21 ნოემბერი 2025 წელი
საქმე №ა-2643-შ-68-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – დ.პ–ნი
მოწინააღმდეგე მხარე – ე.ნ–ნი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის ვოლოგდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება (საქმე № A13-1289/2024) და რუსეთის ფედერაციის ვოლოგდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2025 წლის 24 თებერვლის უსწორობის გასწორების შესახებ განჩინება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რუსეთის ფედერაციის ვოლოგდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 22 აპრილის (საქმე № A13-1289/2024) გადაწყვეტილებით, ინდივიდუალურ მეწარმე ე. ვ. ძე ნ–ს, ინდივიდუალური მეწარმე დ. ი. ძე პ–ის სასარგებლოდ დაეკისრა პროცენტების დავალიანების გადახდა 774 140 რუბლის და 00 კაპიკის ოდენობით, ასევე, 18 483 რუბლი და 00 კაპიკი სახელმწიფო ბაჟის ხარჯების ასანაზღაურებლად, 3000 რუბლი და 00 კაპიკი იურიდიული მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად.
2. რუსეთის ფედერაციის ვოლოგდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2025 წლის 24 თებერვლის განჩინებით, გასწორდა რუსეთის ფედერაციის ვოლოგდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში დაშვებული უსწორობა და საქმის ნომრად ნაცვლად „საქმე № A13-1334/2024„-სა მიეთითა „საქმე № A13-1289/2024“.
3. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა დ.პ–ნის წარმომადგენელმა, მოითხოვა რუსეთის ფედერაციის ვოლოგდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილების (საქმე № A13-1289/2024) და იმავე სასამართლოს 2025 წლის 24 თებერვლის უსწორობის გასწორების შესახებ განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
4. ცნობისა და აღსრულების მიზნით წარმოდგენილი უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებითა და შუამდგომლობაზე თანდართული მასალების მიხედვით, დგინდება შემდეგი:
4.1. მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე სრულად დაუჭირა მხარი სასარჩელო მოთხოვნებს; მოპასუხე სათანადოდ იქნა ინფორმირებული სასამართლო მოსმენის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მას არც სარჩელზე პასუხი წარუდგენია და არც წარმომადგენელი გაუგზავნია; საქმე განხილული იქნა რუსეთის ფედერაციის საარბიტრაჟო საპროცესო კოდექსის 136-ე და 156-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხის წარმომადგენლის გარეშე.
4.2. რუსეთის ფედერაციის ვოლოგდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 22 აპრილის (საქმე № A13-1289/2024) გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2024 წლის 23 მაისს, ხოლო იმავე სასამართლოს 2025 წლის 24 თებერვლის უსწორობის გასწორების შესახებ განჩინება - 2025 წლის 25 მარტს.
4.3. სააღსრულებო ფურცელი გაიცა 2024 წლის 05 ივნისს. 2025 წლის 10 იანვრის დადგენილებით, დასრულდა N224919/24/35054-ип სააღსრულებო წარმოება. ამ სააღსრულებო წარმოების მსვლელობისას, დადგინდა, რომ სააღსრულებო დოკუმენტის მოთხოვნები არ შესრულებულა. სააღსრულებო წარმოების დასრულების მომენტისათვის ამოღებული იქნა მხოლოდ 45 171.34 რუბლი. 2025 წლის 10 იანვრის მდგომარეობით, ძირითადი ვალის ნაშთია 750 451.66 რუბლი.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 02 ივლისის განჩინებით, რუსეთის ფედერაციის ვოლოგდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებისა (საქმე № A13-1289/2024) და რუსეთის ფედერაციის ვოლოგდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2025 წლის 24 თებერვლის უსწორობის გასწორების შესახებ განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დ.პ–ნის შუამდგომლობა მიღებული იქნა განსახილველად.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 02 ივლისის განჩინება და დ.პ–ნის შუამდგომლობა თანდართული მასალებით ინდივიდუალურ მეწარმე ე.ნ–ნს ორჯერ გაეგზავნა, თუმცა მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 09 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადის დაცვით ჩაებარებინა ინდივიდუალურ მეწარმე ე.ნ–ნისათვის (პ/ნ 73 1012502 რუსეთის ფედერაცია, ინდ.მეწარმის რეგისტრირებული მისამართი: ქ.თბილისი, სამგორის რ-ნი, ............., ს/კ №..........) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 02 და 10 ივლისის განჩინებები და დ.პ–ნის შუამდგომლობა, თანდართული მასალით.
8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის (ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს პოლიციის VII სამმართველოს) მომართვით, ზემოაღნიშნული გზავნილი თანდართული მასალებით უკან დაუბრუნდა სასამართლოს, ვინაიდან მისი ადრესატისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდა.
9. შ.ს.ს. ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს, პოლიციის VII სამმართველოს მართლწესრიგის ოფიცრის მისამართზე გამოცხადების შესახებ ოქმის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარე მითითებულ მისამართზე ვერ მოიძია, რის გამოც გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება ვერ შეძლო.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, დადგინდა მოწინააღმდეგე მხარისათვის სასამართლო კორესპონდენციის საჯარო შეტყობინებით ჩაბარება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე (http://...court.ge) საჯაროდ გაცნობის მიზნით განთავსება.
11. დასახელებული განჩინება გასაჯაროვდა 2025 წლის 15 ოქტომბერს. მოწინააღმდეგე მხარე - ინდივიდუალურ მეწარმე ე.ნ–ნს თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის ვოლოგდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებისა (საქმე № A13-1289/2024) და რუსეთის ფედერაციის ვოლოგდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2025 წლის 24 თებერვლის უსწორობის გასწორების შესახებ განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დ.პ–ნის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
12. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.
13. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ კანონის 71-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე, ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, თუ ეს შუამდგომლობის ტექსტიდან არ გამომდინარეობს. შუამდგომლობის განხილვის პროცესში უნდა დადგინდეს, დაცულია თუ არა ამ კანონის 68-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები.
14. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის და 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის და აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
15. სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციით, რომლის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს. კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სასამართლო, რომელიც განიხილავს ხელშემკვრელი მხარის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხს, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. შესაბამისად, ცნობა-აღსრულების პროცედურის მიმართ გამოიყენება კონკრეტული ხელშემკვრელი მხარის საპროცესო-სამართლებრივი ნორმები, ხოლო ცნობა-აღსრულების სხვა საკითხებზე ვრცელდება კონვენციის მე-3 თავის დებულებები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური სამართლის დანაწესის მიუხედავად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო პროცესუალური მოქმედებების განხორციელების თვალსაზრისით ხელმძღვანელობს ამავე კოდექსით.
16. საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის ვოლოგდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით, ინდივიდუალურ მეწარმე ე. ვ. ძე ნ–ს, ინდივიდუალური მეწარმე დ.ი. ძე პ–ის სასარგებლოდ დაეკისრა პროცენტების დავალიანების გადახდა 774 140 რუბლის და 00 კაპიკის ოდენობით, ასევე, 18 483 რუბლი და 00 კაპიკი სახელმწიფო ბაჟის ხარჯების ასანაზღაურებლად, 3000 რუბლი და 00 კაპიკი იურიდიული მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად. ამავე სასამართლოს 2025 წლის 24 თებერვლის უსწორობის შესახებ განჩინებით, 2024 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში დაშვებული უსწორობა გასწორდა და საქმის ნომრად ნაცვლად „საქმე № A13-1334/2024„-სა მიეთითა „საქმე № A13-1289/2024“.
17. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე, ასევე, დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული 2024 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2024 წლის 23 მაისს, ხოლო 2025 წლის 24 თებერვლის უსწორობის გასწორების შესახებ განჩინება - 2025 წლის 25 მარტს. დადგენილია, რომ სააღსრულებო ფურცელი გაიცა 2024 წლის 05 ივნისს. 2025 წლის 10 იანვრის დადგენილებით, დასრულდა N 224919/24/35054-ип სააღსრულებო წარმოება, რომლის მსვლელობისას, სააღსრულებო დოკუმენტის მოთხოვნები სრულად არ შესრულებულა, ამოღებული იქნა მხოლოდ 45 171.34 რუბლი. 2025 წლის 10 იანვრის მდგომარეობით, ძირითადი ვალის ნაშთია - 750 451.66 რუბლი.
18. 2025 წლის 02 ივლისის განჩინებით, ინდივიდუალური მეწარმე დ.პ–ნის შუამდგომლობა მიღებული იქნა განსახილველად და საქმის მასალებთან ერთად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის თანახმად, 2025 წლის 22 ოქტომბერს ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს, რომელსაც რაიმე შუამდგომლობით საკასაციო სასამართლოსათვის არ მოუმართავს.
19. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე და აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის საფუძვლები მოცემულია კონვენციის 55-ე მუხლში, კერძოდ: გადაწყვეტილებების აღიარებაზე და იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუკი: а) ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც გამოტანილია გადაწყვეტილება, იგი არ შესულა კანონიერ ძალაში ან არ ექვემდებარება აღსრულებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას კანონიერ ძალაში შესვლამდე; б) მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახება; в) საქმეზე იმავე მხარეებს, იმავე საგანზე და იმავე საფუძველზე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, სადაც აღიარებულ და აღსრულებულ უნდა იქნას გადაწყვეტილება, ადრე უკვე გამოტანილი იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან არსებობს მესამე სახელმწიფოს სასამართლოს აღიარებული გადაწყვეტილება, ანდა თუ ამ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებამ ადრე აღძრა წარმოება ამ საქმეზე; г) წინამდებარე კონვენციის დებულებათა თანახმად, ხოლო მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობისა, რომლის ტერიტორიაზეც გადაწყვეტილება აღიარებული და აღსრულებული უნდა იქნას, საქმე ეხება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას; д) არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის შესახებ; е) ამოიწურა იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, გათვალისწინებული იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის სასამართლოც ასრულებს დავალებებს), ისე კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში (გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს).
20. საქმეში არსებული მასალებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს „მინსკის კონვენციის“ 55-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველები.
21. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.
22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ ვლინდება, შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის ვოლოგდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 22 აპრილის (საქმე № A13-1289/2024) გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2025 წლის 24 თებერვლის უსწორობის გასწორების შესახებ განჩინება ცნობილი უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-ე, 53-ე-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ინდივიდუალური მეწარმე დ.პ–ნის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნას და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის ვოლოგდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 22 აპრილის (საქმე № A13-1289/2024) გადაწყვეტილება (რომლითაც ინდივიდუალურ მეწარმე ე.ვ. ძე ნ–ს, ინდივიდუალური მეწარმე დ.ი. ძე პ–ის სასარგებლოდ დაეკისრა პროცენტების დავალიანების გადახდა 774 140 რუბლის და 00 კაპიკის ოდენობით, ასევე, 18 483 რუბლი და 00 კაპიკი სახელმწიფო ბაჟის ხარჯების ასანაზღაურებლად, 3000 რუბლი და 00 კაპიკი იურიდიული მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად) აღუსრულებელი 750 451.66 რუბლის ფარგლებში.
3. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნას რუსეთის ფედერაციის ვოლოგდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2025 წლის 24 თებერვლის განჩინება, რომლითაც გასწორდა რუსეთის ფედერაციის ვოლოგდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში დაშვებული უსწორობა და საქმის ნომრად ნაცვლად „საქმე № A13-1334/2024„-სა მიეთითა „საქმე № A13-1289/2024“.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი