Facebook Twitter

13 დეკემბერი 2024 წელი

№ას-88-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე)

ლაშა ქოჩიაშვილი (მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ნ.ხ–ნ

მოწინააღმდეგე მხარე - ი.მ–ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - რეგისტრირებული გირავნობის უფლების ნაწილობრივი გაუქმება (თავდაპირველი სარჩელით), თანხის დაკისრება (შეგებებული სარჩელით)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ი.მ–მა (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „შეგებებული სარჩელით მოპასუხე“, „I აპელანტი“, „კასატორის მოწინააღმდეგე მხარე“, „მსესხებელი“, „დამგირავებელი“) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ნ.ხ–ნის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“, „II აპელანტი“, „კასატორი“, „გამსესხებელი“, „მოგირავნე“) მიმართ, ი.მ–ის საკუთრებაში არსებული, შ.პ.ს. „რ.ს"-ს დაგირავებული [გირავნობა/ლიზინგის რეესტრი; R20591544 11/11/2020] 10% წილიდან 5% წილზე გირავნობის უფლების გაუქმების მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები:

2.1. 2020 წლის 30 ოქტომბერს გაფორმდა სესხის (სესხის შეპირების) ხელშეკრულება შ.პ.ს. „ჯ.გ"-სა (გამსესხებელი) და ი.მ–ს (მსესხებელი) შორის. 2020 წლის 11 ნოემბრის შეთანხმებით მოხდა გამსესხებლის ჩანაცვლება და ურთიერთობაში გამსესხებლის სტატუსი მოიპოვა ე.ხ–მა. ხელშეკრულების თანახმად, გამსესხებელს სესხის სახით უნდა გაეცა მსესხებლზე 500 000 აშშ დოლარი, შემდეგი გრაფიკით: - 200 000 აშშ დოლარი - არაუგვიანეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში; ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულების შემდეგ გაცემული უნდა ყოფილიყო შემდეგი ტრანში 50 000 აშშ დოლარის ოდენობით, არაუგვიანეს 2021 წლის 01 ივნისისა, ხოლო 250 000 აშშ დოლარი - არაუგვიანეს 2021 წლის 20 დეკემბრისა.

2.2. მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა ი.მ–ის საკუთრებაში არსებული, შ.პ.ს. „რ.ს"-ს 10% წილი [გირავნობა/ლიზინგის რეესტრი: R20591544 11/11/2020]. გირავნობის ხელშეკრულებაშიც მოხდა მოგირავნის ჩანაცვლება და მოგირავნედ განისაზღვა ე.ხ–ი. გამსესხებელმა შეასრულა თავის ვალდებულებები ნაწილობრივ, კერძოდ, ე.ხ–მა 2020 წლის 13 ნოემბერს გასცა 200 000 აშშ დოლარი, 2021 წლის 27 ივლისს - 15 000 აშშ დოლარი, 2021 წლის 28 ივლისს - 10 000 აშშ დოლარი, ხოლო 2021 წლის 13 ოქტომბერს ნ.ხ–ნმა (ე.ხ–ის მემკვიდრემ) -25 000 აშშ დოლარი. საერთო ჯამში, სესხად გადაცემულმა თანხამ შეადგინა 250 000 აშშ დოლარი, ხოლო არაუგვიანეს 2021 წლის 20 დეკემბრამდე 250 000 აშშ დოლარის გადაცემის ვალდებულება არ შესრულებულა. მოსარჩელემ მისწერა გაფრთხილების წერილი გამსესხებელს და ითხოვა ვალდებულების შესრულება, თუმცა დათქმული ვადა (2022 წლის 31 მარტი) უშედეგოდ გავიდა, ე.ხ–ი გარდაიცვლა და მის სამართლამემკვიდრეს წარმოადგენს ნ.ხ–ნი.

მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-4 მუხლით გამსესხებელი გათავისუფლდა სესხის თანხის დარჩენილი ნაწილის გაცემის ვალდებულებისგან. კერძოდ, შ.პ.ს. „რ.ს“-ს, ა.ღ–ძეს, ა.თ–ას, ა.ფ–სა და კიდევ 42 ფიზიკურ პირს შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის და სამომავლო ვალდებულებების შესრულების შესახებ ხელშეკრულება, ხსენებული ფიზიკური პირები არიან მორაგბეები, რომელთაც სახელმწიფომ საკუთრებაში გადასცა ს/კ .......... მიწის ნაკვეთი, რომელიც, თავის მხრივ, მორაგბეებმა საკუთრებაში გადასცეს შ.პ.ს. „რ.ს“-ს მასზე საცხოვრებელი კორპუსის აშენების ვალდებულებით. 2020 წლის 30 ოქტომბერს, სესხის ხელშეკრულების გაფორმების მომენტში, შ.პ.ს. „რ.ს“-სა და მორაგბეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას გასული ჰქონდა მოქმედების ვადა, შესაბამისად, 2020 წლის 30 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულების მიხედვით, არაუგვიანეს 2021 წლის 31 იანვრისა, წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო ხელშეკრულების მონაწილე ყველა მორაგბის თანხმობა შ.პ.ს. „რ.ს“-სა და მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ვადის გაგრძელების თაობაზე. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობა კი, გამსესხებელს ათავისუფლებდა დარჩენილი თანხის სესხად გაცემის ვალდებულებისგან. გირავნობის ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრულ სპეციალურ დათქმას, რომლის მიხედვითაც, შ.პ.ს. „რ.ს“-სა და ზემოხსენებულ პირებს შორის უძრავი ნივთის ნასყიდობის და სამომავლო ვალდებულებების შესრულების შესახებ ხელშეკრულების გაუგრძელებლობის შემთხვევაში, მოგირავნეს არ წარმოეშობოდა სესხის დარჩენილი ნაწილის გაცემის ვალდებულება. მოპასუხემ გასცა 250 000 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი 250 000 აშშ დოლარის გაცემის წინაპირობა მხარეებს შორის არ წარმოშობილა.

3.2. 2020 წლის 30 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულების სპეციალური დათქმის მიხედვით, თუ შ.პ.ს. „რ.ს“-სა და 45 მესაკუთრეს შორის დადებული ხელშეკრულების ვადის გაუგრძელებლობა, განაპირობებდა შ.პ.ს. „რ.ს“-ს წილის ღირებულების მკვეთრ შემცირებას და დაგირავებული 10% ვეღარ უზრუნველყოფდა ი.მ–ის ვალდებულებას. ამ შემთხვევაში, ხელშეკრულება ითვალისწინებს მხარეებს შორის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, მსესხებელმა უნდა დააბრუნოს თანხა, ხოლო გამსესხებელს აღარ აქვს ვალდებულება გასცეს დარჩენილი თანხა. 5%-ზე გირავნობის გაუქმება კი, მაშინ, როდესაც 10%-იც კი ვეღარ უზრუვნელყოფს მოპასუხის ვალდებულებას, მოპასუხეს ჩააგდებს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში და ვერ შეძლებს თავისი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.

შეგებებული სარჩელის სასარჩელო მოთხოვნები:

4.1. ი.მ–ისთვის, ნ.ხ–ნის სასარგებლოდ, 250 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება;

4.2. ი.მ–ისთვის, ნ.ხ–ნის სასარგებლოდ, საპროცენტო განაკვეთის სახით 36 162.19 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება;

4.3. ი.მ–ისთვის, ნ.ხ–ნის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება 250 000 აშშ დოლარის 0.05% პროცენტის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც სარჩელის წარდგენის დღისათვის შეადგენს 9875 აშშ დოლარს, ხოლო ყოველდღიურად 125 აშშ დოლარს;

4.4. ი.მ–ისთვის, ნ.ხ–ნის სასარგებლოდ, ყოველდღიურად 250 000 აშშ დოლარის 0.05%-ის გადახდის დაკისრება, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

4.5. ი.მ–ზე დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით გირავნობის საგნის - შ.პ.ს. „რ.ს"-ში ი.მ–ის კუთვნილი 10% წილის - რეალიზაცია, ხოლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად გირავნობის საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხის არასკმარისობისას, ი.მ–ის საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ ქონებაზე აღსრულების მიქცევა.

შეგებებული სარჩელის საფუძვლები:

5.1. შ.პ.ს. „ჯ.გ“-მ 2020 წლის 30 ოქტომბერს ი.მ–თან დადო სესხის ხელშეკრულება და წილის გირავნობის ხელშეკრულება. ხელშეკრულებების დადების მიზანი და მისი განმაპირობებელი საფუძველი ასახულია სესხის ხელშეკრულების მე-4 მუხლში ასახულ სპეციალურ დათქმაში, რომლის მიხედვითაც, ი.მ–ი, როგორც მიწის ნაკვეთის ერთ-ერთი წინა მესაკუთრე, ვალდებული იყო, უზრუნველეყო შ.პ.ს. „რ.ს“-სა და ყველა წინა მესაკუთრეს შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის და სამომავლო ვალდებულებების შესრულების შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე წინა მესაკუთრეთა მხრიდან ხელმოწერილი დოკუმენტის წარმოდგენა. სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელს (შ.პ.ს. „ჯ.გ“) სესხის სახით მსესხებელზე (ი.მ–ი) უნდა გაეცა, საერთო ჯამში, 500 000 აშშ დოლარის ოდენობით თანხა გარკვეული პერიოდულობით, კერძოდ: ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებიდან 2 დღეში - 200 000 აშშ დოლარი; 2021 წლის 01 ივნისამდე - 50 000 აშშ დოლარი; 2021 წლის 20 დეკემბრამდე - 250 000 აშშ დოლარი. თუმცა, ხელშეკრულების თანხმად, როგორც სესხის თანხების მითითებული პერიოდულობით გაცემის, ისე მათი უკან დაბრუნების მთავარ პირობას წარმოადგენდა სპეციალური დათქმის განსაზღვრული პირობა - წინა თანამესაკუთრეებთან დადებული ხელშეკრულების ვადის გაგრძელება, რისთვისაც, არაუგვიანეს 2021 წლის 30 იანვრისა, ი.მ–ს უნდა მოეპოვებინა და გამსესხებლისთვის წარედგინა ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ მიწის ნაკვეთის 45-ვე წინა თანამესაკუთრის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებაზე. შ.პ.ს. „რ.ს“-ს ერთადერთი აქტივი სწორედ მიწის ნაკვეთი იყო და თუ არა წინა მესაკუთრეებთან დადებული ხელშეკრულების ვადის გაგრძელება, კომპანია დარჩებოდა მისი ერთადერთი აქტივის და ყოველგვარი სამომავლო პოტენციალის გარეშე. შესაბამისად, ღირებულებას დაკარგავდა დაგირავებული წილიც.

5.2. სესხის საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა წლიურ 8%-ს. სესხის თანხა, პროცენტთან ერთად, უკან უნდა დაბრუნებულიყო 2022 წლის 01 სექტემბერს, გარდა ხელშეკრულების სპეციალური დათქმით (4.4 მუხლი) გათვალისწინებული შემთხვევისა (მიწის ნაკვეთის 45 წინა მესაკუთრის მიერ ხელშეკრულების გაგრძელების შესახებ ნების გამოვლენა). ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს ასევე ეკისრება პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე, თანხის 0.05%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

5.3. სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მხარეთა შორის 2020 წლის 30 ოქტომბერს სანოტარო წესით დაიდო წილის გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის ვალდებულებები გამსესხებლის მიმართ უზრუნველყოფილი იქნა ი.მ–ის სახელზე რეგისტრირებულ 10% წილზე გირავნობის უფლებით შ.პ.ს. „რ.ს“-ში. წილის გირავნობის ხელშეკრულების პირობები სესხის ხელშეკრულების პირობების იდენტურია, მათ შორის, სპეციალური დათქმის ნაწილშიც. გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 700 000 აშშ დოლარით.

5.4. სესხისა და წილის გირავნობის ხელშეკრულებების დადებიდან მცირე ხანში, 2020 წლის 11 ნოემბერს გაფორმებული შეთანხმებით, სესხის ხელშეკრულებაში მხარის ჩანაცვლების შესახებ და იმავე დღეს გაფორმებული და სანოტარო წესით დამოწმებული გირავნობის ხელშეკრულებაში მხარის ჩანაცვლების შესახებ შეთანხმებით, შ.პ.ს. „ჯ.გ“-ს როგორც გამსესხებელსა და მოგირავნეს, ორივე ხელშეკრულებაში ჩაენაცვლა ე.ხ–ი, რომელზედაც გადავიდა აღნიშნული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები ი.მ–ის მიმართ. ე.ხ–ი, როგორც ახალი გამსესხებელი, 2020 წლის 11 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებაში მხარის ჩანაცვლების შეთანხმების ხელმოწერიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, გასცემდა მსესხებელზე სესხის ძირითად თანხას 200 000 აშშ დოლარს. ორივე ხელშეკრულების ყველა სხვა დებულება დარჩა უცვლელი.

5.5. ე.ხ–იმ, როგორც გამსესხებელმა, სრულად შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და ი.მ–ზე გასცა 200 000 აშშ დოლარი 2020 წლის 13 ნოემბერს, 15 000 აშშ დოლარი - 2021 წლის 27 ივლისს, 10 000 აშშ დოლარი - 2021 წლის 28 ივლისს, ხოლო ნ.ხ–ნმა - 25 000 აშშ დოლარი 2021 წლის 13 ოქტომბერს. საერთო ჯამში, ი.მ–ზე სესხის სახით გაცემულმა თანხამ შეადგინა 250 000 აშშ დოლარი.

5.6. ნაცვლად იმისა, რომ არაუგვიანეს 2021 წლის 31 იანვრისა, წარმოდგენილი ყოფილიყო მიწის ნაკვეთის 45-ვე წინა მესაკუთრის თანხმობა ხელშეკრულების ვადის გაგრძელების თაობაზე და გაგრძელებულიყო მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რაც შ.პ.ს. „რ.ს“-ს აქტივის და მისი ღირებულების შენარჩუნების ერთადერთი გზა იყო, ი.მ–მა დაარღვია სესხისა და წილის გირავნობის ხელშეკრულების სპეციალური დათქმა, რის გამოც, გამსესხებელს აღარ გააჩნდა ვალდებულება, გაეცა სესხის დარჩენილი ნაწილი. მეტიც, სესხის ხელშეკრულების 4.4.4 მუხლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ არ განხორციელდებოდა 4.4.3 მუხლით გათვალისწინებული ქმედებები (იგულისხმება ყველა წინა მესაკუთრის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის მოპოვება ხელშეკრულების გაგრძელების მიზნით) და მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულებაში არ შევიდოდა შესაბამისი ცვლილება ვადის გაგრძელების თაობაზე, სესხის უზრუნველყოფა დაკარგავდა ღირებულებას და გამსესხებელი უფლებამოსილი იქნებოდა, ამ დროისათვის სესხის სახით გაცემული თანხებისა და დარიცხული პროცენტის გადახდევინება მსესხებლისაგან მოეთხოვა 15 დღის ვადაში. სესხის ხელშეკრულების 4.4.5 მუხლის მიხედვით კი, თუ დადგებოდა 4.4.4 მუხლით გათვალისწინებული ფაქტი (ანუ მსესხებელს წარმოეშობოდა მანამდე მიღებული სესხის თანხის უკან დაბრუნების ვალდებულება), გამსესხებელს აღარ წარმოეშვებოდა ხელშეკრულების 2.2 და 2.3 მუხლებით გათვალისწინებული დარჩენილი თანხების სესხად გადაცემის ვალდებულება. განსახილველ საქმეში სწორედ ამგვარი შემთხვევა დადგა და გამსესხებელს აღარ წარმოეშვა სესხის დარჩენილი თანხის - 250 000 აშშ დოლარის ოდენობით სესხის გაცემის ვალდებულება, ხოლო, თავის მხრივ, ი.მ–ს წარმოეშვა სესხის სახით უკვე მიღებული თანხის (250 000 აშშ დოლარი) დაბრუნების, აგრეთვე მასზე დარიცხული პროცენტისა და პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება

5.7. ე.ხ–ი, უშუალოდ თვითონ და მისი კუთვნილი კომპანიების მეშვეობით, იყო შ.პ.ს. „რ.ს“-ს დეველოპერული პროექტის ერთადერთი ინვესტორი, რომელმაც მის მოსამზადებლად და განსახორციელებლად დიდი დანახარჯები გასწია. ი.მ–თან გაფორმებული სესხისა და წილის გირავნობის ხელშეკრულებებიც სწორედ ამ წინამძღვრების გათვალისწინებით გაფორმდა და მისგან გამომდინარე უნდა განიმარტოს. სესხისა და წილის გირავნობის ხელშეკრულებების მიხედვით ი.მ–ის ვალდებულების უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა ი.მ–ის კუთვნილი 10% წილი შ.პ.ს. „რ.ს“-ში. იმ შემთხვევაში, თუკი დადგებოდა სპეციალური დათქმით განსაზღვრული პირობა და მიწის ნაკვეთის ყველა წინა მესაკუთრესთან მოხერხდებოდა მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულების ვადის გაგრძელება, სრულად გაიცემოდა სესხის დარჩენილი ნაწილიც და ი.მ–ის კუთვნილი 10% წილის ღირებულებაც უზრუნველყოფდა მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, რადგანაც მას ექნებოდა სესხად აღებული თანხის შესაბამისი ღირებულებითი ეკვივალენტი. სხვა შემთხვევაში კი, თუ ხელშეკრულების მოქმედების ვადა ვერ გაგრძელდებოდა, არც სესხის დარჩენილი თანხა გაიცემოდა და ვერც შ.პ.ს. „რ.ს“-ს 10% წილი უზრუნველყოფდა გაცემული სესხის უკან დაბრუნებას, რადგანაც წილი დაკარგავდა ღირებულებას. სესხის ხელშეკრულების 4.2 და 4.3 მუხლებითა და წილის გირავნობის ხელშეკრულების 6.4 მუხლით განსაზღვრული პირობა და გამსესხებლის სარეალიზაციო უფლების შემოფარგვლა მხოლოდ ი.მ–ის სახელზე რეგისტრირებული 10% წილით იმოქმედებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დადგებოდა სესხის ხელშეკრულების 4.4 მუხლით მკაფიოდ განსაზღვრული სპეციალური დათქმა - გაგრძელდებოდა მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულების მოქმდების ვადა. ასეთ შემთხვევაში, სავსებით გონივრული და სამართლიანი იქნებოდა რისკების იმგვარი განაწილება, რა დროსაც გამსესხებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება შემოიფარგლებოდა მხოლოდ შ.პ.ს „რ.ს“-ს 10% წილით. სხვა შემთხვევაში კი, თუ სპეციალური დათქმით მკაფიოდ დადგენილი პირობა არ დადგებოდა, გამსესხებლის მოთხოვნა არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ გირავნობის უფლებით დატვირთული 10% წილით, რადგან სესხი ხელშეკრულების 4.4.4 მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ 4.4.3. მუხლით გათვალისწინებული ქმედებების განუხორციელებლობისას "სესხის უზრუნველყოფა კარგავს ღირებულებას". მხარეთა შეთანხმების რეალური შინაარსი ნათლად ჩანს წილის გირავნობის ხელშეკრულების მეექვსე მუხლიდანაც, რომლის მიხედვითაც, გამსესხებელს (მოგირავნეს) შეუძლია სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოახდინოს წილის საკუთარ სახელზე რეგისტრაცია, რაც მას არ ართმევს უფლებას, მოსთხოვოს ი.მ–ს სესხის უკან დაბრუნებაც.

5.8. განსახილველ შემთხვევაში, ი.მ–ის მირ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული სპეციალური დათქმის შედეგად, მასზე რეგისტრირებულმა წილმა დაკარგა ღირებულება, შესაბამისად, გამსესხებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს არა გირავნობის საგნის რეალიზებით, არამედ სრულად, იმგვარად, რომ სესხის სახით გაცემული თანხის, ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთისა და პირგასამტეხლოს დაბრუნების მიზნით აღსრულება უნდა მიექცეს მოვალის მთელ ქონებაზე.

5.9. ი.მ–ს გამსესხებლის მიმართ ეკისრება როგორც სესხის თანხის უკან დაბრუნების ვალდებულება ჯამში, 250 000 აშშ დოლარის ოდენობით 2021 წლის 31 იანვრიდან (სესხის ხელშეკრულების 4.4.3 და 4.4.4 მუხლების საფუძველზე), ისე აღნიშნულ თანხაზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის გადახდა 8%-ის ოდენობით (სესხის ხელშეკრულების 3.1 და 4.4.4 მუხლების შესაბამისად), რომლის ოდენობაც სესხის სახით გაცემული თანხის ცალკეული ტრანშების მიხედვით სარჩელის შეტანის დღისთვის შეადგენს: 2020 წლის 13 ნოემბერს გაცემული 200 000 აშშ დოლარის 8%, რაც შეადგენს 31,517.81 აშშ დოლარს, ხოლო ყოველდღიურად - 43.84 აშშ დოლარს. 2021 წლის 27 ივლისს გაცემული 15 000 აშშ დოლარის 8%, რაც შეადგენს 1522.19 აშშ დოლარს, ხოლო ყოველდღიურად - 3.29 აშშ დოლარს. 2021 წლის 28 ივლისს გაცემული 10 000 აშშ დოლარის 8%, რაც შეადგენს 1012.60 აშშ დოლარს, ხოლო ყოველდღიურად - 2.19 აშშ დოლარს. 2021 წლის 13 ოქტომბერს გაცემული 25 000 აშშ დოლარის 8%, რაც შეადგენს 2109.59 აშშ დოლარს, ხოლო ყოველდღიურად 5.48 აშშ დოლარს. საერთო ჯამში, პროცენტის სახით დარიცხული თანხის ოდენობა სარჩელის წარდგენის დღისათვის შეადგენს 36 162.19 აშშ დოლარს.

5.10. ი.მ–ს ასევე ეკისრება გამსესხებლის მიმართ პირგასამტეხლოს გადახდა ვადაგადაცილებული თანხის 0.05%-ის ოდენობით 2022 წლის 15 აგვისტოდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ხელშეკრულების 3.3 მუხლის მიხედვით), ვინაიდან მან 15 დღის ვადაში (2022 წლის 31 ივლისი) არ დააბრუნა სესხი და არ გადაიხადა პროცენტი (ხელშეკრულების 3.1, 3.3, 4.4.3, 4.4.4 მუხლების შესაბამისად). აღნიშნული საფუძვლით, ი.მ–ს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 250 000 აშშ დოლარის 0.05%-ის ოდენობით გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რაც სარჩელის წარდგენის დღისათვის (2022 წლის 15 აგვისტოდან 2022 წლის 2 ნოემბრამდე, ანუ 79 დღისათვის) ყოველდღიურად 125 აშშ დოლარს, ჯამში კი, 9875 აშშ დოლარს შეადგენს.

შეგებებული სარჩელით მოპასუხის პოზიცია:

6. წარდგენილი შესაგებლით ი.მ–მა შეგებებული სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის გადახდის ვალდებულების ნაწილში, თუმცა არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას პირგასამტეხლოს დარიცხვისა და დაგირავებული წილის გარდა მსესხებლის სხვა ქონებაზე გადახდევინების მიექცევის ნაწილში. მსესხებელმა განმარტა, რომ მხარეთა შორის არსებული გირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ ყოფილა შესაძლებლობა, რომ გირავნობის საგნის ღირებულების არსაკმარისობისას, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გამოყენებულიყო მოვალის სხვა ქონებაც, ამდენად, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად უნდა ჩაითვალოს იმ შემთხვევაშიც, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ აღმოჩნდება მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

7. ი.მ–ის სარჩელი ნ.ხ–ნის მიმართ არ დაკმაყოფილდა;

8. ნ.ხ–ნის შეგებებული სარჩელი ი.მ–ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

8.1. ი.მ–ს, ნ.ხ–ნის სასარგებლოდ, დაეკისრა 250 000 აშშ დოლარის გადახდა;

8.2. ი.მ–ს, ნ.ხ–ნის სასარგებლოდ, დაეკისრა პროცენტის - 36162.19 აშშ დოლარის გადახდა;

8.3. ი.მ–ს, ნ.ხ–ნის სასარგებლოდ, დაეკისრა პირგასამტეხლოს -9875 აშშ დოლარის გადახდა;

8.4. დადგინდა, რომ ი.მ–ზე დაკისრებული თანხის გადახდევინება უნდა მოხდეს გირავნობის საგნის - შ.პ.ს. „რ.ს“-ში ი.მ–ის კუთვნილი 10% წილის რეალიზაციის გზით;

8.5. არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე ნ.ხ–ნის სასარჩელო მოთხოვნები გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს დაკისრებისა და ი.მ–ის საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ ქონებაზე აღსრულების მიქცევის თაობაზე.

9. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა როგორც ი.მ–მა, ისე ნ.ხ–ნმა. ძირითადი სარჩელით მოსარჩელის სააპელაციო მოთხოვნას წარმოადგენდა ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილება და პირგასამტეხლოს ნაწილში შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელით მოსარჩელე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

11. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

11.1. ნ.ხ–ნი საქართველოში მოღვაწე აწ უკვე გარდაცვლილი ე.ხ–ის მეუღლე და მემკვიდრეა.

11.2. 2020 წლის 30 ოქტომბერს გაფორმდა სესხის (სესხის შეპირების) ხელშეკრულება შ.პ.ს. „ჯ.გ“-ს (გამსესხებელი) და ი.მ–ს (მსესხებელი) შორის.

11.3. 2020 წლის 11 ნოემბრის შეთანხმებით მოხდა გამსესხებლის ჩანაცვლება და სამართალურთიერთობაში გამსესხებლის სტატუსით შევიდა ე.ხ–ი. ხელშეკრულების თანახმად, გამსესხებელს სესხის სახით უნდა გაეცა მსესხებლზე (ი.მ–ზე) 500 000 აშშ დოლარი. ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანხმად, აღნიშნული თანხიდან 200 000 აშშ დოლარის გაცემა უნდა მომხდარიყო არაუგვიანეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულების შემდეგ გაცემული უნდა ყოფილიყო შემდეგი ტრანში - 50 000 აშშ დოლარი - არაუგვიანეს 2021 წლის 01 ივნისისა, ხოლო 250 000 აშშ დოლარი - არაუგვიანეს 2021 წლის 20 დეკემბრისა.

11.4. მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა ი.მ–ის საკუთრებაში არსებული, შ.პ.ს. „რ.ს“-ს 10% წილი (გირავნობა/ლიზინგის რეესტრი: R20591544 11/11/2020). გირავნობის ხელშეკრულებაშიც, ჩანაცვლების შედეგად, მოგირავნედ განისაზღვრა ე.ხ–ი.

11.5. გამსესხებელმა შეასრულა თავის ვალდებულებები ნაწილობრივ, კერძოდ, ე.ხ–მა მსესხებელს 2020 წლის 13 ნოემბერს გასცა 200 000 აშშ დოლარი, 2021 წლის 27 ივლისს - 15 000 აშშ დოლარი, 2021 წლის 28 ივლისს - 10 000 აშშ დოლარი, ხოლო 2021 წლის 13 ოქტომბერს ნ.ხ–ნმა მსსხებელს გადასცა 25 000 აშშ დოლარი. საერთო ჯამში, სესხად გადაცემულია 250 000 აშშ დოლარი.

11.6. ბოლო ტრანში (250 000 აშშ დოლარი), რომელიც გაცემული უნდა ყოფილიყო არაუგვიანეს 2021 წლის 20 დეკემბრისა, მსესხებელს არ გადასცემია. 2022 წლის მარტის თვეში მსესხებელმა მისწერა გაფრთხილება/წერილი გამსესხებელს და მოითხოვა ვალდებულების შესრულება.

11.7. სესხის ხელშეკრულების მე-4 მუხლში ასახული სპეციალური დათქმის ძალით, ი.მ–ი, როგორც მიწის ნაკვეთის ერთ-ერთი წინა მესაკუთრე, ვალდებული იყო, უზრუნველეყო შ.პ.ს. „რ.ს“-სა და ყველა წინა მესაკუთრეს შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობისა და სამომავლო ვალდებულებების შესრულების შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე წინა მესაკუთრეთა მხრიდან ხელმოწერილი დოკუმენტის წარმოდგენა.

11.8. სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელს (შ.პ.ს. „ჯ.გი“) სესხის სახით მსესხებელზე (ი.მ–ი) უნდა გაეცა საერთო ჯამში 500 000 აშშ დოლარის ოდენობით თანხა გარკვეული პერიოდულობით, კერძოდ: ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებიდან 2 დღეში - 200 000 აშშ დოლარი; 2021 წლის 01 ივნისამდე - 50 000 აშშ დოლარი; 2021 წლის 20 დეკემბრამდე - 250 000 აშშ დოლარი. თუმცა, სესხის თანხის სრული ოდენობით ეტაპობრივად გაცემა მსესხებელზე დამოკიდებული იყო სწორედ შ.პ.ს. „რ.ს“-სა და 45 წინა მესაკუთრეს შორის დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებაზე იმგვარად, რომ არაუგვიანეს 2021 წლის 30 იანვრისა, წარმოდგენილი იქნებოდა 45-ე მესაკუთრის (მათ შორის, თავად ი.მ–ის) ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა შემდეგი ტექსტით: „ხელშეკრულებაში განხორციელდეს ცვლილება და ხელშეკრულების 6.2 პუნქტში მითითებული განსაზღვრის თარიღად დადგინდეს 2021 წლის 1 (პირველი) აპრილი.“ თანხმობებთან ერთად ასევე წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო მინდობილობები, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა.

11.9. სესხის საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა წლიურ 8%-ს, რომელიც სესხის ძირთან ერთად უკან უნდა დაბრუნებულიყო 2022 წლის 01 სექტემბერს. მსესხებელს ასევე ეკისრება პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე, სესხად მიღებული თანხის 0.05%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

12. სააპელაციო პალატამ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:

12.1. ძირითადი სარჩელით მოსარჩელე ითხოვს მხარეთა შორის გაფორმებული გირავნობის ხელშეკრულების ნაწილობრივ გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეს სრულად არ შეუსრულებია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. სასარჩელო მოთხოვნის კანონიერების კვლევისას, სააპელაციო პალატამ, პირველ რიგში, ყურადღება გაამახვილა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგინილ გარემოებაზე, რომ ვინაიდან არ განხორციელდა სესხის ხელშეკრულების 4.4.3. პუნქტით (არაუგვიანეს 2021 წლის 30 იანვრისა წარდგენილ უნდა ყოფილიყო მიწის ნაკვეთის 45 წინა მესაკუთრის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა ხელშეკრულების ვადის გაგრძელების თაობაზე) გათვალისწინებული წინაპირობა, ხელშეკრულების 4.4.5. პუნქტის საფუძველზე გამსესხებელს აღარ წარმოშობია სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის დარჩენილი ნაწილის მოსარჩელისთვის გადაცემის ვალდებულება, რაც სააპელაციო საჩივრებით მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გამსესხებლის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

12.2. გირავნობის საგანთან მიმართებით პალატამ მოიხმო სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლი და განმარტა, რომ გირავნობა წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის აქცესორულ საშუალებას. იგი მთლიანად არის დამოკიდებული უზრუნველყოფილ მოთხოვნაზე და მის გარეშე არ არსებობს. გირავნობის შემთხვევაში ნაკისრი ვალდებულების შესრულებას მოვალის მხრიდან უზრუნველყოფს მოძრავი ნივთი ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. გირავნობის, როგორც აქცესორული უფლობის, მოქმედება დამოკიდებულია ძირითადი ვალდებულების არსებობაზე, შესაბამისად იგი მოქმედებს ძირითადი ვალდებულების მოქმედების ვადაში, თუკი კანონით, ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ასეთი მოცემულობაში, გირავნობის ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნის პერსპექტივა დამოკიდებულია ძირითადი ვალდებულების არსებობაზე.

12.3. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მხარეთა შორის გაფორმებული სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებების პირობებზე, კერძოდ 30.10.2020წ. სესხის ხელშეკრულებით დადგენილ იქნა გამსესხებლის ვალდებულება, რომ მსესხებელზე გაეცა ფულადი თანხები შემდეგი თანმიმდევრობით - 200 000 აშშ დოლარი ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში; 50 000 აშშ დოლარი - არაუგვიანეს 2021 წლის 01 ივნისისა და 250 000 აშშ დოლარი - არაუგვიანეს 2021 წლის 20 დეკემბრისა. იმავე ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად დადგინდა, რომ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში შესრულების უზრუნველსაყოფად გირავდებოდა ი.მ–ის საკუთრებაში არსებული შ.პ.ს. „რ.ს“-ს 10% წილი. 30.10.2020წ. გირავნობის ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, გირავნობით უზრუნველყოფილი ვალდებულებების წარმოშობის საფუძველია გამსესხებელს/მოგირავნეს და მსესხებელს/დამგირავებელს შორის 2021 წლის 30 ოქტომბერს დადებული სესხის ხელშეკრულება. აღნიშნული სახელშეკრულებო პირობების შეფასების შედეგად სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ გირავნობის ხელშეკრულება უზრუნველყოფდა მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებას და რაიმე კონკრეტულ დათქმას ვალდებულების ოდენობის გათვალისწინებით გირავნობის საგნის შემცირების თაობაზე ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა. შესაბამისად დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ გირავნობის ობიექტი უზრუნველყოფდა კრედიტორის მოთხოვნებს 700000 აშშ დოლარის ფარგლებში (გირავნობის ხელშეკრულების 3.6. პუნქტი).

12.4. სააპელაციო პალატამ მიუთითა გირავნობის ხელშეკრულების 7.1. პუნქტზე, რომლითაც მოწესრიგებულია ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები, კერძოდ მხარეთა შორის შეთანხმებულია, რომ გირავნობის საგანზე მოგირავნის გირავნობის უფლება შეწყდება: გირავნობით უზრუნველყოფილი ვალდებულების სრულად შესრულებისას; გირავნობის საგნის რეალიზაციისას ან მოგირავნის საკუთრებაში გადასვლისას; კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში. პალატამ შენიშნა, რომ არც აღნიშნული სახელშეკრულებო პირობა ითვალისწინებდა მხარეთა შეთანხმებას გირავნობის საგნის შემცირების თაობაზე იმ შემთხვევაში, თუკი სასესხო ვალდებულება კრედიტორის მხრიდან ნაწილობრივ იქნებოდა შესრულებული. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, აგრეთვე, მასზედ, რომ ასეთ დანაწესს არც გირავნობის სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი სამოქალაქო ნორმები გვთავაზობს.

12.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ იმ პირობებში, როცა მოსარჩელეს 30.10.2020წ. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოშობილი აქვს კრედიტორისთვის თანხის დაბრუნების ვალდებულება და არ დგინდება კრედიტორის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევის ფაქტი, მოსარჩელის მოთხოვნას გირავნობის ობიექტის 5%-ით შემცირების თაობაზე, სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

12.6. სასამართლომ შენიშნა, რომ ნ.ხ–ნი პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას სადავოდ ხდიდა პირგასამტეხლოს ოდენობისა და მოთხოვნის აღსრულების წესის ნაწილში. პირგასამტეხლოსთან მიმართებით წარდგენილი პრეტენზიის შესაფასებლად პალატამ მხედველობაში მიიღო შემდეგი გარემოებები: მხარეთა შორის 2020 წლის 30 ოქტომბერს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც მოვალემ მიიღო 250 000 აშშ დოლარი. ხელშეკრულების 3.2. პუნქტით დადგინდა, რომ სესხის ძირითადი თანხა დარიცხულ პროცენტთან ერთად უნდა დაბრუნებულიყო 2022 წლის 01 სექტემბერს, გარდა წინამდებარე ხელშეკრულების 4.4. პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. ხელშეკრულების 4.4. პუნქტით გათვალისწინებული იქნა სპეციალური დათქმა, რომ არაუგვიანეს 2021 წლის 30 იანვრისა წარდგენილი უნდა ყოფილიყო შ.პ.ს. „რ.ს“-სა და ნაკვეთის 45 წინა მესაკუთრეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ვადის გაგრძელების თაობაზე შეთანხმება და მინდობილობები, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამსესხებელს ენიჭებოდა უფლება, მოეთხოვა გაცემული სესხის დაბრუნება და მოვალე ვალდებული იქნებოდა, სესხის ძირითადი თანხა დარიცხულ პროცენტთან ერთად დაებრუნებინა 15 დღის ვადაში. იმავე ხელშეკრულების 3.3. პუნქტის თანახმად, გამსესხებელს მიენიჭა უფლება, სესხის დაუბრუნებლობის გამო, დაეკისრებინა მსესხებლისთვის პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0,05%-ის ოდენობით ყოველდღიურად. დადგენილია და სადავო არ არის, რომ სპეციალური დათქმით გათვალისწინებული პირობის შესრულება ვერ განხორციელდა და გამსესხებელს წარმოეშვა მოვალისთვის გადაცემული 250 000 აშშ დოლარის დაბრუნების მოთხოვნის უფლება, რომელიც ი.მ–ს არ შეუსრულებია, აღნიშნული კი, პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს წარმოადგენს.

12.7. პალატამ მოიხმო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი და შენიშნა, რომ სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრებოდა დავალიანებული თანხის 0,05%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც სარჩელის წარდგენის დღისთვის უკვე შეადგენდა 9875 აშშ დოლარს. პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობის განსაზღვრისთვის სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის სპეციფიკასა და სესხის ხელშეკრულების გაცემის მიზანზე, სახელდობრ, იმ გარემოებაზე, რომ მხარეები იყვნენ შ.პ.ს. „რ.ს“-ს პარტნიორები და კომპანიის ერთადერთი მიზანი იყო 45 მორაგბისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის განხორციელება, რისთვისაც საჭირო იყო შ.პ.ს. „რ.ს“-სა და 45 წინა მესაკუთრეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ვადის გაგრძელება. სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურებოდა ი.მ–ისთვის გადაცემული სესხის თანხა. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სესხის ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ი.მ–მა მოიპოვა 42 მესაკუთრის თანხმობა ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე, თუმცა ყველა მესაკუთრისგან თანხმობის მიღება ვერ მოხერხდა. ასეთ მოცემულობაში, როდესაც სესხის ხელშეკრულება ემსახურებოდა საერთო მიზნის მიღწევას და მისი განხორციელება მხოლოდ ხელშემკვრელ მხარეებზე არ იყო დამოკიდებული, პალატამ მიიჩნია, რომ მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის ხარისხი ვერ აღწევდა იმ სიმძიმეს, რაც შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობას გაამართლებდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება და მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობის გაზრდის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

12.8. ნ.ხ–ნის სააპელაციო საჩივრის მეორე მოთხოვნასთან მიმართებით, რომლითაც იგი გადაწყვეტილების აღსრულების მიქცევას ითხოვდა მოვალის მთელ ქონებაზე, სააპელაციო პალატამ შენიშნა, რომ მხარეთა შორის 30.10.2020წ. გაფორმებული გირავნობის ხელშეკრულების 3.7. პუნქტი ითვალისწინებდა შემდეგ პირობას: „ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად დამგირავებლის სასესხო ვალდებულებებს უზრუნველყოფს მხოლოდ წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე დაგირავებული ქონება და გამსესხებელს/მოგირავნეს უფლება აქვს შესაბამისი სამართლებრივი გარემოებების დადგომის შემთხვევაში, სესხიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება მიაქციოს მხოლოდ წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე დაგირავებულ ქონებაზე“; იმავე შინაარსს იმეორებდა ხელშეკრულების 6.4. პუნქტი, სადაც აღნიშნულია, რომ „თუ დაგირავებული საგნის რეალიზაციის შემთხვევაში რელიზაციიდან ამონაგები თანხა არ არის საკმარისი გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად, ან გირავნობის საგნის მოგირავნის საკუთრებაში გადასვლის შემთხვევაში იმ მომენტისთვის გირავნობის საგნის ღირებულება (მოგირავნის შეფასებით) მთლიანად არ ფარავს გირვანობით უზრუნველყოფილ მოთხოვნას, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება“. პალატამ ასევე მიუთითა მხარეთა შორის 30.10.2020წ. გაფორმებული სესხის ხელშეკრულების 4.2. პუნქტზე, რომლის თანახმადაც, „ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად მსესხებლის სასესხო ვალდებულებებს უზრუნველყოფს მხოლოდ დაგირავებული ქონება და გამსესხებელს უფლება აქვს შესაბამისი სამართლებრივი გარემოებების დადგომის შემთხვევაში, სესხიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება მიაქციოს მხოლოდ დაგირავებულ ქონებაზე“; ამავე ხელშეკრულების 4.3. პუნქტის თანახმად, „თუ დაგირავებული ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება გამსესხებლის მოთხოვნის დასაფარად, გამსესხებლის მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება და გამსესხებელს უფლება არ აქვს მოთხოვნა დაიკმაყოფილოს მსესხებლის სხვა ნებისმიერი ქონებით“.

12.9. სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად განმარტა, რომ მოგირავნე გირაოს რეალიზაციიდან ამონაგები თანხით დაკმაყოფილებულად ითვლება, თუ ეს თანხა სრულად ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნას, პროცენტებისა და პირგასამტეხლოს (მისი შეთანხმების შემთხვევაში) ჩათვლით, ისევე როგორც 256.1 მუხლით გათვალისწინებულ ყველა დამატებით მოთხოვნას, თუმცა იმ შემთხვევაში, როდესაც ამონაგები თანხა ვერ ფარავს მოგირავნის ამ ინტერესს, ის მხოლოდ შესაბამისი შეთანხმების შემთხვევაში ინარჩუნებს თავის მოთხოვნას, რისთვისაც მოვალემ პირადად უნდა აგოს პასუხი. ამგვარად, 276.1 მუხლის 1-ლი ვარიანტის მიხედვით, უზრუნველყოფილი მოთხოვნა დაკმაყოფილებულად უნდა ჩაითვალოს მაშინაც კი, როდესაც რეალიზაციიდან ამონაგები არასაკმარისია მის სრულად დასაფარავად. ეს დათქმა არა მხოლოდ მოთხოვნის დაკმაყოფილების პრეზუმფციაა, რომლის გაქარწყლებაც შესაძლებელი იქნებოდა, არამედ მოთხოვნის დაკმაყოფილების ამოსავალი კანონისმიერი წესიც. საპირისპიროზე შეთანხმების გარეშე (რისი მტკიცების ტვირთიც მოგირავნეს ეკისრება), მოთხოვნა ამონაგებიდან ითვლება სრულად და არა მხოლოდ ამონაგების ოდენობით დაკმაყოფილებულად.

12.10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს, მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში, უნდა დაედასტურებინა, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესისგან განსხვავებულ პირობაზე. ამასთან, გამომდინარე იქედან, რომ ასეთი შეთანხმება იწვევს მოვალის უფლებების კანონისმიერ დათქმაზე მეტად შეზღუდვას, იგი მკაფიოდ და არაორაზროვნად უნდა ყოფილიყო ჩამოყალიბებული. საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად აპელანტი უთითებდა 30.10.2020წ. სესხის ხელშეკრულების 4.4.4. პუნქტზე, რომლის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ თუ არ განხორციელდა 4.4.3. მუხლით (45 მესაკუთრისგან თანხმობის მიღების თაობაზე) გათვალისწინებული ქმედებები, სესხის უზრუნველყოფა კარგავს ღირებულებას. აღნიშნულ ჩანაწერზე დაყრდნობით აპელანტი აცხადებდა, რომ ვინაიდან ხსენებული პირობა წარმოადგენდა ხელშეკრულების სპეციალურ დათქმას, მასში იგულისხმებოდა გირავნობასთან დაკავშირებით მხარეთა შორის შეთანხმებული დანაწესისგან განსხვავებული მოწესრიგება და გამსესხებლის მხრიდან მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა მოვალის მთელი ქონებიდან, რასაც არ ეთანხმებოდა მოვალე მხარე.

12.11. სესხის ხელშეკრულების 4.4.4. პუნქტის დანაწესთან მიმართებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მიწის ნაკვეთის წინა მესაკუთრეებისგან ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში შ.პ.ს. „რ.ს“-ს 10%-იანი წილი, რომელიც გამოყენებულია გირავნობის საგნად, მართლაც დაკარგავდა მის ღირებულებას, გამომდინარე იქედან, რომ კომპანიის ერთადერთ მიზანს სწორედ აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება წარმოადგენდა. თუმცა აღნიშნული ტექსტი არ იძლევა ცალსახად იმ გარემოების დადგენის შესაძლებლობას, რომ მოვალე დასთანხმდა სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი მოწესრიგებისგან განსხვავებულ შეთანხმებას. ამასთან პალატამ მხედველობაში მიიღო სესხის ხელშეკრულების 4.4.4. პუნქტის გაგრძელება, რომლის თანახმადაც, თუკი არ განხორციელდებოდა 4.4.3. პუნქტით გათვალისწინებული პირობა, გირავნობის საგანი კარგავდა ღირებულებას და გამსესხებელს წარმოეშობოდა უფლება, დაუყოვნებლივ მოეთხოვა სესხად გაცემული თანხის დაბრუნება, რაც მოვალეს უნდა შეესრულებინა 15 დღის ვადაში. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ მითითებული სადავო ჩანაწერი წარმოადგენდა 4.4.4. პუნქტით დადგენილი შედეგის წინაპირობას და ვერ იქნებოდა მიჩნეული სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ, კანონის დანაწესისგან განსხვავებულ, შეთანხმებად.

12.12. სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებების ერთობლიობაში შეფასებით, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ გამსესხებლის მოთხოვნის გირავნობის საგნის ღირებულებით შემოფარგვლა, მკაფიოდ და არაორაზროვნადაა ჩამოყალიბებული არაერთ პირობაში, მაშინ როდესაც აპელანტის მიერ მითითებული ჩანაწერი არ იძლევა მისი პოზიციის ცალსახად გაზიარების შესაძლებლობას. პალატამ ისიც შენიშნა, რომ გამსესხებელი წარმოადგენდა საქართველოში წლების მანძილზე მოღვაწე ინვესტორს, რომლის ჩართულობითაც არაერთი პროექტი განხორციელდა, შესაბამისად მას ჰქონდა საკმარისი რესურსი სახელშეკრულებო პირობების მხარეთა ნების შესაბამისად მკაფიოდ ჩამოყალიბებისთვის. აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების 4.4.4. პუნქტის ჩანაწერი „უზრუნველყოფის საგანი კარგავს ღირებულებას“, რომელსაც მოჰყვება გამსესხებლის უფლების დამდგენი ტექსტი, რომ დაუყოვნებლივ მოითხოვოს სესხის თანხის დაბრუნება, ვერ იქნებოდა მიჩნეული მხარეთა შეთანხმებად, რომ კრედიტორმა მისი მოთხოვნის აღსრულება მოვალის მთელ ქონებაზე მიაქციოს. სააპელაციო პალატის განსჯით, 4.4.4. პუნქტის ანალიზი იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ გამსესხებლის მიერ თანხის დაუყოვნებლივ მოთხოვნის უფლება გამომდინარეობდა გირავნობის საგნის ღირებულების შემცირებიდან და რაიმე სხვა სამართლებრივი შედეგი სადავო ჩანაწერს, ხელშეკრულების ტექსტიდან გამომდინარე, არ უკავშირდება. თუკი მხარეებმა ორივე ხელშეკრულებაში არაერთხელ მიუთითეს, რომ გირავნობის საგნის რეალიზაციის შემთხვევაში კრედიტორის მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილებულად იქნებოდა მიჩნეული, მათ შეეძლოთ, ასევე მკაფიოდ დაედგინათ კრედიტორის უფლება მოვალის დანარჩენ ქონებაზე აღსრულების მიქცევაზე, რაც ხელშემკვრელ მხარეებს არ განუხორციელებიათ.

12.13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სესხის ხელშეკრულების 4.4.4. პუნქტში არსებული ჩანაწერი „სესხის უზრუნველყოფა კარგავს ღირებულებას“, მისი სრული ტექსტის, აგრეთვე, სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებების ერთობლიობაში შეფასებით, მკაფიოდ არ ვლინდებოდა მხარეთა ნება, შეთანხმებულიყვნენ სსკ-ის 276.2 მუხლით გათვალისწინებული დანაწესისგან განსხვავებულ მოწესრიგებაზე, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ უსაფუძვლო იყო შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა მოვალის მთელ ქონებაზე აღსრულების მიქცევის შესახებ.

13. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შეგებებული სარჩელის ავტორმა, მოითხოვა მისი გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს დაკისრებისა და ი.მ–ის საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ ქონებაზე აღსრულების მიქცევის შესახებ შეგებებულ სასარჩელო მოთხოვნებს დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა და ამ ნაწილში საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ არგუმენტაციას:

13.1. სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების შინაარსსა და პირობებს, კერძოდ, სესხისა და წილის გირავნობის ხელშეკრულებით მოწესრიგებული იყო არსებითად განსხვავებული ორი შემთხვევა. ერთი მხრივ, სესხის გაცემის, მისი სარგებლით უკან დაბრუნებისა და უზრუნველყოფის შემთხვევა, როდესაც შესრულდებოდა სპეციალური პირობა - ანუ, არაუგვიანეს 2021 წლის 30 იანვრისა, წარმოდგენილი იქნებოდა 45-ვე მესაკუთრის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, ცვლილება შევიდოდა შ.პ.ს. „რ.ს“-სა და მიწის ნაკვეთის წინა მესაკუთრეებთან, მათ შორის, ი.მ–თან, გაფორმებულ ხელშეკრულებაში და გაგრძელდებოდა მასში მითითებული ვადის მოქმედება. მეორე შემთხვევა კი, მხარეებმა სპეციალურ დათქმაზე შეთანხმების გზით ცალსახად გამიჯნეს პირველისაგან, კერძოდ, სპეციალური დათქმა გაავრცელეს საპირისპირო შემთხვევაზე - თუკი არ გაგრძელდებოდა ხელშეკრულების მოქმედების ვადები. კერძოდ, პირველი შემთხვევისას, ანუ როდესაც გაგრძელდებოდა მიწის ნაკვეთის წინა მესაკუთრეებთან ხელშეკრულების მოქმედების ვადა და მასში შევიდოდა ცვლილებები, სესხის დაბრუნების ვადა, ხელშეკრულების 3.2 პუნქტის თანახმად, იქნებოდა 2022 წლის 01 სექტემბერი. მეორე შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთის წინა მესაკუთრეებთან (მათ შორის თავად ი.მ–თან) არ მოხდებოდა ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება 2021 წლის 30 იანვრამდე, მაშინ არათუ სესხის დარჩენილი ნაწილის გაცემის ვალდებულება არ წარმოეშობოდა გამსესხებელს, არამედ, პირიქით, სესხის უზრუნველყოფა დაკარგავდა ღირებულებას და ი.მ–ი ვალდებული ხდებოდა სესხის სახით მიღებული თანხები და დარიცხული პროცენტი ერთად გადაეხადა 15 დღის ვადაში. სასამართლომ ამ ორ შემთხვევას შორის არ გაავლო ზღვარი, მით უფრო მაშინ, როდესაც ხელშეკრულების მხარეთა ნებისა და მისი შინაარსის დადგენა მარტივად არის შესაძლებელი ხელშეკრულების ვიზუალური მხარითაც კი. კერძოდ, მეორე შემთხვევის მომწესრიგებელი დებულებები მხარეებმა ცალკე გამოყვეს ვიზუალურადაც (ხელშეკრულების 3.2 მუხლი, 4.4 მუხლი შესრულებულია მუქი შრიფტით) და სტრუქტურულადაც (ხელშეკრულების 4.4 მუხლს მხარეებმა მიანიჭეს სპეციალური დათქმის სტატუსი და ის ამგვარად არის მიჩნეული სასამართლოს მიერაც).

13.2. მხარეთა ნამდვილი შეთანხმებისა და გამოვლენილი ნების შინაარსი დგინდება როგორც სიტყვასიტყვითი, ისე გონივრული განსჯის გზით. მხარეთა მიერ სახელშეკრულებო პირობის ტერმინ „სპეციალური დათქმით" სახელდება ცალსახად გულისხმობს იმას, რომ ამ დებულებებს უპირატესობა უნდა მიენიჭოს ზოგად დებულებასთან მიმართებით, რაც არა მხოლოდ მსჯელობაა, არამედ საკანონმდებლო ტექნიკის ნაწილიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. მხარეებმა სპეციალური დათქმით, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, გამიჯნეს ზოგადი (სესხის უკან დაბრუნების ვადა და უზრუნველყოფის ღონისძიებების ბედი მიწის ნაკვეთის წინა მესაკუთრეებთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანისას) და სპეციალური (სესხის აქსელერაცია და უზრუნველყოფის საგნის ღირებულების დაკარგვა) შემთხვევები.

13.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების თანახმად, მართალია, დადგა სპეციალური დათქმის ამოქმედების წინაპირობა, თუმცა, რატომღაც სპეციალური დათქმის მხოლოდ ის ნაწილია მიჩნეული მნიშვნელოვნად, რაც ი.მ–ის მიერ სესხის თანხის 15 დღის ვადაში უკან დაბრუნების ვალდებულებას გულისხმობს ისე, რომ ყურადღება არ იქნა გამახვილებული კიდევ უფრო მნიშვნელოვან სამართლებრივ შედეგზე, რაც ხელშეკრულების მხარეებმა ხაზგასმით მიუთითეს - „ამ შემთხვევაში შ.პ.ს. „რ.ს"-ს წილის ღირებულება ვერ უზრუნველყოფს ი.მ–ის სასესხო ვალდებულებას" (ხელშეკრულების 4.4.2 მუხლი) და „მხარეები თანხმდებიან, რომ თუ არ განხორციელდა 4.4.3 მუხლით გათვალისწინებული ქმედებები, სესხის უზრუნველყოფა კარგავს ღირებულებას." სპეციალური დათქმის ტექსტი - „წილის ღირებულება ვერ უზრუნველყოფს ი.მ–ის სასესხო ვალდებულებას" და რომ „სესხის უზრუნველყოფა კარგავს ღირებულებას", ასევე ის, რომ „მსესხებელი ვალდებული იქნება სესხის ძირითადი თანხა დარიცხულ პროცენტთან ერთად გადაიხადოს 15 დღის ვადაში" მხარეებმა არა დეკლარატორული მიზნებისთვის შეიტანეს ხელშეკრულებაში, არამედ სამართლებრივი მნიშვნელობა მიანიჭეს, რადგან როგორც ი.მ–ი, ისე გამსესხებელი, აცნობიერებდნენ, რომ მიწის წინა მესაკუთრეებთან ხელშეკრულებაში ცვლილების შეუტანლობის შემთხვევაში, წილი დაკარგავდა ღირებულებას, აქედან გამომდინარე, სესხის სრულად უკან დაბრუნების ვალდებულება, მით უფრო „ღირებულებადაკარგული წილის" უზრუნველყოფით შემოფარგვლით, არა თუ სცილდება მხარეთა შეთანხმებას, არამედ კანონზომიერი ქცევის მასშტაბსაც. აქედან გამომდინარე, ხელშეკრულების სპეციალური დათქმის დებულებებით მხარეები პირდაპირ შეთანხმდნენ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დისპოზიური ნორმისგან განსხვავებულ წესზე.

13.4. კასატორს დაუსაბუთებლად მიაჩნია სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილიც, რომლითაც შეგებებული სარჩელის ავტორს უარი ეთქვა ი.მ–ისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის - 250 000 აშშ დოლარის 0.05%-ის დაკისრებაზე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. კასატორის მოსაზრებით, მოპასუხე მხარის ქმედებების გათვალისწინებით, მხოლოდ 9875 აშშ დოლარის დაკისრება პირგასამტეხლოს სახით ვერ ასრულებს იმ ფუნქციას, რასაც პირგასამტეხლოს ინსტიტუტის არსებობა ისახავს მიზნად, უდავოა, რომ ი.მ–მა არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულებები დაარღვია, არამედ ხელს უშლის მოთხოვნის აღსრულებას, რის გამოც, მას უნდა დაკისრებოდა მოთხოვნილი თანხის გადახდა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანი იმაზე ბევრად მეტია ვიდრე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05%-ის დაკისრება.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ საკასაციო საჩივარი მიიღო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2024 წლის 09 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილი იქნა დასაშვებად, არსებითად მისი განხილვის მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

16. საკასაციო სასამართლო შენიშნავს, რომ კასატორი სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებებს სადავოდ ხდის მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არ მიღწეულა სსკ 276.2 მუხლისგან განსხვავებული შეთანხმება უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების წესსა და ფარგლებთან დაკავშირებით; გადასახდევინებელი პირგასამტეხლოს ოდენობასთან მიმართებით კი, სადავოა არა თავად ფაქტები, არამედ დადგენილ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საკითხი, კერძოდ, კასატორის პრეტენზია მიემართება ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს „შეუსაბამოდ მაღალ“ სანქციად მიჩნევის საკითხს.

17. საკასაციო პალატას მიაჩნია, პირგასამტეხლოს მოთხოვნასთან მიმართებით სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა დავისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა სამართლებრივად არასწორად შეაფასა ისინი, რამაც არასწორი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა.

18. უწინარესად, საკასაციო სასამართლო შეაფასებს, ვლინდებოდა თუ არა სასამართლოს მხრიდან პირგასამტეხლოს შემცირების წინაპირობები.

19. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში ასახული აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველ სამართლებრივ შედეგს.

20. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება სასამართლოს ვალდებულებაა, მიუხედავად იმისა, ედავებიან თუ არა ამ შეფასებას მხარეები. ეს იმას ნიშნავს, რომ სარჩელში, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებში მოცემული სამართლებრივი შეფასებები მბოჭავი არ არის სასამართლოსთვის და მას ყოველთვის შეუძლია, განსხვავებულად შეაფასოს სადავო სამართალურთიერთობა.

21.1. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე მუხლებიდან გამომდინარეობს (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას).

21.2. საკასაციო საკასაციო სასამართლოს მრავალჯერ განუმარტავს პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები. „ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის მოვალეობის წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...“ (იხ. სუსგ. №ას-1373-2018, 17.01.2019წ.; №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.; №ას-816-767-2015, 19.11.2015წ.; №ას-953-918-2016, 22.11.2016წ.).

21.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე, უფლება აქვს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის აშკარად შეუსაბამო პირგასამტეხლო, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, დაიყვანოს თანაზომიერების ფარგლებამდე. პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. ეს უფლებამოსილება არის ის იშვიათი გამონაკლისი, როდესაც სასამართლოს უფლება აქვს, შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, ჩაერიოს მხარეთა ხელშეკრულების თავისუფლებაში და, მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, პირგასამტეხლო შეამციროს. პირველ რიგში, ასეთი წინაპირობა თავად მხარის მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მოთხოვნაა კვალიფიციური შედავების ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვლინდება მხოლოდ კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმებით, სახელშეკრულებო თავისუფლებით გამყარებული ნება - მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სახით და კრედიტორის მიერ დასაბუთებული დარღვევა, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა. პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებაზე მსჯელობისას, სხვა ფაქტორებთან ერთად, ფასდება ვალდებულების დარღვევის ხარისხი, მათ შორის, მხარეთა სახელშეკრულებო ინტერესის განმარტების კონტექსტით. კვალიფიციური შედავების გარეშე კი, შეუძლებელია, დადგინდეს, რამდენად არაგონივრული, შეუსაბამოა პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. ამდენად, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსის, ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამოობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი) არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა, რაც ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის მაქსიმალურობას უწყობს ხელს (შდრ. იხ. ნათია ჩიტაშვილი „პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია“, შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალი, 2/2020).

21.4. ამდენად, მართალია, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, დაიცვას სამართლიანი ბალანსი მხარეთა შორის, თუმცა სასამართლომ მხარეთა თანასწორობა მისთვის კანონით დაწესებული ჩარჩოს ფარგლებში უნდა უზრუნველყოს. როგორც საკასაციო სასამართლო თავის არაერთ განჩინებაში განმარტავს, სამოქალაქო საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ. №ას-1033-2018, 30.10.2018წ. პ.23; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ., პ.17). სარჩელის აღძვრა და ამ სარჩელისაგან თავდაცვა მიმდინარეობს კანონით განსაზღვრული წესითა და საშუალებების გამოყენებით. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ საშუალებას, როგორიცაა - შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება, მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში. სწორედ მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი დისპოზიციურობის პრინციპის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი) ერთგვარი გამოხატულებაცაა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია, ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც, გარკვეულწილად, დავაში ჩართვასა და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე. ამასთან, სწორედ შესაგებლის შინაარსიდან განისაზღვრება, რომელია უდავო და რომელია სადავო მტკიცების საგანში შემავალი ფაქტები. შესაგებლის ინსტიტუტი, სარჩელის ინსტიტუტთან ერთად, ერთგვარი გზამკვლევია მტკიცების სტადიისა, რომელიც ვერ გამოიყენება, ვიდრე არ ამოიწურება მხარეთა პოზიციების (სარჩელი, შესაგებელი, მოპასუხის მხრიდან არსებითი შედავების შემთხვევაში, მოსარჩელის პასუხი და ა.შ.) ურთიერთგაცვლა და უდავო გარემოებების იდენტიფიცირება (შდრ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, რჩეული მუხლები, თბილისი 2020, იხ. 201-ე და 2321 -ე მუხლების კომენტარები).

21.5. 2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი №5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან...საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 02.03.2017წ.).

21.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოპასუხის მიერ დაყენებული მოთხოვნის საფუძველზე მსჯელობს. ასეთი მოთხოვნა შეიძლება მითითებული იქნეს, როგორც შესაგებელში, ასევე - პირველ ინსტანციაში საქმის მომზადების დამთავრებამდე მოპასუხის მიერ აღძრულ შუამდგომლობაში. (იხ. სუსგ. №ას-328-2023, 20.06.2023წ.; №ას-576-2022, 07.07.2022წ.) ცალკეულ შემთხვევებში ასეთი მოთხოვნის დაყენება სარჩელითაცაა შესაძლებელი, მაგალითად, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა (პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება). პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოთხოვნის დაყენებასთან ერთად, მხარემ უნდა დაასაბუთოს, რას ეფუძნება ასეთი მოთხოვნა, ანუ მტკიცების ტვირთი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების თაობაზე, ეკისრება მოვალეს (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-888-2020, 10.12.2020წ.).

21.7. სასამართლოს პრაქტიკა, რომ პირგასამტეხლოს შემცირების უფლება წარმოიშობა მოვალის მიერ ამგვარი მოთხოვნის სასამართლოს წინაშე გაცხადებისას, აღიარებულია იურიდიულ ლიტერატურაშიც _ „იმ შემთხვევაში, თუ მხარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებას არ მოითხოვს ან მოითხოვს სამართალწარმოების იმ ეტაპზე, როდესაც ახალი მოთხოვნის წარდგენა დაუშვებელია, სასამართლო თავისი ინიციატივით, შესაბამისი პროცესუალურად ნამდვილი შეცილების უფლების გარეშე, პირგასამტეხლოს ვერ შეამცირებს, თუნდაც იგი შეუსაბამოდ მაღალი იყოს. უფრო მეტიც, მხარემ უნდა ამტკიცოს, თუ რატომ არის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი... შეთანხმებული პირგასამტეხლოს „შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ“ მიჩნევას, როგორც ზემოთ აღინიშნა, შეცილება და მტკიცება სჭირდება (იხ. მესხიშვილი ქ. „პირგასამტეხლო, თეორიული ასპექტები, სასამართლო პრაქტიკა“, ჟურნალი „ქართული ბიზნეს სამართლის მიმოხილვა“, III გამოცემა, 2014, გვ. 23).

21.8. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ შეგებებული სარჩელით მოპასუხემ დაარღვია ნაკისრი ვალდებულება, ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში უკან დაებრუნებინა სესხად მიღებული 250 000 აშშ დოლარი დარიცხულ პროცენტთან ერთად, რის გამოც შეგებებული სარჩელის ავტორმა მსესხებლისაგან მოითხოვა სარჩელის აღძვრამდე უკვე აკუმულირებული პირგასამტეხლოს - 9875 აშშ დოლარის გადახდევინება, აგრეთვე სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდზე ყოველდღიურად 250 000 აშშ დოლარის 0.05%-ის ოდენობით საურავის გადახდის დაკისრება.

21.9. მოცემულ საქმეზე წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ პირგასამტეხლოს მოთხოვნა არ ცნო იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულება მსესხებელს არ დაურღვევია, რის გამოც, არ წარმოშობილა პირგასამტეხლოს გადახდევინების ვალდებულება. წარდგენილი შესაგებლით მხარეს არ მიუთითებია, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ სანქციად მიაჩნდა და არც ის გარემოებები შემოუთავაზებია სასამართლოსათვის, რომელთა არსებობის გამოც, სახელშეკრულებო შეთანხმებით დადგენილი ოდენობით საურავის დაკისრება, შესაძლოა, განხილულიყო არაგონივრულად მკაცრ პასუხისმგებლობის ზომად. ამრიგად, პალატის განსჯით, პირგასამტეხლოს ოდენობასთან მიმართებით მსესხებელს არათუ კვალიფიციური, არამედ მარტივი შედავებაც კი არ ჰქონია არც შესაგებელში და არც საქმის მომზადების სტადიაზე.

21.10. საქმის განხილვის მიმდინარეობისას, როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოს, მიერ დადგენილ გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ სესხის ხელშეკრულების დამრღვევი მხარე სწორედ მსესხებელი იყო. ხსენებული გარემოება, რამდენადაც საქმეში წარმოდგენილი არ არის თავად მსესხებლის საკასაციო პრეტენზია, დადგენილ და გასათვალისწინებლად სავალდებულო ფაქტად მიიჩნევა საკასაციო სასამართლოსთვის. ვინაიდან გაქარწყლდა შეგებებული სარჩელით მოპასუხის მტკიცება მასზედ, რომ სესხის ხელშეკრულება თავად არ დაურღვევია, საფუძველი გამოეცალა იმ არგუმენტსაც, რომ არ წარმოშობილა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება. ამ მოცემულობაში, სასამართლოს წინაშეა მხოლოდ კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმებით, სახელშეკრულებო თავისუფლებით გამყარებული ნება - მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სახით და კრედიტორის მიერ დასაბუთებული დარღვევა, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა. სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტური ღირებულებების _ მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოს არ წარმოშობია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება, შეეფასებინა მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობა და შეემცირებინა იგი, ამდენად, იკვეთება გასაჩივრებული განჩინების ამ ნაწილში გაუქმებისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი, რის შედეგადაც, ი.მ–ს, ნ.ხ–ნის სასარგებლოდ, სარჩელის აღძვრამდე აკუმულირებულ პირგასამტეხლოსთან - 9875 აშშ დოლართან ერთად, დამატებით დაეკისრება ყოველდღიურად 250 000 აშშ დოლარის 0.05%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა სარჩელის აღძვრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე დროის პერიოდზე.

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები.

23. საკასაციო პალატის განსჯით, წინამდებარე საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად დადგინდა დავისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, თუმცა არასწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების ფარგლებს, რამაც ამ ნაწილში განაპირობა შეგებებულ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილების უსწორობა. საკასაციო პალატა, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტებისთვის სამართლებრივი შეფასების შეცვლით, საქმის ქვემდგომ სასამართლოში დაბრუნების გარეშე, შესაძლებლად მიიჩნევს პირგასამტეხლოს მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას, ვინაიდან, საქმე არ საჭიროებს ფაქტების ხელახლა დადგენას ან მტკიცებულებათა ხელმეორედ გამოკვლევას.

24.1. საკასაციო პალატა არ იზიარებს საკასაციო პრეტენზიის იმ ნაწილს, რომლის თანახმადაც, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არამართებულად უარყვეს შეგებებული სარჩელის მოთხოვნა ი.მ–ის საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ ქონებაზე აღსრულების მიქცევის შესახებ.

24.2. მოსარჩელის მოთხოვნაა მოპასუხისთვის სესხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრება, ასევე, გირავნობისა საგნის რეალიზაცია დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით, ხოლო თუ გირავნობის საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხა ვერ უზრუნველყოფს აღსასრულებელი ვალდებულების სრულ დაფარვას, შეგებებული მოსარჩელე ითხოვს აღსრულების მიქცევას მოვალის მთელ ქონებაზე. ამ მოთხოვნების საფუძველს წარმოადგენს სსკ-ის 254.1 (მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში) და 276.2 (მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი) მუხლები.

24.3. უწინარესად, პალატა გირავნობის ლეგალური დეფინიციის მოხმობით, სსკ 254.1 მუხლის შესაბამისად (მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში), განმარტავს, რომ გირავნობა მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო-სამართლებრივი საშუალებაა და ემსახურება კრედიტორის უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას გირავნობის საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხის ან თავად დაგირავებული საგნის კრედიტორის საკუთრებაში გადაცემის გზით (სსკ 276.1 მუხლი). გირავნობის, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების სანდოობის მაღალ ხარისხს მისი თვისებები განსაზღვრავს: 1. გირავნობის უფლების საფუძველზე მოგირავნე მოიპოვებს უპირატეს უფლებას ყველა სხვა არაუზრუნველყოფილ კრედიტორთან შედარებით (სსკ 254.2 მუხლი); 2. გირავნობის უფლება ხასიათდება მიდევნება-მიყოლების თვისებით, ესე იგი, არსებობას აგრძელებს დაგირავებული ნივთის მესაკუთრის ცვლილების მიუხედავად ( სსკ 271.1 მუხლი). ვინაიდან სანივთო უზრუნველყოფა კრედიტორის ინტერესის უზრუნველყოფის საშუალება და, შესაბამისად, უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრისთვის ქონების უფლებრივი ტვირთია, უზრუნველყოფილი მოთხოვნის კრედიტორსა და მოვალეს შორის ინტერესთა დაბალანსების მიზნებისათვის კანონმდებელმა დაადგინა უზრუნველყოფილი მოთხოვნის გირავნობის საგნით შემოფარგვლის კანონისმიერი წესი, რომელიც მოქმედებს მხარეთა სპეციალური შეთანხმების არარსებობისას და გულისხმობს სწორედ იმას, რომ სანივთო უფლებით უზრუნველყოფილი მოთხოვნის აღსრულებას უნდა მოემსახუროს სწორედ სანივთო უფლებით დატვირთული ქონება და, მაშასადამე, კრედიტორს ხელი არ უნდა მიუწვდებოდეს მოვალის სხვა ქონებაზე, გარდა თავად გირავნობის საგნისა. ამ წესიდან გადახვევა და, კრედიტორისათვის შესაძლებლობის მიცემა, „გადაწვდეს“ მოვალის სხვა ქონებას, დამოკიდებულია მხარეთა სახელშეკრულებო დათქმის არსებობაზე. ამრიგად, სსკ 276.2 მუხლის არსი შემდეგია: კრედიტორი დაკმაყოფილებულად უნდა ჩაითვალოს იმ შემთხვევაშიც, თუ რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად. აღნიშნული ნორმებით განსაზღვრულია მოვალის ქონებრივი პასუხისმგებლობის ფარგლები და შესაბამისად, კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობები. ამასთან სსკ 276.2 მუხლი დისპოზიციურ ნორმათა რიგს განეკუთვნება და აღნიშნული წესის შეცვლა დამოკიდებულია მხარეთა შეთანხმებაზე (იხ. სუსგ. №ა-492-შ-11-2012, 06.07.2012წ.; იხ. სუსგ. №ას-445-427-2016, 09.09.2016წ.).

24.4. ამრიგად, კასატორის მოთხოვნას, გირავნობის საგნის რეალიზაციის უფლებასთან ერთად, მიეცეს მოვალის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევის შესაძლებლობაც, საფუძველი ექნება მხოლოდ უზრუნველყოფილი მოთხოვნის კრედიტორსა და მოვალეს შორის ასეთი შეთანხმების არსებისას (იხ. სუსგ. №ას-1005-966-2014, 08.06.2015წ.). საკითხის გადასაწყვეტად კი, სახელმძღვანელოა კრედიტორსა და მოვალეს შორის 30.10.2022 წელს დადებული სესხის ხელშეკრულების 4.2., 4.3., 4.4 პუნქტების ნამდვილი შინაარსის დადგენა, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული ბედი სრულად არის დამოკიდებული სესხის სახელშეკრულებო პირობების სწორ განმარტებაზე.

24.5. სასამართლო მხარეთა ნამდვილ ნებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმარტების პროცესში წარმოიშობა ხელშეკრულების ტექსტში გადმოცემულ დებულებათა შორის წინააღმდეგობა ან შეუსაბამობა. ყველა იმ გარიგებაში, რომლებშიც ნების გამოვლენის ნამდვილობა დამოკიდებულია მეორე მხარის მიერ ამ ნების მიღებაზე, არცთუ იშვიათად იბადება კითხვა, სწორად გაიგო თუ არა მეორე მხარემ ის, რისი თქმაც ნების გამომვლენ პირს სურდა. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ გარიგებათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ორი მხარე – ნების გამომვლენი და ნების მიმღები – მონაწილეობს, აშკარა გახდება, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს გამოვლენილი ნების სწორად გაგებას მეორე მხარის მიერ. მრავალი გარემოებით შეიძლება იყოს გამოწვეული, რომ ის, რაც იგულისხმა ნების გამომვლენმა, სხვაგვარად გაიგო მისმა მიმღებმა. აქედან წარმოიშობა გამოვლენილ ნებათა კონფლიქტი, რომელიც საჭიროებს სწორად გადაწყვეტას. ამ კონფლიქტის გადაწყვეტის სამართლებრივ საშუალებას წარმოადგენს ნების გამოვლენის განმარტება.

24.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ცხადია, რომ ეს „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს. ხელშეკრულების განმარტების საჭიროებას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როცა სახეზეა ხელშეკრულება, რომლის გამონათქვამებიც ბუნდოვანი, ორაზროვანი ან ურთიერთგამომრიცხავია, აგრეთვე, როცა მისი გამონათქვამები შესწორებასა და შევსებას მოითხოვენ. ხელშეკრულების განმარტების დროს სასამართლო ორ მნიშვნელოვან საკითხს წყვეტს: სასამართლოს ევალება მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში გაკეთებული გამონათქვამების დაზუსტება, ხოლო მეორეს მხრივ, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით ხელშეკრულებაში ღიად დარჩენილი ადგილების ე.წ. ხარვეზების შევსებას ახორციელებს (ხელშეკრულების განმარტების საკითხებზე შდრ. სუსგ, №ას-425-425-2018, 18.02.2021წ.; №ას-1144-1090-2014, 23.02.2015წ.).

24.7. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო დათქმები მხარეთა შორის დამყარებულ ურთიერთობაში კანონის ძალის ტოლფასია, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება კანონმდებლის ნორმატიული ნებით დადგენილ იმპერატიულ მოთხოვნებს. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შეთანხმება (ხელშეკრულების 4.1.-4.4. პუნქტები) კანონშესაბამისია, ამდენად, სადავო ურთიერთობა მის ფარგლებში უნდა დარეგულირდეს. საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ სახელშეკრულებო პირობების განმარტებისას, მსგავსად სამართლის ნორმათა განმარტებისა, სასამართლო შებოჭილი არ არის იმ შინაარსით, რომელიც სადავო სახელშეკრულებო პირობას რომელიმე მხარემ მიანიჭა, რამდენადაც იგი არა ფაქტი, არამედ სამართლებრივი კვალიფიკაციის ნაწილია. ამდენად, სახელშეკრულებო პირობის სასამართლოეული განმარტება, შესაძლოა, არც ემთხვეოდეს მოდავე მხარეთა პოზიციასა თუ ინტერპრეტაციას (იხ. სუსგ №ას-322-307-2016, 17.06.2016წ.). 24.8. სესხის უზრუნველყოფისა და მასთან დაკავშირებული ვალდებულებების დამდგენი დანაწესები 30.10.2020 წლის სესხის ხელშეკრულებაში ფორმულირებულია შემდეგნაირად:

„4.1. წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში შესრულების უზრუნველსაყოფად გირავდება: ი.მ–ის პ/ნ ......... საკუთრებაში არსებული შ.პ.ს. „რ.ს“-ს (ს/ნ ........) 10% წილი.

4.2. ყოველგვარი ეჭვის გამოარიცხად მსესხებლის სასესხო ვალდებულებებს უზრუნველყოფს მხოლოდ დაგირავებული ქონება და გამსესხებელს უფლება აქვს, შესაბამისი სამართლებრივი გარემოებების დადგომის შემთხვევაში, სესხიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება მიაქციოს მხოლოდ დაგირავებულ ქონებაზე.

4.3 თუ დაგირავებული ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება გამსესხებლის მოთხოვნის დასაფარად, გამსესხებლის მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება და გამსესხებელს უფლება არ აქვს მოთხოვნა დაიკმაყოფილოს მსესხებლის სხვა ქონებით.

4.4. სპეციალური დათქმა:

4.4.1. შ.პ.ს. „რ.ს“-ს (ს/ნ .........) და 45 მესაკუთრეს შორის დადებულია ხელშეკრულება (მოქმედი საკადასტრო კოდი ......../ძველი ........./; საჯარო რეესტრში რეგისტრაციის თარიღი 10/06/2019), რომელ ხელშეკრულებასაც გაუვიდა მოქმედების ვადა.

4.4.2. მხარეები თანხმდებიან, რომ თუ ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ვადა არ გაგრძელდა, შ.პ.ს. „რ.ს“-ს წილის ღირებულება ვერ უზრუნველყოფს ი.მ–ის სასესხო ვალდებულებას.

4.4.3. შესაბამისად, გამსესხებლის მოლოდინია, რომ არაუგვიანეს 2021 წლის 30 იანვრისა წარმოდგენილი იქნება 45-ვე მესაკუთრის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა შემდეგი ტექსტით: „ხელშეკრულებაში განხორციელდეს ცვლილება და ხელშეკრულების 6.2. პუნქტში მითითებულ განსაზღვრის თარიღად დადგინდეს 2021 წლის 30 მარტი, ხოლო სასტარტო თარიღად განისაზღვროს 2021 წლის 01 აპრილი“ და ასევე წარმოდგენილი იქნება მინდობილობები, რომლითაც შესაძლებელი იქნება ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა.

4.4.4. მხარეები თანხმდებიან, რომ თუ არ განხორციელდა 4.4.3. მუხლით გათვალისწინებული ქმედებები, სესხის უზრუნველყოფა კარგავს ღირებულებას და გამსესხებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ დროისთვის გაცემული 200 000 აშშ დოლარის სესხის უკან დაბრუნება, ხოლო მსესხებელი ვალდებული იქნება სესხის ძირითადი თანხა დარიცხულ პროცენტთან ერთად გადაიხადოს 15 დღის ვადაში.

4.4.5. იმ შემთხვევაში, თუ დადგა 4.4.4. მუხლით გათვალისწინებული ფაქტი, გამსესხებელს აღარ ეკისრება წინამდებარე ხელშეკრულების 2.2. და 2.3. მუხლებით გათვალისწინებული თანხის მიცემა სესხად.“

24.9. სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო დებულებათა განმარტება, მსგავსად კანონის განმარტებისა, უნდა განხორციელდეს განმარტების მეთოდების საფუძველზე. სასამართლოსთვის, წინამდებარე საქმის ფარგლებში რელევანტურია განმარტების ტელეოლოგიური მეთოდი. ტელეოლოგიური განმარტების ფუნქციაა, დაადგინოს, რა მიზანს ემსახურებოდნენ მხარეები სესხის სამართალურთიერთობაში 4.4.2 და 4.4.4. პუნქტების შემოტანით.

24.10. პალატა მიუთითებს, რომ ხელშეკრულების ინტერპრეტაციის მიზანი არ არის მისი ცალკეული დებულებებისათვის არსებითად ახალი, მხარეთა მიერ მოუაზრებელი, შინაარსის მინიჭება. სასამართლოს ვალია, ხელშეკრულების მწირ, ხარვეზიან, ურთიერთსაწინააღმდეგო დებულებებში, ლოგიკური მეთოდების საშუალებით, გამოარკვიოს, რეალურად რას გულისხმობდნენ მხარეები სადავო სიტყვათა წყობის ფორმულირებისას. განმარტებით მიღწეულ უნდა იქნეს სახელშეკრულებო დათქმების ერთიან ჯაჭვში მოქცევა, რომლითაც რომელიმე სახელშეკრულებო პირობას ძალა კი არ დაეკარგება, არამედ იმოქმედებს სხვა პირობებთან კოორდინირებულად (მრავალთა შორის იხ. სუსგ. №ას-425-425-2018, 18.02.2021წ.; №ას-1144-1090-2014, 23.02.2015წ.).

24.11. პალატა შენიშნავს, რომ სასესხო ვალდებულების დაგირავებული ქონებით შემოფარგვლის ნება მხარეებმა ნათლად და არაორაზროვნად გაითვალისწინეს ციტირებული ნორმის 4.2. პუნქტით. მეტიც, მხარეებმა სახელდებით გაითვალისწინეს შემთხვევა, რომ თუკი დაგირავებული ქონების რეალიზაციიდან ამონაგები საკმარისი არ იქნებოდა სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი მოთხოვნების დასაფარად, გამსესხებლის მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლებოდა და გამსესხებელს აღარ ექნებოდა მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით მსესხებელის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევის მოთხოვნის უფლება (პუნქტი 4.3.). რაც შეეხება ამავე ნორმის 4.4. პუნქტის ქვეშ მოცემული ე.წ. „სპეციალური დათქმის“ შინაარსს, მართალია, მასში მითითებულია, რომ შ.პ.ს. „რ.ს“-სა და 45 მესაკუთრეს შორის ხელშეკრულების ვადის გაუგრძელებლობა განხილული იქნებოდა შემთხვევად, როცა „დაგირავებული საგნის ღირებულება ვერ უზრუნველყოფს ი.მ–ის სასესხო ვალდებულებებს“ და „სესხის უზრუნველყოფა კარგავს ღირებულებას“, მაგრამ ციტირებული ფრაზების ხელშეკრულების სხვა დანაწესებისგან განყენებულად ინტერპრეტირება პალატას გაუმართლებლად მიაჩნია, ვინაიდან უზრუნველყოფის საგნის ღირებულების არასაკმარისობის სამართლებრივი შედეგები მხარეებმა ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრეს ამავე ხელშეკრულების 3.2., 4.4.4 და 4.4.5 პუნქტებში, სახელდობრ, მხარეებმა დათქვეს, რომ „სესხის უზრუნველყოფის ღირებულების დაკარგვა“ იქნებოდა სესხის შეპირებული ნაწილის გადაცემის ვალდებულებისგან გამსესხებლის გათავისუფლებისა და უკვე გადაცემული სესხის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტის მსესხებლის მიერ ვადაზე ადრე, 15 დღის ვადაში, გამსესხებლისთვის დაბრუნების საფუძველი. არცერთ ციტირებულ სახელშეკრულებო დათქმაში გათვალისწინებული არ ყოფილა, რომ ე.წ. „უზრუნველყოფის არასაკმარისობა“ კრედიტორის სასარგებლოდ წარმოშობდა უზრუნველყოფის საგნის გარდა მოვალის სხვა ქონებაზე წვდომისა და, მაშასადამე, აღსრულების მიქცევის შესაძლებლობასაც.

24.12. პალატა განმარტავს, რომ დისპოზიციურ ნორმებში, კანონმდებელი, სამართლიანობის საკუთარი საზომით, სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეებს უწესებს ქცევის წესს, თუმცა, ამავდროულად, სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპის შესაბამისად, უნარჩუნებს მათი მოდიფიცირების თავისუფლებასაც. დისპოზიციური ნორმებისგან განსხვავებულ წესებზე შეთანხმების მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამგვარი შეთანხმების არსებობაზე აპელირებს. წერილობითი ხელშეკრულების ძალით დაფუძნებული ურთიერთობაში კი, დისპოზიციური ნორმებისგან განსხვავებული წესით ურთიერთობის რეგულირებაზე, მით უფრო, მოვალის პასუხისმგებლობის ფარგლების გაფართოებაზე, აპელირებისას, კანონის შინაარსისგან განსხვავებული სამართლებრივი შედეგის დამდგენი დანაწესები მოითხოვს ექსპლიციტურად, არაორაზროვნად ასახვას ხელშეკრულების შინაარსში.

25. განსახილველ დავაში არ დასტურდება მხარეთა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, თუ დაგირავებული ნივთების რეალიზაციით მიღებული თანხა ვერ უზრუნველყოფდა ვალდებულების შესრულებას, გადახდა მოვალის სხვა ქონებიდან მოხდებოდა. კრედიტორის მიერ შეთანხმების დასადასტურებლად მითითებული 30.10.2020 წლით დათარიღებული არც სესხის და არც წილის გირავნობის ხელშეკრულებები ამგვარ დათქმას არ შეიცავენ. შეგებებული სარჩელის ავტორს ხელშეკრულებების გარდა არ მიუთითებია რაიმე სხვა მტკიცებულებაზე, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა მოპასუხის პოზიციის მართებულობაში.

26. ამრიგად, პალატის განსჯით, სესხის ხელშეკრულებდან გამომდინარე როგორც ძირითადი თანხის, ისე სარგებლისა და პირგასამტეხლოს გადახდევინების ფარგლები შემოსაზღვრულია შ.პ.ს. „რ.ს“-ში ი.მ–ის კუთვნილი, გირავნობის საგნად გამოყენებული, 10%-იანი წილით, შესაბამისად, მის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევის მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. შესაბამისად, ამ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უცვლელად უნდა დარჩეს.

სასამართლო ხარჯები:

27.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

27.2. მოცემულ შემთხვევაში, ნ.ხ–ნის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 3000 ლარი, სააპელაციო სასამართლოში - 5000 ლარი, ხოლო საკასაციო სასამართლოში - 6000 ლარი.

27.3. საქმის წინასწარი მომზადების ეტაპზე ი.მ–მა 286 162.19 აშშ დოლარის ნაწილში შეგებებული სარჩელი ცნო, რის გამოც, დასახელებული თანხის პროპორციულად იგი გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად, ამ ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1983 ლარი - ექვემდებარება შეგებებული სარჩელის ავტორისთვის უკან დაბრუნებას.

27.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე შეადგენს დავი საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა; სააპელაციო საჩივრისათვის – დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა; საკასაციო საჩივრისათვის - დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა, დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4000 ლარით.

27.5. ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა ი.მ–ის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევის შესახებ ქონებრივი ხასიათისაა, თუმცა მისი ფასის განსაზღვრა შეუძლებელია, წარუმატებელი შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის კვალობაზე სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად დასატოვებელი სახელმწიფო ბაჟის განსაზღვრის მიზნებისათვის, ამ ნაწილში დავის საგნის ფასი უნდა განისაზღვროს სწორედ სსსკ 41.1 „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რის შედეგადაც, ნ.ხ–ნის მიერ 120 ლარი შეგებებულ სარჩელზე გადახდილის სახელმწიფო ბაჟიდან, 160 ლარი სააპელაციოს საჩივარზე გადახდილი ბაჟიდან, ხოლო 300 ლარი საკასაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟიდან, არ ექვემდებარება ანაზღაურებას.

27.6. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით, ი.მ–ს ნ.ხ–ნის სასარგებლოდ დაეკისრება კასატორის მიერ სამართალწარმოების მიმდინარეობის სამივე ეტაპზე გაღებული სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება - პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 897 ლარის (3000-1983-120=897); სააპელაციო სასამართლოში გადახდილის სახელმწიფო ბაჟიდან 4840 ლარის (5000-160=4840); საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 5700 ლარის (6000-300=5700) ოდენობით, რაც ჯამში 11437 ლარს შეადგენს (897+4840+5700=11437).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ნ.ხ–ნის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის №2ბ/5353-23 განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება.

3. ნ.ხ–ნის სარჩელი ი.მ–ის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, დაკმაყოფილდეს სრულად.

4. ი.მ–ს ნ.ხ–ნის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 2022 წლის 15 აგვისტოდან 2022 წლის 02 ნოემბრამდე (შეგებებული სარჩელის აღძვრამდე) პერიოდზე 9875 აშშ დოლარი, ხოლო 2022 წლის 02 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 250000 აშშ დოლარის 0.05% (ყოველდღიურად 125 აშშ დოლარი).

5. ნ.ხ–ნის საკასაციო საჩივარი ი.მ–ის საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ ქონებაზე აღსრულების მიქცევის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს და ამ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად.

6. ი.მ–ს ნ.ხ–ნის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის _ 11437 (თერთმეტიათას ოთხასოცდაჩვიდმეტი) ლარის გადახდა (პირველი ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი - 897 ლარი, სააპელაციო სასამართლოში - 4840 ლარი, საკასაციო სასასამართლოში - 5700 ლარი).

7. ნ.ხ–ნს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 01.11.2022წ. ს.ს. „თ.ბ“-ს მეშვეობით სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1983 ლარი.

8. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე