Facebook Twitter

საქმე № ას-516-2025 14 ნოემბერი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები - შპს „მ...“, ნ.ა–ი (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარეები – ლ.ნ–ძე, მ.ჩ–ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობის აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „მ...“-ის წარმომადგენელმა (შემდეგში: პირველი მოსარჩელე, მსესხებელი, აპელანტი) და ნ.ა–მა (ს.ა–ის უფლებამონაცვლე, შემდეგში: მეორე მოსარჩელე, იპოთეკის საგნის მესაკუთრე, აპელანტი) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ლ.ნ–ძის (შემდეგში პირველი მოპასუხე, იპოთეკარი, გამსესხებელი) და მ.ჩ–ის (შემდეგში მეორე მოპასუხე, იპოთეკარი, გამსესხებელი) წინააღმდეგ და მოითხოვეს, არარსებულად იქნას აღიარებული, 2021 წლის 27 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, პირველი მოპასუხის სასარგებლოდ 70 000 ლარის, ხოლო მეორე მოპასუხის სასარგებლოდ 37 000 ლარის სასესხო ფულადი ვალდებულება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის საასმართლოს გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, რომელმაც გაჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 4 ივლისის განჩინებით შპს „მ...“-ის ნაწილში საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

7. 2024 წლის 4 დეკემბერს სასამართლოს განცხადებით მიმართა კასატორების წარმომადგენელმა რ.რ–ძემ და სასამართლოს აცნობა ერთ-ერთი მოსარჩელის - ნ.ა–ის გარდაცვალების შესახებ. მანვე წარმოადგინა გარდაცვალების მოწმობის ასლი, რომლის თანახმად, ნ.ა–ის გარდაცვალების რეგისტრაციის თარიღია 2024 წლის 3 დეკემბერი.

8. 2024 წლის 23 დეკემბერის რ.რ–ძის განცხადებით მოთხოვნილია საქმის წარმოების შეჩერება სსსკ-ის 62-ე მუხლის საფუძველზე.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 22 აპრილის განჩინებით, სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატას დაევალა ნ.ა–ის გარდაცვალების გამო გაცემული სამკვიდრო მოწმობის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა.

10. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2025 წლის 19 ივნისის ცნობით, ერთიან ელექტონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ არის რეგისტრირებული ჩანაწერი ნ.ა–ის სამემკვიდრეო საქმისწარმოების მიმდინარეობის და/ან განხორციელების თაობაზე.

11. 2025 წლის 2 სექტემბერს სასამართლოს მომართა შპს „მ...“-ის წარმომადგენელმა რ.რ–ძემ, რომელმაც განაცხადა, რომ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შეწყვეტილია და აღარ წარმოადგენს კასატორს.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 1 სექტემბრის განჩინებით, დაკმაყოფილდა რ.რ–ძის შუამდგომლობა უფლებამონაცვლეობის დადგენამდე საქმის წარმოების შეჩერების შესახებ 10.11.2025 წლამდე.

13. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, სასამართლოში არ წარმოდგენილა რამე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა უფლებამონაცვლეობის დადგენის საფუძვლებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ.ა–ის გარდაცვალების გამო შეჩერებული საქმის წარმოება მისი საკასაციო საჩივრის ნაწილში უფლებამონაცვლის დაუდგენლობის გამო უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

15. სსსკ-ის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს – იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფლებამონაცვლეობის შემთხვევაში სასამართლო შეაჩერებს საქმის წარმოებას 279-ე მუხლის შესაბამისად.

17. სსსკ-ის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმის წარმოება მოქალაქის გარდაცვალებისას, თუ სადავო სამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას. ამავე კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ასეთ შემთხვევაში საქმის წარმოების შეჩერება შესაძლებელია გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. მოსარჩელის გარდაცვალებისას, თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაერთო, სარჩელი განუხილველად დარჩება, ასევე განუხილველად დარჩება მოსარჩელის მიერ შეტანილი სააპელაციო და საკასაციო საჩივრები.

18. მოპასუხის გარდაცვალების შემთხვევაში, მოსარჩელე ვალდებულია, ერთწლიანი ვადის გასვლამდე მიუთითოს მოპასუხის უფლებამონაცვლე პირი (პირი, რომელმაც სამკვიდრო ქონება მიიღო, უმკვიდრო ქონების შემთხვევაში – სახელმწიფო ან შესაბამისი ორგანიზაცია ან სხვა უფლებამონაცვლე). თუ აღმოჩნდება, რომ სამკვიდრო ქონება არ არსებობს, საქმის წარმოება შეწყდება. მოსარჩელის დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია, გააგრძელოს ერთწლიანი ვადა არა უმეტეს 6 თვით.

19. საპროცესო უფლებამონაცვლეობა – ესაა მხარეების და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა. ამდენად, საპროცესო უფლებამონაცვლეობა მთლიანად ეფუძნება უფლებამონაცვლეობას მატერიალურ სამართალში. უფლებამონაცვლეობის საფუძველია არა საქმიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა, არამედ სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა (იხ.: თენგიზ ლილუაშვილი, გია ლილუაშვილი, ვალერი ხრუსტალი, ზურაბ ძლიერიშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, I ნაწილი, თბილისი 2014, გვ. 166-167; ასევე იხ.: სუსგ საქმეზე №ას-1050-2019, 9 სექტემბერი, 2019 წელი). მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობის აღიარებაზე დავა, რაზეც დასაშვებია უფლებამონაცვლეობის დადგენა.

20. სსსკ-ის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის წარმოება შეჩერდება გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. მოსარჩელის გარდაცვალებისას, თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაერთო, სარჩელი განუხილველად დარჩება. ასევე განუხილველად დარჩება მოსარჩელის მიერ შეტანილი სააპელაციო და საკასაციო საჩივრები. მოპასუხის გარდაცვალების შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია ერთწლიანი ვადის გასვლამდე მიუთითოს მოპასუხის უფლებამონაცვლე პირი (პირი, რომელმაც სამკვიდრო ქონება მიიღო, უმკვიდრო ქონების შემთხვევაში – სახელმწიფო ან შესაბამისი ორგანიზაცია ან სხვა უფლებამონაცვლე). თუ აღმოჩნდება, რომ სამკვიდრო ქონება არ არსებობს, საქმის წარმოება შეწყდება. მოსარჩელის დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია გააგრძელოს ერთწლიანი ვადა არა უმეტეს 6 თვით.

21. ზემოაღნიშნული ნორმის მიზანს მოდავე სუბიექტთა უფლების ჯეროვანი დაცვა წარმოადგენს, რათა მხარის გარდაცვალების შემთხვევაში, იმ პირის უფლება, რომელსაც გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ, არ იქნას უსაფუძვლოდ შელახული და გონივრულ ფარგლებში, სრულყოფილად მოხდეს მართლმსაჯულების სამართლიანი განხორციელება. აღნიშნული ნორმით კანონმდებელმა განსაზღვრა სამართალწარმოების თითოეული მხარის გარდაცვალების შემთხვევაში ქცევის წესი და დაადგინა უფლებამონაცვლედ პირის ჩაბმის შესაძლებლობა. ზემოაღნიშნული ნორმის დათქმა, რომ მოსარჩელის გარდაცვალებისას, თუ ერთწლიანი ვადის გასვლის შემდგომ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაებმება, სარჩელი განუხილველად დარჩება, მიმართულია ასევე აპელანტისა თუ კასატორის გარდაცვალებისკენ და დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში, ანალოგიურად, განუხილველად იქნება დატოვებული სააპელაციო თუ საკასაციო საჩივარი. (იხ. 14.06.2023წ. სუსგ საქმეზე Nას-916-2021).

22. სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ არსებობს ამ კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.

23. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2024 წლის 4 დეკემბერს სასამართლოს განცხადებით მიმართა კასატორების წარმომადგენელმა რ.რ–ძემ და სასამართლოს აცნობა ერთ-ერთი მოსარჩელის - ნ.ა–ის გარდაცვალების შესახებ. მანვე წარმოადგინა გარდაცვალების მოწმობის ასლი, რომლის თანახმად, ნ.ა–ის გარდაცვალების რეგისტრაციის თარიღია 2024 წლის 3 დეკემბერი.

24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 22 აპრილის განჩინებით, სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატას დაევალა ნ.ა–ის გარდაცვალების გამო გაცემული სამკვიდრო მოწმობის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა.

25. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2025 წლის 19 ივნისის ცნობით, ერთიან ელექტონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ არის რეგისტრირებული ჩანაწერი ნ.ა–ის სამემკვიდრეო საქმისწარმოების მიმდინარეობის და/ან განხორციელების თაობაზე.

26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 1 სექტემბრის განჩინებით, დაკმაყოფილდა რ.რ–ძის შუამდგომლობა უფლებამონაცვლეობის დადგენამდე საქმის წარმოების შეჩერების შესახებ 10.11.2025 წლამდე.

27. რადგან კასატორი ნ.ა–ი გარდაიცვალა 2024 წლის 3 დეკემბერს, ხოლო წინადებარე განჩინების გამოტანის დროისთვის უკვე გასულია 9 თვე, ასევე, საქმის წამროება შეჩერებული იყო 2 თვის ვადით - 10.11.2025 წლამდე და აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, სასამართლოში არ წარმოდგენილა რამე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა უფლებამონაცვლეობის დადგენის საფუძვლებს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ.ა–ის ნაწილში უფლებამონაცვლეობის დაუდგენლობის საფუძვლით არსებობს მხარის გარდაცვალების გამო მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 420-ე, 399-ე, 378-ე მუხლებით, 272-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განახლდეს ნ.ა–ის საკასაციო საჩივრის ნაწილში საქმის წარმოება;

2. ნ.ა–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი