Facebook Twitter

№ას-525-2025

5 ნოემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს „H. G–O“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ.“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენა, ხელშეშლის აღკვეთა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს H. G–O-ს წარმომადგენელმა (შემდეგში მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „მ–ის“ (შემდეგში მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა აუცილებელი გზის მოწყობის მიზნით, მოსარჩელეს მიენიჭოს უფლება, გამოიყენოს მოპასუხის საკუთრებაში არსებული N......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიდან (3205.00 კვ.მ.) 158.00 კვ.მ. ფართი; აეკრძალოს მოპასუხეს N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიდან (3205.00 კვ.მ.) 158.00 კვ.მ. ფართზე გზის მოწყობითი სამუშაოების ხელის შეშლა ექსპერტ მ.კ–ას მიერ 2023 წელს შედგენილი საექსპერტო დასკვნის - „ქ. თბილისში, ვაკის რ-ნში, მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთის (ს/კ .........) შემდგომი გამოყენება-განაშენიანების მიზნით და ქალაქის ინფრასტრუქტურაში შეუფერხებელი ინტეგრაციის შესაძლებლობის თაობაზე“, მიხედვით.

სარჩელის მიხედვით, მოსარჩელის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი 14749.00 კვ.მ ოდენობით, მდებარე: ქ. თბილისი, მზიურის მიმდებარე ტერიტორია (ნაკვ. 005/...), ს/კ: ......... მიწის ნაკვეთი ხასიათდება რთული რელიეფით და ნიშნულებს შორის სხვაობა შეადგენს 8-12 მ-ს. აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ემიჯნება: აღმოსავლეთით: ჭავჭავაძის I ჩიხში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი (ს/კ .........), სამხრეთ-დასავლეთიდან: სატრანსპორტო მაგისტრალი; სამხრეთიდან: შპს „ი–ის“ (ს/კ .........), მოქ. გ.ჯ–სა და გ.ფ–ძის (ს/კ ........) და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის (ს/კ ...........) მიწის ნაკვეთები. აგრეთვე, მცირე ფართის დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი ჩრდილოეთიდან და ჩრდილო-დასავლეთიდან - მოპასუხის მიწის ნაკვეთი. ფაქტიური მდგომარეობით განსახილველი მიწის ნაკვეთი მოქცეულია აღნიშნულ მიწის ნაკვეთებს შორის და ერთადერთი საზღვარი საზოგადობრივ სივრცესთან გააჩნია მხოლოდ დასავლეთის მხარეს მდებარე ავტომაგისტრალთან, სადაც განთავსებულია მძლავრი კონსტრუქციის მქონე საყრდენი კედელი და ის უზრუნველყოფს მაგისტრალის ფერდის მდგრადობას. მოსარჩელის მიწის ნაკვეთიდან საჯარო გზასთან დამაკავშირებელი გზის დადგენის მიზნით, მოსარჩელემ დანიშნა ექსპერტიზა. ექსპერტის 16.09.2023 წლის დასკვნის მიხედვით - 1. შესაძლებელია მოეწყოს ნაკვეთთან მისასვლელი გზა-კავშირი ........... ჩიხში მდებარე მაცხოვრებელი სახლის (ს/კ ...........) მდებარე ტერიტორიიდან. თუმცა, მისასვლელი გზა-კავშირის მანძილი საკმაოდ სოლიდურია და შეადგენს 50.0 მ- ზე მეტ მანძილს, რასაც დაუშვებლად მიიჩნევს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N14-39 დადგენილება, განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ სახელმძღვანელო დოკუმენტი. ამასთან, აღნიშნული გარემო არის ჩამოყალიბებული, დასრულებული და კეთილმოწყობილი, რასაც გარდაუვლად მოჰყვება მოსახლეობის სამართლიანი პროტესტი. ექსპერტის მიერ განხილული იქნა გზის მოწყობის ალტერნატიული ვარიანტი კერძოდ, - 2. შესაძლებელია მოეწყოს ალტერნატიული გზა-კავშირი ......... ქუჩის მხრიდან მდებარე მოპასუხის (ს/კ ...........) მიწის ნაკვეთის გარკვეული მონაკვეთიდან, სადაც შესაძლებელია უკვე არსებულ სატრანსპორტო გზა-კავშირს შეუერთდეს სათანადო სერვიტუტის დატანით. გზა-კავშირი, რომელიც იქნება ორივე მესაკუთრისთვის საერთო ზრუნვის ქვეშ და არ დაარღვევს მოპასუხის ასაშენებელი შენობის სამშენებლო პირობებს და მოსარჩელეს (ს/კ: ..........) შეუქმნის ერთადერთ მოსახერხებელ წვდომას საზოგადოებრივ სივრცესთან. საბოლოოდ ექსპერტმა დაადგინა, რომ აუცილებელი გზა უნდა მოეწყოს მოპასუხის (ს/კ ..........) მიწის ნაკვეთიდან. კერძოდ, ........... ქუჩის მხრიდან არსებული მოედნის მიმდებარედ დადგინდეს სერვიტუტი მოსარჩელის საერთო მისასვლელი გზა-კავშირის უზრუნველსაყოფად. სერვიტუტის ფართი არის დაახლოებით 158.0 კვ.მ, ხოლო გზა კავშირის საშუალო სიგანე - 6.6 მ. მოპასუხის სახელზე 2023 წლის 6 აპრილს გაიცა მშენებლობის ნებართვა (ბრძანება N6405787). აღნიშნული მშენებლობის ნებართვით ამ ეტაპზე არ არის გათვალისწინებული მშენებლობის წარმოება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი აუცილებელი გზის მონაკვეთზე. თუმცა არსებობს რეალური საშიშროება იმისა, რომ მშენებლობის ნებართვის დაკორექტირებით მოხდეს აუცილებელი გზის გადაკეტვა, რითაც მოსარჩელეს მოესპობა შესაძლებლობა იქონიოს ყველაზე მოსახერხებელი წვდომა საჯარო გზასთან.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეს მის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთთან მისასვლელად შეუძლია ისარგებლოს არაერთი ალტერნატივით, უკვე არსებული გზის ფარგლებში, რის გამოც არ არსებობს მოპასუხის კუთვნილ ნაკვეთზე კანონისმიერი ბოჭვის დადგენის აუცილებლობა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს არ აქვს არც გზის სტატუსი და არც ფაქტობრივად არ არის მოწყობილი გზა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს „H. G–O“-მ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განჩინებით შპს „H. G–O“-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას საჯარო გზასთან დასაკავშირებლად უალტერნატივოდ ესაჭიროებოდა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ქონების გამოყენება.

7. აღნიშნული გარემოების დადგენის თვალსაზრისით სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის მიერ წარდგენილ საექსპერტო დასკვნაზე (არქიტექტორი - მ.კ–ა, მომზადების თარიღი - 16.09.2023 წელი). რომლის თანახმად, არქიტექტორმა მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან (საკადასტრო კოდი N..........) სრულყოფილი გზა-კავშირის მოწყობისათვის, ერთადერთ დასაშვებ შესაძლებლობად მიიჩნია მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი (ს/კ ..........). კერძოდ, ........... ქუჩის მხრიდან არსებული მოედნის მიმდებარედ დაინიშნოს სერვიტუტი მოსარჩელის (ს/კ .........) საერთო მისასვლელი გზა-კავშირის უზრუნველსაყოფად. სერვიტუტის ფართი არის დაახლოებით 158.0 კვ.მ, ხოლო გზა კავშირის საშუალო სიგანე - 6.6 მ.

8. სააპელაციო პალატამ მიუთითა ასევე, სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობის დადასტურების მიზნით, მოპასუხის მიერ წარმოდგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულის ბიუროს 15/05/2024 წლის N003198424 დასკვნაზე. აღნიშნული დასკვნის თანახმად, ექსპერტმა განიხილა N........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთში მოხვედრის 6 ვარიანტი, კერძოდ, პირველი ვარიანტით გავლის შემთხვევაში: N......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთში მოხვედრა, ისე რომ არ გაიაროს რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები შესაძლებელია ნ.რ–ის ქუჩიდან N........... და N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ნაკვეთებს შორის არსებული დაურეგისტრირებელი სივრცის გავლით (იხ. დანართი N1- ზე ლურჯი ფერით აღნიშნული მიმართულება). მეორე ვარიანტით გავლის შემთხვევაში: N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთში მოხვედრა, ისე რომ არ გაიაროს რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები, შესაძლებელია ........... ჩიხიდან დაურეგისტრირებელი თავისუფალი სივრცის გავლით, სადაც ფაქტობრივად განთავსებულია მწვანე ნარგავები, ხეები (იხ. დანართი N1-ზე მწვანე ფერით აღნიშნული მიმართულება). მესამე ვარიანტით გავლის შემთხვევაში: N.... ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთში მოსახვედრად შესაძლებელია მისასვლელმა გზამ გაიაროს .......... გამზირიდან დაურეგისტრირებელი თავისუფალი სივრცის გავლით (გზა) შემდგომ N.......... მიწის ნაკვეთის, ისევ თავისუფალი სივრცის და ან N........... ან N..........საკადასტრო კოდი რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების გავლით (იხ. დანართი N1-ზე ცის ფერით აღნიშნული მიმართულება). მეოთხე ვარიანტით გავლის შემთხვევაში: N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთში მოსახვედრად შესაძლებელია მისასვლელმა გზამ გაიაროს .......... ქუჩიდან N .......... მიწის ნაკვეთის გავლით, რომელიც დატვირთულია სერვიტუტით და შემდგომ ან N.......... ან N.......... ან N......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების გავლით (იხ. დანართი N1-ზე ყვითელი ფერით აღნიშნული მიმართულება). მეხუთე ვარიანტით გავლის შემთხვევაში: N......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთში მოხვედრა შესაძლებელია ......... ქუჩიდან, რა შემთხვევაშიც მისასვლელი (სამანქანე) გზა გადაკვეთს N..........მიწის ნაკვეთს (იხ. დანართი N1-ზე ვარდის ფერით აღნიშნული მიმართულება). მეექვსე ვარიანტით გავლის შემთხვევაში: N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთში მოხვედრა დღეის მდგომარეობით შესაძლებელია ....... ქუჩიდან N............ მიწის ნაკვეთის გავლით თუმცა 06.04.2023 წელს გაცემული N6405787 ბრძანებით შეთანხმებული პროექტით მშენებლობის დასრულების შემთხვევაში საკვლევ მიწის ნაკვეთში მოხვედრა შეუძლებელი იქნება (იხ. დანართი N1-ზე წითელი ფერით აღნიშნული მიმართულება). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ექსპერტმა დაასკვნა, რომ N........... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთში მოხვედრა შესაძლებელია საქვეითო გადაადგილებით, ისე რომ არ გაიაროს რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები დანართ N1-ზე ვარდისფერი და ლურჯი ფერით მითითებული მიმართულებებით. ხოლო, საავტომობილო გზით მოხვედრა შესაძლებელია 6 ვარიანტად და მათგან ოპტიმალურს წარმოადგენს დანართ N1-ზე ლურჯი ფერით მითითებული მიმართულება, თუმცა მოწყობილია შლაგბაუმი ნ.რ–ის ქუჩის მხარეს (იხ დანართი N1 და ფოტო მასალა). აღნიშნული ვარიანტით საავტომობილო მისასვლელი არ საჭიროებს სხვა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების და მნიშვნელოვანი სამშენებლო სამუშაოების ჩატარებას, საკვლევი მიწის ნაკვეთის რელიეფის თავისებურებიდან გამომდინარე. ამასთან, აღნიშნული მისასვლელი გზის მოწყობის შემთხვევაში საჭიროა შედგენილ იქნას შესაბამისი პროექტი, რომელიც დაზუსტებულ იქნება ადგილზე (პროექტი მოიცავს გზის ფართის, მოხვევის რადიუს(ებ)ის, კონფიგურაციის და სიგანის ზუსტ განსაზღვრას), ასევე მიღებულ იქნას ყველა საჭირო ნებართვა შესაბამისი სამსახურების მხრიდან (სსიპ „ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“ საპროექტო მომსახურებას არ ახორციელებს. შესაბამისად ხსენებული აქტის მომზადება უნდა მოხდეს შესაბამისი კომპეტენციის მქონე საპროექტო ორგანიზაციის მიერ).

9. პალატამ მიუთითა სპეციალისტის ნ.ს–ძის და არქიტექტორის მ.კ–ას ჩვენებებზე. კერძოდ: სპეციალისტის ნ.ს–ძის ჩვენებით: მის მიერ შერჩეული მე-6 ვარიანტით მისასვლელი გზა არ კვეთს არც ერთ საკადასტრო კოდს და ყველაზე მოკლე მანძილია მოსარჩელის ნაკვეთამდე მოსახვედრად. ექსპერტის განმარტებით, მას აღნიშნული ვარიანტით გათვალისწინებული მისასვლელი გზის სიგანე არ შეუმოწმებია, თუმცა რადგან მიუთითა საავტომობილო გზის დადგენის შესაძლებლობაზე, შესაბამისად, არსებობს საკმარისი მონაცემები საავტომობილო გზის მოსაწყობად. აღნიშნული ჩანს ფოტომასალიდანაც. რაც შეეხება მოპასუხის გზის გავლით აუცილებელი გზის მოწყობას, ექსპერტმა აღნიშნა, რომ მოპასუხის მიწის ნაკვეთზე აღებულია სამშენებლო ნებართვა და მიმდინაროებს მშენებლობა. შესაბამისად, ამ ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს კიბე, რაც შეუძლებელს გახდის საავტომობილო გზის მოწყობას. ამასთან, გზის პარამეტრებთან დაკავშირებით, ექსპერტმა განმარტა, რომ მის მიერ მომზადებულ დასკვნაში გათვალისწინებული იყო ის გარემოებები, რომლებიც შესაბამისი ნორმატირული მასალით არის განსაზღვრული. არქიტექტორის მ.კ–ას ჩვენებით: მის მიერ დასკვნის მომზადების პერიოდში, მოპასუხის მიწის ნაკვეთზე მშენებლობა დაწყებული არ იყო, მხოლოდ ქვაბული იყო ამოჭრილი. ამდენად, მიმდინარე მშენებლობა მოპასუხის მიწის ნაკვეთის გავლით გზის მოსაწყობად ხელს შეუშლის. ამასთან, ექსპერტმა აღნიშნა, რომ ნ.ს–ძის მიერ მომზადებულ დასკვნაში მითითებული მე-6 ვარიანტიც ოპტიმალურია. თუმცა, აღნიშნულ გზაზეც უნდა მოხდეს პარამეტრების კორექტირება.

10. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, ექსპერტთა ჩვენებითა და მათი მიერ შედგენილი დასკვნების ურთიერთშეჯერებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობები. სასამართლოს აღნიშნული დასკვნა ემყარება შემდეგ გარემოებებს: მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის კვლევითი ნაწილიდან ირკვევა, რომ ექსპერტმა შეისწავლა თბილისის არქიტეტურის სამსახურის ვებ.გვერდიდან N........... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე 06.04.2023 წელს გაცემული N6405787 ბრძანებით შეთანხმებული პროექტის ესკიზი, საბოლოო საავტომობილო მოძრაობის ორგანიზების გეგმა, გენ.გეგმა და სართულებრივი გეგმა (იხ. დანართი N2). რეგისტრირებული მონაცემების და აღნიშნული პროექტის გათვალისწინებით პროექტში N.......... და N......... ნაკვეთების მომიჯნავედ ნაჩვენებია კიბე, რომლის მოწყობის შემთხვევაში შეუძლებელი იქნება N......... მიწის ნაკვეთთან ფაქტობრივად არსებული დანართი N1-ზე წითელი ფერით აღნიშნული მისასვლელით სარგებლობა (დანართი N1 და N2). N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთში მოხვედრა შესაძლებელია 6 ვარიანტად. მეექვსე ვარიანტით გავლის შემთხვევაში: N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთში მოხვედრა დღეის მდგომარეობით შესაძლებელია ........... ქუჩიდან N.......... მიწის ნაკვეთის გავლით, თუმცა 06.04.2023 წელს გაცემული N6405787 ბრძანებით შეთანხმებული პროექტით მშენებლობის დასრულების შემთხვევაში საკვლევ მიწის ნაკვეთში მოხვედრა შეუძლებელი იქნება (იხ. დანართი N1-ზე წითელი ფერით აღნიშნული მიმართულება). ექსპერტის დასკვნას ერთვის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტეტურის სამსახურის მიერ 06.04.2023 წელს გაცემული N6405787 მშენებლობის ნებართვა N.......... საკადასტრო კოდზე. აღნიშნული ბრძანების მომზადებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, 51-ე, 96-ე, მე-100 მუხლებით, VI თავის, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტეტუტული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N255 დადგენილებით დამტკიცებული მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესების და პირობების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N39-18 დადგენილებით დამიტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N14-39 დადგენილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების მიხედვით. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია შპს „ნ.პ–ის“ მიერ შესრულებული გეოდეზიური სამუშაოების შესრულების აქტი (17.07.2024წ.), საიდანაც ირკვევა, რომ აზომვის შედეგად მიღებული ინფორმაცია დამუშავებულია კამერალურად სპეციალური CAD პროგრამით და მიღებული შედეგების საფუძველზე მომზადდა ობიექტის სიტუაციური გეგმა. გეგმაზე ასახული ს/კ ......... -ის ტერიტორიაზე არსებული ასფალტის საფარის ფართობით ანაზომი კონტურის შესაბამისად შეადგენს 157.90 კვ.მ. (ასფალტის ყველაზე განიერი მონაკვეთის სიგანეა 8,26 მ, ყველაზე ვიწრო - 4.15 მ)., ასევე გეგმაზე ასახულია ს/კ ..........-ის სამხრეთით არსებული ფილის ფაქტობრივი მდგომარეობა და მისი ჯამური ფართობი ანაზომი კონტურის შესაბამისად შეადგენს 418.26 კვ.მ, (ზომებით: 7.1*57.24*7.04*63,27). პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული აუცილებელი გზის სიგანე 8,26 მეტრია, ხოლო ყველაზე ვიწრო მონაკვეთი 4.15, განსხვავებით მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადგენილი მე-6 ვარიანტისა, რომლის სიგანეც 7 მეტრზე ნაკლებად არ მცირდება.

11. ამრიგად პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა არ შეიცავდა დადასტურებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ერთადერთ და პროპორციულ საშუალებას აუცილებელი გზის უფლების დადგენის მიზნით, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დგინდება სხვა ალტერნატიული გზის დადგენის შესაძლებლობაც. ამასთან, მოპასუხის მიწის ნაკვეთზე გაცემულია სამშენებლო ნებართვა (მშენებლობის ვადად განსაზღვრულია პერიოდი 2023 წლის 6 აპრილიდან 2025 წლის 6 აპრილის ჩათვლით), რომლის განხორციელების შემთხვევაში მის მიწის ნაკვეთზე შეთავაზებული პირობებით აუცილებელი გზის დადგენა შეუძლებელია. როგორც მოპასუხის, ისე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნებით, ალტერნატირული გზის დადგენა საჭიროებს დამატებით პარამეტრების კორექტირებას (იხ. ექპერტ/სპეციალისტების სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებები).

12. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ასევე მოთხოვნა მოპასუხის მიერ ხელშეშლის აკრძალვის ნაწილში და აღნიშნა, რომ აუცილებელი გზის მოწყობის თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა გამორიცხავს ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებას.

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა საკასაციო საჩივარი, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

14. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

14.1. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან აუცილებელი გზის მოწყობის ერთადერთი საშუალებას არ წარმოადგენს მოპასუხის საკუთრებაში არსებული №........საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი. კასატორი აღნიშნავს, რომ გზის მოწყობას და მის პარამეტრებს არეგულირებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილების ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები’’ მე-8 მუხლი, რომლის 3.1-ე პუნქტის მიხედვით - ,,ამ დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განაშენიანების რეგულირების გეგმის ეტაპზე წინადადება უნდა მოიცავდეს საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემას საპროექტო ტერიტორიის სატრანსპორტო/საგზაო ინფრასტრუქტურის დატანით საკვლევ ტერიტორიასთან კავშირის ჩვენებით, მათ შორის, გათვალისწინებულ უნდა იქნას, რომ ინდივიდუალური განაშენიანების შემთხვევაში საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემაში და გეგმარებაში (არსებობის შემთხვევაში) და საკადასტრო საზღვრის მიმდებარედ გათვალისწინებული ტროტუარების სიგანე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1.5 მეტრს, ხოლო მრავალფუნქციური კომპლექსის ან მრავალბინიანი საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი ობიექტის განთავსებისას – 2.5 მეტრს. ამასთან, ინდივიდუალური განაშენიანებისას ორმხრივი მოძრაობის შემთხვევაში გზის სიგანე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5.5 მეტრს, ხოლო ცალმხრივი მოძრაობის შემთხვევაში – 3.5 მეტრს. მრავალფუნქციური კომპლექსის ან მრავალბინიანი საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი ობიექტის განთავსებისას ორმხრივი მოძრაობის შემთხვევაში გზის სიგანე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 6.0 მეტრს, ხოლო ცალმხრივი მოძრაობის შემთხვევაში – 3.5 მეტრს.’’ ვინაიდან, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი მიეკუთვნება მე-6 კლასის საცხოვრებელ ზონას, მისთვის განკუთვნილი გზის პარამეტრები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს - ტროტუარების სიგანე 2,5 მეტრს და საავტომობილო გზის სიგანე 6 მეტრს. მოსარჩელის მიერ წარდგენილი მისასვლელი გზის და საფეხმავალო ბილიკის განლაგების სავარაუდო სიტუაციური გეგმის მიხედვით მხოლოდ შპს ,,მ–ის’’ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გავლით შესაძლებელია მე-6 საცხოვრებელი ზონისთვის დადგენილი ჯეროვანი გზის მოწყობა. აღნიშნულზე მიუთითებს როგორც ზემოთ ხსენებული ნახაზი, მ.კ–ას დასკვნა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა და ექსპერტების მიერ მიცემული განმარტებები. აღსანიშნავია, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მან შეადგინა მოსარჩელის მიწასთან მისასვლელი გზების სავარაუდო ვარიანტები და მას არ გამოუკვლევია აღნიშნული ვარიანტების შესაბამისობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებასთან. ვინაიდან, მის კომპეტენციაში არ შედის საჯარო გზებთან მისასვლელი გზის პროექტების შედგენა. თავის მხრივ მ.კ–ა, რომლის პროფესიული საქმიანობა მოიცავს მსგავსი ტიპის პროექტების შედგენას, მოსარჩელისთვის საჯარო გზასთან ჯეროვანი გზის დადგენის ვარიანტების განხილვისას ხელმძღვანელობდა ზ/ხსენებული ნორმატიული აქტით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით. ვინაიდან, ნორმატიული აქტით დადგენილი მოთხოვნების იგნორირების შემთხვევაში ვერ იქნება შესრულებული სსკ-ის 180-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნა - უზრუნველყოფილი იქნეს მესაკუთრის უფლება, ჰქონდეს მას ჯეროვანი გამოყენებისათვის საჯარო გზებთან დამაკავშირებელი გზა.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

16. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. 18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

19. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

20. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

21. საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შეფასების საგანს სამეზობლო სამართლიდან გამომდინარე მოთხოვნის - აუცილებელი გზის უფლების დადგენის წინაპირობების არსებობა წარმოადგენს.

22. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის წარმოშობილი სადავო სამართალურთიერთობა სანივთო სამართლიდან გამომდინარეობს. მოსარჩელე მოითხოვს აუცილებელი გზის უფლების დადგენას, შესაბამისად, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილი წარმოადგენს.

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და მესაკუთრის უფლებები – ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით) ისე, რომ არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, შეიძლება შეიზღუდოს კანონით ან ხელშეკრულებით.

24. საკუთრების უფლების შეზღუდვის ერთ-ერთი შემთხვევა რეგლამენტირებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს. შესაბამისად, 180-ე მუხლი წარმოადგენს საკუთრებით თავისუფალი სარგებლობის უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს და გამართლებულია სხვა მესაკუთრის აუცილებელი საჭიროებით (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება). ამასთანავე, უფლებათა კონკურენციის საკითხი კანონმდებლობით მოწესრიგებულია იმგვარად, რომ მესაკუთრეს, რომლის ნივთთან კავშირიც სხვა მესაკუთრის ინტერესებიდან გამომდინარე ეზღუდება, მიეცემა კომპენსაცია, რაც უფლებაში ჩარევის ადეკვატური საშუალება უნდა იყოს.

25. სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება, მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტური მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ.

26. სსკ-ის 180-ე მუხლით სხვისი საკუთრებით სარგებლობის უფლება წარმოადგენს საკუთრებით სარგებლობის უფლების შეზღუდვის კანონისმიერ (არასახელშეკრულებო) უფლებას მეზობელი მესაკუთრის თანხმობის მიუხედავად. ამასთან, მეზობელი მიწის ნაკვეთის გამოყენება სხვა მიწის ნაკვეთის სასარგებლოდ შესაძლებელია სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზეც, ანუ მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან შეთანხმებითაც (სსკ-ის 247-ე მუხლი, სერვიტუტი) (სუსგ №ას-1549-2018 25.01.2019წ.) აუცილებელი გზის უფლების რეალიზაციაზე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე თავის მეზობელს უარს ვერ ეტყვის, სხვა შემთხვევაში კი გადამწყვეტია მხარეთა ურთიერთშეთანხმება (გიორგი რუსიაშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, თბილისი, 2018, მუხ. 247, ველი 5); (შდრ. სუსგ.-ებები: №ას-1108-1312-05, 18.07.2006წ.; №1416-1548-04 21.04.2005წ.; საქმე №ას-45-2021, 22.04.2021წ.).

27. მნიშვნელოვანია ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს აუცილებელი გზისა და სერვიტუტის შემთხვევები: აუცილებელი გზა ყოველთვის ნაკარნახებია უალტერნატივო აუცილებლობით და დგინდება კანონის საფუძველზე. სერვიტუტი, თავის მხრივ, ყოველთვის მხარეთა ნების საფუძველზე დგინდება, ანუ იქ, სადაც მხარეები თანხმდებიან. აუცილებელი გზის დადგენა სერვიტუტის ფორმითაც არის შესაძლებელი, ამ შემთხვევაში სახეზე უნდა იყოს მხარეთა შეთანხმება. სერვიტუტის დადგენა აუცილებლობიდან არ გამომდინარეობს, ის ნებისმიერ შემთხვევაში შესაძლებელია წარმოშვას. იქ, სადაც მხარეთა ნება გამორიცხულია, კანონი ერევა უხეშად და სწორედ კანონისმიერი უფლების დადგენის გზით გვარდება სამართლებრივი კონფლიქტი. აუცილებელი გზის კონსტრუქციით კანონმდებელმა შემოიტანა საკონტროლო მექანიზმი, რომლითაც, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში შეუძლია, ისარგებლოს იზოლირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ, მიწის ნაკვეთის აუცილებელ კომუნიკაციებთან კავშირის უზრუნველსაყოფად (თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ. 281). ამდენად, აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება - ესაა კანონით დადგენილი საკუთრების უფლების შეზღუდვა (ე. წ. „აუცილებელი გზის სერვიტუტი“, „servitus №ecessaria“) და იგი წარმოიშობა მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც არის ცალმხრივი აღმჭურველი ნების გამოვლენა (ლევან თოთლაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, თბილისი, 2018წ., მუხ.180, ველი 1) (იხ. სუსგ საქმე №ას-1147-2021, 31 მარტი, 2023 წელი).

28. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ აუცილებელი გზის უფლების თაობაზე სარჩელი ფორმალურად გამართულია, თუკი მოსარჩელე მიუთითებს ნორმით განსაზღვრულ ყველა წინაპირობაზე: ის უნდა წარმოადგენდეს მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს; მიწის ნაკვეთს არ უნდა გააჩნდეს ჯეროვანი კავშირი საჯარო გზასთან; მეზობელი ნაკვეთის აუცილებელ გზად გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ნივთის ფაქტობრივი მდებარეობითა და ფუნქციური დანიშნულებისამებრ გამოყენებით; მეზობელი მიწის ნაკვეთი უნდა იყოს მიზნის მიღწევის ერთადერთი პროპორციული საშუალება. იმის მიხედვით, თუ ჩამოთვლილთაგან რომელ ფაქტებს შეედავება მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრე, განისაზღვრება მტკიცების საგანი (სადავო ფაქტები) და შედავებათა პროცესუალური ხასიათიდან გამომდინარე, მხარეთა შორის ნაწილდება მტკიცების ტვირთი.

29. საქმეზე უდავო გარემოებადაა მიჩნეული, რომ შპს „H. G–O“-ს კუთვნილ, N......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს აუცილებელი კავშირი საჯარო გზასთან არ გააჩნია. თუმცა დავას იწვევს ის საკითხი მოპასუხის მიწის ნაკვეთის გამოყენება მოსარჩელის ქონებით სარგებლობის ერთადერთ და საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს თუ არა.

30. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს მხარისათვის განჭვრეტადი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§ 55-62).

31. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ადასტუროს სხვისი საკუთრების უფლების კანონისმიერი ბოჭვის სსკ-ის 180-ე მუხლით განსაზღვრული პირობების არსებობა (შდრ. სუსგ №ას-367-2021, 15.10.2021წ.; №ას-828-2020, 18.12.2020წ.; საქმე №ას-258-2019 30.10.2023წ.).

32. მოპასუხის შედავების მიხედვით, მოსარჩელეს მის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთთან მისასვლელად შეუძლია ისარგებლოს არაერთი ალტერნატივით, უკვე არსებული გზის ფარგლებში, რის გამოც არ არსებობს შპს „მ“-ის კუთვნილ ნაკვეთზე კანონისმიერი ბოჭვის დადგენის აუცილებლობა.

33. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ექსპერტიზის დასკვნა, ესაა მტკიცებულების ერთ-ერთი სახე, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად. იმის მიხედვით, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რა გარემოებაა დასადგენი. თავად ექსპერტი კი, პროცესის მონაწილე დამხმარე სუბიექტია, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნას მეცნიერების, ტექნიკის, მედიცინის, ხელოვნების ან ხელობის დარგში. მის მიერ შედგენილ დასკვნაში გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. სსსკ-ის 162-ე მუხლის ნორმატიული გაგებით, მტკიცების ამ საშუალებით შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა, ხოლო ამგვარი მტკიცებულების გარეშე, ზოგიერთ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ექსპერტიზის საჭიროება საქმეზე დასადგენი გარემოებების თავისებურებიდან გამომდინარეობს. ექსპერტიზის დასკვნა, როგორც სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კვლევის წერილობითი შედეგი პასუხს სცემს სამოქალაქო საქმესთან დაკავშირებით მხარეთა ანდა სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებს (იხ., ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ: 97-99,102, 106-107, 112-113. რედაქტორები: ზურაბ ძლიერიშვილი, ნუნუ კვანტალიანი).

34. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამოქალაქო საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგოს თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამ პრინციპზეა აგებული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა. უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვა თვით დაინტერესებული პირის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. მისი ნების გარეშე, არავის აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს. მხარეები თვითონ წარუდგენენ სასამართლოს მტკიცებულებებს. ისინი თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თუმცა, მხარემ უნდა უზრუნველყოს მტკიცების საპროცესო საშუალებათა დროული განკარგვა. სასამართლო კი, დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ვერ უზრუნველყოფს მხარისათვის იურიდიული დახმარების გაწევას, რაც თანაბრობას დაარღვევს და სამართალწარმოებას მიკერძოებულს გახდის. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს: „ერთი მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მტკიცებულებითი მნიშვნელობის შეფასება დამოკიდებულია მეორე მხარის კვალიფიციურ შედავებაზე. ცხადია, აქ მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის ზეპირსიტყვიერი, ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგო მოსაზრება არ იგულისხმება. ექსპერტიზის, თუნდაც სავარაუდო დასკვნა, აბათილებს მოპასუხის მარტოოდენ ზეპირ განმარტებას, რადგან სხვა მტკიცებულებებთან ერთად, სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის მოსაზრებას სადავო ურთიერთობის ფაქტობრივ სამართლებრივი დასაბუთებისას, უთუოდ ენიჭება გარკვეული უპირატესობა მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგე ვერ აბათილებს ობიექტური მტკიცებულებებით სადავო გარემოებებს. ამდენად, ერთი მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გაქარწყლების ვალდებულება, მტკიცებულებათა შეფასების ეტაპზე უაღრესად დიდი მნიშვნელობის მქონეა. კერძო დავებზე წარმატების მისაღწევად კი, მხარეებმა ჯეროვნად უნდა განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, რაც დავის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებისა და მათი რელევანტური მტკიცებულებებით დამტკიცების ტვირთის რეალიზებაში მდგომარეობს. ამ უფლებით თანაბრად სარგებლობს როგორც მოსარჩელე (სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება), ასევე, მოპასუხე (სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლება)“ (იხ., ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ: 117-121. რედაქტორები: ზურაბ ძლიერიშვილი, ნუნუ კვანტალიანი- შეად. სუსგ-ას Nას-45-2021, 22.04.2021წ.)

35. განსახილველ საქმეზე წარმოდგენილ იქნა ორი ექსპერტიზის დასკვნა.

36. არქიტექტორ მ.კ–ას მიერ 16.09.2023 წელს მომზადებული საექსპერტო დასკვნის (ქ. თბილისში, ვაკის რაიონში, მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთის ს/კ ......... შემდგომი გამოყენება-განაშენიანების მიზნით და ქალაქის ინფრასტრუქტურაში შეუფერხებელი ინტეგრაციის შესაძლებლობის თაობაზე) თანახმად, არქიტექტორმა მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან (საკადასტრო კოდი N.......) სრულყოფილი გზა-კავშირის მოწყობისათვის, ერთადერთ დასაშვებ შესაძლებლობად მიიჩნია მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი (ს/კ .........). ექსპერტის მოსაზრებით, უნდა მოხდეს შეთანხმება სერვიტუტის დანიშვნის თაობაზე შპს ,,მ–ის’’ (ს/კ ...........) დირექციასთან და .......... ქუჩის მხრიდან არსებული მოედნის მიმდებარედ დაინიშნოს სერვიტუტი შპს „H. G–O“-ს (ს/კ ............) საერთო მისასვლელი გზა-კავშირის უზრუნველსაყოფად. სერვიტუტის ფართი არის დაახლოებით 158.0 კვ.მ, ხოლო გზა კავშირის საშუალო სიგანე - 6.6 მ.

37. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულის ბიუროს 15/05/2024 წლის N003198424 დასკვნით (ექსპერტს გამოსაკვლევად დაესვა შემდეგი კითხვა: „გთხოვთ დაადგინოთ შპს H. G–O-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს მდებარე: ქ. თბილისი, მზიურის მიმდებარე ტერიტორია, (ნაკვ. 005/......), ს/კ ........ 14749.00 კვ.მ ფართობით აქვს თუ არა ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზასთან, რაც გულისხმობს როგორც ფეხით მისასვლელს, ასევე სამანქანო გზის არსებობას. საჯარო გზასთან ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირის არ არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიდგინოთ როგორ არის შესაძლებელი ზემოაღნიშნული გზის მოწყობა. რამდენიმე ალტერნატივის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ მიგვითითოთ რომელია ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი“) ირკვევა, რომ ექსპერტმა შეისწავლა თბილისის არქიტეტურის სამსახურის ვებ.გვერდიდან N......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე 06.04.2023 წელს გაცემული N6405787 ბრძანებით შეთანხმებული პროექტის ესკიზი, საბოლოო საავტომობილო მოძრაობის ორგანიზების სქემა, გენ.გეგმა და სართულებრივი გეგმა; დასკვნის კვლევითი ნაწილის შესაბამისად, N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთში მოხვედრა შესაძლებელია 06 ვარიანტად. კერძოდ: პირველი ვარიანტით გავლის შემთხვევაში: N........... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთში მოხვედრა, ისე რომ არ გაიაროს რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები შესაძლებელია ნ.რ–ის ქუჩიდან N.......... და N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ნაკვეთებს შორის არსებული დაურეგისტრირებელი სივრცის გავლით (იხ. დანართი N1- ზე ლურჯი ფერით აღნიშნული მიმართულება). მეორე ვარიანტით გავლის შემთხვევაში: N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთში მოხვედრა, ისე რომ არ გაიაროს რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები, შესაძლებელია ......... I ჩიხიდან დაურეგისტრირებელი თავისუფალი სივრცის გავლით სადაც ფაქტობრივად განთავსებულია მწვანე ნარგავები, ხეები (იხ. დანართი N1-ზე მწვანე ფერით აღნიშნული მიმართულება). მესამე ვარიანტით გავლის შემთხვევაში: N .......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთში მოსახვედრად შესაძლებელია მისასვლელმა გზამ გაიაროს .......... გამზირიდან დაურეგისტრირებელი თავისუფალი სივრცის გავლით (გზა) შემდგომ N.......... მიწის ნაკვეთის, ისევ თავისუფალი სივრცის და ან N.......... ან N.......... საკადასტრო კოდი რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების გავლით (იხ. დანართი N1-ზე ცის ფერით აღნიშნული მიმართულება). მეოთხე ვარიანტით გავლის შემთხვევაში: N......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთში მოსახვედრად შესაძლებელია მისასვლელმა გზამ გაიაროს ........... ქუჩიდან N.......... მიწის ნაკვეთის გავლით, რომელიც დატვირთულია სერვიტუტით და შემდგომ ან N.......... ან N......... ან N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების გავლით (იხ. დანართი N1-ზე ყვითელი ფერით აღნიშნული მიმართულება). მეხუთე ვარიანტით გავლის შემთხვევაში: N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთში მოხვედრა შესაძლებელია ......... ქუჩიდან, რა შემთხვევაშიც მისასვლელი (სამანქანე) გზა გადაკვეთს N........მიწის ნაკვეთს (იხ. დანართი N1-ზე ვარდის ფერით აღნიშნული მიმართულება). მეექვსე ვარიანტით გავლის შემთხვევაში: N........საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთში მოხვედრა დღეის მდგომარეობით შესაძლებელია ......... ქუჩიდან N........მიწის ნაკვეთის გავლით. თუმცა 06.04.2023 წელს გაცემული N6405787 ბრძანებით შეთანხმებული პროექტით მშენებლობის დასრულების შემთხვევაში საკვლევ მიწის ნაკვეთში მოხვედრა შეუძლებელი იქნება (იხ. დანართი N1-ზე წითელი ფერით აღნიშნული მიმართულება). საბოლოოდ, ექსპერტიზის დაასკვნის მიხედვით, N........საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთში მოხვედრა შესაძლებელია საქვეითო გადაადგილებით ისე რომ არ გაიაროს რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები დანართ N1-ზე ვარდისფერი და ლურჯი ფერით მითითებული მიმართულებებით. ხოლო, საავტომობილო გზით მოხვედრა შესაძლებელია 6 ვარიანტად და მათგან ოპტიმალურს წარმოადგენს დანართ N1-ზე ლურჯი ფერით მითითებული მიმართულება, თუმცა მოწყობილია შლაგბაუმი ნ.რ–ის ქუჩის მხარეს (იხ დანართი N1 და ფოტო მასალა). აღნიშნული ვარიანტით საავტომობილო მისასვლელი არ საჭიროებს სხვა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების და მნიშვნელოვანი სამშენებლო სამუშაოების ჩატარებას, საკვლევი მიწის ნაკვეთის რელიეფის თავისებურებიდან გამომდინარე. ამასთან, აღნიშნული მისასვლელი გზის მოწყობის შემთხვევაში საჭიროა შედგენილ იქნას შესაბამისი პროექტი, რომელიც დაზუსტებულ იქნება ადგილზე (პროექტი მოიცავს გზის ფართის, მოხვევის რადიუს(ებ)ის, კონფიგურაციის და სიგანის ზუსტ განსაზღვრას), ასევე მიღებულ იქნას ყველა საჭირო ნებართვა შესაბამისი სამსახურების მხრიდან (სსიპ „ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“ საპროექტო მომსახურებას არ ახორციელებს. შესაბამისად, ხსენებული აქტის მომზადება უნდა მოხდეს შესაბამისი კომპეტენციის მქონე საპროექტო ორგანიზაციის მიერ).

38. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული სპეციალისტის ნ.ს–ძის ჩვენების თანახმად: მის მიერ შერჩეული მე-6 ვარიანტით მისასვლელი გზა არ კვეთს არც ერთ საკადასტრო კოდს და ყველაზე მოკლე მანძილია მოსარჩელის ნაკვეთამდე მოსახვედრად. ექსპერტის განმარტებით, მას აღნიშნული ვარიანტით გათვალისწინებული მისასვლელი გზის სიგანე არ შეუმოწმებია, თუმცა რადგან მიუთითა საავტომობილო გზის დადგენის შესაძლებლობაზე, შესაბამისად, არსებობს საკმარისი მონაცემები საავტომობილო გზის მოსაწყობად. აღნიშნული ჩანს ფოტომასალიდანაც. რაც შეეხება მოპასუხის გზის გავლით აუცილებელი გზის მოწყობას, ექსპერტმა აღნიშნა, რომ მოპასუხის მიწის ნაკვეთზე აღებულია სამშენებლო ნებართვა და მიმდინაროებს მშენებლობა. შესაბამისად, ამ ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს კიბე, რაც შეუძლებელს გახდის საავტომობილო გზის მოწყობას. ამასთან, გზის პარამეტრებთან დაკავშირებით, ექსპერტმა განმარტა, რომ მის მიერ მომზადებულ დასკვნაში გათვალისწინებული იყო ის გარემოებები, რომლებიც შესაბამისი ნორმატირული მასალით არის განსაზღვრული. არქიტექტორ მ.კ–ას ჩვენებით: მის მიერ დასკვნის მომზადების პერიოდში, მოპასუხის მიწის ნაკვეთზე მშენებლობა დაწყებული არ იყო, მხოლოდ ქვაბული იყო ამოჭრილი. მიმდინარე მშენებლობა მოპასუხის მიწის ნაკვეთის გავლით გზის მოწყობას ხელს შეუშლის. ექსპერტმა აღნიშნა, რომ ნ.ს–ძის მიერ მომზადებულ დასკვნაში მითითებული მე-6 ვარიანტიც ოპტიმალურია. თუმცა, აღნიშნული გზაზეც უნდა მოხდეს პარამეტრების კორექტირება.

39. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს N003198424 ექსპერტიზის დასკვნაზე დართულ N6405787 მშენებლობის ნებართვაზე, რომელიც გაცემულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტეტურის სამსახურის მიერ N........საკადასტრო კოდზე და რომლითაც შპს „მ“-ის კუთვნილ ნაკვეთზე (ს/კ N........) შეთანხმებულია საგამოფენო დარბაზის არქიტექტურული პროექტი. ნებართვა გაცემულია საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N255 დადგენილებით დამტკიცებული მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესების და პირობების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N39-18 დადგენილებით დამიტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N14-39 დადგენილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების მიხედვით. ყურადსაღებია ასევე შპს „ნ.პ–ის“ მიერ შესრულებული გეოდეზიური სამუშაოების შესრულების აქტი (17.07.2024წ.), საიდანაც ირკვევა, რომ შპს ,,ნ.პ–ის’’ გეოდეზიურმა ჯგუფმა ჩაატარა აზომვითი სამუშაოები ობიექტზე, მდებარე: ქალაქი თბილისი, .......... ქუჩა N9, მესაკუთრე შპს ,,მ–’’ (ს/ნ ........), ს/კ ........და ........ მიმდებარე ტერიტორია. აზომვის შედეგად მიღებული ინფორმაცია დამუშავებული იქნა კამერალურად სპეციალური CAD პროგრამით და მიღებული შედეგების საფუძველზე მომზადდა ობიექტის სიტუაციური გეგმა. გეგმაზე ასახული ს/კ ........-ის ტერიტორიაზე არსებული ასფალტის საფარის ფართობით ანაზომი კონტურის შესაბამისად შეადგენს 157.90 კვ.მ. (ასფალტის ყველაზე განიერი მონაკვეთის სიგანეა 8,26 მ, ყველაზე ვიწრო - 4.15 მ)., ასევე გეგმაზე ასახულია ს/კ .........-ის სამხრეთით არსებული ფილის ფაქტობრივი მდგომარეობა და მისი ჯამური ფართობი ანაზომი კონტურის შესაბამისად შეადგენს 418.26 კვ.მ, (ზომებით: 7.1*57.24*7.04*63,27).

40. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

41. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიებს და სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს სადავო საკითხებთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით ვერ დაარწმუნა სასამართლო მის მიერ მოთხოვნილი აუცილებელი გზის უალტერნატივობასა და მისი სადავო სახით დადგენის ობიექტურ აუცილებლობაში. მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, რის საფუძველზეც, მოპასუხის მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზის უფლების დადგენა გამართლებული იქნებოდა.

42. იმის გამო, რომ აუცილებელი გზის დადგენის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნას მართებულად ეთქვა უარი დაკმაყოფილებაზე, ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე აღძრულ მოთხოვნასაც არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, რაც მისი უარყოფის ნაწილში გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია

43. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ უთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

44. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

45. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

46. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

47. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

48. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „H. G–O“-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო

2. შპს „H. G–O“-ს (ს/ნ ..........) დაუბრუნდეს გ.ჟ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150 (საგადასახადო დავალება №4113, გადახდის თარიღი 13/05/2025),

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ბადრი შონია

ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე