№ას-1033-2025 27 ნოემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, თეა ძიმისტარაშვილი
კასატორი – ქ.ტ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ტ.კ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ტ.კ–მა“ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი აღძრა ხაშურის რაიონულ სასამართლოში ქ.ტ–ძის (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი) მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:
ქ.ტ–ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს:
2020 წლის 24 თებერვლის საბანკო კრედიტის N2131028-10893078 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების - 18 867.28 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 12 601.,58 ლარი, პროცენტი - 2828.35 ლარი, შემცირებული ჯარიმა - 3377.12 ლარი და დაზღვევის თანხა - 60.23 ლარი;
დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2021 წლის 09 ნოემბრიდან) 2020 წლის 24 თებერვლის საბანკო კრედიტის N2131028-10893078 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 12 601.58 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 17.5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 183.77 ლარს;
2020 წლის 23 ივლისის საბანკო კრედიტის N2131028-11030072 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 5524.92 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 3465.7 ლარი, პროცენტი - 2828.35 ლარი, შემცირებული ჯარიმა - 3377.12 ლარი, პროცენტი - 798.4, ჯარიმა - 1252.65 ლარი და დაზღვევის თანხა - 8.17 ლარი;
დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2021 წლის 09 ნოემბრიდან) 2020 წლის 23 ივლისის საბანკო კრედიტის N2131028-11030072 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 3465.7 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 22.25% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 64.25 ლარს;
2020 წლის 29 სექტემბრის საბანკო კრედიტის N2131028-11115047 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1629.33 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 1033.5 ლარი, პროცენტი - 225.6 ლარი, ჯარიმა - 370.23 ლარი;
დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2021 წლის 09 ნოემბრიდან) 2020 წლის 29 სექტემბრის საბანკო კრედიტის N2131028-11115047 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1033.5 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 22.25% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 19.16 ლარს;
15964.76 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება.
2. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლითა და სასამართლოს სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციით, მოპასუხემ ძირი თანხის, პროცენტისა და დაზღვევის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა ცნო. დანარჩენ ნაწილში მიუთითა, რომ მოთხოვნა არის უსაფუძვლო და იშუამდგომლა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, მაქსიმალური შეღავათის გავრცელებაზე.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმყოფილდა ნაწილობრივ; ქ.ტ–ძეს შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2020 წლის 24 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების: ძირი თანხის - 12 601.58 ლარის, პროცენტის - 2828.35 ლარის, პირგასამტეხლოს - 500 ლარის და დაზღვევის - 60.23 ლარის გადახდა; ქ.ტ–ძეს შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2021 წლის 09 ნოემბრიდან) 2020 წლის 24 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 12601.58 ლარზე, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე წლიური 17.5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 183.77 ლარს; ქ.ტ–ძეს შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2020 წლის 23 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების: ძირი თანხის - 3465.7 ლარის, პროცენტის - 798.4 ლარის, პირგასამტეხლოს - 400 ლარის და დაზღვევის - 8.17 ლარის გადახდა; ქ.ტ–ძეს შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2021 წლის 9 ნოემბრიდან) 2020 წლის 23 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 3465.7 ლარზე, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე წლიური 22.25% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 64.25 ლარს; ქ.ტ–ძეს შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2020 წლის 29 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების: ძირი თანხის - 1033.5 ლარის, პროცენტის - 225.6 ლარის, პირგასამტეხლოს -185.11 ლარის გადახდა. ქ.ტ–ძეს შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2021 წლის 09 ნოემბრიდან) 2020 წლის 29 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1033.5 ლარზე, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე წლიური 22.25% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 19.16 ლარს.
4. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმებისა და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მთხოვნით.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცველი დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. 2020 წლის 24 თებერვალს სს „თ.ბ–სა“ და ქ.ტ–ძეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის N2131028-10893078 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 13 550 ლარის ოდენობით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა 17.5% წლიური საპროცენტო განაკვეთი. ასევე, გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, დამატებით დავალიანების 0.5% (არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27%- სა) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
6.2. 2020 წლის 24 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დაირღვა 2020 წლის 25 ნოემბერს, რის გამოც, 2021 წლის 09 ნოემბრის მდგომარეობით მოპასუხეს ერიცხება დავალიანების ძირი თანხა 12 601.58 ლარი, პროცენტი - 2828.35 ლარი, დაზღვევის თანხა - 60, 23 ლარის ოდენობით.
6.3. 2020 წლის 23 ივლისს სს „თ.ბ–სა“ და ქ.ტ–ძეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის N2131028-11030072 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 3 600 ლარის ოდენობით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა 22.25% წლიური საპროცენტო განაკვეთი. ასევე, გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, დამატებით დავალიანების 0.5% (არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27%- სა) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
6.4. 2020 წლის 23 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დაირღვა 2020 წლის 27 ნოემბერს, რის გამოც, 2021 წლის 09 ნოემბრის მდგომარეობით მოპასუხეს ერიცხება დავალიანების ძირი თანხა - 3465.70 ლარი, პროცენტი - 798.40 ლარი და დაზღვევის თანხა - 8.17 ლარის ოდენობით.
6.5. 2020 წლის 29 სექტემბერს სს „თ.ბ–სა“ და ქ.ტ–ძეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის N2131028-11115047 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1050 ლარის ოდენობით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა 22.25% წლიური საპროცენტო განაკვეთი. ასევე, გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, დამატებით დავალიანების 0.5% (არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27%- სა) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
6.6. 2020 წლის 29 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დაირღვა 2020 წლის 27 ნოემბერს, რის გამოც, 2021 წლის 09 ნოემბრის მდგომარეობით მოპასუხეს ერიცხება დავალიანების ძირი თანხა - 1033.50 ლარი, პროცენტი - 225.60 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
6.7. სააპელაციო პალატის მითითებით, აპელანტი ითხოვდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლას და სარეზოლუციო ნაწილის „1.1“ პუნქტით დაკისრებული პირგასამტეხლოს 500 ლარის შემცირებას 100 ლარამდე (400 ლარით); ასევე „1.2“პუნქტში წლიური სარგებლის ოდენობის 17.5%-დან 16%-მდე შემცირებას, რითაც ყოველთიური გადასახდელი შემცირდება 183.77 ლარიდან 168.02 ლარამდე (15.75 ლარით); „1.3.“ პუნქტით დაკისრებული პირგასამტეხლოს 400 ლარის შემცირებას 100 ლარამდე (300 ლარით); „1.4“ პუნქტში - წლიური სარგებლის ოდენობის 22.25%-დან 16%-მდე შემცირებას, რითაც ყოველთიური გადასახდელი შემცირდება 64.25 ლარიდან 46.2 ლარამდე (18.05 ლარით); „1.5“. მოთხოვნაში დაკისრებული პირგასამტეხლოს 185.11 ლარის შემცირებას 85.11 ლარამდე (100 ლარით); და სარეზოლუციო ნაწილის „1.6.“ პუნქტით გათვალისწინებული წლიური სარგებლის ოდენობის 22.25%-დან 16%-მდე შემცირებას, რითაც ყოველთიური გადასახდელი შემცირდება 19.16 ლარიდან 13.78 ლარამდე.
6.8. პალატამ მიუთითა, რომ პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას იხდის. პირგასამტეხლოს არსებობისთვის აუცილებელია მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება და მისი ფულადი თანხით გამოხატვა, რომელიც იდენტიფიცირებადი უნდა იყოს. აღნიშნული წინაპირობებიდან ორივე, განსახილველ შემთხვევაში სახეზე იყო, ვინაიდან, სადავო ხელშეკრულებებში პირგასამტეხლოს შესახებ შეთანხმება არსებობდა და იგი ფულადი სახითა იყო გამოსახული.
6.9. პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოპასუხე მხარეს საქმეზე წარმოდგენილი არ ქონდა კვალიფიციური შესაგებელი სესხის სარგებლისა თუ პროცენტის დაკისრების უსაფუძვლობის ან/და შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე. პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.
6.10. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო და შეამცირა მისი ოდენობა. რაც წარმოადგენდა გონივრულ ოდენობას და სრულად შეესაბამებოდა მოვალის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს.
6.11. რაც შეეხება სააპელაციო პრეტენზიას მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე, პალატამ ამ ნაწილშიც გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და აღნიჩნა, რომ მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა, ბანკს აძლევდა უფლებას მოეთხოვა როგორც დამდგარი ზიანის, ისე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მარტის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩნების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება.
8. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. კასატორი მიიჩნევს, რომ მის მიერ წარმოდგენილია კვალიფიციური შესაგებელი, რომელიც ადასტურებს შეუსაბამოს მაღალი ოდენობის პირგასამტეხლოსა და მიუღებელი შემოსავლის შემცირების აუცილებლობას. კასატორის მოსაზრებით, მისი მოთხოვნის გათვალისწინების შემთხვევაში, გადაწყვეტილება შესაბამისობაში იქნება კეთილსინდისიერების პრინციპთან და სამოქალაქო ბრუნვის ნორმებთან.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 01 სექტემბრის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
14. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.
15. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, ითხოვდა მოვალისათვის თანხის დაკისრებას. შესაბამისად, მოვალის მიმართ, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძლები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 625.1 (მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი), 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 411-ე (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაციგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო) მუხლებიდან გამომდინარეობდა.
16. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზია უშუალოდ იმ გარემოებას შეეხება, რომ სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა მოპასუხის პრეტენზია, პირგასამტეხლოსა და მიუღებელი შემოსავლის შემცირების მიზანშეწონილობის შესახებ.
17. პალატა აღნიშნავს, რომ ვალდებულების დარღვევისას, კანონმდებელმა, კრედიტორს მიანიჭა უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ზოგად წესს განამტკიცებს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურება შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მაგალითად: პროცენტის გადახდა (403-ე მუხლი), პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა (408.1 მუხლი), მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება (411-ე მუხლი) და ა.შ. 18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი არეგულირებს ვალდებულების დარღვევით გამოწვეული მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების წესს და ადგენს, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
19. მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მოპასუხემ დაარღვია მის მიერ შესასრულებელი სახელშეკრულებო ვალდებულებები, ფულის თვისობრივი ფუნქციიდან გამომდინარე, არსებობს პრეზუმფცია, რომ მოპასუხემ ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობით მოსარჩელეს სავარაუდო შემოსავალი დააკარგვინა, პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში, მოპასუხის პასუხისმგებლობის დადგენის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი წინაპირობა, რაც ამ ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს წარმოადგენდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი გარემოებების საწინააღმდეგოდ, კასატორს კვალიფიციური საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2-ე მუხლის თანახმად კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. 20. საკასაციო პალატა ასევე, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეს საქმეზე ამ ნაწილში წარმოდგენილი არ აქვს კვალიფიციური შესაგებელი. ამ მიმართებით საყურადღებოა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201.2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი (მოპასუხის წერილობით პასუხში (შესაგებელში) მითითებული უნდა იყოს: დ) თუ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, რა კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებს ემყარება მისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელის წინააღმდეგ), ამავე მუხლის მე-4 ნაწილი (პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს) და ამავე კოდექსის 219-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული). დასახელებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების ოდენობაზე პრეტენზიის შესახებ, კონკრეტული საფუძვლით და შესაბამისი დასაბუთებით, მოპასუხეს უნდა მიეთითებინა მის ძირითად საპროცესო დოკუმენტში ან უკიდურეს შემთხვევაში მოსამზადებელ სხდომაზე, საქმის მთავარ სხდომაზე განხილვის დაწყებამდე. მხოლოდ იმაზე მითითება, რომ მოპასუხე მარტოხელა დედაა და აქვს მძიმე ეკონომიური მდგომარეობა არ წარმოადგენს მიუღებელი შემოსავლის შემცირებაზე მსჯელობის წინაპირობას.
21. საკასაციო მოთხოვნა შეეხება პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირებას. სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესი (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) იმპერატიულია და მხარეებს არ გააჩნიათ უფლებამოსილება, თავიანთი შეთანხმებით გამორიცხონ იგი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართალია პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, პირგასამტეხლოს შემცირების უფლებამოსილება არის იშვიათი გამონაკლისი, როდესაც სასამართლოს უფლება აქვს, ჩაერიოს მხარეთა ნების ავტონომიაში (ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება) და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, შეამციროს იგი (იხ. ს. ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800). კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო, თუნდაც დაადგინოს პირგასამტეხლოს გამოთვლის უსამართლო წესი. ასეთ შემთხვევაში, მართალია კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა (მისი გამოანგარიშების მეთოდის მიუხედავად) და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე, თუმცა, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს. მაშასადამე, მხარეს, რომელიც პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას ითხოვს, ევალება მისი შეუსაბამობის დადასტურებაც.
22. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე წინასწარ, გაცნობიერებულად დათანხმდა ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით გადახდას. თუმცა, პირველი ინსტანციის სასამართლომ შეამცირა მისი ოდენობა. მხარეთა მიერ შეთანხმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს სასამართლოს მიერ შემცირება, ისედაც მოვალის ინტერესების დაცვას ემსახურებოდა. საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომელიც შემცირებული პირგასამტეხლოს კიდევ უფრო მეტად შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი გახდებოდა და საკასაციო პალატას შეუქმნიდა მტკიცებულებებით გამყარებულ შინაგან რწმენას მასზედ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების პირობებშიც კი, იგი კვლავ შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას წარმოადგენდა. მსგავსი მტკიცების არარსებობის გათვალისწინებით კი, მხოლოდ კასატორის მატერიალურ მდგომარეობაზე მითითება და იმაზე აპელირება, რომ მიუღებელი შემოსავლით მოსარჩელე ისედაც იღებს მოგებას, სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს კიდევ უფრო მეტად შემცირების მიზნებისთვის, არარელევანტურია და ვერ ადასტურებს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლო, მოვალის ინტერესებს გაუმართლებლად ლახავს.
23. მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოვალისათვის დაკისრებული მიუღებელი შემოსავლის ოდენობის კეთილსინდისიერების პრიციპთან და სამოქალაქო ბრუნვის ნორმებთან შეუსაბამობის, ასევე, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს სასამართლოს მიერ არაგონივრულ ოდენობამდე შემცირების მტკიცების ტვირთი კასატორს ეკისრებოდა, რომელმაც სასამართლოს წინაშე დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, რომელიც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივ გაუმართაობას დაადასტურებდა, ვერ წარმოადგინა.
24. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
25. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
26. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
27. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
35. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, ქ.ტ–ძეს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ.ტ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. ქ.ტ–ძეს (..........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის (საგადახდო დავალება N42516238, გადახდის თარიღი 15.08.2025) 70% – 210 ლარი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
თეა ძიმისტარაშვილი