საქმე №ას-310-2024 28 ნოემბერი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ა(ა)იპ „ქ.რ.ს, ს. და ა.გ.ც–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ე.გ–ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, იძულებითი განაცდურის დაკისრებაზე უარის თქმა
დავის საგანი - გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, შრომითი ურთიერთობის უვადოდ მიჩნევა, სამუშაოზე აღდგენის სანაცვლოდ კომპენსაციის დაკისრება და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ე.გ–ამ, სარჩელი აღძრა სასამართლოში ა(ა)იპ „ქ.რ.ს, ს. და ა.გ.ც–ის“ მიმართ გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის, შრომითი ურთიერთობის უვადოდ მიჩნევის, სამუშაოზე აღდგენის სანაცვლოდ კომპენსაციის დაკისრებისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. 2019 წლის 8 თებერვლიდან ე.გ–ა დასაქმებული იყო ა(ა)იპ „ქ.რ.ს, ს. და ა.გ.ც–ის“ დირექტორის მრჩევლის პოზიციაზე. აღნიშნული დროის შემდეგ მასთან სხვადასხვა დროს გაფორმდა სხვადასხვა პოზიციაზე ხელშეკრულებები, თუმცა ფუნქცია-მოვალეობები ყოველთვის იდენტური იყო. მოსარჩელის ფუნქციებში შედიოდა ცენტრის საქმიანობის გამართული მუშაობის ორგანიზება, დირექტორთან კოორდინაცია, თათბირების, დირექტორისა და ცენტრში მომუშავე პირების მივლინებების, სამუშაო ვიზიტების დაგეგმვა-ორგანიზება, წერილობითი დოკუმენტების მომზადება, ვიზირება, თანამშრომლების მონიტორინგი და სხვა.
2.2. 2019 წლის ბოლოს მოსარჩელე გადაიყვანეს ლოჯისტიკის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე, თუმცა 2022 წლის 1 მარტიდან მასთან კვლავ გაფორმდა ახალი ხელშეკრულება დირექტორის მრჩევლის პოზიციაზე. ე.გ–ას მიმართ არ დაწყებულა დისციპლინური წარმოება ან რაიმე სახის შენიშვნა. 2021 წელს იგი დასახელებული იყო საუკეთესო თანამშრომლად. 2022 წლის 29 ნოემბერს ე.გ–ას აცნობეს, რომ გაუქმდა მისი საშტატო ერთეული და 2023 წლის 1 იანვრიდან შეწყდება შრომითი ხელშეკრულება. ბრძანება გასაჩივრდა სასამართლოში ადმინისტრაციული წესით.
2.3. ა(ა)იპ „ქ.რ.ს, ს. და ა.გ.ც–ის“ მიერ გაგზავნილი წერილობითი დასაბუთება შტატის გაუქმების შესახებ ე.გ–ას არ ჩაბარებია. ამავდროულად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისგან მიიღო წერილი, რომ მერმა საშტატო ნუსხა დაამტკიცა ცენტრის დირექტორის მიერ მერისთვის წარდგენილი წერილის შესაბამისად, ანუ მერს არ მოუთხოვია დასაბუთება, რატომ იყო შტატის გაუქმების აუცილებლობა.
2.4. მოსარჩელე ახალი საშტატო ნუსხის დამტკიცების, ასევე შტატების გაუქმების შესახებ ბრძანებებს მიიჩნევდა უკანონოდ და დაუსაბუთებლად, რადგან იგი მიზნად ისახავდა გათავისუფლებისთვის ფორმალური საფუძვლის შექმნას.
2.5. ე.გ–ა დასაქმებული იყო 30 თვეზე მეტი ვადით, შესაბამისად მისი ხელშეკრულება მიჩნეულ უნდა იქნას უვადოდ დადებულად, ე.გ–ასთვის არ შეუთავაზებიათ ტოლფასი პოზიცია, საშტატო რაოდენობა იყო უცვლელი.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ე.გ–ას შრომითი ხელშეკრულება არ შეწყვეტილა ვადის ამოწურვის გამო. მისი პოზიცია გაუქმდა საშტატო ნუსხაში, რომლის გადაწყვეტილებას იღებს დამფუძნებელი - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია. შესაბამისად, საშტატო ნუსხასაც ამტკიცებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი, იმ საჭიროებებიდან გამომდინარე, რა უფრო პრიორიტეტულია ა(ა)იპ-ისთვის დასახული მიზნებისა და ამოცანების ოპტიმალურად, ეფექტიანად შესრულების და განხორციელების მიზნით. ადმინისტრაციას არ გააჩნდა ვალდებულება, რომ გაუქმებულ შტატზე შეეთავაზებინა ახალი თანამდებობა დასაქმებულისთვის.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით, ე.გ–ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ა(ა)იპ „ქ.რ.ს, ს. და ა.გ.ც–ის“ დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის მიერ 2022 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №ბ.11.38223643 ე.გ–ას განთავისუფლების შესახებ. მოპასუხეს დაეკისრა ე.გ–ასათვის კომპენსაციის სახით - 6 750 ლარის გადახდა, მასვე დაეკისრა ე.გ–ასათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2023 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 1 350 ლარის ოდენობით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით).
4.2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ა(ა)იპ „ქ.რ.ს, ს. და ა.გ.ც–მა“ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 იანვრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
5.2. თბილისის სააპელაციო პალატამ, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სპეციალური სტანდარტისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების კვლევის შედეგად მიიჩნია, რომ მოსარჩელე იმყოფებოდა უვადო შრომით ურთიერთობაში და დამსაქმებლის მიერ შტატის შემცირება იყო ფორმალური ხასიათის, ვინაიდან ე.გ–ას სამსახურიდან გათავისუფლების არავითარი გარდაუვალი გარემოება არ არსებობდა. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად ცნო ბათილად ა(ა)იპ „ქ.რ.ს, ს. და ა.გ.ც–ის“ დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის 2022 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №ბ.11.38223643 ე.გ–ას გათავისუფლების შესახებ, როგორც კანონსაწინააღმდეგო ნების გამოვლენა სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის (ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს) საფუძველზე.
5.3. დამდგარი სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რადგან მოსარჩელე არ ითხოვდა სამსახურში აღდგენას, სააპელაციო პალატამ იმსჯელა დასაქმებულისთვის კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ, რის შედეგადაც დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოსარჩელეს კომპენსაცია - 5 თვის ხელფასის ოდენობით, (6750 ლარი), ხოლო იძულებითი განაცდური 2023 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 1 350 ლარის ოდენობით, მართებულად დაეკისრა. დაკისრებული თანხების არაპროპორციულობის დადგენის მიზნებისთვის, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა, რომ სასამართლოს უნდა გამოეკვლია ე.გ–ას შემდგომი დასაქმებისა და მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია. პალატამ აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენისას აპელანტის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი იყო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წერილი, სადაც მითითებულია, რომ ე.გ–ა 2023 წლის 12 იანვრიდან დასაქმებულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. პალატამ აღნიშნა, რომ წერილი გავლენას ვერ მოახდენდა საქმის შედეგზე, ვინაიდან მხარის მიერ იგი წარდგენილი არ ყოფილა პირველი ინსტანციის სასამართლოში, მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულების მოპოვება შესაძლებელი იყო, ამასთან, წერილი არ განსაზღვრავდა ე.გ–ას ყოველთვიური სარგოს ოდენობას. შესაბამისად, პალატამ დაასკვნა, რომ კომპენსაციის ოდენობა იყო გონივრული, ხოლო იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრება - მართებული.
5.4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა ა(ა)იპ „ქ.რ.ს, ს. და ა.გ.ც–მა“, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1. საკასაციო საჩივარი მიემართება მხოლოდ მოსარჩელისთვის იძულებითი განაცდურის გადახდის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების არამართებულობას. კასატორი აცხადებს, რომ სააპელაციო პალატამ მოიხმო უზენაესი სასამართლოს რელევანტური პრაქტიკა, თუმცა არ მიიღო მასთან შესატყვისი გადაწყვეტილება. კასატორის მტკიცებით, იძულებითი განაცდურის დაკისრებისას, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელე გათავისუფლებიდან მალევე, 2023 წლის 12 იანვრიდან, დასაქმდა და დღემდე მუშაობს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
6.2. კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულ მსჯელობას იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის ერთდროულად დაკისრების შესახებ და მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
6.3. ა(ა)იპ „ქ.რ.ს, ს. და ა.გ.ც–ის“, საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 2 აპრილის განჩინებით, მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე
მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის შესაბამისად, (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო პალატის განსჯის საგანია მხოლოდ მოსარჩელისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მართლზომიერება. საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-9 დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მიცემული კომპენსაცია, ამავე კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად კი, ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
13. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას და შესაბამისად, არ ეთანხმება კასატორის პრეტენზიებს მასზედ, რომ სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა ე.გ–ას შემდგომი დასაქმებისა და მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია. პალატა აღნიშნავს, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენისას აპელანტის წარმომადგენელმა სასამართლოს წარუდგინა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წერილი, სადაც მითითებულია, რომ ე.გ–ა 2023 წლის 12 იანვრიდან დასაქმებულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულებამდე წარდგენილი მტკიცებულებები საქმეს დაერთვება და მათ განიხილავს და შეამოწმებს სასამართლო ამ კოდექსის 225-ე მუხლით დადგენილი წესით. საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიღების საკითხს სასამართლო განიხილავს მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით, ზეპირი მოსმენით. მოხმობილი ნორმატიული დანაწესის შესაბამისად, აღნიშნული წერილი გავლენას ვერ მოახდენდა საქმის შედეგზე, ვინაიდან მხარის მიერ იგი წარდგენილი არ ყოფილა პირველი ინსტანციის სასამართლოში, მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულების მოპოვება შესაძლებელი იყო, აგრეთვე მას არ მიუთითებია რაიმე საპატიო მიზეზის შესახებ, რომელიც მტკიცებულების სააპელაციო სასამართლოში წარდგენის მიზეზს გაამართლებდა. ამასთან, მოხმობილი წერილი არ განსაზღვრავს ე.გ–ას ყოველთვიური სარგოს ოდენობას, რაც მტკიცებულების გაზიარების შემთხვევაშიც, მის შინაარსობრივ ნაკლზე მიუთითებს.
14. საკასაციო პალატა დასძენს, რომ სასამართლო პრაქტიკა, რომელსაც მიუთითებს და ეყრდნობა კასატორი მიემართება კომპენსაციის გამოანგარიშების სტანდარტს, ვინაიდან კომპენსაცია განსხვავებით იძულებითი განაცდურისგან, სუბიექტური კრიტერიუმებით გამოსათვლელ კატეგორიას განეკუთვნება. იძულებითი განაცდურის ანაზღაურება კომპენსაციასთან ერთად კანონითაა დადგენილი და მოიცავს პირის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებიდან მისი უფლებების კანონით დადგენილი წესით აღდგენამდე პერიოდს. ამიტომ, ვინაიდან კასატორმა კანონით დადგენილი წესით ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული ვალდებულება და ვერ დაადასტურა იძულებითი განაცდურის დაკისრების გამომრიცხავი გარემოებები, ამიტომ, იძულებითი განაცდურის 2023 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 1 350 ლარის ოდენობით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით) გადახდის დავალდებულება კომპენსაციის (6750 ლარი) გადახდასთან ერთად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლისა და იძულებითი განაცდურის მიკუთვნების გათვალისწინებით, გონივრულ ფარგლებში უზრუნველყოფდა უკანონოდ გათავისუფლებული მუშაკის შელახული ინტერესის დაცვას და ამავდროულად დაუსაბუთებლად არ ზღუდავდა დამსაქმებლის ინტერესებს.
15. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.
16. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
17. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრების განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 1215 ლარის 70% – 850,5 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა(ა)იპ „ქ.რ.ს, ს. და ა.გ.ც–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ა(ა)იპ „ქ.რ.ს, ს. და ა.გ.ც–ს“, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 26/02/2024წ. №01043 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 1215 ლარის 70% – 850,5 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი