საქმე№ას-1040-2025 27 ნოემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეა ძიმისტარაშვილი, მირანდა ერემაძე
კასატორი – ვ.დ–ვი, ვ.დ–ვი (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ.გ–ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, თანხის დაკისრება, უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების აღიარება, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სარჩელის მოთხოვნა
1.1. ვ.დ–ვმა და ვ.დ–ვმა, 2023 წლის 10 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართეს ზ.გ–ის წინააღმდეგ და მოითხოვეს: 1.1. მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის, მდებარე: ქ. თბილისში, .........., სარდაფი ფართით 9.63 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N..........) გამოთხოვა და მესაკუთრე ვ.დ–ვისთვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა; 1.2. მოპასუხისთვის მოსარჩელე ვ.დ–ვის სასარგებლოდ საიჯარო ქირის - 3 747.50 ლარის გადახდის დაკისრება; 1.3. მოპასუხე ზ.გ–ისთვის მოსარჩელე ვ.დ–ვის სასარგებლოდ საიჯარო ქირის - 3840 ლარის გადახდის დაკისრება; მოპასუხე ზ.გ–ისთვის მოსარჩელე ვ.დ–ვის სასარგებლოდ ყოველთვიურად საიჯარო ქირის - 185 ლარის გადახდის დაკისრება 2023 წლის ივლისის თვიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. მოპასუხის შეგებებული სარჩელის მოთხოვნა
3.1. მოპასუხემ, 2023 წლის 14 ნოემბერს, შეგებებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ვ.დ–ვის, ა.დ–ვის, ვ.დ–ვისა და ს.პ–ის წინააღმდეგ და მოითხოვა: 3.1. უძრავი ნივთის, მდებარე: ქ. თბილისში, .........., სარდაფი ფართით 9.63 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N .......) ნასყიდობის ხელშეკრულების აღიარება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისში .........., (საკადასტრო კოდი N........) 2012 წლის 25 აპრილს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად; 3.2. უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისში, ..........., სარდაფი ფართით 9.63 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N..........) 2023 წლის 27 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; 3.3. ზ.გ–ის მესაკუთრედ ცნობა უძრავი ნივთის, მდებარე: ქ. თბილისში, .........., სარდაფი ფართით 9.63 კვ.მ. საკადასტრო კოდი N..........., (სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტდა, იხ. 16.07.2024წ. სასამართლოს სხდომის ოქმი, 14:31:50 სთ).
4. მოპასუხეთა შესაგებელი
4.1.მოპასუხე ს.პ–მა წარდგენილი შესაგებლით შეგებებული სარჩელი ცნო.
4.2.ვ.დ–ვმა, ა.დ–ვმა და ვ.დ–ვმა წარდგენილი შესაგებლით შეგებებული სარჩელი არ ცნეს.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
5.1.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით ვ.დ–ვისა და ვ.დ–ვის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ზ.გ–ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
6. მხარეთა სააპელაციო საჩივარი
6.1.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
6.2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აგრეთვე მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
7.1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით, ვ.დ–ვის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ზ.გ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ვ.დ–ვის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე ზ.გ–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისი, ............, სარდაფი ფართით 9.63 კვ.მ. ს/კ..............
7.2.სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ო.დ–მა, 2012 წლის 25 აპრილის, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ზ.გ–ს 70 000 აშშ დოლარად მიჰყიდა უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისში ..............., (საკადასტრო კოდი №..............). აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლების შესაბამისი რეგისტრაცია განხორციელდა საჯარო რეესტრში. მითითებული უძრავი ქონება დავის განხილვის პერიოდისთვის ირიცხება ზ.გ–ის საკუთრებად. მტკიცებულება: 25.04.2012 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 24-25); ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 26-27; 28-29; 136-137).
7.3.ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ი–ი-.....“-ის 2012 წლის 7 მარტის N38 კრების ოქმის საფუძველზე ო.დ–ს ინდივიდუალურ საკუთრებაში დაუდასტურდა 9.63 კვ.მ. ფართის სარდაფი, მდებარე - ქ. თბილისში ..........., სადარბაზო III.
7.4.აღნიშნული კრების ოქმის საფუძველზე ო.დ–მა საკუთრების უფლების რეგისტრაციის განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 07/03/2012 წელს; უფლების რეგისტრაცია კი განხორციელდა 13/07/2012 წელს. ფართს მიენიჭა საკადასტრო კოდი N........... მტკიცებულება: N38 კრების ოქმი (ს.ფ. 196-198); ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 32-33; 138-139).
7.5.2015 წლის 25 მაისის N150536054 სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ქ. თბილისში ............ მდებარე 9.63 კვ.მ. ფართის სარდაფი (საკადასტრო კოდი N..............) საკუთრების უფლებით აღირიცხა ა.დ–ვის, ვ.დ–ვის, ვ.დ–ვისა და ს.პ–ის სახელზე. 2023 წლის 4 აპრილიდან კი აღნიშნული უძრავი ქონება, 2023 წლის 27 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ვ.დ–ვის საკუთრებაშია. მტკიცებულება: ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 34-39; 144-147); 27.03.2023 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 254-255).
7.6.ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ი–ი-....“-ის 2012 წლის 7 მაისის N39 კრების ოქმის საფუძველზე ზ.გ–ს ინდივიდუალურ საკუთრებაში დაუდასტურდა 9.63 კვ.მ. ფართის სარდაფი, მდებარე - ქ. თბილისში ..........., სადარბაზო III. მტკიცებულება: N39 კრების ოქმი (ს.ფ. 140-142).
7.7.სასამართლომ მიუთითა, რომ გადაწყვეტილების 3.1.2 და 3.1.4 პუნქტებში აღნიშნული კრების ოქმებით განკარგული ფართები ერთმანეთის იდენტურია. (იგულისხმება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ი–ი-...“-ის 2012 წლის 7 მარტის N38 კრების ოქმის საფუძველზე ო.დ–ის ინდივიდუალურ საკუთრებაში დადასტურებული 9.63 კვ.მ. ფართის სარდაფი, მდებარე - ქ. თბილისში ............. (საკადასტრო კოდი N.............) და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ი–ი-...“-ის 2012 წლის 7 მაისის N39 კრების ოქმის საფუძველზე ზ.გ–ს ინდივიდუალურ საკუთრებაში დადასტურებული 9.63 კვ.მ. ფართის სარდაფი, მდებარე - ქ. თბილისში ...........). მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება.
7.8.ვ.დ–ვის საკუთრებაში არსებული 9.63 კვ.მ. ფართის სარდაფი, მდებარე - ქ. თბილისში .............. (საკადასტრო კოდი N.............) არის ზ.გ–ის მფლობელობაში.
7.9.2023 წელს გაცემული დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში ........... ფართის (საკადასტრო კოდი N............) - 2015 წლის ივნისიდან 2020 წლის ივნისამდე პერიოდში, გაქირავების საშუალო მაჩვენებელმა შეადგინა საშუალოდ 150 ლარი ერთი თვის განმავლობაში, რაც ხუთი წლის პერიოდში მთლიანად 9 000 ლარის ტოლია. (60 თვე X150 ლარი - 9 000 ლარი) უნდა აღინიშნოს რომ ამ პერიოდში ფასთან დაკავშირებით ძირეული ცვლილებები არ მომხდარა. 2020 წლის ივნისის თვიდან 2021 წლის ივნისის თვემდე გაქირავების საშუალო მაჩვენებელმა შეადგინა 170 ლარი ერთი თვის განმავლობაში, რაც ერთი წლის პერიოდში 200 ლარის ტოლია. ზემოთთქმულიდან გამომდინარე 2021 წლის ივნისის თვიდან 2022 წლის ივნისის ჩათვლით გაქირავების საშუალო მაჩვენებელმა შეადგინა 175 ლარი ერთი თვის განმავლობაში, რაც ერთი წლის განმავლობაში 2 100 ლარის ტოლია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 2022 წლის ივნისის თვიდან 2023 წლის ივნისის გაქირავების საშუალო მაჩვენებელმა შეადგინა 185 ლარი ერთი თვის განმავლობაში, რაც ერთი წლის განმავლობაში 2 220 ლარის ტოლია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დღეის მდგომარეობით, 2023 წლის ივნისის გაქირავების საშუალო მაჩვენებელმა შეადგინა 185 ლარი. (ტ.1,ს.ფ. 40-72).
7.10. 2023 წლის 23 ოქტომბერს გაცემული დასკვნით ქ. თბილისში .............. მდებარე 9.63 კვ.მ. ფართის სარდაფის (ს/კ: N.............) საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 5 300 აშშ დოლარით. (ს.ფ. 148-162).
7.11. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილი გარემოებების შეფასების საფუძველზე განმარტა, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ი–ი-....“-ის 2012 წლის 7 მარტის N38 კრების ოქმის საფუძველზე, სადავო სარდაფი ჯერ ო.დ–ს დაუდასტურდა ინდივიდუალურ საკუთრებაში, ხოლო შემდგომ იმავე ამხანაგობის 2012 წლის 7 მაისის N39 კრების ოქმის საფუძველზე - ზ.გ–ს.
7.12. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული კრების ოქმის საფუძველზე, ო.დ–მა საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 07/03/2012 წელს; უფლების რეგისტრაცია კი განხორციელდა 13/07/2012 წელს. ფართს მიენიჭა საკადასტრო კოდი N............ უდავოა, რომ 2015 წლის 25 მაისის N150536054 სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ქ. თბილისში .......... მდებარე 9.63 კვ.მ. ფართის სარდაფი (ს/კ: N..........) საკუთრების უფლებით აღირიცხა ა.დ–ვის, ვ.დ–ვის, ვ.დ–ვისა და ს.პ–ის სახელზე. 2023 წლის 4 აპრილიდან კი აღნიშნული უძრავი ნივთი 2023 წლის 27 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ვ.დ–ვის საკუთრებაშია. (ს.ფ. 34-39; 144-147; ს.ფ. 254-255). ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ სარდაფზე რეგისტრირებულია ვ.დ–ვის საკუთრების უფლება, ხოლო, ზ.გ–ი მას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ ფლობს.
7.13. სააპელაციო სასამართლომ, უკანონო მფლობელობით გამოწვეული გამდიდრების საფუძვლით, თანხის დაკისრების თაობაზე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ მართალია, სპეციალური ცოდნის მქონე პირმა დაიანგარიშა სადავო უძრავი ნივთის ყოველთვიური საიჯარო ქირის ღირებულება, თუმცა მხოლოდ აღნიშნული საკმარისი არ არის მოპასუხისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად. მოსარჩელე უთითებს, რომ მიიღებდა სარგებელს ქონების გაქირავების შედეგად, რაც არის ვარაუდი და არა უტყუარი გარემოება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სადავო ფართი არის დამხმარე და არა საცხოვრებელი, რომლის მოსარჩელის მხრიდან გაქირავებით მიღებული შემოსავალი ან მოპასუხის მხრიდან სარგებლობით დაზოგილი რესურსი საფუძვლიანს გახდიდა მოთხოვნას. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ნივთის არამართლზომიერად გამოყენების შედეგად მიღებული სარგებლის მოპასუხისთვის დაკისრების წინაპირობები არ არსებობდა.
7.14. სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასება და დასკვნები მოპასუხის შეგებებული სარჩელის მოთხოვნების თაობაზე და დამატებით განმარტა, რომ არ დგინდებოდა ო.დ–ის მიერ მოპასუხეზე საცხოვრებელი ბინის გასხვისებასთან ერთად სარდაფის მიყიდვა, შესაბამისად უსაფუძვლო იყო შეგებებული სარჩელის მოთხოვნა.
8. მოსარჩელის საკასაციო მოთხოვნა
8.1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.
9. მოპასუხის საკასაციო საჩივარი
9.1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
10.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელეთა საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული.
10.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ი) 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა, გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
16. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.
17. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან, ზიანის მიყენებიდან (დელიქტი), უსაფუძვლო გამდიდრებიდან თუ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან (იხ.სუსგ. საქმე Nას-369-2023, 13.06.2023წ.; ას-1059-2023, 14.12.2023წ).
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელის მოთხოვნა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა, და ამავე ქონებით უკანონო სარგებლობით გამოწვეული იმ ზიანის ანაზღაურებაა, რომელსაც მოსარჩელე, მისი მტკიცებით მიიღებდა საიჯარო ქირის სახით. ამავე საქმის ფარგლებში წარდგენილი იყო შეგებებული სარჩელი, რომელიც ვინდიკაციური მოთხოვნის საგნის - სადავო უძრავი ქონების შესახებ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად აღიარებას, და ამავე ქონებაზე მოპასუხის მესაკუთრედ ცნობას გულისხმობდა.
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, სარჩელი, მხოლოდ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ნაწილში დაკმაყოფილდა. ორივე მხარის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრებიდან, მოპასუხის საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
20. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების პირობებში, საქმის საუარესოდ შებრუნების დაუშვებლობის პრინციპის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღარ იმსჯელებს ვინდიკაციური მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების ნაწილის მართლზომიერებაზე და მხოლოდ მესაკუთრის ინტერესის გათვალისწინებით, მოპასუხისთვის საიჯარო ქირის სახით ზიანის ანაზღაურების შესახებ შესაფასებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას.
21. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, სადავო უძრავი ნივთის ფლობის გამო, საკუთრების განკარგვის შეუძლებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, მოსარჩელეთა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 982.1 მუხლი (პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი) (შდრ. სუსგ №ას-197-186-2017, 30.05.2017წ.; №ას-685-639-2017, 22.12.2017წ.).
22. სსკ-ის 982-ე მუხლის მიზანთან დაკავშირებით საკასაციო პალატამ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ განსახილველი ნორმით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ, საქმე გვაქვს გამდიდრების გათანაბრებასთან. ამ შემთხვევაში ყურადსაღებია, რომ ხსენებული ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. აქედან გამომდინარე, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება, მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი ღირებულების ანაზღაურება, ანუ საქმე გვაქვს არა ზიანის ანაზღაურებასთან, არამედ გამდიდრების გათანაბრების შემთხვევასთან (იხ. სუსგ-ები: №ას-472-448-2013, 05.12.2013წ.; №ას-1204-2018, 25.01.2019წ., პ.19, №ას-275-2020, 16.11.2021წ; №ას-1227-2018, 15.02.2022წ.). თუკი მოსარჩელემ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უკანონო მფლობელობის გამო დაკარგა გარკვეული სიკეთის მიღების შესაძლებლობა, მას უფლება აქვს, ამოიღოს ეს ქონება ხელმყოფისაგან. სწორედ აღნიშნული ქონებრივი წონასწორობის აღდგენას ემსახურება სსკ-ის 982-ე მუხლი, რომლის თანახმად, ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა (შდრ: სუსგ №ას-685-639-2017, 22.12.2017წ.).
23. ამრიგად, ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობის კვლევისას უნდა შეფასდეს სსკ-ის 982-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 982-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი მიიღწევა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების კუმულაციურად არსებობისას: მოსარჩელე უნდა იყოს სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე; მოპასუხე ნივთს უნდა ფლობდეს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე; ადგილი უნდა ჰქონდეს მოპასუხეთა გამდიდრებას მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისის ხარჯზე (შდრ. სუსგ №ას-197-186-2017, 30.05.2017წ., პ.17). მხოლოდ მითითებული გარემოებების გამოკვლევის შედეგად შეიძლება დასკვნის გამოტანა, არსებობს თუ არა საკუთრების განკარგვის შეუძლებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების/გამდიდრების გათანაბრების საფუძველი (იხ. სუსგ საქმე №ას-479-2020, 14.12.2021 წელი).
24. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. იმავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. იმავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. მოხმობილი ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესოსამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი“ (იხ. სუსგ.: №ას-1326-1252-2012, 25 მარტი 2013 წელი; № ას-1142-1071-2012, 7 მარტი, 2013 წელი).
25. მოცემულ შემთხვევაში, განცდილი ზიანის ანუ დაზოგილი სიმდიდრის (გამდიდრების) ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს. ზიანის ანაზღაურება, ანუ გამდიდრების გათანაბრება, უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას მოჰყვეს დარღვეული ქონებრივი ბალანსის აღდგენა და არა პირუკუ შედეგი - დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. სუსგ. №ას-504-2019, 13.03.2020წ).
26. საკასაციო სასამართლო მითითებულ პრაქტიკასა (ზიანის ანაზღაურება, ანუ გამდიდრების გათანაბრება, უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას მოჰყვეს დარღვეული ქონებრივი ბალანსის აღდგენა და არა პირუკუ შედეგი - დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება) და საქმეზე დადგენილი გარემოებების, აგრეთვე სადავო ქონების სპეციფიკის (სადავო ფართი მცირე ზომის სარდაფია, რომელიც არასაცხოვრებელი და არაკომერციული სტატუსი აქვს) გათვალისწინებით, განმარტავს, მართალია, სპეციალური ცოდნის მქონე პირმა დაიანგარიშა სადავო უძრავი ნივთის ყოველთვიური საიჯარო ქირის ღირებულება, თუმცა მხოლოდ აღნიშნული საკმარისი არ არის მოპასუხისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად. მოსარჩელე უთითებს, რომ მიიღებდა სარგებელს ქონების გაქირავების შედეგად, რაც არის ვარაუდი და არა უტყუარი გარემოება.
27. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
28. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ.დ–ვისა და ვ.დ–ვის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. ვ.დ–ვას (..........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №1755182183, გადახდის თარიღი 15/08/2025) 404.75 ლარის 70% - 283.32 ლარი;
3. ვ.დ–ვს (.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №1755182298, გადახდის თარიღი 15/08/2025) 300 ლარის 70% - 210 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
მ. ერემაძე