Facebook Twitter

14 ნოემბერი, 2025 წელი,

საქმე №ას-621-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნიკოლოზ მარსაგიშვილი,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შ.ბ–ი, ხ.ბ–ი, ი.ბ–ი, გ.ბ–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - ხ.ჩ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი - მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შ.ბ–ის (შემდეგში - პირველი მოპასუხე ან პირველი აპელანტი), ხ.ბ–ის (შემდეგში - მეორე მოპასუხე ან მეორე აპელანტი), ი.ბ–ისა (შემდეგში - მესამე მოპასუხე ან მესამე აპელანტი) და გ.ბ–ის (შემდეგში - მეოთხე მოპასუხე ან მეოთხე აპელანტი) წინააღმდეგ ხ.ჩ–მა (შემდეგში - მოსარჩელე) სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც მოპასუხეთა სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე (მდებარე მცხეთა, სოფელი წილკანი, 4 997კვ.მ დაზუსტებული ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შემდეგში წინამდებარე განჩინებაში მოხსენიებული, როგორც უძრავი ნივთი ან უძრავი ქონება) საკუთრების უფლების გაუქმება და უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობა მოითხოვა.

2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოპასუხეებმა გაასაჩივრეს.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 20 თებერვლის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

4.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დაადგინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს 2024 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მოპასუხეთა წარმომადგენელი დ.კაკუშაძე, შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო, გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი.

გადაწყეტილების მომზადების 30-დღიანი ვადის ათვლა ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით 2024 წლის 10 დეკემბრიდან დაიწყო და 2025 წლის 13 იანვარს ამოიწურა (30-ე დღე დაემთხვა უქმე დღეს). მითითებული დროის შუალედში მხარეს შესაძლებლობა ჰქონდა, რომ სასამართლოსთვის განცხადებით მიმართვის გზით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი ნებისმიერ დროს ჩაებარებინა, თუმცა, აღნიშნულ ფაქტს აპელანტების მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ამდენად, გასაჩივრების ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო, არა გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან (03.02.2025წ.), არამედ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 31-ე დღეს (14.01.2025წ).

4.2. ვინაიდან სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა აპელანტებმა დაარღვიეს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი განუხილველად უნდა დარჩენილიყო, გამომდინარე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 369.1 მუხლის დანაწესიდან (სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. 373.1 მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე ამოწმებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას და გამოაქვს შესაბამისი განჩინება. ამავე კოდექსის 374.2 მუხლის თანახმად კი, ეს განჩინება შეიძლება მიღებულ იქნეს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ზეპირი განხილვის გარეშე).

5. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების მოთხოვნით დასახელებულ განჩინებაზე მოპასუხეებმა კერძო საჩივარი წარმოადგინეს, რაც შემდეგნაირად დაასაბუთეს:

- 2024 წლის 21 დეკემბრიდან 2025 წლის 12 იანვრამდე მოპასუხეთა წარმომადგენელი თბილისში არ იმყოფებოდა. გადაწყვეტილების ჩასაბარებლად 2025 წლის 11 იანვარს რაიონულ სასამართლოში პირველი მოპასუხე მივიდა, რა დროსაც საქმის მოძიების დასრულების შედეგად კანცელარიის სპეციალისტმა მას განუცხადა, რომ გადაწყვეტილება ჯერ მზად არ იყო. თბილისში დაბრუნების შემდეგ წარმომადგენელი მცხეთის რაიონულ სასამართლოში დაუყოვნებლივ გაემგზავრა. წარმომადგენელმა მოსამართლის თანაშემწისგან შეიტყო, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება 2024 წლის დეკემბრის ბოლოს ყოფილა გამოტანილი. აქედან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა მოპასუხეებს არ დაურღვევიათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

6. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დასაბუთებული შედავება მათ არ წარმოუდგენიათ.

7. კერძო საჩივრის განხილვის საგანია, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტებმა სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა დაარღვიეს.

8. სსსკ-ის 369-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა 14 დღეა. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

9. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის დეფინიციით: თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელდება და აღდგენა დაუშვებელია.

აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ:

1). გასაჩივრების უფლების მქონე პირი ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი და,

2). ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში იგი სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

სსსკ-ის 2591-ე მუხლის შინაარსი ცალსახად მიუთითებს, რომ მხარე, გადაწყვეტილების გასაჩივრების ინტერესის არსებობის შემთხვევაში, ვალდებულია კანონით განსაზღვრულ ვადაში ჩაიბაროს სასამართლოს გადაწყვეტილება. დასახელებული წესიდან გამონაკლისი დადგენილია მხოლოდ სსსკ-ის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისთვის, ასევე, პატიმრობაში მყოფი იმ პირებისთვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი;

მათთვის გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას სასამართლო უზრუნველყოფს, ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით (სსსკ-ის 2591 მუხლის მე-2 ნაწილი).

დადასტურებულია, რომ კერძო საჩივრის ავტორები საგამონაკლისო პირების აღნიშნულ ჩამონათვალს არ მიეკუთვნებიან და განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს საპროცესო დოკუმენტის გაგზავნის ვალდებულება არ გააჩნდა.

10. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 60.2 მუხლის დანაწესზეც, რომელიც გასაჩივრების ვადის მიმდინარეობის დაწყებას აწესრიგებს და რომლის თანახმადაც, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (შდრ. იხ. სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება Nას-1161-1106-2014).

11. საქმის მასალებით დასტურდება და კერძო საჩივრის ავტორიც არ დავობს იმაზე, რომ აპელანტთა წარმომადგენელი ესწრებოდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილების გამოცხადებას.

12. დადგენილია, რომ გადაწყეტილების მომზადების 30-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში 2024 წლის 10 დეკემბრიდან დაიწყო და 2025 წლის 13 იანვარს ამოიწურა (30-ე დღე დაემთხვა უქმე დღეს).

მითითებულ დროის მონაკვეთში გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით მოპასუხე მხარის მხრიდან სასამართლოს მიმართვის ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება. ვინაიდან სააპელაციო საჩივარი 2025 წლის 05 თებერვალს არის წარდგენილი საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას კერძო საჩივრის ავტორების მიერ გასაჩივრების ვადის (14.01.2025-27.01.2025წ.) გაშვების შესახებ.

13. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი კანონშესაბამისად დარჩა განუხილველად.

14. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, 2024 წლის 21 დეკემბრიდან 2025 წლის 12 იანვრამდე მოპასუხეთა წარმომადგენელი თბილისში არ იმყოფებოდა. გადაწყვეტილების ჩასაბარებლად 2025 წლის 11 იანვარს რაიონულ სასამართლოში პირველი მოპასუხე მივიდა, რა დროსაც საქმის მოძიების დასრულების შედეგად კანცელარიის სპეციალისტმა მას განუცხადა, რომ გადაწყვეტილება ჯერ მზად არ იყო. თბილისში დაბრუნების შემდეგ წარმომადგენელი მცხეთის რაიონულ სასამართლოში დაუყოვნებლივ გაემგზავრა. წარმომადგენელმა მოსამართლის თანაშემწისგან შეიტყო, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება 2024 წლის დეკემბრის ბოლოს ყოფილა გამოტანილი. აქედან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა მოპასუხეებს არ დაურღვევიათ.

15. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ამ მითითებას უარყოფს, სსსკ-ის 102-ე მუხლზე (თითოეული მხარე ვალდებულია, დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს) მიაქცევს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ მის მიერ მითითებული გარემოების დასადასტურებლად მოპასუხეებს რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით კი, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის სასამართლოს ბრალით მიღების შეუძლებლობის ფაქტი შეიძლება დადასტურდეს, სასამართლოს კანცელარიაში უფლებამოსილი პირის მიერ ჩაბარებული განცხადებით და სასამართლო მოხელის მიერ იმ გარემოების დადასტურებით, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი მზად არ არის (იხ. სუსგ, #ას-1040-994-2013, 09.12.2013წ.).

16. სსსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, დარჩება განუხილველად (შდრ. სუსგ-ები: # ას-790-757-2016, 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინება; # ას-221-208-2015, 2015 წლის 29 მაისის განჩინება).

17. გასაჩივრებული განჩინების და კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის შედეგად საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ სახეზეა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საპროცესოსამართლებრივი საფუძველი და გასაჩივრებული განჩინება კანონშესაბამისია.

18. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა). კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ). სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ). სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ.ბ–ის, ხ.ბ–ის, ი.ბ–ისა და გ.ბ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ნიკოლოზ მარსაგიშვილი

ლევან მიქაბერიძე