შემადგენელი ნაწილი ცალკე უფლების ობიექტი არ არის ქონების განკარგვის შემთხვევაში. თუმცა, იგივე წესი არ ვრცელდება ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის შემთხვევებზე, რა დროსაც, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა შეფასდეს წარმოადგენდა თუ არა ხელშეკრულების ობიექტს ის ნივთი, რომელიც შენობა-ნაგებობის არსებით შემადგენელ ნაწილად მიიჩნევა.

6.7. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სსკ-ს 581-ე და მე-1000-ე მუხლები და განამარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლის მიზნებისათვის არსებითია, თუ ვინ ახორციელებს ფაქტობრივ ბატონობას მომეტებული საფრთხის წყაროზე. განსახილველ შემთხვევაში, ლიფტზე ექსკლუზიური სარგებლობის უფლება მოიჯარეს - შპს ,,ზ–ს“ არ გადასცემია და მისი გამოყენება მთელი შენობისათვის ხდებოდა. ლიფტის გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად კი სწორედ შენობა-ნაგებობის მესაკუთრეს - შპს „გ.ლ–ს’’ ჰქონდა სატვირთო ლიფტის ტექნიკური მომსახურების თაობაზე ხელშეკრულება დადებული (იხ. 2017 წლის 1 დეკემბრის ხელშეკრულება ტ.1. ს.ფ.-ები:291-296), რომლითაც შემსრულებელი დამკვეთისაგან მომსახურებაზე იღებდა სამგზავრო ლიფტს მდებარე ქ. თბილისი, ........... მომსახურება გულისხმობდა - ყოველთვიურ გეგმურ შემოწმებას, გამოძახებას დაზიანების შემთხვევაში. შემსრულებელი იღებდა ვალდებულებას ყოველთვიურად ჩაეტარებინა ლიფტის შესაბამისი შემოწმება და უზრუნველეყო მისი ჯეროვანი ექსპლუატაციისათვის საჭირო მომსახურების გაწევა. დამკვეთი ვალდებული იყო: დროულად აღმოეფხვრა ლიფტის გამართულად ექსპლუატაციისათვის ხელისშემშლელი პირობები, უზრუნველეყო ლიფტის სწორი ექსპლუატაცია, უზრუნველეყო ლიფტის შახტაში და სამანქანოში უცხო პირების შეღწევისაგან დაცვა, უზრუნველეყო ლიფტის შახტისა და სამანქანოს ხანძარსაწინააღმდეგო დაცვა, უზრუნველეყო ლიფტის დაზიანებული ნაწილების შეძენა (გარდა დანართ N1 მითითებული ნაწილებისა). ამასთან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მასზედაც, რომ სატვირთო ლიფტის ტექნიკური მომსახურების თაობაზე ხელშეკრულებაც და შპს „ზ–თან’’ დადებული იჯარის ხელშეკრულებაც ერთი და იგივე რიცხვით თარიღდება (2017 წლის 1 დეკემბერი). ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლიობა ნათლად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სატვირთო-სამგზავრო ლიფტი კვლავ მეიჯარის მფლობელობაში დარჩა და მის ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელ პირს სწორედ უძრავი ქონების მესაკუთრე წარმოადგენდა.

6.8. გარდა ამისა, სასამართლომ აღნიშნა, რომ უძრავი ქონების მესაკუთრე, როგორც მეიჯარე, სამოქალაქო კოდექსის 532-ე და 581.2 მუხლების შესაბამისად, ვალდებული იყო, იჯარის მოქმედების განმავლობაში უზრუნველეყო და შეენარჩუნებინა საიჯარო ქონების, მათ შორის, ლიფტის, როგორც შენობა-ნაგებობის არსებითი შემადგენელი ნაწილის, გამართულობა, რაც არ გამოკვეთილა. კერძოდ, დადგენილია, რომ 2017 წლის 1-ელ დეკემბერს, შპს „ჯ.ლ.ს–სა’’ და შპს „გ.ლ–ს’’ შორის დადებული სატვირთო ლიფტის ტექნიკური მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, ........ მდებარე შენობაში განთავსებული ლიფტი ბოლოს შემოწმდა 2021 წლის 19 მაისს, შპს „ჯ.ლ.ს–ის’’ თანამშრომლების: გ.გ–ძისა და ა.გ–ძის მიერ. ლიფტის შემოწმების აქტით დადგინდა, რომ ლიფტი ტექნიკურად გამართული იყო და შეკეთებას არ საჭიროებდა. ასევე, დადგენილია, რომ შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-4 სამმართველოში 2021 წლის 9 ივნისს დაიწყო გამოძიება ამავე დღეს თბილისში, .......... მდებარე კომერციულ ფართში არსებული ლიფტის შახტში რ.კ–ის ჩავარდნის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით - სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევა. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულად იქნენ ცნობილი შპს „ჯ.ლ.ს–ის’’ თანამშრომლები – ა.გ–ძე და გ.გ–ძე. 2022 წლის 12 ივნისის დადგენილებით, რ.კ–ი ცნობილ იქნა დაზარალებულად.

6.9. სასამართლომ მიუთითა „ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N446 დადგენილებაზე, ასევე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 16 ივნისის შემდეგ საინჟინრო დასკვნაზე – „2021 წლის 9 ივნისს, ქ. თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონი, ............ მდებარე სამედიცინო დანიშნულების საქონლის სადისტრიბუციო კომპანია შპს „გ.ლ–ის’’ შენობის უკანა მარჯვენა მხარეს არსებულ ლიფტის შახტაში, როდესაც მესამე სართულიდან ჩავარდა სპირტიანი სასმელების სადისტრიბუციო კომპანია შპს „ზ–ის’’ თანამშრომელი რ.კ–ი, რომელიც ზემოდან დაეცა პირველ სართულზე გაჩერებულ ლიფტის კაბინას, დარღვეულ იქნა ლიფტის უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N446 დადგენილების მესამე მუხლის (მოთხოვნები ლიფტების ექსპლუატაციისადმი) მე-2 პუნქტის მოთხოვნები და მოწყობილობის უსაფრთხოდ მართვის წესების („правила устройства и безопаснастй експлуатации лифтов’’) 4.2.13. და 4.2.14. პუნქტების მოთხოვნები. დასკვნის მიხედვით, აღნიშნული უბედური შემთხვევის დროს, ლიფტის გამართულობაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ შპს „ჯ..’’-ის იმ თანამშრომლებს, რომლებსაც უნდა გაეწიათ კონტროლი აღნიშნული ლიფტის უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის’’.

6.10. სასამართლომ აღნიშნა, რომ ლიფტის უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების დარღვევაზე მიუთითებს ასევე შპს „ს.ე.ა.ჯ–ის’’ 2021 წლის 8 ივლისის დასკვნა, რომლის მიხედვით: „1. ლიფტის ტექნიკური შემოწმების შედეგად გამოვლინდა საქართველოს მთავრობის დადგენილება „ლიფტის უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ’’ N446-თან და ევროპულ სტანდარტ EN 81-1-თან შეუსაბამობები; 2. ........ მდებარე, შპს „გ.ლ–ის’’ საკუთრებაში არსებული ლიფტი განეკუთვნება სატვირთო-სამგზავრო ლიფტების კლასს, კარების გაღების ნახევრად ავტომატური სისტემით (კაბინის კარი იღება ავტომატურად, ხოლო შახტის კარი ხელით გამოსაღებია). როგორც კაბინის, ასევე შახტის კარების დახურვა და ჩაკეტვა კონტროლდება კარების ბლოკირების ელექტრული წრედით, რაც გამორიცხავს კაბინის დაძვრას ერთ-ერთი კარის ღიაობისას ან ჩაკეტილობისას, ხოლო მოძრაობის დროს საკეტის გახსნა იწვევს კაბინის დაუყოვნებლივ გაჩერებას. დათვალიერებისას დაადგინა, რომ ლიფტის ექსპლუატაციისას კარი ბლოკირებული იყო ელექტრულ წრედში დაუშვებელი ჩარევის გამო. შედეგად ამ წრედის გარკვეული ნაწილი, კერძოდ, კარების საკეტების მაკონტროლებელი წრედი აღმოჩნდა გამორთული, რის გამოც შახტის კარი დაიხურა, მაგრამ ჩაუკეტაობისას გაჩნდა კაბინის დაძვრის შესაძლებლობა. ამ დროს დასარეგულირებელი იყო შახტის კარის ბოლომდე მიმხურავი მექანიზმი, სამწუხაროდ, ლიფტის მომსახურე ტექნიკურმა პერსონალმა დროულად ვერ აღმოაჩინა ხარვეზი და გაგრძელდა ლიფტის ექსპლუატაცია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მესამე სართულის შახტის კარის თავზე არის ღიობი, საიდანაც სპეციალური გასაღების გამოყენების გარეშე შესაძლებელია ზემოქმედება შახტის კარის საკეტის გამღებ მექანიზმზე და კარის არასანქცირებული გაღება; 3. ლიფტის მართვის ნორმალური რეჟიმის დროს და უსაფრთხოების წრედების გამართულად მუშაობის პირობებში გამორიცხულია კაბინის ამოძრავება, თუკი რომელიმე კარი არ არის დახურული და ჩაკეტილი, რაც კონტროლდება კარების ბლოკირების ელექტრული წრედით; 4. ლიფტის მესამე გაჩერებაზე, შახტის კარის თავზე არსებული ღიობი იძლევა კარის საკეტის გამღებ მექანიზმზე ზემოქმედებისა და კარის გაღების საშუალებას სპეციალური გასაღების გამოყენების გარეშე; 5. კაბინას აქვს კარის ავტომატურად გამღები სისტემა, რომლის ამოქმედდება კაბინის გაჩერების შემდეგ ზუსტი გაჩერების ზონაში. ეს სისტემა ჯერ აღებს კაბინის კარს, ხოლო კაბინის კარი სპეციფიკურად ზემოქმედებს შახტის კარის საკეტის გამღებ მექანიზმზე და ათავისუფლებს შახტის კარს. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იყოს შესაძლებელი შახტის კარის ხელით გამოღება; 6. მზიდი ბაგირები დასამოკლებელია, სხვა დეფექტები არ აღინიშნება. კარის საკეტების ბლოკირების ელექტრული წრედის გარდა, სხვა წრედები გამართულად მუშაობს. სადენების იზოლაციისა და დამიწების კონტურის წინაღობას ამოწმებს სპეციალური ლაბორატორია; 7. ლიფტის მართვის ფარში მოსაწესრიგებელია ელექტროსადენები, აკლია დანიშნულების მიმთითებელი, მაფრთხილებელი და ამკრძალავი ნიშნები.

6.11. დასკვნის კვლევითი ნაწილის შესაბამისად, მომხდარ შემთხვევაზე გავლენა იქონია შემდეგმა შეუსაბამობებმა: შახტის კარის ბოლომდე მიმხური მექანიზმი დასარეგულირებელია, ლიფტის მესამე გაჩერებაზე შახტის კარის თავზე ღიობი არ არის დაფარული, შახტის კარების ბლოკირების ელექტრული წრედის ნაწილი გაუქმებულია და შახტის კარების საკეტების მდგომარეობა არ კონტროლდება. სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლების საფუძველზე, მითითებულ ექსპერტიზის დასკვნებზე დაყრდნობით დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2021 წლის 9 ივნისს მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანება გამოიწვია მისამართზე: ქ. თბილისი, ....... მდებარე შენობის უკანა მარჯვენა მხარეს არსებული ლიფტის გაუმართაობამ და ვინაიდან ამ ლიფტზე ფაქტობრივ ბატონობას შპს „გ.ლ–ი’’ ახორციელებდა, სწორედ მას ეკისრება დელიქტური პასუხისმგებლობა მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანზე.

6.12. 6.12. რაც შეეხება ზიანის ანაზღაურებას, სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე 2014 წლის 1-ელი დეკემბრიდან 2021 წლის 1-ელ აგვისტომდე დასაქმებული იყო შპს „ზ–ში’’ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე და მისი ხელფასი შეადგენდა 3000 ლარს (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით). აღნიშნულიდან გამომდინარე, ყოველთვიური სარჩოს უნდა განისაზღვროს 3000 ლარით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით), რადგან მოსარჩელე სწორედ ამ ოდენობის ხელფასს მიიღებდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ შექმნილიყო. ყოველთვიური სარჩო უნდა დაეკისროს 2021 წლის 1-ელი აგვისტოდან მოსარჩელის გამოჯანმრთელებამდე, მაგრამ არაუმეტეს საპენსიო ასაკის მიღწევამდე, რამდენადაც სარჩოს მიღების უფლების ხანგრძლივობა პირდაპირაა დაკავშირებული მოსარჩელის მიერ ხელფასის მიღების შესაძლებლობასთან.

6.13. სასამართლოს განმარტებით, უდავოა, რომ მოსარჩელემ განიცადა ძლიერი ფიზიკური და სულიერი ტკივილი, როგორც უშუალოდ დაზიანების მიღების, ისე შემდგომ (ოპერაციისას და შემდგომი მკურნალობისა და რეაბილიტაციის) პერიოდშიც. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსის მიუხედავად, შეუძლებელი აღმოჩნდა მოსარჩელისათვის ტკივილის სრულად გაქრობა, რის გამოც იგი ყოველდღიურად იღებს ძლიერ ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატს - „ლირიკას’’. ასევე, დადგენილია, რომ მოსარჩელეს მოშლილი აქვს ჯანმრთელობა ორგანიზმის ფუნქციების მყარი დარღვევებით -– არის შშმ პირი ქმედუნარიანობის შეზღუდვის მე-2 კატეგორიით. ამდენად, აღნიშნული სულიერი და ფიზიკური ტანჯვა განგრძობადია, რადგან მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსის მიუხედავად, მოსარჩელე სრულად ვერ გამოჯანმრთელდა, საყურადღებოა ექიმ-ნევროლოგის, პროფესორის, დოქტორ კრისტიან ფრანკეს 2023 წლის 15 მარტის დასკვნა, რომლითაც დადგენილია, რომ „პაციენტს (რ.კ–ის) აღენიშნებოდა საკრალური ფესვების შეუქცევადი დაზიანება გავის ძვლის მოტეხილობის გამო. შეუძლია ნებაყოფლობით მთლიანად დაცალოს შარდის ბუშტი, თუმცა მოშარდვის სურვილი არ აქვს. გარდა ამისა, ვერ ახერხებს დეფეკაციის შეკავებას, აღენიშნება ლუმბოსაკრალური წნულის დაზიანება მარჯვნივ, ასევე საჯდომი ნერვის დაზიანება. პერონეალური ნერვი და წვივის ნერვი ელექტროფიზიოლოგიურად არ არის გამტარი. საჯდომის ნერვის პარეზის შედეგად აღენიშნება მარჯვენა ქვედა ფეხის მკაფიო ატროფია. პაციენტი საჭიროებს ახალ პროთეზს მარჯვენა ბარძაყისთვის. გარდა ამისა, კვლავ საჭიროა ელექტროთერაპია. თუ, წვივის უკანა კუნთის სტიმულაციით შეუძლებელი გახდა ფეხის აწევა, სიარულის დროს არის კუნთის ავტომატური სტიმულაციის შესაძლებლობა. პაციენტს არ შეუძლია თავად გადაწყვიტოს კათეტერიზაციის საკითხი. ოპერაციული ჩარევა არ არის რეკომენდებული, ვინაიდან ავარია 18 თვის წინ მოხდა და უკვე ჩამოყალიბებულია კუნთების ატროფია, რომელიც აღარ არის შექცევადი’’.

6.14. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე მოითხოვს მორალური ზიანის სახით მოპასუხისათვის 300 000 ლარის დაკისრებას, რაც, პალატის მოსაზრებით, სრულად დაკმაყოფილებას ვერ დაექვემდებარება, ვინაიდან, მიუხედავად მძიმე შედეგისა, უნდა გათვალისწინდეს მოპასუხე ორგანიზაციის ბრალეულობის საკითხიც, ასევე – მოპასუხისათვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებაც, რომელიც შეეხება, როგორც უკვე გაწეულ, ასევე – სამომავლოდ ასანაზღაურებელ ხარჯებს.

6.15 პალატამ გაითვალისწინა მოსარჩელის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, თუმცა, ამავდროულად, ყურადღება გაამახვილა მოპასუხის ბრალეულობის საკითხზეც. მართალია, მოსარჩელეს ჯანმრთელობა დაუზიანდა მოპასუხის საკუთრებაში განთავსებული ლიფტის მომსახურებისას, რაზეც პასუხისმგებელი მოპასუხეა ზიანის ანაზღაურებასთან მიმართებით, თუმცა მორალური ზიანის განსაზღვრის ნაწილში საგულისხმოა ის გარემოება, რომ მოპასუხე მისი მხრიდან გონივრულობის ფარგლებში აზღვევდა იმ რისკებს, რაც შესაძლოა, მოჰყოლოდა ლიფტით სარგებლობას, კერძოდ, შესაბამისი ხელშეკრულების თანახმად, იღებდა სათანადო მომსახურებას. ამდენად, მესაკუთრის მხრიდან გადადგმული იყო შესაბამისი ნაბიჯები უბედური შემთხვევის საპრევენციოდ, თუმცა სხვა პირთა ბრალეულობის გათვალისწინებით, აღნიშნული შედეგი ვერ იქნა თავიდან აცილებული. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ გამართლებულად მიიჩნია რ.კ–ის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილება და მოპასუხისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 100 000 ლარის დაკისრება, რაც, ერთი მხრივ, მინიმალურად უზრუნველყოფს პირის მორალური განცდების კომპენსირებას და, მეორე მხრივ, ადეკვატურ პასუხისმგებლობას დააკისრებს მოპასუხეს.

6.16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს მხარეებმა.

7. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

7.1. კასატორის მტკიცებით, ისე დააკისრა სასამართლომ მოპასუხეს ჯანმრთელობისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის - 176890 ლარისა და 48 თეთრის ანაზღაურება, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული, თუ რას ეყრდნობა დაკისრებული თანხის კალკულაცია. ისე დააკისრა სასამართლომ მოპასუხეს მკურნალობის ხარჯის სახით 2023 წლის 3 მაისიდან ყოველთვიურად, მის გამოჯანმრთელებამდე 2500 ლარის გადახდა, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული თუ რას ნიშნავს ან უნდა ნიშნავდეს ტერმინი - გამოჯანმრთელებამდე, ანუ რა კრიტერიუმების მიხედვით შეფასდება პირი გამოჯანმრთელებულად, ან როგორ უნდა გაიგოს ამის თაობაზე მოპასუხემ, რომ შეძლოს უფლების რეალიზება: ამის მდგენელი ფორმულა, თარიღი, წესი არ არის მოცემული გადაწყვეტილებაში; გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არის დაზუსტებული და საფუძველი მითითებული, თუ რატომ უნდა გადაიხადოს 2500 ლარი ყოველთვიურად და არა რაიმე სხვას, შესაბამისად, ამ ნაწილშიც გადაწყვეტილება ყოველმხრივ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რის გამოც უნდა გაუქმდეს. აღნიშნული უმნიშვნელოვანესი გარემოება შეფასების გარეშე იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს მხრიდან.

7.2. ისე დააკისრა სასამართლომ მოპასუხეს სარეაბილიტაციო ხარჯების სახით ყოველწლიურად, მის გამოჯანმრთელებამდე 20, 000 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული, თუ რას გულისხმობს რეაბილიტაცია, ანუ რა ყოველწლიური პროცედურების ერთობლიობა უნდა შეფასდეს, რაც დადგენილად იკვეთება და არის უალტერნატივო გამოჯანმრთელებისთვის და აღნიშნულ უალტერნატივო პროცედურების ერთობლიობას, რომ 20, 000 ევრო და არა თუნდაც მეტი ან ნაკლები ესაჭიროება, ამის დადასტურებასა და საფუძვლებს გადაწყვეტილებაში ვერ იხილავთ, რადგან არც საქმეში არ არის მსგავსი წარმოდგენილი; რას ნიშნავს ან უნდა ნიშნავდეს ტერმინი - გამოჯანმრთელებამდე, ანუ რა კრიტერიუმების მიხედვით შეფასდება პირი გამოჯანმრთელებულად, თანხის გადახდის ვალდებულება არა გამოჯანმრთელებამდე, არამედ სამუდამოდ დაეკისრათ. ეს უმნიშვნელოვანესი გარემოება შეფასების გარეშე დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. სასამართლომ თავად ითხოვა მოპასუხისგან უკვე ჩარიცხული 20,000 ევროს დანიშნულებით ხარჯვის ქვითრების წარდგენა, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების თარიღიდან, ანუ 2024 წლის 15 მარტიდან სააპელაციო განხილვებამდე, ხოლო მოსარჩელემ მოპასუხისგან უკვე მიღებული სარეაბილიტაციო თანხის ხარჯვის შესაბამისი ქვითრები ვერ და არ წარადგინა, რაც ცალსახად ადასტურებს და სასამართლო უნდა დარწმუნებულიყო, რომ ამდენი თანხა ამ ნაწილში სრულიად უსაფუძვლოდ აქვს დაკისრებული და ნათელია, რომ ამ ოდენობით და ამ დანიშნულებით წლიური „ხარკი“ 20 000 ევრო არის უსაფუძვლოდ დაკისრებული.

7.3. ისე დააკისრა სასამართლომ მოპასუხე მხარეს ყოველთვიურად გამოჯანმრთელებამდე, მაგრამ არაუმეტეს საპენსიო ასაკის მიღწევამდე 3000 ლარი ე.წ. ხელფასის სახით, რომ მოგვიანებით, არასრული ერთი თვის თავზე, თავად დარწმუნდა, როდესაც იღებდა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე 2024 წლის 12 აპრილს განჩინებას, რომ ხელფასის დაკისრება საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით უსაფუძვლოა და გაუმართლებელი; ისე დაგვაკისრა ილუზორული ხელფასის გადახდის ვალდებულება მოსარჩელის გამოჯანმრთელებამდე, მაგრამ არაუმეტეს საპენსიო ასაკამდე, რომ ტერმინი გამოჯანმრთელებამდე კრიტერიუმების გაწერის გარეშეა, ფაქტობრივად ეს დაეკისრა მოსარჩელის მხრიდან საპენსიო ასაკის მიღწევამდე, რაც ყოვლად უსაფუძვლოსა და დაუსაბუთებელს ხდის ამ გადაწყვეტილებას. აღნიშნული უმნიშვნელოვანესი გარემოება შეფასების გარეშე დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. ასევე, სასამართლომ თავად ითხოვა მოპასუხისგან დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც მოპასუხისთვის ყოველთვიურად ამდენი ხელფასის ფაქტს დაასაბუთებდა, თუმცა არ დასტურდება, რომ მოპასუხის თვიური ხელფასი იყო 3000 ლარი, რაც ცალსახად ადასტურებს და სასამართლო უნდა დარწმუნებულიყო, რომ ეს ოდენობა თანხა ამ ნაწილში სრულიად უსაფუძვლოდ დაეკისრა მოპასუხეს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სარეზოლუციო ნაწილის თითოეული პუნქტი იყო უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, თანმდევად დაკისრებული მორალური ზიანის ანაზღაურების თანხის გადახედვისა და გაუქმების ლოგიკური შედეგი უნდა მიღებულიყო, თუმცა ფაქტია, მორალური ზიანი იქნა შემცირებული, ხოლო უშუალოდ მატერიალური ზიანის ოდენობასაერთოდ არ იქნა კორექტირებული.

7.4. შპს „გ.ლ–ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა. მოთხოვნის საფუძვლიანობის შესაფასებლად, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს, წარმოადგენს თუ არა მოპასუხე პასუხისმგებელ პირს მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანზე. როგორც საქმის გარემოებებით დგინდება, შპს „გ.ლ–ს“ იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი გადაცემული ჰქონდა შპს „ზ–ისათვის“.ქონება განლაგებულია იმგვარად, რომ მეიჯარეს მოიჯარესთან ხელი არაფრით მიუწვდებოდა, კერძოდ, გადაცემული იყო შენობის უკანა მხარის მე-3 და მე-5 სართული. უძრავ ქონებაში სართულებს შორის დამონტაჟებულია ლიფტი, რომელიც აკავშირებს სართულებს ერთმანეთთან.

7.5. კასატორი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს უახლეს პრაქტიკაზე კერძოდ, საქმე №ას-1052-2021 28 სექტემბერი, 2022 წელი, რომლის თანახმად, ერთი რომ, უნდა დგინდებოდეს ზიანი კონკრეტული მიზეზით, ლიფტების გაუმართაობა, ხოლო, ეს თუ დგინდება, ამ გაუმართაობასა და უშუალოდ აპელანტს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირიც უნდა დადასტურდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფაქტია, რომ არც და ვერც დგინდება, რადგან გაუმართაობაზე დადგენილია კონკრეტული სუბიექტი, თუმცა აქვე დავძენთ, გამორიცხულია პასუხისმგებლობის აპელანტისთვის დაკისრება, რომელიც ამ ლიფტს ფაქტია, არ ფლობდა, და მეორე, არც მის უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი სუბიექტი. შესაბამისად, ცალსახაა, რომ გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება უსწორო მსჯელობით იქნა დასაბუთებული და ექვემდებარება გაუქმებას.

7.6. მოცემული სამოქალაქო საქმე არსებითად განსხვავდება იმ საქმეებისაგან, , რაც შესაბამისად არ შეფასებულა, კერძოდ, საქმეზე თანდართული დოკუმენტაციით დგინდება, რომ 2021 წლის ივნისის შემთხვევის ფაქტი გამოძიებულია. გამოძიების ფარგლებში სს საქმეში წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 16 ივნისის საინჟინრო დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ „2021 წლის 9 ივნისს, ქ. თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონი, დიდი დიღმის დასახლება, ........ მდებარე სამედიცინო დანიშნულების საქონლის სადისტრიბუციო კომპანია შპს „გ.ლ–ის’’ შენობის უკანა მარჯვენა მხარეს არსებულ ლიფტის შახტაში, როდესაც მესამე სართულიდან ჩავარდა სპირტიანი სასმელების სადისტრიბუციო კომპანია შპს „ზ–ის’’ თანამშრომელი რ.კ–ი, რომელიც ზემოდან დაეცა პირველ სართულზე გაჩერებულ ლიფტის კაბინას, ექსპერტიზამ ჩათვალა, რომ დარღვეულ იქნა ლიფტის უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N446 დადგენილების მესამე მუხლის (მოთხოვნები ლიფტების ექსპლუატაციისადმი) მე-2 პუნქტის მოთხოვნები და დადგენილების 4.2.13. და 4.2.14. პუნქტების მოთხოვნები. დასკვნის მიხედვით, აღნიშნული უბედური შემთხვევის დროს, ლიფტის გამართულობაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ შპს „ჯ.ლ–ის’’ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც უნდა გაეწიათ კონტროლი აღნიშნული ლიფტის უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის’’.

7.7. სსიპ ლ. სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, თუ რა გახდა მოცემული შემთხვევის გამომწვევი მიზეზი. ექსპერტიზამ, ხოლო შემდეგ გამოძიების ფარგლებში ექსპერტმა (რ.წურწუმიამ) ცალსახად გასცა პასუხი, რომ შპს „გ.ლ–ის“ მიმართ რაიმე სახის პასუხისმგებლობის დადგენის საფუძველი არ არსებობს და დაადგინა და გამოკვეთა სხვა პირთა პასუხისმგებლობა, კერძოდ, საუბარია შპს „ჯ.ლ–ის“ თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხზე. ამდენად, ფაქტია და ნათლად დასტურდება, რომ არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი შპს „გ.ლ–ის“ ქმედებასა და შედეგს შორის. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, თუ რა სახის საფრთხე გამოიწვია კასატორმა, რომლის გარეშეც ეს შედეგი - მოსარჩელის ჯანმრთელობის დაზიანება დადგებოდა. საქმე ისაა, რომ იმ შემთხვევაში თუ მოპასუხე გაფრთხილდებოდა ლიფტის გაუმართაობის შესახებ (რაც შპს ,,ჯ.ლ–ის“ თანამშრომლების უშუალო დანიშნულება იყო) და ამის მიუხედავად, შპს „გ.ლ–ის“ მაინც გულგრილად ან დაუდევრად მოეკიდებოდა ამ ინფორმაციას ან/და არაფერს მოიმოქმედებდა, შესაძლებელია რაიმე სახის პრეტენზია მის მიმართ წარდგენილიიყო - თუმცა ასე არ ყოფილა და არც რაიმე მსგავსის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს. ამდენად, არსებობს: სამართალდარღვევის ოქმები - რომელიც გასაჩივრებულია და შეჩერებულია მისი მოქმედება, ხოლო სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გამართული ექსპერტიზის დასკვნით ბრალეულ პირებად სხვა პირები არიან მიჩნეული და ისინი ალბათობის მაღალი ხარისხით არსებული მტკიცებულებებით საქმისწარმოების პროცესში მიიჩნევიან პასუხისმგებელ პირებად. არც სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დროს და არც მოპასუხის მიერ სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტაციაში არ მოიპოვება ინფორმაცია, რომ შპს „გ.ლ–ი“ ინფორმირებული იყო შპს ,,ჯ.ლ–ის“ თანამშრომლების და შპს „ზ–ის“ თანამშრომლების მხრიდან ლიფტის დაზიანების ან გაუმართაობის შესახებ. სწორედ აღნიშნული გარემოება დაედო საფუძვლად თავად შპს „ჯ.ლ–ის“ თანამშრომლებისათვის ბრალის წარდგენას. ამდენად, რომ არ დადგენილიყო კონკრეტულ საქმეში შპს „ჯ.ლ–ის“ თანამშრომლების მხრიდან ბრალეულობა, შესაძლებელია ყოფილიყო შპს „გ.ლ–ის“ რაიმე სახის პასუხისმგებლობაზე საუბარი, თუმცა, მაშინ, როდესაც საუბარია გამოძიების ფარგლებში მოპოვებულ მტკიცებულებაზე და ბრალის წარდგენაზე კონკრეტული პირების მიმართ და ეს მტკიცებულებები მოსამართლეს წინ უდევს - შპს „გ.ლ–ისათვის“ პასუხისმგებლობის დაკისრება არამარტო უსაფუძვლოა, არამედ უსამართლო და უკანონოც.

7.8. კასატორის მტკიცებით, სასამართლოს მსჯელობა მოცემულ ნაწილში, რომ თითქოს მოპასუხემ ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, ხოლო მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა ზიანის არსებობისა და მის ანაზღაურებაზე მოპასუხის ვალდებულების დამადასტურებელი შესაბამისი განკუთვნადი და დასაშვები მტკიცებულებები - დაუსაბუთებელია. ისევე, როგორც მითითება იმისა, რომ მოპასუხემ სადავოდ არ გახადა მოთხოვნილი ზიანის ოდენობა. შესაგებლის წარდგენისას შესაბამის გრაფაში მითითებული იყო, რომ არ ეთანხმებოდნენ დადგენილ სასარჩელო მოთხოვნას სრულად. სარჩელზე თანდართულია (გვ 132.) შპს ,,ა–ის" კლინიკის ანგარიშფაქტურა - სადაც თანხა გამოხატული ციფრებით არსებითად განსხვავდება თანხისაგან გამოხატული ასოებით. შესაბამისად, აღნიშნული საბუთი არ უნდა იყოს გაზიარებული. სარჩელზე, ასევე, თანდართულია საბუთი (გვ. 133 და 134) შპს ,,ეკა შუშამბერიძის ჯანმრთელობის და რეაბილიტაციის ცენტრი“ საბუთი/ინვოისი. ინვოისი კი ფინანსური დოკუმენტია, სადაც აღნიშნულია, რომ მყიდველმა გამყიდველს გარკვეული თანხა უნდა გადაუხადოს სამომავლოდ. შესაბამისად, ამ ორ ინვოისს არ ახლავს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ინვოისზე მომსახურება არ მიღებულა. ამასთან, რაც შეეხება თავად ინვოისების თარიღებს, ის შექმნილია 2021 წელს - სექტემბერსა და ნოემბერში. საქმეზე წარმოდგენილია ანგარიშფაქტურები. ზოგადად ფაქტურა არის გამყიდველის მიერ მომზადებული და მყიდველისათვის გაგზავნილი დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ყიდვა-გაყიდვის გარიგების დეტალებს: მოცულობა, ერთეულის ფასი, საერთო თანხა, გაყიდვის პირობები, მიწოდების ხერხი და სხვა. ზემოთ მითითებულ და სხვა უამრავ ანგარიშფაქტურას არ ახლავს გადახდის დამადასტურებელი საბუთი, რაც იმას ნიშნავს, რომ თანხა არ არის გადახდილი.

7.9. რაც შეეხება მკურნალობას თურქეთში, არცერთ წარმოდგენილ ინვოისს გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება არ ახლავს. ამდენად, ვერ დგინდება, გადახდილ იყო თუ არა ინვოისით გათვალისწინებული თანხა ან, თუ გადაიხადეს - ვინ გადაიხადა კონკრეტული თანხა. გერმანიაში მკურნალობის დოკუმენტაციაში საყურადღებო გვერდებია, 188, და 199. 214 და 220. თუ სხვაგან მითითებულია, რომ გადახდილია, აქვს შტამპი. ამ შემთხვევაში ასე არ არის და თან მითითებულია, სამომავლოდ როდის უნდა დაიფაროს მკურნალობის თანხა. თუმცა არც გადახდის დამადასტურებელი საბუთი ან რაიმე სხვა დოკუმენტი, სადაც ამის მინიშნება იქნებოდა, არ წარმოდგენილა.

7.10. კასატორი ყურადღებას ამახვილებს, გვერდ 203-ზე, კერძოდ, 17.03.2024 წლის ინვოისზე. ეს გახლავთ სასტუმროს მომსახურების ინვოისი (მითითებულია ღამის გათევა, ტურისტული გადასახადი და სხვა), რაც ნიშნავს, რომ პაციენტი როდესაც მკურნალობდა მიუნხენში, მოსარჩელე თანმხლებ პირთან ერთად ტურისტული მიზნით იყო ბერლინში, სადაც მიდის მატარებლით (გვ, 235 და გვ.238). სასამართლომ მოპასუხეს დააკისრა ამ ტურისტული (არა სამკურნალო) ხარჯის გადახდა, რაც არასწორია. მით უმეტეს, როდესაც მოსარჩელე მხარისაგან არ არის წარმოდგენილი ბერლინში მკურნალობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია თუკი არსებობდა ასეთი. წარმოდგენილია 2 ავიაბილეთი (გვ.224 გვ. 228. ) მეორე მგზავრი მ.პ–ი. არცერთ დოკუმენტზე თანხის ოდენობა არ ფიქსირდება. gვ.232- კალკულაციით თანხის რაოდენობა არ ჩანს. გვ.248 - საგადასახადო დავალება - თანხა გადარიცხულია ვინმე თ.მ–ძის მიერ, ხოლო 251-ე გვერდზე ვინმე კ.ფ–ას მიერ ფიქსირდება გადახდა. ეს პირები რ.კ–ის ნათესავები არ არიან. ამდენად, თავად რ.კ–ის ან მისი ოჯახის წევრების მიერ გაღებული თანხის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, ხოლო სხვა პირების მიერ გადახდა რატომ უნდა ანაზღაურებულიყო, მისი მხრიდან გაურკვეველია. ასეთი დაუდასტურებელი ხარჯების სასამართლომ გაითვალისწინა და დაკმაყოფილდა დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ მოთხოვნა.

7.11. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით დაკისრებული მე-5 სასარჩელო მოთხოვნაა 20 000 ევროს 1 წლის გადახდის დავალდებულება. მოსარჩელე საფუძვლად უთითებს 1) ოპერაციას, თუმცა ოპერაციის აუცილებლობის მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი. ასევე, არ არის გადმოცემული დამადასტურებელი მტკიცებულება 6 თვეში ერთხელ საზღვარგარეთ მკურნალობის აუცილებლობასთან დაკავშირებით. მათ შორის, სააპელაციო ინსტანციაში წარმოდგენილ იქნა მტკიცებულება, თითქოს 20 000 ევრო იქნა დახარჯული, თუმცა ჯამურად 20, 000 ევრო არ არის დახარჯული, ხოლო, რაც არის, ის 20 000 ევროს ხარჯის დანიშნულებას ანუ რეაბილიტაციის მოტივით ხარჯის გაწევის მოთხოვნას არ პასუხობს. სასამართლომ არად ჩააგდო მხარის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ თავად სამედიცინო დოკუმენტაციით დგინდება, რომ მოსარჩელეს შემთხვევამდე ჰქონდა ბეხჩეთის დაავადება და სალმონელა, რაცმითითებულია თურქულ ენაზე შექმნილ ინვოისში (სარჩელი გვ.84.87.103 და სხვა). ასევე, გერმანიიდან გადმოცემულ დოკუმენტაციაში.

7.12. რაც შეეხება ფსიქოტროპული მედიკამენტის ლირიკის თანხის დაკისრებას, კასატორი აღნიშნავს, რომ 1) ,,13.04.2023 წელს მიუნხენში - ლირიკა 150 მგ არის დანიშნული 1-ჯერ დღეში (გვერდი 140). კერძოდ, მითითებულია, რომ მედიკამენტები კლინიკაში განთავსებისას: მითითებულია ,,ლირიკა“ 150 მგ დღეში 1-ჯერ. პაციენტის აქტუალური ჩივილები: იყენებს ხელჯოხს მარჯვენა მხარეს, ხელჯოხის გარეშეც შეუძლია გადაადგილება, თუმცა ხანგრძლივი სიარულის დროს აღნიშნავს უსიამოვნო შეგრძნებას ხერხემლის მიდამოში. ,,ლირიკის“, როგორც ფსიქოტროპული მედიკამენტზე დამოკიდებულების ფაქტორი ე.წ სააფთიაქო ნარკომანია. მითუმეტეს, საქმეში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება, რომ აუცილებელი საჭიროება არსებობს მისი გამოყენების ან რა ვადით არის რეკომენდებული მისი მიღება. 2500 ლარის დაკისრება მოპასუხისათვის რ.კ–ის გამოჯანმრთელებამდე აჩენს ლეგიტიმურ კითხვას, რა კავშირი აქვს ფსიქოტროპულ მედიკამენტ ,,ლირიკას“ (ან სხვა ფსიქოტროპულ მედიკამენტებს) რ.კ–ისათვის ინვალიდობის მოხსნასთან. მთავარი საკითხია, სად და რა ვითარებაში მოიპოვებს და ყიდულობს რ.კ–ი ფსიქოტროპულ მედიკამენტებს. სასამართლოში საქმის განხილვისას კითხვაზე მან განაცხადა, რომ საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტი ,,ლირიკა“ დეფიციტურია და მისი გადმოტანა (განსაკუთრებით დიდი ოდენობის) მოუხდა თურქეთიდან. საგულისხმოა, რომ ოდენობა, რომელიც მითითებულია თურქულ რეცეპტში გაცილებით ნაკლებია (პროცესზე რ.კ–მა მიუთითა, რომ 2 000 აბი გადმოიტანა საზღვარზე), ამასთან, მოსარჩელემ დაასახელა ფსიქოტროპული მედიკამენტი გაბაგამას საზღვარზე გადმოტანა, რაც უკანონო ქმედებაცაა. ფიზიკურ პირებს მოცემული მედიკამენტები საზღვარზე გადმოტანა არ შეუძლიათ. იგი ექვემდებარება გადმოტანის სპეციალურ რეჟიმს. ამდენად, საქმეზე არ არის წარმოდგენილი ფსიქოტროპული მედიკამენტების კანონიერად შეძენის საბუთი.

7.13. კასატორის მტკიცებით, ორივე ინსტანციის სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის ყოველთვიური ანაზღაურება შპს „ზ–ში’’ შეადგენდა 3000 ლარს (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით). მხარემ საქმის მოსამზადებელ ეტაპზე სადავო გახადა რ.კ–ის შპს ,,ზ–ში" მუშაობის როგორც ფაქტი, ასევე შემოსავლის ოდენობა. შესაბამისად, შუამდგომლობის საფუძველზე მოითხოვეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან რ.კ–ის (პ/ნ ......) შემოსავლების შესახებ ცნობა. სსიპ შემოსავლების სამსახური გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, 2023 წლის 29 დეკემბრის მდგომარეობით, მოსარჩელე რ.კ–ს 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1-ელი აგვისტომდე შპს „ზ–იდან’’ ხელფასის სახით მხოლოდ 2ჯერ ჩაერიცხა: 2020 წლის სექტემბერში - 1 275.51 ლარი და 2020 წლის ოქტომბერში - 1461.38 ლარი. სასამართლომ, დადგენილად ჩათვალა ის ფაქტი, რომ თითქოს შპს „ზ–ს’’ რ.კ–ის მიმართ ერიცხება სახელფასო დავალიანება 2020 წლის 1-ელი სექტემბრიდან 2021 წლის 1-ელი აგვისტომდე - 30799.54 ლარი. მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა ცნობა, სადაც შპს ,,ზ–ის“ დირექტორი თითქოს აღიარებს რ.კ–ის მიმართ დავალიანებას და ჰპირდება ანაზღაურებას 2024 წლის 1-ელ მარტამდე. საგულისხმოა, რომ ცნობა გაცემულია 10.01.2024 წელს. ე.ი მხოლოდ მას შემდეგ, რაც მხარემ შუამდგომლობით მოითხოვა რ.კ–ის შემოსავლების შესახებ ინფორმაცია. ამდენად, ნათელია, რომ შპს ზ–ის მიერ გაცემული ცნობა არ ასახავს რეალობას.

7.14. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ შპს ,,ზ–ში" არსებული ფინანსური პრობლემების გამო რ.კ–ი იქ აღარ მუშაობს წლებია. ამას მოწმობს შემოსავლების სამსახურის ცნობა, ასევე თავად მხარის მიერ წარმოდგენილი სახელფასო დავალიანების შესახებ ცნობა, ასევე, შპს ,,ზ–სა" და შპს ,,გ–ს" შორის არსებული მორიგების აქტი, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ იჯარის თანხასაც ვერ იხდიდა უკანასკნელი წლების განმავლობაში. ამდენად, ის გაკოტრებულია და ასეთი მაღალანაზღაურებადი თანამშრომელი უბრალოდ არ სჭირდება. კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელე მუშაობას აგრძელებს სხვა კომპანიაში - შპს ,,ზ.ლ–ში", სადაც დამფუძნებლები იგივე პირები არიან, რაც შპს "ზ–ში".

7.15. მოსარჩელის მტკიცება იმის თაობაზე, რომ რ.კ–ი შპს ,,ზ–ის" თანამშრომელი იყო, აბსოლუტურად ეწინააღმდეგება მის მიერ 2021 წლის 9 ივნისს შემთხვევის ადგილას მისი ყოფნის განმარტებას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს ,,ზ–ში'' მოსარჩელის ფუნქციებში შედიოდა: 1. წარმომადგენლობა შპს „ზ–ის’’ უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაში; 2. ზედამხედველობის განხორციელება კომპანიის პროდუქციის საზღვარგარეთ გატანასა და გაყიდვაზე (ექსპორტზე); 3. ზედამხედველობის გაწევა ქვეყნის გარეთ პროდუქციის რეკლამირებაზე; 4. კომპანიისათვის პარტნიორებისა და ინვესტორების მოზიდვა. ამასთან, საგულისხმოა, რომ მოსარჩელემ თავად შეძლო მისი უფლების რეალიზაცია - დაესწრო საქმის განხილვას სასამართლო პროცესზე. ის სოციალიზებულია და აგრძელებს თავის საქმიანობას.

7.16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, კერძოდ, 2024 წლის 18 მარტის გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და აღდგეს სამართლიანობა. სამი ინსტანცია სწორედ ამ მიზნებისთვის არსებობს ქვეყნის იურისდიქციის ფარგლებში, რათა ყველა ზემდგომმა უზრუნველყოს ქვემდგომი ინსტანციის მიერ დაშვებული საპროცესო ხარვეზის გამოსწორება და ნებისმიერ საქმეზე დადგინდეს საბოლოოდ სწორი და ობიექტური მართლმსაჯულება, რასაც არც თავად კასატორი არ ელოდება კერძოდ, საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რითაც მოსარჩელეს უარი ეთქმება მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, ხოლო, სულ მცირე, საქმე ხელახალი შესწავლისთვის უნდა დაბრუნებულ იქნეს ქვემდგომ სასამართლო ინსტანციებში, რადგან საქმის ფაქტობრივი გარემოებები სრულყოფილად და მართებულად არ არის შესწავლილი, რაც ხელთ არსებული რეალობაა, რაშიც უზენაესი სასამართლოს პალატა მარტივად დარწმუნდება, თუ მიჰყვება საქმეში ე.წ. „ხარჯის“ გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებების განხილვა/შესწავლას.

8. შეგებებული საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

8.1. შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ უშუალოდ ჯანმრთელობისთვის მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით, ისე, როგორც საქალაქო სასამართლომ, სწორად შეაფასა საქმის ვითარება, თუმცა შეცდომა დაუშვა მორალური ზიანის ანაზღაურების განსაზღვრის საკითხში. ცხადია, არავითარი თანხა ბოლომდე არ დააკომპენსირებს რ.კ–ის მორალურ ზიანს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მოსარჩელე აცხადებს, რომ თანახმაა, მხოლოდ 300 000 ლარი დაეკისროს მოპასუხეს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად და ამით ეს საკითხი შეიძლება ამოწურულად ჩაითვალოს. საქმეში არსებული მტკიცებულებები და ორივე ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს იმას, რომ რ.კ–ის მოთხოვნა მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, სრულებით სიმბოლურია ჯანმრთელობის მოშლის იმ ხარისხის გათვალისწინებით, რაც მოსარჩელეს მიადგა.

8.2. მოსარჩელის ისედაც მძიმე ფიზიკური და მორალური მდგომარეობა, კიდევ უფრო დამძიმდა და რ.კ–ი 2025 წლის 11 აპრილს ექსპერტიზამ ცნო უკვე არა მეორე ხარისხის შეზღუდვის მქონე პირად, რომელსაც სპეციალურ პირობებში შეეძლო შრომითი საქმიანობა, არამედ უკვე დაუდგინდა მესამე ხარისხი და მიეთითა შრომითი საქმიანობის შეუძლებლობა. იმის გათვალისწინებით, რომ ე.წ. ინვალიდობის ხარისხის განმსაზღვრელ კომისიაზე წელიწადში ერთხელ ხდება გასვლა და სააპელაციო და საქალაქო სასამართლოებში საქმის განხილვის დროს არ გახლდათ დადგენილი, რომ რ.კ–ი სრულებით შრომისუუნარო პირია, ცხადია, ამ დოკუმენტს სასამართლოში მანამდე ვერც წარადგენდნენ. რ.კ–ს, როცა მოუწია გეგმურად გასვლა ამ კომისიაზე, მაშინ წარდგა და ეს მოხდა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დასრულების შემდეგ. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მოითხოვს, რომ მიიღოს 2025 წლის 11 აპრილის სამედიცინო-სოციალური შემოწმების აქტი და დაურთოს საქმეს, როგორც დასაშვები მტკიცებულება.

8.3. საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებს, რომ უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტები და რ.კ–ისთვის მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად შპს „გ.ლ–ს“ დაეკისროს 300 000 ლარი.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 მარტის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შემოწმების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

11.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორსა და შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11.2. საკასაციო სასამართლო, განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ №ას-15-29-1443-2012, 09.12.2013წ.; სუსგ საქმე №ას-973-1208-04).

12. მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავს მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან. ამასთან, სამოქალაქო დავის გადაწყვეტის ორიენტირი არის საქმის კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები და არა ზოგადად კანონის მხოლოდ აბსტრაქტული შემადგენლობა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქმეზე დადგენილია დავის ფაქტობრივი გარემოებები, გამოკვეთილია ნორმის შემადგენლობის ნიშნების მისადაგება (სუბსუმცია) დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარდგენილი სარჩელით, მოსარჩელე მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ იგი შპს „გ.ლ–ის“ ტერიტორიაზე, თბილისში, ............ N30-ში, ლიფტის გამოყენებისას მძიმედ დაშავდა. ლიფტის მონიტორის მიხედვით, კაბინა თითქოს მესამე სართულზე იყო, თუმცა რეალურად არ მოსულა — რის შედეგადაც მოსარჩელე 10–12 მეტრის სიმაღლიდან ჩავარდა შახტში და ლიფტის კაბინას დაეცა. დადგინდა, რომ მოპასუხის მფლობელობაში არსებული ლიფტი არ აკმაყოფილებდა კანონით დადგენილ უსაფრთხოების სტანდარტებს. ამასთან, განმარტავდა, რომ მატერიალური ზიანის ანაზღაურება დაკავშირებული იყო შემთხვევის შედეგად მისთვის მიყენებული მძიმე ფიზიკური და მორალური ზიანი — გაუკეთდა მრავალი ოპერაცია და სარეაბილიტაციო კურსიც გაიარა, მათ შორის საზღვარგარეთ, ჯანმრთელობის აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია და მიენიჭა II ჯგუფის ინვალიდობა.

13. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელისა და მის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისთვის აუცილებელ სამართლებრივ საფუძვლებს წარმოადგენს სკ-ის მე-1000, 992-ე, 413-ე მუხლები.

14. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ იგი ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს არ წარმოადგენდა, გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი მისი ბრალეული ქმედებით არ ყოფილა გამოწვეული, სახელდობრ:

15. სსკ-ის მე-1000 მუხლი მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგებლობის წესს ადგენს და, განსხვავებით დელიქტური ვალდებულების ზოგადი დანაწესისაგან, ნივთის მფლობელს, ბრალის მიუხედავად, ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას უდგენს, თუკი მომეტებული საფრთხის წყაროს განხორციელებამ ადამიანის სხეულისა და ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლის მეორე ნაწილი გულისხმობს ნებისმიერ ისეთ ნივთს, რომელიც თავისი თვისებებით მომეტებული საფრთხის შემცველია. საფრთხე მომეტებულად უნდა ჩაითვალოს, თუ ის ქმნის ზიანის მიყენების მომეტებულ ალბათობას ადამიანის მიერ მასზე სრული კონტროლის შეუძლებლობის გამო. შენობაში დამონტაჟებული ტვირთამწე სწორედ ამგვარი ნივთია, რადგან იგი არ ექვემდებარება სრულ კონტროლს. ვინაიდან პოტენციური საფრთხის წყაროების გამოყენება სამართლებრივად ნებადართულია, კომპენსაციის სახით, უფრო მკაცრია იმ პირის პასუხისმგებლობა, ვინც ასეთი საგნების მოხმარებით საფრთხის წყაროს ქმნის. სსკ-ის მე-1000 მუხლი არის ნებადართული საფრთხისათვის პასუხისმგებლობის საფუძველი (შდრ. სუსგ Nას-40-37-2015, 24.12.2015).

16. მართლწინააღმდეგობასთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს, რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედება არამართლზომიერი მოქმედებაა. მართლზომიერი ქმედება კი, არა მარტო სამართლის ნორმათა მოთხოვნების დაცვას გულისხმობს, არამედ ზოგად მოვალეობას, რომ პირმა თავისი ქმედება/ურთიერთობა ადამიანებისა და საგნების მიმართ ისე წარმართოს, რომ არავინ და არაფერი დააზიანოს. ამდენად, თუ მოქმედება არღვევს საგანგებოდ დაცულ უფლებებს (სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების, პირად უფლებებს), მართლწინააღმდეგობა იმთავითვე ვლინდება. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით უდავოა, რომ კასატორმა სხეულის დაზიანება მიიღო მოპასუხის მფლობელობაში არსებული მომეტებული საფრთხის წყაროთი. ამდენად, პასუხისმგებლობა ნივთიდან გამომდინარე მომეტებული საფრთხით გამოწვეული ზიანისათვის ყოველთვის დგება ბრალის მიუხედავად. უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სსკ-ის მე-1000 მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ ზიანის მიყენების წყაროა მომეტებული საფრთხის შემცველი მოწყობილობა ან საგანი, რომლის მფლობელი ვალდებულია, აანაზღაუროს ამგვარ ობიექტსა თუ მოქმედებასთან დაკავშირებული ზიანი. მომეტებულ საფრთხეში იგულისხმება ნებისმიერი საქმიანობა, რომლის განხორციელება შეიცავს ზიანის მიყენების აშკარა შესაძლებლობას და რომლის კონტროლირებაც აღემატება ადამიანის შესაძლებლობებს (შდრ. სუსგ Nას-1287-1208-2015, 26.02.2016).

17. კასატორის პრეტენზია წარმოდგენილი საპროცესოსამართლებრივი კუთხით - სადავოდაა გამხდარი მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილება (საქმის მოსამზადებელ სტადიაზე მოპასუხემ სადავო გახადა მოსარჩელის მიერ მკურნალობისთვის გაღებული ხარჯები და ასევე, 2023 წლის 3 მაისის შემდგომ მკურნალობისა და რეაბილიტაციისათვის საჭირო ხარჯების ოდენობა) და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევა-შეფასება, რაც დასაშვებ (დასაბუთებულ) საკასაციო პრეტენზიას არ წარმოადგენს.

18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. კონცენტრირებულად შეჯიბრებითობის პრინციპი გამოხატულია სსსკ-ის 102–ე მუხლში, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. შეჯიბრებაში გამარჯვებულად გამოცხადდება მხარე, რომელმაც უკეთ შეძლო დაერწმუნებინა სასამართლო თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივ დასაბუთებულობაში, ანუ მხარე, რომელმაც მიუთითა ფაქტებზე, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას (შესაგებელს) და წარმოუდგინა სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ ფაქტებს. ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული აგრეთვე სსსკ-ის 178–ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად, სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს გარემოებები, რომლებზეც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს, აგრეთვე, სსსკ-ის 201–ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, მან უნდა მიუთითოს რა კონკრეტულ გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი სარჩელის წინააღმდეგ.

19. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე, ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპისა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან.

20. შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი. რა ტიპის შესაგებელს წარადგენს მოპასუხე, სრულად თავსდება ამ უკანასკნელის ნების ავტონომიის ფარგლებში. კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გამომდინარეობს სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან (ივარაუდება, რომ შედავებული უნდა იყოს დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტები და არა სამართლებრივი მოსაზრებები, ე.ი. ისეთი ფაქტები, რომელთა არსებობა წარმოშობენ მოთხოვნას), წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, დამტკიცებულად ითვლება. სსსკ-ის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილების თანახმად, „პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები). სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე (სუსგ დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 02 მარტი, 2017, პ.201).

21. შესაგებლის შინაარსობრივი მხარე, განსაკუთრებით ფაქტობრივი ნაწილი გავლენას ახდენს მტკიცების ტვირთზე. სსსკ-ის 102.1 მუხლის ზოგადი დათქმიდან გამომდინარე, უფლების შემწყვეტი, შემაფერხებელი და გამომრიცხველი შესაგებლის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ საქმის განხილვის მომზადების ეტაპზე სარჩელში მითითებული ზიანის - მოსარჩელის მიერ უკვე გაღებული ხარჯების, ისე მკურნალობა-რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხების ოდენობები, გარდა დაზღვევის მიერ დაფარული თანხების ნაწილისა, მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია და შედავება წარმოადგინა მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ იგი არ წარმოადგენდა მოსარჩელისათვის ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირს, ხოლო მიყენებული ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით პოზიციას მოგვიანებით წარმოადგენდა, დასახელებული საპროცესო ნორმების თანახმად, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების შემდეგ, მისი მითითება ამ ახალ ფაქტობრივ გარემოებებზე, დაუშვებელია.

22. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელეს ზიანი მიადგა. ასევე უდავოა, რომ ზიანის წარმოშობა მოპასუხის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ნაგებობაში - დამონტაჟებულმა სატვირთო სამგზავრო ლიფტის/ტვირთამწე მექანიზმის ექსპლუატაციამ გამოიწვია. შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ საკითხი მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ეხება, რომელსაც კანონმდებელი მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებელ პირად განიხილავს, საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას და მიიჩნევს, რომ ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ სუბიექტად მოპასუხე მართებულად განისაზღვრა.

23. განსახილველ შემთხვევაში, ის გარემოება, რომ მოსარჩელის ჯანმრთელობას ზიანი მიადგა მოპასუხის საკუთრებაში არსებული შენობის ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად, სადავო არ გამხდარა. საქმეში წარმოდგენილი 2021 წლის 16 ივნისისა და 2021 წლის 8 ივლისის ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე, დადასტურებულია, რომ აღნიშნული შემთხვევის მიზეზი იყო ლიფტის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევა.

24. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამდენად, აღნიშნული ნორმა შეიცავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა წარმოადგენდეს ამ ქმედების უშუალო შედეგს. სწორედ ამ ელემენტების ერთობლიობა ქმნის დელიქტური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს („გენერალური დელიქტი“). საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს ზემოაღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა, გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას (შდრ. სუსგ Nას-1335-1373-2014, 24 ივნისი, 2015 წელი; Nას-718-683-2015, 09 სექტემბერი, 2015 წელი; Nას-1131-1087-2016, 01 მარტი, 2017 წელი). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2021 წლის 9 ივნისს მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, მოსარჩელის ოპერაციის, სარეაბილიტაციო მკურნალობის - სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში, მათ შორის, საზღვარგარეთ (გერმანიასა და თურქეთში) მკურნალობისა და ცხოვრებისათვის გაღებულმა ხარჯმა შეადგინა 176890.48 ლარი, 2023 წლის 3 მაისიდან მკურნალობის ხარჯის სახით მოსარჩელეს ესაჭიროება ყოველთვიურად 2500 ლარი და ამავე პერიოდიდან სარეაბილიტაციო ხარჯის სახით მოსარჩელეს ესაჭიროება ყოველწლიურად 20000 ევრო, რაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს 2023 წლის 3 მაისიდან (პირველი სარჩელის შეტანის დღიდან) ყოველწლიურად, მოსარჩელის გამოჯანმრთელებამდე. შესაბამისად, ამ ნაწილში სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა.

25. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე და განმარტავს, რომ მხედველობაშია მისაღები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები, რომლებიც ადგენს, რომ ზიანის აღდგენა პირვანდელი მდგომარეობით უნდა მოხდეს; ამასთან, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. ნორმის ამგვარი ფორმულირების მიზანია დაზარალებულის მდგომარეობის იმგვარად აღდგენა, რომ მივიღოთ ზიანის მიყენებამდე არსებული მდგომარეობა, ე.წ. რესტიტუცია, რაც პრაქტიკულად დაზარალებულის იმ პირობებში ჩაყენებას გულისხმობს, რომელიც ზიანის მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში იქნებოდა სახეზე (იხ. სუსგ. №ას-52-48-2017, 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება).

26. სარჩოს გადახდით დაზარალებულისათვის შემოსავლის მიღება უზრუნველყოფილია ზიანის არარსებობის პირობებში შესაძლო შრომის ანაზღაურების შესაბამისად. თავად ის გარემოება, რომ ჯანმრთელობის დაზიანების გამო მოსარჩელემ დაკარგა სამუშაო და შესაბამისი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა, თავის მხრივ, წარმოშობს საფუძვლიან და კანონიერ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ ზიანის არარსებობის პირობებში, მუშაკი განაგრძობდა მუშაობას და მიიღებდა ხელფასს. სარჩოს ოდენობა უნდა განისაზღვროს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც სარჩოს მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირი მიიღებდა ხელფასს ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო (შდრ: სუსგ, №ას-155-151-2016, 2016 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილება; №ას-169-497-09, 2009 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება; №ას-939-889-2015, 2015 წლის 13 ნოემბრის განჩინება; №ას-84-80-2016, 2016 წლის 11 მარტის განჩინება).

27. მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ 2014 წლის 1-ელი დეკემბრიდან 2021 წლის 1-ელ აგვისტომდე მუშაობდა შპს „ზ–ში’’ აღმასრულებელი დირექტორად და მის ფუნქციებში შედიოდა: 1. წარმომადგენლობა შპს „ზ–ის’’ უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაში; 2. ზედამხედველობა კომპანიის პროდუქციის საზღვარგარეთ გატანასა და გაყიდვაზე (ექსპორტზე); 3. ზედამხედველობა ქვეყნის გარეთ პროდუქციის რეკლამირებაზე; 4. კომპანიისათვის პარტნიორებისა და ინვესტორების მოზიდვა. მისი ყოველთვიური დარიცხული შრომითი ანაზღაურება შეადგენდა 3000 ლარს. შპს „ზ–ის’’ 2014 წლის 1-ელი დეკემბრის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებითა (იხ. ტ.1. ს.ფ.-ები:24-25) და ამავე კომპანიის მიერ გაცემული ცნობით დადგენილია, რომ მოსარჩელის ხელფასი შეადგენდა 3000 ლარს (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით). ამასთანავე, მართალია, სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემებით არ დასტურდება ხელფასის სახით მოსარჩელისათვის ყოველთვიურად 3000 ლარის (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) ჩარიცხვის ფაქტი, თუმცა საქმეში წარმოდგენილია დამსაქმებლის შპს ,,ზ–ის“ ცნობა, სადაც აღნიშნულია, რომ მისი დავალიანება მოსარჩელის წინაშე 2020 წლის 1-ელი სექტემბრიდან 2021 წლის 1-ელ აგვისტომდე შეადგენს 30799.54 ლარს (იხ. ტ.2. ს.ფ.137). შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ყოველთვიური სარჩოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 3000 ლარით, საგადასახადო კოდექსის საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით, ვინაიდან მოსარჩელე სწორედ ამ ოდენობით ხელფასს მიიღებდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ შექმნილიყო.

28. აქვე, საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ პროფესიული შრომისუნარიანობის უვადოდ დაკარგვა რომ არა, დასაქმებულს შეეძლო არა მხოლოდ ემუშავა, არამედ კარიერული დაწინაურების პრინციპითაც ესარგებლა და საკუთარი შრომით არათუ მის მიერ მანამდე დაკავებულ პოზიციაზე განსაზღვრული და შემდეგ გაზრდილი ოდენობის ხელფასი, არამედ უფრო მეტი ანაზღაურება გამოემუშავებია. ამდენად, ყველა ვარაუდი იმ პირის სასარგებლოდ მოქმედებს, რომელსაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, საწარმოო ტრავმის შედეგად დაუზიანდა ჯანმრთელობა და მოეშალა შრომის უნარი ნაწილობრივ ან სრულად (იხ. სუსგ საქმეზე: №ას-812-2023, 29/09/2023 წ.).

29. რაც შეეხება კასატორის შედავებას მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობასთან მიმართებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის 1-ლი ნაწილი განსაზღვრავს, რომ მორალური ზიანი ანაზღაურდება სამართლიანი და გონივრული ანაზღაურების სახით, თუმცა, კონკრეტულად არ არის განსაზღვრული ის კრიტერიუმები, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა, ერთი მხრივ, რა თქმა უნდა იზიარებს შეგებებული საკასაციო ავტორის განმარტებას, რომ უბედური შემთხვევის შედეგად მან ჯანმრთელობის ისეთი დაზიანება მიიღო, რამაც მასში მძიმე ტკივილის შეგრძნება გამოიწვია, იგი შრომისუუნარო პირია, რაზეც უდავოდ მეტყველებს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, თუმცა, მეორე მხრივ, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია განხორციელდეს მისი სრული კომპენსაცია.

30. საკასაციო პალატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება მიზნად არ ისახავს მიყენებული ზიანის სრულ რესტიტუციას. მორალური ზიანის ანაზღაურებისას შეუძლებელია იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც ზიანის წარმომშობი გარემოების (შედეგის) დარღვევამდე არსებულ პირობებში ჩააყენებდა პირს. ამ ტიპის ზიანის ანაზღაურება მხოლოდ დაზარალებულის სულიერი ტანჯვის შემსუბუქების და ემოციური ბალანსის აღდგენის მიზანს ემსახურება. მორალური ზიანის სრულფასოვანი ანაზღაურებისთვის შესაფერისი კომპენსაცია არ არსებობს. ფულადი ანაზღაურება მხოლოდ სუროგატია და არა პირდაპირი სარეპარაციო საშუალება. უკეთესი სანქციის უქონლობის გამო, სამართალი ფულადი თანხის გადახდევინებით იცავს იმ უფლებებს, რომელთა შელახვასაც მოსდევს მორალური ზიანი. ამდენად, მორალურ ზიანის ანაზღაურებას არ აქვს ტრადიციული საკომპენსაციო ხასიათი, პასუხისმგებლობის ზომა ამ შემთხვევაში ვერ იქნება ზიანის პროპორციული (იხ. სუსგ საქმეზე №ას-660-660-2018, 10/07/2018 წ.).

31. მორალური ზიანის ოდენობა დამოკიდებულია პირის ფსიქიკურ სფეროში ნეგატიური შედეგების ხარისხსა და ხასიათზე, რასაც, თავის მხრივ, კონკრეტული პირის სუბიექტური თავისებურებები განაპირობებს. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ზიანის სიმძიმე, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, შელახული უფლების მნიშვნელობა, მოპასუხის მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურება, ბრალის ხარისხი, დაზარალებულის ცხოვრებისეული პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ქონებრივი მდგომარეობა, მკურნალობის ხანგრძლივობა, შრომის უნარის დაკარგვა და სხვა. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ შეადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას, მისი მიზანია არამატერიალური სიკეთის ხელყოფით გამოწვეული ფიზიკური და მორალური ტანჯვის შემსუბუქება, ნეგატიური განცდების სიმძიმისა და ინტენსივობის შემცირება (იხ. სუსგ საქმეზე №ას-660-660-2018, 10/07/2018 წ.).

32. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორისა და შეგებებული საკასაციო საჩვირს ავტორის შედავებებს და მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრისას, სწორედ ზემოაღნიშნულ აბზაცებში მითითებული კრიტერიუმებით იხელმძღვანელა და საბოლოოდ, შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხის, დაკისრებული სარჩოს ოდენობისა და ხარჯების გათვალისწინებით, გონივრულად მიიჩნია მოპასუხისათვის მორალური ზიანის, 100 000 ლარის, ანაზღაურების დაკისრება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული მორალური ზიანის ოდენობა დაზარალებულის სულიერი ტანჯვის შემსუბუქებისა და ემოციური ბალანსის აღდგენის მიზნით ადეკვატურია და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

33. რაც შეეხება კასატორ რ.კ–ის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას - 2025 წლის 11 აპრილის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი #67002, საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველ ნაწილზე (საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები) და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება (2025 წლის 11 აპრილის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი #67002), მთლიანობაში „1“ ფურცლად.

34. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

35. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). საკასაციო საჩივრის იმგვარი გადატვირთულობა, როგორიც განსახილველ საქმეშია, სასამართლოს ვერ შეუქმნის ან გაუმყარებს შინაგან რწმენას, რომ სარჩელი დაუსაბუთებელია, რადგან სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო იმის მიხედვით იღებს, თუ როგორ წარადგენს ფაქტობრივ გარემოებათა თანმიმდევრულობას მოსარჩელე და როგორ შეედავება მას მოპასუხე. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ (ძირითადი სარჩელით) გაართვა თავი კანონით დაკისრებულ მტკიცების ტვირთს იმგვარად, რომ სასამართლო დაერწმუნებინა, მოთხოვნის საფუძვლიანობაში (იხ. საქმე №ას-473-2019, 13 აპრილი, 2020 წელი, ქ. თბილისი).

36. გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.

37. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს ,,გ.ლ." უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 8000 ლარის 70% – 5600 ლარი, ხოლო რ.კ–ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე’’ და „მ’’ ქვეპუნქტებისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის „ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,გ.ლ–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. რ.კ–ის შეგებებული საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

3. კასატორ რ.კ–ს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება - 2025 წლის 11 აპრილის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი #67002, მთლიანობაში „1“ ფურცლად;

4. შპს ,,გ.ლ." (ს/კ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 17.06.2025წ. №27851572980 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8000 ლარის, 70% – 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

5. შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნიკოლოზ მარსაგიშვილი

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე

ლაშა ქოჩიაშვილი