Facebook Twitter

26 სექტემბერი 2025 წელი

№ას-312-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი ავტორი - მ.გ–ძე

მოწინააღმდეგე მხარეები - ლ.გ–ძე, ლ.ა–ა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 05 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ.გ–ძემ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების - ლ.გ–ძისა და ლ.ა–ას მიმართ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე. კერძოდ, მოსარჩელემ მოითხოვა გაუქმდეს ჩუქების ხელშეკრულება მ.გ–ძეს და ლ.გ–ძეს შორის დადებულ უძრავ ქონებაზე მდებარე ქ.ქუთაისში, .......... (ს/კ .......... თარიღი: 19/12/2019წ.) დასაჩუქრებულის უმადურობის გამო; ბათილად იქნას ცნობილი ლ.გ–ძეს და ლ.ა–ას შორის 29/08/2022 წლის ჩუქების ხელშეკრულება, უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. ქუთაისში .......... უძრავი ქონება (ს/კ .......) და აღნიშნული ქონების მესაკუთრედ ცნობილი იქნას მ.გ–ძე.

2. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.

3. საქმეზე დაინიშნა მოსამზადებელი სხდომა და სხდომის თარიღი განისაზღვრა 2023 წლის 14 ნოემბერს 11:00 საათზე. აღნიშნულის შესახებ მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. კერძოდ, 2023 წლის 14 ნოემბრის მოსამზადებელი სხდომის თაობაზე სასამართლო უწყება მოსარჩელე მ.გ–ძის წარმომადგენელს მ.ფ–ძეს ჩაბარდა პირადად 2023 წლის 04 ოქტომბერს, ხოლო ე.ო–ძისათვის გადასაცემად სასამართლო უწყება, ასევე ჩაბარდა მ.ფ–ძეს 2023 წლის 04 ოქტომბერს. მოსარჩელე და მისი წარმომადგენლები სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ არ უცნობებიათ სასამართლოსათვის. 2023 წლის 14 ნოემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ იშუამდგომლა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.

4. სასამართლოს განსჯით, ვინაიდან არ დასტურდებოდა მოსარჩელე მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილებულიყო და მოსარჩელე მხარეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

5. დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 თებერვლის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მ.გ–ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

7. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2024 წლის 29 თებერვლის განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და საქმის განხილვის განახლება მოითხოვა.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 05 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2024 წლის 29 თებერვლის განჩინება. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასაბუთება და დამატებით განმარტა შემდეგი:

8.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 01 მაისის განჩინებით სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2023 წლის 14 ნოემბერს 11:00 საათზე.

8.2. მხარეებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად ეცნობათ სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის თარიღის შესახებ.

8.3. 2023 წლის 14 ნოემბერს გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე და არც მისი წარმომადგენლები, მათ არც სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ არ უცნობებიათ სასამართლოსთვის, ხოლო მოპასუხეებმა ლ.გ–ძემ და ლ.ა–ამ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლეს მოსარჩელე მხარის გამოუცხადებლობის გამო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.

8.4. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის წარმომადგენელ მ.ფ–ძეს და ე.ო–ძეს სასამართლო უწყება გაეგზავნათ სარჩელში მითითებულ მისამართზე, უწყება წარმომადგენელ მ.ფ–ძეს ჩაბარდა პირადად 2023 წლის 04 ოქტომბერს, ხოლო ე.ო–ძეზე გადასაცემად ასევე ჩაიბარა მ.ფ–ძემ 2023 წლის 04 ოქტომბერს, რაც დასტურდება საქმეში არსებული სასამართლო უწყებებით.

8.5. უპირველესად სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე, 74-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ვინაიდან, სასამართლო უწყება ჩაიბარა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, უწყება ჩაბარებულად ითვლებოდა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, ის ვალდებული იყო ინფორმაცია მიეწოდებინა მოსარჩელისათვის და მეორე წარმომადგენლისათვის.

8.6. სააპელაციო პალატამ ხაზი გაუსვა სამოქალაქო სამართალში მოქმედ თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებს და იმსჯელა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტზე, რომ ის მიზნად ისახავს და წარმოადგენს მხარეთა ერთგვარ იძულებას, განახორციელონ საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. პალატამ განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს სანქციას იმ მხარისთვის, რომელიც არ ცხადდება სასამართლოში და არ გააჩნია ამის საპატიო მიზეზები. არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ მხარეს არ სურს მხარი დაუჭიროს სასარჩელო მოთხოვნას ან უარყოს იგი.

8.7. სააპელაციო პალატამ იმსჯელა სასამართლოს უფლებამოსილებაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე და განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

8.8. სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით განმარტა, რა დროს არის დაუშვებელი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და რომ, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ შესაძლებლობას ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამავე კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა ან შესაგებლის წარუდგენლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

8.9. სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილზე მითითებით განმარტა, რა განიხილება საპატიო მიზეზად.

8.10. აპელანტის პრეტენზიის განსახილველად პალატამ მიუთითა საქმეში არსებულ გარემოებებზე. უპირველესად პალატამ საქმეში წარმოდგენილ 21.12.2023 წლით დათარიღებულ შ.პ.ს. „ბ–ის“ მკურნალი ექიმის (მეან-გინეკოლოგის) გ.ქ–ძის მიერ გაცემულ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაზე იმსჯელა, რომლის მიხედვითაც აპელანტის ერთ-ერთი წარმომადგენლის მ.ფ–ძის დიაგნოზია დიფუზური ადენომიოზი, მეორადი დისმენორეა, ჭარბი მენსტრუაცია რეგულარული ციკლის ფონზე და პირველადი უნაყოფობა. ამასთან, პალატამ იმსჯელა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ექიმი მეან-გინეკოლოგი გ.ქ–ძის განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც მ.ფ–ძის დიაგნოზი ზოგადად არ იწვევს მეხსიერების დაქვეითებას, თუმცა შესაძლოა გამოიწვიოს ფსიქოემოციური აშლილობა და დეპრესიული მდგომარეობა და შესაძლოა გარკვეული მეხსიერების ჩავარნების ქონაც. ექიმის განმარტებით, მეხსიერების ჩავარდნა არ ხდება დიდი პერიოდით, თუმცა შესაძლო იყო რომელიმე კონკრეტულ დღეს, სხდომის დღეს ან მისთვის სხდომის ჩანიშვნის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების დღეს დავიწყებოდა სხდომის თარიღი და ხანგრძლივად არ გახსენებოდა, თუ ვინმე არ შეახსენებდა. საბოლოოდ ექიმის განმარტებით, პაციენტის დიაგნოზიდან გამომდინარე, თანმხლები მოვლენა ტკივილის სახით შეიძლება ყოველდღიურ ცხოვრებაში იწვევდეს ტანჯვას და პრაქტიკულად ასეთ დღეებში ქალბატონი შრომისუნარიანი არ არის. აღსანიშნავია, რომ ექიმს პაციენტისთვის დანიშნული არ აქვს ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი, ან მეხსიერების გაუმჯობესებისათვის მედიკამენტი, რადგან პაციენტი ამას არ საჭიროებდა. თუ კი არ არის თავის ტვინის ენდომეტრიოზი არ იწვევს შეუქცევად ცვლილებებს, პაციენტს არ აქვს არც მეხსიერების პრობლემა.

8.11. პალატამ აღნიშნა, რომ მ.ფ–ძეს სასამართლო უწყება პირადად ჩაბარდა 2023 წლის 04 ოქტომბერს, საქმის განხილვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დანიშნული იყო 2023 წლის 14 ნოემბერს, 11:00 საათზე, მ.ფ–ძემ სამედიცინო დაწესებულებას კი მიმართა 2023 წლის 21 დეკემბერს. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება და მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდებოდა ის გარემოება, რომ სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებულ დიაგნოზს შეიძლება გამოიწვია მეხსიერების ისეთი დაქვეითება, რომ მ.ფ–ძეს 2023 წლის 04 ოქტომბრიდან (უწყების ჩაბარების დღე) არ ჰქონოდა შესაძლებლობა, სასამართლო უწყება გადაეცა მეორე წარმომადგენლისთვის, ან/და სხდომის შესახებ ეცნობებინა თავად მოსარჩელისთვის და გამოცხადებულიყო სასამართლო სხდომაზე. ამდენად, აპელანტის მიერ მითითებული გარემოება, მისი დაუსაბუთებლობის გამო, არ იქნა მიჩნეული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ საპატიო გარემოებად. ამასთან, ვინაიდან აპელანტი არ უთითებდა არც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა ისეთ გარემოებაზე რაც შეიძლება გამხდარიყო საქმის წარმოების განახლების თაობაზე სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობა, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო დასაბუთებული და არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძველი.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 05 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

9.1. კასატორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები და გამოიტანა არასწორი გადაწყვეტილება. მხარეს ბრალი დასდო იურიდიული ინტერესის დაკარგვაში მაშინ, როცა არაერთი მტკიცებულება იქნა წარდგენილი სასამართლოში, რომლითაც დასტურდებოდა მოპასუხის მხრიდან უმადურობა, რაც თავის მხრივ, ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი იყო. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს განჩინებაც. მასში ძირითადი აქცენტი გაკეთებულია მხოლოდ იმაზე, რომ მოსარჩელე არ გამოცხადდა სასამართლოს სხდომაზე და არაფერს საუბრობს გადაწყვეტილების იურიდიულ მხარეზე. იქვე კასატორი უთითებს, რომ მისთვის გაუგებარია, კანონიერი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო, მოსარჩელემ რატომ უნდა განიცადოს ზიანი. კასატორს იმედი ჰქონდა, რომ მისი წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობა საპატიო გარემოებად იქნებოდა მიჩნეული და გაუქმდებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მაგრამ ასე არ მოხდა, რის შედეგადაც მისი კანონიერი უფლებები და ინეტერესები შეილახა.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

შესაბამისად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რომელიც ეხება მოსარჩელის წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის არასაპატიოდ მიჩნევას. ამასთან, მართებულია პალატის შეფასება იმის თაობაზეც, რომ მოსარჩელეს/კასატორს სხდომის თობაზე ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით.

14. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობის შეფასება, რომლითაც უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება.

15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია (შდრ. სუსგ №ას-964-929-16, 2017 წლის 6 მარტის განჩინება).

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

17. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ მოსარჩელე, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და არც თავისი გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე არ აცნობა სასამართლოს. საქმის განხილვაზე მხარის არასაპატიო გამოუცხადებლობას კანონმდებელი უკავშირებს მის მიერ საქმის განხილვისადმი ინტერესის დაკარგვის ვარაუდს. ამავდროულად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს გარკვეულ სანქციას ისეთი მხარის მიმართ, რომელიც კეთილსინდისიერად არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ საპროცესო მოვალეობებს.

18. ამდენად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის საკანონმდებლო მიზნებიდან გამომდინარე, მოსარჩელის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მოტივით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის შემდეგი წინაპირობების არსებობის სავალდებულობაა დადგენილი: ა) მოსარჩელისათვის საქმის განხილვის შესახებ ინფორმაციის შეტყობინება გონივრულ ვადაში; ბ) მოსარჩელის საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობა; გ) გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არარსებობა; დ) მოპასუხის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს, ხომ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ, სახეზე ხომ არ არის შემდეგი: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამრიგად, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (იხ. სუსგ №ას-803-803-2018, 27 სექტემბერი, 2018 წელი; №ას-1445-1459-2011, 31 ოქტომბერი, 2011 წელი; №ას-1410-1330-2017, 30 იანვარი, 2018 წელი).

21. იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება, მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება, ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. მითითებული მუხლებიდან გამომდინარე, გამოუცხადებელ მხარეს შეუძლია, გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.

22. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ საქმის განხილვის შესახებ მოსარჩელე მხარეს ეცნობა კანონის მოთხოვნათა დაცვით. მოსარჩელის წარმომადგენელი სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი არ უცნობებია სასამართლოსთვის, ხოლო, მოპასუხემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

23. საკასაციო საჩივრით კასატორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს საქმის მატერიალურ საფუძვლებზე მითითებით და ამასთან ერთად, კასატორი სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ კანონიერი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო, მოსარჩელემ ზიანი არ უნდა განიცადოს.

24. კასატორის იმ პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება დავის მატერიალურსამართლებრივ საფუძვლებს, სადაც კასატორი განმარტავს, რომ დავისადმი იურიდიული ინტერესი არ დაუკარგავს, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს მხრიდან პირველი ინსტანციის მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინებების ძალაში დატოვების მართლზომიერება, რაც შეეხება კასატორის პრეტენზიებს, ისინი წარმოადგენს საკასაციო საჩივრის მატერიალურ საფუძვლებს, რაზეც საკასაციო პალატა წინამდებარე საქმის ფარგლებში ვერ იმსჯელებს.

25. ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმისადმი დაინტერესება, უპირველესად, სასამართლო სხდომაზე გამოცხადებით გამოიხატება. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა. სასამართლო საქმეს საპროცესო კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით იხილავს, რომელთა მოქმედება ვრცელდება, როგორც სასამართლოზე, ისე - მხარეებზე. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა მხარეთა თანაბარი მოპყრობისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს ემყარება. განსახილველ შემთხვევაში, მხოლოდ იმის აღნიშვნა შეიძლება, რომ მოსარჩელემ თავად არ ისარგებლა სასამართლო განხილვის უფლებით, საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ მისი ეს უფლება არ შეზღუდულა. (შდრ სუსგ №ას-535-2019 31 მაისი, 2019 წელი).

26. რაც შეეხება კასატორის იმ პრეტენზიას, რომ კანონიერი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო, მას ზიანი არ უნდა განეცადა, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სწრაფი, ეკონომიური და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელება როგორც სასამართლო ხელისუფლების, ისე სამართალწარმოების მონაწილე პირთა პასუხისმგებლობაა და საამისოდ ყველა ლეგიტიმური შესაძლებლობის გამოყენებაა საჭირო, რაც თანაბრად უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორობას საქმის განხილვის ყველა ეტაპზე და ხელს შეუწყობს სასამართლოში საქმეთა განხილვის გაჭიანურების არიდებას. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დამკვიდრებულია პრინციპი, რომლის თანახმად მხარეებს (ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს), შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში როგორც პირადად, აგრეთვე წარმომადგენლის მეშვეობით. სასამართლო წარმომადგენლობა ესაა კანონით გარანტირებული შესაძლებლობა მხარემ აწარმოოს საქმე სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. სასამართლო წარმომადგენელი არის პირი, რომელიც ასრულებს სასამართლოში მარწმუნებლის სახელით და მისი ინტერესების შესაბამისად ყველა იმ საპროცესო მოქმედებას, რაც გათვალისწინებულია კანონით და მარწმუნებლის მიერ გაცემული მინდობილობით. სასამართლო წარმომადგენლობა დაიშვება უკლებლივ ყველა საქმეზე, რომელიც სასამართლოს ექვემდებარება უწყებრივად. წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ: ა) ნებაყოფლობით ანუ სახელშეკრულებო წარმომადგენლობას; ბ) იურიდიული პირის წარმომადგენლობას; გ) კანონისმიერ წარმომადგენლობას. ნებაყოფლობითი (სახელშეკრულებო) წარმომადგენლობა წარმოიშობა მხარეთა თავისუფალი ნების საფუძველზე დავალების ხელშეკრულების დადებით (სსკ-ის 709-ე მუხლი). სსსკ-ის 96-ე მუხლი ითვალისწინებს წარმომადგენლის უფლებამოსილების გაფორმების პროცედურებს, ხოლო სსსკ-ის 98-ე მუხლი კი, ითვალისწინებს წარმომადგენლის უფლებამოსილების ფარგლებს. (იხ. ზ.ძლიერიშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, ნაწილი I, ავტორთა კოლექტივი, თბილისი, 2014, გვ.180-199).

27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს.

28. მითითებული ნორმის შესაბამისად, მხარისათვის გადაცემული უწყება ითვლება წარმომადგენლისთვის ჩაბარებულად, ხოლო წარმომადგენლისათვის გადაცემული _ უშუალოდ მხარისათვის ჩაბარებულადაც, ამასთან, სასამართლოს დისკრეციაა, სასამართლო უწყებას, რომელ მათგანს გაუგზავნის (მრავალთა შორის იხ. სუსგ. საქმე №ას-1290-2018, 06.02.2019წ; №ას-1119-1039-2017, 09.02.2018წ).

29. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია რომ 2023 წლის 04 ოქტომბერს მოსარჩელის წარმომადგენელს ეცნობა 2023 წლის 14 ნოემბრის სხდომის თაობაზე. მიუხედავად აღნიშნულისა, მოსარჩელე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსათვის. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ იშუამდგომლა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, რაც დაკმაყოფილდა სასამართლოს მიერ. მოსარჩელის წამომადგენელმა აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა იმ მოტივით, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მეხსიერების დაქვეითების გამო დაავიწყდა სხდომის თარიღი, რაც საპატიო გარემოებას წარმოადგენდა. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის მსჯელობას, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენით ვერ უზრუნველყო მისი ქმედების საპატიოობის დადასტურება.

30. ამრიგად, სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზის საპატიოობის მტკიცების სტანდარტს ადგენს თავად კანონმდებელი, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ ვერ დაძლია. მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობას, სასამართლოს წინაშე მას არ წარუდგენია და სახეზე იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მართებულად მიღების წინაპირობები.

31. საკასაციო პალატის მითითებით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს და საშუალებას აძლევს მონაწილე სახელმწიფოებს, მოაწყონ მათი სამართლებრივი სისტემები იმგვარად, რომ ხელი შეეწყოს სწრაფ და ეფექტურ სამართალწარმოებას, მათ შორის, დაუსწრებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობის კუთხით (იხილეთ: Aždajić v. Slovenia, no. 71872/12, 08/10/2015, § 49; Gankin and Oters v Russia, no. 12938/12. 31/05/2016, § 26.).

32. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტიან საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა ქმნის სამართლებრივი შედეგის დადგომის შესაძლებლობას, საქმის განმხილველი მოსამართლე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 17.03.2016წ. განჩინება საქმეზე №ას-121-117-2016).

33. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

34. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია. 35. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამრიგად, მ.გ–ძეს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 3665.6 ლარის 70% – 2565.92 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.გ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. მ.გ–ძეს (პ/ნ .........) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 3665.6 ლარის (საგადახდო დავალებები: №122, №1029, გადახდის თარიღები: 24.03.2025წ, 30.04.2025წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“) 70% – 2565.92 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი