№ას-608-2025
26 ნოემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – ნ.კ–ი, გ.თ–ძე, მ.თ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ბ.თ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - მ.კ–ი, ს.თ–ძე, ნ.მ–ის უფლებამონაცვლეები - თ.მ–ი, დ.მ–ი, მ.მ–ი
მესამე პირი - ნოტარიუსი ნ.ფ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – უძრავი ქონების ცნობა სამკვიდროში შემავალი მასის ნაწილად, საკუთრების უფლების გაუქმება, მესაკუთრედ ცნობა, სანოტარო აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბ.თ–ძემ სარჩელით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების ნ.კ–ის, გ.თ–ძის და მ.თ–ძის მიმართ და მოითხოვა: უძრავი ქონება, მდებარე: სოფელ .........., საკადასტრო კოდით ........., ცნობილ იქნას ჯ.თ–ძის სამკვიდროში შემავალი მასის ნაწილად, ამ უძრავი ქონების ¼ ნაწილზე გაუქმდეს მოპასუხეთა საკუთრების უფლება და ბ.თ–ძე ცნობილ იქნას ამ ქონების ¼ წილის მესაკუთრედ.
2. მოსარჩელის განმარტებით, მამკვიდრებელი ჯ.თ–ძე იყო ბ.თ–ძის ბიძა, მამის ძმა. იგი გარდაიცვალა 2015 წლის 11 აგვისტოს. მისი სამკვიდრო თავდაპირველად მიიღეს მისმა მამიდებმა - ნ.მ–მა და მ.კ–მა და ბიძამ - ს.თ–ძემ, რომელიც ახორციელებდა ბ.თ–ძის მამიდების წარმომადგენლობას სამკვიდროს მიღებისას. მათ მიიღეს სამკვიდროს ¾ წილი საკუთრებაში, ხოლო ბ.თ–ძის კუთვნილი ¼ წილი დარჩა ღიად, რომელიც მოგვიანებით მიიღო.
სამკვიდრო ქონებას შეადგენდა: ა) უძრავი ქონება მდებარე ზესტაფონი, სოფელი ......., უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი ლიტერი ,,ა“ (საცხოვრებელი) ფართით 236 კვ. მეტრი, ლიტერი ,,ბ“ (დამხმარე) ფართით და მიწის ნაკვეთის საერთო ფართი მითითებულია 1575 კვ. მეტრი. ბ) მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტი N277 მიწის ნაკვეთი 3795 კვ. მეტრი მდებარე ზესტაფონი, სოფელი ........, თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 15.02.2016 წელს გაცემულ ცნობაში მითითებულია, რომ საჯარო რეესტრის საარქივო მასალებში დაცული არ არის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მყოფი მიწის მიღება ჩაბარების სახელმწიფო აქტი. გ) მიწის ნაკვთი ფართობი 448 კვ. მეტრი მდებარე ზესტაფონი, სოფელი ........, რომელიც თავის სიცოცხლეში შეიძინა მამკვიდრებელმა თანახმად უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებისა დამოწმებული ნოტარიუსის მიერ 22.03.2004 წელს რეგისტრაციის N1-471.
თავდაპირველად ს.თ–ძემ მიმართა ნოტარიუსს სამკვიდროს მიღების მიზნით და მანვე წარადგინა ნოტარიუსთან სამკვიდრო ქონების დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათ შორის საცხოვრებელ სახლზე, რომლის ფართია 236 კვადრატული მეტრი, ხოლო ეზოს ფართია 1575 მეტრი. ს.თ–ძემ და მისმა ოჯახის წევრებმა, ისარგებლეს გარემოებით, რომ ბ.თ–ძემ დროულად არ დაირეგისტრირა საკუთრებაში სამკვიდრო ქონება და ის სახლი, რომელიც ეკუთვნოდა ჯ.თ–ძეს, დაირეგისტრირეს საკუთრებაში მიწის მიღება-ჩაბარების N282 აქტის საფუძველზე, რომლიც შედგენილია იმჟამად კომლის უფროსის მ.თ–ძის სახელზე და მასში დაფიქსირებული ეზოს ფართია 609კვ.მ. მოპასუხეებმა სახლის ეზოდ დაირეგისტრირეს 600 კვადრატული მეტრი, ხოლო დანარჩენი ეზოს დარეგისტრირებას ცდილობდნენ მიწის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მეშვეობით. სახლის მთლიანი ეზო, როგორც ტექბიუროს არქივშია დაცული, შეადგენდა 1575 კვადრატულ მეტრს და შემდგომ მას დაემატა ჯ.თ–ძის მიერ მარინა ცხადაძისგან ნაყიდი, სახლის წინ მდებარე 448 კვადრატული მეტრი ვენახი.
3. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა N282 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რაც გამოცემულია მათი კომლის წევრის მ. ვ. ასული თ–ძის სახელზე და აღნიშნული აქტით განსაზღვრული ქონების მიმართ ჯ.თ–ძეს და მის დანაშთ ქონებაზე ¼ სამკვიდრო წილის უფლების მქონე ბ.თ–ძეს კანონიერი უფლებები არ გააჩნიათ. სამკვიდრო მოწმობაში სამკვიდრო მასის მოცულობაში არასწორად და შეცდომით არის მითითებული მ.თ–ძის საკუთრებაში არსებული ქონება. სამკვიდრო მოწმობა აღნიშნულ ნაწილში უკანონო და სადავოა. მოსარჩელე არ ამახვილებს ყურადღებას სადაო ქონების მიმართ რეესტრის ამონაწერზე, სადაც მითითებულია საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლების შესახებ და ხელოვნურად აიგნორებს შესაბამის მიღება-ჩაბარების აქტს, გაცემულს კანონიერად მათი კომლის წევრის მ.თ–ძის სახელზე, რომელიც რეგისტრირებული იყო ცალკე ოჯახად.
4. ნ.კ–მა, გ.თ–ძემ და მ.თ–ძემ სარჩელით მიმართეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვეს ნოტარიუს ნ.ფ–ძის მიერ გაცემულ №160160568 და №160464100 სამკვიდრო მოწმობების ,,ა“ პუნქტით განსაზღვრული სამკვიდრო მასიდან ამოირიცხოს ზესტაფონის რაიონის სოფელ ........ში, მდებარე ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით (ლიტერი ,,ა“ საცხოვრებელი ფართი 236 კვ.მ, ლიტერი ,,ა“ დამხმარე ფართი 46.8 კვ/მ).
5. მოსარჩელეთა განმარტებით, სამკვიდრო მასაში შემავალი ქონების გაყოფისა და რეესტრში შესაბამისი ჩანაწერის ბათილად ცნობის შესახებ, ბ.თ–ძის მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელის საქმის მასალებიდან მათთვის ცნობილი გახდა, რომ ნოტარიუსის მიერ გაცემულ სამკვიდრო მოწმობებში - №160160568 (23.02.2016წ) და №160464100 (05.05.2016წ) დაშვებულია შეცდომა. ორივე სამკვიდრო მოწმობა გაცემულია საერთო მამკვიდრებელ ჯ.თ–ძის კანონისმიერი მემკვიდრეების - ნ.მ–ის, მ.კ–ის, ბ.თ–ძისა და ს.თ–ძის სახელზე. ორივე სამკვიდრო მოწმობის სამკვიდრო მასაში „ა“ პუნქტში შეცდომით არის შეტანილი მოსარჩელეების (ნ.კ–ის, გ.თ–ძის და მ.თ–ძის) კანონიერი უფლებით დაცული და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე - ზესტაფონი, ........, საცხოვრებელი ფართი - 236 კვ.მ.; ლიტერი „ბ“ დამხმარე ფართით - 46.8 კვ.მ.; ლიტერი „ბ“ დამხმარე ფართით - გაურკვეველი, მიწის ნაკვეთის საერთო ფართი - 1577 კვ.მ. მითითებულ ქონებაზე გააჩნიათ კანონიერი დოკუმენტები, კერძოდ მიწის ნაკვეთის მიღება ჩაბარების აქტი N282 და საარქივო ცნობა მ.ვ. ასული თ–ძის საკომლო ჩანაწერის შესახებ, რომელთა საფუძველზეც ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მათ სახელზე.
მოსარჩელეები უთითებენ, რომ ვინაიდან მითითებული ქონება არის მათი საკუთრება და იმავდროულად იგი შეტანილია სამკვიდრო მასაში, ჯ.თ–ძის მემკვიდრეებს იმავე ქონების მიმართ კანონიერი უფლებები არ გააჩნიათ და ამ ნაწილში სამკვიდრო მოწმობა უნდა ჩაითვალოს ბათილად.
6. მოპასუხეებმა მ.კ–მა და ს.თ–ძემ, ნ.მ–მა, შემდგომში მისმა უფლებამონაცვლეებმა: თ.მ–მა, დ.მ–მა და მ.მ–მა სარჩელი ცნეს.
7. მოპასუხე ბ.თ–ძემ წარმოდგენილ შესაგებელში ნ.კ–ის, გ.თ–ძის და მ.თ–ძის სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ჯ.თ–ძის სამკვიდროს თაობაზე ნ.კ–ის მიერ მოხდა დოკუმენტების შეგროვება და ნოტარიუსთან წარდგენა. როდესაც მიხვდა, რომ ქონების მეოთხედს დაირეგისტრირებდა მოპასუხე, სადავო ქონება დაირეგისტრირა მ.თ–ძის მიწის მიღება-ჩაბარების აქტის გამოყენებით. სახლი, რომელიც მოსარჩელეებმა დაირეგისტრირეს მ.თ–ძის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, წარმოადგენდა ჯ.თ–ძის საკუთრებას და არა მ.თ–ძის კომლის ქონებას, რომელსაც რეალურად ეკუთვნოდა სულ სხვა, უფრო პატარა ძველი სახლი და რომელიც სხვა ადგილზე მდებარეობს.
8. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისის განჩინებით, ერთ წარმოებად გაერთიანდა სამოქალაქო საქმე ბ.თ–ძის სარჩელისა გამო, მოპასუხეების - ნ.კ–ის, გ.და მ.თ–ძეების მიმართ, უძრავი ქონების ცნობის სამკვიდროში შემავალი მასის ნაწილად და საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმების თაობაზე და სამოქალაქო საქმე ნ.კ–ის, გ. და მ.თ–ძეების სარჩელისა გამო, მოპასუხეების ნ.მ–ის, მ.კ–ის, ბ. და ს.თ–ძეების მიმართ სანოტარო აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.
9. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით: ბ.თ–ძის (პ/ნ .......) სარჩელი დაკმაყოფილდა; უძრავი ქონება, მდებარე სოფელი ........, ქუჩა N9 ჩიხი N2, სახლი 2, საკადასტრო კოდი ....... ცნობილი იქნა ჯ.თ–ძის სამკვიდროში შემავალი მასის ნაწილად; უძრავი ქონების, მდებარე სოფელი ........, ქუჩა N9 ჩიხი N2, სახლი 2, საკადასტრო კოდი N.........- ¼ ნაწილზე გაუქმდა მოპასუხეების ნ.კ–ის, გ.თ–ძის და მ.თ–ძის საკუთრების უფლება და ბ.თ–ძე (პ/ნ ........) ცნობილ იქნა უძრავი ქონების - მდებარე სოფელი ........, ქუჩა N9 ჩიხი 2, სახლის 2, საკადასტრო კოდით ........ ¼ წილის მესაკუთრედ; ნ.კ–ის (პ/ნ ........), გ.თ–ძის (პ/ნ .......... და მ.თ–ძის (პ/ნ .........) სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
10. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ნ.კ–მა, გ.თ–ძემ და მ.თ–ძემ.
11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მარტის განჩინებით ნ.კ–ის, გ.თ–ძის და მ.თ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება.
12. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე. ასევე, მიუთითა სსკ-ის 311-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. სააპელაციო პალატამ მიუთითა ,,სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველად რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულებაზე და განმარტა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით - მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტით N282-ით მ.თ–ძისთვის მიწის რეფორმის შედეგად გადაცემული ქონების (ეზოს 609 კვ.მ და სახლის 80 კვ.მ) და სამკვიდრო მოწმობის ,,ა“ ქვეპუნქტში მითითებულ ქონების (1575 კვ.მ მიწის ნაკვთი და სახლი 236 კვ.მ) მონაცემები არ ემთხვევა და მათი იდენტურობა არ დასტურდება. არ შეესაბამება რეგისტრაციისთვის წარდგენილ უფლებადამდგენ დოკუმენტებში - მიწის მიღება-ჩაბარების N282 აქტში და საარქივო ცნობაში მითითებული ნაკვეთის მდებარეობას და საცხოვრებელი სახლის მონაცემებს ნ.კ–ის, გ. და მ.თ–ძეების საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მდებარეობა და საცხოვრებელი სახლის მონაცემები. პალატის მითითებით, ვინაიდან დადგენილია, რომ ნ.კ–ის, მ.თ–ძისა და გ.თ–ძის თანასაკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება (ს/კ .........) შეტანილია ჯ.თ–ძის სამკვიდრო მასაში, ამ ნაკვეთს და მასზე მდებარე სახლს სრულად მოიცავს სამკვიდრო მოწმობის ,,ა’’ ქვეპუნტში და ჯ.თ–ძის სახელზე შედგენილ ტექნიკურ პასპორტში მითითებული უძრავი ქონება, კერძოდ 1575 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი.
13. სააპელაციო პალატის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა, რომ ნოტარიუსის მიერ 2016 წლის 23 თებერვალს გაცემულ N160060568 და 2016 წლის 05 მაისს გაცემულ N160064100 სამკვიდრო მოწმობებში ,,ა“ ქვეპუნქტში მითითებული ქონება წარმოადგენს სამკვიდრო ქონებას და არ არსებობს სამკვიდრო მოწმობის სამკვიდრო მასის ,,ა“ ქვეპუნქტის ბათილად ცნობის საფუძველი, ხოლო უძრავი ქონება საკადასტრო კოდით ....... შეადგენს ჯ.თ–ძის სამკვიდროში შემავალი მასის ნაწილს, რის გამოც აღნიშნული უძრავი ქონების ¼ წილზე უნდა გაუქმდეს ნ.კ–ის, გ.თ–ძის და მ.თ–ძის საკუთრების უფლება და ბ.თ–ძე, როგორც გარდაცვლილი მამკვიდრებლის- ჯ.თ–ძის სამკვიდროს ¼ წილის მემკვიდრე, ცნობილი უნდა იქნას უძრავი ქონების მდებარე სოფელი ........, ქუჩა N9 ჩიხი N2, სახლი 2, საკადასტრო კოდი N......... ¼ წილის მესაკუთრედ.
14. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე ნ.კ–მა, გ.თ–ძემ და მ.თ–ძემ წარადგინეს საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს.
14.1. კასატორების განმარტებით, საქმეში არსებობს N282 მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მონაცემები მარეგისტრირებელ ორგანოში დაცულია და ს/კ ......... სრულად ეკუთვნის მ.თ–ძის კომლს, ხოლო საარქივო ცნობის მიხედვით კომლის წევრები არიან ნ.კ–ი, გ.თ–ძე, მ.თ–ძე. აღნიშნული მტკიცებულება სასამართლომ არ შეაფასა და თავისი გადაწყვეტილება დაამყარა N277-ე მიღება-ჩაბარების აქტზე, რომლითაც ჯ.თ–ძეს გადაეცა 3795 კვმ მიწა, რომლის მონაცემებიც არ არის კანონმდებლობის შესაბამისი. სასამართლომ არ შეაფასა, რა ქონება ეკუთვნოდათ მ.თ–ძის კომლის წევრებს.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 8 მაისის განჩინებით ნ.კ–ის, გ.თ–ძის და მ.თ–ძე საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
16. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო: 17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. 18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ: 19. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
20. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
21. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ მხარეთა შორის დავის განხილვისას, სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენებით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს ამა თუ იმ ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთ–ზობს (იხ. სუსგ. №ას-251-2018, 08.02.2022 წ.).
22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება (იხ. სუსგ. №ას-362-2021, 25.06.2021წ; №ას-661-2021, 20.04.2022წ; №ას-311-2022, 01.11.2022).
23. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება, უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას (იხ. სუსგ. №ას-811-2021. 07.10.2021; №ას-705-2022 03.11.2022წ).
24. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
24.1. დადგენილია, რომ 2015 წლის 11 აგვისტოს ჯ.თ–ძის გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო. 2016 წლის 23 თებერვალს ნოტარიუს ნ.ფ–ძის მიერ გაიცა №160160568 სამკვიდრო მოწმობა. ს.თ–ძემ, ნ.მ–მა და მ.კ–მა მიიღეს სამკვიდრო ქონების ¾ წილი, ხოლო ბ.თ–ძის კუთვნილი ¼ წილი დარჩა ღიად;
24.2. 2016 წლის 05 მაისს ნოტარიუს ნ.ფ–ძის მიერ გაიცა №160464100 სამკვიდრო მოწმობა. ბ.თ–ძემ მიიღო კუთვნილი ¼ წილი მამკვიდრებლის ჯ.თ–ძის სამკვიდრო ქონებიდან;
24.3. 2016 წლის 23 თებერვლის გაცემულ N160160568 და 2016 წლის 05 მაისს გაცემულ N160464100 სამკვიდრო მოწმობებში სამკვიდრო მოწმობების ჩამონათვალში „ა“ პუნქტად მითითებულია უძრავი ქონება, მდებარე: ზესტაფონი, სოფელი ........, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი ლიტერი „ა“ (საცხოვრებელი) ფართით - 236 კვ.მ; ლიტერი „ბ“ (დამხმარე) ფართით - 46,8 კვ.მ.ლიტერი „ვც“(დამხმარე) ფართით გაურკვეველი და მიწის ნაკვეთის საერთო ფართი მითითებულია 1575 კვ.მ;
24.4. სამკვიდრო მასაში შემავალ ქონებაზე, მათ შორის სადავო ქონებაზე, სამკვიდრო მოწმობის გასაცემად, ნოტარიუსს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები წარუდგინა ნ.კ–ის მეუღლემ ს.თ–ძემ. აღნიშნული დოკუმენტები საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილ იქნა ნ.კ–ის მიერ, მათ შორის საჯარო რეესტრის 2016 წლის 16 თებერვლის ცნობა N32712, რომლითაც დგინდება, რომ სამკვიდრო მოწმობაში შემავალი ქონება, მდებარე: ზესტაფონი, სოფელი ........, ფართი ლიტერი „ა“ (საცხოვრებელი) ფართით - 236 კვ.მ.; ლიტერი „ბ“ (დამხმარე) ფართით -46,8 კვ.მ.; ლიტერი „ვც“(დამხმარე) ფართით გაურკვეველი და მიწის ნაკვეთი საერთო ფართით 1575 კვ.მ. ეკუთვნოდა ჯ.თ–ძეს (ტ.3. ს.ფ 15-18, 22).
24.5. 1988 წლის 22 ივნისის ტექნიკური პასპორტით დადგენილია, რომ ჯ.თ–ძეს ზესტაფონში, სოფელ ........ში, საკუთრებაში ჰქონდა მიწის ნაკვეთი საერთო ფართით 1575 კვ.მ, მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო სახლი საერთო ფართობით 248 კვ.მ;
24.6. ჯ.თ–ძე გარდაცვალებამდე ცხოვრობდა სოფელ .......... თემის ტერიტორიაზე. მას ჰქონდა საკუთარი საცხოვრებელი სახლი. ის, შპს ,,ს.ჯ.გ–ში“, დაფიქსირებული იყო აბონენტად N...... (ტ.3; ს.ფ. 27-28);
24.7. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ჯ.თ–ძემ შეიძინა თავისი სახლისა და ეზოს წინ მდებარე 468 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ, ს.თ–ძემ დაარეგისტრირა როგორც სამკვიდრო ქონება, საკადასტრო კოდით - ........... (ტ.3. ს.ფ. 34-37);
24.8. მიწის ნაკვეთის N277 მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტის თანახმად, ჯ.თ–ძეს გადაეცა 3795 კვ.მეტრი მიწა, მდებარე ზესტაფონი, სოფელი ......... თუმცა, საჯარო რეესტრის საარქივო მასალებში დაცული არ არის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მყოფი მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტი (ტ.3. ს.ფ. 29-32);
24.9. მიწის ნაკვეთის N282 მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტის თანახმად, მ.ვ. ასულ თ–ძეს, მიწის რეფორმის შედეგად, გადაეცა ეზო სახლით 609 კვ.მ.; ვენახი 2030 კვ.მ.; ყანა 1200 კვ.მ.; ყანა 1200 კვ.მ. საცხოვრებელი სახლის საერთო ფართია 80 კვ.მეტრი (ტ.3.ს.ფ. 65-68);
24.10. უძრავი ქონება, მდებარე: ზესტაფონი, სოფელი ........, ქუჩა N9, ჩიხი 2, სახლი N2, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართი - 600 კვ.მ საჯარო რეესტრში დაირეგისტრირეს საკუთრებად გ.თ–ძემ, მ.თ–ძემ და ნ.კ–მა, მიწის ნაკვეთის N282 მიღება-ჩაბარების აქტის და NAA2015082833-05 საარქივო ცნობის საფუძველზე, უძრავ ქონებას მიენიჭა საკადასტრო კოდი - ........;
24.11. 2016 წლის 29 ივლისს, ნ.კ–მა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2016 წლის 20 ივნისს დამოწმებული N120 საკუთრების მოწმობის საფუძველზე საკუთრებაში დაირეგისტრირა უძრავი ქონება, მდებარე: ზესტაფონი, სოფელი ........, საკადასტრო კოდი N........, დაზუსტებული ფართობი - 860.00 კვ.მ. შენობა ნაგებობის ჩამონათვალი N01/1, N02/1, N03/1 (ტ.2. ს.ფ. 116-118);
24.12. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით, ბ.თ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის მიერ 2016 წლის 20 ივნისს გაცემული საკუთრების მოწმობა N120 და მის საფუძველზე საჯარო რეესტრის მიერ განხორციელებული ჩანაწერი. გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა, რომ აღნიშნული ქონება, ჯ.თ–ძის სახელზე გაცემული სახლისა და მიწის ნაკვეთის ტექნიკური პასპორტის საფუძველზე, წარმოადგენდა ჯ.თ–ძის საკუთრებას.
25. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია: უძრავი ქონება, მდებარე სოფელი ........, ქუჩა 9, ჩიხი 2, სახლი 2, საკადასტრო კოდი .......... წარმოადგენს თუ არა ჯ.თ–ძის სამკვიდრო მასაში შემავალ აქტივს, უნდა გაუქმდეს თუ არა აღნიშნული უძრავი ქონების ¼ ნაწილზე ნ.კ–ის, გ.თ–ძის და მ.თ–ძის საკუთრების უფლება და ბ.თ–ძე ცნობილ უნდა იქნას თუ არა ამ ქონების ¼ წილის მესაკუთრედ.
26. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. ამავე კოდექსის 1319-ე მუხლის შესაბამისად სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
27. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 311-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
28. საკასაციო პალატა მიუთითებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,თ’’ პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება; აღნიშნული მუხლის ,,ი’’ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოება არის სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით. ამავე კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო ,,ლ’’ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები; ამასთან, სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტების ნამდვილობაზე და მასში მითითებული მონაცემების სიზუსტეზე პასუხისმგებელია ნივთის მესაკუთრე.
29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
30. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ.).
31. სასამართლო მტკიცების პროცესი – ესაა საქმიანობა, რომელსაც ახორციელებენ მხარეები და სასამართლო იმ ფარგლებში და წესით, რომლებიც განსაზღვრულია კანონით. მხარეები წარუდგენენ სასამართლოს მტკიცებულებებს იმ ფაქტების დადასტურების მიზნით, რომლებზეც ისინი ამყარებენ თავიანთ მოთხოვნებს და შესაგებელს. სასამართლო მტკიცებულებათა დასაშვებობის და განკუთვნადობის პრინციპების მოთხოვნა დაცვით იღებს ამ მტკიცებულებებს და აფასებს მათ თავისი შინაგანი რწმენით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სასამართლო მტკიცების პროცესის სხვადასხვა მონაწილე სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს, მაგრამ ყველა მათგანის საქმიანობა მიმართულია ერთი მიზნისაკენ – გაირკვეს სიმართლე, დადგინდეს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
32. განსახილველ საქმეზე, საკასაციო საჩივარი ძირითადად ეყრდობა იმ არგუმენტს, რომ სასამართლომ არ შეაფასა რა ქონება ეკუთვნოდათ მ.თ–ძის კომლის წევრებს, იგნორირება გაუკეთა N282 მიღება-ჩაბარების აქტს და თავისი გადაწყვეტილება დაამყარა N277 მიღება-ჩაბარების აქტზე, რომლითაც ჯ.თ–ძეს გადაეცა 3795 კვმ მიწა, რომლის მონაცემებიც არ არის კანონმდებლობის შესაბამისი.
33. კასატორების აღნიშნულ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო უარყოფს და მათ ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებზე: 20.11.2015წ. NAA2015082833-05 საარქივო ცნობის თანახმად, ზესტაფონის რაიონის სოფელ ........ საკრებულოს 1996-2000 წლების საკომლო წიგნების მიხედვით კომლის უფროსად რეგისტრირებულია მ.ვ. ასული თ–ძე, კომლის შემადგენლობაში შედიან: მ. ვ. ასული თ–ძე (ოჯახის უფროსი), ნ. ა. ასული კ–ლი (რძალი), მ. ს. ასული თ–ძე (შვილიშვილი), გ. ს. ძე თ–ძე (შვილიშვილი), 2001-2006 წლებში - მ.თ–ძე (ოჯახის უფროსი, გარდაცვლილი), ნ. ა. ასული კ–ლი (რძალი), მ.ს. ასული თ–ძე (შვილიშვილი), გ. ს. ძე თ–ძე (შვილიშვილი). 02.05.2018წ. NAA2018011689-03 საარქივო ცნობით დასტურდება, 1986-1995 წლების საკომლო წიგნების მიხედვით კომლის უფროსად რეგისტრირებულია მ.ვ. ასული თ–ძე, რომლის კომლი შედგება .., 1986-1990 წლებში კომლს აწერია მიწა 0,41ჰა. საცხოვრებელი სახლის საერთო ფართია 80 კვმ. სახლი აგებულია 1975 წ; 1996-2000 წლებში კომლს აწერია 0,50 ჰა. საცხოვრებელი სახლის საერთო ფართი 80 კვმ; 2000-2006 წლებში საცხოვრებელი სახლის ოთახების რაოდენობა 3, სხვა ქონებრივი მონაცემები მითითებული არ არის. ცნობას ერთვის მ.ვ. ასული თ–ძის მიწის მიღება-ჩაბარების აქტი; მიწის ნაკვეთის N282 მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტის თანახმად, მ.ვ. ასულ თ–ძეს მიწის რეფორმის შედეგად გადაეცა ეზო სახლით 609 კვ.მ.; ვენახი 2030 კვ.მ.; ყანა 1200 კვ.მ.; ყანა 1200 კვ.მ. საცხოვრებელი სახლის საერთო ფართია 80 კვ.მეტრი; საჯარო რეესტრის ამონაწერის (საკადასტრო კოდი .........), თანახმად უძრავი ქონება, მდებარე: ზესტაფონი, სოფელი ........ ქუჩა N9, ჩიხი 2, სახლი N2, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართი - 600 კვ.მ საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია გ.თ–ძის, მ.თ–ძის და ნ.კ–ის სახელზე, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტიებია: მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი N282 და საარქივო ცნობა NAA2015082833-05; 02.05.2018წ. NAA2018011690-03 საარქივო ცნობით 1986-2006 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ირიცხება ჯ.ტ. ძე თ–ძე. 1986-1990 წლებში კომლს აწერია 0,42 ჰა. საცხოვრებელი სახლის საერთო ფართი 1986-1988 წლებში შეადგენდა 90/80 კვმ. 2001 წელში 13/14 კვ.მ. სახლი აგებულია 1958 წელს და 1975 წელს. ცნობას ერთვის 1992-1998 წლების მიღება-ჩაბარების აქტის ქსერო ასლი, გაცემული ჯ.ტ. ძე თ–ძის სახელზე. მიწის ნაკვეთის N277 მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტის თანახმად, ჯ.თ–ძეს გადაეცა 3795 კვ. მეტრი მიწა, მდებარე ზესტაფონი, სოფელი ......... თუმცა საჯარო რეესტრის საარქივო მასალებში დაცული არ არის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მყოფი მიღება ჩაბარების სახელმწიფო აქტი; 1988 წლის 22 ივნისის ტექნიკური პასპორტით ჯ.თ–ძის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საერთო ფართია 1575 კვ.მ., საცხოვრებელი სახლის ფართობი 248 კვ.მ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 16 თებერვლის N32712 ცნობის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, ჯ. ტ. ძე თ–ძის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, მის: ზესტაფონი, სოფელი ........, მე-9 ქუჩა, 2-ჩიხი N2 რეგისტრირებული არ არის. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივში წარდგენილია საარქივო მასალა მისამართით: ,,ზესტაფონი, სოფელი ........’’. ტექნიკური აღრიცხვის ბარათის შესაბამის გრაფაში უძრავი ნივთის მოსარგებლედ მითითებულია ჯ.ტ. ძე თ–ძე - საფუძველი საარქივო მასალა, აღრიცხული 22/06/1988 წელს. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი: ლიტერი „ა“ (საცხოვრებელი) ფართით - 236,0კვ.მ. ლიტერი „ბ“ (დამხმარე) ფართით - 46,8 კვ.მ. ლიტერი „ვც“(დამხმარე) ფართით გაურკვეველი, საარქივო მასალაში - შესაბამის გრაფაში მიწის ნაკვეთის საერთო ფართი მითითებულია - 1575,0 კვმ; ........ თემის ტერიტორიული ორგანოს 23.03.2010წ N146 ცნობის და ,,ს.ჯ.გ–ი’’ ზესტაფონის სერვის ცენტრის 18.05.2016წ N144 ცნობის თანახმად, ჯ.თ–ძე გარდაცვალებამდე ცხოვრობდა სოფელ ........ თემის ტერიტორიაზე, მას ჰქონდა საკუთარი საცხოვრებელი სახლი და შპს ,,ს.ჯ.გ–ში“ დაფიქსირებული იყო N199484 აბონენტად. ნასყიდობის ხელშეკრულების (რეესტრში რეგისტრაციის N1-471) საფუძველზე, ჯ.თ–ძემ შეიძინა თავისი სახლისა და ეზოს წინ მდებარე 468 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ ს.თ–ძემ, დაარეგისტრირა როგორც სამკვიდრო ქონება საკადასტრო კოდით ........; ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 20.06.2017წ გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის მიერ 2016 წლის 20 ივნისს გაცემული საკუთრების მოწმობა N120 და მის საფუძველზე საჯარო რეესტრის მიერ განხორციელებული ჩანაწერი. აღნიშნული გადაწყვეტილებით, დადგენილი იქნა, რომ მოპასუხე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების ზესტაფონის კომისიის მიერ საკუთრების უფლების აღიარება და შემდგომ ნ.კ–ის სახელზე რეგისტრაცია განხორციელდა იმ ფართზე, რომელიც წარმოადგენს ჯ.თ–ძის საკუთრებას.
34. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მიწის ნაკვეთის N282 მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტით მ.თ–ძისთვის მიწის რეფორმის შედეგად გადაცემული ქონების (ეზოს 609 კვ.მ და სახლის 80 კვ.მ) და №160160568 და №160464100 სამკვიდრო მოწმობების ,,ა“ ქვეპუნქტში მითითებულ ქონების (1575 კვ.მ მიწის ნაკვთი და სახლი 236 კვ.მ) მონაცემები არ არის იდენტური. ნ.კ–ის, გ. და მ.თ–ძეების საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მდებარეობა და საცხოვრებელი სახლის მონაცემები არ შეესაბამება რეგისტრაციისთვის წარდგენილ უფლებადამდგენ დოკუმენტებში - მიწის მიღება-ჩაბარების N282 აქტში და საარქივო ცნობაში მითითებული ნაკვეთის მდებარეობას და საცხოვრებელი სახლის მონაცემებს.
35. ზემოაღნიშნული მსჯელობის შესაბამისად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ნოტარიუსის მიერ 2016 წლის 23 თებერვალს გაცემულ N160060568 და 2016 წლის 05 მაისს გაცემულ N160064100 სამკვიდრო მოწმობებში ,,ა“ ქვეპუნქტში მითითებული ქონება წარმოადგენს სამკვიდრო ქონებას და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, N........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ¼ წილზე ნ.კ–ის, გ.თ–ძის და მ.თ–ძის საკუთრების უფლების გაუქმებასა და აღნიშნულ ქონებაზე ბ.თ–ძის ¼ წილის მესაკუთრედ ცნობასთან დაკავშირებით. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს ამ მოსაზრების უარსაყოფად, დასაბუთებულ და დასაშვებ საკასაციო პრეტენზიას.
36. ამდენად, საკასაციო სასამართლოს დასკვნით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები ვერ მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. 37. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება. 38. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. 39. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
41. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 700 ლარის 70% – 490 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.კ–ის, გ.თ–ძის და მ.თ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო
2. ნ.კ–ს (პ/ნ ..........), გ.თ–ძეს (პ/ნ .......... და მ.თ–ძეს (პ/ნ .........) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 700 ლარის 70% - 490 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150 (საგადასახადო დავალება №2263, გადახდის თარიღი 25.04.2025),
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ბადრი შონია
ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე