Facebook Twitter

საქმე №ა-6206-შ-140-2025 17 ნოემბერი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ე.ფ.

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ვისბადენის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ვისბადენის რაიონული სასამართლოს 14.05.2018 წლის გადაწყვეტილებით 538 FH13/18 VU მ.ბ–ძეს, ე.ფ–ის (დაბადებული 03.10.2006 წელს) სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველ თვე გადაწყვეტილებაში მოცემული ცხრილის და დაანგარიშების წესის შესაბამისად. ასევე განისაზღვრა ალიმენტის დავალიანების ოდენობა.

2. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ვისბადენის რაიონული სასამართლოს 22.06.2018 წლის გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა 14.05.2018 წლის გადაწყვეტილებაში და მოსარჩელედ ე.ფ–ის ნაცვლად მიეთითა შუამდგომლობის ავტორი.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დამოწმებული სასამართლო აქტის შესწავლით ირკვევა, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ვისბადენის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილების და ამავე სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულება არ მომხდარა.

4. შუამდგომლობაზე დართული სამკვიდრო მოწმობიდან ირკვევა, რომ მ.ბ–ძის გარდაცვალებით, 2023 წლის 27 ივლისს გაიხსნა სამკვიდრო. მემკვიდრეობა გაიხსნა მთელ სამკვიდრო ქონებაზე. მ.ბ–ძის პირველი რიგის მემკვიდრის - დედის თ.უ–ძის სახელზე 12.02.2024 წელს გაიცა სამკვიდრო მოწმობა, სამკვიდრო ქონების 1/2 წილზე, ხოლო აწ გარდაცვლილი მ.ბ–ძის პირველი რიგის მემკვიდრემ - შვილმა ე.ფ–მა საკუთრებაში მიიღო სრულად სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივების (მოძრავი და უძრავი ნივთები, წილები და/ან აქციები სამეწარმეო საზოგადოებაში, საკუთრების მიღების უფლება, მოთხოვნის უფლება მიუღებელ სახელმწიფო გასაცემელზე, ხელფასზე, სადაზღვეო თანხაზე, ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში განთავსებულ საბანკო ანგარიშებზე და/ან ანაბარზე და სხვა უფლებები, რომელიც ჰქონდა მამკვიდრებელს მესამე პირთა მიმართ) და პასივების (მამკვიდრებლის შეუსრულებელი ვალდებულებები მესამე პირთა მიმართ მიღებული სამკვიდროს ღირებულების ფარგლებში) 1/2 წილი.

5. შუამდგომლობის ავტორმა მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების (2018 წლის 14 მაისის და 2018 წლის 22 ივნისის) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.

8. შუამდგომლობიდან და შუამდგომლობაზე დართული სამკვიდრო მოწმობით დგინდება, რომ მ.ბ–ძის გარდაცვალებით, 2023 წლის 27 ივლისს გაიხსნა სამკვიდრო. მემკვიდრეობა გაიხსნა მთელ სამკვიდრო ქონებაზე.

9. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხო სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება სხვა ქვეყანაში ამ უკანასკნელის საჯარო ხელისუფლების მიერ განხორციელებული აქტია, რომელთა მიმართებით ეს სახელმწიფო სრული სუვერენიტეტითა და თავისუფლებით სარგებლობს. საერთაშორისო სამართალში მოქმედი „გათანაბრების თეორიის“ თანახმად, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნეს და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას, შესაბამისად, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი და ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემის თანასწორუფლებიანობის მოსაზრებას. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ან უცხოური საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისას საქმე გვაქვს მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოური აქტის მოქმედების გაფართოვებასთან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მის ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები. ცნობილია, რომ რომელიმე ქვეყნის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოქმედებს მხოლოდ მისი ქვეყნის ტერიტორიაზე, ამიტომაც უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოქმედებდეს სხვა ქვეყანაში, თუ ამ უკანასკნელმა ის სცნო. მოახდინოს თუ არა სახელმწიფომ მეორე სახელმწიფოს გადაწყვეტილების ცნობა, მხოლოდ მასზეა დამოკიდებული, ამასთან გადაწყვეტილების ცნობის დროს, ის არ უნდა შეიჭრას უცხო ქვეყნის სასამართლო კომპეტენციაში (იხ.:სუსგ საქმეზე №ა-2135-შ-46-2015 , 26 ოქტომბერი, 2015 წელი).

10. საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას საქართველოს უზენაესი სასამართლო ხელმძღვანელობს საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის დებულებების შესაბამისად, რა დროსაც ამოწმებს დასახელებულ კანონთან და საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებთან შუამდგომლობის ფორმალურ შესაბამისობას (იხ.: სუსგ საქმეზე Nა-3490-შ-89-2017 , 21 დეკემბერი, 2017 წელი). ამდენად, აღნიშნულ პროცესში საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენცია სწორედ შუამდგომლობის ცნობითა და აღსრულებით შემოიფარგლება და უფლებამონაცვლის დადგენის საკითხი ვერ გახდება საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი.

11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს.

12. შუამდგომლობიდან და მასზე თანდართული მასალიდან ირკვევა, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ვისბადენის რაიონული სასამართლოს 22.06.2018 წლის გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა 14.05.2018 წლის გადაწყვეტილებაში და მოსარჩელედ ე.ფ–ის ნაცვლად მიეთითა შუამდგომლობის ავტორი. მიუხედავად ამისა, შუამდგომლობას არ ერთვის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა 22.06.2018 გაწყვეტილების კანონიერი ძალა, მაშინ, როდესაც 14.05.2018 წლის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ის ძალაშია 2018 წლის 22 ივნისიდან.

13. ასევე, მართალია შუამდგომლობას თან ერთვის უფლებამონაცვლეობის დამდგენი დოკუმენტი, თუმცა თავად შუამდგომლობის განცხადება წარდგენილია გარდაცვლილი მ.ბ–ძის წინააღმდეგ, კერძოდ, არ არის მითითებული უფლებამონაცვლის მისამართი, რომელიც საფუძველია კომპეტენციის დადგენის.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში სსსკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს, ხოლო სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.

15. როგორც აღინიშნა, შუამდგომლობის შინაარსიდან და თანდართული მასალებიდან არ იკვეთება, რომ მოწინააღმდეგის საცხოვრებელი ადგილი საქართველოა და შესაბამისად, არც საქართველოში მისი კონკრეტული მისამართია (ძირითადი ან ალტერნატიული) აღნიშნული. მართალია, მითითებულია მოწინააღმდეგის, მ.ბ–ძის მისამართი, თუმცა აღნიშნული პიროვნება უკვე გარდაცვლილია და მასზე დადგენილია უფლებამონაცვლეობა, შესაბამისად, შუამდგომლობა საჭიროებს მოწინააღმდეგე მხარის მისამართის დაზუტებას.

16. სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელში უნდა აღინიშნოს მოპასუხის სახელი, გვარი (სახელწოდება), ძირითადი მისამართი, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში ალტერნატიული მისამართი, სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მათ შორის მობილურის, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსი). კანონის 71-ე მუხლის მე-3 ნაწილით, შუამდგომლობა გადაეცემა მოწინააღმდეგე მხარეს, რომელსაც გააჩნია წერილობითი პოზიციის წარმოდგენის და შუამდგომლობის ზეპირი ფორმით განხილვის მოთხოვნის უფლება. დავის საგნის შინაარსის და ზემოაღნიშნული ნორმის მიხედვით, მოწინააღმდეგე მხარის ინფორმირება და შუამდგომლობაზე დართული მასალების გადაცემა შუამდგომლობის განხილვის მიზნით განსახორციელებელი კანონისმიერი ვალდებულებაა. მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული პროცედურის დაცვა შეუძლებელია.

17. სსსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს/შუამდგომლობის ავტორს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები.

18. საკასაციო სასამართლო განუმარტავს შუამდგომლობის ავტორს, რომ იმ გარემოების აღმოფხვრის შემთხვევაში, რომელიც საფუძვლად დაედო შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს იგივე შუამდგომლობით საერთო წესის დაცვით (შდრ. სუსგ №ა-1190-შ-31-2024, 11.03.2024წ.; №ა-5643-შ-173-2023, 17.11.2023წ.).

19. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, ხოლო სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.

20. სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი მხარე გამოასწორებს ზემოთ მითითებულ დარღვევას, მას უფლება აქვს საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს ამავე შუამდგომლობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, სსსკ-ის 63-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე.ფ–ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ვისბადენის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილების და ამავე სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დარჩეს განუხილველად;

2. განემარტოს შუამდგომლობის ავტორს, რომ არ კარგავს უფლებას ამავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს საკასაციო სასამართლოს.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: მირანდა ერემაძე