საქმე №ას-1069-2023 18 ნოემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
I საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.ჩ–ძისა და გ.ჯ–ის უფლებამონაცვლე - ლ.ჩ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ჯ.ბ–ძე (მოპასუხე)
II საკასაციო საჩივრის ავტორი – ჯ.ბ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ჩ–ძისა და გ.ჯ–ის უფლებამონაცვლე - ლ.ჩ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება
I საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
II საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ნ.ჩ–ძისა და გ.ჯ–ის (შემდგომში - „თავდაპირველი მოსარჩელეები“) უფლებამონაცვლე - ლ.ჩ–ძის (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „უფლებამონაცვლე“) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ჯ.ბ–ძის (შემდგომში - „მოპასუხე“) შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება და მიღებული ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელის დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 189349,40 ლარის ანაზღაურება; მოპასუხის სააპელაციო მოთხოვნა დამატებითი/დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის განუხილველად დატოვების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. თავდაპირველი მოსარჩელეების თანასაკუთრებაში ირიცხება ქ. ბათუმში, ......... მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომლის მიმდებარედ, კერძოდ, ქ. ბათუმი, ........... განთავსებულია მოპასუხის საკუთრებაში რიცხული საცხოვრებელი სახლი;
2.2. მოპასუხის საკუთრებაში რიცხული საცხოვრებელი სახლი წარმოადგენდა ორსართულიან ნაგებობას, რომელზედაც მოპასუხეს სურდა მესამე სართულისა და მანსარდის დაშენება. აღნიშნულის გამო, 2007 წელს მისი დაკვეთით ჩატარდა ადგილის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა;
2.3. 2007 წლის 13 სექტემბერს შპს „ა–ის“ ინჟინერ-გეოლოგმა ს. მ–მა შეადგინა საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა ქ. ბათუმი, ........ მდებარე, მოპასუხის საკუთრებაში რიცხულ საცხოვრებელ სახლზე დამატებით, მესამე სართულისა და მანსარდის დაშენებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ დასკვნაში მითითებული იქნა, რომ ადგილის საინჟინრო-გეოლოგიური პირობები არახელსაყრელი იყო პროექტით გათვალისწინებული რეკონსტრუქციის თვალსაზრისით, რაც დაკავშირებული იყო საძირკველთა საფუძველში ძალზე დაბალი მზიდუნარიანობის ძლიერ დატორფიანებული თიხნარის არათანაბარი სიმძლავრის შრის განლაგებით. დასკვნის თანახმად, რეკონსტრუქციის შემდეგ შესაძლოა საფუძველში განვითარებულიყო მნიშვნელოვანი სიდიდის დამატებითი ჯდენები, რითაც საფრთხე შეექმნებოდა, აგრეთვე, უშუალოდ მომიჯნავე საცხოვრებელ სახლებსაც. შესაძლოა მომხდარიყო მათი „ჩათრევა“ და მაშინ, მომიჯნავე საცხოვრებელი სახლების კედლებზე შეიძლება თავი ეჩინა ბზარებს (ტ.1.ს.ფ.23-25);
2.4. მიუხედავად ზემოაღნიშნული საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნისა, 2009 წელს მოპასუხემ მაინც დაიწყო ქ. ბათუმი, .......... მდებარე, მის საკუთრებაში რიცხული საცხოვრებელი სახლის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რაც ითვალისწინებდა საცხოვრებელ სახლზე მანსარდის ტიპის სართულის დაშენებას და შენობის უკანა ფასადის მხრიდან, ორსართულიანი ნაწილის მიშენებას;
2.5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 05 სექტემბრის N030736-2012/03/2 დასკვნაში (ექსპერტი პ.მ–ი, ტ.1.ს.ფ.66-74) მითითებულია შემდეგი: „ქ. ბათუმში, .......... ქ. N108-ში მდებარე შენობის პროექტის, როგორც საინჟინრო-გეოლოგიური, ასევე კონსტრუქციული ნაწილი არ არის შესრულებული სამშენებლო ნორმების მოთხოვნების შესაბამისად. ქ. ბათუმში, .......... ქ. N104-106-ში მდებარე შენობის, ქუჩის მხრიდან მარჯვნივ მდებარე გრძივი კედლის მხარეს არსებული დეფორმაციების და განვითარებული ბზარების ძირითად მიზეზად შეიძლება ვივარაუდოთ არასრულყოფილი საინჟინრო-გეოლოგიური გამოკვლევა, პროექტის კონსტრუქციულ ნაწილში ქვაბულის გამაგრების არარსებობა, რომელიც, თავის მხრივ, დაფუძნებული უნდა ყოფილიყო რეალური საწყისი მონაცემებით შესრულებული ნაგებობების ურთიერთგავლენის ამოცანის გაანგარიშებით მიღებულ შედეგებზე, ასევე, არსებული შენობის უშუალოდ მომიჯნავედ, ........... ქ. N108-ში მდებარე შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოების დროს, ქვაბულის ამოღებამდე, მეზობლად მდებარე შენობის უსაფრთხოებისათვის გამაგრებითი სამუშაოების არ, ან არასრულყოფილი ჩატარება“;
2.6. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 7 ნოემბრის N041056-2012/03/2 დასკვნაში (ექსპერტი ა.რ–ი, ტ.1.ს.ფ.13-18) მითითებულია: „ქ. ბათუმში, .......... ქ. N104-106-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე განვითარებული ჯდენითი დეფორმაციები გამოწვეულია მიმდებარე მიწის ნაკვეთზე, ......... ქ. N108-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე, 2009-2011 წლებში განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოებით, რომელიც ჩატარდა საპროექტო დოკუმენტაციიდან გადახვევით და რომელიც არ ითვალისწინებდა 3-3,5მ სიღრმის ქვაბულის ამოჭრას. დასკვნის შედგენის დროისათვის, ქ. ბათუმი, ........ქ. N104-106-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა, 2012 წლის აგვისტოს თვის მდგომარეობასთან შედარებით გაუარესებულია, მაგრამ მზიდ კედლებში წარმოქმნილი ბზარები, იმ ეტაპისათვის საფრთხის შემცველი არ არის“;
2.7. კომპანია „დ.ი–ის“ 2013 წლის 25 მაისის კონსტრუქციული კვლევის (ტ.1.ს.ფ.19-20) თანახმად, ქ. ბათუმში, .......... ქ. N104-106-ში მდებარე თავდაპირველი მოსარჩელეების საკუთრებაში რიცხული საცხოვრებელი სახლის კედლებზე, ჭერში და იატაკზე ყოფილი ბზარები განაგრძობენ ინტენსიურ ზრდას და ისინი უკვე წარმოადგენენ ძალიან საშიშ ბზარებს. .......... ქ. N108-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიშენება-დაშენების პროცესში პროექტიდან გადახვევის და მშენებლობის ტექნოლოგიის დარღვევის გამო, თავდაპირველი მოსარჩელეების საცხოვრებელი სახლი საგრძნობლად გადახრილია N108 საცხოვრებელი სახლის მიმართულებით. ........... ქ. N104-106-ში მდებარე სახლი აღდგენას არ ექვემდებარება და საცხოვრებლად უვარგისია;
2.8. 2014 წელს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული დამატებითი საინჟინრო ექსპერტიზის 2014 წლის 14 ნოემბრის N006238814 დასკვნაში (ექსპერტი ა.კაიფანჯიანი, ტ.1.ს.ფ.137-148) მითითებულია: ქ. ბათუმში, ........... ქ. N104-106-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველ და მეორე სართულის მზიდ კედლებზე გაჩენილია 1-4მმ გახსნილობის ჰორიზონტალური და დახრილი ბზარები, ადგილობრივად გრძივი და განივი კედლების შეუღლების კუთხეებში გაჩენილია ვერტიკალური ბზარები, გ.ჯ–ის ბინაში გარე კედელი მოცილებულია ზეძირკველს და მათ შორის გაჩენილია ჰორიზონტალური ნაპრალი, ორივე სართულზე გადახურვები გადახრილია .......... ქ. N108-ში მდებარე ნაკვეთისაკენ, შიდა ეზოში ბეტონის იატაკზე მეზობელ ნაკვეთზე აშენებული სახლის პარალელურად გახსნილია ნაპრალი, სველ წერტილებში დაბზარულია კერამიკული ფილები. ქ. ბათუმში, ............ ქ. N104-106-ში მდებარე, საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. დაზიანებული შენობა აღდგენას ექვემდებარება. დეფორმირებული კონსტრუქციების გამოსწორების საკითხები კი გათვალისწინებული უნდა იქნეს გამაგრება-გაძლიერების კონსტრუქციულ პროექტში. აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების დროს, დამატებითი კონსტრუქციების მოწყობის შემთხვევაში, საცხოვრებელი სახლის სასარგებლო ფართი შესაძლებელია უმნიშვნელოდ შემცირდეს, რაც სავარაუდოდ შეამცირებს სახლის ღირებულებას. აღდგენითი სამუშაოების ღირებულების ოდენობა შესაძლებელია დადგინდეს მხოლოდ გამაგრება-გაძლიერების კონსტრუქციული პროექტით შედგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით. კონსტრუქციული პროექტი უნდა დამუშავდეს შენობის დეტალური გამოკვლევის შედეგების საფუძველზე, რაც დაკავშირებულია მნიშვნელოვან ხარჯებთან. რაც შეეხება ............ ქ. N104-106-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის იდენტური სახლის აშენების ღირებულებას, იგი სრულფასოვნად შესაძლოა დადგინდეს მხოლოდ შესაბამისი პროექტის მიხედვით დამუშავებული ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს არსებული შენობის დემონტაჟის ხარჯებიც;
2.9. მოპასუხის დაკვეთის საფუძველზე, შპს „ა–ის“ სპეციალისტების მიერ, ქ. ბათუმში, ............ ქ. N104-106-ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გამაგრების, დაზიანებული საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის და იმავე ადგილას ახალი იდენტური (დაზიანებამდე არსებული) საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, 2018 წელს გაცემულ დასკვნასა და პროექტის მიხედვით შედგენილ ხარჯთაღრიცხვებში, ასევე, ინჟინერ-ხარჯთაღმრიცხველის - თ.ტ–ის მიერ გაკეთებულ განმარტებით ბარათებში დაფიქსირებულია, რომ ქ. ბათუმში, ............ ქ. N104-106-ში მდებარე დაზიანებული საცხოვრებელი სახლის აღდგენითი სამუშაოების მთლიანი ღირებულება დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 99643,78 ლარს, ხოლო ამ საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის და იდენტური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მთლიანი ღირებულება ახალი და არსებული (მეორადი) მასალების გამოყენებით შეადგენს 140 561,38 ლარს (ტ.3.ს.ფ.5-41);
2.10. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 01 მაისის საინჟინრო ექსპერტიზის N002808918 დასკვნაში (ექსპერტი ა. კაიფანჯიანი ტ.2.ს.ფ.2-28) მითითებულია: „ვინაიდან ქ. ბათუმში, ............ ქ. N104-106-ში მდებარე დაზიანებული საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება შეზღუდული სამშენებლო პირობებიდან გამომდინარე დაკავშირებულია მნიშვნელოვან სირთულეებთან და ამასთანავე, მათი განხორციელებისათვის აუცილებელია პირველ სართულზე მასშტაბური სადემონტაჟო და შემდგომ სამშენებლო სამუშაოების შესრულება, ამიტომ შენობის გამაგრება-გაძლიერება მიჩნეული იქნა გაუმართლებლად“. აღნიშნული დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მიწვეულმა ექსპერტებმა და სპეციალისტებმაც;
2.11. მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით, კომპანია „დ.ი–ის“ სპეციალისტების დ. ზ–ძის, რ. კ–ძის, ვ. ვ–ძის მიერ 2018 წლის 19 მაისს შედგენილ წერილში მითითებულია: 2018 წლის 19 მაისს დათვალიერებული იქნა ქ. ბათუმი, ............ ქ. N104-106-ში მდებარე მოსარჩელეების საცხოვრებელი სახლი. მათ დაადგინეს, რომ აღნიშნული საცხოვრებელი სახლი აღდგენას არ ექვემდებარება. შესაბამისად, მიზანშეწონილად მიიჩნიეს სახლის დემონტაჟი და მის ადგილას ანალოგიური ფართის, კერძოდ, 418 კვ.მ. ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. ............ ქ. N104-106-ში მდებარე, დაზიანებული საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი და მის ნაცვლად ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა საპროექტო სამუშაოებთან ერთად შეადგენს 215 270 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს, რაც გაანგარიშებული იქნა იმ დროისათვის ბაზარზე არსებული საბაზრო ღირებულებების გათვალისწინებით, კერძოდ: 1 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი სახლის მშენებლობის საბაზრო ფასი შეადგენდა 440 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს, შესაბამისად, 418 კვ.მ.-ის განისაზღვრა 183 920 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით; არსებული სახლის დემონტაჟი განისაზღვრა ახალი მშენებლობის საერთო ღირებულების 15%, ანუ 183 920-ის 15%=27 588 აშშ დოლარით; ახალი სახლის საპროექტო ღირებულება ადგილის გეოლოგიურ კვლევასთან ერთად, 1 კვ.მ. - 9 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, ანუ 3762 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით (418 X 9=3762); სულ - 215 270 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით (ტ.2.ს.ფ.63-64);
2.12. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა „დ.ი–ის“ სპეციალისტებმა განმარტეს, რომ 2018 წლის 19 მაისის წერილში აღნიშნული თანხა მათ მიერ გამოანგარიშებული იქნა ზოგადად, ბაზარზე არსებული ფასებიდან. ეს ციფრი არ ყოფილა დაანგარიშებული ქ. ბათუმში, ............ ქ. N104-106-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სამშენებლო პროექტის შესაბამისად. ასევე, არ ყოფილა გაკეთებული ხარჯთაღრიცხვა საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე;
2.13. ქ. ბათუმში, ............ ქ. N106-ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის ტექნიკურ მდგრადობაზე მოპასუხის მიმართვის საფუძველზე, შპს „ა–ის“ მიერ მიწვეული სპეციალისტის, შ.ბ–ძის გამოკვლევის თანახმად, მოპასუხის სახლზე არასწორმა სარეკონსტრუქციო სამუშაოებმა (არსებულ სახლზე ერთი სართულის დაშენებამ და ორსართულიანი ნაწილის მიშენებამ) გამოიწვია რეკონსტრუირებული საცხოვრებელი სახლის ჯდენა შენობის მიშენებულ ნაწილში. შესაბამისად, რეკონსტრუირებული სახლის ჯდენამ გამოიწვია სამეზობლო N106 სახლის ჯდენაც. მიუხედავად იმისა, რომ გეოლოგიური დასკვნის მიხედვით შენობის დღევანდელი მდგომარეობა შორსაა ავარიულობისაგან და მისი შემდგომი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველი არ არის, ქ. ბათუმში, ........... მდებარე შენობაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით ცხოვრება შეუძლებელია. სპეციალისტის რეკომენდაციის მიხედვით, შესაძლებელია შენობაზე სადემონტაჟო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარება (ტ.3.ს.ფ.45-63);
2.14. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს და საქმეში განთავსებული საჯარო რეესტრის მასალებითაც ირკვევა, რომ 2018 წლის სექტემბრამდე, მოსარჩელეთა საკუთრებაში რეგისტრირებული იყო ქ. ბათუმში, ............ ქ. N104-106-ში მდებარე 221,91 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი სახლი, ხოლო მიშენებული და დაურეგისტრირებელი ნაწილი შეადგენდა 196,81 კვ.მ.-ს, რაც სარჩელის წარდგენის შემდეგ, დავის მიმდინარეობისას დაზუსტდა და მოსარჩელეთა საკუთრებაში რეგისტრირებული იქნა ჯამში 418,72 კვ.მ. (ტ.2.ს.ფ.140-153);
2.15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 08 ნოემბრის განჩინებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებაზე თავდაპირველი მოსარჩელეების უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა ლ.ჩ–ძე;
2.16. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით თავდაპირველი მოსარჩელეების უფლებამონაცვლის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება და მიღებული ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელის დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 215 000 აშშ დოლარის ანაზღაურება; მოსარჩელის სააპელაციო მოთხოვნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის საოქმო განჩინებების გაუქმებისა და მტკიცებულებების საქმიდან ამოღების შესახებ არ დაკმაყოფილდა; მხარეთა შორის განაწილდა საპროცესო ხარჯები. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხის წარმომადგენელმა და მისი გაუქმება მოითხოვა;
2.17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 20 იანვრის განჩინებით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საკასაციო სასამართლომ, მხარეთა მიერ წარდგენილ, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნებზე მითითებით განმარტა, რომ აღნიშნული დასკვნების ერთობლივი ანალიზი, მხოლოდ იმ დასკვნის გამოტანის საფუძველს იძლევა, რომ მოპასუხის მიერ განხორციელებულმა სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვია მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საცხოვრებელი სახლის) დაზიანება, ხოლო, რა სახით შეიძლება ამ ზიანის აღმოფხვრა - კონკრეტული ღირებულების აღდგენითი სამუშაოების ჩატარებით, თუ არსებული, დაზიანებული შენობის დემონტაჟითა და ახლის აშენებით, აგრეთვე, უკანასკნელ შემთხვევაში, შესაძლებელია თუ არა არსებული შენობის სამშენებლო მასალების ხელმეორედ გამოყენება თუ მთლიანად ახალი მასალებით უნდა მოხდეს აშენება ან ზიანის აღმოფხვრისთვის ჩასატარებელია სხვა სამუშაოები და კონკრეტულად რა ღირებულების იქნება - დამატებით კვლევას საჭიროებს;
2.18. საკასაციო სასამართლოდან საქმის დაბრუნების შემდეგ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 20 იანვრის განჩინებაში დაფიქსირებული მითითების საფუძველზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 29 ივნისის განჩინებით დაინიშნა განმეორებითი ექსპერტიზა. ექსპერტს გამოსაკვლევად დაესვა შემდეგი საკითხები:
2.18.1. შესაძლებელია თუ არა ქ. ბათუმში, ............ ქ. N104-106-ში მდებარე, თავდაპირველი მოსარჩელეების თანასაკუთრებაში რეგისტრირებული N..........საკადასტრო კოდის უძრავი ქონების - ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის დაზიანებების აღმოფხვრა აღდგენითი სამუშაოების წარმოებით. დადებითი პასუხის შემთხვევაში, რა ხარჯებია (თანხა) საჭირო საქმეში განთავსებული მტკიცებულების - შპს „ა–ის“ სპეციალისტის, ინჟინერ-ხარჯთაღმრიცხველის - თ.ტ–ის მიერ შედგენილ ხარჯთაღრიცხვაში (ტ.3.ს.ფ.9-22) დაფიქსირებული სამუშაოების მიხედვით, როგორც მხოლოდ ახალი მასალების ასევე, ახალი ან/და მეორადი მასალების გამოყენებით;
2.18.2. ქ. ბათუმში, ............ ქ. N104-106-ში მდებარე, თავდაპირველი მოსარჩელეების თანასაკუთრებაში რეგისტრირებული N........... საკადასტრო კოდის უძრავი ქონების - ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის და იმავე ადგილას ახალი, იდენტური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, შესაძლებელია თუ არა ამჟამად არსებული საცხოვრებელი სახლის მასალების ხელმეორედ (მეორადი მასალა) გამოყენება;
2.18.3. რას შეადგენს ქ. ბათუმში, ............ ქ. N104-106-ში მდებარე, თავდაპირველი მოსარჩელეების თანასაკუთრებაში რეგისტრირებული N..........საკადასტრო კოდის უძრავი ქონების, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის და იმავე ადგილას ახალი, იდენტური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მთლიანი ღირებულება, საქმეში განთავსებული მტკიცებულების - შპს „ა–ის“ სპეციალისტის, ინჟინერ-ხარჯთაღმრიცხველის -თ.ტ–ის მიერ შედგენილ ხარჯთაღრიცხვაში (ტ.3.ს.ფ.24-41) დაფიქსირებული სამუშაოების მიხედვით, როგორც მხოლოდ ახალი მასალების ასევე, ახალი ან/და მეორადი მასალების გამოყენებით.
2.19. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 29 ივნისის განჩინების საფუძველზე ჩატარებული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N007729422 დასკვნის (ექსპერტები: გ.რ–ძე, დ.ს–ძე) თანახმად:
2.19.1. ექსპერტიზაზე წარდგენილი, ქ. ბათუმში, ............ ქ. N104-106-ში მდებარე, თავდაპირველი მოსარჩელეების თანასაკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით N........., ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. შენობა საჭიროებს აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას, თუმცა არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, არარენტაბელურობიდან გამომდინარე, შენობის აღდგენა-გამაგრება მიზანშეუწონელია;
2.19.2. ქ. ბათუმში, ............ ქ. N104-106-ში მდებარე, თავდაპირველი მოსარჩელეების თანასაკუთრებაში რეგისტრირებული N..........საკადასტრო კოდის უძრავი ქონების - ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის და იმავე ადგილას ახალი, იდენტური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, შესაძლებელია არსებული საცხოვრებელი სახლის მასალების ხელმეორედ გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ მეორადად გამოსაყენებელი მასალები აკმაყოფილებს სამშენებლო ნორმებით და სტანდარტებით მოთხოვნილ პარამეტრებს;
2.19.3. ქ. ბათუმში, ............ ქ. N104-106-ში მდებარე, თავდაპირველი მოსარჩელეების თანასაკუთრებაში რეგისტრირებული N..........საკადასტრო კოდის უძრავი ქონების, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის და იმავე ადგილას ახალი, იდენტური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის სამუშაოები შპს „ა–ის“ სპეციალისტის, ინჟინერ-ხარჯთაღმრიცხველის - თ.ტ–ის მიერ შედგენილ ხარჯთაღრიცხვაში დაფიქსირებული სამუშაოების მიხედვით (ტ.3.ს.ფ.24-41), 2022 წლის III კვარტლის მონაცემებით, თანახმად N1 დანართისა, შეადგენს 221959,81 ლარს მხოლოდ ახალი მასალების გამოყენებით, ხოლო თანახმად N2 დანართისა, - 189349,40 ლარს ახალი და მეორადი მასალების გამოყენებით;
2.20. 2023 წლის 26 აპრილს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე დაკითხულმა ინჟინერ-ხარჯთაღმრიცხველმა - თ.ტ–მა მის მიერ შედგენილ დასკვნასთან დაკავშირებით განმარტა, რომ მან გაანგარიშება შეადგინა ადგილზე ფაქტობრივი აზომვით, იმ დროისათვის დაზიანებულ ნაწილზე, ხოლო დაუზიანებელი ნაწილი არ შეუფასებია და მასზედ არც მესაკუთრეს არ გააჩნდა პრეტენზია. ამასთან, გაანგარიშებაში მეორადად გამოსაყენებლად საორიენტაციოდ დათვალა ის მასალები, რაც იმ დროისათვის თვალსაჩინოდ ჩანდა, რომ შესაძლებელი იყო იქედან ამოსულიყო მთელი (იატაკი, სახურავი, კარი, ფანჯარა და სხვ.). როგორც აღდგენის, ისე დემონტაჟისა და ახლის აშენების თანხა ერთი და იმავე ნახაზის შესაბამისად გაიანგარიშა. მიუხედავად იმისა, რომ დაზიანებული იყო მოპასუხის სახლის მომიჯნავე მხარე, გაანგარიშება მთელ სახლზე განახორციელა;
2.21. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა ს.მ–მა განმარტა, რომ, მართალია, მის დასკვნაში დაფიქსირებული აქვს, რომ საძირკველი დაზიანებულია, ამასთან შესაძლებელია მისი კომპეტენცია არ არის შეაფასოს დემონტაჟია აუცილებელი თუ აღდგენა არის შესაძლებელი, თუმცა, ვინაიდან ამჟამად ჯდენა დასრულებულია, ვარაუდობს, რომ ნაგებობის დემონტაჟი აუცილებელი აღარ არის და საკმარისია აღდგენა;
2.22. 2023 წლის 22 თებერვალს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა დ.ს–ძემ განმარტა, რომ მის დასკვნაში დაფიქსირებული მსჯელობა, რომ თავდაპირველი მოსარჩელეების სახლის აღდგენა შესაძლებელია, თუმცა არარენტაბელურია, გამომდინარეობს იქედან, რომ დაზიანების ხარისხის გათვალისწინებით, აღდგენის მიზნით ისეთი მასშტაბური სამუშაოებია ჩასატარებელი, რომ დემონტაჟისა და ახლის აშენების ტოლფასია. თუ შენობასთან მიმართებაში რაიმე დამატებითი მოთხოვნა არ არის დაფიქსირებული, მაგ., კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს თუ არ წარმოადგენს, მაშინ აღდგენა არარენტაბელურია. მის დასკვნაში ხარჯები დათვლილი იქნა თ. ტ–ის ხარჯთაღრიცხვაში დაფიქსირებული მოცულობების მიხედვით, ოღონდ ფასები მცირედით დაკორექტირდა.
3. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 992-ე, 408-ე, 409-ე მუხლებით, სსსკ-ის 412-ე მუხლით და დადასტურებულად მიიჩნია, რომ სწორედ მოპასუხის მიერ, ქ. ბათუმში, ............ ქ. N108-ში მდებარე, მის საკუთრებაში რიცხულ საცხოვრებელ სახლზე განხორციელებულმა სარეკონსტრუქციო სამუშაოებმა გამოიწვია თავდაპირველი მოსარჩელეების საკუთრებაში რიცხული საცხოვრებელი სახლის დაზიანება. შესაბამისად, მოპასუხის ბრალი ზიანის მიყენებაში დადასტურებული იყო.
4. სააპელაციო სასამართლომ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელის კუთვნილი სახლის აღდგენა შესაძლებელია, მოპასუხეს დააკისრა, ხოლო იმ ფაქტის მტკიცების ტვირთი, რომ ზიანის გამოსწორება შესაძლებელია მხოლოდ სახლის დემონტაჟითა და ახლის აშენებით, მოსარჩელის მტკიცების ვალდებულებად განსაზღვრა.
5. სააპელაციო სასამართლომ, სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხებთან დაკავშირებით შეაფასა საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნები და სასამართლო სხდომაზე დაკითხულ ექსპერტთა ჩვენებები და დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
5.1. ქ. ბათუმში, ........... მდებარე თავდაპირველი მოსარჩელეების საკუთრებაში რიცხული საცხოვრებელი სახლი, ............ ქ. N108-ში მდებარე მოპასუხის საცხოვრებელი სახლის მიშენება-დაშენების პროცესში პროექტიდან გადახვევის და მშენებლობის ტექნოლოგიის დარღვევის გამო, საგრძნობლად გადახრილია N108 საცხოვრებელი სახლის მიმართულებით;
5.2. მოსარჩელის სახლის კედლებზე, ჭერში და იატაკზე წარმოქმნილია მნიშვნელოვანი ბზარები;
5.3. გარე კედელი მოცილებულია ზეძირკველს და მათ შორის გაჩენილია ჰორიზონტალური ნაპრალი;
5.4. სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და საცხოვრებლად უვარგისია;
5.5. დაზიანების ხარისხის გათვალისწინებით, აღდგენის მიზნით ისეთი მასშტაბური სამუშაოებია ჩასატარებელი, რომ დემონტაჟისა და ახლის აშენების ტოლფასია, რის გამოც აღდგენა/გამაგრება არარენტაბელურია.
6. სააპელაციო სასამართლომ ამ ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელის სახლზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება უნდა მომხდარიყო მოსარჩელის სახლის დემონტაჟის და მის ადგილას ანალოგიური, ახალი სახლის აშენების გზით. ხოლო, იმის გათვალისწინებით, რომ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა არარენტაბელურია, რაც ექსპერტის დასკვნისა და ჩვენების მიხედვით შეუძლებლობის ტოლფასია, სსკ-ის 409-ე მუხლიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ზიანის ანაზღაურების მიზნით უნდა მისცემოდა ახალი სახლის აშენებისათვის ფულადი ანაზღაურება.
7. მოცემულ დავაზე საკასაციო სასამართლოს მითითების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ შეამოწმა მშენებლობის თანხებთან დაკავშირებით მხარეთა მიერ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები, ასევე სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ექსპერტიზის დასკვნა, მოისმინა ექსპერტების ჩვენებები და მიიჩნია, რომ ზიანის ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 29 ივნისის განჩინების საფუძველზე ჩატარებული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N007729422 დასკვნის (ექსპერტები: გ.რ–ძე, დ.ს–ძე) შესაბამისად, რომლის თანახმად, ზიანი გაანგარიშებული იქნა ქ. ბათუმში, ............ ქ. N104-106-ში მდებარე, თავდაპირველი მოსარჩელეების თანასაკუთრებაში რეგისტრირებული N..........საკადასტრო კოდის უძრავი ქონების, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის და იმავე ადგილას ახალი, იდენტური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის სამუშაოებზე, მოპასუხის მიერ წარდგენილი, შპს „ა–ის“ სპეციალისტის, ინჟინერ-ხარჯთაღმრიცხველის - თ.ტ–ის მიერ შედგენილ ხარჯთაღრიცხვაში დაფიქსირებული სამუშაოების მიხედვით (ტ.3.ს.ფ.24-41, N2 დანართი) ოღონდ, ახალი თარიღით - 2022 წლის III კვარტლის მონაცემებით, რომლის თანახმად, ახალი და მეორადი მასალების გამოყენებით ხარჯი განისაზღვრა 189349,40 ლარით, განსხვავებით თ.ტ–ის ხარჯთაღრიცხვისა, რომლითაც თანხა გაანგარიშებულია 2018 წლის მდგომარეობით. სწორედ აღნიშნული თანხა (189349,40 ლარი) უნდა დაკისრებოდა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
8. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, ზიანის ოდენობა განსაზღვრულიყო „დ.ი–ის“ დასკვნის მიხედვით, 215 270 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით. როგორც მითითებული დასკვნით ირკვევა, სპეციალისტებმა გაანგარიშება მოახდინეს იმ დროისათვის ბაზარზე არსებული საბაზრო ღირებულებების გათვალისწინებით, რა დროსაც 1 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი სახლის მშენებლობის საბაზრო ფასი შეადგენდა 440 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს და არ გაუთვალისწინებიათ სახლის დემონტაჟის შემთხვევაში ვარგისი მასალების მეორადად გამოყენების შესაძლებლობა, ასევე მინაშენზე დაზიანებების არარსებობა, რაც გათვალისწინებულია თ. ტ–ის მიერ შედგენილ ხარჯთაღრიცხვაში.
9. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა შეგებებული აპელანტის/მოპასუხის პრეტენზია, დამატებითი და დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნების დაუშვებლად მიჩნევისა და განუხილველად დატოვების თაობაზე. პალატის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში, საქმის მომზადების ეტაპზე, მოსარჩელემ წერილობითი ფორმით წარადგინა განცხადება, სადაც მიუთითა, რომ სსსკ-ის მე-3, მე-4 და 83-ე მუხლების საფუძველზე ზრდიდა სასარჩელო მოთხოვნას და ითხოვდა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 215 170 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრებას (ტ.2.ს.ფ.87). იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ, საქმის მომზადების დასრულებამდე, მხოლოდ გაზარდა მოპასუხის მიმართ თანხის ოდენობა და არ შეუცვლია მოთხოვნის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი, პალატამ მიიჩნია, რომ ასეთი შემთხვევისთვის ახალი სარჩელის წარდგენის აუცილებლობა არ არსებობდა და წერილობითი ფორმის განცხადებაში თანხასთან დაკავშირებით მოთხოვნის დაფიქსირება წარმოადგენდა საკმარისს.
10. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ორივე მხარემ შეიტანეს საკასაციო საჩივრები. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, შეგებებული სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება, ასევე თავდაპირველი მოსარჩელეებისათვის და, აგრეთვე, მათი უფლებამონაცვლისთვის ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე გამოტანილი განჩინებების, მათი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
11. მოსარჩელემ მიუთითა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
11.1. 2023 წლის დასკვნის მიხედვით, მეორადი მასალების გამოყენების შესაძლებლობის საკითხი უნდა დაზუსტდეს და გაირკვეს სახლის დემონტაჟის შემდეგ, როცა შესაძლებელი იქნება განისაზღვროს, ეს მეორადი მასალები რამდენად ვარგისია კვლავ გამოყენებისთვის. მაგრამ მაინც განისაზღვრა ღირებულება იმ შემთხვევაში, თუ დემონტაჟის შემდეგ შესაძლებელი იქნება მეორადი მასალების გამოყენება. თ.ტ–ის განმარტებით, იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს მეორადი მასალების გამოყენება, სახლის დემონტაჟი უნდა მოხდეს ისე, რომ შესაძლებელი იყოს მეორადი მასალების გამოყენება. ანუ იმთავითვე დადგენილი არ არის, რომ შესაძლებელი იქნება მეორადი მასალების ანუ დაშლილი სახლის ნარჩენი მასალების გამოყენება. თუმცა, სასამართლომ ამის საწინააღმდეგოდ ეს ფაქტი უკვე უდავოდ დადგენილად ჩათვალა და ზიანის ოდენობაც სწორედ აქედან განსაზღვრა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ დაზიანებულ ნაწილში აღდგენის პროექტი. სახლის დემონტაჟის და ახლის აშენების გაანგარიშება/ხარჯთაღრიცხვის შედგენა შესაძლებელია მხოლოდ დემონტაჟის და აღდგენის პროექტის არსებობის შემთხვევაში, რაც საქმეში წარმოდგენილი არ არის;
11.2. სასამართლომ არასწორად განსაზღვრა სახლის ფართი და შესაბამისად, თანხა, რომელიც დაეკისრა მოპასუხეს. კერძოდ, სასამართლომ თავად დაადგინა, რომ სახლი შედგება ორი ნაწილისაგან: 2-სართულიანი ნაწილი, რომლის ფართია 221 კვ.მ. და მინაშენი, რომლის ფართია 196 კვ.მ.; სასამართლომ ამ ნაწილში ფაქტობრივად გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ სასამართლოში დავის დაწყების დროს, 2013 წლის მაისში, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო მხოლოდ 221 კვ.მ., ხოლო მინაშენი დარეგისტრირდა მხოლოდ დავის დაწყების შემდეგ. თუმცა, სასამართლოს გამორჩა ერთი ფაქტი. მინაშენი, რომელიც დარეგისტრირდა რეესტში, ფაქტიურად არსებობდა გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან. ამ მხრივ შედავება მოპასუხეს არ აქვს წარმოდგენილი ანუ ფაქტი, რომ მინაშენი რეალურად არსებობდა, უდავოა. აქედან გამომდინარე, რა მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, როდის იქნება რეესტრში ასახული ისედაც არსებული მდგომარეობა;
11.3. სასამართლომ, მართალია, სწორად დაადგინა, რომ ზიანის ანაზღაურების მიზნით უნდა მოხდეს სახლის დემონტაჟი და ახლის აშენება, მაგრამ თანხა დაადგინა ტ–ის დასკვნით, რომელმაც განაცხადა, რომ მან აღწერა და აღდგენის ხარჯთაღრიცხვა შეადგინა დაახლოებით 250 კვ.მ. ფართზე. იგივე განმარტა საქმეში წარდგენილი აღდგენის პროექტის ავტორმა შ.ბ–ძემ. როგორ წარმოუდგენია სასამართლოს სახლის ერთი, 2-სართულიანი ნაწილის დემონტაჟი იმ პირობებში, როდესაც სახლი არის ერთიანი. სახლის ნაწილის დემონტაჟის დროს 196 კვ.მ. სახლიც დაინგრევა. ამდენად, სასამართლომ არასრულყოფილად განსაზღვრა ზიანის ოდენობა;
11.4. მთლიანი საცხოვრებელი სახლის ფართობია 418 კვ.მ., თუმცა ხარჯთაღრიცხვა შედგენილია მხოლოდ 250 კვ.მ.-ის აღდგენაზე. სასამართლოს გადაწყვეტილება, მოპასუხეს დააკისროს მიყენებული ზიანის მხოლოდ ნახევრის გადახდა, იქნება კასატორის უფლებების დარღვევა. ამას გარდა, ხარჯთაღრიცხვაში გამოტოვებულია სხვა დეტალები, კერძოდ: დემონტაჟის ხარჯები, პროექტის დამზადების ხარჯები, დემონტაჟის ნარჩენების გადამუშავების ხარჯები და ა.შ.; ჩამონათვალთაგან არც ერთი არ არის აღნიშნული თ.ტ–ის მიერ შედგენილ ხარჯთაღრიცხვაში. ამდენად, ხარჯთაღრიცხვა არ არის სრული, ზუსტი და არ შეესაბამება დღევანდელ რეალობას;
11.5. საცხოვრებელი სახლი უკვე 50 წელზე დიდი ხნის აშენებულია და თვით ექსპერტებსაც მიაჩნიათ, რომ სახლზე მიყენებული ზიანი რესტავრაციას არ ექვემდებარება და დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. სავარაუდოა, რომ არ შეიძლება ამ სახლის დემონტაჟისას დარჩენილი მასალების მეორადი გამოყენება, რადგან ეს მასალა ვერ იქნება გამოსაყენებლად ვარგისი.
12. მოპასუხემ მიუთითა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
12.1. სააპელაციო სასამართლომ არ შეამოწმა თავდაპირველ მოსარჩელეთა უფლებამონაცვლის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლები, არამედ მას ახალი ვადა დაუწესა ბაჟის თანხის გადასახდელად. აღნიშნულ ვადაში უფლებამონაცვლის მხრიდან ბაჟის თანხის გადახდის შემდეგ, სააპელაციო სასამართლომ მისი იგივე სააპელაციო საჩივარი კანონდარღვევით მიიღო წარმოებაში. ვინაიდან უფლებამონაცვლისთვის სავალდებულო იყო ხარვეზის შევსების იმ ვადის დაცვა, რომელიც სააპელაციო სასამართლომ ჯერ კიდევ უფლებამონაცვლეობამდე დაუწესა თავდაპირველ მოსარჩელეებს, მით უმეტეს, როცა მათ ერთი და იგივე წარმომადგენელი ჰყავდათ და ჰყავთ დღემდე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დაწესებული შენიშვნიდან და იქედან გამომდინარე, რომ უფლების დამთმობებს ხარვეზის განჩინებით დადგენილ ვადაში არც ხარვეზი შეუვსიათ და არც განცხადებით მიუმართავთ სასამართლოსათვის, რომლითაც ხარვეზისათვის დაწესებული ვადის გაგრძელებას მოითხოვდნენ, სააპელაციო სასამართლოს უფლებამონაცვლის სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დაეტოვებინა, რაც არ გაუკეთებია;
12.2. სააპელაციო სასამართლომ თავისი 2019 წლის 8 ნოემბრის განჩინებით საფუძვლიანად ჩათვალა უფლებამონაცვლის შუამდგომლობა აპელანტების/თავდაპირველი მოსარჩელეების უფლებამონაცვლედ ცნობის და მისი, როგორც უფლებამონაცვლის შშმპ სტატუსის გამო, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების შესახებ და უფლებამონაცვლის სააპელაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო. თუ სინამდვილეს შეესაბამებოდა 2019 წლის 8 ოქტომბერს გაფორმებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, მაშინ, ამავე ხელშეკრულების 2.3 პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, თავდაპირველმა მოსარჩელეებმა თავიანთი უფლებები სააპელაციო საჩივრიდან გამომდინარე დაკარგეს ჯერ კიდევ 2019 წლის 8 ოქტომბერს. ასეთ შემთხვევაში, ვინაიდან 2019 წლის 11 ოქტომბერს ჯ.ქ–მა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა, როგორც თავდაპირველ მოსარჩელეთა წარმომადგენელმა და 2019 წლის 26 სექტემბრის განჩინებით ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადის გაგრძელება მოითხოვა, იგი არ იყო უფლებამოსილი აღნიშნული საპროცესო მოქმედება განეხორციელებინა მათი სახელით, ვინაიდან ამ მომენტისათვის, ჯერ კიდევ 2019 წლის 8 ოქტომბრიდან, მათ დაკარგული ჰქონდათ მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა უფლება და ამ უფლებებს უკვე ფლობდა უფლებამონაცვლე. მეტიც, როცა ჯ.ქ–მა 2019 წლის 31 ოქტომბერს შუამდგომლობა წარადგინა სააპელაციო სასამართლოში, უკვე როგორც უფლებამონაცვლის წარმომადგენელმა, ამ დროისათვის ბაჟის გადახდისათვის 2019 წლის 26 სექტემბრის განჩინებით დაწესებული ვადა უკვე გასული იყო. შესაბამისად, ერთი მხრივ, უფლებამონაცვლემ გაუშვა უკვე შეძენილი მოთხოვნის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოსადმი მიმართვის ვადა, ხოლო, მეორე მხრივ, თავდაპირველმა მოსარჩელეებმა გაუშვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 26 სექტემბრის განჩინებით დაწესებული ვადა და ხარვეზი არ შეავსეს. რაც შეეხება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით დაწესებულ ვადას, აღნიშნული განჩინება სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, რადგანაც ამ განჩინების გამოტანის მომენტისათვის და მისი გამოტანიდან კიდევ 13 დღის განმავლობაში უფლებამონაცვლეს არც დამოუკიდებლად და არც მისი წარმომადგენლის საშუალებით სასამართლოსათვის უფლებამონაცვლედ ცნობის მოთხოვნით არ მიუმართავს და ამიტომაც, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, მას შემდეგ, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 20 იანვრის Nას-222-2020 განჩინების საფუძველზე დაუბრუნდა რა უფლებამონაცვლის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემოწმების საპროცესო ეტაპს, მათი სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დაეტოვებინა იმის გამო, რომ ხარვეზი არც თავდაპირველ მოსარჩელეებს და არც უფლებამონაცვლეს არ შეუვსია სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში;
12.3. სსსკ-ის 92.1 მუხლი ითვალისწინებს უფლებამონაცვლეობას თუნდაც მოთხოვნის დათმობის გზით იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს „სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლას“. მოცემულ შემთხვევაში სადავოც და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებითაც დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობა უკავშირდება და გამომდინარეობს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებიდან. უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება დღესაც თავდაპირველ მოსარჩელეებს ეკუთვნით. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, რომელიც კანონიერ ძალაშიც არ არის შესული, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 140 561,38 ლარის გადახდა დაეკისრა. თუ ზიანი, რომლის ანაზღაურებასაც ითხოვდა უფლებამონაცვლე, მიადგათ და დღემდე ადგებათ თავდაპირველ მოსარჩელეებს, და ეს ყველაფერი გამომდინარეობს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებიდან, მაშ რა დაუთმეს თავდაპირველმა მოსარჩელეებმა უფლებამონაცვლეს? გაურკვეველია, რა ზიანი მიადგა უფლებამონაცვლეს. ამრიგად, არც არსებული სადავო ურთიერთობიდან გასულან თავდაპირველი მოსარჩელეები და არც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან. შესაბამისად, არ არსებობდა უფლებამონაცვლეობის დადგენის სამართლებრივი საფუძველი;
12.4. სააპელაციო სასამართლომ ისე გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ საერთოდ არ გაითვალისწინა მოპასუხის შეგებებული სააპელაციო საჩივრის საფუძვლები;
12.5. 2018 წლის 3 აგვისტოს მოსარჩელეებმა უბრალო ფარატინა ქაღალდზე განცხადების შეტანით გაზარდეს თავიანთი სასარჩელო მოთხოვნა და, ნაცვლად 171644 აშშ დოლარისა, მოითხოვეს 215270 აშშ დოლარის მოპასუხისთვის დაკისრება. სასამართლოს თავისი განჩინებით უარი უნდა ეთქვა ასეთი სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, რაც არ გაუკეთებია. იმის გამო, რომ სარჩელი არ აკმაყოფილებდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს და არ იყო შედგენილი ამ ნიმუშში მითითებული წესების დაცვით, აღნიშნული სარჩელი განუხილველად უნდა დაეტოვებინა;
12.6. არც ძირითად სარჩელს და არც განცხადებას სასარჩელო მოთხოვნის გაზრდის შესახებ არ ერთვოდა არც ახალი სახლის მშენებლობის პროექტი და არც სათანადო ხარჯთაღრიცხვა. უფრო მეტიც, არაერთი ექსპერტიზის ჩატარების მიუხედავად, ასეთი პროექტი და ხარჯთაღრიცხვა სასამართლოს დავალების მიუხედავად (იხ. განჩინებები ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ) ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ არ მოამზადა;
12.7. ძირითადი სახლის ფართობი, რომელიც საჯარო რეესტრში იყო რეგისტრირებული დავის დაწყებამდე, შეადგენდა 221,91 კვ.მ.-ს, ხოლო მიშენებული და დაურეგისტრირებელი ნაწილი იყო 196,81 კვ.მ.; აღნიშნული ფართის რეგისტრაცია კი მოსარჩელემ სარჩელის აღძვრამდე დაწყებული დავის პერიოდში განახორციელა. თუმცა ყველა დაზიანება, რომელზედაც მოსარჩელეც და ექსპერტებიც მიუთითებდნენ, იყო სახლის ძირითად ნაწილში და არა მასზე შემდგომში ნაწარმოებ მიშენებებზე. სახლის მინაშენი მოსარჩელეთა საკუთრებას არ წარმოადგენდა ზიანის მიყენების მომენტში და მათ ვერ დაამტკიცეს, რა საფუძვლით ითხოვდნენ მინაშენის ხელახლა აშენების ღირებულების გადახდას. ვინაიდან უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება დგინდება საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერებით, მოსარჩელე მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება იმ უძრავ ქონებაზე, რომელიც არ წარმოადგენდა მის საკუთრებას ზიანის მიყენების დროისათვის. სსკ-ის 158-ე მუხლის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. მაგრამ, ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუკი ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან;
12.8. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხემ წარადგინა თ.ტ–ის მიერ შედგენილი ორი ხარჯთაღრიცხვა, როგორც სახლის აღდგენის, ისე ანალოგიურის ახლის აშენების სამუშაოების ხარჯთაღრიცხვები, სასამართლოს არ დაუსაბუთებია, თუ რატომ მიიჩნია მიყენებული ზიანის ოდენობის განმსაზღვრელად ახლის აშენების ღირებულება და არა - აღდგენის ღირებულება. ეს საკითხი წმინდა სამართლებრივი ხასიათისაა და არა - საამშენებლო-საინჟინრო. სსკ-ის 409-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს მხოლოდ მაშინ შეიძლება მიეცეს ფულადი კომპენსაცია „თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები“. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ისე დააკისრა მოპასუხეს ახალი სახლის აშენების ღირებულების გადახდა ფულადი სახით, რომ არ დაუსაბუთებია პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შეუძლებლობა, ამასთან, სასამართლოს არ დაუსაბუთებია, თუ რატომ, რომელი კანონის საფუძველზეა მოპასუხე ვალდებული მოსარჩელეს გადაუხადოს ახალი სახლის აშენების ღირებულება. მით უმეტეს, როცა თ.ტ–ის მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვა ეფუძნება შ.ბ–ძის მიერ შედგენილ პროექტს, რომლის თანახმადაც, მოსარჩელეთა დაზიანებული სახლის აღდგენა პირვანდელი მდგომარეობით შესაძლებელია აღდგენითი სამუშაოების ჩატარებით და ამ მიზნით სრულებითაც არ არის აუცილებელი ანალოგიური ახალი სახლის აშენება. ამასთან, სასამართლომ არც მოპასუხის მიერ საჯარო რეესტრის ყოფილი ტექბიუროს არქივიდან წარდგენილი მტკიცებულება გაითვალისწინა, რომელიც ცალსახად ადასტურებს, რომ სახლი 80 წელზე მეტი ასაკისაა და მას ბუნებრივად მრავალი წლის განმავლობაში მოხმარების შედეგად აქვს განცდილი ისეთი ცვეთა, რომ ახალი სახლის აშენება დაზიანებამდე კი არა, 80 წლის წინანდელი პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა იქნება;
12.9. მეტიც, თითქმის ყველა ექსპერტმა და სპეციალისტმა, რომელიც საქმეში იყო ჩართული, გასცა დასკვნა იმის თაობაზე, რომ სახლის აღდგენა ანუ აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება და მისი პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა იყო შესაძლებელი (იხ. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის პ. მ–ის 2012 წლის 05 სექტემბრის N030736-2012/03/2 დასკვნა; ექსპერტის ა. რ–ის 2012 წლის 7 ნოემბრის N041056-2012/03/2 დასკვნა; ექსპერტის ა.კ–ის 2014 წლის 14 ნოემბრის N006238814 დასკვნა). ა.კ–ის მეორე დასკვნაში N002808918, რომელიც შედგენილ იქნა მის მიერ 2018 წლის 1 მაისს, და რომელიც შინაარსობრივად ეწინააღმდეგება მის მიერ გაცემულ პირველ დასკვნას, მითითებულია, რომ აღდგენა შესაძლებელია, თუმცა მან სუბიექტური მოსაზრებებით მიიჩნია რა, რომ ამას დიდი დანახარჯები მოჰყვებოდა, არ შეადგინა სათანადო პროექტი და ხარჯთაღრიცხვა. საქმეში არსებული ერთადერთი დასკვნა, რომელშიც მითითებულია, რომ აღდგენითი სამუშაოების ჩატარება არის შეუძლებელი, გახლავთ შპს „დ.ი–ის“ მიერ შედგენილი დასკვნები. თუმცა, ამის საწინააღმდეგოდ, ამავე დასკვნების შემდგენმა ყველა სპეციალისტმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა, რომ სახლის პირვანდელი მდგომარეობით აღდგენა შეუძლებელი სრულებითაც არ არის და შესაძლებელია მისი აღდგენითი სამუშაოების ჩატარება, რასაც სათანადო პროექტის და ხარჯთაღრიცხვის შედგენა სჭირდება;
12.10. თუ სასამართლო დასაბუთებულად მივიდოდა იმ დასკვნამდე, რომ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა იყო შეუძლებელი და მიყენებული ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა ფულადი კომპენსაციის გადახდა, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა არა იმ დასკვნით, რომლითაც ახალი სახლის აშენების ხარჯები იქნა დათვლილი, არამედ იმ დასკვნით, რომლითაც არსებულის აღდგენის ხარჯები იქნა დათვლილი და ასეთ შემთხვევაში სასამართლო მოპასუხეს 99643,78 ლარის გადახდას დააკისრებდა;
12.11. სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა იმაზე, რომ, ვინაიდან სახლის აღდგენა იყო შესაძლებელი, მოპასუხეს მაქსიმუმ აღდგენითი სამუშაოები უნდა დაკისრებოდა და, ვინაიდან ასეთი სასარჩელო მოთხოვნა არ ჰქონდა მოსარჩელეს, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვა;
12.12. არასწორია სასამართლოს მსჯელობა, რომ „სწორედ ჯ.ბ–ძის მიერ ქ. ბათუმში, ............ ქ. N108-ში მდებარე მის საკუთრებაში რიცხულ საცხოვრებელ სახლზე განხორციელებულმა სარეკონსტრუქციო სამუშაოებმა გამოიწვია მოსარჩელეების ნ.ჩ–ძის და გ.ჯ–ის საკუთრებაში რიცხული საცხოვრებელი სახლის დაზიანება“. ამ მსჯელობის საწინააღმდეგოდ, საქმეში არსებობს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის პ. მ–ის 2012 წლის 05 სექტემბრის N030736-2012/03/2 დასკვნა, რომლის თანახმადაც, „ქ. ბათუმში ............ N104-ში მდებარე შენობის ფასადის მხარეს და ქუჩის მხრიდან მარჯვნივ მდებარე გრძივ კედელზე არსებული დეფორმაციები და განვითარებული ბზარები გამოწვეულია როგორც ატმოსფერული ნალექების ჩადინებით საძირკვლებში და ფუძე გრუნტის დასველებით, რის გამოც შემცირდა გრუნტის ფიზიკურ-მექანიკური თვისებები და შესაბამისად, გრუნტის საანგარიშო წინაღობა, რამაც გამოიწვია შენობის საძირკვლების არათანაბარი ჯდენითი დეფორმაციების განვითარება და მზიდ კედლებში ბზარების წარმოქმნა, ასევე მიწისძვრების ზემოქმედების შედეგად. ქ. ბათუმში ............ N104-ში მდებარე შენობის შემდგომი ნორმალური ფუნქციონირებისათვის პირველ რიგში აუცილებელია მიმდებარე ტერიტორიის ვერტიკალური გეგმარება შენობის მთელ პერიმეტრზე ატმოსფერული ნალექების ორგანიზებული გადაყვანის სისტემის, შემონაკირწლის და წყალ კანალიზაციის სისტემის სრული რეაბილიტაცია, რის შედეგადაც ატმოსფერული ნალექები მოცილდება შენობას“. ამდენად, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ დაზიანებები გამოწვეულია არა მარტო მოპასუხის მიერ თავისი კუთვნილი სახლის რეკონსტრუქციით, არამედ, წყალარინების სისტემის არარსებობის გამო ატმოსფერული ნალექების ფუნდამენტში ხშირი ჩადინებით, მიწისძვრებით, ძველი და ახალი ნაწილის მიშენებისას გადაბმის არარსებობის გამო (რაც დასკვნებში გარკვევით არის მითითებული) და სხვა, რაშიც ბრალი მოპასუხეს საერთოდ არ მიუძღვის. ამ შემთხვევაში, ვინაიდან ბზარების ნაწილი არ არის გამოწვეული მოპასუხის ქმედებით, ბუნებრივია, არ არსებობს დამდგარი ზიანის სრულად ანაზღაურების ვალდებულება;
12.13. სააპელაციო სასამართლომ, სამწუხაროდ, მთლიანად გაიზიარა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N007729422 დასკვნა (ექსპერტები: გ.რ–ძე, დ.ს–ძე), რომელიც მომზადებულ იქნა თ.ტ–ის მიერ შემუშავებული სამუშაოების მოცულობების მიხედვით, ოღონდაც ახალი სახლის აშენებისათვის, რაც იყო გათვალისწინებული და არა არსებულის აღდგენისათვის. გაუგებარია, თუკი ექსპერტებმა თ.ტ–ის მიერ დათვლილი სამუშაოების და მასალების მოცულობების მიხედვით ახლის აშენების ღირებულება დათვალეს, რატომ ვერ და არ დათვალეს აღდგენის ღირებულება იმავე მოცულობების მიხედვით. მით უმეტეს, როცა სასამართლომ მათ ასეთი შეკითხვა დაუსვა. ამავე ექსპერტებმა სასამართლო სხდომაზეც დაადასტურეს რომ სახლი აღდგენას ექვემდებარებაო და, თუ ასეა და ეს ასეც არის, მაშ რატომ არის მოპასუხე ვალდებული მოსარჩელეებს ახლის აშენების ღირებულება გადაუხადოს;
12.14. საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას, კერძოდ, როცა მხარე ითხოვს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, დაზიანებული სახლის ნაცვლად ახლის აშენების სახით, ასეთ შემთხვევაში, რატომ არ მიიჩნევა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენად მოპასუხის მიერ დაზიანებული სახლის ანალოგიური სახლის აშენება ან დაზიანებულის რეაბილიტაცია პირვანდელი სახით და რატომ არის აუცილებელი ფულადი სახით კომპენსაციის გაცემის მავალდებულებელი ნორმის გამოყენება. ასევე, სასამართლომ უნდა იმსჯელოს, პირვანდელი მდგომარეობით დაზიანებული შენობის აღდგენის ღირებულების გაანგარიშების მიზნით რამდენად უნდა იქნეს გამოყენებული ნარდობის ხელშეკრულებისთვის დადგენილი წესები დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვის შედგენასა და დასაბუთებულობასთან. ასევე, რამდენად უნდა იქნეს გამოყენებული დარგში მოქმედი საამშენებლო წესები და ნორმები ხარჯთაღრიცხვის შედგენის მიზნით, რომელიც მოწვეულმა სპეციალისტმა თ.ტ–მა გამოიყენა.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 სექტემბრის განჩინებებით თავდაპირველ მოსარჩელეთა უფლებამონაცვლისა და მოპასუხის საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 04 ივნისის განჩინებით თავდაპირველ მოსარჩელეთა უფლებამონაცვლისა და მოპასუხის საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391.5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
15. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მხარეთა საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
16. საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას [სსსკ-ის 410-ე მუხლი].
17. საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში [სსსკ-ის 404.1 მუხლის პირველი წინადადება]. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407-ე მუხლი].
18. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის წარმოშობილი დავა დელიქტური სამართლით მოსაწესრიგებელ საკითხთა წრეს მიეკუთვნება. მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე სსკ-ის 317.1 [ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან], 992-ე [პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი], 408.1 [იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება] და 409-ე [თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება] მუხლებიდან გამომდინარეობს.
19. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 992-ე მუხლი არასახელშეკრულებო ზიანის ცენტრალური ნორმაა, რომელიც განამტკიცებს ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და დაზარალებულს (კრედიტორს) ვალდებული პირის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. აღნიშნული მუხლის გამოყენების წინაპირობებია: ზიანი; ქმედების მართლწინააღმდეგობა; მიზეზობრივი კავშირი და ბრალი (ე.წ. „გენერალური დელიქტი“). სამოქალაქო სამართალში ზიანში მოიაზრება ქონებაზე ან სამართლებრივად დაცულ სხვა სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგი. ზიანი წარმოადგენს სამართალდარღვევის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს. თუ არაა ზიანი, არც ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. ზიანი სწორედ რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგია. იგი წარმოადგენს სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგს.
20. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თავდაპირველი მოსარჩელეების თანასაკუთრებაში ირიცხება ქ. ბათუმში, ............ ქ. N104/106-ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომლის მიმდებარედ, კერძოდ, ქ. ბათუმი, ............ ქ. N108-ში განთავსებულია მოპასუხის საკუთრებაში რიცხული საცხოვრებელი სახლი. 2009 წელს მოპასუხემ დაიწყო ქ. ბათუმი, ............ ქ. N108-ში მდებარე, მის საკუთრებაში რიცხული საცხოვრებელი სახლის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რაც ითვალისწინებდა საცხოვრებელ სახლზე მანსარდის ტიპის სართულის დაშენებას და შენობის უკანა ფასადის მხრიდან, ორსართულიანი ნაწილის მიშენებას (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1 და 2.4 ქვეპუნქტები).
21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 იანვრის განჩინებით, რომლითაც მოპასუხის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს, საქმეში მხარეთა მიერ წარდგენილი, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიჩნეულია, რომ მოპასუხის მიერ განხორციელებულმა სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვია მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საცხოვრებელი სახლის) დაზიანება, ხოლო, რა სახით შეიძლებოდა ამ ზიანის აღმოფხვრა - კონკრეტული ღირებულების აღდგენითი სამუშაოების ჩატარებით თუ არსებული, დაზიანებული შენობის დემონტაჟითა და ახლის აშენებით, აგრეთვე, უკანასკნელ შემთხვევაში, შესაძლებელი იყო თუ არა არსებული შენობის სამშენებლო მასალების ხელმეორედ გამოყენება, თუ მთლიანად ახალი მასალებით უნდა მომხდარიყო აშენება, ამასთან, ზემოთ ჩამოთვლილი ან ზიანის აღმოფხვრისთვის ჩასატარებელი სხვა სამუშაოები კონკრეტულად რა ღირებულების იქნებოდა, დამატებით კვლევას საჭიროებდა.
22. ამდენად, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოში საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა ზიანის აღმოფხვრის ფორმისა და ოდენობის დასადგენად და, გამომდინარე აქედან, სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 412.2 მუხლზე დაყრდნობით [სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემთხვევაში, საკასაციო სასამართლომ გადაწყვეტილებას საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის] მართებულად მიიჩნია დადასტურებულად, რომ მოპასუხის მიერ ქ. ბათუმში, ............ ქ. N108-ში მდებარე, მის საკუთრებაში რიცხულ საცხოვრებელ სახლზე განხორციელებულმა სარეკონსტრუქციო სამუშაოებმა გამოიწვია თავდაპირველი მოსარჩელეების საკუთრებაში რიცხული საცხოვრებელი სახლის დაზიანება. შესაბამისად, მოპასუხის ბრალი ზიანის მიყენებაში დადასტურებულია და მისი საკასაციო პრეტენზიები მისი ბრალის ნაწილობრივ გამორიცხვასთან დაკავშირებით ვერ იქნება გაზიარებული.
23. საკასაციო პალატა მოპასუხე მხარის ვერც იმ შედავებას მიიჩნევს საფუძვლიანად, რომ სახეზე არ არის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შეუძლებლობა. ამ მხრივ, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნებზე.
24. თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ საკითხზე მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკითხის განმარტებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის და მის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება [სსსკ-ის 162.1 მუხლი]. ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში [სსსკ-ის 172-ე მუხლი]. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოწმის ჩვენების, მხარის ახსნა-განმარტების სანდოობის შეფასებისას სხვა გარემოებებთან ერთად გაითვალისწინება მისი უნარი, სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში [სსსკ-ის 105-ე მუხლი].
25. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა სახეები, რომლებიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად, ამომწურავად არის განსაზღვრული სსსკ-ის 102.2 მუხლით. არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. აგრეთვე, არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ მტკიცებულების მნიშვნელობა წინასწარ არ არის განსაზღვრული და მისი ძალა და მნიშვნელობა სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული. მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა. მათი უტყუარობის თუ სიყალბის შესახებ მოსაზრებები შეიძლება გამოთქვან არამარტო მხარეებმა, არამედ მესამე პირებმა, აგრეთვე, სპეციალისტებმა და ექსპერტებმა, თუ ისინი მონაწილეობენ პროცესში. საბოლოოდ კი წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო. მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. სასამართლო ობიექტურ საწყისებზე მტკიცებულებათა ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის შედეგად ადგენს მათ იურიდიულ ძალას, კერძოდ, განსაზღვრავს თუ რა გარემოების დადგენა ან პირიქით, უარყოფაა შესაძლებელი. აქ, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება მტკიცებულებათა შეფასება მათი უტყუარობის თვალსაზრისით, რისთვისაც საჭიროა ამ მტკიცებულებათა ყოველმხრივი შემოწმება, მათი დაპირისპირება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. მტკიცებულებათა შეფასებას კი პროცედურულად მოჰყვება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა.
26. ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას, (იმდენად რამდენადაც იგი სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება) ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილია ასახული საბოლოო დასკვნაში. მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-406-383-2014, 17 აპრილი, 2015 წელი). სასამართლო ვალდებულია, საქმეში არსებული მტკიცებულებები შეაფასოს მათი შინაარსის და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით, რაც გულისხმობს ყველა იმ ობიექტური თუ სუბიექტური კრიტერიუმების განხილვას და გამორიცხვას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მტკიცებულების სისწორეზე (იხ. სუსგ საქმე №ას-1339-1377-2014, 24 ივნისი, 2015 წელი).
27. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლოდან საქმის დაბრუნების შემდეგ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 20 იანვრის განჩინებაში დაფიქსირებული მითითების საფუძველზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 29 ივნისის განჩინებით დაინიშნა განმეორებითი ექსპერტიზა. ხსენებული განჩინების საფუძველზე ჩატარებული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N007729422 ექსპერტიზის დასკვნის (ექსპერტები: გ.რ–ძე, დ.ს–ძე) თანახმად:
27.1. ექსპერტიზაზე წარდგენილი, ქ. ბათუმში, ............ ქ. N104-106-ში მდებარე, თავდაპირველი მოსარჩელეების თანასაკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით N..........., ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. შენობა საჭიროებს აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას, თუმცა არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, არარენტაბელურობიდან გამომდინარე, შენობის აღდგენა-გამაგრება მიზანშეუწონელია;
27.2. ქ. ბათუმში, ............ ქ. N104-106-ში მდებარე, თავდაპირველი მოსარჩელეების თანასაკუთრებაში რეგისტრირებული N.......... საკადასტრო კოდის უძრავი ქონების - ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის და იმავე ადგილას ახალი, იდენტური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, შესაძლებელია არსებული საცხოვრებელი სახლის მასალების ხელმეორედ გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ მეორადად გამოსაყენებელი მასალები აკმაყოფილებს სამშენებლო ნორმებით და სტანდარტებით მოთხოვნილ პარამეტრებს;
27.3. ქ. ბათუმში, ............ ქ. N104-106-ში მდებარე, თავდაპირველი მოსარჩელეების თანასაკუთრებაში რეგისტრირებული N.......... საკადასტრო კოდის უძრავი ქონების, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის და იმავე ადგილას ახალი, იდენტური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის სამუშაოები შპს „ა–ის“ სპეციალისტის, ინჟინერ-ხარჯთაღმრიცხველის - თ.ტ–ის მიერ შედგენილ ხარჯთაღრიცხვაში დაფიქსირებული სამუშაოების მიხედვით (ტ.3.ს.ფ.24-41), 2022 წლის III კვარტლის მონაცემებით, თანახმად N1 დანართისა, შეადგენს 221959,81 ლარს მხოლოდ ახალი მასალების გამოყენებით, ხოლო თანახმად N2 დანართისა, - 189349,40 ლარს ახალი და მეორადი მასალების გამოყენებით.
28. 2023 წლის 22 თებერვალს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე დაკითხული ექსპერტის დ.ს–ძის განმარტებით, მის დასკვნაში დაფიქსირებული მსჯელობა, რომ თავდაპირველი მოსარჩელეების სახლის აღდგენა შესაძლებელია, თუმცა არარენტაბელურია, გამომდინარეობს იქედან, რომ დაზიანების ხარისხის გათვალისწინებით, აღდგენის მიზნით ისეთი მასშტაბური სამუშაოებია ჩასატარებელი, რომ დემონტაჟისა და ახლის აშენების ტოლფასია. თუ შენობასთან მიმართებაში რაიმე დამატებითი მოთხოვნა არ არის დაფიქსირებული, მაგ., კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს თუ არ წარმოადგენს, მაშინ აღდგენა არარენტაბელურია. მის დასკვნაში ხარჯები დათვლილი იქნა თ. ტ–ის ხარჯთაღრიცხვაში დაფიქსირებული მოცულობების მიხედვით, ოღონდ ფასები მცირედით დაკორექტირდა (იხ. წინამდებარე განჩინების 2.22 ქვეპუნქტი).
29. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე ზემოაღნიშნული დასკვნის კვლევით ნაწილს, რომლის მიხედვით, ექსპერტიზისათვის წარმოდგენილი საცხოვრებელი სახლი დათვალიერებული იქნა ვიზუალურად...შენობის დათვალიერებისას დაფიქსირდა შემდეგი ხარვეზები: შენობას კედლებზე აღენიშნება მნიშვნელოვანი ბზარები, ბზარები შეინიშნება ნაგებობის, როგორც გარე, ასევე შიგა მხარეს, კედლების ერთმანეთთან შეუღლების ადგილებში და ღიობების თავზე. შენობაში შეიმჩნევა იატაკის დეფორმაციები. სველ წერტილებში დაბზარულია კერამიკული ფილები. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე საქმეში არსებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 01.05.2018 წლის №002808918 დასკვნაში (ტ.2.ს.ფ.3-5) მოყვანილი არგუმენტების საფუძველზე, შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, შენობა საჭიროებს აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას, თუმცა არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, არარენტაბელურობიდან გამომდინარე შენობის აღდგენა-გამაგრება არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად (იხ. ტ. 5, ს.ფ. 309).
30. თავის მხრივ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 01 მაისის საინჟინრო ექსპერტიზის N002808918 დასკვნაში (ექსპერტი ა. კაიფანჯიანი ტ.2.ს.ფ.2-28) მითითებულია: „ვინაიდან ქ. ბათუმში, ............ ქ. N104-106-ში მდებარე დაზიანებული საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება შეზღუდული სამშენებლო პირობებიდან გამომდინარე დაკავშირებულია მნიშვნელოვან სირთულეებთან და ამასთანავე, მათი განხორციელებისათვის აუცილებელია პირველ სართულზე მასშტაბური სადემონტაჟო და შემდგომ სამშენებლო სამუშაოების შესრულება, ამიტომ შენობის გამაგრება-გაძლიერება მიჩნეული იქნა გაუმართლებლად“ (იხ. წინამდებარე განჩინების 2.10 ქვეპუნქტი). მოცემული დასკვნის კვლევითი ნაწილის თანახმად კი, ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევით მიღებული არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, რაც გულისხმობს გრუნტის გაწყლიანებასა და მის დაბალ მზიდუნარიანობას, შენობა საძირკვლის ნაწილში საჭიროებს მასშტაბური გამაგრებითი სამუშაოების განხორციელებას, რასაც, თავის მხრივ, სამუშაოების შესრულების კუთხით ართულებს ...... ქ. №108-ში თითქმის მიბჯენით აშენებული სასტუმროს შენობა. ამასთანავე, პროექტირების ეტაპზე მიღებული საძირკვლის კონსტრუქციების ოპტიმალური გადაწყვეტების მიხედვით და სათანადო მეთოდოლოგიით აღნიშნული სამუშაოების განხორციელებისათვის, რაც გულისხმობს არსებული ლენტური საძირკვლის გადაყვანას საძირკვლის მონოლითურ ფილაზე, აუცილებელი იქნება პირველ სართულზე არსებული კონსტრუქციებისა და შიგა კიბეების დემონტაჟი, რომელთა შემდგომი აღდგენა და მოპირკეთება მნიშვნელოვნად გაზრდის მატერიალურ ხარჯებს. აქვე აღსანიშნავია, რომ პროექტირების ეტაპზე მათ მიერ პერიოდულად ხდებოდა შენობის ვიზუალური დათვალიერება, რის შედეგად დადგინდა, რომ საძირკვლის კონსტრუქციის დეფორმირების პროცესი გრძელდება, რის გამოც არსებული დაზიანებები ამ პერიოდში შედარებით მომატებულია და მისი საერთო მდგომარეობა გაუარესებულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, შენობის გამაგრების პროექტირების პერიოდში გარკვეულ დონეზე დაკორექტირდა გამაგრება-გაძლიერების ცალკეული გადაწყვეტები, ხოლო საინჟინრო-გეოლოგიური კვლევით მიღებულმა შედეგებმა, არსებული ფუძე-გრუნტის მახასიათებლებიდან გამომდინარე, და კონსტრუქციული გადაანგარიშების შედეგებმა განაპირობა საძირკვლის კონსტრუქციის მასშტაბური სამუშაოების განხორციელების აუცილებლობა. მთლიანობაში შენობის გამაგრება-გაძლიერებითი სამუშაოების დიდი მოცულობებისა და მათ შესრულებასთან დაკავშირებული სირთულეებიდან გამომდინარე, მისი გამაგრება-გაძლიერების პროექტის დასრულება მიიჩნიეს გაუმართლებლად (იხ. ტ.2. ს.ფ. 4).
31. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის არარენტაბელურობიდან გამომდინარე, რაც ექსპერტის დასკვნისა და ჩვენების მიხედვით შეუძლებლობის ტოლფასია, სსკ-ის 409-ე მუხლის თანახმად [თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება], მოსარჩელეს ზიანის ანაზღაურების მიზნით უნდა მიეცეს ახალი სახლის აშენებისათვის ფულადი ანაზღაურება.
32. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად ჩამოყალიბებული პრაქტიკის თანახმად, [ქონებრივი] ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა „უნდა-ყოფილიყო“ და „არის მდგომარეობას“ შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (Totalreparation-ის პრინციპი)“ (იხ. სუსგ საქმე №ას-459-438-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი). კანონმდებელი ზიანის მიმყენებლის მიერ ზიანის ნატურით რესტიტუციის პრინციპს უპირატესობას ანიჭებს, კერძოდ, დაზარალებულს არ აქვს უფლება ზიანის მიმყენებელს ნატურით რესტიტუციის ნაცვლად, ფულადი ანაზღაურება მოსთხოვოს, თუ რესტიტუცია შესაძლებელია და ის არათანაზომიერად დიდ დანახარჯს არ მოითხოვს (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-98-93-2010, 8 ივნისი, 2010 წელი; საქმე №ას-389-366-2014, 20 მაისი, 2016 წელი).
33. 408 I და 409-ე მუხლების სისტემური ანალიზი ცხადყოფს, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა უწინარესად მიმართულია შელახული სამართლებრივი სიკეთის ან დარღვეული უფლების აღდგენისა და შენარჩუნების ინტერესისაკენ. გამონაკლისის სახით, ანუ როდესაც რესტიტუციის გზით შელახული სამართლებრივი სიკეთის, ან დარღვეული უფლების აღდგენა და შენარჩუნება შეუძლებელია, ან არათანაზომიერად დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, შესაძლებელია, კრედიტორს მიეცეს ფულადი ანაზღაურება, ანუ ზიანი ანაზღაურდეს მატერიალური ბალანსის აღდგენის გზით. 409-ე მუხლის მიხედვით, ღირებულების ანაზღაურების თითოეულ ვარიანტს – პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შეუძლებლობას (აბსოლუტური შეუძლებლობა) და რესტიტუციისათვის არათანაზომიერი ხარჯების აუცილებლობას (რელატიური შეუძლებლობა) – განსხვავებული ფუნქცია და მიზანი აქვს. პირველი აწესრიგებს ნატურით რესტიტუციის ნაცვლად (ან მასთან ერთად დამატებით) დაზარალებულის მიერ ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას, მაშინ, როდესაც მეორე ვარიანტი ითვალისწინებს უკვე დამზიანებლის უფლებას, შესთავაზოს მეორე მხარეს ფული ნატურით რესტიტუციის სანაცვლოდ. რელატიური შეუძლებლობა სახეზეა, როდესაც პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ ორმხრივი ინტერესების ურთიერთშეჯერების შედეგად ვასკვნით, რომ მოვალის არათანაზომიერი ხარჯის გაღებისაგან დაცვის ინტერესი აღემატება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ინტერესს. გადაწყვეტილების მიღებისას თითოეულ კონკრეტულ საქმეზე უნდა შევაფასოთ ორივე მხარის სუბიექტური ინტერესები და ქონებრივი მდგომარეობა. დამზიანებელს ამ შემთხვევაში შეუძლია, უარი თქვას ნატურით რესტიტუციაზე და დაზარალებულს სანაცვლოდ ფულადი კომპენსაცია შესთავაზოს. დაზარალებულს ამ შემთხვევაში უნაზღაურდება არა შენარჩუნება-აღდგენის, არამედ მხოლოდ ღირებულების ინტერესი (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი, მუხ. 316-476, თბილისი, 2019, გვ. 712, 713, 715).
34. მოპასუხის საკასაციო პრეტენზიის თანახმად, სახლი დიდი ხნის აშენებულია და მას ბუნებრივად მრავალი წლის განმავლობაში მოხმარების შედეგად განცდილი აქვს ცვეთა, რის გამოც ფულადი კომპენსაციის გადახდა ახალი სახლის აშენების ღირებულების ოდენობით არამართებულია.
35. საკასაციო პალატის განმარტებით, ზიანის ანაზღაურების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეალურად განცდილი დანაკარგების ჯამს. ის არ უნდა ატარებდეს მოვალის მიმართ სადამსჯელო ხასიათს. ზიანის ანაზღაურება გულისხმობს შემდეგი პრინციპების დაცვას: ზიანის სრულად ანაზღაურება; უსაფუძვლო გამდიდრების არდაშვება; ადეკვატურობა; სავარაუდოობა. ზიანის ანაზღაურების ოდენობა ისე უნდა განისაზღვროს, რომ ამას არ მოჰყვეს რომელიმე მხარის უსაფუძვლო გამდიდრება. მოვალე არ არის ვალდებული კრედიტორი იმაზე უკეთეს მდგომარეობაში ჩააყენოს, ვიდრე იგი ზიანის არარსებობის შემთხვევაში იქნებოდა (იხ. სუსგ საქმე №ას-934-2020, 25 მარტი, 2021 წელი). კომპენსაციის ფუნქციიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების მოცულობა დაზარალებულისათვის რეალურად მიყენებული ზიანით უნდა შემოიფარგლოს. ზიანის ოდენობის დადგენას არ უნდა მოჰყვეს რომელიმე მხარის უსაფუძვლო გამდიდრება, არამედ გათვალისწინებული უნდა იყოს მხოლოდ ის ხარჯი, რომელიც აუცილებელია ზიანის ანაზღაურების საკომპენსაციოდ. ზიანის ანაზღაურების მიზანი არა დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება, არამედ მისთვის ქონებრივი დანაკლისის შესაბამისი ეკვივალენტის გადახდაა (იხ. სუსგ საქმე №ას-389-366-2014, 20 მაისი, 2016 წელი).
36. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა განსაზღვრა სასამართლოს 2022 წლის 29 ივნისის განჩინების საფუძველზე ჩატარებული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N007729422 ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, რომლის თანახმად, ქ. ბათუმში, ............ ქ. N104-106-ში მდებარე, თავდაპირველი მოსარჩელეების თანასაკუთრებაში რეგისტრირებული N..........საკადასტრო კოდის უძრავი ქონების, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის და იმავე ადგილას ახალი, იდენტური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის სამუშაოები შპს „ა–ის“ სპეციალისტის, ინჟინერ-ხარჯთაღმრიცხველის - თ.ტ–ის მიერ შედგენილ ხარჯთაღრიცხვაში დაფიქსირებული სამუშაოების მიხედვით (ტ.3.ს.ფ.24-41), 2022 წლის III კვარტლის მონაცემებით, თანახმად N2 დანართისა, შეადგენს 189349,40 ლარს ახალი და მეორადი მასალების გამოყენებით. ამდენად, ზიანის ოდენობად განსაზღვრული 189349,40 ლარი წარმოადგენს ახალი და მეორადი მასალების გამოყენებით სახლის მშენებლობის ღირებულებას, რაც, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მიყენებული ზიანის ადეკვატური და გონივრული ოდენობაა და არ ქმნის მოსარჩელე მხარის უსაფუძვლო გამდიდრების წინაპირობას.
37. საკასაციო პალატა იმსჯელებს ასევე მოსარჩელის საკასაციო პრეტენზიებზე. კერძოდ, მისი საკასაციო საჩივრის თანახმად, სასამართლომ, მართალია, სწორად დაადგინა, რომ ზიანის ანაზღაურების მიზნით უნდა მოხდეს სახლის დემონტაჟი და ახლის აშენება, მაგრამ თანხა დაადგინა თ.ტ–ის დასკვნით, რომელმაც განაცხადა, რომ მან აღწერა და აღდგენის ხარჯთაღრიცხვა შეადგინა დაახლოებით 250 კვ.მ. ფართზე, თუმცა მთლიანი საცხოვრებელი სახლის ფართობია 418 კვ.მ.;
38. უპირველესად, საკასაციო პალატა მიუთითებს 2023 წლის 26 აპრილს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე დაკითხული ინჟინერ-ხარჯთაღმრიცხველის - თ.ტ–ის განმარტებაზე, რომლის თანახმად, მან გაანგარიშება შეადგინა ადგილზე ფაქტობრივი აზომვით, იმ დროისათვის დაზიანებულ ნაწილზე, ხოლო დაუზიანებელი ნაწილი არ შეუფასებია და მასზედ არც მესაკუთრეს არ გააჩნდა პრეტენზია.
39. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ასევე მტკიცების ტვირთზე. საკასაციო პალატის განმარტებით, როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს (იხ. სუსგ საქმე №ას-934-2020, 25 მარტი, 2021 წელი). მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც. თავის მხრივ, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა (იხ. სუსგ საქმე №ას-1090-2019, 30 ოქტომბერი, 2019 წელი).
40. განსახილველ შემთხვევაში ზიანის ოდენობის დადასტურების მიზნით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია კომპანია „დ.ი–ის“ წერილი, რომლის მიხედვით, ............ №104-106 საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი და ახალი მშენებლობა საპროექტო სამუშაოებთან ერთად შეადგენს 215 270 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს. როგორც მითითებული დასკვნით ირკვევა, სპეციალისტებმა გაანგარიშება მოახდინეს იმ დროისათვის ბაზარზე არსებული საბაზრო ღირებულებების გათვალისწინებით, რა დროსაც 1 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი სახლის მშენებლობის საბაზრო ფასი შეადგენდა 440 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს და არ გაუთვალისწინებიათ სახლის დემონტაჟის შემთხვევაში ვარგისი მასალების მეორადად გამოყენების შესაძლებლობა, ასევე მინაშენზე დაზიანებების არარსებობა, რაც გათვალისწინებულია თ. ტ–ის მიერ შედგენილ ხარჯთაღრიცხვაში (იხ. წინამდებარე განჩინების მე-8 პუნქტი). გარდა ამისა, სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა „დ.ი–ის“ სპეციალისტებმა განმარტეს, რომ 2018 წლის 19 მაისის წერილში აღნიშნული თანხა მათ მიერ გამოანგარიშებული იქნა ზოგადად, ბაზარზე არსებული ფასებიდან. ეს ციფრი არ ყოფილა დაანგარიშებული ქ. ბათუმში, ............ ქ. N104-106-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სამშენებლო პროექტის შესაბამისად. ასევე, არ ყოფილა გაკეთებული ხარჯთაღრიცხვა საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე (იხ. წინამდებარე განჩინების 2.12 ქვეპუნქტი). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მხარეს თავად არ წარმოუდგენია მიყენებული ზიანის ოდენობის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, მისი პრეტენზია, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შპს „ა–ის“ სპეციალისტის, ინჟინერ-ხარჯთაღმრიცხველის - თ.ტ–ის ხარჯთაღრიცხვა შედგენილია მხოლოდ 250 კვ.მ. ფართზე, საკასაციო პალატის მიერ ვერ იქნება მიჩნეული კვალიფიციურ შედავებად.
41. რაც შეეხება სახლის დემონტაჟის შემდეგ დარჩენილი მასალების მეორადად გამოყენების საკითხს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს შპს „ა–ის“ სპეციალისტის, ინჟინერ-ხარჯთაღმრიცხველის - თ.ტ–ის განმარტებაზე, რომლის თანახმად, მან გაანგარიშებაში მეორადად გამოსაყენებლად საორიენტაციოდ დათვალა ის მასალები, რაც იმ დროისათვის თვალსაჩინოდ ჩანდა, რომ შესაძლებელი იყო იქედან ამოსულიყო მთელი (იატაკი, სახურავი, კარი, ფანჯარა და სხვა). ხოლო, სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 29 ივნისის განჩინების საფუძველზე ჩატარებული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N007729422 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ახალი, იდენტური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, შესაძლებელია არსებული საცხოვრებელი სახლის მასალების ხელმეორედ გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეორადად გამოსაყენებელი მასალები აკმაყოფილებს სამშენებლო ნორმებით და სტანდარტებით მოთხოვნილ პარამეტრებს. მეორადი მასალების რაოდენობის და მდგომარეობის განსაზღვრა შესაძლებელი იქნება შენობა-ნაგებობის დაშლის შემდეგ (იხ. ტ.5. ს.ფ. 309). გამომდინარე აქედან, მოსარჩელის მხოლოდ ზეპირ შედავებას და ვარაუდს, რომ სახლის დემონტაჟისას დარჩენილი მასალების მეორადი გამოყენება არ შეიძლება, რადგან ეს მასალა ვერ იქნება გამოსაყენებლად ვარგისი, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს.
42. საკასაციო სასამართლო ასევე იმსჯელებს მოპასუხის იმ პრეტენზიებზე, რომლებიც შეეხება წინმსწრები განჩინებების კანონიერებას.
43. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 404.2 მუხლზე [საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა] დაყრდნობით განმარტავს, რომ საერთო წესის მიხედვით, სასამართლოს ნებისმიერი განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს. თავისებურება მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ზოგიერთი განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებისაგან დამოუკიდებლად (ცალკე) - კერძო საჩივრით (საჩივრით), ხოლო ზოგიერთი - მხოლოდ გადაწყვეტილებასთან ერთად. სასამართლოს იმ განჩინებების უსწორობაზე და დაუსაბუთებლობაზე, რომლებიც შეიძლებოდა გასაჩივრებულიყო კერძო საჩივრით, მაგრამ ამა თუ იმ მიზეზით არ გასაჩივრებულა, აგრეთვე იმ განჩინებებზე, რომლებზეც კერძო საჩივრის შეტანა დაუშვებელია, შეიძლება მიეთითოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ შეტანილ საკასაციო საჩივარში. უნდა აღინიშნოს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების წინმსწრები განჩინებების ამ გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრების მიზანი შეიძლება იყოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დაუსაბუთებლობის, მისი კანონის დარღვევით მიღების დადასტურება. შესაბამისად, თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრებული წინმსწრები განჩინებები კანონის დარღვევითაა მიღებული, რამაც შემაჯამებელი გადაწყვეტილების იურიდიული დაუსაბუთებლობა განაპირობა, საკასაციო სასამართლო გააუქმებს როგორც შემაჯამებელ გადაწყვეტილებას, ისე კანონის დარღვევით მიღებულ განჩინებებსაც. საკასაციო სასამართლოს ზემოხსენებული განმარტება შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას (იხ. სუსგ საქმე №ას-217-209-2013, 20 სექტემბერი, 2013 წელი; საქმე №ას-555-526-2015, 23 ოქტომბერი, 2015 წელი).
44. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე სადავოდ ხდის თავდაპირველი მოსარჩელეებისათვის ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 18 ოქტომბრის განჩინების, ასევე, თავდაპირველ მოსარჩელეთა უფლებამონაცვლედ ლ.ჩ–ძის ცნობის და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 08 ნოემბრის განჩინების კანონიერებას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული საკითხები მოპასუხეს შედავებული ჰქონდა 2019 წლის 08 ნოემბრის განჩინებაზე წარდგენილი კერძო საჩივრით და ასევე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 იანვრის განჩინებით, მოპასუხის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ნოემბრის განჩინება (იხ. ტ. 3. ს.ფ. 542-545).
45. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით დადგენილია კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების სავალდებულო ძალა, რაც ნიშნავს კერძო საჩივრის განხილვის საგანზე საქმის წარმოების დასრულებასა და შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანას (იხ. სუსგ საქმე №ას-1817-2019, 15 ივნისი, 2020 წელი), აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მართებულად არ მიიჩნევს, მოახდინოს იმ სასამართლო აქტის გადასინჯვა, რომელიც საბოლოოა და არ საჩივრდება. ამდენად, თავდაპირველ მოსარჩელეთა უფლებამონაცვლედ ლ.ჩ–ძის ცნობის შესახებ 2019 წლის 08 ნოემბრის განჩინების კანონიერების საკითხი საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება. ხოლო, რაც შეეხება თავდაპირველი მოსარჩელეებისათვის ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელებისა და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების საკითხებს, რომლებიც შედავებული იყო მოპასუხის საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატამ აღნიშნულ საკასაციო საჩივარზე მიღებული 2021 წლის 20 იანვრის განჩინებით, სააპელაციო სასამართლოში საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა შემდეგი მითითებით: განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ აპელანტებს დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ხოლო, აპელანტებმა აღნიშნულის შემდეგ ლ.ჩ–ძეს დაუთმეს მოთხოვნა. ამდენად, ვინაიდან მოთხოვნის დათმობა განხორციელდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის დადგენის და ხარვეზისთვის განსაზღვრული ვადის გაგრძელების შემდეგ, აღნიშნული განჩინების შესრულება სავალდებულო იყო უფლებამონაცვლისთვისაც, როგორც მოთხოვნის შემძენისათვის, მიუხედავად იმისა, რომ იგი გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან. გასათვალისწინებელია გარემოება, რომ მოთხოვნის მიმღებმა იცოდა რა სახის უფლებები გადავიდა მასზე, ამასთან, მოთხოვნის დამთმობთა და მიმღების საპროცესო წარმომადგენელი ერთი და იგივე პირია. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ პირველ რიგში უნდა შეაფასოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების პირობებში, მისი განუხილველად დატოვების საფუძვლები (იხ. ტ. 3. ს.ფ. 538, 539).
46. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული მითითების საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოდან საქმის დაბრუნების შემდეგ, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაუგრძელა ხარვეზის შევსების ვადა უფლებამონაცვლეს. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის განჩინებაში ჩამოყალიბებულ მსჯელობას, რომ, ვინაიდან აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდაზე უარი გაცხადებული არ ყოფილა, არამედ მხარემ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსისა და სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონზე და, როგორც შშმ პირმა მიიჩნია, რომ გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რაც გაზიარებული იქნა სასამართლოს მიერაც, აპელანტს უნდა მისცემოდა ხარვეზის გამოსწორების შესაძლებლობა (იხ. ტ. 5, ს.ფ. 8,9).
47. უფლების სასამართლო წესით დაცვა განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით (სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება). ევროსასამართლო ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეროვნულმა ხელისუფლებამ თითოეულ საქმეზე უნდა უზრუნველყოს, რომ, კონვენციის მნიშვნელობის ფარგლებში, „სამართლიანი სასამართლოს“ მოთხოვნები დაცულია (იხ. Dombo Beheer B.V. v. the Netherlands, 27 ოქტომბერი 1993, § 33). ამასთან, სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება უნდა იყოს „პრაქტიკული და ეფექტური“ (იხ. Bellet v. France, 4 დეკემბერი 1995, §38). კონვენცია მიზნად ისახავს უფლებათა უზრუნველყოფას, რომლებიც არ არის თეორიული ან ილუზორული, არამედ არის პრაქტიკული და ეფექტიანი. აღნიშნული განსაკუთრებით ვრცელდება მე-6 მუხლში წარმოდგენილ გარანტიებზე, დემოკრატიულ საზოგადოებაში სამართლიანი სასამართლოს უფლების და ამ მუხლის ყველა გარანტიის განსაკუთრებული ადგილის გამო (იხ. Stanev v. Bulgaria [დიდი პალატა], 2012 წლის 17 იანვარი, N 36760/06, §231). სასამართლოსადმი მიმართვის და მასზე ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური უფლებები. ისინი შეიძლება შეიზღუდოს, თუმცა არ უნდა აიკრძალოს ან შემცირდეს პირის წვდომა იმ გზით ან იმ რაოდენობით, რომ უფლების მთავარი არსი დაირღვეს (იხ. Philis v. Greece (N 1), 27 აგვისტო 1991, §59; De Geouffre de la Pradelle v. France, 16 დეკემბერი 1992, §28; Stanev v. Bulgaria [დიდი პალატა], 2012 წლის 17 იანვარი, N 36760/06, §230; Baka v. Hungary [დიდი პალატა], 2016 წლის 23 ივნისი, N 20261/12, §120) (იხ. სუსგ საქმე №ას-1469-1389-2017, 21 ივნისი, 2018 წელი).
48. მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უფლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებს შორის ერთ-ერთი არსებითი ხასიათისაა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ 13.1 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ მართლმსაჯულების ეფექტურ მისაწვდომობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, იმ პროცესუალური და ასაკთან შესაბამისი კორექტივების გათვალისწინებით, რომელიც ხელს უწყობს მათ მიერ პირდაპირი და არაპირდაპირი მონაწილის როლის ეფექტურად განხორციელებას, მათ შორის, მოწმის სახით, იურიდიული პროცედურების ყველა საფეხურზე, გამოძიებისა და საქმეთა წარმოების სხვა საწყისი საფეხურების ჩათვლით. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 18.1 მუხლის თანახმად, სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სამართალწარმოების ხელმისაწვდომობას, რაც გულისხმობს როგორც შესაბამისი პროცედურული მექანიზმების შექმნას, ისე ნებისმიერ გონივრულ მისადაგებას იმისათვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა სრულფასოვანი მონაწილეობა შეძლოს ყველა ტიპის ადმინისტრაციულ წარმოებაში, სანოტარო მოქმედებაში, აგრეთვე გამოძიების, სასამართლო განხილვის, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ან/და აღსრულების პროცესში.
49. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონიერია სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის განჩინება, რომლითაც მოსარჩელეთა უფლებამონაცვლეს (შშმ პირს), რომელიც კანონის საფუძველზე („სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად) გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, თუმცა მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მან აღნიშნული შეღავათით ვერ ისარგებლა, ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების საშუალებით ხარვეზის გამოსწორების შესაძლებლობა მიეცა, ხოლო ის გარემოება, რომ მან სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში გადაიხადა სახელმწიფო ბაჟის თანხა (იხ. ტ. 5. ს.ფ. 12-15), კასატორის პრეტენზიას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე საფუძველს აცლის.
50. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნის გაზრდის თაობაზე წამოყენებულ პრეტენზიას, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომელიც წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტშია ასახული. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი დასაბუთებული პრეტენზია მოპასუხეს არ წარმოუდგენია.
51. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება სწორია, რაც აღნიშნული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებისა და საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ.ჩ–ძისა და გ.ჯ–ის უფლებამონაცვლე - ლ.ჩ–ძისა და ჯ.ბ–ძის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
ა. ძაბუნიძე