საქმე № ას-570-2025 9 ოქტომბერი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
პირველი კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (აპელანტი, მოსარჩელე)
მეორე კასატორი - ე.ა–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება
პირველი საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
მეორე საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 იანვრის განაჩენით, მოპასუხე - ე.ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქარველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თაღლითობისათვის, ჩადენილი დიდი ოდენობით. განაჩენის თანახმად, 2012 წლის ნოემბრის თვეში ე.ა–მა გადაწყვიტა თაღლითურად მიეღო საკუთრების უფლება სახელმწიფოს კუთვნილ დედოფლისწყაროში, ........ მდებარე დიდი ოდენობით ღირებულების მქონე მიწის ნაკვეთზე. ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღებაში დახმარების თხოვნით, ე.ა–ი დაუკავშირდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის ასისტენტის მოვალეობის შემსრულებელს, რომელთან შეთანხმებისამებრ, 2012 წლის 27 ნოემბერს განცხადებით მიმართა სარეგისტრაციო ორგანოს და თვალთმაქცურად მოითხოვა საზღვრებისა და ფართობის დაზუსტება, ასევე ამონაწერის გაცემა დედოფლისწყარო, ........ მდებარე 5346755 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, რომელიც მას არასდროს ეკუთვნოდა. სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომელმა წინასწარი თხოვნის შესაბამისად, უძრავ ნივთზე უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 5346755 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განახორციელა ე.ა–ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, საკადასტრო კოდით ........, რის შედეგად დედოფლისწყაროში, ........ მდებარე 5346755 კვ.მ. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 352885.00 ლარად ღირებულ მიწის ნაკვეთზე (დღეის მდგომარეობით ღირებული 1090738.00 ლარი) ე.ა–მა თაღლითურად მიიღო საკუთრების უფლება. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ე.ა–მა თაღლითურად დაუფლებული სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთი გაასხვისა 304765 აშშ დოლარად.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 იანვრის განაჩენით მსჯავრდებულ ე.ა–ს საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, ძირითად სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა - 100000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით.
3. სისხლის სამართლის საქმეში, სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის თაღლითური გზით დაუფლების ფაქტზე, დაზარალებულად ცნობილი იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 11.03.2022 წლის დასკვნით, ქ. დედოფლისწყაროში, ........ მდებარე, №......საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 5346755.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება შეფასების პერიოდებისათვის შეადგენს: 2012 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით - 352885.000 ლარი; 2018 წლის 06 ივლისიs მდგომარეობით - 780626.00 ლარი, 2022 წლის 10 მარტის მდგომარეობით - 1090738.00 ლარი.
5. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 14.02.2023 თებერვლის №18702 სამსახურეობრივი ბარათით დგინდება, რომ ეთერ ათანელიშვილის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში 302003286 სახაზინო კოდით - სახელმწიფოსადმი მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის დაკისრებული საფასურის სახით გადახდილია შემდეგი თანხები: 21.06.2022 წელს -100000.00 ლარი, 27.06.2022 წელს - 100000.00 ლარი, 20.10. 2022 წელს - 152845.00 ლარი, 10.07.2024 წელს - 40 ლარი;
6. ე.ა–ის ქმედების შედეგად სახელმწიფოს მიადგა მატერიალური ზიანი - 352 885.00 ლარის ოდენობით, რაც გამოიხატა სახელმწიფო ქონებების, საკადასტრო კოდით: .........., დანაშაულებრივი გზით დაუფლებასა და შემდგომ გასხვისებაში. დღეის მდგომარეობით ე.ა–ის მიერ სახელმწიფოსადმი მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის დაკისრებული საფასურის სახით გადახდილია შემდეგი თანხები: 21.06.2022 წელს -100000.00 ლარი, 27.06.2022 წელს - 100000.00 ლარი, 20.10. 2022 წელს - 152845.00 ლარი, 10.07.2024 წელს - 40 ლარი, სულ 352885.00 ლარი.
7. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები
7.1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სარჩელით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ე.ა–ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფოსათვის დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება - 737 893.00 ლარის ოდენობით.
7.2. მოსარჩელის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 იანვრის განაჩენით, ე.ა–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. განაჩენის თანახმად, 2012 წლის ნოემბრის თვეში ე.ა–მა გადაწყვიტა თაღლითურად მიეღო საკუთრების უფლება სახელმწიფოს კუთვნილ ქ. დედოფლისწყაროში, ........ მდებარე დიდი ოდენობით ღირებულების მქონე მიწის ნაკვეთზე. ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღებაში დახმარების თხოვნით, ე.ა–ი დაუკავშირდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის ასისტენტის მოვალეობის შემსრულებელს, რომელთან შეთანხმებისამებრ, 2012 წლის 27 ნოემბერს განცხადებით მიმართა სარეგისტრაციო ორგანოს და თვალთმაქცურად მოითხოვა საზღვრებისა და ფართობის დაზუსტება, ასევე ამონაწერის გაცემა დედოფლისწყაროში, ........ მდებარე 5346755 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, რომელიც მას არასდროს ეკუთვნოდა. სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომელმა წინასწარი თხოვნის შესაბამისად, უძრავ ნივთზე უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 5346755 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განახორციელა ე.ა–ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, საკადასტრო კოდით ........., რის შედეგად ქ. დედოფლისწყაროში, ........ მდებარე 5346755 კვ.მ. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 352885.00 ლარად ღირებულ მიწის ნაკვეთზე (დღეის მდგომარეობით ღირებული 1090738.00 ლარი) ე.ა–მა თაღლითურად მიიღო საკუთრების უფლება. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, ე.ა–მა თაღლითურად დაუფლებული სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთი გაასხვისა 304 765 აშშ დოლარად.
7.3. განაჩენით დადასტურებული ფაქტია, რომ მოპასუხის დანაშაულებრივი ქმედებით, სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების შედეგად, ე.ა–მა სახელმწიფოს მიაყენა 1 090 738.00 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი, რაც ანაზღაურებულია ნაწილობრივ, კერძოდ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილია მხოლოდ 352 845.00 ლარი და ზიანის სრულად ასანაზღაურებლად ე.ა–ს უნდა დაეკისროს 737 893.00 ლარის გადახდა.
8. მოპასუხის შესაგებელი
მოპასუხე ე.ა–მა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მიყენებული ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს არსებული უძრავი ნივთის საბაზრო ფასით. თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით 2012 წლის ნოემბრის თვის მდგომარეობით მიტაცებული მიწის საბაზრო ღირებულება შეადგენს 352 885 ლარს, რაც მის მიერ სრულად არის გადახდილი.
9. სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
10. სააპელაციო საჩივარი
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
11. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ ე.ა–ს დაეკისრა - 427 741 ლარის გადახდა.
12. პირველი საკასაციო საჩივარი
12.1. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
12.2. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული, შედეგად არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.
12.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 იანვრის განაჩენით ე.ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ, სადაც დადგინდა, რომ მან თაღლითურად მიიღო და აღირიცხა სახელმწიფოს კუთვნილი მიწა საკუთრებაში. აღნიშნულის შემდგომ, კუთვნილი მიწის ნაკვეთი გაასხვისა 304 765 აშშ დოლარად. შესაბამისად, უდავოა ზიანის მიყენების ფაქტი, რაც დადგენილია ამავე განაჩენით და განსაზღვრულია 1 090 738 ლარად. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხემ გადაიხადა 352 885 ლარი, შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, დარჩენილ - 737 853 ლარის ნაწილში ასევე არსებობს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
12.4. მართალია, ამ მხრივ სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნა ნაწილობრივ, 427 741 ლარის ნაწილში დააკმაყოფილა, მაგრამ დანარჩენ ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი დაუსაბუთებელია, რადგან ზიანის ოდენობა დადგენილია.
12.5. სააპელაციო პალატამ საკუთარი მოსაზრება ზიანის ანაზრაურების ოდენობის გამოთვლის ნაწილში დააფუძნა იმ არგუმენტს, რომ სახელმწიფოს დროული რეაგირების შემთხვევაში, აღარ იქნებოდა ზიანის გაზრდილი ოდენობით გადახდის ვალდებულება. დანაშაული ჩადენილია 2012 წელს, ხოლო სარჩელი - 2023 წელს, 9 წლის დაგვიანებითაა წარდგენილი, მას შემდეგ, რაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო დაზარალებულად იქნა ცნობილი. რადგან სადავო ქონება გასხვისდა 2018 წელს 780 626 ლარის ექვივალენტ დოლარად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სწორედ აღნიშნული თანხის ზიანი მიიღო სახელმწიფომ. ამიტომ, რადგან მოპასუხემ გადაიხადა 352 885 ლარი, დარჩენილი ოდენობა იქნებოდა ის ნაშთი, რისი გადახდის ვალდებულებაც ჰქონდა მოპასუხეს.
12.6. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული მსჯელობა არ უნდა გაზიარდეს, რადგან დაუსაბუთებელია სახელმწიფოსთვის ქმედების განხორციელების ტვირთის დაკისრება. სასამართლო ვალდებული იყო დაედგინა პირველადი მდგომარეობის აღდგენის შეუძლებლობის გამო ზიანის ანაზღაურების შესაბამისი ოდენობა. სასამართლოს ღირებულება უნდა შეეფასებინა 2022 წლის მდგომარეობით არსებული მიწის ფასით, რადგან დანაშაულებრივი გზით სახელმწიფო ქონების უკანონო დაუფლება სწორედ 2023 წლის 20 იანვრის განაჩენით დადასტურდა. შესაბამისად, სახელმწიფოს მანამდე ვერ ექნებოდა მოთხოვნის წადგენის შესაძლებლობა.
13. მეორე საკასაციო საჩივარი
13.1. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ასევე საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
13.2. კასატორის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა ზიანის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში, რადგან არა თუ 2022 წლის, არამედ 2018 წლის მდგომარეობით უნდა დათვლილიყო ზიანის ოდენობა, როდესაც მოპასუხემ გაასხვისა ის. ასევე, რადგან დანაშაული ჩადენილია 2012 წელს, ხოლო ქონება გასხვისდა 2018 წელს, ამ დროის მანძილზე სახელმწიფოს შეეძლო ამ პერიოდი წარედგინა საკუთარი მოთხოვნები. ამავდროულად, მოპასუხისთვის წინასწარ უცნობი იყო ქონების ღირსებულების ამჟამინდელი ფასი.
13.3. დანაშაულის ჩადენის დროს მიწის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 352 855 ლარს, რაც მოპასუხემ სრულად აანაზღაურა, შესაბამისად, აღარ არსებობს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი დანარჩენ ნაწილში.
14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 8 მაისისა და 26 ივნისის განჩინებებით საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
15. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ ისინი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
18. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
19. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურ სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
20. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა- განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
21. სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
22. საკასაციო პალატა, როგორც არაერთ გადაწყვეტილება/განჩინებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებელი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
23. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).
24. მოცემულ შემთხვევაში, უპირველესად, საკასაციო პალატა იმსჯელებს მეორე კასატორის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობაზე. კერძოდ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის განხილვის გადადების შესახებ ე.ა–ის წარმომადგენლის, რ.რ–ძის შუამდგომლობის მიხედვით, გადადების მიზეზად მითითებულია ზიანის ოდენობის დადგენის მიზნით წარმოდგენილი ახალი მტკიცებულებების კვლევის აუცილებლობა. მისი მოსაზრებით, ახალი მტკიცებულებების წარდგენა საჭიროებდა ხელახალ კვლევას, ამ ნაწილში ფაქტობრივ გარემოებების სავარაუდო ცვლილების გამო. აღნიშნული უნდა ყოფილიყო კიდეც დასაშვებობის განხილვის გადადების საფუძველი.
25. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში.
26. ციტირებული ნორმიდან გამომდინარე, პალატა განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლო არის მესამე ინსტანციის (საბოლოო ინსტანცია) სასამართლო, რომელიც ამოწმებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა სისწორეს სამართლებრივი კუთხით. საკასაციო სასამართლო არ არის ფაქტების დამდგენი სასამართლო, ამიტომ, ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარდგენა საკასაციო სასამართლოში პრინციპულად დაუშვებელია. ერთადერთ გამონაკლისს ამ შემთხვევაში წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას საპროცესო სამართლებრივი ნორმების ისეთი დარღვევა, რომლის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
27. ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული შუამდგომლობა ვერ დაკმაყოფილდება, რადგან საკასაციო ეტაპზე არ ხდება ახალი მტკიცებულებების წარდგენა და ახალი ფაქტობრივი გარემოებების კვლევა. შესაბამისად, დასაშვებობის განხილვის გადადების საფუძველიც არ არსებობს და წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა დაუბრუნდეს შუამდგომლობის ავტორს.
28. რაც შეეხება ორივე საჩივრის საკასაციო შედავებას, განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობების მართლზომიერება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრისას არსებული შედავების კონტექსტში. კერძოდ, ზიანის ოდენობა როგორი წესით უნდა იქნეს დათვლილი: იმ მომენტის მიხედვით, როდესაც მხარემ სახელმწიფო ქონება მიისაკუთრა, როდესაც გაასხვისა თუ როდესაც სარჩელი იქნა წარდგენილი, ან სახელმწფო ცნეს დაზარალებულად.
29. საკასაციო პალატა წინასწარ განსაზღვრავს, რომ რადგან წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები ერთმანეთის მიმართ კორელაციურ დამოკიდებულებაში არიან, მიუთითებენ რა ურთიერთსაპირისპირო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, საკასაციო პალატა ერთიანად იმსჯელებს ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის მართლზომიერებაზე, რის საფუძველზეც პასუხი გაეცემა თითოეული კასაციის არგუმენტაციას.
30. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან გამომდინარეობს.
31. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოშობის საფუძვლების მიხედვით, განასხვავებენ სახელშეკრულებო და არასახელშეკრულებო ზიანს. არასახელშეკრულებო ზიანის უზოგადესი და ცენტრალური ნორმაა სსკ-ის 992-ე მუხლი, რომელიც განამტკიცებს ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და დაზარალებულს (კრედიტორს) ვალდებული პირის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. აღნიშნული მუხლის გამოყენების წინაპირობებია: ზიანი; ქმედების მართლწინააღმდეგობა; მიზეზობრივი კავშირი და ბრალი (ე.წ. „გენერალური დელიქტი“). პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა (შდრ. სუსგ. №ას-769-737-2016; 20.06.2018წ.; №ას-1426-2018, 11.04.2019წ.: №ას-921-2024, 26.07.2024წ.).
32. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე, განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს, ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს. ზიანის ანაზღაურების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეალურად განცდილი დანაკარგების ჯამს. ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი მიმართულია ვალდებულების დარღვევის პრევენციისა და მხარეთა ინტერესების წონასწორობის აღდგენაზე (შდრ. სუსგ. №ას-1322-2018, 04.04.2019წ.; №ას-921-2024, 26.07.2024წ.).
33. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით წარადგინა სარჩელი, რომელსაც დაურთო სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი.
34. განაჩენის მიხედვით, მოპასუხე ცნობილ იქნა დამნაშავედ, ამავდროულად, დაზარალებულად ცნობილი იქნა მოსარჩელე.
35. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, 2010 წლის 24 სექტემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით გაუქმებული იქნა სსსკ-ის 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილ ფაქტებს აღარ გააჩნიათ პრეიუდიციული ძალა, როცა საქმეს იხილავს სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების შესახებ, ვის მიმართაც გამოტანილია განაჩენი; თუმცა სსსკ-ის 30920 მუხლის ფორმულირებით, დანაშაულის მიყენების ფაქტი პრეიუდიციის რანგშია აყვანილი ანუ მიჩნეულია ფაქტად, რომელიც მტკიცებას არ საჭიროებს (შდრ. სუსგ №ას-1426-2018, 11.04.2019წ.).
36. „საკასაციო პალატამ განმარტა, რომ სსსკ-ის 106-ე მუხლზე მითითება ამავე კოდექსის 30920 მუხლის მეორე ნაწილის გაუთვალისწინებლად არ შეიძლება. მართალია, სსსკ-ის 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი („ფაქტები იმის შესახებ, განხორციელდა თუ არა მოქმედება და ჩაიდინა თუ არა ეს მოქმედება ამ პირმა, რაც დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილებით, როცა საქმეს იხილავს სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქოსამართლებრივი შედეგების შესახებ, რომლის მიმართაც გამოტანილია საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილება“) 2010 წლის 24 სექტემბერს განხორციელებული ცვლილების შედეგად ამოღებულ იქნა, მაგრამ იმავე წლის 15 დეკემბრის კანონით განხორციელებული ცვლილებით დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნების განხილვისას მოქმედებს განსხვავებული წესი, რაც იმას გულისხმობს, რომ კანონიერ ძალაში შესულ განაჩენში მითითებული სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები ხელახლა არ დგინდება, ანუ ისინი დადგენილად მიიჩნევა (სსსკ-ის XXXIV თავი)“ (შდრ. სუსგ №ას-638-605-2014, 22.04.2016წ.; №ას-1273-2023, 29.02.2024წ.).
37. სსსკ-ის 30920 მუხლი ადგენს, თუ რა უნდა ჩაითვალოს დადასტურებულად ანუ ე.წ. პრეიუდიციად. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის პირველ წინადადებაში ნათლად და მკაფიოდ იკითხება - ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეიუდიციული მნიშვნელობა მხოლოდ ზიანის ფაქტსა და მიზეზობრივ კავშირს გააჩნია.
38. საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ამ სპეციალური წარმოების არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს აღარ უწევს ზიანის მიყენების ფაქტის, ე.ი. თავად მიყენებული ზიანის, ზიანის მიმყენებლის ბრალის, მის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის კვლევა.
39. თუკი ზიანი დანაშაულის შედეგად დადგა, ყველა აღნიშნული გარემოება სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით დასტურდება. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, აღნიშნულთან მიმართებით მსჯელობას შესაძლებელია შეიცავდეს თავად განაჩენი/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, სხვა შემთხვევებში, ზიანის გაანგარიშება დასაშვებია უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტით (სსსკ-ის 30917 მუხლის მე-2 ნაწილი) (შდრ. სუსგ №ას-1322-2018, 04.04.2019წ; №ას-1273-2023, 29.02.2024წ.).
40. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესი, დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარდგენილი სარჩელის ჩვეულებრივი წარმოებისაგან. კანონით მინიჭებული შესაძლებლობა, საქმე განხილულ იქნას გამარტივებული წესით შემჭიდროვებულ ვადებში, მოსარჩელე მხარის დისპოზიციური უფლებაა და მას არ ეკრძალება სარჩელის წარდგენა საერთო საფუძველზე. გამარტივებული წარმოებით საქმის განსახილველად კი, მოსარჩელეს კანონი ვალდებულებას აკისრებს, სარჩელს თან დაურთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი (თუ დანაშაული გვაქვს სახეზე) ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი, რითაც სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917 მუხლის 1-ლი ნაწილი).
41. რაც შეეხება განსხვავებას დელიქტით მიყენებული ზიანის გამარტივებული და ჩვეულებრივი სასარჩელო წესით განხილვას შორის, აღნიშნულთან მიმართებით, აღსანიშნავია, რომ გამარტივებული წესით საქმის განხილვის დროს სახეზეა კანონიერ ძალაში არსებული განაჩენი, რომლითაც უტყუარად დასტურდება ზიანის ფაქტი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. შესაბამისად, სასამართლო აღარ იკვლევს აღნიშნულ საკითხებს და დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე დადასტურებულად მიიჩნევს მათ.
42. სასამართლო კვლევისა და შეფასების საგანია მხოლოდ ზიანის ოდენობა იმ შემთხვევაში, როდესაც განაჩენით/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტით იგი არ არის დადგენილი. ასეთ დროს ზიანის ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელემ უნდა წარადგინოს. ჩვეულებრივი სასარჩელო წესით დელიქტის შედეგად მიყენებული ზიანის შესახებ სარჩელის განხილვის დროს კი, მხარეები სსსკ-ის 102-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად წარუდგენენ, როგორც მართლსაწინააღმდეგო ქმედების, ასევე ზიანის ფაქტის, მიზეზობრივი კავშირისა და ზიანის ოდენობის ამსახველ მტკიცებულებებს, ხოლო სასამართლო წარმოდგენილ მტკიცებულებებს სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად აფასებს.
43. მოცემულ შემთხვევაში, კანონიერ ძალაში შესული განაჩენით საფუძველი შეიქმნა დასკვნისათვის, რომ სახეზეა მოპასუხის განზრახი, ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რისი გათვალისწინებითაც არსებობდა დელიქტური ზიანის ანაზღაურებისათვის კანონით გათვალისწინებული ყველა წინაპირობები.
44. განსახილველ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 იანვრის განაჩენში მითითებულია, რომ 2012 წლის ნოემბრის თვეში ე.ა–მა გადაწყვიტა თაღლითურად მიეღო საკუთრების უფლება სახელმწიფოს კუთვნილ დედოფლისწყაროში, ........ მდებარე დიდი ოდენობით ღირებულების მქონე მიწის ნაკვეთზე. ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღებაში დახმარების თხოვნით, ე.ა–ი დაუკავშირდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის ასისტენტის მოვალეობის შემსრულებელს, რომელთან შეთანხმებისამებრ, 2012 წლის 27 ნოემბერს განცხადებით მიმართა სარეგისტრაციო ორგანოს და თვალთმაქცურად მოითხოვა საზღვრებისა და ფართობის დაზუსტება, ასევე ამონაწერის გაცემა დედოფლისწყაროში, ........ მდებარე 5 346 755 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, რომელიც მას არასდროს ეკუთვნოდა. სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომელმა წინასწარი თხოვნის შესაბამისად, უძრავ ნივთზე უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 5 346 755 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განახორციელა ე.ა–ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, საკადასტრო კოდით N........., რის შედეგად დედოფლისწყაროში, ........ მდებარე 5 346 755 კვ.მ. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 352 885.00 ლარად ღირებულ მიწის ნაკვეთზე (დღეის მდგომარეობით ღირებული 1 090 738.00 ლარი) ე.ა–მა თაღლითურად მიიღო საკუთრების უფლება. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ე.ა–მა თაღლითურად დაუფლებული სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთი გაასხვისა 304 765 აშშ დოლარად.
45. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 11 მარტის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ. დედოფლისწყაროში, ........ მდებარე, №........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 5 346 755.00 კვ.მ. სასოფლო- სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება შეფასების პერიოდებისათვის შეადგენს: 2012 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით - 352 885.000 ლარს, 2018 წლის 06 ივლისის მდგომარეობით - 780 626.00 ლარს და 2022 წლის 10 მარტის მდგომარეობით - 1 090 738.00 ლარი.
46. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 14 თებერვლის №18702 სამსახურეობრივი ბარათით დგინდება, რომ ე.ა–ის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში (N302003286 სახაზინო კოდით) - სახელმწიფოსადმი მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის დაკისრებული საფასურის სახით გადახდილია შემდეგი თანხები: 21.06.2022 წელს -100 000.00 ლარი, 27.06.2022 წელს - 100 000.00 ლარი, 20.10.2022 წელს - 152 845.00 ლარი, 10.07.2024 წელს - 40 ლარი; ჯამში ანაზღაურებულია - 352 885 ლარი.
47. მოსარჩელის მითითებით, ზიანის ოდენობა შეადგენს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის შესაბამისად განსაზღვრულ - 1090738.00 ლარს (10.03.2022წ. მდგომარეობით).
48. სწორედ ზიანის ოდენობის ნაწილშია წარდგენილი მოპასუხის შედავება, რომლის თანახმად, ზიანის ოდენობა დანაშაულის დროს ჩადენილი დროის შესაბამისად უნდა იქნეს დათვლილი. იმავე ექსპერტიზის შესაბამისად, ზიანის ოდენობა განისაზღვრა - 352 885.000 ლარის ოდენობით, ხოლო ე.ა–მა სრულად აანაზღაურა აღნიშნული თანხა.
49. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო პალატა განიხილავს, თუ რამდენად სწორად განისაზღვრა ზიანის ოდენობა.
50. საქმის ფაქტობრივი გარემოებები გამოკვეთს ოთხ მნიშვნელოვან თარიღს, რომელთა საფუძველზეც, საკასაციო პალატამ უნდა განსაზღვროს ზიანის ოდენობის ნაწილში არსებული სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის მართლზომიერება. კერძოდ, დანაშაული ჩადენილია 2012 წელს, სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია 2023 წელს, ხოლო სადავო ქონება გასხვისდა 2018 წელს 304 765 აშშ დოლარად. ასევე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულად ცნობილია 2022 წლის 11 იანვრის დადგენილებით, სასარჩელო მოთხოვნა კი წარდგენილია დანაშაულის ჩადენიდან 9 წლის შემდეგ.
51. საკასაციო პალატა მიუთითებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის -სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილების მე-2 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მიზანია სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა.
52. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, სახელმწიფო, შესაბამისი ორგანოსთვის დელეგირებული ექსკლუზიური უფლებამოსილების საფუძველზე იღებს ვალდებულებას ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს, ასევე იცავდეს მესამე პირთა ჩარევისგან მის იურისდიქციაში არსებულ საჯარო ქონებას. შესაბამისად, ხელყოფის აღკვეთის მიმართ არსებული სახელმწიფოს ვალდებულება გულისხმობს უფლების დარღვევის შემთხვევაში, მისი აღდგენისთვის საჭირო მოქმედებებისთვის დროულ რეაგირებას.
53. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ვერ ასაბუთებს როგორც ასეთი ვალდებულების არარსებობის, ასევე გონივრულ დროში მოქმედებისთვის აუცილებელი ვალდებულებების შესრულებას. ამ კუთხით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმად, თუ სახელმწიფო იმოქმედებდა დროულად და ადგილი არ ექნებოდა დაგვიანებულ რეაგირებას, შესაძლებელი იქნებოდა ქონების გასხვისების თავიდან არიდება და სადავო მიწის ნაკვეთის უკან დაბრუნება, რის ნაცვლადაც დღევანდელი საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა.
54. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ ოპერატიული რეაგირებისა და სახელმწიფო საკუთრების შესაბამისი ადმინისტრირების პირობებში, შესაძლებელი იქნებოდა აღნიშნული დანაშაულის დროული გამოვლენა და მათ შორის, მესამე პირზე გასხვისების ხელშეშლა. ასევე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მიმართ სახელმწიფოს წარმოეშობა გულისხმიერების მეტი ვალდებულება, რადგან მის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და ზედამხედველობის ბერკეტები უშუალოდ მის ხელშია, განსხვავებით ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული ქონებისგან. ამიტომ, აღნიშნულის გათვალისწინებით, სახელმწიფო ვალდებულების ეფექტიანი განხორციელების პირობებში, თავიდან იქნებოდა არიდებული ქონების როგორც სხვა პირზე დაუსაბუთებლად ასახვა, ისე მისი შემდგომი რეალიზება.
55. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, საქმეში მითითებულია მისი დათვლის ოთხი შესაძლო: პირველი - დანაშაულის ჩადენის; მეორე - უძრავი ქონების გასხვისების, მესამე - სარჩელის შეტანის, მოსარჩელის დაზარალებულად ცნობის ათვლის წერტილები.
56. საკასაციო პალატა ცალსახად მიიჩნევს, რომ ზიანის ოდენობის დადგენა უნდა მოხდეს ქონების გასხვისების მომენტში არსებული საბაზრო ღირებულების შესაბამისად, რადგან სახელმწიფოს თავისი საქმიანობიდან და ფუნქციიდან გამომდინარე ჰქონდა შესაძლებლობა დაედგინა სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ფაქტი და ამ დრომდე შეეძლო უშუალოდ მიწის დაბრუნებაზე წარედგინა დავა და მოეთხოვა არა ზიანი, რამედ თავად ქონების დაბრუნება. ამავდროულად, სასამართლო ვერ გაიზიარებ მოსაზრებას, რომ ქონების ღირებულება სარჩელის აღძვრის მომენტიდან იქნეს განსაზღვრული, რადგან თავად სარჩელის აღძვრა მოხდა მოსარჩელის მიერ არაგონივრულ დროში, რაც ამ უკანასკნელის და არა მოპასუხის პასუხისმგებლობაზე მიუთითებს. ამავდროულად, დანაშაულის ჩადენის მომენტში არსებული ქონების საბაზრო ღირებულების ოდენობით ზიანის ანაზღაურება თავისთავად გამოიწვევს მოპასუხის სავარაუდო უსაფუძვლო გამდიდრებას, რადგან ქონების გასხვისების მომენტში მან გაცილებით მეტი თანხა მიიღო, ვიდრე დანაშაულის ჩადენის დროს ქონების საბაზრო ღირებულება იქნებოდა.
57. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ შესაძლოა დღეისთვის ქონების ფასი 1 090 738 ლარი იყოს, მაგრამ ქონების 2018 წლის 6 ივლისს გასხვისების დროისთვის მისი ღირებულება გაცილებით ნაკლები - 780 626.00 ლარს შეადგენდა. ამიტომ, საკუთრებაში წარმოშობისა და შეწყვეტის (გასხვისების) პერიოდის უკანასკნელი დრო უნდა იქნეს მიჩნეული ქონების საბაზრო ღირებულების დამდგენ გარემოებად.
58. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, მართალია, დადგენილია 2018 წლისთვის ქონების ღირებულება - 780 626.00, თუმცა, რადგან უკვე გადახდილია 352 885 ლარი, აღნიშნულის ნაშთი დარჩება მოპასუხეს გადასახდელად.
59. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად სწორი კვალიფიკაცია მისცა მათ. ამასთან, კასატორმა სარწმუნოდ ვერ დაადასტურა მის მიერ მითითებული გარემოებები, რომლის საპირისპიროდ მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა სათანადო მტკიცებულებები, რომელიც ამყარებდა სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია.
60. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
61. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ №ას-112-2021, 07.07.2021წ.; №ას-47-2021, 17.05.2021წ.; №ას-94-2021, 06.07.2021წ).
62. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივრები დასაშვები იქნებოდა.
63. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორებმა ვერ გააქარწყლეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი
64. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე.ა–ის წარმომადგენლის, რ.რ–ძის 2025 წლის 8 ოქტომბრის შუამდგომლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის განხილვის გადადების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. ე.ა–ის წარმომადგენელ რ.რ–ძეს დაუბრუნდეს 2025 წლის 8 ოქტომბრის შუამდგომლობით მტკიცებულების სახით წარმოდგენილი მასალები (2022 წლის 11 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება);
3. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, ასევე ე.ა–ის საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
4. ე.ა–ს (პ.ნ. ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი (საგადასახადო დავალება: N60617849; გადახდის თარიღი: 14.06.2025) 6000 ლარის 70% - 4200 ლარი;
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ა. კოჭლამაზაშვილი