№ას-820-2025 27 ნოემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, თეა ძიმისტარაშვილი
კასატორი – ლ.გ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – იბა „3...ა– ...“, თ.ს–ძე, გ.ხ–ი, ჯ.შ–ძე, ნ.კ–ძე, თ.ფ–ძე, ქ.ხ–ი, გ.ჟ–ნი, ა.ს–ნი, ნ.ბ–ი, მ.ჟ–ნი, ლ.ფ–ძე, გ.კ–ი, ს.კ–ნი, ლ.კ–ნი, რ.კ–ნი, ი.ზ–ი, ი.მ-კ–ძე, ლ.ბ–ი, მ.მ–ი, ნ.ჯ–ი, ლ.ჯ–ი, კ.ჯ–ი, ქ.ჯ–ძე, ვ.ნ–ი, ჯ.ღ–ძე, ა.ღ–ძე, ნ.ღ–ძე, ფ.ღ–ნი, ნ.მ–ი, ო.შ–ძე, ც.გ–ძე, ქ.ჯ–ი, ნ.ც–ნი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ლ.გ–ძემ (შემდეგში მოსარჩელე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების იბა „3...ა– ...-ის“, თ.ს–ძის, გ.ხ–ის, ჯ.შ–ძის, ნ.კ–ძის, თ.ფ–ძის, ქ.ხ–ის, გ.ჟ–ნის, ა.ს–ნის, ნ.ბ–ის, მ.ჟ–ნის, ლ.ფ–ძის, გ.კ–ის, ს.კ–ნის, ლ.კ–ნის, რ.კ–ნის, ი.ზ–ის, ი.მ-კ–ძის, ლ.ბ–ის, ა.ი–ძის, მ.მ–ის, ნ.ჯ–ის, ლ.ჯ–ის, კ.ჯ–ის, ქ.ჯ–ძის, ვ.ნ–ის, ჯ.ღ–ძის, ა.ღ–ძის, ნ.ღ–ძის, ფ.ღ–ნის, ნ.მ–ის, ო.შ–ძის, ც.გ–ძის, ქ.ჯ–ისა და ნ.ც–ნის (შემდეგში - მოპასუხეები) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად 52 000 აშშ დოლარის დაკისრება, ასევე ზიანის ანაზღაურების სახით 3900 აშშ დოლარის დაკისრება.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო ლ.გ–ძის სარჩელი მოპასუხეების მიმართ თანხის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 01 ოქტომბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 01 ოქტომბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მათი გაუქმება.
6. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 აპრილის განჩინებით ლ.გ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ.
7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის წარმომადგენელს მოსამზადებელი სხდომის 2019 წლის 18 ივნისს 15:00 საათზე დანიშვნის შესახებ ეცნობა სატელეფონო აქტის მეშვეობით, 2019 წლის 24 აპრილს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მოსარჩელეს ან მის რომელიმე წარმომადგენელს სასამართლოსთვის გამოუცხადებლობის მიზეზების საპატიოობის შესახებ არ უცნობებია და არც რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება წარუდგენია.
7.2. რაც შეეხება, მოსარჩელის წარმომადგენლის ი.ბ–ძის მიერ საჩივარზე წარმოდგენილ სავადმყოფო ფურცელს, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული არ შეიძლება გამხარიყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი იყო მოსარჩელე/საჩივრის ავტორი მხარის მიერ გაცემული მინდობილობა, რომლითაც დასტურდებოდა, რომ ლ.გ–ძე შესაბამის უფლებამოსილებებს ანიჭებს როგორც ი.ბ–ძეს, ასევე თ.ბ–ს. სასამართლოს განმარტებით, მხარემ ვერ დაასაბუთა თუ რატომ არ შეეძლო ლ.გ–ძის წარმომადგენელს, თ.ბ–ს მიეღო მონაწილეობა საქმის განხილვაში, როცა მას ამის უფლებამოსილება მინიჭებული ჰქონდა შესაბამისი რწმუნებულებით. სასამართლომ, ასევე არ გაიზიარა აღნიშნულთან დაკავშირებით ი.ბ–ძის განმარტება, რომ თ.ბ–ი ვერ განახორციელებდა სრულყოფილ დაცვას, ვინაიდან იგი არ იღებდა მონაწილეობას საქმის განხილვაში, არ იცნობდა საქმის მასალებს. სასამართლომ აღნიშნა, რომ ლ.გ–ძის წარმომადგენელი თ.ბ–ი, ისევე როგორც ი.ბ–ძე მონაწილეობას იღებდა 2018 წლის 26 იანვარს და 2018 წლის 30 მარტს გამართულ სასამართლო სხდომებში, ხელს აწერდა სასამართლოში წარმოდგენილ სარჩელს, შეგებებულ სარჩელზე წარმოდგენილ შესაგებელს და არაერთ განცხადებას ამდენად, სასამართლომ არ გაიზიარა მხარის მითითება იმ გარემოებაზე, რომ სხვა წარმომადგენელი მხოლოდ ტექნიკურ სამუშაოებს ასრულებდა, არ იცნობდა საქმის მასალებს და ვერ განახორციელებდა სრულყოფილ დაცვას.
7.3. პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემაფერხებელი წინაპირობა და შესაბამისად, სახეზე არ იყო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების წინაპირობები.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივნისის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
10. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
10.1. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სათანადო დასაბუთების გარეშე დატოვა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ლ.გ–ძის წარმომადგენლის ი.ბ–ძის სხდომაზე გამოუცხადებლობა განპირობებული იყო საპატიო მიზეზით. ხოლო, თავად კასატორი ვერ მიიღებდა სხდომაში მონაწიელობას, რადგან არის პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. აღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ მხარე დატოვა სამართლიანი სასამართლოს უფლების გარეშე.
10.2. კასატორის პრეტენზია შეეხება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, წარმომადგენელ თ.ბ–ის გამოუცხადებლობის ნაწილში. ლ.გ–ძე აღნიშნავს, რომ მისი ადვოკატი არის ი.ბ–ძე. ხოლო, თ.ბ–ის მინდობილობაში მითითება განაპირობა მის მიერ ტექნიკური დავალებების შესრულების აუცილებლობამ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
11. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
15. საკასაციო საამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი უცვლელად დატოვების თაობაზე განჩინება.
16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების გამოხატულებას და ამ გზით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება, დასაშვებია მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში (სუსგ. №ას-964-929-16, 06.03.2017წ).
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
18. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ მოსარჩელე, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და არც თავისი გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე არ აცნობა სასამართლოს. საქმის განხილვაზე მხარის არასაპატიო გამოუცხადებლობას კანონმდებელი უკავშირებს მის მიერ საქმის განხილვისადმი ინტერესის დაკარგვის ვარაუდს. ამავდროულად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს გარკვეულ სანქციას ისეთი მხარის მიმართ, რომელიც კეთილსინდისიერად არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ საპროცესო მოვალეობებს.
19. ამდენად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის საკანონმდებლო მიზნებიდან გამომდინარე, მოსარჩელის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მოტივით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის შემდეგი წინაპირობების არსებობის სავალდებულობაა დადგენილი: ა) მოსარჩელისათვის საქმის განხილვის შესახებ ინფორმაციის შეტყობინება გონივრულ ვადაში; ბ) მოსარჩელის საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობა; გ) გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არარსებობა; დ) მოპასუხის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
20. სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს, ხომ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ, სახეზე ხომ არ არის შემდეგი: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
21. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა საპატიო გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინების გაგზავნა სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.
22. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას.
23. კასატორი, მისი გამოუცხადებლობის განმაპირობებელ გარემოებად მიუთითებს წარმომადგენელ ი.ბ–ძის საავადმყოფო ფურცელზე ყოფნაზე. ამასთან, მიიჩნევს, რომ წარმომადგენელი თ.ბ–ი მხოლოდ ტექნიკური საკითხების მოგვარებას ახორციელებდა საქმის წარმოების დროს და ვერ დაიცავდა მის ინტერესებს სასამართლო სხდომაზე, ხოლო, თავად ლ.გ–ძე არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.
24. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებსა და კასატორის პრეტენზიებზე. საქმის მასალებით დასტურდება და არც საკასაციო საჩივრით არის შედავებული, რომ მოსარჩელის წარმომადგენელს - ი.ბ–ძეს 2019 წლის წლის 18 ივნისს 15:00 საათზე მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის შესახებ ეცნობა სატელეფონო აქტის მეშვეობით 2019 წლის 24 აპრილს, იგი ასევე გაფრთხილებულ იქნა გამოუცხადებლობის შედეგებთან დაკავშირებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ი.ბ–ძის გამოუცხადებლობის საპატიოობის დასადასტურებლად დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილ საჩივარს ერთვის საავადმყოფო ფურცელი, რომლის თანახმად, ი.ბ–ძე სამუშაოს შესრულებისგან გათავისუფლებული იყო 2019 წლის 06 ივნისიდან 2019 წლის 19 ივნისამდე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებელი მხარეს ავალდებულებს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინების გაგზავნა სხდომამდე შეუძლებელია. მოცემულ შემთხვევაში, ი.ბ–ძე საავადმყოფო ფურცელზე გადავიდა სასამართლო სხდომამდე 12 დღით ადრე, თუმცა მას გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე წინასწარ არ უცნობებინა სასამართლოსთვის, ამასთან, არ მიუთითებია ისეთი გარემოების შესახებ, რაც დაადასტურებდა, რომ ასეთი შეტყობინების გაგზავნა სხდომამდე შეუძლებელი იყო. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას წარმომადგენელ თ.ბ–ის გამოუცხადებლობასთან მიმართებით, მართალია, კასატორი მიიჩნევს, რომ თ.ბ–ის მინდობილობაში მითითება განაპირობა მის მიერ ტექნიკური დავალებების შესრულების აუცილებლობამ, იგი არ იცნობდა საქმის მასალებს და ვერ განახორციელებდა სხდომაზე წარმომადგენლობას, თუმცა, აღნიშნულ პრეტენზიას პალატა ვერ გაიზიარებს. პალატა მიიჩნევს, რომ მხარეს ან მის წარმომადგენელს ჰქონდათ საკმარისი დრო გაცნობოდნენ საქმის მასალებს, ან მოსარჩელე მხარეს სხვა წარმომადგენლის მეშვეობით უზრუნველეყო სასამართლო სხდომაზე ინტერესების დაცვა. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ საქმეში წარმოდგენილია არაერთი განცხადება, რომელიც ხელმოწერილია და წარმოდგენილია თ.ბ–ის მიერ, რომელიც ეხება, როგორც მოპასუხეთა წრის დაზუსტებას, ასევე, საქმის მასალების გაცნობას, შეგებებულ სარჩელზე წარმოდგენილ შესაგებელს, ამასთან აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ წარმომადგენელი თ.ბ–ი 2018 წლის 26 იანვარს და 2018 წლის 30 მარტს გამართულ სასამართლო სხდომებში იღებდა მონაწილეობას როგორც ლ.გ–ძის წარმომადგენელი. მიუხედავად მითითებული მტკიცებულებების საქმეში არსებობა-არარსებობისა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია ლ.გ–ძის მიერ ი.ბ–ძისა და თ.ბ–ის სახელზე გაცემული მინდობილობა (ერთი დოკუმენტი), რითაც დასტურდება, რომ მარწმუნებელმა ორივე წარმომადგენელს მიანიჭა იდენტური, მათ შორის, სსსკ-ის 98-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებები. სასამართლო ამოწმებს საქმეში არსებულ წარმომადგენლობით დოკუმენტს და წარმომადგენლებს შორის უფლებამოსილების მათ მიერ განსხვავებულად განაწილების შემთხვევაშიც, აღნიშნული საფუძვლით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნა, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
25. საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით აღიარებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპი, თუმცა იგი არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას. თავის მხრივ, შეზღუდვა ლეგიტიმურია, თუ იგი კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ საფუძველს ემყარება. ამგვარ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229 მუხლი.
26. რაც შეეხება მხარის მოსაზრებას, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებაზე უარის თქმით დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, ვერც აღნიშნული იქნება შეფასებული დადებითად, რადგანაც პირველ რიგში, მხარეს არ დაუსაბუთებია, თუ რაში გამოიხატა მისი ზემოაღნიშნული უფლების დარღვევის ფაქტი, მითუმეტეს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ მოთხოვნის დასასაბუთებად, სათანადო გარემოებებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, სწორედ კასატორი მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა.
27. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარემ ვერ წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის თანახმად გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების წინაპირობა გახდებოდა.
28. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
29. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
30. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
31. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
33. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ.გ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
თეა ძიმისტარაშვილი