14 ნოემბერი, 2025 წელი,
საქმე №ას-293-2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე
ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ს.გ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - რ.ზ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სააღსრულებო ფურცლის გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2018 წლის 8 ოქტომბერს, ს.გ–ძესა (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი, მსესხებელი, მოვალე) და რ.ზ–ძეს (შემდეგში: მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, გამსესხებელი, კრედიტორი) შორის ნოტარიულად დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (შემდეგში - სადავო ხელშეკრულება ან ხელშეკრულება) დაიდო, რომლის თანახმად, წინამდებარე აქტით დადგენილი პირობებით მსესხებელს გამსესხებლისგან 57 640 ლარი სესხად უნდა გადასცემოდა. მხარეებმა განაცხადეს, რომ თანხა მსესხებელს 2018 წლის 08 ნოემბრამდე, უნაღდო ანგარიშსწორების წესით (ანგარიშიდან ანგარიშზე გადარიცხვით) უნდა მიეღო.
2. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ........ მდებარე 150კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული 117კვ.მ ფართის შენობა-ნაგებობით (შემდეგში - იპოთეკის საგანი ან უძრავი ქონება).
3. 2019 წლის 27 ნოემბერს, კრედიტორმა მიმართა ნოტარიუს თ.ჩ–ას და სადავო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობის მოტივით სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა.
4. 2019 წლის 27 ნოემბერს ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც მსესხებლის მიერ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 57 640 ლარის ოდენობით განისაზღვრა. 102 ლარს შეადგენდა სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი, ამასთან, ვალდებულების შესრულების მიზნით დადგინდა იპოთეკის საგნის აუქციონზე რეალიზაცია.
5. 2020 წლის 27 აპრილს, კერძო აღმასრულებელმა ჯ.ძ–ძემ მოვალეს გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადება გაუგზავნა, რომლითაც იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე აცნობა.
6. მოპასუხის მიერ წარმოდგენილ მარტივი წერილობითი ფორმით შედგენილ 2018 წლის 8 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულია შემდეგი: „დაბა ხელვაჩაური. 08.10.2018წ. მე, ს.გ–ძემ, პ/N ........მივიღე რ.ზ–ძისგან პ/ნ ........ 22 000 (ოცდაორი) ათასი აშშ დოლარი გირაოს თანხა. (08.10.2018წ. სესხის, იპოთეკის, ბინით სარგებლობის ხელშეკრულება), რომელიც 08.11.2019წ. უნდა დავუბრუნო იმავე ვალუტაში".
7. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მსესხებლის სახელით (ტექსტის სახით) განლაგებული თანხის მიღება-ჩაბარების აქტზე, 2018 წლის 8 ოქტომბრის თარიღით, ხელნაწერი ტექსტის ბოლოს, პირველი ხელმოწერა, შესრულებულია მსესხებლის მიერ.
8. საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, 2018 წლის 30 მარტის მდგომარეობით, მოვალის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება იპოთეკით დატვირთული იყო ზ.ც–ძის სასარგებლოდ, ხოლო 2019 წლის 21 ნოემბრის მდგომარეობით - მოპასუხის სასარგებლოდ.
9. სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და 2019 წლის 27 ნოემბერს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმების მოთხოვნით გამსესხებლის წინააღმდეგ მსესხებელმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
10. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
11. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 6 დეკემბრის განჩინებით, მტკიცებულების დართვის შესახებ მოსარჩელის შუამდგომლობა განუხილველად იქნა დატოვებული, ხოლო, ამ უკანასკნელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
12.1. მხარეთა მიერ განხორციელებული რეალური მოქმედებებისა და 2018 წლის 8 ოქტომბრის მარტივი წერილობითი ფორმით შედგენილ მიღება-ჩაბარების აქტში დაფიქსირებული ნების ერთიან, ლოგიკურ ჯაჭვში განხილვის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2018 წლის 8 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ნაღდი ანგარიშსწორების გზით მსესხებელმა გამსესხებლისგან 22 000 აშშ დოლარი მიიღო, რაც იმ დროისთვის 57 640 ლარის ეკვივალენტს შეადგენდა; ამ თანხის გადაცემით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 427-428-ე მუხლების თანახმად მოპასუხემ ამავე თარიღის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულა.
ამდენად, სესხის მიღების ფაქტის რეალობა, მოსარჩელის მითითების საწინააღმდეგოდ, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა და განმარტა, რომ არ იკვეთებოდა სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი.
12.2. ვინაიდან დადასტურდა მოპასუხისგან მოსარჩელისთვის სესხისა და იპოთეკის სანოტარო ხელშეკრულებიდან გამოდინარე თანხის გადაცემის ფაქტი, ხოლო ამ თანხის მის მიერ დაუბრუნებლობის შესახებ გარემოება მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა ნოტარიუს თ.ჩ–ას მიერ სააღსრულებო ფურცელის გაცემის წინაპირობა. რომლის მიხედვითაც, სადავო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა - 57 640 ლარი და 102 ლარი სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი. ასევე განისაზღვრა ვალდებულების შესრულების მიზნით იპოთეკის საგნის აუქციონზე რეალიზაციაც (სსკ-ის 623-ე, 361-ე, 427-428-ე, 286.1, 286.2 მუხლები).
13. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი მოპასუხემ შემდეგი დასაბუთებით წარმოადგინა:
13.1. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ სესხის თანხა გამსესხებელს კასატორისთვის არ გადაუცია. ამასთან, არც მსესხებელს არ გადაუცია იპოთეკის საგანი მოპასუხისთვის სარგებლობაში.
13.2. სასამართლო გადაწყვეტილების შესრულების შესახებ აღმასრულებელ ჯ.ძ–ძის მიერ გამოცემული წინადადება მოსარჩელეს 2020 წლის 1 მაისს ფოსტით ჩაბარდა, ამავე პერიოდიდან მისთვის ცნობილი გახდა, რომ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უძრავი ქონება კრედიტორის სასარგებლოდ აუქციონზე უნდა გატანილიყო.
13.3. დავის განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მხარეთა შეთანხმებით თანხის გადაცემა სრულად, უნაღდო ანგარიშსწორების წესით, ანგარიშიდან ანგარიშზე გადარიცხვით, მაქსიმუმ 2018 წლის 8 ნოემბრამდე უნდა შესრულებულიყო. თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი საქმეში არ მოიპოვება.
საპირისპირო დასკვნის ჩამოყალიბებისას სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო თანხის მიღება-ჩაბარების აქტს, რომლის სიყალბის დასადასტურებლად კასატორმა სასამართლოს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის, გ.სოსელიას 2023 წლის 16 ივნისის წერილი წარუდგინა, სადაც აღნიშნულია, რომ 2018 წლის 8 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტზე ექსპერტიზა ვერ ჩატარდა, რადგან იგი ქსეროასლია. შესაბამისად, ხსენებული დოკუმენტი იმ მტკიცებულებას არ მიეკუთვნება, რომელსაც სასამართლო შეიძლებოდა დაყრდნობოდა.
2023 წლის 16 ივნისის ზემომითითებულ წერილს მოსარჩელე პირველი ინსტანციის სასამართლოში ვერ წარადგენდა, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება 2023 წლის 5 ივნისს გამოაცხადა. აქედან გამომდინარე, საქმეზე მისი დართვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს უარი არასწორად ეთქვა.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 11 მარტის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლომ დასაშვებად ცნო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
15. მოცემული დავის საკვანძო საკითხია, მოპასუხესთან გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმების მოთხოვნის კანონიერების განსაზღვრა.
მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ საფუძვლად მსესხებელი იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ არც 57 640 ლარის ოდენობით სესხის გადაცემას და არც სესხით სარგებლობისთვის იპოთეკის საგნის მიღებას არ ჰქონია ადგილი, რის გამოც აღნიშნული ხელშეკრულება ბათილია, ხოლო - მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი გასაუქმებელი.
16. მოსარჩელის პრეტენზიის საპასუხოდ მოპასუხემ მიუთითა, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება შეასრულა, კერძოდ, მოსარჩელეს გადასცა 57 640 ლარის ეკვივალენტი 22 000 აშშ დოლარი, რაზეც იმავე დღეს, 2018 წლის 8 ოქტომბერს, მხარეებმა მიღება-ჩაბარების აქტი მარტივი წერილობითი ფორმით შეადგინეს.
17. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სესხის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე მოცემული სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნა წარუმატებელია, კერძოდ:
17.1. სესხის ხელშეკრულების ცნება სსკ-ის 623-ე მუხლშია წარმოდგენილი, რომლის დეფინიციაც ასეთია: სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
ამდენად, სესხის ხელშეკრულების წარმოშობისათვის შემდეგი წინაპირობების არსებობაა საჭირო: ა). გამსესხებელს მსესხებლის საკუთრებაში განსაზღვრული თანხა უნდა ჰქონდეს გადაცემული; ბ). დათქმულ ვადაში მსესხებელი გადაცემული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულებას უნდა კისრულობდეს.
სასესხო ურთიერთობის წარმოშობის წინაპირობების მტკიცების თვალსაზრისით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავოობისას სესხის ხელშეკრულების დადების - თანხის გადაცემის ფაქტის დამტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება (შდრ. სუსგ, Nას-1067-1026-2016, 23.06.2017წ). ამდენად, სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების ტვირთი გამსესხებელს აკისრია. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოქმედებს მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე პრეზუმფცია. ამ პრეზუმფციის გაქარწყლების ტვირთი (ვალდებულების შესრულების ტვირთი) კი, მსესხებელს ეკისრება (იხ. სუსგ, №ას-929-891-2014, 22.04.2015).
17.2. 2018 წლის 8 ოქტომბერს, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ნოტარიულად დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო, რომლის 2.1 პუნქტი შემდეგი შინაარსისაა:
- გამსესხებელმა მსესხებელს წინამდებარე აქტით დადგენილი პირობებით 57 640 ლარი ასესხა, ხოლო მსესხებელმა ეს თანხა სესხად მიიღო.
17.3. საქმეზე წარმოდგენილი 2018 წლის 8 ოქტომბრის თანხის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, მოსარჩელემ მოპასუხისგან 22 000 აშშ დოლარი მიიღო.
17.4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოსარჩელის სახელით (ტექსტის სახით) შესრულებული და თანხის მიღება-ჩაბარების აქტზე, 2018 წლის 8 ოქტომბრის თარიღით, ხელნაწერი ტექსტის ბოლოს განლაგებული, პირველი ხელმოწერა მოსარჩელის მიერ არის შესრულებული.
17.5. მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული იპოთეკის საგანი 2019 წლის 21 ნოემბრის მდგომარეობით მოპასუხის სასარგებლოდ იყო იპოთეკით დატვირთული.
18. შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ 2018 წლის 8 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტით ნაღდი ანგარიშსწორების გზით მოსარჩელემ მოპასუხისგან 22 000 აშშ დოლარი მიიღო, რაც იმ დროისთვის 57 640 ლარის ეკვივალენტს შეადგენდა, ხოლო ამ თანხის გადაცემის შედეგად სსკ-ის 427-428-ე მუხლებიდან გამომდინარე მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულა. შესაბამისად, გაზიარებული ვერ იქნება კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ სესხის თანხა არ მიუღია და ეს გარემოება ვერც გარიგების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოშობს.
19. ვინაიდან დადგინდა მოწინააღმდეგე მხარისგან კასატორისთვის სადავო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადაცემის ფაქტი, ეს გარემოება იმაზე მიუთითებს, რომ არსებობდა ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის და კასატორის ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის საფუძველიც.
20. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად ვერ გამოდგება კასატორის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი საქმეში არ მოიპოვება, მაშინ, როდესაც მხარეთა შეთანხმებით თანხა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ანგარიშიდან ანგარიშზე უნდა გადარიცხულიყო.
აღნიშნული შეთანხმება იმას არ მოიაზრებს, რომ ნაღდი ანგარიშსწორების გზით სესხის გადაცემის და მსესხებლის მიერ მისი მიღების წერილობით დადასტურების შემთხვევაში, სესხი გადაცემულად არ ჩაითვალოს.
მოცემული საკითხის შეფასებისას, არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმეზე წარმოდგენილ 2018 წლის 8 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტს, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ მოპასუხისგან 22 000 აშშ დოლარი (57 640 ლარის ეკვივალენტი) მიიღო.
კასატორის პოზიციას ის არგუმენტიც ვერ ამყარებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მას არასწორად უარი უთხრა კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის, გ.ს–ას 2023 წლის 16 ივნისის წერილის საქმეზე დართვის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. მხედველობაშია მისაღები სსსკ-ის 380-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილი (სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები; სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა), რომელიც ე.წ. „შეზღუდული აპელაციის“ პრინციპის განმსაზღვრელ ნორმას წარმოადგენს და სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ახალ ფაქტებზე მითითებისა და ახალი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობას მხოლოდ საგამონაკლისო წესით, საპატიო მიზეზის არსებობისას უშვებს. თავის მხრივ, ფაქტების მითითების ან/და მტკიცებულების წარდგენის საპატიოობაც სრულად უნდა შეესაბამებოდეს ამავე კოდექსით დადგენილ სტანდარტს (სსსკ-ის 215.3. მუხლი), რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს პროცესის ფუნდამენტური პრინციპები (იხ. სუსგ: საქმე №ას-123-123-2018, 09.11.2018). მოცემულ შემთხვევაში, ასეთი საპატიო მიზეზის არსებობა მოსარჩელეს არ დაუდასტურებია, რამაც სააპელაციო სასამართლოს მიერ ზემომითითებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა განაპირობა.
21. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
22. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა რის გამოც საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3, 408.3, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.ს.გ–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 დეკემბრის განჩინება;
3.განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
ბადრი შონია