Facebook Twitter

საქმე № ა-273-შ-12-2025 31 ოქტომბერი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – დ.მ–ო

მოწინააღმდეგე მხარე – პ.ჭ–ძე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის ქალაქ სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2023 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2024 წლის 3 ივნისისა და 25 ნოემბრის განჩინება (საქმე №A56-107120/2022)

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რუსეთის ფედერაციის, სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2023 წლის 23 ნოემბრის (საქმე №A56-107120/2022) გადაწყვეტილებით შეწყდა მოქალაქე პ.ე. ძე ჭ–ძის ვალების რესტრუქტურიზაცია. მოქალაქე პ.ე. ძე ჭ–ძე ცნობილ იქნა გადახდისუუნაროდ (გაკოტრებულად) და მის მიმართ დადგინდა ქონების რეალიზაციის პროცედურა ექვსი თვის ვადით. ფინანსურ მმართველად დაინიშნა დ. ნ. ძე მ–ო.

2. რუსეთის ფედერაციის ქალაქ სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 3 ივნისის განჩინებით გაგრძელდა პ.ე. ძე ჭ–ძის ქონების რეალიზაციის პროცედურა 6 თვით - 2024 წლის 22 ნოემბრამდე. ფინანსურ მმართველს დაევალა წარედგინა ანგარიში თავისი საქმიანობის შესახებ შესაბამისი დოკუმენტების წარდგენით 2024 წლის 18 ნოემბრამდე. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილია ცნობა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მოქალაქე ე. ძე პ.ჭ–ძე ოფიციალურად ინფორმირებულია მის მიმართ ქონების გასხვისების პროცედურის წარმოების შესახებ. ასევე, აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ქონების გასხვისების პროცედურამ ვერ მიაღწია შედეგს კრედიტორების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. გაკოტრების საქმის ფარგლებში ფინანსური მმართველის მიერ გასხვისებულია მოვალის ქონებაში შემავალი ერთადერთი ქონება. 2024 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით ფინანსური მმართველის მიერ სხვა ქონების მოძიება ვერ მოხერხდა. შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის ქალაქ სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 25 ნოემბრის განჩინებით კვლავ გაგრძელდა პ.ე. ძე ჭ–ძის ქონების რეალიზაციის პროცედურა 6 თვით - 2025 წლის 22 მაისამდე.

3. 2025 წლის 27 იანვარს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა დ.მ–ომ და რუსეთის ფედერაციის, სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2023 წლის 23 ნოემბრის (№A56-107120/2022) გადაწყვეტილებისა და და ამავე სასამართლოს 2024 წლის 3 ივნისის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოითხოვა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 04 თებერვლის განჩინებით დ.მ–ოს შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქალაქ სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2023 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილების, ამავე სასამართლოს 2024 წლის 03 ივნისისა და ამავე წლის 25 ნოემბრის განჩინებების (საქმე №A56-107120/2022) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

5. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მიიჩნევს, რომ აღნიშნულ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

6. ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამდენად, მითითებული ნორმის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით.

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

8. განსახილველი შუამდგომლობის მთავარ სამართლებრივ პრობლემას წარმოადგენს ის, თუ რამდენად მოდის ქართული სამართლის მართლწესრიგის პრინციპებთან და საჯარო წესრიგთან მოცემული გადაწყვეტილება შესაბამისობაში. აღნიშნული საკითხის პრობლემურობა განპირობებულია იმით, რომ საცნობი და აღსასრულებლად მისაქცევი გადაწყვეტილება მიუთითებს ფიზიკური პირის გაკოტრებულად გამოცხადების აღიარებას. ამ კუთხით, საკასაციო პალატა პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებს გადახდისუუნარობის ქართულ მოწესრიგებაზე და თუ კი დადგინდება აღნიშნულ მოწესრიგებასა და საცნობი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს შორის კოლიზია, სასამართლო მსჯელობას განავრცობს ეწინააღმდეგება თუ არა გადაწყვეტილება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპს.

9. ამ კუთხით, საკასაციო პალატა მიუთითებს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზანია კრედიტორთა მოთხოვნების კოლექტიური დაკმაყოფილება რეაბილიტაციის მიღწევით, ხოლო რეაბილიტაციის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში − გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით. ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, კანონის მოქმედება არ ვრცელდება ფიზიკური პირების გადახდისუუნარობაზე. ამავე მუხლი პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონის მოწესრიგება გადახდისუუნარობის შესახებ მოქმედებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სამეწარმეო სუბიექტების მიმართ, გარდა ინდ. მეწარმისა.

10. „მეწარმეთა შესახებ“ საქართვლოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად სამეწარმეო საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს ინდივიდუალური მეწარმის ან სამეწარმეო საზოგადოების ფორმით. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კოოპერატივი სამეწარმეო საზოგადოებაა, ხოლო მე-4 პუნქტის მიხედვით, სამეწარმეო საზოგადოება არის იურიდიული პირი.

11. ზემოაღნიშნული ნორმების სისტემური განმარტების თანახმად, ქართული კერძო სამართლის მოწესრიგება გადახდისუუნარობის პროცესს (იქნება ეს რეაბილიტაციის თუ გაკოტრების შედეგი) მხოლოდ კომერციული იურიდიული პირების ნაწილში აღიარებს. ასეთი პირების ჩამონათვალსა და ლეგალურ დეფინიციაში არა თუ ფიზიკური პირი, არამედ ინდივიდუალური მეწარმეც კი ვერ ხვდება, შესაბამისად, ქართული საკანონმდებლო მოწესრიგება გამორიცხავს ფიზიკური პირის გადახდისუუნარობის გამო მის გაკოტრებულად გამოცხადებას.

12. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოში უცხო ქვეყნის სამართლის ნორმები არ გამოიყენება, თუ ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. აღნიშნულში იგულისხმება სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტური პრინციპები, როგორიცაა საკუთრების, ხელშეკრულებისა, მეწარმეობის თავისუფლებანი და ა.შ. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ურთიერთობის კონკრეტული მონაწილის უფლებები, არამედ იგი ზიანს აყენებს პირველ რიგში, სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებს.

13. მიუხედავად „საჯარო წესრიგის” ცნების გაურკვევლობისა, ქართული საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმა აკონკრეტებს საჯარო წესრიგის ცნების შინაარსს და მიუთითებს, რომ უცხო ქვეყნის ნორმები არ გამოიყენება, თუ ეს ეწინააღმდეგება „საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.“ ამიტომ, საჯარო წესრიგი გაიგივებულია საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებთან”, რაც საშუალებას აძლევს სასამართლოს მეტი სიზუსტით განსაზღვრონ სამართლებრივი პრობლემის ბედი: ხომ არ ეწინააღმდეგება უცხო ქვეყნის სამართლის ნორმა საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს, ანუ საჯარო წესრიგს. საბოლოოდ უნდა ითქვას, რომ საჯარო წესრიგში მოიაზრება სამი ძირითადი კომპონენტი: მართლმსაჯულების ფუნდამენტური პრინციპები (პროცესუალური და მატერიალური გაგებით); ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები; ზნეობრივი და მორალური ნორმები.

14. საჯარო წესრიგი (Public Order) უპირველეს ყოვლისა მატერიალურსამართლებრივი კატეგორიაა, რომელსაც უშუალო კავშირი აქვს სამართლის იმ სფეროებთან, რომლებიც იყენებენ მატერიალურ სამართალს. თავისთავად, ეს არ გამორიცხავს კოლიზიურსამართლებრივი საჯარო წესრიგის არსებობას, რომელიც ისევ მატერიალური სამართლიდან მომდინარეობს. კოლიზიურსამართლებრივი საჯარო წესრიგი თავისი შინაარსით ნეგატიური ხასიათისაა. ეს იმას ნიშნავს, რომ გამორიცხულია lex causae-ს მოქმედება, თუ ის საქართველოს საჯარო წესრიგს ეწინააღმდეგება.

15. საჯარო წესრიგი მოწოდებულია დაიცვას ქვეყნის მართლწესრიგი იმ უცხოური ნორმების მოქმედებისაგან, რომლებიც ფუნდამენტურად შეუთავსებელია მასთან ეკონომიკური, პოლიტიკური თუ ზნეობრივი ფაქტორებიდან გამომდინარე. საერთაშორისო კერძო სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებულ საჯარო წესრიგს მხოლოდ თავდაცვითი ეფექტი უნდა ჰქონდეს. როგორც ინსტრუმენტის, მისი ნეგატიური ფუნქციაა თავიდან აირიდოს უცხოური სამართლის მოქმედებით გამოწვეული არასასურველი შედეგები. როდესაც, სასამართლო ქვეყნის კოლიზიური ნორმა მიუთითებს უცხო ქვეყნის კანონმდებლობის მატერიალური ნორმის გამოყენებას, ასეთ შემთხვევაში ადგილობრივი მოსამართლე არ უნდა აფასებდეს უცხოურ სამართალს, მხოლოდ უნდა განსაზღვრავდეს კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაში მისი გამოყენების შედეგებს, კერძოდ, ხომ არ ეწინააღმდეგება თავისი ქვეყნის სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.

16. საჯარო წესრიგის ცნება უნდა განიმარტოს ვიწროდ: გადაწყვეტილებათა უმრავლესობა, რომლებიც შეეხება საჯარო წესრიგის ცნებას, ადასტურებს, რომ აღნიშნული საფუძველი უნდა განიმარტოს ვიწროდ და გამოყენებულ იქნას მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე პროცესუალური ან შინაარსობრივი დარღვევების შემთხვევაში. გერმანიის სასამართლომ დაადგინა, რომ ამ საფუძვლით საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმებისათვის, იგი უნდა არღვევდეს ნორმას, რომელიც უკავშირდება საჯარო ან ეკონომიკური ცხოვრების ფუნდამენტურ საკითხებს, ან სასტიკად ეწინააღმდეგებოდეს სამართლიანობის ცნებას გერმანიაში. აქ მოიაზრება მხოლოდ ისეთი ნორმის დარღვევა, რომლისგან გადახვევაც მხარეებს არ შეუძლიათ და რომლითაც კანონმდებელმა დაადგინა ძირითადი და ფუნდამენტური პრინციპი .

17. საჯარო წესრიგის დარღვევის დასადგენად არ კმარა მითითება ხელშეკრულების არასწორად განმარტებასა და სამართლის ნორმების არასწორ ინტერპრეტაციაზე, არასწორი სამართლის გამოყენებაზე, ანდა დავის ფაქტობრივი გარემოებების არასწორ შეფასებაზე. ზემოაღნიშნული საფუძვლების საჯარო წესრიგის დარღვევად მიჩნევა გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების პროცესს გადააქცევდა აპელაციის მექანიზმად.

18. შესაბამისობის შემოწმება არ გულისხმობს გადაწყვეტილების შინაარსის გადასინჯვას და ამ თვალსაზრისით, გადაწყვეტილების დასაბუთების მართებულობის შეფასებას სასამართლოს მხრიდან; მოცემული საკითხისადმი ამ პოზიციის შეუსაბამო მიდგომა, პირდაპირ წინააღმდეგობაში მოვიდოდა ზემოაღნიშნული კანონის მიზანთან.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ კანონის ყველა ნორმის დარღვევა ან/და ადგილობრივ კანონთან ყველა შეუსაბამობა არ წარმოადგენს საჯარო წესრიგის დარღვევას. გადაწყვეტილების (დადგენილების) აღსრულებით უნდა ხდებოდეს სახელმწიფოს მიერ დადგენილი იმპერატიული ნორმების დარღვევა. ცნობა-აღსრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოს არ მოეთხოვება განსაზღვროს, მთელი გადაწყვეტილება არღვევს თუ არა საჯარო წესრიგს, არამედ მნიშვნელოვანია განისაზღვროს, რომ გადაწყვეტილების აღსრულება თავისი ხასიათით წარმოადგენს საჯარო წესრიგის დარღვევას. საპროცესო-სამართლებრივი საჯარო წესრიგი დარღვეულად ითვლება, როცა სასამართლო წარმოების დროს დარღვეულია იმ ქვეყნის საპროცესო-სამართლებრივი იმპერატიული ნორმები, სადაც, გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება არის მოთხოვნილი. საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო სამართალწარმოება ხორციელდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად, ხოლო ამ კოდექსით გათვალისწინებული იმპერატიული ნორმების დარღვევა წარმოადგენს საჯარო წესრიგის დარღვევას. საპროცესო-სამართლებრივი საჯარო წესრიგი წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო-სამართლებრივი ყველა ძირითადი და უმნიშვნელოვანესი პრინციპის ერთობლიობას. სახელმწიფო გადაწყვეტილების აღსრულებისას შებოჭილია საპროცესო-სამართლებრივი საჯარო წესრიგის იმპერატიული ნორმებით და ვალდებულია, დაიცვას „საპროცესო სამართლიანობის ფუნდამენტური ნორმები“ (იხ. სუსგ №ა-952-შ-23-2016, 6 ივლისი, 2015 წელი).

20. ამავდროულად, გადაწყვეტილების (დადგენილების) აღსრულებით უნდა ხდებოდეს სახელმწიფოს მიერ დადგენილი იმპერატიული ნორმების დარღვევა. ცნობა-აღსრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოს არ მოეთხოვება განსაზღვროს, მთელი გადაწყვეტილება არღვევს თუ არა საჯარო წესრიგს, არამედ მნიშვნელოვანია განისაზღვროს, რომ გადაწყვეტილების აღსრულება თავისი ხასიათით წარმოადგენს საჯარო წესრიგის დარღვევას.

21. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობის განხილვის მთავარი სამართლებრივი პრობლემა მდგომარეობს იმაში, უნდა იქნეს თუ არა მიჩნეული საჯარო წესრიგის პოტენციურ დარღვევად ფიზიკური პირის გადახდისუუნაროდ, გაკოტრებულად გამოცხადების საფუძვლით რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით მიღებული გადაწყვეტილებას ცნობა-აღსრულება.

22. უნდა აღინიშნოს, რომ საჯარო წესრიგის მორალურ-ზნობრივი და მეტასამართლებრივი კატეგორიების განხილვა არ არის ამ შემთხვევაში რელევანტური, რადგან საჯარო წესრიგის დარღვევის დასადგენად, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს მისი პოზიტიური სამართლით გათვალისწინებული იმპერატიული ძირითადი პრინციპების მიმართ შესაბამისობა (იქიდან გამომდინარე, რომ სპეციალური კანონის მე-5 მუხლი საჯარო წესრიგს პირველ რიგში უკავშირებს სამართლებრივი პრინციპების დარღვევას). თუ კი შეუსაბამობა დადგინდება, საკმარისი საფუძველია საჯარო წესრიგის დარღვეულად მიჩნევისთვის. მატერიალური გაგებით საჯარო წესრიგის დარღვევის არსებობისთვის, მთავარია დადგინდეს, რომ ნორმა, რომელზეც უცხო ქვეყანა აფუძნებს საკუთარ გადაწყვეტილებას, ეწინააღმდეგება საქართველოში არსებულ სამართლებრივ პრინციპებს, რაზედაც დაფუძნებულია კერძო სამართლის სუბიექტთა შორის ურთიერთობები (ასეთი შეიძლება იყოს მაგალითად განსხვავებული საქორწინო ასაკი, ქორწინების დაშვების განსხვავებული მოწესრიგება (მაგ. პოლიგამიის აკრძალვა).

23. რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობა ითვალისწინებს ფიზიკური პირის გადახდისუუნაროდ, კერძოდ, გაკოტრებულად გამოცხადებას. შესაბამისად, უნდა დადგინდეს, ქართულ საჯარო წესრიგს - პოზიტიური სამართლის ძირითად პრინციპებს ეწინააღმდეგება თუ არა რუსული კანონმდებლობის მოწესრიგება. რადგან გადახდისუუნარობის საფუძვლითაა რუსეთში დავა მოწესრიგებული, უნდა მოიძებნოს როგორ ხდება საქართველოში ანალოგიური დავების რეგულირება და ითვალისწინებს თუ არა მსგავს მოწესრიგებას ადგილობრივი კანონმდებლობა. და თუ კი ითვალისწინებს, რამდენადაა ეს პრინციპულ დონეზე აყვანილი მოწესრიგება. როგორც ზემოთ აღინიშნა, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლი მიუთითებს, რომ აღნიშნული კანონი აწესრიგებს გადახდისუუნარობის პროცესს. ამავე კანონის მეორე მუხლში გაწერილია კანონის მოწესრიგების პრინციპები, ხოლო პრინციპების შესაბამისად მოწესრიგებას დაქვემდებარებული პირია მოვალე, რომელიც კანონის მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტითა და მე-4 მუხლითაა განმარტებული. კერძოდ, მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოთვლის თუ რომელი სუბიექტების, ანუ მოვალეების გადახდისუუნარობის საკითხს აწესრიგებს აღნიშნული კანონი, სადაც ფიზიკური პირი არ არის მითითებული. ამავდროულად, მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი განსაკუთრებულად აღნიშნავს, რომ ინდ. მეწარმის გადახდისუუნარობასაც კი არ აწესრიგებს კანონი. დამატებით, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი იმპერატიულად მიუთითებს, რომ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ფიზიკური პირის გადახდისუუნარობაზე. ეს სამართლებრივი ჯაჭვი პირდაპირ მიზეზობრიობაშია მე-2 მუხლში გაწერილ პრინციპებთან, აქედან გამომდინარე, ცალსახაა, რომ ქართული კანონმდებლობა არა თუ არ უშვებს, არამედ პრინციპის დონეზე კრძალავს ფიზიკური პირის გადახდისუუნარობის ლეგალურ შესაძლებლობას. შესაბამისად, ცალსახაა, რომ გადაწყვეტილების ცნობა გამოიწვევს როგორც სამეწარმეო, ისე გადახდისუუნარობის ქართული კანონმდებლობის პრინციპების დონეზე დარღვევას, რაც თავისთავად საჯარო წესრიგის პოზიტიურ დარღვევას ნიშნავს.

24. რაც შეეხება აღსრულების ნაწილს, როგორც ზემოთ აღინიშნა, მნიშვნელოვანია დადგინდეს, გადაწყვეტილების აღსრულება დაარღვევს თუ არა საჯარო წესრიგს. მოცემულ შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება ფორმულირებულია შემდეგი სახით: ვალების რესტრუქტურიზაცია ფიზიკურ პირზე შეწყდეს, ფიზიკური პირი გამოცხადდეს გადახდისუუნაროდ - გაკოტრებულად. ასეთი სახის სარეზოლუციო ნაწილის აღსრულება შეუძლებელია, რადგან რელევანტური მოწესრიგების ქართული საკანონმდებლო საფუძველი არათუ არ არსებობს, არამედ, როგორც აღინიშნა, პრინციპების დონეზე ეწინააღმდეგება ქართულ გადახდისუუნარობის კანონმდებლობას. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ვერ იქნება საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებადი მისი ქართულ საჯარო წესრიგთან შეუთავსებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,მინსკის კონვენციის“ 55-ე, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, 68-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, ასევე „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ.მ–ოს შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქალაქ სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2023 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2024 წლის 3 ივნისისა და 25 ნოემბრის განჩინების (საქმეზე №A56-107120/2022) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 4 თებერვლის განჩინება, რომლითაც ყადაღა დაედო პ.ე. ძე ჭ–ძის (პ/ნ: ........) სახელზე საქართველოში რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებას (MINI COOPER COUNTRYMAN S, სახელმწიფო ნომრით: ......);

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი