¹ბს-1140-1091(კ-07) 19 თებერვალი, 2008 წელი
ქ. თბილისი
მიღების ადგილი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ი. შ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ნოემბრის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2006 წლის 26 ივლისს ი. შ-ემ სარჩელი აღძრა აბაშის რაიონულ სასამართლოში აბაშის გამგეობის საფინანსო სამსახურის მიმართ და მოითხოვა აბაშის საფინანსო განყოფილებაში .....-ის თანამდებობაზე აღდგენა (იხ. ს.ფ. 2-3; ტ.I).
ი. შ-ის სარჩელი არ ცნო ი. შ-ემ და მოითხოვა უსაფუძვლობის გამო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 19-20; ტ.I).
აბაშის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 აგვისტოს განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაერთნენ აბაშის საფინანსო განყოფილების მთავარი ..... _ თ. პ-ა, მთავარი ..... _ ქ. ც-ა, უფროსი ..... _ ე. გ-ა, წამყვანი ..... – მ. კ-ა (იხ. ს.ფ. 36; ტ.I).
აბაშის რაიონული სასამართლოს 2006 წლსი 25 აგვისტოს გადაწყვეტილებით ი. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 61-64; ტ.I).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. შ-ემ და მოითხოვა აბაშის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება, ი. შ-ის აღდგენა უფროსი .....-ის თანამდებობაზე, საფინანსო სამსახურის უფროსის მიერ 2006 წლის თებერვლაში მოხელეთა თანამდებობებზე დანიშვნის შესწავლა და მთავარი ....-ის თანამდებობაზე დანიშვნა (იხ. ს.ფ. 68-70; ტ.I).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 დეკემბრის განჩინებით ი. შ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა აბაშის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ს.ფ. 113-118; ტ.I).
ი. შ-ემ დაზუსტებული სასარჩელო განცხადება წარადგინა და მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების – 2005 წლის 28 თებერვლის ¹14, 2005 წლის 2 მარტის ¹15, 2006 წლის 15 თებერვლის ¹29 ბრძანებების ბათილად ცნობა, უფროსი ....-ის თანამდებობაზე აღდგენა და მთავარი .....-ის თანამდებობაზე დანიშვნა, 2006 წლის თებერვლიდან 2006 წლის დეკემბრამდე პერიოდის ხელფასისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 240-242; ტ.I).
აბაშის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ი. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ცვლილებები შევიდა აბაშის რაიონის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსის 2005 წლის 28 თებერვლის ¹14, 2005 წლის 2 მარტის ¹15 ბრძანებებში, 2005 წლის 14 ივლისის ¹48 ბრძანების მე-7 პუნქტში, 2005 წლის 23 დეკემბრის ¹143 ბრძანების მე-7 პუნქტში, 2006 წლის 21 იანვრის ¹16 ბრძანებაში, 2006 წლის 15 თებერვლის ¹29 ბრძანების მე-7 პუნქტში და 2006 წლის 18 დეკემბრის ¹212 ბრძანების მე-7 პუნქტში და ი. შ-ის თანამდებობად ნაცვლად .....-ისა მიეთითა უფროსი ....-ი, ი. შ-ე აღდგენილ იქნა აბაშის საფინანსო სამსახურში უფროსი .....-ის თანამდებობაზე, 2005 წლის 2 მარტიდან 2006 წლის 18 დეკემბრამდე პერიოდში, ი. შ-ეს აუნაზღაურდა 2006 წლის 1 თებერვლიდან 2006 წლის 18 დეკემბრამდე მიუღებელი ხელფასი, უფროსო ....-ის თანამდებობრივი სარგოს შესაბამისი ოდენობით, ი. შ-ეს უარი ეთქვა აბაშის საფინანსო სამსახურში მთავარ ....-ად დანიშვნაზე უსაფუძვლობის გამო (იხ. ს.ფ. 263-268; ტ.I).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. შ-ემ და მოითხოვა აბაშის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება ნაწილობრივ და ახალი გადაწყვეტილებით 2006 წლის 15 თებერვლის ¹29 ბრძანების ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 273-275; ტ.I).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ნოემბრის განჩინებით ი. შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა აბაშის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 73-77; ტ.II).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. შ-ემ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ნოემბრის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება (იხ. ს.ფ. 90-92; ტ.II).
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 28 დეკემბრის განჩინებით ი. შ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 98-99; ტ.II).
საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინეს ი. შ-ემ და აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.
ი. შ-ემ მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი მოტივით:
მოსაზრების ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, განჩინებას საფუძვლად არ დაუდო სამართლებრივი შეფასება, არ იმსჯელა საქმის ირგვლივ და განჩინება დააფუძნა 2006 წლის 18 დეკემბერს ი. შ-ის გათავისუფლებაზე და საქმეზე არასწორი განჩინება დაადგინა. სააპელაციო სასამართლომ განჩინების გამოტანისას იხელმძღვანელა ი. შ-ის ახსნა-განმარტებით რომელზეც ამ უკანასკნელს სააპელაციო სასამართლოში არ უსაუბრია. მისი მოთხოვნა ეხებოდა 2005 წლის 2 მარტსა და 2006 წლის 1 თებერვალს მომხდარ მოვლენებს და სააპელაციო სასამართლოში არ მომხდარა დავის საგნის შეცვლა ან გაზრდა. აპელანტი ითხოვდა იმის გარკვევას, როგორ მოხდა ერთი თანამდებობიდან მეორე თანამდებობაზე საფინანსო სამსახურის მუშაკების გადაყვანა და ითხოვდა ¹29 ბრძანების გაუქმებას.
მოსაზრების ავტორის მითითებით, საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება, დანიშვნა ხდება ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტის გამოცემით აუცილებელი პროცედურის დაცვით.
მოსაზრების ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოში მოპასუხის მიერ წარდგენილ იქნა მტკიცებულება, რომლის თანახმად, 2005 წლის 2 მარტს აბაშის საფინანსო სამსახურს ჰყავდა ორი უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, მაგრამ არ იყო დანიშნული არც ერთ თანამშრომელი. ი. შ-ე ითხოვდა მთავარი ....-ის თანამდებობაზე დანიშვნას, რადგან კანონმდებლობა ითვალისწინებს საჯარო მოხელეების დანიშვნას ბრძანებით და არა განსაზღვრას. ¹29 ბრძანებით განისაზღვრა თანამშრომლების თანამდებობრივი თანრიგი, მაგრამ ბრძანებაში მითითებული თანამშრომლები დანიშნული არ ყოფილან.
2005 წლის თებერვალში მოხელეთა გათავისუფლება დაკავშირებული იყო სტრუქტურულ ცვლილებებთან და არა ლიკვიდაციასთან. 2005 წლის 28 თებერვალს საფინანსო სამსახურის მოვალეობის შემსრულებელმა თანამშრომლები გაათავისუფლა და 2005 წლის 2 მარტს სამსახურის უფროსი მოვალეობის შმსრულებელმა გათავისუფლებული თანამშრომლები კი არ დაინიშნა, არამედ განისაზღვრა.
გარდა აღნიშნულისა, მოსაზრების ავტორის მითითებით, დაირღვა მისი უფლებები, რადგან სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა სახაზინო წესით ადვოკატის დანიშვნის შესახებ, მაგრამ ადვოკატის დანიშვნა არ მოხდა (იხ. ს.ფ. ).
აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მოსაზრებით მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა შემდეგი მოტივით:
მოსაზრების ავტორის მითითებით, უსაფუძვლოა კასატორის მიერ მითითებული არგუმენტები, რადგან ი. შ-ე 1990 წლიდან 2006 წლის 1 მარტამდე მუშაობდა აბაშის რაიონის გამგეობის საფინანსო განყოფილებაში უფროს .....-ად. 2005 წლის 28 თებერვალს საფინანსო განყოფილების რეორგანიზაციის გამო, ი. შ-ე საფინანსო სასმახურის სხვა მუშაკებთან ერთად გათავისუფლდა სამუშაოდან, მაგრამ გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში მისი თანამდებობად შეცდომით მიეთითა ....-ი, ნაცვლად უფროსი ....-ისა. რეორგანიზაციის შედეგად საფინანსო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა თ. ნ-ა, რომელმაც მოქმედი საშტატო განრიგის შესაბამისად განახორციელა საფინანსო სამსახურის მუშაკთა სამუშაოზე მიღება. 2005 წლის 2 მარტს ი. შ-ე დაინიშნა კვლავ ....-ის თანამდებობაზე, ნაცვლად საშტატო განრიგით გათვალისწინებული უფროსი ......-ისა, თუმცა მისი ხელფასი მიუხედავად თანამდებობრივ სარგოებში შეტანილი ცვლილებებისა, 2006 წლის 15 თებერვლამდე განისაზღვრებოდა უფროსი ....-ის სარგოს შესაბამისი ოდენობით. თ. ნ-ას 2006 წლის 15 თებერვლის ¹29 ბრძანებით ი. შ-ის ხელფასი კვლავ განისაზღვრა .....-ის თანამდებობრივი სარგოს შესაბამისი ოდენობით _ 170 ლარით, ნაცვლად უფროსი ....-ის სარგოს – 190 ლარისა.
მოსაზრების ავტორის მითითებით, თ. ნ-ა დაინიშნა რა 2005 წლის 1 მარტს საფინანსო სამსახურის უფროსად და იმ პერიოდში ყველა დანარჩენი თანამდებობა იყო ვაკანტური, მის მიერ სამუშაოზე მიღების ან უფრო მაღალი რანგის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხის გადაწყვეტა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს განეკუთვნება და სასამართლო არ არის უფლებამოსილი გადაწყვიტოს ადმინისტრაციის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხი. მოსაზრების ავტორმა ასევე არ გაიზიარა კასატორის მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლო საქმის განხილვისას გასცდა დავის საგანს და თავისი მსჯელობა ააგო 2006 წლის 18 დეკემბერს მისი სამუშაოდან დათხოვნის საკითხზე. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა ი. შ-ის მიერ სასამართლოში წარდგენილ წერილობით ახსნა-განმარტებაზე, რისი უფლებამოსილებაც სასამართლოს აქვს მინიჭებული (იხ. ს.ფ. ).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი. შ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 28 დეკემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. შ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 98-99; ტ.II).
კასატორის _ ი. შ-ის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრება არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ი. შ-ის მიერ არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ი. შ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ი. შ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. შ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.