Facebook Twitter

14 ნოემბერი, 2025 წელი,

საქმე №ას-151-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - თ.ს–ია, რ.ნ–ია (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - ლ.გ–ძე (წარმომადგენელი - მხარდამჭერი - ზ.კ–ვა), ზ.კ–ვა, ვ.კ–ვა, დ.კ–ვა (მოსარჩელეები)

მესამე პირი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საჯარო რეესტრის 2023 წლის 23 მარტის მონაცემებით ქ.თბილისში, .......... მე-3 სართულზე მდებარე №12 ბინა (შემდეგში - უძრავი ნივთი, უძრავი ქონება ან სადავო ბინა) ლ.გ–ძის (შემდეგში - პირველი მოსარჩელე), ზ.კ–ვას (შემდეგში - მეორე მოსარჩელე, პირველი მოსარჩელის მხარდამჭერი), ვ.კ–ვასა (შემდეგში - მესამე მოსარჩელე) და დ.კ–ვას (შემდეგში - მეოთხე მოსარჩელე) თანასაკუთრებაში ირიცხება, კერძოდ: ¼ ნაწილი ეკუთვნის მეორე მოსარჩელეს, 3/8 - პირველ მოსარჩელეს, ¼ - მესამე მოსარჩელეს და 1/8 - მეოთხე მოსარჩელეს. საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის მიერ 2023 წლის 6 მარტს დამოწმებული საკუთრების უფლების მოწმობა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით:

- პირველი მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ამ უკანასკნელის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 10 მარტის ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი;

- სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 2016 წლის 20 დეკემბრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას დაევალა, სადავო ბინის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე მოთხოვნით პირველი მოსარჩელის მხარდამჭერ მეორე მოსარჩელის მიერ წარდგენილ განცხადებაზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა.

3. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაონის გამგეობამ 2023 წლის 6 მარტის ბრძანების საფუძველზე საკუთრების უფლების მოწმობა გასცა, რომლითაც უძრავი ნივთი, როგორც სახელმწიფო საბინაო ფონდის საცხოვრებელი ბინის იზოლირებული ფართობი, მოპასუხეებს საკუთრებაში გადაეცათ.

4. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 13 ნოემბრის ბრძანებით ე.ე–ის წარმომადგენელ მ.დ–ძის 2023 წლის 9 აგვისტოს ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაონის გამგეობის 2023 წლის 6 მარტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი ბათილად იქნა ცნობილი.

5. 2023 წლის 13 ნოემბრის ზემომითითებული ბრძანების ბათილად ცნობისა და ე.ე–ის წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ახალი ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით მოპასუხეებმა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 დეკემბრის განჩინებით მოპასუხეთა სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული და დასაშვებად იქნა ცნობილი.

7. უძრავ ნივთს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ თ.ს–ია (შემდეგში - პირველი მოპასუხე), რ.ნ–ია (შემდეგში - მეორე მოპასუხე), ა.ნ–ია და მ.ნ–ია.

8. 2018 წლის 14 ნოემბერს, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 9 ნოემბრის განკარგულების საფუძველზე, ერთი მხრივ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, წარმოდგენილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სახით, ხოლო, მეორე მხრივ, ა.ნ–იას, მ.ნ–იასა და მოპასუხეებს შორის, უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა. იმის გათვალსწინებით, რომ მოპასუხეთა ფაქტობრივ მისამართს სადავო ბინა წარმოადგენდა, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 9 ნოემბრის განკარგულებით, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე სადავო ბინა მოპასუხეებს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცათ. 2018 წლის 14 ნოემბერს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და მოპასუხეებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო, რომლითაც უძრავი ნივთი მოპასუხეთა ოჯახს საკუთრებაში გადაეცა.

9. 2022 წლის 9 თებერვლის მოხსენებითი ბარათის მიხედვით სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს მთავრობის 2018 წლის 9 ნოემბრის განკარგულება და მის საფუძველზე გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება და, მოპასუხეებს, დევნილთა მონაცემთა ბაზაში საცხოვრებლით უზრუნველყოფილი პირის მონიშვნაც მოეხსნათ, რის შემდეგაც საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით სააგენტოსთვის მათ არ მიუმართავთ, ასევე, არ განხორციელებულა დევნილთა მონაცემთა ბაზაში მოპასუხეების მიმდინარე ფაქტობრივი მისამართის ცვლილება, შესაბამისად, ალტერნატიული სახოვრებელი ფართით სახელმწიფოს ჯერ ისინი არ დაუკმაყოფილებია.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, ბათილად იქნა ცნობილი 2018 წლის 14 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც უძრავი ქონება მოპასუხის ოჯახს საკუთრებაში გადაეცა.

11. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ, 2018 წლის 14 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე, მოპასუხეებს ჰქონდათ სადავო ბინის ფლობის სამართლებრივი საფუძველი. გარდა ამისა, არ დასტურდება, რომ უძრავი ნივთი დევნილთა კომპაქტურად (ორგანიზებულად) განსახლების ობიექტს მიეკუთვნება ან სადავო ბინაში მოპასუხეები მესაკუთრის თანხმობით შესახლდნენ.

12. უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მათთვის გადაცემის მოთხოვნით მოპასუხეთა წინააღმდეგ მოსარჩელეებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

13. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

14. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 13 ივნისის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

- სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-11 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ გამოკვეთილი იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 172.1 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმსაზღვრელი წინაპირობა - არამართლზომიერი მფლობელობა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს ქმნიდა.

16. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი მოპასუხეებმა იმ საფუძვლით შემოიტანეს, რომ სადავო ბინაზე მოსარჩელეთა საკუთრების უფლების საფუძველი ბათილია. ამავდროულად, კასატორები, ადმინისტრაციულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე წინამდებარე საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე შუამდგომლობენ.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 მაისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

18. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

19. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება გამოიწვია.

კონკრეტულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორებს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ, ამიტომ ისინი საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა.

20. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორებმა ვერ მიუთითეს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ, საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

21. განსახილველ შემთხვევაში, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172.1 მუხლი. ამ ნორმის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები:

ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე,

ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და

გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

მოსარჩელეები სადავო ქონების მესაკუთრეები არიან, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

რაც შეეხება უძრავ ქონებაზე მოპასუხეთა მფლობელობის არსებობას, აღნიშნულ გარემოებას მოპასუხეები არ უარყოფენ და გასაჩივრებული განჩინებითაც დამტკიცებულადაა ცნობილი, რის გამოც საკასაციო პალატისთვის იგი სავალდებულოა (სსსკ-ის 407.2 მუხლი).

სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

მოპასუხეთა მხრიდან უძრავი ქონების ფლობის საფუძვლის არსებობის საკითხის შეფასებისას, საქმის მასალებით დადგენილი შემდეგი გარემოებებია საყურადღებო:

1). თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, ბათილად იქნა ცნობილი 2018 წლის 14 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც უძრავი ქონება მოპასუხის ოჯახს საკუთრებაში გადაეცა.

2). საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ, 2018 წლის 14 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე, მოპასუხეებს ჰქონდათ სადავო ბინის ფლობის სამართლებრივი საფუძველი. გარდა ამისა, არ დასტურდება, რომ უძრავი ნივთი დევნილთა კომპაქტურად (ორგანიზებულად) განსახლების ობიექტს მიეკუთვნება ან სადავო ბინაში მოპასუხეები მესაკუთრის თანხმობით შესახლდნენ.

ზემოაღნიშნული გარემოების გამომრიცხველი სათანადო არგუმენტები მოპასუხეებს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენიათ, რის გამოც მითითებული გარემოებები საკასაციო პალატისთვის სავალდებულოა (სსსკ-ის 407.2 მუხლი). ამდენად, აშკარაა, რომ სადავო ქონების ფლობის კანონიერი უფლება მოპასუხეებს არ აქვთ.

შესაბამისად, ვინაიდან არსებობს სსკ-ის 172.1 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეებს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის მათთვის გადაცემა მოითხოვოს.

22. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად ვერ გამოდგება კასატორების მიერ იმ გარემოებაზე მითითებაც, რომ მათ მიერ შედავებულია მოსარჩელეთა საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის კანონიერება, რაც ქმნის შესაბამის ადმინისტრაციულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამე წინამდებარე საქმის წარმოების შეჩერების საფუძველს.

ზემოაღნიშნული საკითხის გაანალიზებისას, საყურადღებოა, სსკ-ის 312.1 მუხლის შინაარსი. ამ ნორმის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

საკასაციო პალატამ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მიზანია სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა. სანამ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლება კანონიერად ითვლება, მანამდე უფლებამოსილ პირს შეუძლია, თავისუფლად განკარგოს ეს ქონება, ვიდრე რეგისტრაციის საფუძველი (სამოქალაქოსამართლებრივი გარიგება, ადმინისტრაციული აქტი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და სხვა) არ გაუქმდება. ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოქმედებს იმ დრომდე, ვიდრე პრეზუმირებული ფაქტის უსწორობა არ დამტკიცდება. ეს კი მიიღწევა უფლების საფუძვლად არსებული გარიგების ბათილობით. უფლების ნამდვილობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი სასამართლომ უნდა დაადგინოს (იხ. სუსგ. Nას-320-2020, 18.02.2021წ.; Nას-1542-1462-2017, 30.01.2018წ.).

გარდა ამისა, საკასაციო პალატამ განმარტა, რომ მარტოოდენ გასაჩივრების ფაქტი არ აქარწყლებს საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მოქმედებას, თუ არ დადასტურდა უფლების ნამდვილობის ხარვეზი თავად გარიგების მხარეთა მიერ ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. მანამდე ივარაუდება, რომ რეგისტრაციის შედეგად განხორციელებული ჩანაწერი სწორია და, შესაბამისად, უფლება ნამდვილი (იხ. სუსგ. Nას-1542-1462-2017, 30.01.2018წ.; Nას-1719-2019, 22.01.2020წ.).

კანონის ზემომითითებული ნორმის შინაარსი, ასევე, დასახელებულ განჩინებებში ასახული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მსჯელობა, საფუძველს ქმნის დასკვნისათვის, რომ მოცემულ შემთხვევაში, უნდა დავეყრდნოთ საჯარო რეესტრის არსებული ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას. ეს პრეზუმფცია კი, იმაში მდგომარეობს, რომ სადავო ქონების მესაკუთრეები მოსარჩელეები არიან, რაც სათანადო წესით, ამ ფაქტის უსწორობის დამტკიცებამდე, პრეზუმირებულია.

აქედან გამომდინარე, კასატორთა მიერ მითითებული არგუმენტი საქმის წარმოების შეჩერების საფუძველს ვერ წარმოშობს.

23. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას ვერც იმ გარემოებაზე მითითება ვერ გამოიწვევს, რომ უძრავ ქონებაში მოპასუხეებთან ერთად არასრულწლოვნები ცხოვრობენ. აღნიშნული ფაქტი ვერ მიიჩნევა კვალიფიციურ საკასაციო შედავებად, ვინაიდან საქმის მასალებში სათანადო ხასიათის მტკიცებულებები დაცული არაა, რაც სადავო ქონებაზე კასატორთა მფლობელობას გაამართლებდა და ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას გამორიცხავდა. საკითხისადმი ამგვარი მიდგომა იმითაა დასაბუთებული, რომ მესაკუთრის ინტერესი, არ დაუშვას სხვა პირის მიერ ქონების უკანონოდ სარგებლობა, აღემატება მფლობელის, ინტერესს, რომელიც ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის საფუძვლიანობას ვერ ადასტურებს (შდრ. სუსგ: №ას-1315-2018, 2019 წლის 31 იანვრის განჩინება).

სხვაგვარად, წინააღმდეგობა შეიქმნება „საკუთრების მშვიდობიანი სარგებლობის უფლების“ პრინციპთანაც, რაც ევროკონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლით მესაკუთრის მიერ ქონების საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგვის უფლებას გარანტირებულს ხდის. გარდა ამისა, საწინააღმდეგო შემთხვევაში, შეუსაბამობა გამოიკვეთება მოქმედ ეროვნულ კანონმდებლობასთანაც, რომლითაც საკუთრებით სარგებლობის თაობაზე მესაკუთრის უფლება აღიარებულია და მფლობელს მესაკუთრის პირისპირ უპირატესობა მხოლოდ მაშინ შეიძლება მიენიჭოს, თუკი მისი მფლობელობა მართლზომიერად იქნება მიჩნეული (სსკ-ის 159-ე და 162-ე მუხლები).

კონკრეტულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ სადავო ბინის მესაკუთრეები მოსარჩელე არიან და უძრავ ნივთს მოპასუხეები სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ. ეს გარემოებები მესაკუთრეებს იმ უფლებით აღჭურავს, რომ თავიანთ საკუთრებაში არსებული ქონების მოპასუხეებისგან, როგორც არამართლზომიერი მფლობელებისგან გამოთხოვა მოითხოვონ. ამდენად, გასაჩივრებული განჩინებით მესაკუთრეთა სარჩელი სწორად დაკმაყოფილდა.

24. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: №ას-577-2019, 2020 წლის 28 თებერვლის განჩინება; №ას-246-246-2018, 2018 წლის 20 მარტის განჩინება; №ას-1032-952-2017, 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება). სადავო საკითხის ამგვარად გადაწყვეტა სრულ შესაბამისობაშია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან (მაგალითისათვის იხ.: მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი; იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ, დიდი პალატა, №48939/99, §124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII; პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ, დიდი პალატა, N42527/98, §83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII)).

25. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორებმა ვერ გააქარწყლეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

27. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.ს–იასა (პ/ნ ..........) და რ.ნ–იას (............) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. თ.ს–იასა და რ.ნ–იას დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, ჯამურად 150 ლარის (მათ შორის: 2024 წლის 5 დეკემბერს რ.ნ–იას მიერ გადახდილი 100 ლარი, საგადასახადო დავალება #773 და 2025 წლის 27 მარტს მ.ნ–ას მიერ გადახდილი 50 ლარი, საგადახდო დავალება #1) 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 3 0077 3150 (გადახდის თარიღი - 24.04.2024) 70% - 420 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

ბადრი შონია