Facebook Twitter

18 იანვარი 2024 წელი №ას-98-2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარეები _ ზ.შ–ძე, მ.შ–ძე, მ.შ–ძე, გ.შ–ძე

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი _ ხელშეშლის აღკვეთა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „აპელანტი“, „კასატორი“, „სამინისტრო“) სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს ზ.შ–ძის, მ.შ–ძის, მ.შ–ძისა და გ.შ–ძის (შემდგომში მოხსენიებულნი, როგორც „მოპასუხეები“, „მოწინააღმდეგე მხარეები") მიმართ, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ........ (...... ტერიტორია) მდებარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში განთავსებული, მოპასუხეთა კუთვნილი, 37.29 კვ.მ. შენობა-ნაგებობის დემონტაჟის, მიწის ნაკვეთის თავისუფალ მდგომარეობაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთვის ჩაბარების, მოსარჩელის სასარგებლოდ 25 043 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს, აგრეთვე სარჩელის აღძვრიდან ვალდებულების სრულად შესრულებადე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 44.88 ლარის მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნებით.

სარჩელის საფუძვლები:

2.1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 18 ოქტომბრის №189 განკარგულებით დამტკიცებული „ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ გ–ზე ტურიზმისა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, 2018 წლის 21 ივნისს ზ.შ–ძემ განცხადებით მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და მოითხოვა თავის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ გაცემულიყო შესაბამისი კომპენსაცია. აღნიშნული განცხადება შესაბამისმა კომისიამ განიხილა და 2018 წლის 2 დეკემბრის №01-01-3/412 ბრძანებით განმცხადებლის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ბრძანების შესაბამისად, 2018 წლის 25 დეკემბერს, მოპასუხეებთან გაფორმდა ხელშეკრულება საკომპენსაციო თანხების გაცემასთან დაკავშირებით. კომპენსაციის თანხის ოდენობა განისაზღვრა 87 730 ლარით. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდენ, რომ 4495 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განლაგებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟისათვის და ხულოს მუნიციპალიტეტის ცენტრამდე ტრანსპორტირებისათვის მოპასუხეს გადაეცემოდა კომპენსაცია იმ ოდენობით, რასაც დაადგენდა ს.ს.ი.პ. „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“, რის შემდეგაც მოპასუხეები განახორციელებდნენ შენობა-ნაგებობის დემონტაჟს და ტერიტორიის გამოთავისუფლებას. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზეც. კერძოდ, ექსპერტიზის მიერ შენობის დემონტაჟისა და გადაზიდვის ფასის განსაზღვრის შემდეგ, დემონტაჟის შეუსრულებლობისა და მიწის ნაკვეთის გამოუთავისუფლებლობის შემთხვევაში, მოპასუხეებს დაეკისრებათ პირგასამტეხლოს გადახდა.

2.2. №00438620 ექსპერტიზის დასკვნით დემონტაჟის საფასური გაისაზღვრა 2032 ლარით. მოპასუხეებმა დაარღვიეს შეთანხმების პირობა და შენობის დემონტაჟი არ განახორციელეს, შესაბამისად, მოსარჩელე ვერ იღებს მიწის ნაკვეთს თავისუფალ მდგომარეობაში, რის გამოც ხელი ეშლება „ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ გ–იზე ტურიზმისა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის“ განვითარებაში. აღნიშნულის გამო, მოპასუხეები ვალდებულნი არიან, გადაიხადონ შეთანხმებული პირგასამტეხლო, რაც სარჩელის აღძვრამდე ვადაგადაცილებული დღეების გათვალისწინებით შეადგენს 25 043 ლარს. ამასთან, მოპასუხეებს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება აკისრიათ სარჩელის აღძვრის შემდეგაც, მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლებამდე, რაც ყოველდღიურად შეადგენს 44.88 ლარს.

მოპასუხეების პოზიცია:

3. მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს შენობა-ნაგებობის დაშლისა და მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლების ნაწილში. პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნა მოპასუხეებმა არ ცნეს და განმარტეს, რომ ერთ-ერთ მოპასუხეს, მ.შ–ძეს, შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები, მის მკურნალობას დასჭირდა მნიშვნელოვანი თანხები, რამაც შეაფერხა სახლის დემონტაჟისათვის საჭირო თანხების მოძიება. გარდა აღნიშნულისა, დემონტაჟი ვერ განხორციელდებოდა ზამთარში, თოვლის საფარველის არსებობის გამო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

4.1. მოპასუხეებს დაევალათ ხულოს მუნიციალიტეტის სოფ. ........ (.......ტერიტორიაზე) 4495 კვ.მ. მიწის ნაკვეთში (ს/კ ........) განთავსებული 37.29 კვ.მ. შენობა-ნაგებობის დემონტაჟი და მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთვის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება;

4.2. ზ.შ–ძეს, მ.შ–ძეს, მ.შ–ძეს და გ.შ–ძეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ პირგასამტეხლოს სახით 3000 ლარის გადახდა. მათვე, სარჩელის აღძვრის დღიდან - 2021 წლის 29 სექტემბრიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მოსარჩელის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით, სოლიდარულად დაეკისრათ 87 760 ლარის 0.01 %-ის გადახდა.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

7. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ წინამდებარე დავისთვის მნიშვნელობის მქონედ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 18 ოქტომბრის №189 განკარგულებით დამტკიცდა ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ „გ–ზე“ ტურიზმისა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა.

7.2. ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ „გ–ზე“ ტურიზმისა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის მიზნად დაისახა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და, ამ მიზნით, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში ხელშეწყობა. პროგრამით დადგინდა კურორტ „გ–ის“ განაშენიანების რეგულირების გეგმაში არსებული, ფიზიკურ პირთა საკუთრებაში, მართლზომიერ მფლობელობაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კომპენსაციის სპეციალური წესები და პირობები.

7.3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2016 წლის 31 ოქტომბრის №01-6/257-ს ბრძანების საფუძველზე შეიქმნა ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ „გ–ზე“ ტურიზმისა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში კომპენსაციის გაცემის ან/და უძრავი ნივთის გამოსყიდვის საკითხების განმხილველი კომისია.

7.4. ზ.შ–ძის კომლის მართლზომიერ მფლობელობაში იყო ხულოს მუნიციალიტეტის სოფ. ........ ე.წ. „ზანკების“ ტერიტორიაზე (ამჟამად კურორტი გ–ი) მდებარე 4500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მომიჯნავედ მდებარე 4495 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასში განთავსებული 37.29 კვ.მ შენობა-ნაგებობა, რაც დასტურდება შ.პ.ს. „ბ“-ს მიერ შედგენილი აზომვითი ნახაზით.

7.5. ზ.შ–ძის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები მოექცა კურორტ „გ–ის“ განაშენიანების რეგულირების გეგმაში.

7.6. ერთი მხრივ, ზ.შ–ძესა და დანაჩენ მოპასუხეებს, ხოლო, მეორე მხრივ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის, 2018 წლის 25 დეკემბერს გაფორმდა „ფაქტობრივ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე სარგებლობის შეწყვეტის, შენობა-ნაგებობისაგან მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლების და შესაბამისი კომპენსაციის გაცემის შესახებ“ ხელშეკრულება. ხელშეკრულების დადებისას დანარჩენ მოპასუხეებს წარმოადგენდა ზ.შ–ძე.

7.7. 2018 წლის 25 დეკემბრის ხელშეკრულებით სამინისტრომ იკისრა ვალდებულება, ზ.შ–ძის მართლზომიერ სარგებლობაში არსებულ 4340 კვ.მ. და მის მომიჯნავედ 4340 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ გადაეხადა კომპენსაცია მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულების - 86 800 ლარის - ოდენობით, ხოლო 4495 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან დარჩენილ 155 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე სარგებლობის შეწყვეტის სანაცვლოდ - 930 ლარის ოდენობით. ამრიგად, კომპენსაციის ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 87730 ლარი, რომელიც უნდა გადახდილიყო უნაღდო ანგარიშსწორების წესით.

7.8. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა კომპენსაციის გაცემა შენობა-ნაგებობის დემონტაჟისა და დემონტაჟის შედეგად ნარჩენი მასალის ხულოს მუნიციპალიტეტის ცენტრამდე ტრანსპორტირებისათვის, სახელდობრ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ზ.შ–ძე შენობა-ნაგებობას დაშლიდა და მიწის ნაკვეთს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ჩააბარებდა თავისუფალ მდგომარეობაში. თავის მხრივ, სამინისტრო ზ.შ–ძეს აუნაზღაურებდა დემონტაჟისა და ხულოს ცენტრში გადატანის ხარჯებს შენობა-ნაგებობის დემონტაჟისა და ტერიტორიის გამოთავისუფლებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. ხარჯის ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით.

7.9. ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება კომპენსაციის მიმღები მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გასაცემი კომპენსაციის 0.05%-ის ოდენობით.

7.10. 2018 წლის 27 დეკემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ზ.შ–ძეს გადაუხადა 87 730 ლარი.

7.11. მოპასუხეებისაგან 2018 წლის 25 დეკემბერს შეძენილი მიწის ნაკვეთები აღირიცხა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად.

7.12. სამინისტრომ ექსპერტიზის ბიუროს დაუკვეთა ზ.შ–ძის კუთვნილი შენობის დემონტაჟისა და ტრანსპორტირების ხარჯების დადგენა. ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, შენობის დემონტაჟისა და ტრანსპორტირების ხარჯი შეადგენს 2032 ლარს.

7.13. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2020 წლის 07 თებერვლის №01-01-10/587 წერილით ზ.შ–ძეს ეცნობა, რომ ის ვალდებული იყო, ექსპერტიზის დასკვნის მიღებიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველეყო მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი და დემონტაჟის შედეგად დაჩენილი ნარჩენების გატანა. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, დაეკისრებოდა პირგასამტეხლო კომპენსაციის სრული თანხის (87 730+2032) 0.05%-ის ოდენობით.

7.14. ზ.შ–ძეს სამინისტროს წერილი ჩაბარდა 2020 წლის 19 თებერვალს, თუმცა მას დემონტაჟისა და დემონტაჟის შედეგად ნარჩენების გატანის შესახებ ინფორმაცია სამინისტროსათვის არ წარუდგენია.

7.15. ზ.შ–ძემ და სხვა მოპასუხეებმა შენობა-ნაგებობის დემონტაჟი არ განახორციელეს.

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს პალატამ მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:

8.1. პალატამ შენიშნა, რომ სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება შესული იყო კანონიერ ძალაში, შესაბამისად, მისი მსჯელობის საგანს არ წარმოადგენდა დემონტაჟისა და მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემის დავალდებულების, აგრეთვე, პირგასამტეხლოს სახით 3000 ლარისა და სარჩელის აღძვრის დღიდან - 2021 წლის 29 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 87 760 ლარის 0.01%-ის ოდენობით საურავის გადასახდელად დაკისრების კანონიერება. პალატამ შენიშნა, რომ მისი შეფასების საკითხს წარმოადგენდა მარტოოდენ პირგასამტეხლოს შემცირების მართლზომიერების საკითხის გამორკვევა.

8.2. სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას და იგი, ვალდებულების დარღვევამდე, ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, სანქცია, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, რომლის გადახდევინების მიზანიც კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენაა და არა მისი გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. შეფასების მიზნებისათვის კი, მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან და ა.შ. ამასთან, პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მხარეებს, მისი ოდენობა დაადგინონ იმ ფარგლებში, რომელიც არ სცდება ამ ინსტიტუტის დანიშნულებას და უფლების ბოროტად გამოყენების შედეგად შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ აკისრებს ხელშეკრულების მხარეს.

8.3. პალატამ შენიშნა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო სარჩელით მოპასუხეებზე პირგასამტეხლოს სახით 25043 ლარის, ასევე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 44.88 ლარის გადახდის დაკისრებას ითხოვდა დემონტაჟის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაპყრო საქმეში დაცულ ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც ირკვევა, შენობის დემონტაჟისა და ტრანსპორტირების ხარჯი შეადგენს 2032 ლარს. შესასრულებელი ვალდებულების ღირებულებისა (2032 ლარი) და შესრულების ვადაგადაცილების პერიოდის გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეთათვის ერთჯერადად დაკისრებული 3000 ლარის, ხოლო სარჩელის აღძვრის დღიდან, 2021 წლის 29 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ნაკვეთის ღირებულების - 87760 ლარის 0.01 %-ზე მეტი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.

9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ. მისი საკასაციო მოთხოვნაა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ პრეტენზიებს:

9.1. ხელშეკრულების მხარეები წინასწარ შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, მის ოდენობასა და გაანგარიშების წესზე და მოპასუხე მხარეს ხელშეკრულების მოქმედების ვადაში აღნიშნული პირობები სადავოდ არ გაუხდია. უდავოა, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებით ნაკისრი დემონტაჟის პირობა, რის გამოც სამინისტროს ხელი შეეშალა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა-განკარგვასა და კურორტ „გ–ის“ განვითარებაში. ვალდებულების სრულად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მიიღებდა გაცილებით მეტ სარგებელს, ვიდრე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სრულად დაკისრებაა. შენობა-ნაგებობის დემონტაჟის ვალდებულების შეუსრულებლობა არ განუპირობებია საპატიო მიზეზს ან ფინანსურ შეუძლებლობას, არამედ, მოპასუხეები ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებდნენ სრულიად გააზრებულად და შეგნებულად, იმის მიუხედავად, რომ საბოლოო ჯამში, დემონტაჟის ხარჯი უნდა გაეღო სამინისტროს და იგი არ წარმოადგენდა მოპასუხის ტვირთს. ამრიგად, მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლო არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალს, არამედ, საკმარისიც კი არ არის დაყოვნებით დამდგარი ზიანის სრულად საკომპენსაციოდ.

9.2. კასატორის მტკიცებით, სასამართლოს, მოპასუხეთა შეგებებული სარჩელის არარსებობის პირობებში, უფლება არ ჰქონდა, ემსჯელა მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირების საკითხზე. მოპასუხე მხარემ მხოლოდ ზეპირი განმარტებით, შეგებებული სარჩელის გარეშე, გამოთქვა მოსაზრება პირგასამტეხლოს არაგონივრულად გაანგარიშებისა და მისი ოდენობის შემცირების შესახებ, რაც არ უნდა ჩათვლილიყო საკითხის სადავოობის საფუძვლად. პირგასამტეხლოს შემცირებით სასამართლო გასცდა დავის საგანს, დაარღვია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები და მოპასუხეებს მიაკუთვნა ის, რაც არ მოუთხოვიათ.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

15. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორი სადავოდ არ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, არამედ სადავოა დადგენილ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საკითხი, კერძოდ, კასატორის პრეტენზია მიემართება ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს „შეუსაბამოდ მაღალ“ სანქციად მიჩნევის საკითხს. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს მიერ წინამდებარე საქმეზე დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები, რაც აისახა წინამდებარე განჩინების 7.1.-7.15. პუნქტებში, სრული მოცულობით სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

16. კასატორის საკასაციო პრეტენზია უკავშირდება სააპელაციო პალატის მხრიდან პირგასამტეხლოს შემცირების მართებულობას, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, ვლინდებოდა თუ არა სასამართლოს მხრიდან პირგასამტეხლოს შემცირების წინაპირობები.

17. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში ასახული აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველ სამართლებრივ შედეგს.

18. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება სასამართლოს ვალდებულებაა, მიუხედავად იმისა, ედავებიან თუ არა ამ შეფასებას მხარეები. ეს იმას ნიშნავს, რომ სარჩელში, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებში მოცემული სამართლებრივი შეფასებები მბოჭავი არ არის სასამართლოსთვის და მას ყოველთვის შეუძლია, განსხვავებულად შეაფასოს სადავო სამართალურთიერთობა.

19.1. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე მუხლებიდან გამომდინარეობს (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას).

19.2. მხარეთა შორის სადავო არ არის ვალდებულების დარღვევის ფაქტობრივი გარემოება; სადავო არ არის ისიც, რომ ვადაგადაცილების ხანგრძლივობის გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრამდე აკუმულირებულმა პირგასამტეხლომ შეადგინა 25043 ლარი, ამავდროულად, სარჩელის აღძვრის მომენტიდან ვალდებულების შესრულებამდე პერიოდზე მოთხოვნილია პირგასამტეხლოს დაკისრება ყოველდღიურად 44.88 ლარის ოდენობით.

19.3. საკასაციო სასამართლოს მრავალჯერ განუმარტავს პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები. „ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის მოვალეობის წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...“ (იხ. სუსგ. №ას-1373-2018, 17.01.2019წ.; №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.; №ას-816-767-2015, 19.11.2015წ.; №ას-953-918-2016, 22.11.2016წ.).

19.4. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ. სუსგ. №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.).

19.5. მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლო სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში შეთანხმებული დათქმაა, კანონმდებელი მასში სასამართლო ინტერვენციას, სახელშეკრულებო წონასწორობისა და უფლება-მოვალეობათა სამართლიანად განაწილების უზრუნველყოფის მიზნით, შესაძლებლად მიიჩნევს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე უფლება აქვს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის აშკარად შეუსაბამო პირგასამტეხლო საქმის გარემოებათა გათვალისწინებით დაიყვანოს თანაზომიერების ფარგლებამდე. პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. ეს უფლებამოსილება არის ის იშვიათი გამონაკლისი, როდესაც სასამართლოს უფლება აქვს, შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, ჩაერიოს მხარეთა ხელშეკრულების თავისუფლებაში და, მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, პირგასამტეხლო შეამციროს. პირველ რიგში, ასეთი წინაპირობა თავად მხარის მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მოთხოვნაა კვალიფიციური შედავების ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვლინდება მხოლოდ კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმებით, სახელშეკრულებო თავისუფლებით გამყარებული ნება - მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სახით და კრედიტორის მიერ დასაბუთებული დარღვევა, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა. პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებაზე მსჯელობისას, სხვა ფაქტორებთან ერთად, ფასდება ვალდებულების დარღვევის ხარისხი, მათ შორის, მხარეთა სახელშეკრულებო ინტერესის განმარტების კონტექსტით. კვალიფიციური შედავების გარეშე კი, შეუძლებელია, დადგინდეს, რამდენად არაგონივრული, შეუსაბამოა პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. ამდენად, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსის, ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამოობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი) არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა, რაც ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის მაქსიმალურობას უწყობს ხელს (შდრ. იხ. ნათია ჩიტაშვილი „პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია“, შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალი, 2/2020).

19.6. 2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი №5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან...საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 02.03.2017წ.).

19.7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოპასუხის მიერ დაყენებული მოთხოვნის საფუძველზე მსჯელობს. ასეთი მოთხოვნა შეიძლება მითითებული იქნეს, როგორც შესაგებელში, ასევე - პირველ ინსტანციაში საქმის მომზადების დამთავრებამდე მოპასუხის მიერ აღძრულ შუამდგომლობაში. (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-328-2023, 20.06.2023წ.; №ას-576-2022, 07.07.2022წ.) ცალკეულ შემთხვევებში ასეთი მოთხოვნის დაყენება სარჩელითაცაა შესაძლებელი, მაგალითად, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა (პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება). პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოთხოვნის დაყენებასთან ერთად, მხარემ უნდა დაასაბუთოს, რას ეფუძნება ასეთი მოთხოვნა, ანუ მტკიცების ტვირთი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების თაობაზე, ეკისრება მოვალეს (იხ. სუსგ. №ას-888-2020, 10.12.2020წ.).

19.8. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესაგებელი მოპასუხის უფლების დაცვის უმთავრესი ინსტრუმენტია, რომლის ჯეროვნად გამოყენება განაპირობებს საქმის საბოლოო შედეგს. უმრავლეს შემთხვევაში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისათვის საკმარისია საქმეში გამართული, არგუმენტირებული შესაგებლის არსებობა და საამისოდ შეგებებული სარჩელის აღძვრა არც არის საჭირო. შესაგებლის წარდგენის ვალდებულება მხარის მიერ დაძლეულად განიხილება, თუ იგი კვალიფიციურად, ამომწურავად და დასაბუთებულად ედავება მოსარჩელე მხარეს მის მიერ მოთხოვნის დასაფუძნებლად სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე.

19.9. ამრიგად, საკასაციო პალატა ხაზგასმით მიუთითებს კასატორს, რომ პირგასამტრეხლოს დაკისრების შესახებ აღძრული სარჩელის განხილვისას, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი წარმოადგენს მოთხოვნის ნამდვილობის სრულად ან ნაწილობრივ გამომრიცხველ შესაგებელს, შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირების სამართლებრივი შედეგის დადგომა მოპასუხისაგან არ მოითხოვს შეგებებული სარჩელის აღძვრის საჭიროებას, არამედ, წარმოადგენს პირგასამტეხლოს დაკისრების სარჩელის საფუძვლიანობის კვლევის კომპონენტს, შესაგებლის ფარგლების შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა კასატორის მტკიცება მასზედ, რომ შეგებებული სარჩელის აღძვრის გარეშე, მარტოოდენ შესაგებლის ძალით, პირგასამტეხლოს შემცირების ინსიტუტის გამოყენება წარმოადგენს დავის საგნის ფარგლების რღვევას.

20.1. საკასაციო პალატის განსჯით, მოპასუხემ თავი გაართვა მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის არაგონივრულობის დასაბუთებას, სახელდობრ, მიუთითა, რომ დემონტაჟის ვალდებულების დროულ შესრულებას ხელი შეუშალა მოპასუხე მ.შ–ძის ჯანმრთელობის გართულებულმა მდგომარეობამ და მისი მკურნალობისთვის ოჯახის მხრიდან ხარჯების გაღების აუცილებლობამ, რის გამოც, მოპასუხეებს დემონტაჟისთვის აუცილებელი ფულადი სახსრების მოძიება გაუჭირდათ, მით უფრო, რომ ხელშეკრულების 3.3. პუნქტის შესაბამისად, კომპენსაციის მიმღები დემონტაჟისა და ტრანსპორტირების ხარჯს სამინისტროსგან მიიღებდა არა წინასწარ, არამედ ამავე სამუშაოების შესრულებიდან 30 კალენდარულ დღეში, ესე იგი, დემონტაჟისა და ტრანსპორტირებისთვის აუცილებელი ხარჯების მობილიზება, საწყის ეტაპზე, სწორედაც კომპენსაციის მიმღებთა ტვირთს წარმოადგენდა. ერთ-ერთი მოპასუხის ავადმყოფობის სამტკიცებლად შესაგებელს დაერთო მოპასუხე მ.შ–ძის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ცნობები, რომელთა შინაარსობრივი მხარე მოსარჩელეს სადავოდ არ უქცევია. ამავდროულად, მოპასუხის განმარტებით, დემონტაჟის დროული განხორციელებისთვის დამაბრკოლებელ ფაქტორს წარმოადგენდა ბუნებრივი პირობებიც, სახელდობრ თოვლის არსებობა. დასახელებულ გარემოებათა გამო, მოპასუხეთა მოსაზრებით, ვალდებულების დარღვევის გამო მათ პასუხი არ უნდა მოეთხოვოთ იმ მასშტაბით, როგორც ეს გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს შესახებ სახელშეკრულებო შეთანხმებით.

20.2. პალატის განსჯით, შესაგებელში დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს წარმოეშვათ უფლებამოსილება, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეემცირებინათ ვალდებულების დარღვევაში მოვალე მხარის ბრალის ხარისხის გათვალისწინებით.

20.3. საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ სამართალწარმოების მიმდინარეობისას, კრედიტორი ესოდენ სოლიდური პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნას ასაბუთებდა განცდილი ზიანის ოდენობით, თუმცა საქმეში დაცული არ არის არცერთი მტკიცებულება, რომელიც თვალსაჩინოს გახდის, თუ რა მასშტაბის უარყოფითი ზეგავლენა იქონია კურორტ „გ–ის“ განვითარებაზე კონკრეტულად მოპასუხეთა მფლობელობაში არსებული 37.25 კვ.მ. შენობა-ნაგებობის დემონტაჟის ვალდებულების შეუსრულებლობამ. ამდენად, კასატორის აპელირება ზიანის სიდიდესა და მნიშვნელობაზე, შესაბამისი მტკიცებულების საქმეში არარსებობის პირობებში, საკასაციო სასამართლოს მხრიდან გაზიარებული ვერ იქნება.

20.4. საკასაციო პალატა იმასაც შენიშნავს, რომ სადავო შენობა-ნაგებობა განთავსებულია მოპასუხეების მიერ მოსარჩელისათვის გადაცემულ მხოლოდ ერთ (4495 კვ.მ.) მიწის ნაკვეთზე, ამის მიუხედავად, მოსარჩელეს პირგასამტეხლოს ოდენობა გამოთვლილი აქვს, მათ შორის, იმ ნაკვეთის (4340 კვ.მ.) საკომპენსაციოდ გადახდილი მიწის ნაკვეთიდანაც, რომლის ფლობა-სარგებლობის შესაძლებლობასაც სადავო შენობა-ნაგებობის არსებობა არ აბრკოლებს. აღნიშნულ საკითხთან მიმართებით კი, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა, რომლის თანახმადაც, ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან დაუშვებელია, პირგასამტეხლო მხარეს ეკისრებოდეს იმ ვალდებულების პროპორციული ღირებულებიდანაც, რომელიც მას არ დაურღვევია. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების მოცულობიდან (იხ. სუსგ. №ას-971-2019, 28.10.2019; №ას-581-2019, 31.07.2019; №ას-164-160-2016, 28.07.2016).

20.5. საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ ვალდებულების ღირებულება, რომლის შეუსრულებლობის გამოც წარმოდგენილია წინამდებარე სარჩელი, თავად მოსარჩელის მხრიდან შეფასებულია 2032 ლარით, მოთხოვნილი პირგასამტეხლო კი, სარჩელის აღძვრამდე, პრაქტიკულად რამდენიმე ათეულით აღემატებოდა თავად შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულებას, ამასთან, დარიცხვის განგრძობადი ბუნებისა და ყოველდღიურად დარიცხული საურავის სიდიდის გამო, პრაქტიკულად, იმგვარ მასშტაბს მიაღწია, რომ გაუთანაბრდა მიწის ნაკვეთის დათმობისთვის სამინისტროს მიერ მოპასუხეთათვის გადახდილი კომპენსაციის ოდენობას.

20.6. ყველა დასახელებული ფაქტორის ერთობლიობით, პალატა მიდის დასკვნამდე, რომ სარჩელში გაცხადებული ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, წარმოადგენს მოვალის გადაჭარბებული დასჯისა და კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრების ინსტრუმენტს, რის გამოც, მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მისი შემცირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. არაგონივრულად მკაცრი პასუხისმგებლობის დამდგენი სახელშეკრულებო დანაწესის იდენტიფიცირებისას კი, სასამართლოს ვალია, აღადგინოს დარღვეული წონასწორობა პირგასამტეხლოს სამართლიან საწყისებთან შესაბამისობაში მოყვანის გზით, ესე იგი, მისი შემცირებით.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

22. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, ამრიგად, არ არსებობს სახელმწიფო ბაჟის დაბრუნებაზე მსჯელობის საპროცესოსამართლებრივი წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი