Facebook Twitter

საქმე № ას-364-2024 9 ოქტომბერი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „მ–სი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის(მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2016 წლის 17 მარტს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტსა (შემდგომში მოსარჩელე, დეპარტამენტი, შემკვეთი ან მიმწოდებელი) და შპს „მ–სს" (შემდგომში მოპასუხე, მოპასუხე კომპანია, შემსრულებელი, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) შორის გაფორმდა ელექტრონული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N36 ხელშეკრულება (შემდგომში ხელშეკრულება), რომლის მე-2 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთება-ტექნიკური მომსახურების შესყიდვა თანმდევი სათადარიგო ნაწილებით და საცხებ-საპოხი მასალებით, დანართი N1-ის (პრეისკურანტის) შესაბამისად. ხელშეკრულება მოქმედებდა 2017 წლის 31 იანვრის ჩათვლით (ხელშეკრულების მე-15 მუხლი);

2. ხელშეკრულების 4.1 პუნქტის შესაბამისად, გაწეული მომსახურების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს დადგენილ სტანდარტებს;

3. მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებაზე ან/და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დროს გამოყენებულ სათადარიგო ნაწილებზე (ახალი, არამეორადი), გარანტია ვრცელდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 წლის განმავლობაში (ხელშეკრულების 4.2 პუნქტი);

4. ხელშეკრულების 4.2 პუნქტით გათვალისწინებული საგარანტიო მომსახურების პირობები არ ვრცელდება ექსპლუატაციის წესების დარღვევით, გარეგანი ზემოქმედების შედეგად მიყენებულ ზიანზე (ხელშეკრულების 4.3 პუნქტი);

5. გაწეული მომსახურეობის მიღება წარმოებს მიღება-ჩაბარების აქტის სახით. მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება წერილობითი ფორმით, მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელისმოწერით წარმოდგენილი დეფექტური აქტების, მომსახურების გაწევის აქტების და ინსპექტირების განმახორციელებელი პირის დადებითი დასკვნის საფუძველზე (ხელშეკრულების 7.1 პუნქტი);

6. ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისგან (ხელშეკრულების მე-12.3 მუხლი);

7. 2017 წლის 24 იანვარს მხარეთა შორის გაფორმდა ელექტრონული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N18, N19 და N20 ხელშეკრულებები, რომლითაც განისაზღვრა გარანტიის და უხარისხოდ გაწეული მომსახურების პირობები. კერძოდ:

გაწეული მომსახურების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს დადგენილ სტანდარტებს და წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

ექსპლუატაციის პირობების დაცვის შემთხვევაში (თუ არ აღინიშნება გარეგანი მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანება) მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებაზე ან/და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დროს გამოყენებულ სათადარიგო ნაწილებზე, გარანტია ვრცელდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში (თუ პრეისკურანტში არ არის მითითებული განსხვავებული ვადები და გარბენი);

მიმწოდებელი ვალდებულია, შეტყობინების მიღებისთანავე გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუმეტეს 5 კალენდარული დღისა, გამოასწოროს უხარისხოდ გაწეული მომსახურება და შეუსაბამოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე;

8. გარანტიის მოქმედების პერიოდში, მიმწოდებლის მიერ ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველს უფლება აქვს მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება;

9. შსს სამინისტროს ბალანსზე რიცხული სხვადასხვა მარკის ავტომანქანების ტექნიკური მომსახურეობის გაწევის აუცილებელი პირობების დანართ N2-ში აღნიშნულია, რომ ავტომობილის დაზიანებული ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი/მეორადი მაღალი ხარისხის სათადარიგო ნაწილით (გარდა პრეისკურანტით განსაზღვრული და შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი ნაწილებისა) მაღალი ხარისხის სათადარიგო ნაწილით;

10. მოსარჩელის 2017 წლის 16 თებერვლისა და 22 მარტის მიმართვებით მოპასუხე კომპანიის დირექტორს ეცნობა, რომ მათ მიერ საგარანტიო პირობებში მომსახურების შესრულებაზე უარის თქმა, არ შეესაბამებოდა მხარეთა შორის 2016 წლის 17 მარტს გაფორმებული ხელშეკრულებებით დადგენილ მოთხოვნებს და შესასრულებელ ვალდებულებებს. შესაბამისად, მიმწოდებელმა მოითხოვა, ნაკლოვანებების უმოკლეს ვადაში აღმოფხვრა. წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებული იქნებოდნენ გაეტარებინათ კანონმდებლობით დადგენილი წესით გათვალისწინებული ღონისძიებები;

11. 2017 წლის 24 იანვარს მხარეთა შორის გაფორმებული N18, N19, N20 ხელშეკრულებები მოსარჩელის მხრიდან შეწყდა ვადაზე ადრე, 2017 წლის 8 მაისს;

12. 2017 წლის 20 ივნისს მოპასუხე კომპანიის დირექტორმა აცნობა მოსარჩელეს, რომ მათი მხრიდან ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის გამო, მოკლებული იყო შესაძლებლობას გაეწია რაიმე სახის მომსახურება (საგარანტიო მომსახურების გათვალისწინებით), ვიდრე არ დასრულდებოდა სასამართლო დავა ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერების შესახებ.

13. მოსარჩელის მოთხოვნა

13.1. შემკვეთმა სარჩელი აღძრა შემსრულებლის მიმართ და მოითხოვა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საგარანტიო მომსახურების პირობების შეუსრულებლობის გამო მიყენებული მატერიალური ზარალის, 49 777.73 ლარის, მოპასუხისთვის გადახდის დაკისრება.

13.2. მოსარჩელის განცხადებით, მოპასუხემ მას არ გაუწია ხელშეკრულებით ნაკისრი საგარანტიო მომსახურება, არაერთი თხოვნის მიუხედავად არ შეაკეთა დაზიანებული ავტომანქანები და წერილობით პასუხობდა მიმწოდებელს, რომ დაზიანება გამოწვეული იყო სავალი გზის დაზიანებული საფარის მიზეზით და ავტომანქანის არასწორი ექსპლუატაციის შედეგად. მოსარჩელე იძულებული გახდა 90 ავტომანქანის სათადარიგო ნაწილები შეეცვალა სხვა კომპანიაში (რადგან არ მომხდარიყო დეპარტამენტის ავტოპარკის პარტალიზება და სახელმწიფოს არ მისდგომოდა მნიშვნელოვანი ზიანი), რის გამოც მან გასწია ხარჯი 49 777.73 ლარი.

14. მოპასუხის პოზიცია

14.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას რაიმე სახის ვალდებულება შესასრულებელი არ აქვს. ამასთან, მოსარჩელემ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულებები და ვინაიდან შეწყვეტის კანონიერების შეფასების მიზნით მოპასუხეს სასამართლოში აქვს წარდგენილი სარჩელი, რაიმე სახის ვალდებულების არსებობაზე მითითება აღნიშნული საქმის განხილვის დასრულებამდე არასწორია.

15. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

15.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

16. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

16.1. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

17. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

17.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 49 777.73 ლარის გადახდა.

17.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-11 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 361.2-ე, 394.1-ე, 629.1-ე, 643.1-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობა, რომ ყველა მომსახურებაზე შედგენილი უნდა ყოფილიყო მიღება-ჩაბარების აქტი ან დეფექტური აქტი, წარმოადგენდა გარანტს მომსახურების ხარისხისა თუ ნაკლის, მათ შორის, მოპასუხის მხრიდან უარის გაცხადების მიზეზების დადასტურებისათვის, ხოლო ვინაიდან, მოპასუხეს ხელშეკრულებით შეთანხმებული ვალდებულება არ შეუსრულებია და სათანადო მტკიცებულება (დეფექტური აქტი ან სხვ.) იმისა, რომ მასთან შესაკეთებლად მიყვანილი ავტომანქანები დაზიანებული იყო არასწორი ექსპლუატაციითა და გარეგანი ზემოქმედებით - არ წარუდგენია, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ შეძლო საკუთარი მტკიცების ტვირთის რეალიზება, მოპასუხემ კი ვერ შეძლო საგარანტიო მომსახურების განხორციელებისათვის სათანადო პირობების არარსებობის ფაქტის დადასტურება და მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მატერიალური ზარალის არსებობის გაქარწყლება.

18. მოპასუხის საკასაციო საჩივარი

18.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

18.2. კასატორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადასტურებულად ის გარემოება, რომ მოპასუხე კომპანიამ მოსარჩელეს დაუსაბუთებლად განუცხადა უარი ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების გაწევაზე, ასევე, არასწორად დაასკვნა, რომ მოპასუხეს ევალებოდა დეფექტური აქტის შედგენა. ხელშეკრულების მიხედვით, დეფექტური აქტი დგება დაზიანებულიი ავტომანქანის შესაკეთებლად მიღების შემთხვევაში, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. თავად მოსარჩელე ადასტურებს, რომ მოპასუხე კომპანიამ უკლებლივ ყველა მანქანა შეამოწმა, თუმცა უარი განაცხადა მომსახურების გაწევაზე იმ მიზეზით, რომ ავტომობილების დაზიანება გამოწვეული იყო მათი არასწორი ექსპლუატაციის შედეგად.

18.3. სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ მოსარჩელეს მიადგა 49 777.73 ლარის ზიანი. აღნიშნული გარემოება საქმეში არსებული რაიმე მტკიცებულებით დადასტურებული არ არის.

19. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

19.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

20. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

22. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

23. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის წარმოშობილია ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა (სსკ-ის 629-ე, 648-ე მუხლები). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობა ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, რომლის ორივე ხელშემკვრელმა მხარემ, სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (იხ.: სუსგ საქმე №ას-1142-2021, 2022 წლის 10 ნოემბერი; საქმე №ას-1315-2020, 2021 წლის 9 სექტემბერი; საქმე №ას-764-2019, 2019 წლის 2 მარტი). „ნარდობა დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან – შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს, შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით, შესრულებული სამუშაოს შედეგი. შემკვეთი მოვალეა, გადაუხადოს მენარდეს საზღაური, როგორც წესი, სამუშაოს შესრულების შემდეგ“ (იხ. ზურაბ ძლიერიშვილი, „ნარდობის ხელშეკრულება“ (თეორია და პრაქტიკა), თბილისი, 2016 წ., გვ.288).

24. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 653-ე მუხლის თანახმად, თუ მენარდემ ნაკეთობისათვის იკისრა საგარანტიო ვადა, მაშინ ამ ვადის განმავლობაში გამოვლენილი ნაკლი წარმოშობს შესაბამის უფლებებს. აღნიშნული სამართლებრივი ნორმა ადგენს ნარდობის საგნის მიმართ საგარანტიო ვადის დაწესების შესაძლებლობას და სწორედ ამ ვადის განმავლობაში შეიძლება შემკვეთს წარმოეშვას მეორადი, მათ შორის, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მენარდის მიმართ. საგარანტიო ვადის დაწესება ემსახურება შემკვეთის ინტერესს, ეფექტურად, გარანტირებულად გამოიყენოს ნაკლიანი შესრულებით წარმოშობილი მეორადი მოთხოვნის უფლებები მენარდის მიმართ (იხ. სუსგ საქმე Nას-512-2022, 10 ნოემბერი, 2022 წელი).

25. სსკ-ის 653-ე მუხლში მითითებულ „შესაბამის უფლებებში“ კანონმდებელი გულისხმობს შემკვეთის შემდეგ უფლებებს: ა) მოითხოვოს დამატებითი შესრულება, რაც გულისხმობს მენარდის მიერ, საკუთარი ხარჯებით, ნაკლის აღმოფხვრას, ან - ახალი ნაკეთობის დამზადებას (იმავე კოდექსის 642-ე მუხლი); ბ) დამატებითი შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, თვითონ აღმოფხვრას ნაკლი და მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება (იმავე კოდექსის 643-ე მუხლი); გ) ნაკეთობის ნაკლის გამო უარი თქვას ხელშეკრულებაზე (კოდექსის 644-ე მუხლი); დ) შეამციროს საზღაური იმ თანხით, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას (კოდექსის 645-ე მუხლი).

26. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხსენებული საპროცესო პრინციპი სამოქალაქო დავის გადაწყვეტის ქვაკუთხედია და თითოეული საპროცესო ნორმა მასთან მჭიდრო კავშირში განიმარტება. საქმის განხილვისას, როგორც წესი, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტებს - იურიდიულ ფაქტებს მიუთითებენ მხარეები, ხოლო, მოსამართლე, როგორც ნეიტრალური არბიტრი, ვალდებულია წარმართოს შეჯიბრებითობა.

27. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.

28. მოცემულ დავაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით მოპასუხემ აიღო ვალდებულება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, საგარანტიო პირობების გათვალისწინებით და დაცვით გაეწია მოსარჩელისთვის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ავტომანქანქანების შეკეთების მომსახურება. საგარანტიო მომსახურების პირობები არ ვრცელდებოდა ექსპლუატაციის წესების დარღვევით, გარეგანი ზემოქმედების შედეგად მიყენებულ ზიანზე. სასამართლოს მიერ დადგენილია ასევე, რომ მოსარჩელემ სათადარიგო ნაწილების შეცვლისა და შეკეთების მიზნით, ავტომანქანები მიიყვანა მოპასუხე კომპანიაში, თუმცა მოპასუხემ უარი განაცხადა მომსახურების გაწევაზე იმ მოტივით, რომ დაზიანება გამოწვეული იყო ექსპლუატაციის წესების დარღვევით, გარეგანი ზემოქმედების შედეგად მიყენებული ზიანით.

29. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოპასუხეს დეფექტური აქტის შედგენის ვალდებულება არ ეკისრებოდა. იმ პირობებში, როდესაც მოპასუხეს არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც შესაკეთებლად მიყვანილი ავტომანქანების მექანიკურად, ექსპლუატაციის წესების დარღვევით დაზიანებას დაადასტურებდა, მხოლოდ ზეპირი სახის განმარტება აღნიშნულზე არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო მომსახურების გაწევაზე უარის თქმის საკმარის საფუძვლად. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა საგარანტიო მომსახურების პირობების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელისთვის მიყენებული მატერიალური ზარალის მოპასუხისთვის დაკისრების შესახებ. კასატორმა კი ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

30. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა და განმარტა კანონი, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით. ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

31. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ასევე არაა წარმოდგენილი დასაბუთებული პოზიცია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

33. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „მ–სის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. შპს „მ–სს“ (ს.კ. .........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი (საგადასახადო დავალება: N1787; გადახდის თარიღი: 08.04.2024) 2488.89 ლარის 70% - 1742,3 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი