Facebook Twitter

საქმე №ა-6414-შ-149-2025

27 ნოემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - მ.გ–ი

მოწინააღმდეგე მხარეები - ე.მ–ო, ქ.გ–ი

განჩინება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – იტალიის რესპუბლიკის, ქ. სალერნოს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პირველი სექციის 2021 წლის 31 მარტის N1313/2020 განჩინება

დავის საგანი – შვილად აყვანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2025 წლის 24 ნოემბერს მ.გ–ის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა იტალიის რესპუბლიკის, ქ. სალერნოს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პირველი სექციის 2021 წლის 31 მარტის N1313/2020 განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, რომლითაც მ.გ–ი, დაბადებული 04/07/1996 წელს შვილად აიყვანა მ.ე–ომ. მ.გ–ის გვარს - გ–ს დაემატა გვარი ე–ო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

2. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.

3. ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ'' საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

4. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქმის ზეპირი განხილვა არ მოხდება, თუ მხარეები ამას არ მოითხოვენ. მოპასუხეს შუამდგომლობის გადაცემისას უნდა განემარტოს, რომ მას აქვს აზრის გამოთქმის უფლება. მას აგრეთვე უნდა განემარტოს, რომ საქმის ზეპირი განხილვა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ის ამას მოითხოვს.

5. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 71-ე მუხლი განსაზღვრავს უცხო ქვეყნის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების პროცედურულ საკითხებს. ამავე ნორმის თანახმად შუამდგომლობა გადაეცემა მოწინააღმდეგე მხარეს, რომელსაც გააჩნია წერილობითი პოზიციის წარმოდგენის და შუამდგომლობის ზეპირი ფორმით განხილვის მოთხოვნის უფლება. 6. დასახელებული ნორმა ცხადყოფს, რომ მოწინააღმდეგე მხარის ინფორმირება და სათანადო მასალების გადაცემა შუამდგომლობის განხილვის მიზნით განსახორციელებელი კანონისმიერი ვალდებულებაა. მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული პროცედურის დაცვა შეუძლებელია ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარის - ქ.გ–ის ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი) შუამდგომლობიდან ვერ დგინდება.

7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, თუ ეს შუამდგომლობის ტექსტიდან არ გამომდინარეობს.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ შუამდგომლობას მართალია ერთვის იტალიის რესპუბლიკის, ქ. სალერნოს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პირველი სექციის 31.03.2021 წლის N1313/2020 განჩინების სათანადოდ დამოწმებული ასლი, თუმცა ქართულ თარგმანს არ ეკვრის საცნობი განჩინების სათანადოდ დამოწმებული ასლი (აკინძული და ნოტარიულად დამოწმებული).

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.

10. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ როდესაც შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ არ შეიცავს საჭირო მონაცემებს ან მას არ ერთვის ყველა აუცილებელი დოკუმენტი, ამ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლო გამოიყენებს ჩვეულებრივ სასარჩელო წარმოებასთან დაკავშირებულ ნორმებს - სსსკ-ის 186-ე, 187-ე მუხლები (იხ. სუსგ საქმე Nა-381-შ-10-2023, 21 მარტი 2023 წელი; ასევე იხ.: ლევან გოთუა, „უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება“, თბილისი, 2010, გვერდი 87).

11. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ რამდენადაც შუამდგომლობა არის წარმოდგენილი წინამდებარე განჩინების მე-4-მე-8 პუნქტებში აღწერილი დარღვევებით, არსებობს შუამდგომლობის განუხილველად დატოვების საფუძველი.

12. სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი მხარე გამოასწორებს ზემოთ მითითებულ დარღვევას, მას უფლება აქვს საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს ამავე შუამდგომლობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე, 284-ე, 285-ე, 399-ე მუხლებით და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 71-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა

1.მ.გ–ის შუამდგომლობა იტალიის რესპუბლიკის, ქ. სალერნოს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პირველი სექციის 2021 წლის 31 მარტის N1313/2020 განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველად;

2.საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია