№ას-882-2024
29 სექტემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები - რ.ს–ია, მ.მ–ვა, შ.ფ–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - ე.ხ–ი (მოსარჩელე)
მოპასუხე - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვ–ი-...“
დავის საგანი - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ე.ხ–მა თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვ–ი-2010“-ის, რ.ს–იას, მ.მ–ვასა და შ.ფ–ძის წინააღმდეგ და მოითხოვა:
1.1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სამეურნეო სათავსოს ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტის დადასტურების შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვ–ი-....“-ის 2012 წლის 16 სექტემბრით დათარიღებული N10 ოქმის გადაწყვეტილება;
1.1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სამეურნეო სათავსოს ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტის დადასტურების შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვ–ი-...“-ის 2012 წლის 17 სექტემბრით დათარიღებული N11 ოქმის გადაწყვეტილება;
1.1.3. ბათილად იქნეს ცნობილი სამეურნეო სათავსოს ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტის დადასტურების შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვ–ი-...“-ის 2012 წლის 17 სექტემბრით დათარიღებული N12 ოქმის გადაწყვეტილება.
2. მოპასუხეთა შესაგებელი
2.1. რ.ს–იამ, მ.მ–ვამ, შ.ფ–ძემ და ამხანაგობის წარმომადგენელმა მ.ჯ–ძემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხეებმა მიუთითეს, რომ, 1968 წლიდან, სადავო სხვენი მხოლოდ სახლის ბოლო სართულზე მცხოვრები მოპასუხეების მოვლა-სარგებლობაშია და სხვა რომელიმე მეზობელს სადავო სხვენის მიმართ ინტერესი ან პრეტენზია არასოდეს გამოუთქვამს. ამიტომ, სადავო კრების ოქმებში ამხანაგობამ დააფიქსირა თავისი ნება, რომ სხვენი მხარეთა საცხოვრებელი სახლის ბოლო სართულზე მცხოვრები რ.ს–იას, მ.მ–ვასა და შ.ფ–ძის საკუთრებად დარეგისტრირდეს. მოპასუხეები მიიჩნევენ, რომ ამხანაგობის გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს სადავო კრების ოქმების ბათილად ცნობის საფუძველი.
2.2. საქმის განხილვაზე გამოცხადებულმა ა.ვ–მა, რომელიც სადავო გადაწყვეტილებების მიღების დროს ამხანაგობის თავმჯდომარე იყო, სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს. ა.ვ–მა განმარტა, რომ სადავო კრებები ჩატარდა, მოპასუხეებთან ერთად გაიხსენა კრებების ეზოში ჩატარებასთან დაკავშირებული დეტალები და მიიჩნია, რომ სადავო გადაწყვეტილებები კანონიერია.
3. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ე.ხ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები
4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით:
4.1.1. ე.ხ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა;
4.1.2. მოპასუხე, ბმა „ვ–ი-...“-ის წევრები, რ.ს–იას, მ.მ–ვასა და შ.ფ–ძის გარდა, შეიცვალოს ბმა „ვ–ი-...“-ით;
4.1.3. ე.ხ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;
4.1.4. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება;
4.1.5. ე.ხ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა;
4.1.6. ბათილად იქნა ცნობილი სამეურნეო სათავსოს ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტის დადასტურების შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვ–ი-...“-ის 2012 წლის 16 სექტემბრით დათარიღებული N10 ოქმის გადაწყვეტილება;
4.1.7. ბათილად იქნა ცნობილი სამეურნეო სათავსოს ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტის დადასტურების შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვ–ი-...“-ის 2012 წლის 17 სექტემბრით დათარიღებული N11 ოქმის გადაწყვეტილება;
4.1.8. ბათილად იქნა ცნობილი სამეურნეო სათავსოს ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტის დადასტურების შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვ–ი-...“-ის 2012 წლის 17 სექტემბრით დათარიღებული N12 ოქმის გადაწყვეტილება.
4.2. ქ. თბილისში, ..... მდებარეობს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი და ამ სახლში შექმნილია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვ–ი- ...“.
4.3. ე.ხ–ს მრავალბინიან სახლში ეკუთვნის ბ. N...
4.4. ამავე სახლში ბინები ეკუთვნით რ.ს–იას, მ.მ–ვასა და შ.ფ–ძეს.
4.5. ამხანაგობის 2012 წლის 16 სექტემბრის N10 კრების ოქმით დადგინდა, რომ ბინათმესაკუთეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) ამოქმედების დროისათვის რ.ს–ია მრავალბინიან სახლში ფლობდა 125,53 კვ.მ. სხვენს.
4.6. ამხანაგობის 2012 წლის 17 სექტემბრის N11 კრების ოქმით დადგინდა, რომ სპეციალური კანონის ამოქმედების დროისათვის მ.მ–ვა მრავალბინიან სახლში ფლობდა 68 კვ.მ. სხვენს.
4.7. ამხანაგობის 2012 წლის 17 სექტემბრის N12 კრების ოქმით დადგინდა, რომ სპეციალური კანონის ამოქმედების დროისათვის შ.ფ–ძე მრავალბინიან სახლში ფლობდა 116,07 კვ.მ. სხვენს.
4.8. სადავო ოქმების საფუძველზე მოპასუხეები საჯარო რეესტრში დარეგისტრირდნენ, შესაბამისად, N.........., N .......... და N .......... საკადასტროკოდით რეგისტრირებული ქონების მესაკუთრეებად.
4.9. სადავო ოქმები შედგა ამხანაგობის კრების დადგენილი წესით მოწვევისა და ჩატარების გარეშე და მოსარჩელე მათ თაობაზე ინფორმირებული არ ყოფილა.
4.10. მოპასუხეებმა ვერ დაამტკიცეს, რომ სადავო ოქმებით გადაცემულ ქონებას ისინი 2007 წლის პირველი აგვისტოსათვის, ე.ი. სპეციალური კანონის ამოქმედების დროისათვის ინდივიდუალურად ფლობდნენ.
4.11. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თავდაპირველად, აპელანტმა (მოსარჩელემ) სარჩელი რ.ს–იას, მ.მ–ვას, შ.ფ–ძისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვ–ი-.....“-ის მიმართ აღძრა. მოგვიანებით, მან მოპასუხეთა წრე დააზუსტა და თავდაპირველ მოპასუხეებთან ერთად მათ საპროცესო თანამონაწილეებად ამხანაგობის წევრი სხვა პირებიც მიუთითა. მნიშვნელოვანია, რომ სამართალწარმოებაში დამატებით ჩართული თითქმის არცერთი პირი სამართალწარმოებაში არსებითად არ მონაწილეობდა, ხოლო ერთ-ერთმა მათგანმა სარჩელი ცნო კიდეც.
4.12. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე მოსარჩელემ მოპასუხეთა წრე კვლავ დააზუსტა და სამართალწარმოების გაგრძელება თავდაპირველ მოპასუხეთა მიმართ მოითხოვა.
4.13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამრიგად, მოპასუხეებს მოსარჩელე ირჩევს და იგი უფლებამოსილია, ნებისმიერი მათგანის მიმართ სარჩელზე უარი თქვას კიდეც. სსსკ-ის 85-ე მუხლის საფუძველზე, მას შეუძლია არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლა მოითხოვოს. ამასთან, სსსკ-ის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარეებად შეიძლება იყვნენ ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები.
4.14. სპეციალური კანონის მე-14 მუხლისა და 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მართალია, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა იურიდიული პირი არ არის, მაგრამ იგი სამართალურთიერთობებში, მათ შორის, სასამართლოში საკუთარი სახელით გამოდის. შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა შესაძლებელია, სამართალწარმოების სუბიექტი, მხარე იყოს.
4.15. გარდა ამისა, სსსკ-ის 85-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მოპასუხეა ის, ვინც სარჩელზე პასუხი უნდა აგოს, ე.ი. ის, ვისაც მოსარჩელე უფლების დარღვევას ედავება. მოპასუხეთა გარდა, ამხანაგობის სხვა წევრების მიერ მისი უფლების დარღვევის თაობაზე აპელანტს არ მიუთითებია.
4.16. აღსანიშავია ისიც, რომ სპეციალური კანონის 28-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრს შეუძლია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების ოქმი გაასაჩივროს სასამართლოში. ამ ვითარებაში კი ცხადია, სარჩელზე მოპასუხეს თავად ამხანაგობა და არა მისი ცალკეული წევრები წარმოადგენენ. შესაბამისად, აპელანტის შუამდგომლობა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
4.17. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს პოზიცია იმის თაობაზე, რომ აპელანტმა აღიარებითი სარჩელი აღძრა და სსსკ-ის 180-ე მუხლის თანახმად, ასეთი სარჩელის დასაშვებობის წინაპირობა მოსარჩელის იურიდიული ინტერესია.
4.18. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სადავო კრების ოქმების ბათილად ცნობის შემთხვევაში, მოსარჩელე ამ ოქმებით განკარგული სხვენის ვერც თავის ინდივიდულურ საკუთრებაში გადაცემისა და ვერც სხვენის გადაცემის შეუძლებლობის გამო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას ვერ დააყენებს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრა უპერსპექტივოა. ამდენად, სადავო კრების ოქმების გაბათილებით და შემდგომში იმავე სხვენის ფორმალურად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საკუთრებაში დაბრუნებით არ აღდგება მოსარჩელის უფლება სადავო ფართთან მიმართებით. შესაბამისად, მოსარჩელეს არა აქვს დავის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რაც სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავს.
4.19. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სპეციალური კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, ამ კანონის მიზნებისათვის, გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ე) ინდივიდუალური საკუთრება – ბინის ან/და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრება, აგრეთვე ამ ფართობის შემადგენელი ის ნაწილები, რომლებიც შეიძლება გადაკეთდეს, მოსცილდეს ანდა დაემატოს ისე, რომ ამით გაუმართლებლად არ შეილახოს საერთო საკუთრება ან ინდივიდუალურ საკუთრებაზე დაფუძნებული სხვა რომელიმე ბინის მესაკუთრის უფლება, ასევე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები (სარდაფები, სხვენები და ა. შ.); ვ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონება – მიწის ნაკვეთი, ამავე ნაკვეთზე განთავსებული მრავალბინიანი სახლი, მასთან დაკავშირებული მომსახურე საინჟინრო ქსელების, მოწყობილობა-დანადგარების, შენობა-ნაგებობებისა და კეთილმოწყობის ობიექტების ერთობლიობა, რომელიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში. ამავე კანონის მე-4 მუხლის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალური საკუთრების საგანია ცალკეულ პირთა საკუთრებაში არსებული ბინა, აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები (სარდაფები, სხვენები და ა. შ.); ამხანაგობის წევრები კრებაზე აფიქსირებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) მფლობელობის ამ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ხმათა 2/3-ით იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი, თუ წესდებით არ განისაზღვრება განსხვავებული კვორუმი. მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსებზე (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრმა უნდა წარმოადგინოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების მიერ შედგენილი ოქმი და ნახაზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სამეურნეო სათავსის ადგილმდებარეობის დადგენა. ამავე კანონის 7.1 მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენოს თავის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილები და გამორიცხოს მათზე სხვა პირთა ყოველგვარი ზემოქმედება, თუ ამით იგი არ არღვევს კანონს ან მესამე პირთა უფლებებს.
4.20. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი განჩინება მოიხმო (იხ. სუსგ #ას-17-14-2015, 01.07.2015 წ.), რომლის თანახმად „ამდენად, იმის მიხედვით საერთო საკუთრებაშია თუ, ფაქტობრივ მფლობელობაშია სადავო სამეურნეო სათავსები (სხვენი), შესაძლოა ვიმსჯელოთ მათი განკარგვის კანონით დადგენილი წესის დაცულობაზე. სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი საერთო ქონების იმგვარი განვითარების შემთხვევაში, რომელიც გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, გადაწყვეტილების მიღებას ანდობს ამხანაგობის მხოლოდ ყველა წევრს (100%-იანი კვორუმი), ხოლო მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) ფაქტობრივი მფლობელობის საკითხის გადაწყვეტისათვის საკმარისად მიიჩნევს ამხანაგობის წევრთა 2/3 თანხმობას. შესაბამისად, სამეურნეო სათავსებზე (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად საკმარისია ამხანაგობის წევრთა 2/3-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც“.
4.21. სააპელაციო სასამართლომ, ასევე, მოიხმო საკასაციო სასამართლოს განმარტება საქმიდან - #ას-1024-2022.23.02.2023 წ. - „საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მასალების მიხედვით, მოსარჩელის ინტერესს სადავო კრების ოქმებით განკარგული ქონების სხვენის ამხანაგობის წევრების თანასაკუთრებაში დაბრუნება და ამ ნივთით როგორც ერთ-ერთი თანამესაკუთრის მიერ სარგებლობა წარმოადგენს. სადავო ოქმებით განკარგული ქონების ამხანაგობის თანასაკუთრებად გარდაქმნას და საბოლოოდ, ამ ქონებით, როგორც ერთ-ერთი თანამესაკუთრის მიერ სარგებლობის უფლების დაბრუნებას უკავშირდება. აღნიშნული შედეგით შეიძლება მიღწეულ იქნეს სადავო კრების ოქმების ბათილად გამოცხადების და ნივთის ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრებაში დაბრუნების გზით, რა დროსაც საფუძველი გამოეცლება ქონებაზე ამჟამად რეგისტრირებული მესაკუთრეების საკუთრების უფლებას და ნივთი ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრებაში დაუბრუნდება. ის გარემოება, რომ ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული ქონება განიკარგა სადავო ოქმებით და მასზე წარმოიშვა რ. ს–ას, მ. მ–ვას და შ. ფ–ძის საკუთრების უფლება, თავის მხრივ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, ისარგებლოს აღნიშნული ქონებით, როგორც ამხანაგობის საერთო საკუთრების ობიექტით. კონკრეტულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი განსახილველ საქმეზე მისაღები გადაწყვეტილების იურიდიულ ინტერესს სწორედ სადავო ქონების ამხანაგობისთვის დაბრუნებასა და ამ ქონებით სარგებლობის უფლების (როგორც თანამესაკუთრის) მოპოვებას უკავშირებს. სწორედ აღნიშნული განაპირობებს მოსარჩელის იურიდიული ინტერესს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმების ბათილად ცნობის მიმართ, რასაც ასევე თავადაც გარკვევით მიუთითებს ე.ხ–ი სარჩელში და კერძო საჩივარში“.
4.22. სააპელაციო სასამართლომ მოხმობილ სასამართლო პრაქტიკასა და სსსკ-ის 180-ე მუხლზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ ე.ხ–ს აღიარებითი სარჩელის მიმართ ინტერესი აქვს.
4.23. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, იმის დამტკიცება, რომ მოსარჩელეს ამხანაგობის კრების თაობაზე ინფორმაცია არ მიუღია, კრება არ ჩატარებულა ანდა მოპასუხეები გარკვეულ პერიოდში ქონებას არ ფლობდნენ, ობიექტურად, შეუძლებელია. ამიტომ, შესაგებელში მითითებული და მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტების გამომრიცხველი გარემოებების, ე.ი. შესაგებლის მტკიცების ტვირთი მოპასუხეებს ეკისრებოდათ. აქედან გამომდინარე დაუსაბუთებელია კასატორთა საკასაციო პრეტენზია სარჩელის წარმოებაში მიღებასთან დაკავშირებით, იმის გამო, რომ მოსარჩელეს მტკიცებულებები არ წარუდგენია.
4.24. სპეციალური კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების შემადგენელი მიწის ნაკვეთი, სახლის ნაწილი და ის შენობა-ნაგებობები, დანადგარები, საინჟინრო ქსელები, მოწყობილობები, რომლებიც არ არის ინდივიდუალური საკუთრება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას (საერთო საკუთრებას) წარმოადგენს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას წარმოადგენს მრავალბინიანი სახლის ვესტიბიულები, სადარბაზოები, დერეფნები, კიბის უჯრედები, სარდაფები, სხვენები, საქვაბეები, ტექნიკური სართულები, სახურავები, ლიფტები, სხვადასხვა დანიშნულების შახტები, არხები, ნაგავგამტარები, ბუნკერები და ა. შ., რომლებიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მესაკუთრის წილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში განისაზღვრება მის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის შეფარდებით მრავალბინიანი სახლის ბინათა საერთო ფართობთან.
4.25. სპეციალური კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კი მესაკუთრეს შეუძლია ისარგებლოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებით.
4.26. ამ ნორმათა საფუძველზე, სადავო ოქმებით მოპასუხეთათვის გადაცემული ქონება წარმოადგენდა ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრებას, აპელანტს (მოსარჩელეს) ამ ქონებაში შესაბამისი წილი ეკუთვნოდა და ქონებით სარგებლობის უფლება ჰქონდა.
4.27. სპეციალური კანონის მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, ქმედება, რომელიც მიმართულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების... ფუნქციური ცვლილებებისაკენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების განვითარებაა.
4.28. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სადავო კრების ოქმებით ამხანაგობის წევრთა ქონებას ფუნქცია შეეცვალა - საერთო საკუთრების ნაცვლად მასზე მოპასუხეთა ინდივიდუალური საკუთრება დადგინდა. შესაბამისად, სადავო ოქმებით მოხდა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების განვითარება.
4.29. სპეციალური კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.
4.30. დადგენილია, რომ სადავო ოქმის საფუძველზე მოსარჩელეს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამოყენების უფლება შეეზღუდა. ამის შესაბამისად, გადაწყვეტილება სადავო ქონების განვითარების თაობაზე ამხანაგობას უნდა მიეღო ერთხმად.
4.31. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 50-ე მუხლის თანახმად, ამხანაგობის კრების ოქმი არის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლისა ან შეწყვეტისაკენ მიმართული ნების გამოვლენა, ე.ი. გარიგება.
4.32. დადგენილია, რომ სადავო გარიგებები მოსარჩელის თანხმობის გარეშე დაიდო. სსკ-ის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია მესამე პირის თანხმობაზე, მაშინ როგორც თანხმობა, ასევე მასზე უარი შეიძლება გამოითქვას როგორც ერთი, ისე მეორე მხარის წინაშე. როგორც აღინიშნა, სადავო გარიგებები მოსარჩელის თანხმობაზეც იყო დამოკიდებული, მას კი იგი არც-ერთი მხარის მიმართ არ გამოუთქვამს. შესაბამისად, სადავო გარიგებები, ე.ი. სადავო ოქმები ბათილია.
4.33. სპეციალური კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები კრებაზე აფიქსირებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) მფლობელობის ამ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ხმათა 2/3-ით იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი, თუ წესდებით არ განისაზღვრება განსხვავებული კვორუმი.
4.34. სპეციალური კანონი ძალაში 2007 წლის პირველ აგვისტოს შევიდა.
4.35. ამის შესაბამისად, ზემოხსენებული ნორმით მინიჭებული უფლების რეალიზაციისათვის მოპასუხეებს უნდა დაემტკიცებინათ, რომ ისინი სადავო ოქმებით განკარგულ ქონებას 2007 წლის პირველი აგვისტოსათვის ინდივიდუალურად ფლობდნენ. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი არც-ერთი მტკიცებულება მოპასუხეებს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენიათ.
4.36. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეებმა შესაგებელში მითითებული და აპელანტის მოთხოვნის გამომრიცხველი გარემოებები ვერ დაამტკიცეს.
4.37. ასეც რომ არ იყოს, სპეციალური კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრების მოწვევის შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრებს უნდა ეცნობოს წერილობით. ამ ნორმის მიზნებისათვის კრების მოწვევა სხვადასხვა, თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებითაც არის შესაძლებელი, თუმცა რა საშუალებაც არ უნდა იქნეს გამოყენებული, ამან კრების თაობაზე ამხანაგობის წევრის ინფორმირება უნდა უზრუნველყოს.
4.38. საქმის მასალებით არ დგინდება, რომ 2012 წლის 16 და 17 სექტემბერს ამხანაგობის კრება მართლაც ჩატარდა. ასეც რომ ყოფილიყო, საქმეში არსებული არც-ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ზემოხსენებული კრებების ჩატარების თაობაზე მოსარჩელე ინფორმირებული იყო. ეს კი ნიშნავს, რომ ამხანაგობამ სადავო ოქმები მოსარჩელის ინფორმირების, მისთვის კრების ჩატარების თაობაზე შეტყობინების გარეშე, ანუ კანონდარღვევით შეადგინა.
4.39. სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, გარიგება, რომელიც კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს არღვევს, ბათილია. შესაბამისად, სადავო ოქმებით განკარგული ქონება 2007 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით მოპასუხეთა ინდივიდუალურ მფლობელობაში რომც ყოფილიყო, სადავო ოქმები მაინც ბათილი იქნებოდა კანონსაწინააღმდეგობის გამო (შდრ. სუსგ № ას-383-2022, 6.10.2022 წ.).
5. მოპასუხეთა საკასაციო საჩივრის საფუძვლები
5.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეებმა საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს მისი გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების, სარჩელის უარყოფის თაობაზე, მიღების მოთხოვნით.
5.2. კასატორებმა სსსკ-ის 134.1-ე, 177-ე, 178.1-ე, 186.1-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნეს, რომ ე.ხ–ის სარჩელში ასახულია მხოლოდ ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც არ ეფუძნება კონკრეტულ მტკიცებულებებს, რის გამოც საქალაქო სასამართლოს სარჩელი წარმოებაში არ უნდა მიეღო.
5.3. კასატორები არ ეთანხმებიან სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოპასუხეებს ეკისრებოდათ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელი იყო. კასატორთათვის გაუგებარია რა უნდა ემტკიცებინათ მოპასუხეებს, როდესაც მოსარჩელეს არცერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
6.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივლისის განჩინებით მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
9. მოცემულ შემთხვევაში, კასატორთა ძირითადი საკასაციო პრეტენზია ემყარება იმას, რომ საქალაქო სასამართლოს სარჩელი წარმოებაში არ უნდა მიეღო, რადგან მოსარჩელეს მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება წარდგენილი არ ჰქონია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეებს იმაზე მეტი მტკიცების ტვირთი დააკისრა, ვიდრე მათ ევალებოდათ.
10. ვინაიდან ე.ხ–ს წარმოდგენილი აქვს აღიარებითი სარჩელი, საკასაციო სასამართლო უპირველესად აღიარებითი მოთხოვნის იურიდიულ ინტერესს შეაფასებს, როგორც სამართლის საკითხს, მიუხედავად იმისა, რომ კასატორებს ამ თვალსაზრისით პრეტენზია არ აქვთ წარმოდგენილი.
11. სსსკ-ის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
12. საკასაციო სასამართლოს არაერთ განჩინებაშია განმარტებული, რომ იურიდიული ინტერესი არის ის ფაქტობრივი და სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც ცდილობს მხარე აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით. აღიარებითი სარჩელის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესის არარსებობა არათუ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, არამედ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველსაც კი წარმოადგენს. დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, შესაბამისად, ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო სარჩელის საფუძვლიანობას შეამოწმებს, მნიშვნელოვანია, შეფასდეს აქვს თუ არა მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ და უზრუნველყოფს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას. აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურსამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. აღიარებითი სარჩელი უნდა ემსახურებოდეს მატერიალურსამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმე Nას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი).
13. აღიარებითი სარჩელი დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმე Nას-664-635-2016, 02 მარტი, 2017 წელი).
14. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მასალების მიხედვით, მოსარჩელის ინტერესს სადავო კრების ოქმებით განკარგული ქონების - სხვენის ამხანაგობის წევრების თანასაკუთრებაში დაბრუნება და ამ ნივთით როგორც ერთ-ერთი თანამესაკუთრის მიერ სარგებლობა წარმოადგენს. სადავო ოქმებით განკარგული ქონების ამხანაგობის თანასაკუთრებად გარდაქმნას და საბოლოოდ, ამ ქონებით, როგორც ერთ-ერთი თანამესაკუთრის მიერ სარგებლობის უფლების დაბრუნებას უკავშირდება. აღნიშნული შედეგი შეიძლება მიღწეულ იქნეს სადავო კრების ოქმების ბათილად გამოცხადების და ნივთის ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრებაში დაბრუნების გზით, რა დროსაც საფუძველი გამოეცლება ქონებაზე ამჟამად რეგისტრირებული მესაკუთრეების საკუთრების უფლებას და ნივთი ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრებაში დაბრუნდება. ის გარემოება, რომ ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული ქონება განიკარგა სადავო ოქმებით და მასზე წარმოიშვა რ. ს–ას, მ. მ–სა და შ. ფ–ძის საკუთრების უფლება, თავის მხრივ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, ისარგებლოს აღნიშნული ქონებით, როგორც ამხანაგობის საერთო საკუთრების ობიექტით. კონკრეტულ შემთხვევაში, განსახილველ საქმეზე მისაღები გადაწყვეტილების იურიდიული ინტერესი სადავო ქონების ამხანაგობისთვის დაბრუნებასა და ამ ქონებით სარგებლობის უფლების (როგორც თანამესაკუთრის) მოპოვებას უკავშირდება. სწორედ აღნიშნული განაპირობებს მოსარჩელის იურიდიული ინტერესს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმების ბათილად ცნობის მიმართ, რასაც ასევე თავადაც გარკვევით მიუთითებს მოსარჩელე (იხ. სუსგ #ას-1024-2022, 23.02.2023 წ.)
15. სადავო კრების ოქმის ბათილად ცნობის, როგორც აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობად უნდა იკვეთებოდეს მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი (სსსკ-ის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს). სსსკ-ის 180-ე მუხლით აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმებით: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა მიიღებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა (სუსგ №ას-1525-2019, 16.12.2019წ.). მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიურია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 02.03.2017წ; სუსგ №ას-1235-1155-2017, 30.04.2018წ; №ას-995-2018, 27.09.2018წ; №ას-1153-2020, 30.05.2023წ.). საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სადავო კრების ოქმების ბათილად ცნობის მიმართ მოსარჩელეს აქვს ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რადგან ამ ოქმებით განიკარგა სხვენი, რომელიც მოპასუხეებმა ინდივიდუალურ საკუთრებაში კანონის დარღვევით დაირეგისტრირეს.
16. მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურსამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს, როგორც სპეციალური კანონი, ისე სსკ-ით დადგენილი გარიგების ნამდვილობის განმსაზღვრელი ნორმები, რომელთაგან პირველი წარმოადგენს სადავო ურთიერთობის მარეგულირებელ სპეციალურ კანონს, რამდენადაც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საკუთრების ფორმებსა და სხვა საკითხებს განსაზღვრავს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონის მიზანს სწორედ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვის, ექსპლუატაციისა და განვითარების სამართლებრივი პირობების უზრუნველყოფა წარმოადგენს. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნით, ამხანაგობის წევრებს უფლება მიეცათ, მრავალბინიან სახლებში მდებარე ინდივიდუალური და საერთო საკუთრებაში არსებული ქონება ერთობლივად ემართათ, თუმცა აქვე დაეკისრათ, ვალდებულება შეესრულებინათ კანონის დაცვითა და საფუძველზე (სუსგ №ას-383-2022, 06.10.2022წ.).
17. სპეციალური კანონის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონმდებელი განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში აქცევს, ერთი მხრივ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალურ საკუთრებასა და ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ სამეურნეო სათავსებს (სარდაფები, სხვენები და ა.შ) და, მეორე მხრივ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას. განსხვავებულია მათი განვითარების, განკარგვის პირობებიც და იმის მიხედვით, თუ როგორია საკუთრების უფლების შინაარსი, განსხვავებულია მისი განკარგვისათვის კანონით გათვალისწინებული წინაპირობებიც (იხ. სუსგ Nას-17-14-2015, 01.07.2015 წ.).
18. ბინათმესაკუთრეთა ამხნაგობაში, ინდივიდუალური საკუთრების საგანია ცალკეულ პირთა საკუთრებაში არსებული ბინა, რაც განაპირობებს ამ პირთა ამხანაგობის წევრობას. იმ სამეურნეო სათავსებზე კი, რომელზეც არ არის რეგისტრირებული საკუთრების უფლება, საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის აუცილებელია ფაქტობრივი მფლობელობა კანონის ძალაში შესვლის მომენტისათვის, ამასთან, მფლობელობა უნდა ხორციელდებოდეს ამხანაგობის წევრის მიერ და უნდა დასტურდებოდეს კანონით დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა ვერ დაადასტურეს, რომ სადავო სხვენი მათ მფლობელობაში იმყოფებოდა სპეციალური კანონის ამოქმედებამდე. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ამგვარი მფლობელობის ფაქტი მოპასუხეების მტკიცების ტვირთი იყო.
19. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სამართალში მოქმედებს პრინციპი „affirmanti, non negati, incumbit probatio“ – „მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს“. ამ დებულებიდან გამომდინარე, სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლო საქმეს იხილავს საკასაციო საჩივრის ფარგლებში (სსსკ-ის 404.1 მუხლი) და დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, უფლება არ აქვს გასცდეს საკასაციო საჩივარში დაფიქსირებულ პრეტენზიებს. შესაბამისად, საკასაციო პალატა კასატორებს, მის მიერ განხორციელებული შედავების გათვალისწინებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის რელევანტურობას განუმარტავს.
21. საკასაციო პალატა მიუთითებს სპეციალური კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტზე (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები კრებაზე აფიქსირებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) მფლობელობის ამ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ხმათა 2/3-ით იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი, თუ წესდებით არ განისაზღვრება განსხვავებული კვორუმი. მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსებზე (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრმა უნდა წარმოადგინოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების მიერ შედგენილი ოქმი და ნახაზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სამეურნეო სათავსის ადგილმდებარეობის დადგენა), ასევე, ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველ პუნქტზე (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე) და განმარტავს, რომ იმის მიხედვით საერთო საკუთრებაშია თუ, ფაქტობრივ მფლობელობაშია სადავო სამეურნეო სათავსები (სხვენი), შესაძლოა ვიმსჯელოთ მათი განკარგვის კანონით დადგენილი წესის დაცულობაზე. სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი სპეციალური კანონი საერთო ქონების იმგვარი განვითარების შემთხვევაში, რომელიც გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, გადაწყვეტილების მიღებას ანდობს ამხანაგობის მხოლოდ ყველა წევრს (100%-იანი კვორუმი), ხოლო მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) ფაქტობრივი მფლობელობის საკითხის გადაწყვეტისათვის საკმარისად მიიჩნევს ამხანაგობის წევრთა 2/3 თანხმობას (შდრ. სუსგ №ას-17-14-2015, 01.07.2015წ.). სპეციალური კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას შეუძლია განახორციელოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების, მათ შორის, იმ სახურავის, სხვენის, სარდაფის, მიწის ნაკვეთის, რომლებიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში, სარგებლობის უფლებით გაცემა ან გასხვისება. ეს პუნქტი არ ეხება ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრულ სამეურნეო სათავსებს.
22. დაუსაბუთებელია კასატორთა პრეტენზია, რომ სადავო სხვენის მათთვის საკუთრებაში გადაცემა კანონის დაცვით განხორციელდა, რადგან ვერ დგინდება სპეციალური კანონის ძალაში შესვლის დროს, სადავო სხვენის მოპასუხეთა მიერ ფაქტობრივი ფლობა. ამასთან, დაუდასტურებელია ამხანაგობის კრების მოწვევისა და კანონით დადგენილი წესით ჩატარების ფაქტი.
23. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.
24. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასკვნას სადავო კრების ჩატარებისას კრების მოწვევის კანონით განსაზღვრული წესის დარღვევის თაობაზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის ავტორებს არც ამ მიმართებით წარუდგენიათ იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
25. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა და განმარტა სსსკ-ის 180-ე მუხლი, სპეციალური კანონის შესაბამისი ნორმები, სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ, ამასთან, მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებთა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე (შეადრ. სუსგ-ებს #ას-1389-2022, 20.07.2023 წ., #ას-324-2024, 26.07.2024 წ., #ას-476-2024, 02.10.2024 წ., #ას-979-2024, 17.12.2024 წ.).
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
27. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ.ს–იას, მ.მ–ვასა და შ.ფ–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. რ.ს–იას (პ/ნ .......), მ.მ–ვასა (პ/ნ ........) და შ.ფ–ძეს (პ/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ე.ჯ–ძის (პ/ნ ......) მიერ, საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით, სს „თიბისი ბანკში“ 01.07.2024 წლის N272 საგადასახადო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი