№ას-842-2025 20 ნოემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, თეა ძიმისტარაშვილი
კასატორი – ნ.ქ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.ბ–ია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი.ბ–იას სარჩელი მოპასუხე ნ.ქ–ის წინააღმდეგ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით ი.ბ–იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება;
2. ი.ბ–იას სარჩელი დაკმაყოფილდა.
3. მოპასუხე ნ.ქ–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, .......... ბინა №42, ს.კ. №......... და მესაკუთრე ი.ბ–იას გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, რომლითც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ივლისის განჩინებით ნ.ქ–ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
2025 წლის 18 ივლისს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ი.ბ–იას შვილის - ლ.ბ–ას წარმომადგენელმა კ.კ–ამ და წარმოადგინა ი.ბ–იას გარდაცვალების მოწმობა. გარდაცვალების მოწმობით დასტურდება, რომ ი.ბ–ა გარდაიცვალა 2023 წლის 10 იანვარს.
ი.ბ–ას სავარაუდო უფლებამონაცვლეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაეგზავნა წერილი და ეცნობა, რომ ვინაიდან, სამკვიდროს გახსნიდან გასული იყო 6 თვე, საქართველოს უზენაეს სასამართლოში უნდა წარმოედგინა სამკვიდრო მოწმობა, რათა სასამართლოს შეძლებოდა უფლებამონაცვლის დადგენა და საქმის წარმოების გაგრძელება. საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათებით დგინდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გზავნილი 2025 წლის 16 სექტემბერს ჩაჰბარდა ი.ბ–იას შვილის - ლ.ბ–ას წარმომადგენელ კ.კ–ას თანაშემწეს, ხოლო 2025 წლის 03 ოქტომბერს ი.ბ–იას მისამართად საქმეში მითითებულ მისამართზე ჩაჰბარდა მის დისშვილს - გ.დ–ძეს.
მოსარჩელის სავარაუდო უფლებამონაცვლეს საკასაციო პალატისთვის რაიმე განცხადებით არ მოუმართავს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი.ბ–იას სარჩელი ნ.ქ–ის წინააღმდეგ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ, განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 1319-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. ამავე კოდექსის 1421-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დადგენილია, რომ სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო, ხოლო, სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის შესაბამისად, კანონმდებელმა განსაზღვრა შემდეგი: სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
სსსკ-ის 279-ე მუხლის „ა“ პუნქტი ითვალისწინებს სასამართლოს მოვალეობას შეაჩეროს საქმის წარმოება მოქალაქის გარდაცვალებისას, თუ სადავო-სამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას, ან იმ იურიდიული პირის არსებობის შეწყვეტისას, რომელიც საქმეში მხარეს წარმოადგენს; სსსკ-ის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის წარმოება შეჩერდება გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. მოსარჩელის გარდაცვალებისას, თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაერთო, სარჩელი განუხილველად დარჩება. ასევე განუხილველად დარჩება მოსარჩელის მიერ შეტანილი სააპელაციო და საკასაციო საჩივრები. მოპასუხის გარდაცვალების შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია ერთწლიანი ვადის გასვლამდე მიუთითოს მოპასუხის უფლებამონაცვლე პირი (პირი, რომელმაც სამკვიდრო ქონება მიიღო, უმკვიდრო ქონების შემთხვევაში – სახელმწიფო ან შესაბამისი ორგანიზაცია ან სხვა უფლებამონაცვლე). თუ აღმოჩნდება, რომ სამკვიდრო ქონება არ არსებობს, საქმის წარმოება შეწყდება.
ზემოაღნიშნული ნორმების მიზანს მოდავე სუბიექტთა უფლების ჯეროვანი დაცვა წარმოადგენს, რათა მხარის გარდაცვალების შემთხვევაში, იმ პირის უფლება, რომელსაც გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ, არ იქნას უსაფუძვლოდ შელახული და გონივრულ ფარგლებში, სრულყოფილად მოხდეს მართლმსაჯულების სამართლიანი განხორციელება. აღნიშნული ნორმით კანონმდებელმა განსაზღვრა სამართალწარმოების თითოეული მხარის გარდაცვალების შემთხვევაში ქცევის წესი და დაადგინა უფლებამონაცვლედ პირის ჩაბმის შესაძლებლობა. ამავდროულად, მოცემული ნორმის დათქმა - მოსარჩელის გარდაცვალებებისას, თუ ერთწლიანი ვადის გასვლის შემდგომ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაებმება, სარჩელის განუხილველად დატოვებას ითვალისწინებს.
სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ არსებობს ამ კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.
იმ უდავო გარემოების გათვალისწინებით, რომ ი.ბ–ია გარდაიცვალა 2023 წლის 10 იანვარს, სამკვიდრო გაიხსნა მამკვიდრებლის გარდაცვალებით და სამკვიდროს მიღების კანონით დადგენილი 6-თვიანი ვადა ამოიწურა. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელის უფლებამონაცვლის დადგენის მიზნით, სასამართლო მოხელის შესაბამისი წერილობითი მიმართვა საკასაციო სასამართლოში სამკვიდრო მოწმობის წარმოდგენის თაობაზე, გაეგზავნა და ჩაჰბარდა სავარაუდო უფლებამონაცვლე ლ.ბ–ას წარმომადგენელს - კ.კ–ას. აღნიშნული წერილობითი მიმართვა ასევე გაიგზავნა საქმეში არსებულ ი.ბ–იას მისამართზე და ჩაჰბარდა მის დისშვილს. მოსარჩელის სავარაუდო უფლებამონაცვლეს, გაგზავნილი წერილობითი მიმართვებით განემარტა, რომ უფლებამონაცვლის დაუდგენლობის შემთხვევაში, სარჩელი დარჩებოდა განუხილველი. სამკვირო მოწმობის წარმოსადგენად მას მიეცა 10 დღის ვადა.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობით დასტურდება, რომ მოსარჩელე გარდაიცვალა 2023 წლის 10 იანვარს, ხოლო მოსარჩელის უფლებამონაცვლეობის დადგენის მიზნით, საკასაციო პალატისთვის სავარაუდო უფლებამონაცვლეს არ მოუმართავს, ამავდროულად, ი.ბ–იას სავარაუდო უფლებამონაცვლე (შვილი), მის მიერ წარმოდგენილი განცხადებით თავად ადასტურებდა, რომ განცხადების წარმოდგენის დროისათვის (2025 წლის 18 ივლისი) მემკვიდრეობა ჯერ არ მიუღია. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 281-ე მუხლის „ა“ პუნქტისა და 275-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ პუნქტიდან გამომდინარე, ი.ბ–იას სარჩელი უნდა დარჩეს განუხილველად და უნდა გაუქმდეს წინამდებარე საქმეზე პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის საკითხს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის (სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, ხოლო საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება) გათვალისწინებით, კასატორს - ნ.ქ–ს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% - 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით; 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით, 283-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ქ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ი.ბ–იას სარჩელი დარჩეს განუხილველად.
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 იანვრისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებები;
4. ნ.ქ–ს (........) დაუბრუნდეს 2025 წლის 03 ივლისის №9332 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
თეა ძიმისტარაშვილი