საქმე №ა-5308-შ-115-2025
26 სექტემბერი, 2025 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - მ.ს–ვა
მოწინააღმდეგე მხარე - ა.ო.ა.ა.ა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - დუბაის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2024 წლის 3 ოქტომბრის N2112/2024/100 ჭკვიანი განაჩენი
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2025 წლის 17 სექტემბერს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შუამდგომლობით მომართა მ.ს–ვას წარმომადგენელმა და მოითხოვა ზემოაღნიშნული განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
დუბაის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2024 წლის 3 ოქტომბრის N2112/2024/100 ჭკვიანი განაჩენით, სასამართლომ დაუსწრებლად გამოიტანა გადაწყვეტილება და დადასტურდა მოსარჩელის - ა.ო.ა.ა.ა–ის მიერ, მისი ცოლის, მოპასუხე მ.ს–ვასათვის გამოცხადებული შეუქცევადი განქორწინება სრული განშორებით, რომელიც აითვლება 2024 წლის 1 ოქტომბრიდან. მოპასუხე ქალმა უნდა დაითვალოს თავისი შარიათული იდდა, მისი სტატუსის შესაბამისად. აღნიშნული თარიღიდან (1/10/2024-დან). ასევე მოსარჩელეს ეკისრება სასამართლო ხარჯების და მოსაკრებლების გადახდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, წარმოდგენილი შუამდგომლობა განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხო სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება სხვა ქვეყანაში ამ უკანასკნელის საჯარო ხელისუფლების მიერ განხორციელებული აქტია, რომელთა მიმართებით ეს სახელმწიფო სრული სუვერენიტეტითა და თავისუფლებით სარგებლობს.
უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა/აღსრულების საკითხის განხილვამდე, საქართველოს უზენაესი სასამართლო ამოწმებს, არსებობს თუ არა შუამდგომლობის წარმოებაში მიღების წინაპირობები.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმესთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესია საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენციის საკითხის სრულყოფილად დადგენა. საერთაშორისო განსჯადობის საკითხის გადაწყვეტის მიზნით მნიშვნელოვანია შიდასახელმწიფოებრივი პროცესუალური ნორმების გაანალიზება, ვინაიდან, კონკრეტული სახელმწიფოს სასამართლო სისტემა, მოქმედი საკანონმდებლო დანაწესის საფუძველზე, თავად განსაზღვრავს ეროვნული სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენციის ფარგლებს (იხ. სუსგ Nა-1549-შ-40-2024 29.03.2024 წელი ).
პალატა აღნიშნავს, რომ უცხო ელემენტის შემცველ დავებთან დაკავშირებით საქართველოს სასამართლოები საკუთარი კომპეტენციის დადგენისას ხელმძღვანელობენ „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი დებულებებით (თუ საერთაშორისო ხელშეკრულება ან შეთანხმება, რომლის ხელშემკვრელი მხარეც არის საქართველო, სხვა რამეს არ ითვალისწინებს) (იხ. სუსგ Nა-575-შ-13-2023 ,30.03.2023 წელი ).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს სასამართლოები განიხილავენ სამოქალაქო საქმეებს, რომლებშიც მონაწილეობენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მოქალაქეობის არმქონე პირები, საწარმოები და ორგანიზაციები. ასეთ საქმეებთან მიმართებით საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია გააჩნიათ მაშინ, თუ მოპასუხის რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოშია, ასევე მაშინაც, თუ მოპასუხე რამდენიმე პირია და ერთ-ერთი მათგანის საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი მდებარეობს საქართველოში.
საქართველოს კანონში „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენციის საკითხს დათმობილი აქვს მე-2 თავი.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, საქართველოს სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია, თუ მოპასუხეს საქართველოში აქვს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი.
ასევე „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად, ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ: ა) ერთ-ერთი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა ან ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო; ბ) მეუღლეს, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია საქმე, ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს; გ) ერთ-ერთი მეუღლე მოქალაქეობის არმქონე პირია და ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებში იგულისხმება განქორწინება, ქორწინების შეწყვეტა ან ბათილად ცნობა, ქორწინების ან მეუღლეთა თანაცხოვრების ფაქტის დადგენა. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპეტენცია ვრცელდება განქორწინების დამატებით შედეგებზეც.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი პასპორტის ასლით ირკვევა, რომ მ.ს–ვა არის უკრაინის მოქალაქე, ხოლო ა.ო.ა.ა–ი არის სუდანის მოქალაქე. წარმოდგენილი საქმის მასალებით არ იკვეთება ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საქართველოს სასამართლოების კომპეტენცია კანონით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით. მართალია შუამდგომლობას ერთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული ქორწინების მოწმობა N01221027113, მაგრამ საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება არ წარმოადგენს ისეთ მტკიცებულებას, რომელიც საქართველოს სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენციას დაადასტურებს. რაც შეეხება მის მიერ განცხადებაში მითითებულ გარემოებას საქართველოში ხელახლა დაქორწინების სურვილის შესახებ, აღნიშნული ასევე არ ადასტურებს საქართველოს სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენციას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ.ს–ვას შუამდგომლობა დუბაის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2024 წლის 3 ოქტომბრის N2112/2024/100 ჭკვიანი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, უნდა დარჩეს განუხილველად.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შუამდგომლობის ავტორს შუამდგომლობასთან ერთად წარმოდგენილი აქვს სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლითა და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით ამომწურავადაა განსაზღვრული საქმეთა კატეგორია, რომლებზეც სავალდებულოა სახელმწიფო ბაჟის გადახდა. ზემოაღნიშნული ნორმები არ ითვალისწინებენ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის აღძვრისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის საჭიროებას. ამდენად, შუამდგომლობის ავტორს უნდა დაუბრუნდეს შეცდომით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ს–ვას შუამდგომლობა დუბაის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2024 წლის 3 ოქტომბრის N2112/2024/100 ჭკვიანი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, დარჩეს განუხილველი.
2. მ.ს–ვას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს დ.ს–ნის მიერ (პირადი ნომერი ..........) 2025 წლის 16 სექტემბერს, სს „თიბისი ბანკში“ N7259 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარი; ბანკის კოდი TBCBGE22, სახაზინო კოდი 300773150; მიმღების ბანკი - „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22).
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი