Facebook Twitter

საქმე №ას-677-2025 27 ნოემბერი, 2025 წელი

. ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.ს.მ–ია“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 02 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 02 აპრილის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდეგში: სამინისტრო ან შემსყიდველი ან მოსარჩელე ან კასატორი) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი შპს „მ.ს.მ–იას“ (შემდეგში - მიმწოდებელი ან მოპასუხე) მიმართ პირგასამტეხლოს სახით 171 018.52 ლარის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2017 წლის 2 მარტს მხარეთა შორის ელექტრონული ტენდერის შედეგად სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №141 ხელშეკრულება დაიდო, რომლის საგანს წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში საველე ფორმის (ხალათი/შარვალი/კეპი) კომუფლირებული მულტიკამის შესყიდვა დანართი №1-ის, დანართი №2-ის და დანართი №3-ის შესაბამისად (შემდეგში - ხელშეკრულება);

2.2. 2017 წლის 22 თებერვალს სს „საქართველოს ბანკმა“ (შემდეგში - ბანკი) 48,412.80 ლარზე გარანტია გასცა. საბანკო გარანტიის ხელშეკრულების მიხედვით პრინციპალია მოპასუხე, ბენეფიციარი - სამინისტრო;

2.3.ხელშეკრულებით დეტალურად განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობები, მათ შორის, ხელშეკრულების შესრულების კონტროლის, შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარებისა და ანგარიშსწორების წესი;

2.4.ხელშეკრულებით განისაზღვრა ფულადი სანქციები ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, არაჯეროვანი შესრულების ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევებისათვის;

2.5.ხელშეკრულების მე-16 პუნქტის 16.1. ქვეპუნქტის მიხედვით, მიმწოდებლის მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს, წინასწარი შეტყობინების გარეშე, დაეკისრება შემსყიდველისათვის შემდეგი ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდა: 16.1.1. ქვეპუნქტის თანახმად, საქონლის მიუწოდებლობისათვის (მათ შორის, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, უხარისხო, არასრული მოცულობით, საჭირო დოკუმენტაციის გარეშე) მიუწოდებელი შესყიდვის ობიექტის ღირებულების 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

2.6.მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ღირებულებით 2 420 640 ლარი, სრულად, თუმცა, ვადის დარღვევით შეასრულა;

2.7.ვადის დარღვევით ვალდებულების შესრულების გამო, მოსარჩელემ მოპასუხეს დაარიცხა პირგასამტეხლო ხელშეკრულების 16.1., 16.1.1., 16.7. და 11.2. პუნქტების შესაბამისად, რამაც, ჯამში 219 431.32 ლარი შეადგინა, რის გადახდაზეც მოპასუხემ უარი განაცხადა;

2.8.მოსარჩელემ წერილით მიმართა ბანკს და საგარანტიო თანხის - 48 412.80 ლარის გაცემა მოითხოვა, მოპასუხის მიერ ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის გამო დარიცხული პირგასამტეხლოს - 219 431.32 ლარის ნაწილის ასანაზღაურებლად;

2.9.ბანკმა 2018 წლის 05 მარტს საგარანტიო თანხა - 48 412.80 ლარი მოსარჩელეს შესაბამის ანგარიშზე ჩაურიცხა.

3. დარჩენილი თანხის (219 431.32 ლარს - 48 412.80 ლარი) - 171 018.52 ლარის მოპასუხეზე დაკისრების მოთხოვნით კი, სამინისტრომ წინამდებარე სარჩელი აღძრა. რაკი, სარჩელის საფუძვლად მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე მხარეები არ დავობდნენ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ყველა წინაპირობა და შემოიფარგლა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებით. მხედველობაში მიიღო, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულებით განსაზღვრული შესრულება მართალია ვადის გადაცილებით, მაგრამ სრულად აქვს მიღებული. ყურადღება მიაქცია დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ საბანკო გარანტიის ფარგლებში, მოსარჩელეს ბანკისგან 48 412.80 ლარი მიღებული აქვს, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული და დარიცხული პირგასამტეხლოს 10-ჯერ (0,2%- დან, - 0.02%-მდე) შემცირების შემთხვევაშიც კი, ბევრად აღემატება გარანტიის სახით მიღებულ თანხას. შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულების 0.2%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს დარიცხვა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიიჩნია. ამასთან, აღნიშნა, რომ საბანკო გარანტიის ფარგლებში მიღებული თანხა სრულიად საკმარისი იყო პირგასამტეხლოს იმ ფუნქციის შესასრულებლად, რომელიც ვალდებულების სრულად, მაგრამ ვადაგადაცილებით შესრულების შემთხვეევაში კრედიტორისთვის მინიმალური ზიანის ანაზღაურებას გულისხმობდა, რის გამოც, არ არსებობდა დამატებით მისი დაკისრების საფუძველი.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ საკასაციო საჩივარი შეიტანა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. კასატორი პირგასამტეხლოს შემცირების არაკანონიერებაზე დავობს; მიიჩნევს, რომ მეწარმე სუბიექტის პასუხისმგებლობის სტანდარტი აღემატება ფიზიკური პირისას. დაკისრებული პირგასამტეხლო არ უნდა იყოს მინიმალური, იმგვარად რომ პირგასამტეხლოს დაკისრებამ ფუნქცია არ დაკარგოს. სადავო არაა ვადაგაგადაცილებით ვალდებულების შესრულება და ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა. იმ პირობებში რომ ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 2 420 640 ლარს სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო გონივრული და თანაზომიერია.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2025 წლის 05 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის სამართლებრივი საფუძვლით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობა და დაასკვნა, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

9. კასატორი პირგასამტეხლოს შემცირების არაკანონიერებაზე დავობს. მიიჩნევს, რომ მეწარმე სუბიექტის პასუხისმგებლობის სტანდარტი აღემატება ფიზიკური პირისას. დაკისრებული პირგასამტეხლო არ უნდა იყოს მინიმალური, იმგვარად რომ პირგასამტეხლოს დაკისრებამ ფუნქცია არ დაკარგოს. იმ პირობებში რომ ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 2 420 640 ლარს, სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო გონივრული და თანაზომიერია.

10. კასატორის შედავების ფარგლებში საკასაციო სასამართლო შეაფასებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ პირგასამტეხლოს შემცირების კანონიერებას.

11. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევა მოსარჩელეს სურს, კერძოდ, მოთხოვნა ხელშეკრულებით შეთანხმებული ვალდებულების ვადის გადაცილებით შესრულების გამო, ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, სსკ-ის 477-ე (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი), მე-400 (მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას), 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 417-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებიდან გამომდინარეობს.

12. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).

13. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება დაიდო, რომლის საგანს წარმოადგენდა სამინისტროს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში საველე ფორმის (ხალათი/შარვალი/კეპი) კომუფლირებული მულტიკამის შესყიდვა. ხელშეკრულებით შეთანხმდა მხარეთა უფლება-მოვალეობები, ხელშეკრულების შესრულების კონტროლი, შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარებისა და ანგარიშსწორების წესი.

14. ხელშეკრულებით განისაზღვრა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლო, კერძოდ, ხელშეკრულების მე-16 პუნქტის 16.1. ქვეპუნქტის მიხედვით, მიმწოდებლის მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს, წინასწარი შეტყობინების გარეშე, დაეკისრება შემსყიდველისათვის შემდეგი ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდა: 16.1.1. ქვეპუნქტის თანახმად,საქონლის მიუწოდებლობისათვის (მათ შორის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, უხარისხო, არასრული მოცულობით, საჭირო დოკუმენტაციის გარეშე) მიუწოდებელი შესყიდვის ობიექტის ღირებულების 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

15. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებათა დარღვევის ფაქტები და ვადაგადაცილების პერიოდი სადავო არაა. საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია მოსარჩელის/აპელანტის მოთხოვნის კანონიერება პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის ნაწილში.

16. წარმოდგენილ საკასაციო განაცხადში, მოსარჩელე/აპელანტი მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ისე შეამცირეს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, რომ მისი შემცირების წინაპირობა და პირგასამტეხლოს შესახებ შეთანხების ფორმირების აუცილებლობა, კონკრეტულ საქმეზე არ არსებობდა, მით უფრო, იმ პირობებში რომ მოპასუხეს, როგორც მეწარმე სუბიექტს გაცნობიერებული ჰქონდა ვალდებულების დროულად შესრულების მიმართ სახელმწიფოს ინტერესი.

17. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორმა ნაწილობრივ დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო შედავება წარმოადგინა.

18. საკასაციო პალატა პირველ რიგში, განმარტავს, სსკ-ის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძოსამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი. ეს წესი გამოიყენება როგორც სამეწარმეო, ასევე არასამეწარმეო, საქართველოსა თუ სხვა ქვეყნის პირების მიმართ. სსკ-ის 319.1 მუხლის თანახმად კი, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

19. კერძო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მოქმედებს, რაც სსკ-ის მე-10 მუხლითაა რეგლამენტირებული, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეები სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებენ გარიგების პირობებს, კერძო სამართალი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების განუხრელ დაცვას მოითხოვს. “pacta sunt servanda“- ს პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რაც ხელშეკრულებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა.

20. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო.

21. რაკი მოსარჩელეს საბანკო გარანტია გამოთხოვილი აქვს, ხოლო პირგასამტეხლოს სახით დარიცხული დარჩენილი თანხის ანაზღაურების მოთხოვნით წინამდებარე სარჩელი აღძრა, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს, რომ საბანკო გარანტია და პირგასამტეხლო ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებებია და მხარეებს ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულებით შეუძლიათ გაითვალისწინონ ორივე ინსტრუმენტი.

22. საბანკო გარანტიის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სხვა საშუალებებთან მიმართებით არის ის, რომ იგი ძირითადი ვალდებულებისაგან დამოუკიდებელი, ავტონომიურია, მაშინ, როდესაც, ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სხვა საშუალებები, აქცესორული ხასიათისაა. საბანკო გარანტია სასწრაფო და უპირობოა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გარანტს არ შეუძლია, გარანტიის მიხედვით გათვალისწინებული თანხის გადახდაზე უარის თქმა იმ შემთხვევაშიც, როცა ძირითადი ვალდებულება შესრულებულია ნაწილობრივ ან ბათილია. ამდენად, საბანკო გარანტიაში ძირითადი ვალდებულების მითითება არ არის აუცილებელი, ხოლო იმ შემთხვევაში, როცა ასეთი სახის ვალდებულებაზე არსებობს მითითება, ეს გავლენას არ ახდენს გარანტის ვალდებულების დამოუკიდებელ ხასიათზე. საბანკო გარანტიის მიმართ კრედიტორის ინტერესი ისაა, რომ დარწმუნებული იყოს ვალდებულების შესრულებაში და ამავე დროს, მაქსიმალურად ნაკლები ზარალი განიცადოს ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში. კანონმდებელმა სწორედ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად დაუშვა მესამე პირის მხრიდან კრედიტორის სასარგებლოდ გარანტიის გაცემის შესაძლებლობა და ბენეფიციარის უფლება არ გახადა დამოკიდებული კრედიტორსა და მოვალეს (ბენეფიციარსა და პრინციპალს) შორის ურთიერთობაზე.

23. ამდენად, საბანკო გარანტია პრინციპალის მიერ მოვალეობათა შესრულების საგარანტიო ხელშეკრულებაა და დამოუკიდებულია იმ ძირითადი ხელშეკრულებისაგან (შესაბამისად, მასში გათვალისწინებული პირობებისგან/ვალდებულებისგან), რომლის უზრუნველსაყოფადაც ის გაიცა.

24. პირგასამტეხლო კი, წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან.

25. ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე. შესაბამისად, როდესაც ვალდებულების დარღვევა უზრუნველყოფილია ორი დამოუკიდებელი საშუალებით, პირგასამტეხლოთი (სსკ-ის 417-ე-420-ე მუხ.) და საბანკო გარანტიით (სსკ-ის 879-ე-890-ე მუხ.) და არც ერთის ნამდვილობა სადავო არაა, გარანტის მიერ ბენეფიციარის მიერ წარდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილება პირგასამტეხლოს დაკისრებას არ გამორიცხავს (იხ., სუსგ №ას-355-2019, 26.10.2023წ.).

26. სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია.

27. მოცემულ შემთხვევში, მოპასუხე არ დავობს, რომ საბანკო გარანტია ითვალისწინებდა რაიმე დათქმას პირგასამტეხლოს ჩათვლის ან გაქვითვის შესახებ. შესაბამისად, კრედიტორის მიერ საბანკო გარანტიის თანხის გამოთხოვა საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შესაძლოა, მიჩნეულ იქნეს სსკ-ის 420-ე მუხლიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს შემცირების, მაგრამ არა მისგან სრულად გათავისუფლების წინაპირობად.

28. სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ყველაზე ნათლად ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების თავისუფლება ეფუძნება მხარეთა სურვილს, დაამყარონ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა. ხელშეკრულების თავისუფლება ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ხელშეკრულების დადების თავისუფლება; ბ) ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება. ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების მიხედვით, „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსით განმტკიცებული ხელშეკრულების სახეები არ არის ამომწურავი. ხელშეკრულების მხარეებს, როგორც წესი უფლება აქვთ, დამოუკიდებლად აირჩიონ ხელშეკრულების ტიპიც და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულების შინაარსი.

29. ხელშეკრულება მიიჩნევა მხარეთა ნების დეკლარაციად და ასახავს ხელშემკვრელი მხარეების მიერ წინასწარ შეთანხმებულ პირობებს. მხარეთა შეთანხმების შედეგად მიღებულ დოკუმენტში პირობების/დათქმების დაზუსტება შესაძლებელია ამავე მხარეების შეთანხმების გზით. ხელშეკრულების ავტონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე, კონტრაჰენტები ვალდებულნი არიან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები განუხრელად დაიცვან და მათ შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად იმოქმედონ.

30. ხელშეკრულების თავისუფლების ფარგლებში, მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში. შესაძლებელია ისინი იმ ოდენობის პირგასამტეხლოზე შეთანხმდნენ, რისი გადახდევინებაც შემდგომ მძიმე ტვირთად დააწვება მოვალეს. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო, ახდენს პირგასამტეხლოს „სამართლიან“ შემცირებას ანუ, სასამართლოს ამოცანაა მხარეები დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ხელშეკრულების დადებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებს, შესაბამისად, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად, რადგან პირგასამტეხლოს უმთავრესი მიზანი კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენაა და არა მისი უსაფუძვლო გამდიდრება მოვალის ხარჯზე (შდრ: სუსგ №ას-279-2023, 18 მაისი, 2023 წელი).

31. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება, ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ., ჯორბენაძე ს., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019წ., 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება.

32. იმისათვის, რომ სასამართლომ შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, კრედიტორის მოთხოვნა პირგასამტეხლოს გადახდაზე წარმოშობილი უნდა იყოს, ე.ი. ძირითადი ვალდებულება უნდა იქნეს დარღვეული. პირგასამტეხლოს შემცირება მის წარმოშობამდე ანუ ძირითადი ვალდებულების დარღვევამდე, დაუშვებელია (შდრ. Friesecke, in Palandt, BGB Komm., 78 Aufl., 2018., §343, Rn.5). სწორედ დარღვევის მომენტიდან ეკისრება მოვალეს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება და სწორედ ამ მომენტიდან ხდება იგი შესასრულებლად მძიმე ან შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

33. ამდენად, კანონმდებელმა დააწესა სამართლებრივი მოწესრიგება, რომელიც სასამართლოს აღჭურავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე იმ შემთხვევაში, როდესაც პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულ და სამართლიან ფარგლებს სცდება. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება.

34. როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა.

35. გამომდინარე იქედან, რომ თეორიასა და სასამართლო პრაქტიკაში, პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას (სსკ-ის 417-ე მუხლი), რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან, უშუალოდ ვალდებულების დარღვევის ხარისხის განსაზღვრა, პირგასამტეხლოს გონივრულობის დადგენის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა (შდრ.: გაგუა ი., ბიზნესდავები და სასამართლო პრაქტიკა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გამომცემლობა, თბილისი, 2017წ. 47).

36. მტკიცების ტვირთი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების თაობაზე, ეკისრება ვალდებულ პირს (მოვალეს). ამ მხრივ, დავის გადაწყვეტაში სარჩელთან ერთად მნიშვნელოვანი დატვირთვის მქონეა მოვალის (მოპასუხე) შესაგებელი.

37. შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი.

38. რა ტიპის შესაგებელს წარადგენს მოპასუხე, სრულად თავსდება ამ უკანაკნელის ნების ავტონომის ფარგლებში. კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გამომდინარეობს 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან (ივარაუდება, რომ შედავებული უნდა იყოს დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტები და არა სამართლებრივი მოსაზრებები, ე.ი. ისეთი ფაქტები, რომელთა არსებობა წარმოშობენ მოთხოვნას), წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, დამტკიცებულად ითვლება. მოსამართლემ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პირველ რიგში საპროცესო შესაგებელს, ხოლო ამის შემდეგ მატერიალურ შესაგებელს.

39. მატერიალური შედავება მიმართულია სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგის მიღწევის წინააღმდეგ, რაც გულისხმობს მოპასუხის მხრიდან ისეთ ფაქტებზე (წინაპირობებზე) მითითებას, რომლებიც გამორიცხავენ, წყვეტენ ან აფერხებენ (განუხორციელებელს ხდიან) სარჩელით მოთხოვნილი შედეგის დადგომას.

40. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესაგებლის სახეებიდან განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია კვალიფიციურ შედავებას. კვალიფიციური შედავება იურიდიულ დოქტრინაში განმარტებულია შემდეგნაირად: „მოპასუხე მოსარჩელის მოხსენების ნაცვლად წარმოადგენს მოვლენათა განვითარების მისეულ, განსხვავებულ ვერსიას, რომელიც ცალკეულ საკითხებში სადავოს ხდის მოსარჩელის მოხსენებას“. (შდრ. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, (GIძ), 2013წ., 19.) კვალიფიციურ შედავებას არსებით შედავებადაც მოიხსენიებენ. ამგვარი შედავება, ერთი მხრივ, შეიძლება გამორიცხავდეს სარჩელის დაკმაყოფილებას უსაფუძვლობის გამო, ხოლო მეორე მხრივ, ცვლიდეს მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციას, საიდანაც მოსარჩელეს დამატებითი მოხსენების (ფაქტების მითითების) გარეშე გაუჭირდება იმ შედეგის მიღწევა, რომელიც სარჩელით აქვს მოთხოვნილი.

41. მას შემდეგ, რაც მოსამართლე მოიძიებს მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას, განსაზღვრავს ნორმის ფაქტობრივ კომპონენტებს (წინაპირობებს), ამ წინაპირობებს მიუსადაგებს მოსარჩელის მიერ მოხსენებულ ფაქტებს და თითეულ წინაპირობაზე გასცემს დადებით პასუხს, იგი ამოწმებს რომელ ფაქტებს ხდის მოპასუხე სადავოდ (მოპასუხის სტადია). თუ მოპასუხეს არ აქვს წარდგენილი კვალიფიციური (არსებითი) შედავება, არამედ მხოლოდ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტების უარყოფით შემოიფარგლება, მოსამართლე გადადის მტკიცების სტადიაზე, რაც ნიშნავს სადავოდ გამხდარი ფაქტების დადგენის პროცესს.

42. მოპასუხის მხრიდან არსებითი ხასიათის შედავების შემთხვევაში, მოსამართლემ ასევე უნდა მოიძიოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც გამორიცხავს, წყვეტს ან აფერხებს მოთხოვნის განხორციელებას, ხოლო ნორმის წინაპირობების შემოწმება იმავე წესით ხორციელდება. აქაც მნიშვნელოვანია რას პასუხობს მოსარჩელე მოპასუხის არსებით შედავებას, არ არის გამორიცხული მოსარჩელემაც კვალიფიციური პასუხი გასცეს მოპასუხის ამგვარ განმარტებას. ამდენად მოსამართლე ასე უწვეტად გადადის მოსარჩელის სტადიიდან მოპასუხის სტადიაზე და პირიქით, ვიდრე არ დასრულდება მხარეთა განმარტებების ურთიერთგაცვლის პროცესი, რომლის შედეგადაც უნდა გაირკვეს უდავო და სადავო (მტკიცების საგანში შემავალი) ფაქტები.

43. ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევას სასამართლო მოვალის კვალიფიციური შესაგებლის არსებობის შემთხვევაში ახორციელებს და მის გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად შეუსაბამო და არაგონივრულია პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. თუ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მოთხოვნა კვალიფიციური შედავების ფორმით არ მოხდება, მაშინ სასამართლოს ხელთ აქვს მხოლოდ კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმებით, სახელშეკრულებო თავისუფლებით გამყარებული ნება - მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სახით და კრედიტორის მიერ დასაბუთებული დარღვევა, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა (ჩიტაშვილი ნ., პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17 <http://lawjournal.ge/wp-content/uploads/2020/04/Shedarebiti-Samartali-2-2020-14-31.pdf>

44. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ თითოეულ საქმეზე ინდივიდუალურად უნდა დადგინდეს და შემოწმდეს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, შესაძლებელია განსხვავებული შემთხვევები წარმოიშვას.

45. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე, კერძოდ, როდესაც ხელშეკრულების მხარე არის მეწარმე სუბიექტი, მისი პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობისას, რომელიც შესაძლებელია ხელშეკრულების სუსტი მხარე იყოს, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგს. როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის.

46. განსახილველ დავაზე პირგასამტეხლოს - 0.2%-ის არაგონივრულობა გამომდინარეობს ვალდებულების დარღვევის შინაარსიიდან, დარღვევის ხარისხიდან და დარღვევით გამოწვეული სამართლებრივი შედეგებიდან. კრედიტორმა არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბანკო გარანტია - 48,412.80 ლარი გამოითხოვა. დამატებით კი, პირგასამტეხლოს დარჩენილი თანხის - 171,018.52 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების აუცილებლობა კასატორმა ვერ დაადასტურა - ვერ დაარწმუნა საკასაციო პალატა, რომ აღნიშნული ემსახურება კრედიტორის დანაკარგების კომპენსირებას და არ გამოიწვევს ამ უკანასკნელის გამდიდრებას, რაც ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს დანიშნულებასა და მიზანს.

47. ამასთან, პალატა ითვალისწინებს რა კრედიტორის მოლოდინს ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ, დარღვევის ხასიათისა და შედეგების შესატყვის პირგასამტეხლოდ 61,302.86 (0.1%) ლარს მიიჩნევს, რომელიც სრულად უზრუნველყოფს დაგვიანებით შესრულებელი ვალდებულებისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას.

48. ზემომითითებულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი, რაც სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, განჩინების/გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

49. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.

50. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო - 61,302.86 ლარი.

51. საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია, გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს. ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს უფლებამოსილებაა, რაც საკასაციო სამართალწარმოების ბუნებას ემყარება, კერძოდ, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა.

52. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მხარეთა დასწრებით განხილვის წინაპირობები არ გამოკვეთილა. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის ზეპირი განხილვის თაობაზე მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი (მრავალთა შორის იხ., სუსგ №ას-377-2025, 30.06.2025წ.).

53. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. სსსკ-ის 55.1 მუხლის თანახმად კი, სახელმწიფო ბაჟი, რომლის გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე, მოსარჩელე/შეგებებული სარჩელის ავტორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

54. რაკი, სარჩელი/სააპელაციო/საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მისი ავტორი კანონის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სამივე ინსტანციის სასამართლოში სარჩელის დაკმაყოფილებული თანხის პროპორციულად სახელმწიფო ბაჟის თანხა -7,356.34 ლარი, უნდა დაეკისროს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გადაწყვიტა:

1. შპს „მ.ს.მ–იას“ შუამდგომლობა საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 02 აპრილის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და შპს „მ.ს.მ–იას“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლო - 61,302.86 ლარი;

5. შპს „მ.ს.მ–იას“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საპროცესო ხარჯი - 7,356.34 ლარი;

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე