Facebook Twitter

საქმე №ა-5951-შ-134-2025

19 ნოემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ ჯინჯოლია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან ნემსაძე, ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ჯ.ზ.ბ–ი (ზ.ბ–ი)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ამერიკის შეერთებული შტატების რაიონული სასამართლოს ნიუ-იორკის აღმოსავლეთ ოლქის 1994 წლის 12 ივლისის სახელის შეცვლის შესახებ პეტიცია (გადაწყვეტილება)

დავის საგანი – სახელის შეცვლა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ამერიკის შეერთებული შტატების რაიონული სასამართლოს ნიუ-იორკის აღმოსავლეთ ოლქის 1994 წლის 12 ივლისის სახელის შეცვლის შესახებ პეტიციით ზ.ბ–ის განცხადება სახელის შეცვლის შესახებ დაკმაყოფილდა.

2. ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის აღმოსავლეთ ოლქის რაიონული სასამართლოს 1994 წლის 12 ივლისის სახელის შეცვლის შესახებ პეტიციის თანახმად, ზ.ბ–ი მოითხოვდა მისი სახელისა და გვარის ჯ.ზ.ბ–ით შეცვლას.

3. 2009 წლის 1 ივნისის N1534 ცნობით დასტურდება, რომ პეტიცია დაკმაყოფილებულია 1994 წლის 12 ივლისს უფლებამოსილი პირის მიერ.

4. 2025 წლის 29 ოქტომბერს ჯ.ზ.ბ–ის (ზ.ბ–ი) წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ამერიკის შეერთებული შტატების რაიონული სასამართლოს ნიუ-იორკის აღმოსავლეთ ოლქის 1994 წლის 12 ივლისის სახელის შეცვლის შესახებ პეტიციის (გადაწყვეტილების) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა. შუამდგომლობაში მითითებულია, რომ შუამდგომლობის ავტორს გარდაეცვალა დედა და მიმართა ნოტარიუსს სამკვიდროს მისაღებად, ასევე, სერვისების განვითარების სააგენტოს სახელის და გვარის ცვლილების რეგისტრაციისათვის, რისთვისაც საჭიროა პეტიციის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 ნოემბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

6. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების რაიონული სასამართლოს ნიუ-იორკის აღმოსავლეთ ოლქის 1994 წლის 12 ივლისის სახელის შეცვლის შესახებ პეტიციის (გადაწყვეტილების) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს revizion au fond-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ საქმე №ა-2135-შ-46-2015, 26 ოქტომბერი, 2015 წელი). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და საკითხის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს.

8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებიდან გამომდინარე, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.

9. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამასთან, ამავე კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, წინამდებარე საქმეზე საქართველოს განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია არ ვრცელდება. შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების რაიონული სასამართლოს ნიუ-იორკის აღმოსავლეთ ოლქის 1994 წლის 12 ივლისის სახელის შეცვლის შესახებ პეტიცია (გადაწყვეტილება) ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე -მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჯ.ზ.ბ–ის (ზ.ბ–ი) შუამდგომლობა, ამერიკის შეერთებული შტატების რაიონული სასამართლოს ნიუ-იორკის აღმოსავლეთ ოლქის 1994 წლის 12 ივლისის სახელის შეცვლის შესახებ პეტიციის (გადაწყვეტილების) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების რაიონული სასამართლოს ნიუ-იორკის აღმოსავლეთ ოლქის 1994 წლის 12 ივლისის პეტიცია (გადაწყვეტილება), რომლითაც ზ.ბ–ის განცხადება სახელის შეცვლის შესახებ დაკმაყოფილდა;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მიხეილ ჯინჯოლია

მოსამართლეები: ლევან ნემსაძე

ბადრი შონია