საქმე №ას-585-2025 28 ნოემბერი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ვ.გ–ნი, მ.გ–ნი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ტ.გ–ნი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 03 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 3 თებერვლის განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უძრავი ნივთის 1/3 ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ტ.გ–ნის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა საქმეზე 2021 წლის 22 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე ვ.გ–ნს აეკრძალა სადავო ბინის, მდებარე: თბილისი, ..........., საკადასტრო კოდი: .......... გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. ტ.გ–ნს დაუბრუნდა მ.ჭ–ძის მიერ სარჩელზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1140 ლარი, რომელიც გადახდილია 05/04/2021 წელს,შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტი, ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22; სახაზინო კოდი 300 773 150 (საგადასახადო დავალება №0).
2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება; დაკმაყოფილდა ტ.გ–ნის სარჩელი; ტ.გ–ნი ცნობილი იქნა უძრავი ნივთის, მდებარე მისამართზე, ქალაქი თბილისი, ............. (ს.კ.№ ........), ფართი 76.50 კვ.მ., 1/3 ნაწილის თანამესაკუთრედ; ვ.გ–ნს და მ.გ–ნს დაეკისრათ ტ.გ–ნის სასარგებლოდ 220 (ორასოცი) ლარის გადახდა;
4. მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ვ.გ–ნის და მ.გ–ნის მიერ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 16 მაისის განჩინებით, ვ.გ–ნის და მ.გ–ნის საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 2 დეკემბრის განჩინებით შეტანილ იქნა შესწორება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში და დაემატა 3.1. პუნქტი - ,,ტ.გ–ნს დაუბრუნდეს მ.ჭ–ძის მიერ 05/04/2021 წელს სარჩელზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1140 ლარი (გადახდილი შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტი, ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22; სახაზინო კოდი 300 773 150 (საგადასახადო დავალება№0)''.
6. 2024 წლის 25 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ტ.გ–ნის წარმომადგენელმა და მოითხოვა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის უკან დაბრუნება.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 თებერვლის განჩინებით ტ.გ–ნს უარი ეთქვა 2024 წლის 25 დეკემბრის განცხადების განსახილველად მიღებაზე.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლომ თავისი ინიციატივით განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 3 თებერვლის განჩინებით შეტანილ იქნა შესწორება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში და პუნქტი ,,3'' ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: ,,3.დაეკისროთ ვ.გ–ნს (პ/ნ.......) და მ.გ–ნს (პ/ნ ........) ტ.გ–ნის სასარგებლოდ 1 660 ლარის გადახდა''.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 3 თებერვლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს ვ.გ–ნმა და მ.გ–ნმა.
10. კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, შესაბამისად, 2025 წლის 3 თებერვლის განჩინებით, 2023 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებაში უკანონოდ და უსაფუძვლოდ იქნა შეტანილი შესწორება, რომლითაც სახელმწიფო ბაჟის 1660 ლარის ოდენობა დაკისრდა მ.გ–ნსა და ვ.გ–ს. ამასთან, მ.გ–ნი არასწორად არის მითითებული მოპასუხეთა სიაში. აღნიშნული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ივნისის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრების საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოტივაციით:
12. წარმოდგენილი კერძო საჩივრის შინაარსიდან ირკვევა, რომ კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის გასაჩივრებული განჩინების საფუძვლებს, კერძოდ მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორება ეწინააღმდეგებოდა კანონს.
13. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო პალატამ სსსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გაასწორა 2023 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, მოწინააღმდეგე მხარეს ვ.გ–ნს და მ.გ–ნს უნდა დაკისრებოდათ პირველი ინსტანციის სასამართლოში მ.ჭ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 60 ლარის ოდენობით და თბილისის სააპელაციო სასამართლოში მ.ჭ–ძის მიერ 2022 წლის 22 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 160 ლარის ოდენობით, ასევე, მ.ჭ–ძის მიერ 2023 წლის 18 აპრილს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1440 ლარის ოდენობით. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორის არგუმენტი - რომლის თანახმადაც, უკანონოდ და უსაფუძვლოდ იქნა შეტანილი ცვლილება სახელმწიფო ბაჟის 1660 ლარის ოდენობით მ.გ–ნისა და ვ.გ–ის მიმართ დაკისრების თაობაზე და ასევე, მ.გ–ნი არასწორად არის მითითებული მოპასუხეთა სიაში, დაუსაბუთებელია.
14. სსსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია, მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება, გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
15. აღნიშნული მუხლის ნორმატიული შინაარსი ცხადყოფს, რომ მასში საუბარია განჩინებით დაშვებული უსწორობების ან აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორებაზე. პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს შეუძლია, მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. მითითებული ნორმის საფუძველზე, დაუშვებელია გადაწყვეტილებაში ისეთი შესწორების შეტანა, რომელიც არსებითად ცვლის გადაწყვეტილებას, მის აზრსა და შინაარსს. დასაშვებია მხოლოდ ისეთი შესწორებებისა და დაზუსტებების შეტანა, როგორიცაა, მაგალითად, მხარეთა გვარი, სახელი, თუ მხარე იურიდიული პირია - მისი სახელწოდების აღნიშვნა, ასევე, არითმეტიკული შეცდომები, რომლებმაც გამოიწვია გადასახდელი თანხის ოდენობის აშკარად შემცირება ან გადიდება, მაგალითად, ციფრის დაკლება, რაც ისე ცვლის თანხის ოდენობას, რომ, საქმის მასალებიდან გამომდინარე, აშკარად არ შეესაბამება მოთხოვნის ოდენობას (შდრ. სუსგ № ას-636-597-2011, 24.06.2011).
16. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ თავისი ინიციატივით განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 3 თებერვლის განჩინებით შეტანილ იქნა შესწორება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში და მისი პუნქტი ,,3'' ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: ,,3. დაეკისროთ ვ.გ–ნს და მ.გ–ნს, ტ.გ–ნის სასარგებლოდ 1 660 ლარის გადახდა''.
17. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შეჯერების შედეგად, პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებაში დაშვებული შეცდომა ტექნიკური ხასიათის უსწორობას წარმოადგენდა, რასაც ცხადყოფს იმავე სასამართლოს უსწორობის გასწორების შესახებ 2025 წლის 3 თებერვლის განჩინებაში განვითარებული მსჯელობაც (იხ. ამავე განჩინების პ.13), რომლითაც კერძო საჩივრის ავტორებს, მართებულად განესაზღვრათ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობად 1660 ლარი. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოქმედება, სახელდობრ, განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება სრულად შეესაბამება სსსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესს.
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ.
19. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, შესაბამისად, წარმოდგენილ საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
20. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
21. საჩივრის ავტორს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ.გ–ნისა და მ.გ–ნის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 3 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
გ.ჯეირანაშვილი