Facebook Twitter

14 ნოემბერი, 2025 წელი,

საქმე №ას-738-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - რ.ბ–ძე (მოსარჩელე)

მოპასუხეები - შპს „ა.კ–ა“, მ.მ–ძე, ა.ლ–ძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ აღიარება, უძრავი ქონების ყადაღისგან განთავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2007 წლის 21 თებერვალს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდეგში - ნასყიდობის ხელშეკრულება) დაიდო ქ.ბათუმის მერიასა (შემდეგში - მოპასუხე ან კასატორი) და შპს „ს.ს–ს“ (შემდეგში - მყიდველი) შორის.

2. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მყიდველს, ქ.ბათუმში, ........ თორმეტსართულიან საცხოვრებელ სახლსა და ქ.ბათუმის მე-19 საჯარო სკოლას შორის მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 848კვ.მ ფართი გადაეცა. ამ უკანასკნელმა ვალდებულება იკისრა, რომ ასაშენებელი საცხოვრებელი კომპლექსის საერთო ფართის 21%, მაგრამ არანაკლებ 1 575კვ. მეტრისა, საკუთრების უფლებით მოპასუხისთვის გადაეცა.

გარდა ამისა, მოპასუხესთან შეთანხმების გარეშე მიწის ნაკვეთისა და მშენებლობის ნებართვის მესამე პირისთვის გასხვისებაზე მყიდველს შეზღუდვა დაუწესდა. მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მეორე მხარეს უფლება ჰქონდა მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების შეუსრულებლობის მოტივით შეწყდებოდა თუ არა ხელშეკრულება.

3. 2011 წლის 19 მაისს, მყიდველმა, ხელშეკრულება გააფორმა შპს „ა.კ–ასთან“, რომლითაც ამ უკანასკნელმა მოპასუხის წინაშე ნაკისრი ყველა ვალდებულების შესრულების პასუხისმგებლობა იკისრა.

4. 2014 წლის 26 დეკემბერს, მოპასუხესა და მყიდველს შორის ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომლითაც გადაცემულ მიწის ნაკვეთზე შპს „ა.კ–ას“ არანაკლებ თექვსმეტსართულიანი და არაუმეტეს ცხრამეტსართულიანი საცხოვრებელი სახლის აშენების ვალდებულება განესაზღვრა.

5. ამჟამად მშენებლობა დასრულებულია, რომლის საერთო ფართი 10 888.40კვ.მ-ს, ხოლო მისი 21% - 2 286.57კვ.მ-ს შეადგენს.

6. 2014 წლის 12 თებერვალს, ქ.ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ წერილით მიმართა შპს ,,ა.კ–ას“ დირექტორს და მასთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად გადასაცემი 21% ფართების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მიწოდება მოსთხოვა.

2016 წლის 12 იანვარს და 2016 წლის 14 აპრილს, ანალოგიური შინაარსის წერილებით მოპასუხემ შპს ,,ა.კ–ას“ დირექტორს მიმართა და მასთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად გადასაცემი 21% ფართების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მიწოდება მოსთხოვა.

7. 2011 წლის 21 სექტემბერს, რ.ბ–ძესა (შემდეგში - მოსარჩელე) და შპს „ა.კ–ას“ შორის უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება (შემდეგში - წინარე ხელშეკრულება) დაიდო. გარიგების საგანს წარმოადგენდა შპს „ა.კ–ას“ მიერ ქ.ბათუმში, ....... ქუჩის №7-ში თორმეტსართულიან საცხოვრებელ სახლსა და ქ.ბათუმის მე-19 საჯარო სკოლას შორის მდებარე 848კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მშენებარე მრავალსართულიან სახლში მოსარჩელისთვის უძრავი ქონების, კერძოდ, ქ.ბათუმში, ....... ქუჩის მშენებარე სახლის მე-7 სართულზე არსებული 76.95კვ.მ ფართის №52 ბინის (შემდეგში - უძრავი ნივთი, უძრავი ქონება ან ბინა) გადაცემა.

8. უძრავი ნივთის საერთო ღირებულება 32 300 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით განისაზღვრა, რომელიც მოსარჩელეს შემდეგი თანმიმდევრობით უნდა გადაეხადა: 15 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი - ხელშეკრულების დადებისას, ხოლო 17 300 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი (თანხის დარჩენილი ნაწილი) - ეტაპობრივად.

შპს „ა.კ–ას“, ნასყიდობის საგნის მშენებლობა უნდა დაესრულებინა და, შემდგომში, მოსარჩელისთვის იგი უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო მდგომარეობაში უნდა გადაეცა.

9. წინარე ხელშეკრულება საჯარო რეესტრმა 2011 წლის 4 ოქტომბერს დაამოწმა, რის შედეგადაც 2011 წლის 10 ოქტომბერს აღნიშნული ბინის მომავალ მესაკუთრედ მოსარჩელე დარეგისტრირდა.

10. დღეისთვის ზემომითითებულ ბინაში თავისი ოჯახით მოსარჩელე ცხოვრობს.

11. მოსარჩელემ სრულად შეასრულა შპს „ა.კ–ასთან“ გაფორმებული წინარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და უძრავი ქონების ღირებულება სრულად გადაიხადა, თუმცა თავის საკუთრებაში იგი ვერ დაარეგისტრირა.

12. მშენებლობის დროს შპს „ა.კ–ას“ ფინანსური პრობლემები შეექმნა, სხვადასხვა კრედიტორების მიმართ მას დავალიანებები გააჩნდა, რის გამოც მის სახელზე საჯარო რეესტრში რიცხულ უძრავ ქონებებზე, მათ შორის, მოსარჩელის, როგორც მომავალი მესაკუთრის სახელზე რიცხულ სადაო ბინაზე სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირების დავალიანებების გამო სააღსრულებო ბიურომ ყადაღა დაადო და სააღსრულებო საქმის წარმოება დაიწყო, სადაც კრედიტორებია - აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ავთანდილ ლომიძე, მ.მ–ძე, ხოლო მოვალე - შპს „ა.კ–ა“. უშუალოდ სადავო ბინას ყადაღა 2020 წლის 2 ოქტომბერს დაედო.

13. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ქ.ბათუმში, ....... ქ.N29-ში მდებარე შპს „ა.კ–ას“ სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 848კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია ვალდებულება, სადაც მითითებულია, რომ შპს „ა.კ–ა“ ვალდებულია მიწის ნაკვეთის მესამე პირებზე განკარგვა ან/და შენობა-ნაგებობის აღმართვის უფლების მინიჭება, ხელშეკრულების 4.4 პუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით მოახდინოს.

აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და შპს „ა.კ–ას“ შორის 2017 წლიდან სასამართლო დავა მიმდინარეობს, რის გამოც მოცემულ საქმეზე მესამე პირად ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ჩაება.

14. უძრავი ნივთის მესაკუთრედ აღიარებისა და ქონების ყადაღისგან განთავისუფლების მოთხოვნით მოპასუხის, შპს ,,ა.კ–ას“, მ.მ–ძის, ა.ლ–ძისა და აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

15. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

16. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

17. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 11 დეკემბრის განჩინებით: მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

17.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-15 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და შემდეგი დასკვნები ჩამოაყალიბა:

- მოსარჩელესა და შპს „ა.კ–ას“ შორის დადებული ხელშეკრულების საგანი იყო მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ინდივიდუალურად განსაზღვრული ბინის აშენება და მოსარჩელის საკუთრებაში გადაცემა, ამასთან, ეს ხელშეკრულება მოიცავდა, როგორც ვალდებულებითი შინაარსის, ასევე, სანივთო (განკარგვით) პირობას, რაც საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული იყო. სააპელაციო სასამართლომ მიაჩნია, რომ იგი კანონმდებლობით დადგენილი წესით (წერილობითი ფორმით) მისი დადებისთანავე საჯარო რეესტრში რეგისტრაციამდე შევიდა ძალაში, რომელთა ვალდებულებითი შინაარსის პირობების შესრულება, როგორც წესი, წინ უსწრებდა საკუთრების უფლების წარმოშობას. კერძოდ, შპს „ა.კ–ა“ ვალდებული იყო, რომ თავდაპირველად მოსარჩელის ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთი აეშენებინა, რაც შეასრულა, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ ამ კონკრეტულ ქონებაზე საკუთრების უფლება გადაეცა, რაც სადავო ქონებაზე შეზღუდვების რეგისტრაციის გამო ამ დრომდე არ განუხორციელებია. მითითებული უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციამდე კი, ქონების მესაკუთრედ პირი ვერ მიიჩნეოდა.

- მოსარჩელესა და შპს „ა.კ–ას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება სამართლებრივად ნამდვილია მისი გაფორმების მომენტიდან, ამასთან, მოსარჩელეს ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება ჯეროვნად აქვს შესრულებული - თანხა სრულად აქვს გადახდილი. რადგანაც შპს „ა.კ–ას“, როგორც გამყიდველს, ამ ქონებაზე მოსარჩელისთვის საკუთრების უფლების გადაცემა არ განუხორციელებია მასზე რეგისტრირებული შეზღუდვის გამო, მოსარჩელის მსჯელობა, რომ ხელი ეშლებოდა თავისუფლად განეხორციელებინა სამოქალაქო უფლება და საკუთრებაში ეღიარებინა მისივე დაკვეთით, საკუთარი ხარჯებით, წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე აშენებული, უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი საცხოვრებელი ბინა - დასაბუთებული იყო და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 183-ე, 629-ე და 477-ე მუხლების დანაწესიდან გამომდინარეობდა.

- ვინაიდან, მოსარჩელე მომავალ მესაკუთრედ რეგისტრირებული იყო ინდივიდუალურად განსაზღვრულ ქონებაზე, მოპასუხემ კი ვერ წარმოადგინა იმის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, რომ ქ.ბათუმში, ....... ქ.№29-ში ამჟამად უკვე დასრულებულ, შპს ,,ა.კ–ას“ საკუთრებაში არსებულ ცხრამეტსართულიან საცხოვრებელ სახლში, რომლის საერთო ფართი 10 888.40კვ.მ-ს შეადგენდა, გადაცემული არ ჰქონდა მისი 21% - 2 286.57კვ.მ ან/და სწორედ სადავო უძრავი ქონებით უნდა მომხდარიყო მის მიმართ შპს ,,ა.კ–ას“ ვალდებულების შესრულება, მოპასუხის პრეტენზია დაუსაბუთებელი იყო და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდებოდა.

- ამდენად, მოსარჩელე, როგორც სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე, უფლებამოსილი იყო, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის საფუძველზე, სადავო უძრავი ქონების ყადაღისგან განთავისუფლება მოეთხოვა, რაც მისი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს ქმნიდა.

18. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ საკასაციო საჩივარი შემდეგი დასაბუთებით შემოიტანა:

18.1. უდავოა, რომ გადასაცემი ფართების განსაზღვრის თაობაზე შეთანხმება, შპს „ა.კ–ასა“ და მოპასუხეს შორის, შპს „ა.კ–ას“ ბრალეულობით არ შესრულდა. ამდენად, მოპასუხისთვის გადასაცემ ფართად შეიძლება ნებისმიერი ბინა განვიხილოთ. ნივთის განკარგვა მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო შესაძლებელი, თუკი მოპასუხის წინაშე ნაკისრი ვალდებულება შესრულდებოდა ან/და მოპასუხისთვის გადასაცემი ფართები განისაზღვრებოდა/გაიმიჯნებოდა.

18.2. მოპასუხის წინაშე არსებულ წინმსწრებ ვალდებულებასთან შედარებით შპს „ა.კ–ას“ მიმართ არსებულ მოსარჩელის ვალდებულებას სააპელაციო სასამართლომ უპირატესობა ისე მიანიჭა, რომ ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. გარდა ამისა, სასამართლომ არასწორად განმარტა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლი, ვინაიდან იგი ზოგადი ხასიათის ნორმაა და მიუთითებს მხოლოდ მესამე პირის უფლებაზე - აღსრულების საგნის ყადაღისგან განთავისუფლების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. ხსენებული მუხლი არ შეიცავს რაიმე მითითებას იმასთან დაკავშირებით, ერთმნიშვნელოვნად უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა ასეთი სარჩელი და სხვა კრედიტორებთან შედარებით უპირატესობა უნდა მიენიჭოს თუ არა მას.

19. მოგვიანებით, საკასაციო პალატას შუამდგომლობით მომართა მოპასუხემ, რომელმაც წინამდებარე საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა ითხოვა.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივნისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

21. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

22. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება გამოიწვია.

კონკრეტულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა.

23. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, თუ რამდენად კანონიერია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა უძრავი ნივთის მესაკუთრედ აღიარებისა და ქონების ყადაღისგან განთავისუფლების სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

24. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელესა და შპს „ა.კ–ას“ შორის დადებული ხელშეკრულება მისი გაფორმების მომენტიდან სამართლებრივად ნამდვილი გარიგებაა.

ვინაიდან რეგისტრირებული შეზღუდვის გამო სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება გამყიდველს (შპს „ა.კ–ას“) მოსარჩელისთვის არ გადაუცია, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაიზიარა მოსარჩელის მსჯელობა იმის შესახებაც, რომ წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულებით შეძენილი საცხოვრებელი ბინის თავის საკუთრებად აღიარებასა და სამოქალაქო უფლების თავისუფლად განხორციელებაში მოსარჩელეს კანონსაწინააღმდეგოდ ეშლებოდა ხელი (სსკ-ის 183-ე, 629-ე, 477-ე მუხლები).

ზემომითითებული საკითხის გაანალიზებისას, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება იმ გარემოებაზეც სწორად მიაქცია, რომ მოსარჩელე მომავალ მესაკუთრედ რეგისტრირებული იყო ინდივიდუალურად განსაზღვრულ ქონებაზე.

მოპასუხემ კი ვერ წარმოადგინა იმის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, რომ ქ.ბათუმში, ....... ქ.№29-ში ამჟამად უკვე დასრულებულ, შპს ,,ა.კ–ას“ საკუთრებაში არსებულ ცხრამეტსართულიან საცხოვრებელ სახლში, რომლის საერთო ფართი 10 888.40კვ.მ-ს შეადგენდა, გადაცემული არ ჰქონდა მისი კუთვნილი 21% - 2 286.57კვ.მ; ან/და სწორედ მოსარჩელის მფლობელობაში არსებუკლი სადავო უძრავი ქონებით უნდა მომხდარიყო მის მიმართ შპს ,,ა.კ–ას“ ვალდებულების შესრულება.

შექმნილი ფაქტობრივი მოცემულობა იმის მაუწყებელია, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის, ასევე ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სადავო უძრავი ქონების ყადაღისგან განთავისუფლება და მოსარჩელის საკუთრებად ცნობის მოთხოვნა წარმატებულია.

25. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

26. სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

27. სსსკ-ის 408.3 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია, გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს.

კანონის ზემომითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. აღნიშნული ემყარება საკასაციო სამართალწარმოების ბუნებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა. ამასთან, სსსკ-ის 407-ე მუხლით განსაზღვრულია შემოწმების ფაქტობრივი საფუძველი. საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ ზღუდავს ადამიანის სასამართლოში მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას (იხ. საქმე №2/6/205,232, 03.07.2003წ. გადაწყვეტილება) (სუსგ. №ას-807-2020, 12.11.2020წ.; სუსგ №ას-1150-2020, 29.09.2021წ.; საქმე #ას-133-2023, 28.04.2023წ.).

ამდენად, საკასაციო პალატა არ ამოწმებს საქმის ფაქტობრივ მხარეს, გადაწყვეტილების ფაქტობრივ საფუძველს, რის გამოც მხარეთა მონაწილეობის გარეშე, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში, არსებითია არ დაირღვეს პრინციპი, რომელსაც ემყარება სამოქალაქო საქმის წარმოება, კერძოდ კი, იგივე შეჯიბრებითობის პრინციპი. მით უფრო, რომ როცა მხარეები მიმართავენ საკასაციო ინსტანციის სასამართლოს, მათთვის წინასწარვეა ცნობილი, რომ საქმის განხილვა შეიძლება ზეპირი მოსმენის გარეშეც მოხდეს (სუსგ №ას-1915-ბ-8-2015, 22.07.2015წ.; №ას-1150-2020, 29.09.2021წ.). საქმეზე „ჰერმი იტალიის წინააღმდეგ“ (დიდი პალატის 18.10.2006 წლის გადაწყვეტილება) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ზეპირი მოსმენის აუცილებლობა დამოკიდებულია შესაბამისი სამართალწარმოების კონკრეტულ მახასიათებლებზე.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საფრანგეთის მართლმსაჯულების სისტემაში საკასაციო სასამართლოს განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით, რომელიც შემოიფარგლებოდა იმის შეფასებით, სწორად იქნა გამოყენებული კანონი თუ არა, დასაშვებად მიიჩნია საკასაციო სასამართლოებში დამკვიდრებული საჩივრის განხილვის ფორმალური პროცედურა (ECtHR, ლევაგესანგარიის მომსახურება საფრანგეთის წინააღმდეგ, № 21920/93, 1996 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება, პარ. 48).

საკასაციო პალატის შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში საქმის მხარეთა დასწრებით განხილვის წინაპირობები არ გამოკვეთილა, შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს საქმის ზეპირი განხილვის თაობაზე მოსარჩელის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.

28. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

ბადრი შონია